globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 7th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს“ // თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პირობა დაასახელა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ცხინვალისა და დრანდის ციხეების ქართველი ტყვეები

—————–

«Независимая газета» (რუსეთი), 07 თებერვალი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-02-07/6_6922_zurab.html

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „უმნიშვნელო ინციდენტმა შეიძლება დიდ უბედურებამდე მიგვიყვანოს“ // თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პირობა დაასახელა

იური სიმონიანი, მიმომხილველი

დღეს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთსა და საქართველოს სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით, მხარეტა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება. ტრადიციულად, რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი წარმოადგენს, ქართულს კი – პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

პრაღის შეხვედრის წინ ზურაბ აბაშიძემ „ნეზავისიმია გაზეტას“ მიმომხილველის იური სიმონიანის კითხვებს უპასუხა.

- მოლაპარაკება გარკვეულად მომატებული დაძაბულობის ფონზე გაიმართება: ცხინვალში ადგილობრივმა სასამართლომ კონფლიქტისპირა ზონაში მცხოვრებ გიორგი გიუნაშვილს ბრალი წაუყენა: თითქოსდა „საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“ და „ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობდა“. იქნება ეს თემა განხილული გრიგორი კარასინთან თქვენი შეხვედრის დროს?

- მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკითხების გადაწყვეტა „ჟენევის ფორმატის“ მოლაპარაკების პრეროგატივას წარმოადგენს, მე მას მაინც შევეხები. უპირველეს ყოვლისა რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე. ადამიანების დაკავება და დაპატიმრება ე.წ. „საზღვრის“ დარღვევის გამო, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით „საოკუპაციო ხაზს“ წარმოადგენს, ძალიან ხშირად ხდება. მაგალითად, ორი დღის წინ ჩვენი მოქალაქეები ისევ დააკავეს, მანამდე კი იგივე სიტუაციაში იყო ორი ქალი, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს. ეს ძალიან სახიფათო ფაქტებია. მცირე ინდიდენტი შეიძლება დიდში გადაიზარდოს – ისეთში, რომლის შეჩერება ძნელი იქნება. მე მუდამ ვცდილობ ჩვენი რუსი კოლეგების ყურადღება მსგავს ფაქტებისკენ მივაქციო: შეწყვიტეთ ეს სახიფათო მოქმედება. ხომ იცით, რა სიტუაციაა სამხრეთ კავკასიაში და როგორი მყიფე სტაბილურობაა რეგიონში. ასე არ შეიძლება! მაგრამ, სამწუხაროდ, ტენდენცია არ იცვლება… ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ.

- ამ დღეებში საქართველომ ევროკავშირთან დიდი ხნის ნანატრი უვიზო რეჟიმი მიიღო. გაკრთა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პირობად ევროკავშირმა თბილის-მოსკოვის ურთიერთობის ნორმალიზება დაასახელა…

არასწორია. ევროკავშირის მხრიდან არანაირი მსგავსი პირობა არ ყოფილა. იყო მხოლოდ რეკომენდაცია რუსეთთან დიალოგი, კონტაქტები და კომუნიკაცია იქონიეთო. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ახლაც გვეუბნებიან. როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რუსეთს სხვადასხვა კითხვები გაუჩნდა. როგორ გავლენას მოახდენს ეს ფაქტი [საქართველოს] ექსპორტ-იმპორტზე [რუსეთში]? ხომ არ შეაღწევს რუსულ ბაზარზე საქართველოდან იაფი დასავლური საქონელი? მოკლედ, კითხვები იყო. მაშინ ჩვენ აქ, პრაღაშივე მოვაწყეთ ექსპერტებისა და ეკონომისტების შეხვედრა, რომელიც წარმატებული გამოდგა – აზრთა ურთიერთგაზიარების რეჟიმში ბევრი საკითხი მოგვარდა. ჩემი აზრით, ექსპერტთა შეხვედრა პოზიტიური, სწორი იყო. საერთოდ კი, შემიძლია გითხრათ, რომ რუსულ-ქართული დიალოგი დადებით გავლენას ახდენს ევროპულ-ქართული პროექტის რეალიზებაზე.

- ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის კომუნიკაციის საკითხები თანდათან აქტუალური ხდება. მხედველობაში მაქვს  სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობის აღდგენა აფხაზეთის გავლით და ე.წ. ავარეთ-კახეთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის დასრულება. ეს გზა რუსეთის ტერიტორიაზე უკვე მზადაა…

- აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის საკითხი ჩვენი ფორმატის ჩარჩოებში არ განიხილება. ის ქართულ-რუსული ურთიერთობების ძალიან რთულ პრობლემას უკავშირდება – აფხაზეთის მოუგვარებელ კონფლიქტს.

- ავარეთ-კახეთის მაგისტრალის საკითხი?

- არც ეგ არ განიხილება.

- მოსკოვიდან დროდადრო ისმის განცხადებები საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, მაგრამ სავიზო რეჟიმი დღემდე ძალაში რჩება. არის რაიმე განსაზღვრული პირობა წამოყენებული მოსკოვის მხრიდან მისი გაუქმებისათვის?

- ის, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან, უკვე გავაკეთეთ. ჩვენ გავაუქმეთ სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის. მათ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ასევე მოვიქეცით სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართაც. ასეთმა მოქმედებამ საქართველოში უცხოელი ტურისტების რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. მაგალითად, გასულ წელს ჩვენთან რუსეთიდან ერთ მილიომანდე ტურისტი ჩამოვიდა. ეს რეკორდული მაჩვენებლია. თავის მხრივ, რუსეთმაც გაამარტივა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის, შესაბამისად, იმატა გაცემული ვიზების რაოდენობამ. რასაკვირველია, ჩვენთვის ცნობილია რუსეთის პრეზიდენტის განცხადება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების თაობაზე. თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს – კიდევ უფრო გაამარტივებს სავიზო რეჟიმს ან მას საერთოდ გააუქმებს, ჩვენ ამას სწორ გადაწყვეტილებად ჩავთვლით და მივესალმებით. მაგრამ ჩვენ ხომ საკუთარი ნება-სურვილის რუსეთისათვის თავსმოხვევა არ შეგვიძლია… სავიზო საკითხი – ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. თუ ამ საკითხზე რაიმე ახალი წინადადებები იქნება, ჩვენ მოვისმენთ და განვიხილავთ.

- მასობრივი ინფორმაციის რიგ საშუალებებში ასევე გაიელვა ცნობამ, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა თითქოსდა თანდათან რეალური ხდებაო… მართლაც ასეა?

- არა. არავითარი სიახლე ამ მიმართებით არაა. ჩვენი პრინციპი უცვლელი რჩება: სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, მანამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება. მაგრამ თუ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების პროცესი დაიწყება და თუ ამ მიმართულებით არსებითი პროგრესი იქნება მიღწეული, მაშინ რაღაც ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს. მაგრამ ახლა არა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-illegal-imprisonment-in-tskhinvali-and-sokhumi/3707684.html

ცხინვალისა და დრანდის ციხეების ქართველი ტყვეები

ზაზა წულაძე

რუსულ-ოსურმა საოკუპაციო რეჟიმმა ცხინვალის რეგიონში, საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი რუსმა ოკუპანტებმა 2016 წლის 8 ივნისს გაიტაცეს.

39 წლის გიორგი გიუნაშვილი ოკუპირებულ სოფელ დისევის მკვიდრია. გორის რაიონის ეს სოფელი, რომელიც ცხინვალიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, 2008 წლის აგვისტოში ოკუპანტებმა მთლიანად გადაწყვეს. 300 გადამწვარი სახლიდან ერთ-ერთი გიუნაშვილების იყო. მას შემდეგ, გიორგი გიუნაშვილი ცხინვალელ მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, სოფელ ბერბუკის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. შარშან, ივნისში გიორგიმ ნასახლარის მონახულება გადაწყვიტა, რომელიც ზედ საოკუპაციო ხაზზე მდებარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ინფორმაციით, გიორგი გიუნაშვილი ოკუპანტებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. თავდაპირველი ბრალდება ე.წ „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ იყო, თუმცა, მალევე, „ტერორიზმის მუხლით“ შეიცვალა. საოკუპაციო რეჟიმი გიორგი გიუნაშვილს ბრალს სდებს, რომ თითქოს იგი, “2004 წლიდან იყო, სოფელ დისევის „თავდაცვის ჯგუფის“ წევრი. 2007 წელს, მეზობელ სოფელ ხელჩუაში ხელყუმბარა ააფეთქა და 2008 წლის აგვისტოში ოსები დაცხრილა, რასაც ერთი სიცოცხლე შეეწირა”.

20-წლიანი პატიმრობის განაჩენი გიორგი გიუნაშვილს, რომელიც რუსულად საერთოდ ვერ საუბრობს, ცხინვალში, სამ თებერვალს გამოუტანეს. დისევიდან დევნილი ტარიელ ოქროპირიძე ამბობს, რომ ასეთი აბსურდული ბრალდება ნებისმიერ დისეველს შეიძლება წაუყენონ: „არაფერი დაუშავებია. გორის რაიონს ჰყოფს მაგის სახლი დაახლოებით რვა მეტრით. სახლში მივიდა და იქ დააკავეს. არავითარი ტერორისტი ის არ არის. არსად უმუშავია, რასაც აბრალებენ. ყველა ბრალდება აკიდებული აქვს, ნებისმიერი ჩვენგანი რო დაიჭირონ, ზუსტად ეგრე უზამენ“.

20-წლიან სასჯელს იხდის ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავაც. იგი ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დაიჭირეს. გიორგი ლუკავა სამი გარდაცვლილი შვილის საფლავს წმენდდა.

52 წლის გიორგი ლუკავა აფხაზეთის ომის მონაწილეა. სოხუმის დაცემის შემდეგ, მრავალშვილიანი ოჯახი, რვა შვილი და მეუღლე ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში გადმოიყვანა და სამხედრო პოლიციაში დაიწყო სამსახური. აფხაზები მას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევენ და 1994 წელს, სოფელ თაგილონიდან 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მოგვიანებით, ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე დაიღუპნენ. სწორედ ამ ბრალდებით გაასამართლეს გიორგი ლუკავა 1996 წელს, როცა ის პირველად ჩავარდა ტყვედ. იგი სასტიკად აწამეს, 12 წელი მიუსაჯეს, თუმცა, დრანდის ციხეში მხოლოდ სამი წელი გაატარა და 1999 წელს, ტყვეთა გაცვლის შემდეგ გათავისუფლდა.

გიორგი ლუკავას მეორე ტყვეობის პერიოდში, 1994 წელს თაგილონის გატაცების გარდა, იმავე პერიოდში, გუდაუთაში მომხდარი მკვლელობებიც „მიაწერეს“. ჯერ 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს. არაოფიციალური ინფორმაციით კი 2015 წლის დეკემბერში, მას დრანდის ციხის ბუნტში მონაწილეობის გამო, უკვე უვადო პატიმრობა აქვს შეფარდებული.

2016 წლის მარტში, ქართულ-აფხაზურ-ოსურ მხარეებს შორის, პატიმართა დიდი გაცვლის დროს, გიორგი ლუკავა ბოლო მომენტში უკან საკანში მიაბრუნეს. მეუღლე ლალი ბასარია ამბობს, რომ ქმრის გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა და იგი სასტიკად არის ნაწამები: „წამების ნიშნები ორივე ფეხზე აქვს. ერთი ღამე ერთი ფეხით ჰყავდათ ჩამოკიდებული, მეორე ღამე – მეორე ფეხით. ე.წ „შტირითაც“ არის ნაწამები, გაცხელებულ რკინას რომ ადებნენ, ეს ყველაფერი ეტყობა ტანზე“.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, ცხინვალში, გიორგი გიუნაშვილისადმი წაყენებული ,,ბრალდებები” არის გამოგონილი, ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული და უწყება „ყველაფერს გააკეთებს გიორგი გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად“, პარალელურად, სუს-ი აგრძელებს მუშაობას დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლების მიზნით.

Comments are closed