globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 26 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 26th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკული დახმარება საქართველოს საზღვრის დასაცავად

«BBC – русская служба»(დიდი ბრიტანეთი): „გია ცერცვაძის საქმე“: ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთისადმი ხელშეწყობაში ადანაშაულებს

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპათავისუფლება» (აშშ): კორუფცია მსოფლიოში და კორუფცია საქართველოში

«United Nations Radio – გაეროს რადიო» (აშშ): როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება ნაადრევ ქორწინებებს? // მოხსენების განხილვა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 26 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-usa-new-cynological-center-in-mia-border-police/3691625.html

ამერიკული დახმარება საქართველოს საზღვრის დასაცავად

ზაზა წულაძე

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ დღეს თანამედროვე ევროპული ტიპის კინოლოგიური ცენტრი მიიღო, რომლის მშენებლობა, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებითა და ტექნიკით აღჭურვა ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დაფინანსებით განხორციელდა.

სასაზღვრო პოლიციის ლილოს ბაზაზე ცენტრის მშენებლობას ელჩმა იან კელიმ 2016 წლის აპრილში ჩაუყარა საფუძველი და ათი თვის შემდეგ, აქ უკვე არის თანამედროვე ცენტრი, ოდოროლოგიური წვრთნის ოთახი, ვეტპუნქტი და ვოლიერები, სადაც მესაზღვრე გერმანულ-ბელგიური ნაგაზები კომფორტულად ცხოვრობენ.

ამერიკული დახმარების მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, ლოკალურად კი ეს პროექტი კვალიფიციური მესაზღვრე–კინოლოგების და მათი ოთხფეხა მეგობრების მომზადებას ითვალისწინებს, რომლებიც მომავალში სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე გაიგზავნებიან.

კინოლოგიურ ცენტრის გახსნას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი დაესწრო, რომელმაც კერძოდ ბრძანა:

„ამერიკის შეეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა, აღკვეთოს საზღვარზე უკანონო ტვირთების გადაზიდვა და ადამიანების არალეგალურად გადაადგილება. პარალელურად უზრუნველყოს მოქალაქეების და ტვირთების კანონიერი, შეუფერხებელი მოძრაობა. ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. კინოლოგიურმა სამსახურმა თავი ძალიან შთამბეჭდავად წარმოაჩინა, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის და სახელმწიფო საზღვრის დაცვაში თავის წვლილს შეიტანს და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის – საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვაში დაგვეხმარება“.

ამერიკის შეერთებულ შტატები ამ მიმართულებით უკვე წლებია აქტიურად ეხმარება საქართველოს სხვადასხვა უწყებებს. 2014 წლიდან საკუთარი, თანამედროვე კინოლოგიური ცენტრი აქვს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, რომელიც თბილისში გაფორმების ეკონომიკურ ზონა „გეზი-2“-ის ტერიტორიაზეა განთავსებული. ამ ცენტრის შექმნა აშშ-ს ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ფარგლებში მოხდა და ის ნარკოტიკებზე გაწვრთნილი ძაღლების და კინოლოგების მომზადებას ახორციელებს. აქ მომზადებული პროფესიონალი წყვილები უკვე მუშაობენ საქართველოს საბაჟო პუნქტებზე, მათ შორის სარფსა და ვალეში.

INL-ის პროგრამის ფარგლებში, 2013-15 წლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შინაგან საქმეთა სამინისტრის კინოლოგიურ სამსახურის ვოლიერებს, საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა დროებითი ვოლიერები, შეძენილი იქნა ახალი ძაღლები და შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკების აღმოჩენაზე მუშაობს.

კინოლოგიური პროექტის K9-ს ფარგლებში ამ დანაყოფის თანამშრომლებმა სასწავლო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთში გაიარეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამბობს: „აშშ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სასაზღვრო პოლიციას საკუთარი შესაძლებლობების განვითარებაში. კინოლოგიის ცენტრის გახსნაც სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“.

აშშ ქართველი მესაზღვრეების დახმარებას იმ 10 მილიონიანი ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს, რომელსაც 2016 წლის თებერვალში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) შორის მოეწერა ხელი. პროექტის ფარგლებში, 2016 წელს, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, სექტორ „სადახლოზე“ უკვე აშენდა და ფუნქციონირებას შეუდგა 24 საათიანი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი. გასულ წელს, ასევე დაიწყო სასაზღვრო სექტორების „კასუმლოსა” და “ქედის” მშენებლობა, რომელიც 2017 წლის მარტისთვის სრულად აღიჭურვება, მათ შორის, უკვე საქართველოში გაწვრთნილი მესაზღვრე ძაღლებით.

აშშ- დახმარება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას (2014-2017 წ.წ)

2017 იანვარი – კინოლოგური ცენტრის გახსნა ლილოს სასაზღვრო ბაზაზე;

2016 ნოემბერი – სექტორ „იორის“ ახალი შენობა საქართველო -აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს რაიონში;

2016 ოქტომბერი – სექტორ „სადახლოზე“ სასაზღვრო ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მართვის ცენტრი, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე;

2016 ოქტომბერი – ორი 110 ფუტიანი Island-ის კლასის საპატრულო ხომალდი საჩუქრად. საქართველოში შემოვლენ 2017 წლის ზაფხულში;

2016 ივნისი – სასაზღვრო სექტორების „ასუმლოსა“ და „ქედის“ მშენებლობის დაწყება, დასრულდება 2017 წლის გაზაფხულზე;

2015 დეკემბერი – საპატრულო კატარღა „ივერიას“ – „ბორტ NP-105“-ის სარემონტო სამუშაოები;

2015 სექტემბერი – ბათუმში, სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომი;

2015 წლის აგვისტო – ბათუმში, საპატრულო კატარღა P-103-ის სრული მოდერნიზება, მიენიჭა სახელი „ბათუმი“;

2015 აპრილი – ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზისთვის 200 – ტონიანი ამწე მოწყობილობის გადაცემა. ზღვიდან გემების ამოსაღები ესტაკადისა და მათი დროებითი განთავსების მოედნის მშენებლობა;

2015 თებერვალი – მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენციის მიზნით სასაზღვრო პოლიციას გადაეცა: 83 რადიაციული პეიჯერი, 1 რადიაციული დეტექტორი, 12 რადიაციული დოზიმეტრი, 10 რადიაციული მრიცხველი;

2014 წლის ოქტომბერი – სასაზღვრო სექტორების „მსხალგორის“, „ახალსოფელის“ და „ცოდნის კარის“ ახალი შენობები, საქართველო-რუსეთისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე;

2014 წლის სექტემბერი – სექტორების „ბურდაზორისა“ და „ახკერპის“ ახალი შენობები, საქართველო-სომხეთის საზღვარზე;

2014 აგვისტო – სექტორ ,,კარწახის” ახალი შენობა საქართველო-თურქეთის საზღვარზე;

2014 ივნისი – სუფსაში, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი;

«BBC – русская служба»(დიდი ბრიტანეთი), 25 იანვარი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/features-38742039

„გია ცერცვაძის საქმე“: ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთისადმი ხელშეწყობაში ადანაშაულებს

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ის ფაქტები და მოვლენები, რომლებიც უკრაინაში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავებას უკავშირდება (ავტორი – ნინა ახმეტელი).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საკითხის ისტორიას: ვინ არის თვითონ გია ცერცვაძე (გადმოცემულია ცნობები საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტებში მონაწილეობის თაობაზე), რატომ ითხოვს რუსეთი მის ექსტრადირებას ინტერპოლის ხაზით (გ.ცერცვაძეს ბრალად აქვს წაყენებული სოჭში ჩადენილი მკვლელობა, რაც, ოპოზიციის მტკიცებით, ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება), როგორია მისი გათავისუფლების შანსები და ა.შ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ ოფიციალური თბილისის არაფერს აკეთებს საქართველოს მოქალაქის დასაცავად, რომელიც  შეიძლება რუსეთს გადაეცეს. „ნაციონალები“ აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარგანზრახულად არ გააფრთხილა გია ცერცვაძე, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, თორემ ეს რომ სცოდნოდა, იგი საქართველოს საზღვრებს არ დატოვებდაო. ანუ ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისადმი ხელშეწყობაში ადანაშაულებს.

„ნაციონალების“ თვალსაზრისს ეთანხმება გია ცერცვაძის უკრაინელი ადვოკატი ქსენია პროკონოვა, რომელიც „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბრისას ქართველ მესაზღვრეებს საყვედურობს: „ინტერპოლის ბარათები ქართველ მესაზღვრეებს აუცილებლად ეცოდინებოდათ. მათ შეეძლოთ გია ცერცვაძე საზღვრის გადაკვეთის დროს გაეფრთხილებინათ ამის შესახებ… მესაზღვრეებმა კი თავისუფლად გაუშვეს მესამე ქვეყანაში [უკრაინაში], რომლის ხელისუფლება ვალდებული იყო იგი დაეკავებინა“, – ამბობს ადვოკატი. მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ უკრაინის პროკურატურა გია ცერცვაძეს რუსეთს არ გადასცემს და იგი სასამართლოს მიერ მალე იქნება გათავისუფლებული.

მმართველ „ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის ისტერიული განცხადებები პოლიტიკური სპეკულაციაა, ოპოზიცია ხელოვნურად ამწვავებს საზოგადოების ვნებათაღელვას. როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, ოფიციალური თბილისი ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვისათვის, მათ შორის გია ცერცვაძისთვისაც, რათა იგი რუსეთს არ გადაეცეს. ჩვენ უშუალოდ უკრაინასთან ვთანამშრომლობთ, ყველა კომპეტენტურ ორგანოსთან, რათა ჩვენი მოქალაქის, თანამემამულის უფლებები დაცული იყოს. ეს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საკითხიც არის“. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე გია ცერცვაძის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპათავისუფლება» (აშშ), 25 იანვარი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/koruptsia-msoplioshi-koruptsia-sakartveloshi/28256422.html

კორუფცია მსოფლიოში და კორუფცია საქართველოში

ლელა კუნჭულია

კორუფცია ისევ აფერხებს ქვეყნების განვითარებას და აზარალებს ხალხების კეთილდღეობას – ასეთი სურათია ასახული ავტორიტეტიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ 25 იანვარს გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში, სახელწოდებით „კორუფციის აღქმის ინდექსი 2016“. ამ ანგარიშის თანახმად, საქართველო, შარშანდელთან შედარებით, 5 ქულით დაწინაურდა და 57 ქულა დაიმსახურა. შესაბამისად, საქართველომ, 176 ქვეყანას შორის, 48-ე ადგილიდან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა. რამდენად ხელშესახებია საქართველოს წინსვლა და რა ფაქტორები განაპირობებს არსებულ რეალობას?

მოკლედ რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია ქულა, მით უკეთესად არის ამა თუ იმ ქვეყნის საქმე. მაქსიმალური 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ დაუმსახურებია, მაგრამ ჩამონათვალში 90-ქულიანი საუკეთესო მაჩვენებლით ახალი ზელანდია და დანია ლიდერობენ. ყველაზე უარესი მდგომარეობაა 10-ქულიან სომალიში, რომელსაც სულ მცირედით უსწრებენ წინ სამხრეთ სუდანი და ჩრდილოეთ კორეა. საერთო სურათი აღფრთოვანების საფუძველს არ იძლევა – 176 ქვეყნიდან 2/3-ზე მეტმა საშუალო მაჩვენებლამდეც ვერ მიაღწია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ წლევანდელმა ანგარიშმა გამოკვეთა კავშირი კორუფციასა და უთანასწორობას შორის და როცა ისინი ერთმანეთს ასაზრდოებენ, იქმნება მოჯადოებული წრე, როცა საზოგადოებაში არათანაბრად ნაწილდება ძალაუფლება და არათანაბრად ნაწილდება სიმდიდრე. როგორც ანგარიშის ავტორი ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ – ხელმძღვანელი ხოსე უგასი აღნიშნავს თავის წერილობით კომენტარში, იკვეთება თვალსაჩინო კონტრასტი: „ძალიან ბევრ ქვეყანაში ადამიანები მოკლებული არიან თავიანთ ყველაზე მთავარ საჭიროებებს და, კორუფციის არსებობის გამო, მშიერი იძინებენ ყოველღამე… ეს მაშინ, როცა კორუმპირებულები ფუფუნებაში ცხოვრებითა და დაუსჯელობით ტკბებიან“.

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ თანახმად, ქვეყნებში, რომლებიც რეიტინგში დაბალ ადგილებს იკავებენ, ნაკლებია საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და არაეფექტიანია ამ ინსტიტუტების (მაგალითად, პოლიციისა და სასამართლოს) მუშაობა. ამასთან, ასეთ ქვეყნებში პრაქტიკულად არ მუშაობს კანონები, რომლებიც, შესაძლოა, არსებობდეს ფურცელზე, ხოლო დაუსჯელი ხელისუფალნი უკიდეგანოდ მდიდრდებიან, ქვეყნის წინსვლის შეფერხების ხარჯზე.

რაც შეეხება მაღალრეიტინგიან ქვეყნებს, ასეთები ძირითადად მედიის თავისუფლებისა და ინფორმაციაზე წვდომის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებენ თანამდებობის პირთა კეთილსინდისიერებას და ასეთ ქვეყნებში გამართულად მუშაობს სასამართლო სისტემა. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აზრით, არც ეს იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგანა არც მაღალრეიტიანგიანი ქვეყნები არიან დაზღვეული უკანონო გარიგებების, ინტერესთა კონფლიქტისა თუ უკანონო დაფინანსებისგან.

უხეშად რომ ვთქვათ, ქულების თვალსაზრისით საქართველო ბოლო წლებში სადღაც საშუალო მაჩვენებლებთან ტრიალებს, მაგრამ მას, ასე ვთქვათ, გადალახული აქვს 50 %-იანი ზღვარი უკეთესობისკენ. წლევანდელ ანგარიშში ქვეყანა კიდევ 5 ქულით დაწინაურდა და თუკი შარშანდელ ანგარიშში მას 52 მიაკუთვნეს, წლევანდელში -57 ქულა დაიმსახურა. საქართველო ბევრად წინ არის, ვიდრე მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი (30 ქულა), სომხეთი (33 ქულა), უკრაინა (29 ქულა), თურქეთი (41 ქულა) თუ რუსეთი (29 ქულა). ამასთან, საქართველო, თავისი მაჩვენებლებით, წინ უსწრებს ასევე ევროკავშირის საკმაოდ ბევრ ქვეყანას და, მათ შორის, იტალიას, ჩეხეთს, სლოვაკეთს, რუმინეთსა თუ საბერძნეთს.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ეუბნება „რადიო თავისუფლებას“, იგი ქვეყნის წინსვლას დადებითად აფასებს, მაგრამ  ეს მიღწევა გარღვევად ვერ ჩაითვლება და, შესაბამისად, საკმარისი არ არის. ამასთან, ერეკლე ურუშაძე თვლის, რომ ქვეყნის 5-ქულიანი რეიტინგული წინსვლა გამოიწვია არა პრაქტიკამ, არამედ საკანონმდებლო ბაზის გარკვეული სეგმენტების დახვეწამ, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებული ვალდებულებების ჭრილში.

შეკითხვაზე, რა მდგომარეობაა ამჟამად კორუფციის თვალსაზრისით საქართველოში, ერეკლე ურუშაძე გვიპასუხებს:

„წვრილმანი კორუფციის შემთხვევაში, რაც გულისხმობს კორუფციას საჯარო სერვისების დონეზე, მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია პროგრესი, ანუ სერიოზული მასშტაბი არა აქვს ამ სახის კორუფციას საქართველოში. ხოლო რაც შეეხება ე. წ. „ელიტურ კორუფციას“, რასაც ასევე შეგვიძლია მაღალი დონის კორუფცია ვუწოდოთ, აქ, ვფიქრობ, ძირითადი პრობლემა არის ის, რომ სახელმწიფო რეალურად არ არის მზად ასეთ შემთხვევებთან ეფექტური ბრძოლისთვის. ამის ძირითადი მიზეზი იგივეა, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, ანუ ის, რომ ჩვენ არ გვყავს რეალურად პოლიტიკურად დამოუკიდებელი სამართალდამცავი უწყებები და სასამართლო ხელისუფლება. სასამართლო და, განსაკუთრებით, სამართალდამცავი უწყებები – შს სამინისტრო, პროკურატურა თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – ისინი, სამწუხაროდ, არიან პოლიტიკური ხელისუფლების ზედმეტი ზეგავლენის ქვეშ. შესაბამისად, მაღალი დონის კორუფცია ყოველთვის გულისხმობს მმართველი პარტიის ან მთავრობის გავლენიანი წარმომადგენლის მონაწილეობას ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, კორუფციის აღქმის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების საფუძველზე მზადდება და ეს კვლევები მოიცავს კონკრეტულ ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას. 2016 წლის ინდექსის მომზადებისას გამოყენებული იყო: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიში დაპროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მეტად ავტორიტეტული გამოკვლევაა და მას ყურადღებით ეცნობიან, მაგალითად, ინვესტორები, ვიდრე ისინი ამა თუ იმ ქვეყანაში ფულის დაბანდებას გადაწყვეტდნენ.

„ცივილიზებული ბიზნესი“ ასეთ რეიტინგებს მართლაც რომ მიადევნებს თვალ-ყურს, ამაში ჭვი არც ანალიტიკოს გია ხუხაშვილს ეპარება. თუმცა, მისი აზრით, ეს ფაქტორი გადამწყვეტ როლს არ თამაშობს და ფულის დაბანდება-არდაბანდების საკითხი კონკრეტულ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს რეალურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამასთან, არსებობენ ინვესტორები, რომლებსაც სულაც არ აფრთხობთ კორუფცია და უფრო პირიქით:

„სამწუხაროდ, ისეთი ინვესტორი უფრო მეტად ინტერესდება საქართველოთი, რომლისთვისაც კორუფცია, რბილად რომ ვთქვათ, უცხო არ არის. ასეთები უკეთესად მუშაობენ კორუფციულ სისტემებში და, ხშირ შემთხვევაში, უკეთესადაც გრძნობენ თავს. ეს არის ინვესტორის ტიპი, რომელიც თვლის, რომ ხელისუფლებასთან თბილი ურთიერთობები გადამწყვეტია ბიზნესში წარმატების მიღწევისთვის“.

ახალი ანგარიშიდან („კორუფციის აღქმის ინდექსი 2016“) გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელისუფლებას კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს. მათ შორის არის, მაგალითად: სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა, საჯარო და კერძო სექტორების ეფექტური გამიჯვნა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, სასამართლო ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა თუ კორუფციის ფაქტების გამომვლენი ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სათანადოდ რეაგირება.

«United Nations Radio - გაეროს რადიო» (აშშ, გაერო), 26 იანვარი, 2017 წელი

http://www.unmultimedia.org/radio/russian/archives/236126/#.WIlaO-basdU

როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება ნაადრევ ქორწინებებს?

მოხსენების განხილვა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში

25 იანვარს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში საქართველოს შესახებ წარდგენილი მოხსენება განიხილეს. ერთ-ერთი მთავარი იმ საკითხებიდან, რომლებიც გაეროს ექსპერტებს აინტერესებდათ, ნაადრევი ქორწინებების პრობლემა წარმოადგენს, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული.

საქართველოს დელგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ამჟამად უკვე გაუქმებულია ეროვნული კანონმდებლობის ის დებულება, რომლის თანახმად, ნებადართული იყო 16 წლის ასაკს მიღწეული პირების ქორწინება. დღეისათვის კი საქართველოში მინიმალური საქორწინო ასაკი 18 წელია. ამასთან, ერთ-ერთი შესწორების მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება შეუძლიათ 17 წლის ასაკს მიღწეულ პირებსაც – მხოლოდ სასამართლოს ნებართვით, თუ მათ უკვე შვილი ჰყავთ.

საქართველოს ხელისუფლება ასევე ყველაფერს აკეთებს  იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა მშობელმა იცოდეს მათი შვილების ნაადრევი ქორწინების შედეგების შესახებ, მათ შორის – ბავშვთა ჯანმრთელობის თაობაზეც. ქვეყნის იმ რაიონებში, რომლებშიც ნაადრევი ქორწინების ფაქტებია გავრცელებული, სასკოლო დაწესებულებებში ტარდება მშობელთა კრებები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, [ჯანდაცვის მუშაკები] მოსწავლეთა მშობლებს და უფროსი ასაკის მქონე პირებს განუმარტავენ იმას, თუ როგორ  ნეგატიურ შედეგებს მოუტანს მათ ბავშვებს ნაადრევი ქორწინება არასრულწლოვან ასაკში.

Comments are closed