globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 3 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 3rd, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირა რჩება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ვიზალიბერალიზაცია – მითიურობიდან რეალობამდე

«Труд» (რუსეთი): ჩურჩულით და ხმამაღლა // სამხრეთ ოსეთი: რვა წელი ომის შემდეგ

«Пражский Телеграф» (ჩეხეთი): განდევნილი ქართველის ბედი: დეპორტაცია ექსტრადირებით?

«Hürriyet» (თურქეთი): დაკავებულია ხუთი ქართველი, რომლებსაც 150 წლის ყურანის გაყიდვა სურდათ

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//რადიო თავისუფლება» (აშშ), 3 თებერვალი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/vizo-mimosvla-evripastan/28275286.html

უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე კვირა რჩება

ლელა კუნჭულია

553 ხმით (66-ის წინააღმდეგ) 2 თებერვალს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოსთვის. ხუთშაბათს, პლენარულ სესიაზე, დებატების ფარგლებში არაერთხელ აღინიშნა, რომ 2 თებერვალი ისტორიული დღეა საქართველოს მოქალაქეებისთვის და რომ ვიზების გაუქმება კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს. სხდომათა დარბაზში გაისმა სულ რამდენიმე უარყოფითი შეფასება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ სტუმრობას ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში?

„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის“ – ეს სიტყვები სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე საქართველოს შესახებ მომხსენებელს, ბულგარელ ევროპარლამენტარ მარია გაბრიელს ეკუთვნის. ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სწორედ მან გახსნა 2 თებერვლის დებატები, რომელიც საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციას შეეხებოდა. ითქვა, რომ საქართველო, რომელმაც აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა შეასრულა, უკვე დიდი ხანია ელოდება ევროკავშირის დანაპირების აღსრულებას და რომ ახლა ეს დანაპირები, მართლაც, სრულდება. სავიზო ლიბერალიზაციის მიზანი ერთია: ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი – საქართველო – კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს.

ევროპარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსიც. მანაც აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლებას უკვე დიდი ხანია ელოდებიან და რომ სავიზო ლიბერალიზაციის დიალოგის დაწყების შემდეგ – 2012 წლის ივნისის შემდეგ – საქართველომ ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა კონკრეტული მოთხოვნების პირნათლად შესრულების გზაზე. ამ პროცესში დიმიტრის ავრამოპულოსი მთავრობის დიდ ძალისხმევასა და მუყაით მუშაობას ხედავს. ხაზი ესმება სავიზო ლიბერალიზაციის კონკრეტულ სარგებელსა და საქართველოს მტკიცე ევროპულ ორიენტაციას:

„სავიზო ლიბერალიზაცია შეიტანს არსებით წვლილს კულტურული და ეკონომიკური კავშირების გამყარებაში საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის, რადგანაც სავიზო ლიბერალიზაცია ხელშესახები მექანიზმია, რომელიც უშუალოდ ხალხს უკავშირდება. როცა მე პირველად ვესტუმრე თბილისს ევროკომისრის რანგში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროკავშირის უამრავი დროშის ნახვამ ქალაქში. იქ ვნახე ევროკავშირის ბევრად მეტი დროშა, ვიდრე ბრიუსელში მინახავს. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, ევროკავშირს ბუნებრივ მოცემულობად მივიჩნევთ. და როცა ჩვენ აქ ვისმენთ ანტიევროპულ რიტორიკას, საქართველოს მოქალაქეები შეგვახსენებენ, რომ ევროკავშირი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უნიკალური მიღწევაა“.

ორ თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, თითქმის ერთსაათიანი დებატების ფარგლებში, გამოითქვა რამდენიმე ათეული დადებითი შეფასება საქართველოს პროგრესსა თუ უვიზო მიმოსვლის პერსპექტივასთან დაკავშირებით და, მათ შორის, სკეპტიკოსად მიჩნეული ქვეყნების – საფრანგეთისა და გერმანიის – წარმომადგენლების მხრიდანაც. თუმცა იყო რამდენიმე უარყოფითი შეფასებაც – ბრიტანეთის, საბერძნეთისა და ჰოლანდიის წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად, ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა სტივენ ვულფმა, გაზეთ „რეზონანსის“ სტატიის მოხსენიებით, საქართველო ისლამური სახელმწიფოსთვის ტერორისტების სატრანზიტო ქვეყნად დაასახელა, ხოლო ჰოლანდიელმა ევროპარლამენტარმა ვიკი მაიერმა, საკითხი ორგანიზებული დანაშაულის ჭრილში განიხილა:

”ბრიუსელის მიერ ინიცირებული სავიზო ლიბერალიზაცია უკავშირდება ქვეყანას, რომელიც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ევროპას. ჩვენ ისედაც განვიცდით სერიოზულ კრიზისს და ახლა დამატებით ვუხსნით კარს ორგანიზებულ დანაშაულს. ჩვენ არ გვჭირდება სავიზო ლიბერალიზაცია ასეთ სიტუაციაში, რადგანაც ეს ორგანიზებულ დანაშაულს მოიზიდავს. მხოლოდ გასულ წელს გერმანიაში აღირიცხა 8 ათასი ქართველი დამნაშავე… როდესაც ხალხი ჩამოდის ევროკავშირში, ჩვენ საფრთხეებზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი პარტია (Europe of Nations and Freedom Group) მხარს უჭერს უსაფრთხოებას და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაფართოებას. ამიტომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით სავიზო ლიბერალიზაციას საქართველოსთვის“.

აშკარა იყო, რომ რამდენიმე დეპუტატის კრიტიკული გამოსვლა არაფრად ჩათვალა ევროკომისარმა ავრამოპულოსმა. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „ფართო კონსენსუსი“ არსებობს და კიდევ ერთხელ შეახსენა ევროპარლამენტარებს, რომ საშიში აბსოლუტურად არაფერია, რადგან მონიტორინგი გაგრძელდება და თუკი პრობლემები იჩენს თავს, თავის დასაზღვევად შესაძლებელი იქნება სწრაფი შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. სხვათა შორის, სწორედ სწრაფი შეჩერების მექანიზმის საკითხთან მიბმის გამო თითქმის ერთი წლით შეფერხდა სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის დაგვირგვინება და ამის გამო 2 თებერვლის სხდომაზე ევროკავშირის მისამართით მწვავე საყვედური გამოთქვა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა, ლატვიელმა ევროპარლამენტარმა ანდრიას მამიკინსმა. საყურადღებოა, რომ ხსენებული მექანიზმი მანამდეც იყო ევროკავშირის კანონმდებლობაში, თუმცა, მიგრანტთა კრიზისის გათვალისწინებით, ბრიუსელში საჭიროდ ჩათვალეს თავის დაზღვევა და ამ მექანიზმის კიდევ უფრო გამარტივება. მოკლედ რომ ვთქვათ, „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში, ასევე დიდი რაოდენობის ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს ანდა უკანონო ქმედებებით შეაწუხებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას. წინააღმდეგობებით აღსავსე დისკუსიების შედეგად გადაწყდა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავდაპირველი ხანგრძლივობა 9 თვე იქნება.

ორ თებერვალს ევროპარლამენტში სავიზო ლიბერალიზაციის კენჭისყრის პროცესს ესწრებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, ხელმძღვანელობით. „მინდა მადლობა გადავუხადო ევროპულ პარლამენტს მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის, ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ მიზნის განხორციელებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის მიმართულებით და ეს საქართველოს მოქალაქეების უცვლელი მტკიცე სურვილის დამსახურებაა.

დამსახურებებსა და პერსპექტივებზე განცხადებები გაკეთდა თბილისშიც. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 2 თებერვლის მთავრობის სხდომაზე, იმისათვის, რომ სავიზო ლიბერალიზაციის სარგებელი სრულად იქნას გამოყენებული, საქართველოს მოქალაქეებსაც შესაბამისი ქცევა მოეთხოვებათ:

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ისინი გადაწყვეტენ გამგზავრებას. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მე მინდა, მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება“.

რაც შეეხება მთავარ შეკითხვას, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში, ამ მხრივ იმედები მარტს უკავშირდება. როგორც რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება, ევროპარლამენტი საბოლოოდ, სავარაუდოდ, თებერვლის შუ რიცხვებში დაამტკიცებს „სწრაფი შეჩერების მექანიზმს“, რომელთანაც მიბმულია სავიზო ლიბერალიზაცია და ევროკავშირის ეს ორი გადაწყვეტილება ერთად ამოქმედდება წმინდა ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ. რიკარდ იოზვიაკი ყურადღებას ამახვილებს მარია გაბრიელის პროგნოზზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობას მარტის ბოლომდე აუცილებლად შეძლებენ.

ამჟამად არსებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით“. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული გზამკვლევის თანახმად, უვიზო რეჟიმის არეალი მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას და შენგენის ზონაში გაერთიანების კანდიდატ 4 ქვეყანას.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 03 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/visa-free-for-georgian-citizens/3703582.html

ვიზალიბერალიზაციამითიურობიდან რეალობამდე

ნინო დალაქიშვილი

ორ თებერვალს ევროპარლამენტში საქართველოსთვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოსთვის სასარგებლოდ გადაწყდა წილისყრა ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის თაობაზე. მას შემდეგ, რაც პროცედურული საკითხები მოგვარდება, რასაც, ალბათ, თვენახევარი სჭირდება, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში გადაადგილებას ვიზის გარეშე შეძლებენ.

ევროპარლამენტმა ამ გადაწყვეტილებამდე თავი დაიზღვია მიგრანტთა უკონტროლო ტალღისგან და საგანგებო ინსტრუმენტით აღიჭურვა, რასაც ეგრეთ წოდებული „შეჩერების მექანიზმი“ ჰქვია. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით მოძრაობა კრიტიკულ ხასიათს მიიღებს, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება და უვიზო გადაადგილების შესაძლებლობაც გაუქმდება. ასეთ საფრთხეზე საუბარი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეები გონივრულობას არ გამოიჩნენენ, მართლაც რომ ლაიტმოტივად გასდევდა ყველა ოფიციალურ განცხადებას.

ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით წარმატება საქართველოსთვის კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში ჩაბმის შესაძლებლობა აფხაზებსა და ოსებსაც აქვთ. ამის შესახებ გუშინ თითქმის ყველა მინისტრმა ისაუბრა.

მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს: „ეს გადაწყვეტილება არის პრაქტიკული შედეგის მომტანი და მატარებელი ჩვენი მოქალაქეებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია მათთვისაც და ჩვენ გვინდა არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაცია, არამედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღებული ყველა სარგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებებისთვისაც იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი“.

ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო ინტერგაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრი აცხადებს: „ჩვენი ამოცანა გახლავთ ის, რომ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთანავე, მაქსიმალურად მარტივად, რის შესაძლებლობასაც პროცედურები იძლევა, ეს სარგებელი ხელმისაწვდომი გავხადოთ აფხაზებისა და ოსებისთვისაც. უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პასპორტის მქონე პირებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ თვითონ ეს პასპორტი უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყოს, როგორც გეოგრაფიულად, ისე პროცედურულად. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას ახლავს თავისი უსაფრთხოების მექანიზმები. ჩვენ გავხადოთ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელბისთვის“.

აფხაზებისა და ოსების საერთო პროცესში გათვალისწინების შესახებ აღნიშნა სოზარ სუბარმაც, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, თუმცა რა კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი კიდევ ამ მიმართულებით, ამის შესახებ საუბარი აღარ გააგრძელა:

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ადამიანების მიმართ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილები და ვთავაზობთ ყველა იმ სიკეთეს, რაც აქვს წარმატებულ ქართულ სახელმწიფოს და რა სიკეთეებიც მოაქვს ევროპასთან ინტეგრაციას, აქაა ვიზალიბერალიზაციაც და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც. დღეს ერთ–ერთი საკითხი, რასაც მთავრობის სხდომის შემდეგ განვიხილავდით, ისაა, თუ როგორ უნდა ჩავრთოთ ამ ეკონომიკურ ვითარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები და მეწარმეები. გეგმა არის შემუშავებული, მაგრამ ამ ეტაპზე მე არ მაქვს უფლება რაღაც კონკრეტულზე ვისაუბრო“.

აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ დროისთვის შეთავაზებულია ვიზალიბერალიზაციის პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა. აქ მხოლოდ ერთი პირობა დგას: მოქალაქეს უნდა გააჩნდეს საქართველოს პასპორტი. საქართველოს პასპორტის აღება და მისით სარგებლობა აფხაზეთსა და ოსეთში მოღალატეობასთანაა გაიგივებული და ეს მიდგომა და შეხედულება რომ არ გაფერმკრთალდეს, ამით სპეციალური უწყებები არიან დაკავებულნი. სწორედ ამ მიდგომის საპასუხო ღონისძიება იყო თავის დროზე, როდესაც საქართველომ აფხაზებსა და ოსებს ეგრეთ წოდებული სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტი შესთავაზა, რომელიც ახლაც გამოიყენება. ამ დოკუმენტით, რომელზეც არაა საქართველოს სახელმწიფოს მაიდენტიფიცირებელი ვიზუალური ატრიბუტიკა დატანილი, აფხაზებსა და ოსებს შეეძლოთ საზღვარგარეთ ვიზიტები განეხორციელებინათ. დოკუმენტი მხოლოდ სპეციალური კოდით იდენტიფიცირდება საქართველოსთან, თუმცა მისი ნაკლი ისაა, რომ ის არაა აღიარებული ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მიერ და ამდენად, შენგენის ქვეყნებში მოგზაურობისთვის მისი გამოყენება ეფექტიანი არ იქნება.

კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ აფხაზები და ოსები ინტერესდებიან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებით, თუმცა იგი არ ელოდება, რომ საქართველოს პასპორტების აღებაზე მათი მხრიდან მოთხოვნა რადიკალურად გაიზრდება: „აფხაზებისა და ოსების მიდგომა ქართულ პასპორტებთან მიმართებაში ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც ვიცი, არ შეცვლილა, შესაბამისად, არა მგონია, ქართული პასპორტების აღებას მასიური სახე ჰქონდეს, თუმცა ნამდვილად იქნებიან ადამიანები, ვინც ამით ისარგებლებენ. აიღებენ ქართულ პასპორტს ვიზალიბერალიზაციის გამო. ამ შესაძლებლობით ქართული პასპორტის მომხიბვლელობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ქართულ პასპორტზე მოთხოვნას მასიური და ყოვლისმომცველი სახე არ ექნება“.

პროცედურების თანახმად, ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტის მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერისა და ოფიციალური გამოქვეყნებიდან 20 დღე უნდა გავიდეს,  რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ მიმავალი გზა ბიუროკრატიული პროცედურებისგან თავისუფალი იქნება.

«Труд» (რუსეთი), 03 თებერვალი, 2017 წელი

http://www.trud.ru/article/03-02-2017/1346599_shepotom_i_vslux.html

ჩურჩულით და ხმამაღლა

სამხრეთ ოსეთი: რვა წელი ომის შემდეგ

სტატიაში გადმოცემულია რუსი ჟურნალისტის, გაზეთ „ტრუდის“ სპეცკორესპონდენტის მიხეილ მოროზოვის შთაბეჭდილებები, რომელიც სამხრეთ ოსეთში უკანასკნელად ხუთი წლის იყო ნამყოფი. იგი ამჯერად იმ სიახლეებსა და გარდაქმნებს უზიარებს მკითხველს, რომელიც მან ამას წინათ „რესპუბლიკაში“ ყოფნის დროს ნახა.

„განთქმული როკის გვირაბი, რომლის გავლითაც რუსეთის ჯარები სამშვიდობოებსა და ოსებს დასახმარებლად გაეშურნენ, ისეა შეცვლილი, რომ ვეღარ ვცნობ: დღეს როკის გვირაბი თანამედროვე ობიექტია, უსაფრთხოების ყველა სისტემით აღჭურვილი… მცირე ფორმალობა საზღვარზე და ცხინვალისაკენ ვეშვებით. გზები სუფთაა, მოვლილი. ქალაქის შესასვლელში, სადაც ადრე მდიდარი ქართული სოფლები იყო, ახლა პრაქტიკულად აღარაფერია, სახლები მიწასთანაა გასწორებული (აქაური მოსახლეობა 2008 წელს საქართველოში გაიქცა).

არაღიარებული სახელმწიფოს დედაქალაქი ცხინვალი ამ ადგილებისთვის უჩვეულო მკვეთრი ნათებით გვხვდება: ცენტრალურ ქუჩაზე, რომელიც იოსებ სტალინის სახელს ატარებს (ოდესღაც ცხინვალსაც სტალინირი ეწოდებოდა), ახალი ელექტროფონრებია დამონტაჟებული, რომლებიც ომისაგან დანგრეულ და შემდგომ აღდგენილ ცხინვალის დრამატული თეატრისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციულ შენობას ანათებს. მთავარი კი ისაა, რომ სამხრეთ ოსეთი სრულიად უზრუნველყოფილია რუსული გაზითა და ელექტროენერგიით, მოგვარებულია წყალმომარაგების საკითხიც. მოკლედ, ცხინვალის მოსახლეობის უმეტესობას სითბოც აქვთ, სინათლეც, გაზიც და წყალიც. მგრამ ყველაფერი ეს რუსეთის ხარჯზე: რესპუბლიკის ბიუჯეტი დღემდე რუსეთიდან მიღებული თანხებით ივსება. 2008-2012 წლებში სამხრეთ ოსეთს რუსეთიდან 40 მილიარდ რუბლზე მეტი თანხა გადაერიცხა. ამდენივე მიიღო ბოლო ხუთ წელიწადშიც. ეს ცოტა ფული არაა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა 40-50 ათასს აღწევს (სხვა მონაცემებით – 35 ათასია).

როგორც ამბობენ, ქართული აგრესიის მოგერიების შემდეგ ცხინვალში გამართულ თათბირზე ერთ-ერთ რუს მაღალჩინოსანს უთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთი ისეთ ვიტრინად უნდა გადავაქციოთ, რომელმაც დასავლეთის შემყურე საქართველოს კონკურენცია გაუწიოსო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეს სრულიად რეალური ამოცანა ვერ სრულდება. ამის მიზეზებზე ცხინვალში მხოლოდ ჩურჩულით საუბრობენ – ყველგან მექრთამეობა, „ნათლიმამობა“, კლანურობა და „ფულის მოტეხვაა“ გამეფებულიო… მე ამას ვერც ვადასტურებ და ვერც ვუარყოფ, მაგრამ ფაქტებია სახეზეა; პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის სარკმლიდან, ალბათ, კარგად მოჩანს დანგრეული ებრაული და სომხური კვარტლები, ორმოებიანი ქუჩები, გაძარცვულ-მიტოვებული მექანიკური ქარხანა და სარემონტო სახელოსნოები. რაც შემორჩა, ისიც უკვე კლანებს შორისაა გადანაწილებული – მაგალითად, ბაზარი დახურეს და ეს ადგილი პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის სიძემ იყიდა… რესპუბლიკაში საკვების დეფიციტია, არადა, სამხრეთ ოსეთი მდიდარი სასოფლო-სამეურნეო რეგიონი იყო. ცხინვალის ლუდის ქარხანა გაჩერებულია, იგივე ბედი ეწია ლენინგორის სუპერთანამედროვე ქარხანასაც, რომელიც ქართველებმა ააშენეს… ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ყოველი ახალგაზრდა ოსი აქედან გაქცევაზე ოცნებობს. მეორე მაშველი რგოლია – ხელისუფლებაში მოხვედრა, სადაც ყველაზე ფულიანი და პრესტიჟული სამუშაოა. მაგრამ რად უნდა 40 ათასამდე მაცხოვრებელს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტი, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები? დილით ცხინვალელები გაზულუქებული თანამდებობის პირთა ავტომანქანების სირენებით იღვიძებენ… ისინი ცარიელ ქუჩებში ხალხის სამსახურისთვის ჩქარობენ…

სტატიაში აღწერილია რუსეთის საელჩოს შენობა, რომელიც ადგილობრივი მასშტაბების გათვალისწინებით ძალიან პომპეზური შესახედაობა აქვს… იქვე კი ყოფილი ტურბაზის ავარიული შენობაა, სადაც უამრავი უსახლკარო ადამიანია შეფარებული.

„მოსახლეობას ხელისუფლებისა არ სჯერა. ომის დასრულებიდან 8 წელი გავიდა და ჯერ კიდევ არაა შექმნილი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროგრამა. არ არსებობს არანაირი მსხვილი პროექტიც. ერთადერთი შედარებით მსხვილი ინვესტორი თეიმურაზ ბოლოევი, რომელმაც საკერავი ფაბრიკა ნანგრევებისაგან აღადგინა, ბიუჯეტში გადასახადს არ იხდის… გაგიჟდები, როცა ხედავ, რომ ამ ნამცეცა რესპუბლიკაში ჯერ კიდევ ვერ დამყარებულა წესრიგი…“, – წერს რუსი ჟურნალისტი.

«Пражский Телеграф» (ჩეხეთი), 02 თებერვალი, 2017 წელი

http://ptel.cz/2017/02/gruzinskij-izgoj/

განდევნილი ქართველის ბედი: დეპორტაცია ექსტრადირებით?

თემურ კაშაპოვი

ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის – ზურაბ ნადირაძის დეპორტაციას მოახდენს. მისი ექსტრადირების საკითხის განხილვა 20 წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ზურაბ ნადირაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თხოვნით, ჩეხეთში 1996 წელს დააკავეს. 1994  წლის იანვარში მან, ზურაბ ნადირაძემ, გრიბოედოვის ქუჩაზე, თითქოსდა ცეცხლსასროლი იარაღიდან, ჩხუბის დროს გიორგი ქოიავა, გრიგოლ ნატროშვილი, გიორგიმ კირკიტაშვილი და იოსებ ქოიავა დაჭრა, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

საქართველოს პოლიციამ ზურაბ ნადირაძე „ხულიგნური განზრახვით“ მკვლელობაში დაადანაშაულა, თუმცა მან ქვეყნის დატოვება მოასწრო და ბუდაპეშტში გადავიდა, სადაც საკუთარი კომპანია გახსნა. სხვათა შორის, ყოფილ ჩინოვნიკზე ძებნა გამოცხადდა და მას დაუსწრებლად 18 წლით საპყრობილეში ყოფნა აღკვეთა მიუსაჯეს. თვითონ ზურაბ ნადირაძე აცხადებს, რომ არანაირი მკვლელობა არ ჩაუდენია და მის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური მოტივები აქვს: თითქოსდა იგი მიუღებელი პიროვნება გახდა საქართველოს სათავეში მდგომი მმართველი წრეებისათვის, კერძოდ კი ედუარდ შევარდნაძისათვის, რომელიც თავდაპირველად ჯერ [სახელმწიფო საბჭოს], შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტი იყო.

საქართველოს ხელისუფლების სურვილს მისი ექსტრადირების თაობაზე ბატონი ზურაბ ნადირაძე იმით ხსნის, რომ მას თავის დროზე საიდუმლო მონაცემების გაცნობის ნებართვა გააჩნდა. იგი დარწმუნდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება რუსეთთან ფარულად თანამშრომლობდა. „მე მქონდა ჩანაწერი, რომელშიც რუსი ოფიცრები ჰყვებოდნენ, თუ როგორ მიმართა ედუარდ შევარდნაძემ კრემლს სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ერთგული ძალების წინააღმდეგ. ასეთი მოქმედება ეწინააღმდეგებოდა ედუარდ შევარდნაძის განცხადებას, რომელიც თითქოსდა მოსკოვისაგან ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მომხრე იყო“, – განაცხადა ზურაბ ნადირაძემ ჩეხეთის გამოცემა „ნოვინკი“-სათვის მიცემულ ინტერვიუში.

თავდაცვის სამინისტროს ექს-მაღალჩინოსნის თქმით, ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული მის ხელთ არსებული კომპრომატის შესახებ გაიგო შოთა კვირაიამ, რომელიც იმ დროს საქართველოს უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობდა (იგი 2011 წელს მოსკოვში გარდაიცვალა): „შოთა კვირაიამ ისარგებლა იმით, რომ მე იმ რესტორანში ვიყავი, სადაც სროლა ატყდა… მიუხედავად იმისა, რომ მე სულ სხვა სართულზე ვიჯექი და რესტორნიდან სროლის ატეხვამდე წავედი, პოლიციამ მომხდარ ფაქტში მე დამადანაშაულა“, – ამბობს ზურაბ ნადირაძე, რომელსაც ინტერპოლი 2000 წლიდან ეძებს.

თავშესაფრის ვადა დასრულდა

ჩეხეთის პოლიციამ ზურაბ ნადირაძე რამდენჯერმე დააკავა, მაგრამ სასამართლო ექსტრადირების შესახებ საქართველოს მოთხოვნას თხოვნას არ აკმაყოფილებდა. ზურაბ ნადირაძის მტკიცებით, მისი პირველივე დაკავების დღიდან ჩეხეთის სამართალდამცველ ორგანოებს ქართული პოლიციის მიერ შედგენილი იმ ოქმის გაცნობას სთხოვდა, რომელიც მან ქართულიდან ჩეხურ ენაზე გადათარგმნა. „მე პატიმრობის მოხდის მზადყოფნა გამოვხატე, თუ ვინმე ამ ოქმში ჩემი ბრალის მტკიცებულებებს ნახავდა. ამ დოკუმენტში მსგავსი არაფერი არ არის, რადგან მე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩამიდენია“, – ამბობს ზურაბ ნადირაძე, რომელმაც ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა.

მაგრამ ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო დაეთანხმა საქართველოს მორიგ თხოვნას ზურაბ ნადირაძის ექსტრადირების თაობაზე. შესაბამისად, რამდენიმე უფლებადამცველი ორგანიზაციის პროტესტის მიუხედავად, იგი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცემა. „ჩემი კლიენტის დეპორტირება იუსტიციის მინისტრმა რობერტ პელიკანმა 12 იანვარს დაადასტურა“, – ამბობს ზურაბ ნადირაძის ადვოკატი იან სხეიბალი.

იუსტიციის სამინისტროში „პრაჟსკი ტელეგრაფის“ კითხვა უპასუხოდ დატოვეს. თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეგვახსენეს, რომ 2016 წლის ივლისში მათ არ დაუკმაყოფილებიათ ზურაბ ნადირაძის ის სარჩელი, რომლის მიხედვით, იგი ჩეხეთის პოლიციას უჩივის თავშეფრის მიცემაზე უარის გამო.

ამჟამად ზურაბ ნადირაძე, ადვოკატთან ერთად,  იმ დოკუმენტებს აგროვებს, რომლებიც აუცილებელია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსადმი მიმართვისთვის: „ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს, მაგრამ საქართველოში არ დავბრუნდები, მე იქ ციხე მელოდება. უკან არ დავიხევ და ჩემი უფლებების დაცვისათვის ბრძოლას გავაგრძელებ“, – განაცხადა მან.

«Hürriyet» (თურქეთი), 02 თებერვალი, 2017 წელი

http://www.hurriyet.com.tr/150-yillik-kuran-i-kerimi-satmaya-calisan-5-gu-40353644

დაკავებულია ხუთი ქართველი, რომლებსაც 150 წლის ყურანის გაყიდვა სურდათ

მუჰამად ქაჩარი

(შემოკლებით)

რიზესთან ახლოს, არდაშენში, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც 150 წლის წინათ ოსმალეთის იმპერიაში შექმნილი ხელნაწერი ყურანის გაყიდვა სურდათ.

ოპერაცია რიზეს ჟანდარმერიამ განახორციელა. იმ შენობაში, სადაც ქართველები იმყოფებოდნენ, ჩხრეკის დროს ამოიღეს არამარტო ყურანი, არამედ პისტოლეტი, ხუთი დანა, 12 აბი ნარკოტიკული ნივთიერება და დიდი რაოდენობის კანაფის თესლი. აი, მათი გვარ-სახელები, ვინც დაკავებულები არიან: გიორგი ჩაკვეტაძე, ირაკლი გორდაძე, თორნიკე და კობა ლიპარტელიანები, სულხან მუკბანიანი.

ანტიკვარული ნივთის  კონტრაბანდის ბრალდებით ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

Comments are closed