„საქართველო და მსოფლიო“: ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველო
—–
„რეზონანსი“: საკონსტიტუციო კომისია: აზრთა სხვადასხვაობა უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაზე
„რეზონანსი“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „უმრავლესობა ფიქრობს, ბევრნი ვართ და რასაც გვინდა, იმას ვიზამთო“
„რეზონანსი“: „კაბელების საქმე“ მთავრდება – სასამართლომ არც მწვადი დაწვა, არც შამფური
„რეზონანსი“: არის თუ არა კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური? (გამოკითხვა)
„რეზონანსი“: „რუსთავი-2“-ის საბოლოო სასამართლო შეიძლება, კიდევ თვეები გაჭიანურდეს
„რეზონანსი“: ინტერვიუ ექს-გენპროკურორ გია მეფარიშვილთან: „პროკურატურის სისტემის აღრევა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მოხდა“
„რეზონანსი“: აფხაზები გამშვებ პუნქტებს კეტავენ. რა ხდება გალში?
„რეზონანსი“: ხალხი კომუნალურ ხარჯს ვეღარ აუდის // „როდესაც თვის ბოლო ახლოვდება, ყველას გვეშინია რამდენი იქნება გადასახადი“
„რეზონანსი“: ათ საავადმყოფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან აძევებენ // მათი ბედი შეიძლება, სხვებმაც გაიზიარონ
„რეზონანსი“: ინტერვიუ მარინე ბერაძესთან: „ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი“
„რეზონანსი“: გაზაფხულიდან შეიძლება, საგზაო წესებზე სანქციები გამკაცრდეს // რას ითვალისწინებს საგზაო რეფორმა
———————–
„საქართველო და მსოფლიო“, 27 იანვარი, 2017 წელი
ახალი მსოფლიო წესრიგი და საქართველო
ლუკა ნემსაძე
ინაუგურაციამ წარმატებით ჩაიარა _ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია. მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება აშშ-ის ახალი ლიდერის თითოეულ ნაბიჯს და ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.
საინაუგურაციო სიტყვის საფუძველზე შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ რამდენიმე ნიუანსი ნამდვილად ყურადსაღებია. არსებული მდგომარეობის დახასიათების თვალსაზრისით, ეს უდავოდ ყველაზე კრიტიკული საინაუგურაციო სიტყვაა აშშ-ის ისტორიაში. ტრამპი ძალიან ხისტი იყო ვაშინგტონური ისტებლიშმენტის მიმართ, როცა ის ამერიკელი ხალხის მტრად წარმოაჩინა. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ტრამპმა დაადასტურა პროტექციონისტული იდეების ერთგულება, რომელთა რეალიზება, ექსპერტთა ვარაუდით, გარანტირებულად მიიყვანს აშშ-ს ეკონომიკურ ომამდე ჩინეთთან. ამასთანავე, ახალმა პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ თავის ცხოვრების წესს უცხო ქვეყნებს ძალით თავს არ მოახვევს. რა მოხდება რეალურად, სხვა საქმეა, თუმცა პირდაპირი გაგებით ეს დეკლარაცია შტატების საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედზე – ლიბერალურ ინტერვენციონიზმზე უარის თქმას ნიშნავს. სხვათა შორის, ტრამპმა თავის გამოსვლაში არც ერთხელ არ ახსენა დემოკრატია და თავისუფლება, მით უფრო მათი ექსპორტი უცხო ქვეყნებში. და ბოლოს – დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი მთავარი სამიზნე ისლამისტური ტერორიზმია.
ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” პრობლემის გადაწყვეტა აშშ-ისა და რუსეთის ძალისხმევის კოორდინაციის გარეშე წარმოუდგენელია. რაც შეეხება დაპირისპირებას ჩინეთთან, ამ მიმართულებით ტრამპს, როგორც მინიმუმი, რუსეთის ნეიტრალიტეტი დასჭირდება, იმის გარანტია, რომ კრიტიკულ მომენტში ორი ევრაზიული გიგანტი სტრატეგიულ ალიანსს არ შექმნის. ამ ორი წინაპირობიდან გამომდინარეობს აშშ-რუსეთის ურთიერთობების მოსალოდნელი ნორმალიზაცია, რომლის ერთ-ერთი შედეგი შეიძლება გახდეს რუსეთის გავლენის ზრდა პოსტსაბჭოთა სივრცეში.
პეკინის რეაქცია ტრამპის განცხადებებზე ნათლად გამოვლინდა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა მკაცრად დაგმო პროტექციონიზმი, რომლის აპოლოგეტები, მისი თქმით, “სირთულეების შიშით მზად არიან, ჩაიკეტონ ბნელ ოთახში, ჰაერსა და სინათლეზე უარი თქვან”. ნიშანდობლივია, რომ ამ გამოსვლაში ჩინეთის ლიდერმა გლობალიზაციის პროცესის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა; ადრე ეს აშშ-ის “საფირმო” თემა იყო.
ზოგადად, ჩინეთის ხელისუფლებაში შეიძლება ორი პირობითი “ბანაკი” გამოვყოთ. ერთ-ერთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩინური პროდუქციის ექსპორტი შეერთებულ შტატებში ქვეყნის ძლიერების მთავარი საწინდარია. შესაბამისად, ჩინეთმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი ინდუსტრიული ცენტრის როლზე ეკონომიკურ სიმბიოზში აშშ-თან, ხოლო საგარეო პოლიტიკაში ჰენრი კისინჯერის “დიდი ორეულის” კონცეფციის ერთგულება შეინარჩუნოს, რომლის ფარგლებში გლობალური უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება აშშ-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ეფუძნება. ამ ჯგუფს შედარებით ლიბერალური შეხედულებები ახასიათებს. მათი ოპონენტები, რომელთა რიცხვს სი ძინპინიც მიეკუთვნება, მიიჩნევენ, რომ აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობის დღევანდელი მოდელი მარადიული არაა და ქვეყანას ალტერნატიული სტრატეგია სჭირდება. თუმცა ისინი აცნობიერებენ, რომ “გადაწყობისთვის” ჩინეთს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება და ეს აიძულებს პეკინს, დრო მაქსიმალურად გაწელოს. ტრამპის ბოლოდროინდელი ნაბიჯები თითქოს ადასტურებს მეორე ჯგუფის წინდახედულობას – კურსი ამერიკის რეინდუსტრიალიზაციაზე, აგრეთვე, საბაჟო ბარიერების აღმართვა ჩინურ ექსპორტს, სავარაუდოდ, უდიდეს ზიანს მიაყენებს.
ამგვარ “გაორებას” ჩინეთის ხელისუფლებაში განაპირობებს არა მხოლოდ იდეური ბრძოლა პოლიტბიუროს წიაღში, არამედ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობაც. აშშ-ს, ისევე, როგორც თავის დროზე ბრიტანეთსა და იაპონიას, გეოგრაფია უბიძგებს, საზღვაო სავაჭრო მარშრუტებზე კონტროლი დაამყაროს და შექმნას საზღავო იმპერია. რუსეთის, ისევე, როგორც ადრე გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის, ძლიერება კონტინენტის შიდა სივრცის კონტროლს ეფუძნება. ჩინეთის გეოპოლიტიკური ბუნება კი “გაორებულია” _ მას შეუძლია რესურსები, როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო იმპერიის შექმნისკენ მიმართოს. მსგავსი “გაორება” წინა საუკუნეებში ახასიათებდა საფრანგეთის, უფრო ადრე კი ესპანეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკას. გასაკვირი არაა, რომ ჩინეთის დღევანდელი სტრატეგია “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ორივე მიდგომას აერთიანებს და ითვალისწინებს, როგორც საზღვაო, ისე შიდაევრაზიული სავაჭრო მარშრუტების პრიორიტეტულ განვითარებას.
საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსში გამოსვლისას ისაუბრა იმაზე, რომ “ერთი სარტყელი – ერთი გზა” ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და განვითარების უდიდეს შესაძლებლობას აძლევს: “ესაა ალტერნატივების ქსელი _ თითოეული მათგანი თანაბრად მნიშვნელოვანია ევრაზიაში ეკონომიკის ზრდისა და ჯანსაღი ეკონომიკის შესაქმნელად… ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის _ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც” (ინტერპრესნიუსი).
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა გლობალურმა ეკონომიკურმა ომმა არ დააკნინოს მისი სატრანზიტო ფუნქცია, ხოლო მასზე გამავალი სავაჭრო ნაკადი წლიდან წლამდე ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელეურად იზრდებოდეს. პრობლემა ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შესაძლო ზრდა და ძალთა ბალანსის შეცვლა დღის წესრიგში დამატებითი პოლიტიკური გარანტიების შექმნის აუცილებლობას დააყენებს, რომელთა გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ უნდა იქცეს ზესახელმწიფოების დაპირისპირების არენად, 2008 წლის აგვისტო არ უნდა განმეორდეს.
მართალია, ქართული საზოგადოება “ენდიაის” გამოკითხვებს ეჭვის თვალით უყურებს და ვერ ივიწყებს 2012 წლის “ბოდვით რეიტინგებს”, რომელიც “ნაცმოძრაობას” ტრიუმფალურ გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ზოგიერთი სხვა თემის მიმართ ის შედარებით ადეკვატურია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ამერიკული ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს მოსახლეობა უფრო პროდასავლურად წარმოაჩინოს, ვიდრე ის სინამდვილეში არის. ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ საქართველომ “პროდასავლური” საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს, 54% თვლის, რომ _ “პროდასავლური, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან”, 18%-ის აზრით _ “პრორუსული, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან”, 9%-ს კი “პრორუსული” საგარეო პოლიტიკის გატარება სურს. ამასთანავე, გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან მიიღებს, ხოლო 31%-ის აზრით, საქართველო უფრო მეტ სარგებელს ნახავს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის უარს იტყვის ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე (ეს ძალზე მაღალი მაჩვენებელია “ენდიაის” გამოკითხვებისთვის).
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მედიასა და სოციალურ ქსელებში დაიწყო დისკუსია. საუბრობდნენ პროდასავლელებისა და პრორუსების რაოდენობის კლებასა თუ მატებაზე. არავის დაუჯამებია დაბალანსებული, კონფრონტაციისგან თავისუფალი საგარეო პოლიტიკის გატარების მსურველთა პროცენტები: 54% – “პროდასავლური, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან”, 18% – “პრორუსული, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ნატოსთან და ევროკავშირთან”. ჯამში 72% – თავისუფალი საგარეო პოლიტიკის გატარების მსურველები აშკარად უმრავლესობაში არიან.
რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების პირობებში პროდასავლური პოლიტიკის გატარება მხოლოდ ნატოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაშია შესაძლებელი – ამ პრინციპს ეფუძნება ისეთი ცალსახად პროდასავლური (უფრო სწორად _ არსებითად დასავლური) ქვეყნის პოლიტიკა, როგორიცაა ფინეთი. აშშ-რუსეთის “დიდი გარიგების” ფარგლებში, რომელზეც ბევრს საუბრობენ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის “ფინლანდიზაცია” სავსებით ლოგიკურია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას ურჩევნია, მიიღოს ის, როგორც ზესახელმწიფოების მიერ თავს მოხვეული სცენარი და არა როგორც საზოგადოების არჩევანი, რომელიც შექმნილი სიტუაციისა თუ ისტორიული გამოცდილების ანალიზს ეფუძნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს აღიარება, რომ არსებითად მცდარი იყო ის რადიკალური კურსი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა, რომლის შედეგად დაირღვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ხოლო უამრავი ადამიანი დაიღუპა და ქვეყნიდან გაიქცა. ქართულ ელიტას ეშინია, რომ ამ შეცდომის აღიარება მის ავტორიტეტს მიწასთან გაასწორებს. ამასთანავე, საზოგადოებას გაუჩნდება ეჭვი, რომ ქვეყნის ხელმძღვანელები აცნობიერებდნენ საფრთხეებს, რომლებიც ამ კურსის გატარებას უკავშირდებოდა, თუმცა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები არაფრად ჩააგდეს და ამ გზით ამერიკელების, კერძოდ კი _ უმცროსი ბუშის, ადმინისტრაციის მხარდაჭერა მოიპოვეს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის და მისი შენარჩუნების მთავარ წინაპირობად მიაჩნდათ.
———————–
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
საკონსტიტუციო კომისია: აზრთა სხვადასხვაობა უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვაზე
გვანცა ღვედაშვილი
საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა გუშინ რამდენიმე ინიციატივა განიხილეს, რომელთა შორისაც უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის ინიციატივაზე მსჯელობდა. საკითხმა კომისიის წევრებს შორის აზრთასხვადასხვაობა გამოიწვია.
აღნიშნულ საკითხზე ინიციატივა ჰქონდათ წარდგენილი “დემოკრატიულ მოძრაობსა” და “პატრიოტთა ალიანსს”, ორივე მათგანი უცხოეთის მოქალაქეებზე და მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემის აკრძალვის მომხრეა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძეც. თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხი საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხილვის საგანია და საბოლოო ფორმულირება, თუ როგორი ჩანაწერი შეიძლება გაკეთდეს კონსტიტუციაში, ჯერ შეჯერებული არ არის.
“ვფიქრობ, სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე უკონტროლოდ, აბსოლუტურად ყოველგვარი რეგულაციის გარეშე გასხვისების დაშვება, საფრთხის შემცველია. კომისიაში გამოიკვეთა პოზიცია, რომ კონსტიტუციაში პრინციპის დონეზე ჩანაწერის არსებობა მიზანშეწონილი იქნება, თუმცა ის თუ რა ფორმით ჩამოყალიბდება, მსჯელობა უნდა გაგრძელდეს – კონკრეტულ ფორმულირებაზე შეჯერება არ მომხდარა.
ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა გარკვეული რეგულაცია, რომელიც კონსტიტუციის ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში იქნება, თუმცა პრობლემა, რომელიც უცხოელებზე მიწების გასხვისების აბსოლუტურად შეუზღუდავ სივრცეს უკავშირდება, კონსტიტუციის დონეზე შებოჭილი იქნება,” – განაცხადა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისთვი” წევრი ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საშიში გზავნილი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის: “უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა არის ძალიან საშიში გზავნილი ჩვენი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან ამგვარი შეზღუდვების და აკრძალვების დაწესება პირდაპირ დაარტყამს ლარის კურსს,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.
საკითხთან დაკავშირებით “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი დო კომისიის წევრი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ რეგულაციები აუცილებელია, თუმცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სამეურნეო მიწის საკუთრებაში გაცემის სრული აკრძალვის მომხრე არ არის.
“ჩვენ თავის დროზე ვმუშაობდით ამ საკითხზე და მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი. ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის რეგულაციები დაწესებული და მე ვემხრობი ამ მიდგომას. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი რეგულირებული უნდა იყოს სხვადასხვა თვალსაზრისით. მათ შორის, ოდენობის და გარკვეული გეოგრაფიული ტერიტორიების გათვალისწინებით. მაგალითად კონფლიქტურ ზონებთან უნდა იყოს შეზღუდული უცხოელებისთვის სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება და ა.შ. თუმცა, სრულ აკრძალვას არ ვეთანხმები, რადგან ვფიქრობ, ეს საკმაოდ მკვეთრი გადაწყვეტილება იქნება. ამასათან, რეგულაციების დაწესება საკმარისი იქნება, რომ ამ საკითხში ჩვენი ინტერესები დავიცვათ,” – გვითხრა ლაშა ტუღუშმა.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „უმრავლესობა ფიქრობს, ბევრნი ვართ და რასაც გვინდა, იმას ვიზამთო“
ნინო ქეთელაური
„სამ თქვეში კონსტიტუციის ცლილება, ეს უბრალოდ ხუმრობაა. მე მიკვირს, სერიოზული ადამიანები რატომ ჩაერთნენ ამაში და საკმაოდ არასერიოზული წინადადდებებიც მოვისმინე. მათ შორის, ჩემი ყოფილი პარტნიორებისგან, რაც ძალიან უცნაურია“, – აცხადებს რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას. მისი შეფასებით, სასამართლო ჯერ-ჯერობით ისეა მიბმული ხელისუფლებაზე, როგორც ეს საბჭოთა დროში იყო.
გია ცერცვაძის საქმე, სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა, სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მანანა კობახიძის წარდგენა, კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენი – ეს ის საკითხებია, რომლებიც “რეზონანსი” ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
ლევან ბერძენიშვილი: გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ როდესაც სახელმწიფო თავის მოქალაქეს არასათანადოდ იცავს, რა თქმა უნდა, იქ არის პოლიტიკური მოტივი. არ ვფიქრობ, რომ ყველამ იცოდა, ვინ რას აკეთებდა, მაგრამ როგორც ჩანს, შესაბამის უწყებებში საკმარისად არიან პრორუსულად განწყობილი ძალები, რომლებიც ასეთ რამეებს აკეთებენ. ეს არ არის ერთი მოქალაქის დაუცველობა, ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. კარგი ხელისუფლება გამოიძიებდა, ვინ, რა, როდის მიაწოდა ინფორმაცია და ეს რამდენად შედიოდა სახელმწიფოს ინტერესში.
სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება ვითარებას უკან მიჰყვება-ხოლმე. ჯერ ერთს ამბობს, მერე მეორეს და კიდევ კარგი, საზოგადოებრივი აზრის მაინც ეშინია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პრესის და სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობაზე, ვინაიდან ხელისუფლების იმედზე ყოფნა არ შეიძლება. მაგალითად, პარლამენტის უმრავლესობამ თავი მოიჭრა. იმიტომ, რომ არც კი დაინტერესდა, რა წერია კონსტუიტუციაში, როგორ არის ადამიანი დაცული და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური საქმე, რომელმაც გამოავლინა მთავრობის ერთ ნაწილში აგენტურა, მეორეში უნიათობა, ხელისუფლების უმრავლესობაში კი პოლიტიკური უტიფრობა. საქმე დამთავრებული არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საღი აზრი გაიმარჯვებს.
- ორი დღის წინ, სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩავარდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი და თავად ეს ფაქტი როგორ აისახება საქართევლოს საერთაშორისო იმიჯზე?
- მოსამართლეების ამბავი ჩავარდა იმიტომ, რომ საქართველოს მხარემ, ვგულისხმობ, ჩვენს ხელისუფლებას, ვერ დაიცვა ის უმარტივესი პირობები, რაც მოთხოვნილი იყო. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ წესების დარღვევა, სიის შეცვლა, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრის გაუთვალისწინებლობა, ბუმერანგივით დაუბრუნდებოდათ უკან და დაუბრუნდათ კიდეც. წულუკიანმა ილაპარაკა, რომ ეს თურმე ოპოზიციის ბრალია. მაპატიეთ, მაგრამ როდესაც რაღაც არ გამოგივა და დააშავებ, სჯობს დამნაშავე ეძებო. მაგალითად, საკუთარი მოადგილე და ევა გოცირიძე რომ ჰყავდა წარდგენილი, ევროსაბჭო უბრალოდ ვერ დაამტკიცებს, რადგან მოიძებნება ხალხი, ვინც მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ ვინ არის და რა ბიოგრაფია აქვს. მე არ დავმალავ, ჩვენც მივაწოდეთ ეს ინფორმაცია. ა ინფორაციაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, მივიწოდეთ. იქ კიდევ ბევრი ვინმე იყო. ჩვენ უნდა ვიცდეთ, რომ ჩვენი მთავრობის დარღვევების გამო, საქართველო ევროსასამართლოში კუთვნილი ადგილის გარეშე დარჩა. ეს გაგრძელდება გარკვეული ხნის განმავლობაში, სანამ ახალი სია შეიქმნება, ახალი კონკურსი შედგება და ა.შ.
მოკლედ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დარღვევები ყოფილიყო. ჩვენ კარგად ვიცით სიაში რა ხალხი იყო. ერთი პიროვნება საერთოდ ამოიღეს სიიდან, იმიტომ, რომ თვალში არ მოუვიდათ. ის ხალხი, ვინც წარდგენილი იყო, ვის მოსწონს, რად მოსწონთ, არ ვიცით. ამ ადამიანებს საქართველოს წინაშე იმდენი რა დამსახურება აქვთ, რომ ქვეყნის იმიჯი შეილახა?! გამოდის, ეს არის ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია ევროსაბჭოში სამი კანდიდატურა წესების დაცვით მაინც წარადგინოს. წლების განმავლობაში ხდება ასეთი ამბავი. ეს არ არის კატასტროფა, არ დააქცევს ქვეყანას, მაგრამ ქვეყანას ევროსასასამართლოში ძმაკაცობის, ნეპოტიზმის გამო რომ კაცი არ ეყოლება, ძალიან ცუდია.
- როგორ შეფასებთ, სასამართლო რეფორმის ე.წ მესამე. ტალღას და რამდენად გამათლებულად მიგაჩნიათ პრეზიდანტის ვეტო?
- მე პრეზიდენტის შენიშვნები არ მინახავს, მაგრამ ვეტო გამართლებულად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, შენიშვნების ნაწილი მაინც მისაღები და გასაზიარებელი იქნება. არ ვიცი, როგორ მოიქცევა პარლამენტი, თუ მათ ისეთი განწყობა აქვთ, რომ რასაც გვინდა იმას ვიზამთ, მაშინ გასაგებია, ვეტოს დაძლევენ. მაგრამ, მათ ადგილზე მე ყურადღებით წავიკითხავდი პრეზიდენტის შენიშვნებს, იქნებ ამან ოდნავ მაინც გააუმჯობესოს ვითარება, თორემ სასამართლოს საქმე რომ ცუდადაა, ამას ყოველდღე ვხედავთ. რეალურად, რეფორმების მესამე ტალღა ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვინდოდა. სასამართლო ხელისუფლების თვალსაზისით, საქართველო ჯერ-ჯერობით ისეა მიბმული ხელისუფლებაზე, როგორც ეს საბჭოთა დროში იყო.
- რამდენად სწორად მიგაჩნიათ საკონსტიტუციო სასამართლოში მანანა კობახიძის წადგენა?
- მე ვფიქრობ, პოლიტიკოსის სასამართლო სისტემაში წასვლა შეუთავსებელი უნდა იყოს. მაგალითად, მე რომ პარლამენტის წევრი ვყოფილიყავი, ხმას არ მივცემდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცნობ ქალბატონ მანანას და აქ კვალიფიკაციის საკითხი არ დგას. ადამიანი არის მიკერძოებული იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არსს ებრძოდა. ახლა უშვებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, რათა შიგნიდან გააგრძელოს ბრძოლა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, მაგრამ როგორც ხედავთ, უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბევრნი ვართ და რასაც გვინდა იმას ვიზამთო, თორემ ამ ნაბიჯს არ გადადგამდნენ.
- საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე მინდა გკითხოთ, 3 თვეში კონსტიტუციის განახლებას შეძლებენ?
- რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, თუ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები იმუშავებს უმრავლესობის გასაძლიერებლად, რომ საერთოდ არ დარჩეს არცერთი მხარე ქვეყანაში, ვისაც შეეძლება გაწონასწორების და ბალანსის პოლიტიკის დაცვა, ეს ძალიან ცუდი იქნება. 3 თქვეში კოსტიტუციის ცლილება, ეს უბრალოდ ხუმრობაა, მე მიკვირს, სერიოზული ადამიანები რატომ ჩერთნენ იქ და საკმაოდ არასერიოზული წინადადებებიც მოვისმინე, მათ შორის ჩემი ყოფილი პარტნიორებისგან, რაც ძალიან უცნაურია. არ არის საჭირო ამ ხელისუფლებისთვის რაღაც ეშმაკობების კარნახი, ისედაც კარგად ახერხებენ საქმის გაფუჭებას. ამიტომ, ამ კომისიის მუშაობისგან არაფერს დადებითს არ ველი.
- „კაბელების საქმეზე“ გუშინ გამოტანილი განაჩენი თქვენ რას გეუბნებათ?
- განაჩენი შერბილდა და კარგია, რომ ორი თვის მერე მაინც დატოვებენ საპყრობილეს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქმე ასეა, ქალი ან არის ორსულად ან-არა, ეს ხალხი ან არის დამნაშავე, ან არა. მე ვიქრობ, იმ მონაცმების მიხედვით, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას წარმოუდგინა, ამ ადმიანების ბრალი ვერ დამტკიცდა. ისინი უდანაშაულოები არიან. სინამდვილეში იქ რა მოხდა და რა არა, არავინ იცის. საუბარია სამართლებივი თვალსაზრისით. ამიტომ, უდანაშაულო ადამიანი უნდა გაათავისუფლო და იმის გამო რა ზარალიც მიაყენეს, კომპენსირება უნდა მოხდეს.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
„კაბელების საქმე“ მთავრდება – სასამართლომ არც მწვადი დაწვა, არც შამფური
თიკო ოსმანოვა
ფულის გაფლანგვიდან სამსახრეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამდე – კაბელების საქმის ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი საპატიმროს მარტში დატოვებს. მანამდე კი საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდების და დაცვის მხარეც უზენაესში გასაჩივრებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს – გიზო ღლონტს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძეს, ნუგზარ კაიშაურს და დავით წიფურიას – სააპელაციო სასამართლომ 7 წლის ნაცვლად სასჯელის სახით ერთი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საიდანაც 1 წელი და 4 თვე უკვე მოხდილი აქვთ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მუხლი, რომლითაც მსჯავრდებულები გასამართლდნენ, გადაკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულებისათვის სასჯელის ვადის შემცირება.
მსჯავრდებულების ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, სასამართლოს მხრიდან ბრალდების გადაკვალიფიცრება თეორიულად შესაძლებელია, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ამ გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და საქმეს მაღალ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
“ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად ვერანაირად ვერ შევაფასებ. ეს იყო მორიგი პოლიტიკური გადაწყვეტილება. უბრალოდ, სააპელაციომ მოძებნა შუალედი და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ტყვეებს ბრალი შეუმცირა. თუ აქამდე ტყვეობაში კიდევ 5 წელი უნდა ყოფილყვნენ, ახლა თვესა და 20 დღეს დაჰყოფენ. ჩვენ, ბუნებრივია, ამას გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში და თუ საჭირო იქნება, ევროპის სასამართლოშიც, სადაც, დარწმუნებული ვარ, სიმართლეს ვიპოვით.
თეორიულად სასამართლოს ბრალის გადაკვალიფიცირების უფლება აქვს, მაგრამ ნიშანდობლივია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს გაკეთებული განცხადება, სადაც ის საუბრობს, რომ აუცილებელია მსაჯვრდებულმა პირმა იცოდეს თუ რას ედავებიან მას და მოიპოვის შესაბამისი მტკიცებულებები.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით გაფლანგვაზე, რომელიც არ არსებობს და ამის დამტკიცებას ვცდილობდით, ამ დროს კი თურმე სასამართლო ბრალდებას ცვლის და საუბრობს სასმსახურეობრივ ბოროტად გამოყენებაზე. შესაბამისად არანაირი შესაძლებლობა არ მოგცემია რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ჩვენი პოზიცია წარვედგინა,” – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას ლევან სამუშია.
საპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ბრალდების მხარეც, ამიტომ პროკურატურაც ამას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
“სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ნამდვილად ჩაიდინეს დანაშაული და რომ მათ მიმართ გამოყენებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით იყო ადეკვატური. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, ამ ნაწილში ვერ დავეთანხმებით, რადგან ვფიქრობთ, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მტკიცებულებებით და არა საქმის შედეგით დაინტერესებული პირების სუბიექტური განწყობით. თუმცა, ჩვენ კოლეგა ადვოკატებს არ დავემსგავსებით და ვერ გავაკეთებთ ისტერიულ განცხადებებს. ვრჩებით სამართლებრივი რეგულაციების ფარგლებში და საქმის განხილვას უზენაეს სასამართლოში გავაგრძელებთ,” – განაცხადა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა.
სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებით შეეცადა არც მწვადი დაეწვა და არც შამპური – ასე აფასებს კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე.
“ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მიეღო დამოუკიდებელ სასამართლოს, იყო ამ ადამიანების გამართლება და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლება. უდანაშაულო ადამიანებს 7 წელს მიუსჯი და მერე 2 წელს, ამის მადლობელი უნდა ვიყოთ?! უბრალოდ სასამართლო შეეცადა არც მწვადი დაეწვა და არც შამპური. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო პოლიტიკური სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არავითარი კავშირი დამოუკიდებელ სასამართლოსთან არ აქვს”, – გვითხრა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომელი ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ოთხ მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა ედებოდათ. თუმცა დაკავებიდან 8 თვის შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა და პატიმრობის ნაცვლად 10 000-ლარიანი გირაო მოითხოვა. მაშინ მოსამართლე დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. 2016 წლის 16 მაისს კი თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რის შედეგადაც ისინი სასამართლოს დარბაზიშვე დააპატიმრეს.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
არის თუ არა „კაბელების საქმეზე“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური?
გვანცა წულაია
“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის შალვა შავგულიძის თქმით, კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთივე პოლიტიკურია, როგორიც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს სააპელაციოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ განუცხადა. ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, წავა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და იქ დადგება ამ პირების მიმართ გამამართლებელი განაჩენი. “აბსოლუტურად ისეთივე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც აქამდე იყო ამ პირთა მსჯავრდება, უბრალოდ შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი შემცირდა, ვინაიდან თავად სასამართლოსთვისაც ნათელია, რომ აქ გამამტყუნებელი განაჩენი საბოლოოდ თავს ვერ დაიჭერს,” – განაცხადა შალვა შავგულიძემ.
არის თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
გია როინიშვილი (მსახიობი): მნიშვნელოვანია ის, რომ დაპატიმრებულია ხალხი, რომლებსაც ბრალი არ მიუძღვით. რა თქმა უნდა პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულნი. პროცესი ისე გრძელდება, რომ პოლიტიკური ელფერი დასდევს.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ვთვლი, რომ ეს საქმე თავიდანვე იყო შეთითხნილი და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. როგორც ვიცი, არანაირი მსგავსი ტიპის დანაშაული არ მომხდარა, მითუმეტეს როცა სასამართლო იღებს ძალიან კარგ გადაწყვეტილოებას, რომ შეიძლება მალე ისინი განთავისუფლებულნი იყვნენ, ალბათ არის იმის დამადასტურებელი რომ სასამართლომ ან თავში დაუშვა შეცდომა ან შეგნებულად მიესაჯათ მათ მძიმე სასჯელი.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): არა, რა თქმა უნდა. პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, არ მიიღებდნენ შერბილებულ სასჯელს.
იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): არაფრით არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან თანხა, რომელზეც არის საუბარი, არ არის მოგონილი – შეუძლებელია პროკურატურამ და გამოძიებამ მოიგონოს თანხა. საერთოდ, რატომ არის პოლიტიკური, როდესაც რომელიმე პარტიის წევრს გაფლანგული აქვს გარკვეული თანხა?…
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
„რუსთავი-2“-ის საბოლოო სასამართლო შეიძლება, კიდევ თვეები გაჭიანურდეს
თიკო ოსმანოვა
ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის წილების საქმეზე სამართლებრივი დავა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე გაჭიანურდეს. როგორც მხარეები აცხადებენ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა საქმის განსახილველად ჯერაც არ დაკომპელექტებულა. რაც შეეხება მოლოდინს, ქიბარ ხალვაში გამარჯვებას მესამე ინსტაცინაშიც ელოდება, “რუსთავი 2″-ის ადვოკატ თამთა მურადაშვილს კი პროგნოზის გაკეთება უჭირს.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2″-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია (60% ქიბარ ხალვაშს 40% მისი კუთვნილი კომპანიის), თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო ტელევიზიის მართვას ვერ ახერხებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოება. რის შემდეგადაც გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს არხზე სადავეების აღებას.
უზენაეს სასამართლოს საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა აქვს, რომელიც 25 იანვარს ამოიწურა. საქმის არსებითი განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმის სირთულის გამო ტელეკომპანიის ბედს 3-ის ნაცვლად 9 მოსამართლე გადაწყვეტს. სასამართლოს კოლეგია ჯერ არ დაკომპლექტებულა. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ საქმის განხილვა გაჭიანურდება.
“სასამართლოს კანონით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადა ახლა ამოიწურა, თუმცა როგორც წესი ეს ვადები ხშირად ირღვევა. უზენაეს სასამართლოს გაცილებით მეტი დრო სჭირდება საქმის განხილვისთვის. პრაქტიკაში ხშირად ხდება, რომ ვადები ზოგჯერ რამდენიმე დღით ზოგჯერ თვებით ირღვევა,” – გვითხრა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ. იგი დარწმუნებულია, რომ როგორც წინა ინსტანციებში ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იქნება გამოტანილი: “იმედი გვაქვს, რომ საქმე ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. გავეცანი უზენაესი სასამართლოს კოლეგიის განჩინებას დიდ პალატისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. გარკვეული ნიუნასებია, რომელსაც ნაწილობრივ ვეთანხმებით, ნაწილობრივ არა. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც წარდგენილი იყო სამივე ინსტანციაში, დასაბუთებულია და წესით ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს ეს დავაც. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს”, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას პაატა სალია.
ის, რომ საქმეს 3 მოსამართლის ნაცვლად დიდი პალატა იხილავს, გარკვეულ იმედს აძლევს “რუსთავი 2″-ის დაცვის მხარეს, თუმცა პროგნოზის გაკეთება ადვოკატ თამთა მურადაშვილს მაინც უჭირს.
“ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. გუშინ დავრეკე და მითხრეს, რომ დიდი პალატა ჯერაც არ დაკომპლექტებულა. ასე რომ ალბათ ამ ყველაფერს რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება, იმიტომ, რომ ჯერ პროცესი უნდა დაინიშნოს მერე შუამდგომლობები უნდა დავაყენოთ. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმეა. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, ფაქტია, რომ სამმა მოსამართლემ ვერ შეძლო “რუსთავი 2″-ის საწინააღმდეგოდ გადაეწყვიტა საქმე. ეს ერთის მხრივ კარგია, თუმცა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი.
სასამართლოში ვადა გადაცილება ჩვეულებრივი მოვლენაა. ერთადერთი ჩვენი საქმე იყო გამონაკლისი, როცა პირველ და მეორემ ინსტანციამ განსაკუთრებული სისრწაფით გამოიტანეს გადაწყვეტილებები. დიდ პალატას რომ გადაეცა, თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობამ არ აიღო თავის თავზე ის უარყოფითი გადაწყვეტილება, რომელიც იყო დაგეგმილი. ეს კარგის ნიშანია იმ კუთხით, რომ არ იქნა მიღებული სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ახლა კი რამე თუ იქნება მთლიანად სასამართლოს მოუწევს ამაზე პასუხისმგებლობის აღება. იმის მოლოდინი, რომ სასამართლომ უკან დაიხოს, არ გვაქვს, უბრალოდ ვნახოთ მოსამართლეები რამდენად გაუძლებენ ზეწოლას“, – უთხრა “რეზონანსს” თამთა მურადაშვილმა.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ ექს-გენპროკურორ გია მეფარიშვილთან: „პროკურატურის სისტემის აღრევა მიხეილ სააკაშვილის პერიოდში მოხდა“
ია აბულაშვილი
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო და ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უცილობელ გადაწყვეტას მოითხოვს, არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში პროკურატურის ადგილის განსაზღვრა. პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობის პრობლემებთან დაკავშირებით “რეზონანსი” ყოფილ გენერალურ პროკურორს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გია მეფარიშვილს ესაუბრა.
- ალბათ, პროგნოზის გაკეთება ნაადრევია, რადგან კომისიას ჯერ საბოლოო ვერდიქტი არ გამოუტანია, მაგრამ თქვენ, როგორც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის წევრს, პროკურატურის შესახებ კანონის ერთ-ერთ ავტორს, გარკვეული წარმოდგენა ალბათ უკვე შეგექმნათ...
- მე არ ვიცი, რას საუბრობენ საკონსტიტუციო კომისიაში, რაზე ბჭობენ ჩემი კოლეგები. მე მხოლოდ შევეხები იმ გამონათქვამებს, რომელიც ვრცელდება ბეჭდური და ელექტრონული მედიით. მინდა მოგახსენოთ, რომ არაფერი ახალი ამ მიმართულებით არ მოხდება. ყველაფერი საკმაოდ გულმოდგინედ იქნა გაანალიზებული თავის დროზე, მაშინ როდესაც მუშავდებოდა 1995 წლის აგვისტოს კონსტიტუციის ტექსტი. ეს საკითხი მაშინაც ძალიან აქტიურად იყო განხილული და მაშინაც აზრთა სხვადასხვაობა იყო.
საქართველოს კონსტიტუცია, ახლანდელიც და მომავალიც, აუცილებლად იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე აგებული (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო); ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პირველი მოთხოვნაა და გარკვეული ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ საერთაშორისო სამართლის ნორმების პრიმატს ეროვნულ კანონმდებლობასთან მიმართებით. ასე იყო საქართველოში და ასე იქნება მომავალშიც.
მთავარია, გაეცეს პასუხი კითხვას, რატომ არ ვარგოდა 1995 წლის მოდელი, რომლის მიხედვით პროკურატურა შედიოდა სასამართლო ხელისუფლების სისტემაში და ითვლებოდა დამოუკიდებელ ინსტიტუტად, და რით იყო უკეთესი 2004-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული უამრავი ცვლილება – ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ყოველგვარ ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებული გადაწყვეტილებები. სწორედ იმ პერიოდში, სასამართლო ხელისუფლების სისტემიდან გამოდის პროკურატურა და შედის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხდება იუსტიციის სამინისტროს სამთავრობო დაწესებულება. მაშინაც ვწერდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მაშინ მოხდა სრული აღრევა და ეს აუცილებლად მიგვიყვანდა კრიზისამდე. პროკურატურის პოლიტიზირება უფრო სწრაფად მოხდებოდა და მას ექნებოდა მეტად გაურკვეველი, ბუნდოვანი ადგილი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.
მთავარი პროკურორი, რომელიც ხელმძღვანელობს პროკურატურის ორგანოებს, იუსტიციის მინისტრის მოადგილედაც არ ითვლება. ამავე დროს, მოქმედი კანონმდებლობით პროკურატურის ორგანოებს ეკისრებათ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია. ეს გულისხმობს მთავარი პროკურორის მეშვეობით ისეთი გადაწყვტილებების მიღებას, რომლებიც კანონიერების და მართლწესრიგის შემდგომი განმტკიცების სტრატეგიულ მიმართულებებს ეხება. ამ კომისიების მუშაობაში ჩართულები არიან შს მინისტრი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი, იუსტიციის მინისტრი დ ა.შ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ყოველივე ეს? ჩემი აზრით, არავითარი დასაბუთება მას არ გააჩნია. გარდა ამისა, ამიტომაც არის ჩამკვდარი საკოორდინაციო საქმიანობა, რაც საწყენია.
დამიჯერეთ, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია, რომელიც სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს. ჩვენ კი რა ვქენით? დალაგებული სისტემა ავურიეთ და ამ ყველაფრის მიზეზი გახლდათ ერთი კაცის ინტერესები, რომელმაც პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების სურვილი გამოთქვა.
დალაგებული სისტემა ავურიეთ და ამ ყველაფრის მიზეზი გახლდათ ერთი კაცის ინტერესები, რომელმაც გამოთქვა სურვილი პროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს გაერთიანებაზე. მეფემაც თავის ერთგულ ვეზირს არ აწყენინა და უბოძა ხალათი…
- ანუ, იზიარებთ არასამთავრობო ორგანიზაციების აზრს, რომ პროკურატურა პოლიტიზირებულია? თუ პროკურატურას სათავეში უდგას იუსტიციის მინისტრი და საერთო ხელმძღვანელობას ის ახორციელებს, იუსტიციის მინისტრი კი გამარჯვებული პოლიტიკური ძალის მიერ არის გამწესებული ამ თანამდებობაზე და პოლიტიკური მოტივაციით მოდის, ამ დროს რამდენად რეალურია, რომ იუსტიციის მინისტრმა უხელმძღვანელოს პროკურატურის ორგანოებს? ასეთი სისტემით ჩვენ თვითონ ხომ არ გავწირეთ პროკურატურა პოლიტიზირებისათვის?
- ბევრ ქვეყანაში, სადაც მსგავსი სისტემებია, იუსტიციის მინისტრი გენერალური პროკურორიცაა (აშშ, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ.) სწორედ იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს პროკურატურის ორგანოებს. ჩვენ ვფიქრობდით თავის დროზე პროკურატურის გადმოტანას სასამართლო ხელისუფლების სისტემაში. მინდა ხაზი გავუსვა, სახელმწიფო დაწესებულებების (ინსტიტუციის) სტატუსით მეტ დამოუკიდებლობს მიანიჭებდა პროკურატურას და მაქსიმალურად დაუახლოვდებოდა საერთო სასამართლოების სისტემას. კერძოდ, გაჩნდებოდა ერთიანი კრიტერიუმი მოსამართლის და პროკურორის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ა.შ. სამწუხაროდ “ვარდების ხელმძღვანელობამ” სხვა ვარიანტი აირჩია და შეიხის მიერ ნაბოძები ძვირფასი ხალათი მხოლოდ ერთ კაცს – ზურაბ ადეიშვილს მოარგო. 2012 წლის არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვნად დაიხვეწა კანონმდებლობა, მაგრამ ძალაში რჩება კონსტიტუციური დებულება, რომლის მიხედვით პროკურატურა იუსტიციის სამინისტროშია გაერთიანებული.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
აფხაზები გამშვებ პუნქტებს კეტავენ. რა ხდება გალში?
ნინო ომანაძე
„დარჩეს გამშვები პუნქტი“ – ამ მოთხოვნით 25 იანვარს, გალის რაიონის ქართულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ასობით მონაწილემ, რომელთა შორის ბავშვები ჭარბობდნენ, მთავარი გამშვები პუნქტი “ენგური” გადაკეტა და ნაბაკევის “გამშვები პუნქტის” გაუქმება გააპროტესტა.
ნაბაკევი ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას, ხოლო ოტობაია სოფელ ორსანტიას ესაზღვრება, გალის რაიონის ქვედა ზონის მოსახლეობა ახლო მანძილის გამო სწორედ ამ პუნქტებით სარგებლობს. მათი დახურვის შემდეგ, ისინი შიშობენ, რომ გადაადგილება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან, ენგურის ხიდამდე დიდი მანძილის გავლა მოუწევთ
მესამე დღეა, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარი და დე-ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, გალის რაიონის ქვედა ზონის მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე არ ატარებენ და სამეგრელოს მიმართულებით გადმომსვლელებს აჯარიმებენ.
ნაბაკევი-ხურჩის, ოტობაია-ორსანტიის პუნქტების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში მიიღო და ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს 24 იანვარს გამართულ გალის შეხვედრაზე გააცნო.
აღსანიშნავია, რომ ამ გადასასვლელებით აქტიურად სარგებლობენ მოსწავლეები, რომლებიც განათლების მისაღებად აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოდიან, დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამ პუნქტებით ყოველდღიურად სარგებლობს დაახლოებით 1500 ადამიანი, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სასწავლებლად, სამუშაოდ და პროდუქტების შესაძენად გადადიოდა.
სწორედ, “უკანონო კონტრაბანდისა და არალეგალური ბიზნესისთვის” ხელისშეშლის მოტივით გადაწყვიტა აფხაზეთის “მთავრობამ” 2013 წელს გახსნილი დამატებითი 6 გამშვები პუნქტის გაუქმება. პირობა ამის შესახებ, ამჟამინდელმა “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ, 2014 წლის არჩევნებზე დადო.
“აპსნიპრესის” ცნობით, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს სოხუმში უკვე გაეცნენ, თუმცა გაუქმებული პუნქტების აღდგენას არ აპირებენ. გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია, “აპსნიპრესთან” საუბარში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება და არ გადაიხედება: „ეს პუნქტები იხურება ხელისუფლების გადაწყვეტილებით და არა იმიტომ, რომ მე მსურს ასე. აქ არიან დაინტერსებული ძალები, რომლებიც ეწევიან უკანონო ბიზნესს, სწორედ ისინი აღვივებენ პროვოკაციებს. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ გალის რაიონის ქვედა ზონის მოსახლეობამ მარტივად ჩააღწიოს “ენგურის” გამშვებ პუნქტამდე. გზების აღსადგენად, რუსული მხარის მიერ, დახმარების სახით გამოყოფილი 153 მილიონი რუბლია დახარჯული“.
ქართული მოსახლეობის პროტესტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა აფხაზურ სოციალურ ქსელებში: „ახლა მათ, როგორც ნაციონალურ ჯგუფს, რომლებსაც არ აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა, ოფიციალურად შეუძლია მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებისთვის. ამ სიტუაციაში რუსეთი ვერ დაგვეხმარება, ვინაიდან მას თვითონ აქვს მსგავსი პრობლემა ბალტიისპირეთის რუსულენოვან მოსახლეობასთან დაკავშირებით. ეს კარგად ესმოდა არძინბას, იმიტომაც აცხადებდა ყოველთვის, რომ გალელები არიან აფხაზეთის მოქალაქეები. ჩვენივე ხელით ჩავდეთ ნაღმები, რომელიც მალე აფეთქდება,” – წერს ერთი აფხაზი.
„საერთოდ უნდა დაიკეთოს ყველა პუნქტი, ვიდრე სამურზაყანოს მოსახლეობა არ ინტეგრირდება აფხაზურ საზოგადოებაში“. „რას ვთავაზობთ ჩვენ მათ? ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, საუბრობენ ქართულად, იღებენ ღირსეულ პენსიას და ჯანდაცვას, მათთვის მთელი მსოფლიო ხსნილია, რა უნდა შესთავაზოს მათ ამის საპირწონე ჩვენმა გაუბედურებულმა ქვეყანამ?“ – ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა აფხაზების მხრიდან გალელების პროტესტს.
26 იანვარს ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას ე.წ. გამშვები პუნქტები მოინახულა, რომელთა გაუქმებასაც აფხაზეთის მხარე გეგმავს.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შეზღუდავს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას. მისი განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხადაჭერის იმედი, რომ ისინი შეძლებენ გავლენის მოხდენას დე ფაქტო რესპუბლიკის “ხელისუფლებაზე”.
ახალი რეგულაცია გალის რაიონის მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთი იქნება, აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის მრჩეველი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში ლონდერ ცაავა.
“საოკუპაციო საზღვრის გადმოკვეთის პრობლემა ქართული მოსახლეობისთვის სულ იყო, ომის შემდეგ ურთიერთობა თბილი პრაქტიკულად არ ყოფილა, თუცა, დღეს მდგომარეობაა უფრო მწვავეა, დე-ფაქტო რეჟიმის ხელმძღვანელები, რუსული მხარის ინსპირირებით ცდილობენ უფრო მეტად კონტროლირებადი გახადონ ე.წ. საზღვრები, ამიტომაც, ეს გადაწყვეტილება აფხაზური რეჟიმის დონეზეა მიღებული და სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება. გამშვები პუნქტების გაუქმება მძიმედ დააწვება გალის რაიონის მოსახლეობას. სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება გადაადგილების ინტენსივობა, ქვედა ზონის მაცხოვრებლებისთვის ხურჩა-ნაბაკევის და ოტობაია-ორსანტიას გადასასვლელს სასიცოცხლო, სოციალური დატვირთვა აქვს. ადამიანები, რომლებიც გალის რაიონში ცხოვრობენ მოწყვეტილი არიან ცივილიზაციას, ისინი ყოველდღიურად კვეთენ საოკუპაციო საზღვარს და გადმოდიან ზუგდიდში სამუშაოდ, გადმოაქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გასაყიდად, აღებული თანხით საჭირო ნივთებს ყიდულობენ, ბავშვები სწავლობენ ზუგდიდის რაიონის სკოლებში, უნივერსიტეტში…
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სიტუაცია უფრო გამწვავდა, გამკაცრდა მიმოსვლა, დაწესდა გადაადგილების და მგზავრობის საფასური, მათ უწევთ მუდმივ შიშში ცხოვრება, არა აქვთ ხმის უფლება, ფაქტიურდ უუფლებოები არიან. ჩვენ მათთან თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, ამბობენ, რომ ძალიან უკმაყოფილოები არიან ახალი რეგულაციებით.
რაც შეეხება მექანიზმებს, რითიც შევძლებთ მათ დახმარებას – პრაქტიკულად არ გაგვაჩნია, ერთად-ერთი ჟენევის ფორმატია, სადაც შეგვიძლია ამ საკითხის განხილვა, მაგრამ თუ არ იქნება აფხაზების და რუსეთის ნება, ვერც ამ ფორმატზე მიიღება ჩვენთვის საჭირო და მისაღები გადაწყვეტილება,” – განაცხადა ლონდერ ცაავამ.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
ხალხი კომუნალურ ხარჯს ვეღარ აუდის
„როდესაც თვის ბოლო ახლოვდება, ყველას გვეშინია რამდენი იქნება გადასახადი“
სოფო ჩხიკვაძე
ზამთრის ცივ თვეებში კომუნალური გადასახადები მკვეთრად მატულობს და უამრავ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ოჯახებს დიდი პრობლემა შეუქმნა. თითქმის ყველას უჭირს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა. არის ოჯახები, რომლებსაც ზამთრის დღეეების გადაგორება გამათბობლის გარეშე უწევთ.
საქართველოში კომუნალური გადასახადების საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ წელს ზედმეტად შესამჩნევი გახდა. ხალხი ვეღარ უმკლავდება გაზრდილ ხარჯს.
“48 წლის ვარ. მეუღლე, ორი შვილი, რძალი და 3 წლის შვილიშვილი ვცხოვრობთ ერთად. რაც წელს ხდება ჩემს ოჯახაში, ასე არასდროს ყოფილა. იანვარი მთავრდება და გათბობა ჯერ არ ჩაგვირთავს. ვცდილობთ, არ გამოვიყენოთ გასათბობად არც ბუნებრივი აირი და არც დენი. ამის გარდა უამრავი ხარჯია, ოჯახიდან კი მხოლოდ 2 ადამიანი ვმუშაობთ, ისიც ძალაიან დაბალ ხელფასზე.
იმედი მაქვს, თებერვალში ამინდი გამოკეთდება და ცოტა დათბება. ჩვენ მდგომარეობას რომ ვხედავ, 90-იანი წლები მახსენდება, უშუქოდა და უგაზოდ რომ ვიხსედით ხოლმე. როდესაც თვის ბოლო ახლოვდება, ყველას გვეშინია ოჯახში. არ ვიცი სანამდე შევძლებთ ამ ყველაფრის მოთმენას. ძალიან ცუდია, რომ ქვეყანაში ასეთი ეკონომიკური კრიზისია”, – განუცხადა “რეზონანსს” დალი კუციამ.
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა იზრდება, ისინი ბედის ანაბარად არიან დარჩენილი. თანაც ხალხს უკვე იმედი გადაეწურა გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით. ქართველი ეკონომისტებიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესებულია. ისინი მთავარ პრობლემად ლარის გაუფასურებას მიიჩნევენ.
კომუნალური გადასახადები რეგიონებშიც აქტუალური პრობლემაა. ისევე როგორც დედაქალაქში, სოფლებში და პატარ-პატარა ქალაქებშიცუ უჭირს ხალხს მიმდინარე ხარჯის დაფარვა. რთულ მდგომარეობაში არიან პენსიონერებიც. მათი უმეტესობა ამბობს, რომ პენსია საკმარისი არ არის თვიდან თვემდე ხარჯის გასასტუმრებლად.
“ზამთარის მოახლოებასთან ერთად ჩემთვის ურთულესი პერიოდი იწყება. მეშინია იანვარ-თებერვლის, რომ სიცივისგან არ გავიყინო. შეუძლებელია ასეთი მაღალი ტარიფების პირობებში, ჩემი პენსიით შევძლო გადახდა. ძალიან კარგია სითბო, მაგრამ ვიცი, თვის ბოლოს ფული ჩემი გადასახდელი იქნება და ნამდვილად ვერაფრით მოვახერხებ გადახდას.
დილაობით მზეს რომ დავინახავ გავდივარ და ეზოში ვჯდები, იქნებ ცოტა გავთბე. არ ვიცი ჩემი პენსია ამდენ რამეს როგორ უნდა გაწვდეს. ჩემი შვილები თბილისში ცხოვრობენ, ხანდახან კი მეხმარებიან ხოლმე, მაგრამ მათაც არ აქვთ ნორმალური სამსახური, არ შეუძლიათ სულ ხელის გამოწოდება”, – უთხრა “რეზონანსთან” სოფელ საჭამიასერის მკვიდრმა მაყვალა ზაქარეიშვილმა.
“რეზონანსმა” თბილისის ქუჩებში გამოკითხვა ჩააატარა. უმეტესობა ამბობს, რომ ასე თუ გაგრძელდა, ხალხი ცოტა ხანში ნორმალურად საჭმელსაც ვეღარ შეჭამს. გათბობაზე საუბარი საერთოდ აღარ იქნება.
“ტაქსის მძღოლი ვარ. ვცდილობ, ოჯახს არაფერი მოვაკლო, მაგრამ კომუნალური გადასახადის ხარჯმა ისე მოიმატა, უკვე აღარ ვიცი ამდენ რამეს როგორ გავწვდე. ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში ოჯახს ნორმალურად საჭმელსაც ვეღარ ვაჭმევ. თან წელს განსაკუთრებულად ცივი ზამთარია.
ერთადერთი გაზაფხულის მოახლოების იმედი მაქვს. ხშირად ისე ხდება, ერთ ოთახს გავათბობთ კარგად და შემდეგ გამოვრთავთ გათბობას და ვცდილობთ მთელი დღის განმავლობაში ოთახში სითბო შევინარჩუნოთ”, – აღნიშნა 47 წლის ტაქსის მძღოლმა ლადო მაღლაკელიძემ.
თითქმის ყველა გამოკითხული ამბობს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი წლიდან წლამდე მცირდება. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში არიან სტუდენტები, რადგან მათ მშობლებს სწავლის საფასურის გადახდა აღარ შეუძლიათ.
“3 წლის წინ უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, თბილისში ოჯახთან ერთად ქირით გადმოვედი. პირველი ორი წელი ნორმალურად ვიხდიდით ყველაფერს ახლა კი ისე გაჭირდა ცხოვრება, რომ კომუნალური გადასახადებსაც ვეღარ ავუდივართ. ფაქტობრივად, მშობლებს არ შეუძლიათ სწავლის საფასური გადამიხადონ, ამიტომ ვმუშაობ, რომ მათ როგორმე დავეხმარო.
ღამე ცივ ოთახში მიწევს მეცადინეობა, რადგან ბუნებრივ აირს ვზოგავთ. რაც ნაკლები დაიწვება, მით ნაკლები გადასახადი მოვა, თვის ბოლოს”, – დაუფარავად ისაუბრა “რეზონანსთან” 23 წლის ნათია მელქაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლები ამ პრობლემას დიდად არ განიცდიან. ყველა ერთხმად ამბობს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება. დოლარის კურსი რომ დაიკლებს, კომუნალური გადასახადების ფასიც შემცირდება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მინიმუმ 2017 წელს ლარს გამყარების პერსპექტივა არ აქვს.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
ათ საავადმყოფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან აძევებენ
მათი ბედი შეიძლება, სხვებმაც გაიზიარონ
ეკატერინე ბასილაია
პირველი თებერვლიდან დაახლოებით 10 საავადმყოფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშება – ჯანდაცვის სამინისტრო მათთან თანამშრომლობას წყვეტს. მიზეზად სახელდება ის, რომ კლინიკების მენეჯმენტი დაზღვევის ფულის დიდ ნაწილს არა პაციენტის მკურნალობაზე და ექიმებისა და მედპერსონალის ანაზღაურებაზე, არამედ საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებს. სამინისტრო “ამის მოთმენას არ აპირებს”. შეიძლება პირველი მარტიდან ამ 10 კლინიკის ბედი სხვებმაც გაიზიარონ.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს და რეფორმების ე.წ. პირველი ტალღა უკვე დასრულდა. პირველი თებერვლიდან კი ჯანდაცვის სამინისტრო რეფორმების მეორე ტალღას საავადმყოფოების მომსახურების “გამოსწორებით” იწყებს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ამბობს, რომ საავადმყოფოების ნაწილს არსებული ვითარების გამოსწორების შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა ნაწილთან კონტრაქტის გაწყვეტაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. არც ზაზა სოფრომაძე და არც მინისტრი დავით სერგეენკო არ აკონკრეტებენ იმ კლინიკებს, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსებიდან ჩამოშორების განაჩენი უკვე გამოუტანეს.
მინისტრის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებები პროგრამის მთავარ მოთხოვნას – პაციენტის მომსახურეობის ხარისხის შესახებ – ვერ აკმაყოფილებენ. დავით სერგეენკომ ერთი კვირის წინ კლინიკების მმართველებთან შეხვედრაზე ისაუბრა იმ პრობლემებსა და პრეტენზიებზე, რომელიც სამინისტროს საავადმყოფოებთან აქვს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ლმობიერი დამოკიდებულების გამო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მცდარი მოლოდინი გაუჩნდათ – მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდების ზრდაზე ზრუნვა დაიწყეს და პაციენტების საჭიროებებს მინიმალურ ყურადღებას აქცევდნენ, “სახელმწიფო კი ამის მოთმენას არ აპირებს.”
“იკვეთება კლინიკები, რომელთა ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირი ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ და იმ ექიმების, ექთნებისა და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ კლინიკებთან თანამშრომლობას არ გავაგრძელებთ,” – განაცხადა დავით სერგეენკომ, რომელსაც შენიშვნები აქვს როგორც მონოპროფილურ მცირე კლინიკებთან, ისე დიდ საავადმყოფოებთანაც. პრეტენზიები კი, მინისტრის ჩამონათვალში, არც თუ მცირეა.
დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ რადგანაც ანაზღაურების სისტემა გადაუდებელ შემთხვევებში 100%-ით ფინანსდება, ხოლო გეგმიურის დროს 70%-80%-ით, ზოგჯერ კლინიკები გეგმურ სამედიცინო მომსახურებას გადაუდებლის კვალიფიკაციას აძლევენ.
“იკვეთება კლინიკები, რომლებმაც მოიფიქრეს არარსებული ნონსენსი და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორიც არის მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება. ქუჩიდან იღებენ პაციენტს და შემდეგ ქუჩაშივე უშვებენ,” – აღნიშნავს დავით სერგეენკო. მისივე თქმით, ასევე არის შემთხვევები, როდესაც კლინიკების მიერ სახელმწიფოსთვის მოთხოვნილი თანხა 90%-ით გადახდილია, 10%-ია დარჩენილი, როგორც არაჯეროვანი და სადაო, კლინიკის მენეჯმენტი კი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, თითქოს სახელმწიფო არ იხდის თანხას და ამ მიზეზით ხელფასებს არ გასცემს. ასევე პრობლემაა ის, რომ სამედიცინო დაწესებულებებს მოწესრიგებული არა აქვთ ეზოები.
მინისტრმა ერთ-ერთი დიდი კლინიკური გაერთიანებით უკმაყოფილება გამოთქვა, რომელიც თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში უარს ამბობს თავისი ეზოს მოწესრიგებაზე, რომელიც სამედიცინო ნარჩენებითაა დაბინძურებული.
“მათგან ვისმენთ, ეს ტერიტორია კლინიკებს შორის განაწილებული არ არის და ეს როგორ მოვახერხოთო. სამაგიეროდ შესასვლელში არის შლაგბაუმი, რომელიც ყველაზე უფრო გამართული აპარატია იმ კლინიკაში და კარგად მუშაობს და მჯერა, რომ ამ შლაგბაუმიდან მიღებულ შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, მონიტორინგისას ასევე დაფიქსირდა, რომ კლინიკები არც თუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან დროზე ადრე წერდნენ, ის ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში, ეს ხდებოდა იმისათვის, რომ ამ კლინიკებს ზედმეტი თანხა გამოეწერათ და ამას პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე აკეთებდნენ.
“მწვავე ფსიქოზის დროს პაციენტს განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა სჭირდება. სამწუხაროდ ამ ყველაფრის უკან რეალურად ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის იმ კლინიკების, რომლებიც ბოლო პერიოდში ყველაზე მეტს ხმაურობენ,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრს პრეტენზიებზე საუბრისას არც ერთი კლინიკა არ დაუსახელებია. მინისტრთან შეხვედრაზე მყოფმა წამყვანი კლინიკების მმართველებმა კი გამოთქმული პრეტენზიები საკუთარ თავზე არ მიიღეს. ზოგმა ისიც კი განაცხადა, რომ პრეტენზიები ძირითადად მონოპროფილურ დაწესებულებებს ეხებათ და არა დიდ და ფართო პროფილურ კლინიკებს.
მცირე სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენელთა ნაწილი მთავრობის მიერ კლინიკების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით რისკს ხედავს. ისინი თვლიან, რომ მთავრობას ამ პროცესში ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან პრივილეგირებული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს.
ოპოზიცია ამ რეფორმას ეჭვის თვალით უყურებს და აცხადებს, სამინისტროსთან ბაზრის მსხვილ მოთამაშეები გარიგებას შეძლებენ, მცირე კლინიკები კი გაიწირებიან. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ამ სამინისტროს გადაწყვეტილებამ შეიძლება მცირე სამედიცინო დაწესებულებების გაკოტრება გამოიწვიოს.
“სამედიცინო სექტორის ნაწილი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება და ის შემდეგ პაციენტების ჯიბეზე გადავა. კერძო საავადმყოფოები შეიძლება გაკოტრდნენ და მათ მსხვილი მოთამაშეები იყიდიან. ხოლო პაციენტის მხარეზე პრობლემა იქნება ის, რომ გაიზრდება რიგები იმ საავადმყოფოებში, სადაც საყოველთაო ჯანდაცვა დარჩება, გაიზრდება ლოდინის პერიოდიც პაციენტებისთვის. ანუ, ადამიანმა შეიძლება რიგს ელოდოს არა ორი ან სამი თვე, როგორც დღეს არის, არამედ გაცილებით მეტხანს,” – ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
ინტერვიუ მარინე ბერაძესთან: „ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი“
ეკატერინე ბასილაია
ჯანდაცვის სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არ არის და არის რისკი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპს შეეწირება პატარა კლინიკები. დიდი კლინიკები კი პრეტენზიებს კაბინეტებში კულუარულად გაარკვევენ – აცხადებს ჯანდაცვის მიმართულებით “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” წევრი, მარინა ბერაძე.
- პირველი თებერვლიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღა იწყება და დაანონსებულია, რომ დაახლოებით 10 კლინიკა კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების გამო სახელმწიფოს დაფინანსებას გამოეთიშება...
- ინფორმაცია არ მაქვს, რომელი 10 საავადმყოფო გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რადგან ეს შიდა ინფორმაციაა. ამ პროცესში მთავარი ის გახლავთ, რომ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც საავადმყოფოები გამოეთიშებიან, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ არის. სამინისტროს მიერ გაცხადებული დარღვევები რეალურად ხდება. ფაქტია, რომ ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია უკმაყოფილოა იმით, რომ მათი ანაზღაურება არ შეესაბამება საყოველთაოდ მიღებულ კრიტერიუმებს. შეიძლება პედიატრს 150 ლარი ჰქონდეს?
ვიღაცამ შეიძლება თქვა, რომ ძალიან მარალი გამომუშავების ექიმები არსებობენ და ვინც კარგია, მას მაღალი შემოსავალი აქვს, ხოლო ვინც კარგი არ არის, მას ხელფასი დაბალი აქვს. ასეთ მიდგომას მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა არ იცნობს. თუ კარგი ექიმი არ არის, ის საერთოდ არ უნდა მუშაობდეს, ხოლო ვინც მუშაობს, მას ადეკვატური ხელფასი უნდა ჰქონდეს.
ვთვლი, რომ ამ საკითხში სახელმწიფოს როლი დიდი უნდა იყოს. ძალიან ბევრი დროა დაკარგული იმაში, რომ სწორი კრიტერიუმები არ შემუშავდა. ახლა როდესაც სახელმწიფო ჩივის, რომ ხარისხი კარგი არ არის, ხარისხის განმსაზღვრელი სამსახური ჩამოყალიბებული არ არის. ყველა საავადმყოფო თავისი შიდა სტანდარტებით არეგულირებს ყველაფერს. მაგალითად, როდესაც პაციენტები უჩივიან, ვთქვათ სამკურნალო დაწესებულებას, ან ექიმი ჩივის, ეს ინფორმაცია სამინისტროში მიდის და საინტერესოა ამის ანალიზი თუ კეთდება და ამ ანალიზით დაგროვილი რა ცვლილება განხორცილდა?
- ეს პრეტენზია ვისკენ არის მიმართული, ვინ უნდა გადაჭრას, სამინისტრომ თუ კლინიკის მენეჯმენტმა?
- ასეთი დაურეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის პირობებში ერთი მხარე მეორისკენ იშვერს ხელს და მეორე – პირველისკენ. სწორედ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა ჰქონდეს და ამ საკითხში უნდა ერეოდეს. როგორ შეიძლება სახელმწიფოში არსებობდეს ექიმის სტატუსი და დაახლოებით მაინც არ იყოს განსაზღვრული, როგორ უნდა შეფასდეს მისი მუშაობა. პედაგოგებზე ხომ დაიწყო გარკვევა და გვეუბნებიან, რა თანხაზე ნაკლები არ უნდა იყოს მათი ხელფასი? სამედიცინო სფეროში ამაზე რატომ არავინ დაინტერესდა? ეს ხომ არ არის დაკავშირებული მასთან, რომ ყველას თავისი პირადი ინტერესი აქვს და ფაქტობრივად, ჯანდაცვის სამინისტროში ვინც ადრე მუშაობდა, კარგად რომ გავიკითხოთ, სწორედ ისინი არიან სხვადასხვა კლინიკის მფლობელები. როდესაც ექიმს დაბალი ხელფასი აქვს, ის იძულებული ხდება მეტი წამალი გამოწეროს და გამოწერილი წამლის მიხედვით აიღოს ბონუსი.
ან რატომ არის, რომ ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია ერთი და იმავე სუბიექტის ხელში იყოს საავადმყოფოც და ფარმაცევტული ბიზნესიც? ეს იმიტომ არის, რომ როდესაც ფარმაცევტული ბიზნესი გაქვს, პლუს სადაზღვევო ბიზნესი და საავადმყოფოშიც შენ ამუშავებ ექიმს, იმ ექიმს აუცილებლად აიძულებ შენი წამალი გამოწეროს. ეს სახელმწიფოს დასარეგულირებელია.
- ჩვენ მინისტრის პრეტენზიები მოვისმინეთ და თავად კლინიკების მფლობელებს რა პრეტენზიები აქვთ, თუ იცით?
- საქმეც ის არის, რომ დიდი კლინიკები პრეტენზიებს, როგორც წესი, ხმამაღლა არ გამოთქვამენ. ისინი თავიანთ პრეტენზიებს კაბინეტებში კულუარულად არკვევენ. როგორც ადრე იყო, ისე ახლაც ჩვეულებრივი გარიგებები ხდება. გვინდა უკეთესი და გამოდის – როგორც ყოველთვის.
- არის რისკი, რომ ამ რეფორმებს შეეწირება პატარა კლინიკები, ისინი გაკოტრდებიან, დიდი კლინიკები კი კულუარებში “ჩააწყობენ” და მათ არ შეეხებიან?
- რა თქმა უნდა, რადგან ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არ არის და რეალურად ასეც მოხდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არიან ექიმები, რომლებსაც პაციენტებში დიდი ნდობა აქვთ და შესაძლოა ასეთი ექიმი ვერ აღმოჩნდეს იმ კლინიკაში, ვინც გააგრძელებს მუშაობას. დიდ კლინიკებშიც არის ძალიან ბევრი დარღვევა. არ მინდა საავადმყოფოების დასახელება, მაგრამ მეც მაქვს ინფორმაცია და სხვებსაც, რომ იქ საოცრებები ხდება. თვეობით გაუცემელი ხელფასები, არასწორი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, არაკეთილსინდისიერად ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა. ასეთი უამრავი შემთხვევაა და დიდ კლინიკებშიც. სტატისტიკა და კვლევა უნდა არსებობდეს, რის საფუძველზე ხდება ამა თუ იმ დასკვნის გამოტანა. ეს მონაცემებიც უნდა დაიდოს, რომ შემდეგ კითხვები არ გაჩნდეს.
- კლინიკების დახურვა პაციენტებისთვის თუ გახდება პრობლემა? საუბარია იმაზე, რომ ამ კლინიკებში გაიზრდება რიგები და ლოდინის პერიოდიც პაციენტებისთვის...
- პაციენტებისთვისაც რისკია. ხელმისაწვდომობა არსებობს ფინანსურიც და ასევე გეოგრაფიულიც. რატომ უნდა დადიოდეს პაციენტი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში? იმიტომ, რომ ერთმა ააწყო კარგად და დანარჩენებმა ვერ მოახერხეს? სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი, რომ ინფრასტრუქტურა მოეწყოს. შეუძლებელია მოხუცებსა და ბავშვებს კლინიკებისთვის დიდ მანძილზე უწევდეთ გადაადგილება, ან რიგებში ჩადგნენ. დროზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვთვლი, რომ ეს პრობლემებს შექმნის. ეს არის კიდევ ერთი ექსპერიმენტი. 2000 წლიდან ვიკვლევ ამ სფეროს, ეს გზა არაერთხელ გაუვლიათ, შემდეგ ისევ უკან დაბრუნებულან და თავიდან დაუწყიათ სხვადასხვა ფორმით. დადიან უცხოეთში და გაითვალისწინონ ის, რაც იქ არის.
ვახსენე და სხვებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ჯანდაცვის სფეროში მონოპოლიები დაუშვებელია და ამ საკითხს უნდა მიხედონ პირველ რიგში და ვინც ლაპარაკობს, მინისტრის პრეტენზიები მე არ მეხებაო, მაშინ კარგა დავუფიქრდეთ, ვინ დგას მათ უკან და რატომ არ ეხებათ. ფაქტი ერთია, ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი.
„რეზონანსი“, 27 იანვარი, 2017 წელი
გაზაფხულიდან შეიძლება, საგზაო წესებზე სანქციები გამკაცრდესრას ითვალისწინებს საგზაო რეფორმა
სალომე სარიშვილი
გაზაფხულიდან, შესაძლოა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეგულაციები გამკაცრდეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება და მას მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, ადმინისტირება შესაძლოა ისეთ დარღვევებზე გამკაცრდეს, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია. სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა აქვთ გარკვეული შენიშვნები. ამბობენ, რომ პროგრამა გარკვეულ ნაწილში ბუნდოვანია და დახვეწას საჭიროებს.
ცნობისთვის: რეგულაციების გამკაცრებაში საუბარია, მინიმუმ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე. კერძოდ კი ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია (სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა). ამასთან, სიახლეა ისიც, რომ მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, მართვის მოწმობას უფრო საიმედოს გახდის, ხოლო მძღოლების საწყის კვალიფიკაციას უფრო მაღალს.
რაც შეეხება ქულათა სისტემის დანერგვას, ეს სისტემა ასევე მოიცავს რეგულაციებისა და ჯარიმების გამკაცრებას, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმებული პირი, თან ქულებსაც დაკარგავს და პირობითად 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება, შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება. უმრავლესობის ლიდერი ფიქრობს, რომ ამ სისტემით დანერგვით ის მძღოლებიც კი, რომელთაც ჯარიმების გადახდა ადვილად შეუძლიათ, მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, განიხილება უკონტაქტო პატრულირების დანერგვაც, რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მოდელია. ეს იქნება სამოქალაქო მანქანებით მოძრავი პატრული, რომელსაც მხოლოდ უკანა მხარეს სპეციალური ნიშნანი ექნება.
“ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის. შესაძლოა, მოხდეს სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენება. დღეს ასეთი დეტექტორები მხოლოდ სტაციონარულად, ბოძებზე არის დამაგრებული და დამრღვევი მძღოლები ხშირად სიჩქარეს ანელებენ ბოძთან გავლისას. მომავალში შესაძლოა, გადასატანი დეტექტორები იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისივე თქმით, უნდა მოხდეს ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია. ეს ვიდეოკამერები კი რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეფორმის ფარგლებში.
“ამ სისტემას ექნება საგრძნობი პრევენციული ეფექტი,” – აღნიშნა თალაკვაძემ და იქვე დაუმატა, რომ ამასთან ერთად, საგზაო მოძრაობის შესახებ საჭიროა მძღოლების, მგზავრებისა და ქვეითების ინფორმირება, ცნობადობის ამაღლება.
საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების ძირითადი წესების დაცვა, ღვედის გამოყენება, საჭესთან მობილური ტელეფონით სარგებლობის აკრძალვა თუ გადასასვლელებზე გზის დათმობა, – ეს ელემენტარული წესები ხშირად, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის ტოლფასია და ამის შესახებ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია,” – დასძინა არჩილ თალაკვაძემ. მისი აზრით, ეს იქნება კარგად დაგეგმილი და წარმატებული რეფორმა, რომელიც პარლამენტის, მთავრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება და უკვე 1 წელიწადში მოგვცემს შედეგებს – გადაარჩენს ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, დაიცავს ბევრის ჯანმრთელობას და საქართველოში მოძრაობას უფრო უსაფრთხოს გახდის.
“ბუნებრივია, ქალაქის მერიის გეგმები საზოგადოებრივი ტრანსპორტის და პარკირების განვითარებაზე ამ ყველაფერს შეეხიდება და რეფორმის შედეგებს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სპეციალისტების ნაწილი რეგულაციების გამკაცრებას მიესალმება, თუმცა ამასთანავე აქვთ გარკვეული და კონკრეტული შენიშვნებიც, რაც მათი აზრით დასახვეწი და გამოსასწორებელია. მაგალითად, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ქულათა სისტემის დანერგვა მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონით ყველას, ვისაც ფული აქვს, შეუძლია გზაზე აკეთოს ის, რაც მას სურს. უფრო ზუსტად კი, იხადოს ფული ჯარიმებში და განაგრძოს გზა, თუმცა ამ დროს არის კატეგორია, რომელიც ფინანსურად არც ისე შეძლებულია და ცდილობს კანონი უფრო დაიცვას.
“ქულათა სისტემითა და რეგულაციით, ის კატეგორია, რომელიც ე.წ. თავნება მძღოლად მოიაზრება, სხვებთან აბსოლუტურად თანაბარი გახდება, რადგან ქულა შეძლებულსაც თანაბრად დააკლდება და ფინანსურად არასტაბილურსაც, ეს ძალიან სწორია. თუმცა, პრობლემას ამ რეგულაციაშიც ვაწყდებით, რადგან სამომავლოდ გასარჩევი იქნება თუ რაზე რამდენი ქულა ჩამოაკლდებათ მძღოლებს,” – ამბობს დავით მესხიშვილი “რეზონანსთან” საუბრისას.
რაც შეეხება უკონტაქტო პატრულირებას, პროგრამას იგი ამ ნაწილშიც უჭერს მხარს, თუმცა შენიშვმა ამ შემთხვევაშიც აქვს. ამბობს, რომ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ გააკეთებს ამას და როგორი ფორმით. ამდენად, მესხიშვილი ფიქრობს, რომ ეს რეგულაცია ეს დასახვეწია.
“უკონტაქტო პარტულირება ნიშნავს იმას, რომ მძღოლი ვერ ჯარიმდება, რადგან მასთან პატრულს კონტაქტი არ აქვს. ანუ, მარტივად რომ ავხსნათ, საჭეს შეიძლება მართავდეს ადამიანი, რომელსაც მანქანა მეგობარმა ათხოვა, ასეთ შემთხვევაში რა ხდება?! არსებობს კიდევ ერთი კითხვა, რომელზეც პასუხს ვერავინ მცემს – ხომ შეიძლება ვინმე ვინმეს ჩაუსაფრთდეს, სდიოს და ჯარიმების დაგროვების შემთხვევაში მძღოლი დააშანტაჟოს?! თუ გადაღების საშუალება ყველას ექნება, ეს სავსებით შესაძლებელია. როგორ ხდება გადაღება, ეს ხდება ონლაინ რეჟიმში თუ ჩანაწერები ბაზაში გროვდება? – ეს ის კითხვებია, რომელჰაც პასუხი სჭირდება,” – მიიჩნევს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე.
სპეცალისტს ეს მოდელი ცოტათი აშინებს კიდეც, რადგან მიიჩნევს, რომ გადაღების უფლების ყველასთვის მინიჭება ქაოსურ ვითარებას შექმნის. ფიქრობს, რომ ეს უფლრბა ისევ შსს-ს მანქანებს უნდა ჰქონდეთ, რადგან ასე მიშვება დაუშვებელია.
“თუმცა, თავად იდეა – უკონტაქტო პატრულირება, მისაღებია, რადგან საპატრულო პოლიცია ვერ ახერხებს ერთდროულად ქურდებსაც სდიოს, ყაჩაღებსაც და უვიც მძღოლებსაც. ფაქტია, რომ ხარისხი იმდენად დავარდა, რომ წესიერად ვერც ერთს აკეთებს და ვერც მეორეს,” – აღნიშნავს დავით მესხიშვილი.
კითხვაზე თუ რამდენად მოერგება ეს პროგრამა ქართულ რეალობას, მესხიშვილი პასუხობს: “სამწუხაროდ ქართულ რეალობას ყოველწლიურად 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 10 ათაზე მეტი ტრავმირებული ადამიანი მოერგო, რაც უკვე ნიშნავს, რომ აქ პროცესი უკონტროლო გახდა. ამდენად, თუკი საპატრულო პოლიციას ამ ვალდებულებისგან გავათავისუფლებთ, ეს ძალიან კარგი იქნება.
“ჩვენ ახლა უბედური შემთხვევები კი არ გვაქვს გზებზე, ესაა მკვლელთა ჯგუფი, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებითა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხოცავს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს,” – ამბობს იგი და დასძენს, რომ მიუხედავად რეგულაციების დადებითად შეფასებისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მისი აღსრულების მექანიზმებზეც იზრუნოს, ვინაიდან სხვა შემთხვევაში ეს ს მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდი იქნება.
მესხიშვილი “ჭკვიანი” კამერების იდეასაც დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ის მეტი კონტროლის მექანიზმია. “დღეს მოქალაქეებმა იციან, თუ სადაა რადარები დაყენებული, ამიტომ მიახლოებისას ანელებენ და შემდეგ მაღალი სიჩქარით აგრძელებენ გზას. ჭკვიანი რადარი, კამერიდან კამერამდე ინფორმაციას ამჟღავნებს, რაც ძალიან კარგია, რადგან სიჩქარის გადაჭარბება არის ის, რაც კლავს. კარგი იქნება თუ ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით გააკეთებენ,” – გვითხრა მან და ყურადღება ქვეითთა უფლებებზეც გაამახვილა.
მესხიშვილის თქმით, ქვეითებთან მიმართებაში ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია. საამისოდ მაგალითებიც მოჰყავს და ამბობს, რომ ეს პრობლემა დროულად გადასაჭრელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“მაგალითად მძღოლი ისე უახლოვდება ზებრას, რომ დამუხრუჭებას ვერ ასწრებს, რადგან გზად არც გამაფრთხილებელი ნიშანი გხვდება და არც შუქნიშანი. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ მძღოლებზე, რომელებიც ზებრაზე ქვეითებს გზას პრინციპულად არ უთმობენ, მათ შემთხვევაში ჯარიმები ძალიან მკაცრი უნდა იყოს. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი ჯარიმა 4 ათას ევროსაც კი უტოლდება.
“ასე რომ, ეს მიმართულება პრობლემად რჩება. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მძღოლისთვის და ქვეითისთვის ერთდროულად მწვანეა. მაგალითად, ასეა მთელი ყაზბეგის გამზირი. ასეთი უაზრო და კონფლიქტური ადგილები უნდა აღმოიფხვრას,” – ფიქრობს სპეციალისტი და აღნიშნავს, რომ ასევე მნიშვნელოვანია სოციალური კამპანია, რათა საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს რას ნიშნავს ახალი რეგულაციები და მხოლოდ ჭორებს არ უსმინოს.