«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ავღანეთში განთავსებული NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის მადლობა საქართველოს
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი კონგრესმენები: „კონგრესში საქართველოს იდეალებისა ბევრს სჯერა“
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „მაუწყებელი“ უმაუწყებლოდ
«Деловая столица» (უკრაინა): ინტერვიუ გრიგოლ ქათამაძესთან: „ხატია დეკანოიძეს ახალი საპატრულო სამსახურისათვის სალარო აპარატების შეძენა დაავიწყდა“ // რატომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში?
«Известия» (რუსეთი): ინტერვიუ სერგეი ლავროვთან: „რუსეთსა და საქართველოს შორის ვიზების გაუქმების საკითხზე მასშტაბური მუშაობა ვერ დაიწყება, თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა“
«Lragir» (სომხეთი): რუსეთი და საქართველო სომხეთისთვის ზრუნავენ: იხსნება ალტერნატიული გზები // მზადაა რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „შესაწირად“? თუ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლებას სუსტი წერტილი უპოვა?
«ТАСС» (რუსეთი): ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საზოგადოებაში განხეთქილების გამეორებას არ დაუშვებს“
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ),10 თებერვალი, 2017 წელი
ავღანეთში განთავსებული NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის მადლობა საქართველოს
ანი ჩხიკვაძე
15 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში იბრძვის. ხუთშაბათს აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ხელმძღვანელს, აშშ-ის არმიის გენერალ ჯონ ნიკოლსონს მოუსმინეს. მან სენატორებს განუცხადა, რომ 2015 წელთან შედარებით, თალიბანი 15%-ით მეტ ტერიტორიას აკონტროლებს. გენერალმა ნიკოლსონმა თქვა, რომ გასულ წელს რუსეთმა თალიბანის აქტიური მხარდაჭერა დაიწყო, რადგან, მოსკოვის მტკიცებით, თალიბანი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.
„რუსეთი თალიბანის ლეგიტიმაციას ცდილობს. ის ამბობს, რომ თალიბანი ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის, ავღანეთის მთავრობა კი – არა. ეს მცდარი განცხადებაა. ავღანეთის მთავრობა ISIS-თან ბრძოლაში წარმატებულია“, – აღნიშნა მან.
გენერალმა ნიკოლსონმა მადლობა გადაუხადა იმ მოკავშირე ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მხარდამხარ ავღანეთში იბრძვიან. მან საქართველოს წვლილს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.
ნიკოლსონის თქმით, ამერიკის უმთავრესი ამოცანაა, ავღანეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციები ადგილზე გაანეიტრალოს, რათა შეერთებული შტატები მორიგი თავდასხმებისგან დაიცვას.
2014 წელს ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო კონტინგენტის უმეტესი ნაწილი გაიყვანა. 2014 წლამდე ავღანეთში 100,000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. დღეს იქ 8,500 ამერიკელი მსახურობს. ნატოს საერთაშორისო მისიის შემადგენლობაში 13,000 ჯარისკაცია.
გენერალი ნიკოლსონი მიიჩნევს, რომ ავღანეთისათვის უმთავრესი გამოწვევა ირანისა და რუსეთის მცდელობებია, ძირი გამოუთხარონ ავღანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას. მისი თქმით, ირანი თალიბანს ავღანეთის დასავლეთ, რუსეთი კი ჩრდილოეთ პროვინციებში ეხმარება. გენერლის მტკიცებით, რუსეთისა და ირანის აქტიურობა ავღანეთში გავლენის სფეროების მოპოვებასა და ამერიკის როლის შესუსტებას ისახავს მიზნად.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ),10 თებერვალი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/us-congressmen-about-geogria/3716623.html
ამერიკელი კონგრესმენები: „კონგრესში საქართველოს იდეალებისა ბევრს სჯერა“
საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საურობენ.
„ამერიკის ხმა” ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რესპუბლიკელ კონგრესმენებს ესაუბრა.
შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ ბევრი კითხვა ისმის იმაზე, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და რა გავლენას იქონიებს ეს ურთიერთობა რუსეთის სამეზობლოზე.
კონგრესმენი მარკ სენფორდი ამბობს, რომ საქართველოს და მის დემოკრატიას კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები უჭერენ მხარს: „კონგრესში არიან ადამიანები, ვინც შეშფოთებულია პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი განცხადებით პუტინთან მიმართებით. ჩვენ არ ვიცით როგორ შეიცვლება პოლიტიკა რუსეთის მიმართ. რაც დანამდვილებით ვიცით არის, რომ კონგრესში ორივე პარტიის ბევრ წარმომადგენელს სჯერა საქართველოსი და მისი იდეალებისა“, – ამბობს მარკ სენფორდი. მისი თქმით, ამერიკის კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილს ესმის საქართველოს ღირებულებების და „იზიარებს რწმენას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას რეგიონში“.
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპზე ერთგვარ წნეხს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფები მოახდენენ: „საქართველოსთან თანამშრომლობას მეტ ყურადღებას აქცევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და სენატში. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპაში რუსეთის ქმედებებს ხედავს და ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში და ვლადიმირ პუტინი ევროპაში, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. ეს ორი საკითხი განსხვავებულად უნდა დავინახოთ“, – ამბობს დუნკან ჰანტერი.
კონგრესმენი დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს „ეტყვის დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარი მეტად აღარ დაარღვიოს და საბოლოოდ უკან დაიხიოს და საქართველოს სუვერენიტეტი აღიაროს“.
დუნკან ჰანტერის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაიზრდება შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და პოლონეთთან. მისი თქმით, ამის მიზანი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დამოუკიდებლობის და თავისუფლების გაძლიერებაა.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ),10 თებერვალი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/gpb-developments/3716408.html
„მაუწყებელი“ უმაუწყებლოდ
ნინო დალაქიშვილი
„საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ განვითარების გეგმას, რომელიც ერთი წლით ტელევიზიის ფაქტობრივ დახურვას გულისხმობს, საზოგადოების უმეტესობა სკეპტიკურად უყურებს. მედიასთან დაკავშირებული პროცესები ყოველთვის მრავალმხრივ ასპექტში იშლება, რადგან ქვეყანაში, სადაც დემოკრატია ჯერ კიდევ განვითარებად ფაზაშია, მედია დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცულობის გარანტიები ჯერ კიდევ არამყარია. ამიტომაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებული ვნებათაღელვა, საფრთხეები, რომელთა თაობაზე ბევრს საუბრობენ, აბსოლუტურად რეალურია. ტელევიზიის, მით უმეტეს ‘საზოგადოებრივი მაუწყებლის’ გაჩერების იდეა ერთი წლით საარჩევნო წელს, ვიზალიბერალიზაციისა და საკონსტიტუციო ცვლილებების წელს არც ისე გონივრულად გამოიყურება.
დღეს პრეზიდენტი „მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა, რათა დეტალური ინფორმაცია მიეღო, ხოლო პრემიერმა ამ საკითხზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს: „მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ საქართველოს ჰყავდეს თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. ასევე მინდა ვთქვა, რომ დღეს ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება საინტერესო, თანამედროვე და მართლაც საზოგადოების ინტერესების გამომხატველი.ამიტომ ჩვენ მივესალმებით „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ დაწყებულ პროცესს. მივესალმებით პოლემიკას, მივესალმებით მაქსიმალურ ჩართულობას, იმისთვის, რომ იყოს სხვადასხვა მიდგომების ჭიდილი. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გვქონდეს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და შედეგად მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის ამის საფასურს“.
ეკა მიშველაძე, პრეზიდენტის პრეს-სპიკერი სამეურვეო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდგომ ამბობს: „საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება „საზოგადოებრივ მაუწყებელში“. დღეს გაიმართა შეხვედრა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებთან. კონკრეტულად, საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა ხდება, როგორია საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების გეგმა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია ბორდის თავმჯდომარისგან და მისი წევრებისგან“.
„ამერიკის ხმამ“ რამდენიმე მოსაზრება ჩაწერა იმ პერსპექტივების შესახებ, რაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დახურვას შეიძლება მოჰყვეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ნინო რობაქიძე ჩვენთან საუბრისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პოლიტიკური პროცესებიდან მაქსიმალური იზოლირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: „საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ გაექცა არჩევნების შემდეგ მთლიანად მედია სივრცეში მომხდარ გადალაგებას და მას შეეხო ეს პროცესი, რაც თავისთავად, არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ცვლილებები. მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საშუალებით მაქსიმალურად მოვახდინოთ მაუწყებლის იზოლირება პოლიტიკური ინტერესებისგან ან წნეხისგან და მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც ერთის მხრივ, არ დააზიანებს საზოგადოებრივ ინტერესს და მეორეს მხრივ, დაიცავს იქ მომუშავე ჟურნალისტის თუ ტექნიკური პერსონალის უფლებას გაგრძელოს თავისი საქმიანობა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია დიდი ხანია აკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე არაერთ რეფორმას და ჩვენ ვაცნობიერებთ ცვლილებების აუცილებლობას. მაგრამ ეს ცვლილებები უნდა გამოდიოდეს საზოგადოებისა და მაუწყებლის საუკეთესო ინტერესებიდან და არა პირიქით“.
მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა თამარ კინწურაშვილმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ხელმძღვანელობდა, „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა: „ერთი ხელის მოსმით იმის გადახაზვა, რაც აქამდე კეთდებოდა და იმ ადამიანების, განსაკუთრებით ჟურნალისტების თუ ტექნიკური პერსონალის, ესაა არასწორი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამოცანაა დასაქმდეს ის ხალხი, გამოუთავისუფლდეს ბიძინა ივანიშვილს გარკვეული ფინანსური რესურსი, რომელსაც იგი ახმარდა თავის კერძო ტელევიზიას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მან ასეთი სურვილი გამოთქვა 2012 წელსაც, როდესაც განაცხადა, რომ თავის ტექნიკას გადასცემდა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ხელისუფლების ერთადერთი შემაკავებელი დარჩა „რუსთავი-2“. „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომლის გულშემატკივრადაც მე ვრჩები, კვლავ უყურებენ, როგორც საკუთარი კადრების დასაქმების შესაძლებლობას. ამიტომ მოვიდა მმართველობაში სწორედ ის ხალხი, ვინც GDS–ზე მუშაობდა“.
საქართველოში უკვე ყოველდღიურად აქვს ადგილი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საპროტესტო აქციებს. დღეს, გვიან საღამოს ამგვარი საპროტესტო აქცია ტელევიზიის შენობის წინაც გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადაცემების დახურვის პერსპექტივას არაგონივრულად მიიჩნევენ. მოგვიანებით მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ „აუდიტორია 115“–დან.
«Деловая столица» (უკრაინა), 09 თებერვალი, 2017 წელი
ინტერვიუ გრიგოლ ქათამაძესთან: „ხატია დეკანოიძეს ახალი საპატრულო სამსახურისათვის სალარო აპარატების შეძენა დაავიწყდა“ // რატომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში?ინტერვიუში უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გრიგოლ ქათამაძე (საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში 2009-2013 წლებში) ჟურნალისტ ტატიანა ომელჩენკოსთან საუბრობს უკრაინის ეკონომიკის პრობლემებზე, განვითარების გზებზე, უცხოური ინვესტიციების დაბანდებაზე. მისი თქმით, „უკრაინაში უცხოელ ინვესტორებს აფრთხობთ არამარტო დონბასში მიმდინარე ომი, არამედ გაუმჭვირვალე საგადასახადო და სასამართლო სისტემა, ინვესტიციების დაუცველობა. კიდევ ერთი ნეგატიური არგუმენტი უკრაინის საზიანოდ: ეროვნული კაპიტალის რეგულარული გადინება საზღვარგარეთ. ეს, ბუნებრივია, ყოველ ინვესტორს დააფიქრებს“.
- როგორ წყვეტენ ამგვარ პრობლემას საქართველოში?
- საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ 2015 წელს გაუშვა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. ჩემმა მეგობრებმა აიღეს 9%-იანი კრედიტი კომერციულ ბანკში , ბიზნესისთვის საზღვარგარეთ მოწყობილობები შეიძინეს და თავიანთი პროექტით ეკონომიკის სამინისტროში მივიდნენ. ერთ კვირაში სამინისტრომ მათი პროექტი დაამტკიცა, უფასოდ გამოუყო მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც პროექტის რეალიზების შემდეგ მათ საკუთრებაში გადავა. გარდა ამისა, პროგრამის პირობებით, 9%-იანი სესხიდან 8%-ს, პირველი ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო იხდის, ანუ ამ ფულს მწარმოებელი ბანკს უკან არ უბრუნებს. ამიტომაც ასეთი საწარმოები საქართველოში ბევრი გაჩნდა.
კიდევ ერთი მომენტი: 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, ეროვნულ წარმოებაში კაპიტალის რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება.
- აჰა, ახლა გასაგებია, თუ რატომ გაიმარჯვა მეორედ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“…
- დიახ, სწორედაც. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვების კიდევ ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა მხოლოდ ჩემს მიერ ჩამოთვლილის გამოც შეიძლება დღევანდელ მთავრობას ხმა მისცე. რატომ არ ღებულობენ უკრაინაში ამგვარ პროგრამებს?
- თქვენი აზრით, რა შეიძლება უკრაინამ გაიზიაროს საქართველოში განხორციელებული საგადასახადო რეფორმიდან?
- გულწრფელად გეუბნებით, რომ არავისგან არაფერია გასაზიარებელი. ამ მიმართებით თვითონ საქართველოა კარგი მაგალითი. იგივე „იუსტიციის სახლები“ მთლიანად ქართული პროექტია. ასეთი სახლები ქვეყანაში 20-ზე მეტია. მათში მოქალაქეს დაახლოებით 600 სახის მომსახურების მიღება შეუძლია. თუ საქართველოში გატარებულ საგადასახადო რეფორმის პოზიტიურ მომენტებზე ვისაუბრებთ, ეს არის დერეგულიზაცია, ლიბერალიზაცია, კერძოდ, გადასახადების რაოდენობისა და მათი განაკვეთების შემცირება. გარდა ამისა, კონსტიტუციაში იქნა დაფიქსირებული, რომ გადასახადთა მომატება მხოლოდ რეფერენდუმის მეშვეობით უნდა გადაწყდეს.
თქვენ ისე არ იფიქროთ, რომ ყვალაფერი ამის განხორციელება ძალიან იოლად მოხდა. ავიღოთ სალარო აპარატების საკითხი. ქვეყანაში ლამის ბუნტი დაიწყო! მაგრამ შემოსავლების სამსახურმა ჩეკებზე ლატარიის გათამაშება გამოაცხადა. პირველი პრემია 30 ათას დოლარი იყო, სხვა ფასიანი პრიზებიც. და ამან იმუშავა! ადამიანებს, ვისაც მოგება სურდათ, იმ მოვაჭრეებთან ყიდულობდნენ საქონელს, ვისაც სალაროს აპარატები ჰქონდათ…
- ჩვენთანაც შეეცადნენ სალაროს აპარატების შემოღებას…
- უკრაინაში სხვა გზით წავიდნენ: რაღაც „მასკი-შუებისა“ და ავტომატების გზით… კარგი იქნებოდა, სალაროს აპარატები ყველგან რომ ყოფილიყო. კიდევ ერთი მაგალითი: უკრაინაში საპატრულო სამსახური შეიქმნა, მაგრამ პატრულს თან ტერმინალი და სალაროს აპარატი უნდა ჰქონდეს – ისე, როგორც საქართველოში. როცა მე ერთხელ ქართველმა პატრულმა გამაჩერა შეუკრავი ღვედების გამო, ჯარიმა სამ წუთში გამომიწერა: სალაროს აპარატის დახმარებით მომცა ჩეკი, რომელზეც აღნიშნული იყო გადახდის ვადები და საჯარიმო სანქციები გადახდის ვადების დარღვევისათვის. როცა მე კიევის საპატრულო სამსახურმა დამაჯარიმა ავტომანქანის პარკირების წესების დარღვევის გამო, 45 წუთი დაჭირდათ მსგავსი პროცედურებისათვის… მოკლედ, ხატია დეკანოიძეს ახალი საპატრულო სამსახურისათვის სალაროს აპარატების შეძენა დაავიწყდა“
«Известия» (რუსეთი), 10 თებერვალი, 2017 წელი
http://izvestia.ru/news/663576
ინტერვიუ სერგეი ლავროვთან: „რუსეთსა და საქართველოს შორის ვიზების გაუქმების საკითხზე მასშტაბური მუშაობა ვერ დაიწყება, თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა“
ინტერვიუში, რომელიც კორესპონდენტმა ტატიანა ბაიკოვამ, რუსეთში დიპლომატიური მუშაკის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ჩამოართვა, განხილულია მსოფლიო პოლიტიკის ტენდენციები, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, გადმოცემულია მინისტრის თვალსაზრისი საერთაშორისო მოვლენებზე, უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობებზე და ა.შ. კორესპონდენტმა რუსული დიპლომატიური უწყების მეთაურს კითხვა საქართველოსთან ურთიერთობის შესახებაც დაუსვა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
———-
- რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზები არ მოეთხოვებათ. მზადაა თუ არა მოსკოვი თვითონაც გააუქმოს ვიზები საქართველოს მოქალაქეებისათვის?
- საქართველო ვიზები გაუქმებული აქვს არა მარტო რუსებისათვის, არამედ მსოფლიოს დაახლოებით 100 ქვეყნის მოქალაქეებისათვის, თანაც უმეტესი ნაწილი – ცალმხრივი წესით. ჩვეულებრივ, ასეთია იმ ქვეყნების პოლიტიკა, რომლებიც უცხოელი ტურისტების მიზიდვას ცდილობენ. მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში, როცა სწრაფად მატულობს ტერორისტული თუ სხვა საფრთხეები, სავიზო საკითხებში ავტომატური გაზიარების იმედი არ უნდა არსებობდეს. მაგალითად, ევროკავშირის მოსახლეობამ ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღო საქართველოში უვიზოდ შესვლის უფლება, მაგრამ თვითონ ბრიუსელი მხოლოდ 2012 წელს დათანხმდა მოლაპარაკება დაეწყო საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო ლიბერალიზების შესახებ. ევროკავშირმა საქართველოს მიმართ შეადგინა ფართო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა რიგ საკითხებთან ერთად, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას ითვალისწინებდა, რის შესრულებაზეც თბილისი ბრიუსელს ანგარიშს რეგულარულად აბარებდა. რამდენიმე წელი ევროკავშირი საქართველოსთან სისტემატურად და მუხლჩაუხრელად მუშაობდა, ეკონტაქტებოდა სხვადასხვა სტრუქტურებს – საკანონმდებლო ორგანოს, საგარეოპოლიტიკურ უწყებას, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა პროფილურ ორგანოებს. [ვიზალიბერალიზების] პროცესი მხოლოდ ახლა [დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ] მთავრდება. რუსეთსა და საქართველოს შორის მსგავსი მასშტაბური მუშაობა ვერანაირად ვერ დაიწყება, თუ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობა თანაბარ საწყისებზე გამორიცხული არ არის. ჩვენ მზად ვართ ამ საკითხის ღიად, ერთობლივი და ყოველმხრივი განხილვისათვის. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის დეკემბერში ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივეთ საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში შემოსვლის წესები. დღეს მათ ჩვენს ქვეყანაში მოსვლა შეუძლიათ კერძო პირის, ორგანიზაციის ან მუდმივად მცხოვრები უცხოელის მიწვევით. გასული წლის მონაცემებით, თბილისში [შვეიცარიის საელჩოში მოქმედი] ჩვენი ინტერესების სექციისაგან გაცემული ვიზების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ამჟამად ვამზადებთ სავიზო გამარტივებას თვითმფრინავების ეკიპაჟების იმ წევრებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნებს შორის ავიარეისებს ასრულებენ“.
«Lragir» (სომხეთი), 10 თებერვალი, 2017 წელი
http://lragir.am/index/rus/0/comments/view/53669
რუსეთი და საქართველო სომხეთისთვის ზრუნავენ: იხსნება ალტერნატიული გზები // მზადაა რუსეთი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „შესაწირად“? თუ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლებას სუსტი წერტილი უპოვა?
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარსინის შეხვედრი დროს განხილულ საკითხებზე, განსაკუთრებით კი რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილ შეთანხმებაზე „სავაჭრო დერეფნების შესახებ“ (ავტორი – ნაირა აირუმიანი).
როგორც ცნობილია, აღნიშნული შეთანხმება მხარეებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ და სატრანსპორტო კომუნიკაციები განავითარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით და იმავდრულად არ შეეხონ საქართველოს ყოფილი ავტონომიების სტატუსის პრობლემას. მხარეები საერთაშორისო შუამავლებს მოიწვევენ, ტვირთების ნაკადის გაკონტროლებისა და მარკირების მიზნით. ასეთი სისტემა თბილისსა და მოსკოვს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ის უხერხული სიტუაცია, რომელიც საზღვარზე ტვირთების საბაჟო გაფორმებას თან ახლავს, იმავდროულად შესაძლებელი იქნება სამხრეთ ოსეთზე გამავალი ავტომაგისტრალით სარგებლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთისათვის.
„ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთმა და საქართველომ რაღაც მექანიზმი შეათანხმეს? და რომელმა დაიხია უკან – რუსეთმა თუ საქართველომ? ალბათ, რაღაც სქემაა მოფიქრებული, რომლის მეშვეობით სომხეთის ტრანსპორტი საქართველოს საზღვარს გადაკვეთს, აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას გაუჩერებლად გაივლის (ე.წ. „დახურული ტრანზიტით“) და რუსეთში შევა. ასეთი რეჟიმით ახორციელებს რუსეთი ტრანსპორტის ტრანზიტს, მაგალითად, კალინინგრადის ოლქში, ლიტვის ტერიტორიის გავლით.
ნიშანდობლივია, რომ საქართველომ და რუსეთმა ამ მიმართულებით მოლაპარაკების ინტენსიფიცირება სომხეთის ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ დაიწყეს. ჩვენი პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი წავიდა მოსკოვში, შეხვდა სომხური წარმოშობის ბიზნესმენებს და მათ მოუწოდა სომხეთში ინვესტიციები დაებანდებინათ. უფრო მეტიც – ჩამოყალიბდა სომხურ-რუსული საინვესტიციო ფონდი, რომლის მიზანი ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრირებისადმი ხელშეწყობაა. მაგრამ როგორ შეიძლება სომხეთ-რუსეთის ინტეგრირება, როცა მათ მხოლოდ ვიწრო და ხშირად დახურული საქართველოს სამხედრო გზა აკავშირებთ?
როგორც ჩანს, სომხეთის ახალმა მთავრობამ რუსეთის ხელმძღვანელებს მიანიშნა, რომ ალტერნატიული გზების „გამონახვის“ გარეშე არანაირი ინტეგრაცია არ მოხდება. და თუ არ მოხდება, მაშინ სომხეთმა სხვა რესურსები უნდა ეძებოს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ რუსეთმა გადაწყვიტა „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების ამოქმედება დაეჩქარებინა. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, არ იქნება „სავაჭრო დერეფანი“, არ იქნება ინტეგრაციაც.
მზადაა რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „შესაწირად“? თუ პირიქით – მოსკოვმა საქართველოს მთავრობას კვლავ სუსტი წერტილი უპოვა? მით უმეტეს, „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების შემდეგ, რომელიც თბილისში „დამარცხებად შეაფასეს. თუ რუსეთი და საქართველო „დერეფნების“ ამოქმედების საკითხში შეთანხმდებიან, სომხეთი ამით მოგებული დარჩება. და თუ რკინიგზაზეც მოძრაობა აღდგება, ეს მთლად უკეთესი იქნება“.
———-
„რუსეთმა და საქართველომ სომხეთის სასარგებლოდ უპრეცედენტო შეთანხმებას მიაღწიეს: სულ მალე ზემო ლარსის ალტერნატივა გამოჩნდება“, – ასეა შეფასებული სომხურ მედიაში ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის პრაღის შეხვედრის შედეგები. როგორც სააგენტო „პანორამა“ იუწყება, სომეხმა ექსპერტმა ალიკ ეროიანცმა განაცხადა, რომ „მოსკოვ-თბილისის გადაწყვეტილება „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმების რეალიზების თაობაზე უპრეცედენტოდ უნდა ჩაითვალოს და თავისი არსით ერთმნიშვნელოვნად ასახავს სომხეთის პოზიციას“.
წყარო: http://www.panorama.am/ru/news/2017/02/09/%83/1724127
«ТАСС» (რუსეთი), 10 თებერვალი, 2017 წელი
http://tass.ru/opinions/interviews/4011799
ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საზოგადოებაში განხეთქილების გამეორებას არ დაუშვებს“
რუსეთის სახელმწიფო-აინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის კორესპონდენტმა იულია შარიფულინამ ინტერვიუ ჩამოართვა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს, რომელშიც იგი საუბრობს აპრილის თვეში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ცხინვალ-თბილისის ურთიერთდამოკიდებულებაზე, რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების საკითხზე და ა.შ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- დარწმუნებული ხართ, რომ აპრილის თვეში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს რესპუბლიკაში პოლიტიკურ სტაბილურობას შეინარჩუნებთ?
- რასაკვირველია, არჩევნების პერიოდი ყოველდღიური სიტუაციისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, ჩნდება გარკვეული დაძაბულობა… წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, არჩევნების თარიღიც ცნობილია: 9 აპრილს პრეზიდენტი 5 წლის ვადით უნდა იქნეს არჩეული. ცხადია, მე, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, ყურადღებით ვაკვირდები სიტუაციას. ვამჩნევ, რომ ზოგიერთი კანდიდატი თავშეუკავებლად იქცევა, სხვადასხვა დაუშვებელ მეთოდებს იყენებს. მე სპეციალურად მივმართე მოსახლეობას და იმ პირებს, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში ბალოტირებენ: არ დავუშვებ რესპუბლიკაში იმ ამბების გამეორებას, რაც 2011 წელს იყო. იმ დროს ჩვენს საზოგადოებაში განხეთქილება მოხდა, სამხრეთ ოსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფებოდა. სიტუაციის განმუხტვა დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით. დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა მსგავსი მოვლენები აღარ დავუშვათ. ამაზეა ორიენტირებული ყველა სახელმწიფო სტრუქტურა…
- ფრთხილობთ, რომ არჩევნების წინ საქართველოს მხრიდან რაიმე პროვოკაცია იქნება?
- რა თქმა უნდა. საქართველო სამხრეთ ოსეთის ყოველ პოლიტიკურ ღონისძიებას და მოვლენას ნეგატიურად აფასებს. ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენს წინაშე მდგარ ამოცანებს სისტემურად ვწყვეტთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს თვალსაზრისს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. დღეისათვის საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არავიტარი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობა არ ვითარდება. ეს იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის ფაქტს არ აღიარებს. ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველო უარს აცხადებს ხელი მოაწეროს დოკუმენტს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ ურიგდება იმ ობიექტურ რეალობას, რომელიც უკვე 25 წელია არსებობს.
- ამას წინათ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის არჩევის დღეს რეფერენდუმიც ჩატარდეს რესპუბლიკის სახელწოდების ცვლილების თაობაზე – „სამხრეთ ოსეთს“ „ალანეთის სახელმწიფო“ დაერქმევა. იწონებს თუ არა ქვეყნის მოსახლეობა ამ გეგმას?
- ეს თემა ჯერ კიდევ გასულ წელს გაჟღერდა ჩემს მიერ. სესაბამის უწყებებმა გარკვეული მუშაობა გასწიეს. ჩვენ მხარი დაგვიჭირა მთელმა მოსახლეობამ, ახალგაზრდობამ, რესპუბლიკის ინტელიგენციამ, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთ-ალანეთის მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა. ეს ნიშნავს, რომ თუ საკითხი რეფერენდუმზე დადებითად გადაწყდება, სამომავლოდ, ალბათ, გამოყენებული იქნება ორი სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე დასახელება – „სამხრეთ ოსეთი“ და „ალანეთის სახელმწიფო“. მიმაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღიარება ალანური სახელმწიფოებრიობის ისტორიული ტრადიციის აღორძინებაა.
- საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენც კანდიდატის სტატუსით მონაწილეობთ. რას იტყვით კონკურენტების თაობაზე?
- დღევანდელი მონაცემებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტობის უკვე შვიდი პრეტენდენტია დაფიქსირებული. მე, რასაკვირველია, ყველას პატივი უნდა ვცე, ისინი ხომ ჩვენი რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ახალი ხუთწლედის ამოცანები… უკვე დაიწყო ხელმოეწერების შეგროვება, რომლის რაოდენობა 3500 უნდა იყოს. ჩამოყალიბებულია აგრეთვე ლინგვისტური კომისია, რომელიც კანდიდატთა მიერ ოსური და რუსული ენის ცოდნის დონეს შეამოწმებს.
- თქვენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ისევ ხართ სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეის ერთგული?
- რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა კონკრეტულ პიროვნებას კი არ ეკუთვნის, არამედ მთელი ხალხისგან მოდის. სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრები რუსეთთან დაახლოების მომხრეა. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ერთიან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საინფორმაციო სივრცეში ვიმყოფებით. ამასტან ჩვენ, როცა ამ იდეის მხარდამჭერად გამოვდივართ, ისიც გვესმის, რომ სერიოზული საკითხები იქნება გადასაწყვეტი. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რაიმე პრობლემები ჩვენს რუს კოლეგებს.
გასულ წელს ჩვენ ამ იდეის რეალიზებისათვის გარკვეული სქემა შევიმუშავეთ. ეს შიდასახელწ,მიფოებრივი პროცესია. მე გამოვედი ჩვენი კონსტიტუციის მე-10 მუხლის შეცვლის წინადადებით, მაგრამ შემდეგ სხვადასხვა წინააღმდეგობრივი აზრი გაჩნდა. გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე განხილულიყო, რომლის დროსაც მივიღეთ დადგენილება, რომ ამ საკითხს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავუბრუნდებით. ასე რომ, რუს კოლეგებთან მუშაობის დრო გვაქვს, მოსკოვში ჩვენს იდეებს იცნობენ.
«Деловая столица» (უკრაინა): ინტერვიუ გრიგოლ ქათამაძესთან: „ხატია დეკანოიძეს ახალი საპატრულო სამსახურისათვის სალარო აპარატების შეძენა დაავიწყდა“ // რატომ გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში?