«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ციანიდის კვალი: რა ხდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში?
«РИА Новости // НСН» (რუსეთი): „მთელი ეს ისტორია უცნაურად გამოიყურება“ // „ვშიშობ, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, ვიღაცას ილია II-ის ავტორიტეტი შურს“ // რუსი საეკლესიო მოღვაწეების კომენტარები
«Политком» (რუსეთი): რუსეთ-საქართველოს „დერეფნები“ და სომხეთი
«Stratfor» (აშშ): საქართველო და რუსეთი: ახალი სავაჭრო გზები ურთიერთკავშირებს განამტკიცებს
«Tages Anceiger» (შვეიცარია): უკრაინა დონალდ ტრამპს გამოცდას უწყობს // კიევი თბილისის მიერ ათი წლის წინ დაშვებულ შეცდომას იმეორებს?!
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): სოციალური სტატისტიკა საქართველოში
—————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 14 თებერვალი, 2017 წელი
ციანიდის კვალი: რა ხდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში?
ზაზა წულაძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წარმატებით გადაიტანა ქირურგიული ოპერაცია გერმანიაში, ბერლინის გარეუბანში მდებარე HELIOS Berlin-Buch-ის კლინიკაში. 84 წლის პატრიარქს ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ჩაუტარდა. მას ნაღვლის ბუშტი ამოკვეთეს. გერმანელმა პროფესორმა მარტინ შტრიკმა აღნიშნა, რომ ამჟამად პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი და რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ, რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლი ამ ინფორმაციას ბუნებრივია დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა ეს დადებითი ამბავი მთლიანად გადაფარა, მთავარი პროკურორის მიერ გავრცელებულმა სკანდალურმა ცნობამ.
ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მაღალი რანგის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე” დაკავებულია სასულიერო პირი გიორგი მამალაძე. 31 წლის დეკანოზი საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორია.
მთავარი პროკურორის მტკიცებით, ორ თებერვალს, ანუ იმ დღეს, როცა პატრიარქი გერმანიაში გაფრინდა, გიორგი მამალაძე „ნაცნობს დაუკავშირდა და ნატრიუმის ციანიდის შეძენაში დახმარება სთხოვა. 10 თებერვალს კი იგი თბილისის აეროპორტში, გერმანიაშია გაფრენამდე დააკავეს და ბარგში – ციანიდი აღმოუჩინეს”.
ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ ვისი მოწამვლა სურდა დეკანოზს ან ვინ მიაწოდა პროკურატურას ინფორმაცია. „მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გიორგი მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას. სწორედ ამ მიზნით, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან, მან შეიძინა შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა“.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ქობულეთიდან არის. დაამთავრა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის ეპარქიის სემინარია. წლების მანძილზე მსახურობდა ბათუმის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარში და პარალელურად, მოღვაწეობდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში.
რუსეთის საპატრიაქოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, 2008 წლის აპრილში, გიორგი მამალაძე, დონეცკელი ქართველების თხოვნით, ილია მეორის მიერ მივლენილ იქნა რუსეთის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიაში, 2010 წლის აგვისტოში კი პირადად პატრიარქმა აიყვანა დეკანოზის ხარისხში.
2015 წელს გიორგი მამალაძე იერარქიულ კიბეზე უფრო დაწინაურდა და საპატრიარქოში ორი მაღალი თანამდებობა მიიღო – ქონების მართვის ხელმძღვანელი და სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი გახდა, თუმცა 2015 წლის დეკემბერში მის ნაცვლად ქონების მართვა მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას ჩააბარეს, გიორგი მამალაძე კი მოადგილედ გადაიყვანეს. 2016 წლის აგვისტოში, პატრიარქმა დეკანოზი გიორგი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებითაც დააჯილდოვა.
სკანდალური ბრალდებით დაკავებული დეკანოზის მფარველი და მასწავლებელი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ძმისშვილი, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, 55 წლის დიმიტრი შიოლაშვილია. დიმიტრის კათოლიკოს-პატრიარქი მემკვიდრედ განიხილავს და იგი ამჟამად გერმანიაში ილია მეორესთან ერთად იმყოფება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას, რომელიც ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, წინ უძღოდა პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სოსო ოხანაშვილის პროკურატურაში დაბარება. სოსო ოხანაშვილი ბერლინიდან ჩამოიყვანეს და მისი არყოფნის პერიოდში, გერმანიაში მყოფი პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გადაიბარა. ბერლინში სპეციალურად ამ მიზნით ჩაფრინდა სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.
გენერალ-მაიორმა ანზორ ჩუბინიძემ გერმანიაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე, სოსო ოხანაშვილის მიმართ შეკითხვები აღარ არის და იგი კვლავ ასრულებს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობას. სოსო ოხანაშვილი ასევე პატრიარქის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრის სიძეა.
თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მხოლოდ იმაზე შეიძლება საუბარი, რომ ეს სიტუაცია სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს დიდ ჩრდილს აყენებს: „თუ კი აქ საუბარია, ვინ დაიკავებს პატრიარქის ტახტს მომავალში, ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანობა სწორედ ის არის, რომ სასულიერო პირი ამაზე არ უნდა ფიქრობდეს. მკვლელობაზე ხომ აქ საერთოდ საუბარი ზედმეტია. თუ მართლა ვიღაცა ვიღაცის მკვლელობას ამზადებდა, ეს ერთმნიშვნელოვნად უმძიმესი ცოდვაა და ძალიან დიდი ტკივილია, რომ ეს თემა ეკლესიას უკავშირდება“.
84 წლის ილია მეორე, საეკლესიო ისტორიოგრაფიის მიხედვით, სრულიად საქართველოს რიგით, 141-ე კათოლიკოს-პატრიარქია. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს, მისი აღსაყდრებიდან 39 წელი შესრულდა, თუმცა პატრიარქი საზეიმო ღონისძიებებს ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო და მას შემდეგ იგი მკურნალობს.
ბოლო თვეებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით სკანდალი სკანდალზე ხდება (ღია დაპირისპირება მეუფე იაკობსა და სოსო ოხანაშვილს შორის, მეუფე პეტრესა და კათოლიკოს-პატრიარქის მდივან შორენა თეთრუაშვილს შორის, დიღმის საეკლესიო დაჯგუფებასა და დეკანოზთა ჯგუფს შორის და უმძიმესი ბრალდება მიტროპოლიტ სერაფიმეს წინააღმდეგ – ზ.წ), რაც თეოლოგების აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ პატრიარქის ტახტისთვის გააფთრებული ბრძოლა მიდის. დღის ბოლოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, რომ „ქვეყანამ უდიდესი უბედურება აიცილა თავიდან“.
წმინდა სინოდის წევრთა ნაწილს, მათ შორის, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს ბრალდების არ სჯერა. მისი აზრით, დეკანოზი დაინტერესებულმა ძალებმა „უბრალოდ გაწირეს”, მეორე ნაწილი კი გამოძიების დასრულების მომხრეა. საპატრიარქოს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტი მათთვის „სრულიად მოულოდნელია“.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უახლოეს ისტორიაში უკვე იყო პატრიარქის მკვლელობის ფაქტი. 1918 წლის 28 ივნისს, უკვე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, მარტყოფში, საპატრიარქოს რეზიდენციაში, საკუთარ საწოლში მოკლული ნახეს სრულიად საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი, 68 წლის კირიონ მეორე. მისი მკვლელობის საქმე გამოუძიებელი დარჩა და დღემდე ბურუსით არის მოცული.
————-
მასალა საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადების შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების თაობაზე გაავრცელა აგრეთვე აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო «Associated Press»-მაც (ავტორი – მიხეილ ჯინჯიხაშვილი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დეკანოზის დაკავების ფაქტი საზოგადოებას აცნობა მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის მიერ წინა დღით ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ.
მასალაში ნათქვამია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკვე რამდენიმე წელია მძიმედ ავადმყოფობს. მისი ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობა შესამჩნევი იყო რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის დროსაც, გასული წლის ოქტომბერში.
პუბლიკაციაში ციტირებულია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკე ბესელია განცხადება, რომლის მიხედვით, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებით მძიმე დანაშაული იქნა თავიდან აცილებული, თუმცა მას არ შეუძლია ამ საქმის შესახებ რაიმე დამატებითი ინფორმაციის გათქმა – გამოძიება გასაიდუმლოებულია. ეკა ბესელიამ დაამატა, რომ პატრიარქის „სიცოცხლე და ჯანმრთელობა აბსოლუტურად დაცულია და მას საფრთხე არ ემუქრება“ (წყარო: http://hosted.ap.org/dynamic/stories/e/eu_georgia_church_ plot?site=ap§ion=home&template=default).
«РИА Новости // НСН» (რუსეთი), 13 თებერვალი, 2017 წელი
https://ria.ru/religion_news/20170213/1487835344.html
„მთელი ეს ისტორია უცნაურად გამოიყურება“ // „ვშიშობ, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს, ვიღაცას ილია II-ის ავტორიტეტი შურს“: რუსი საეკლესიო მოღვაწეების კომენტარები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი შეთქმულების გამჟღავნებასთან დაკავშირებით, უცხოურ მედიაში სხვადასხვა ქვეყნების რელიგიური პირების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტ-პოლიტოლოგთა განცხადებები და კომენტარები გამოქვეყნდა.
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლის იგორ იაკიმჩუკის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებული ისტორია ამ მომენტისათვის საკმაოდ უცნაურია: „რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. მთელი ეს ისტორია საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ უბრწყინვალესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს სამკურნალოდ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსგარეთ იმყოფება“, – თქვა იგორ იაკიმჩუკმა, – „რუსეთის ეკლესიას ჯერ ვერ გაურკვევია, სინამდვილეა თუ არა მოწამვლის მცდელობის შესახებ ცნობები თუ საქმე გვაქვს საინფორმაციო ბრძოლის რაღაც გამოვლინებასთან“.
მოსკოვის პატრიარქატის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულია და ამიტომაც მას რუსეთის ეკლესიის მიმართ კეთილი დამოკიდებულება აქვს: „ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ყველაზე კრიტიკული მომენტების მიუხედავად, საეკლესიო კავშირები კი არ გაწყვეტილა, პირიქით, კიდევ უფრო განმტკიცდა“, - ხაზი გაუსვა იგორ იაკიმჩუკმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო «РИА «Новости»-ს კორესპონდენტთან საუბარში.
———
ცნობილი რუსი საეკლესიო მოღვაწის, დეკანოზ ვსევოლოდ ჩაპლინის აზრით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მოწამვლის მცდელობასთან დაკავშირებული შეთქმულების სავარაუდო საფუძველს პოლიტიკური მოტივები წარმოადგენს. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის უკან უცნობი პირების სურვილია გამოხატული – ჩაერიონ საეკლესიო საქმეებში .
„ვშიშობ, რომ აქ ქართველი პოლიტიკოსების რაღაც თამაშებთან გვაქვს საქმე. მათგან ზოგიერთს შესაძლოა პატრიარქის თავიდან მოშორების სურვილი აქვს. არაა გამორიცხული, რომ ეს ისტორია ეკლესიაზე ზეწოლისათვის გამოიყენება.. პატრიარქი ილია II ძალიან პატივცემული ადამიანია, იგი თანამედროვე მსოფლიოში მართლმადიდებლური კონსერვატიზმის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. ალბათ, ვიღაც ცდილობს ამგვარად ჩაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში. ცნობილია, რომ ილია II-ის ავტორიტეტი მტკიცეა და მას ვერცერთი ქართველი პოლიტიკოსის ავტორიტეტი ვერ შეედრება. შეიძლება ვიღაცას შური და ეჭვიანობა ამოძრავებს. ასეა თუ ისე, ეს ძალიან საგანგაშო ინფორმაციაა და ვფიქრობ, მას პოლიტიკური სარჩული აქვს“, – განაცხადა ვსევოლოდ ჩაპლინმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო «Национальная Служба Новостей»-ს კორესპონდენტთან საუბარში.
«Политком» (რუსეთი), 14 თებერვალი, 2017 წელი
რუსეთ-საქართველოს „დერეფნები“ და სომხეთი
სტატიაში საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მოლაპარაკების დროს განხილულ საკითხზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებულ ე.წ. „სავაჭრო დერეფნების“ შესახებ შეთანხმებას უკავშირდება (ავტორი – სერგეი მარკედონოვი).
როგორც ცნობილია, 2011 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ხელმოწერილი „სავაჭრო დერეფნების“ შეთანხმება აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ტვირთების მოძრაობის მონიტორინგს ითვალისწინებს, საბაჟო პუნქტების კოორდინატების მითითებით, თუმცა მასში ამ რეგიონების პოლიტიკური სტატუსი დაფიქსირებული არ არის. შეთანხმება ბოლო დრომდე უმოქმედო იყო, მაგრამ რადგანაც კლიმატური და რელიეფური პირობების გამო საქართველოს სამხედრო გზის ხშირი პარალიზებით სომხეთს რუსეთთან კომუნიკაციის პრობლემა შეექმნა, გავრცელდა აზრი, რომ ერევანმა მოსკოვს ალტერნატიული გზების გახსნა მოსთხოვა.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
„ამჟამად სომხეთს გარესამყაროში გასასვლელად მხოლოდ ორი „ფანჯარა“ აქვს – ირანული და ქართული და ირანული. სწორედ საქართველოს ტერიტორია აშორებს (და იმავდროულად, აკავშირებს კიდეც) სომხეთს თავის სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირე ქვეყანასთან – რუსეთთან. ამის გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია სომხეთის ინტერესი რუსეთ-საქართველოს „სავაჭრო დერეფნების“ მიმართ. ერევანს უკიდურესად ჭირდება „აფხაზური“ (ან „ოსური“) „ფანჯრის“ გაღება, რომელიც სომხეთის რეგიონულ იზოლაციას შეამცირებს და რომელიც, ალბათ, კიდევ უფრო გამწვავდება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზის მშენებლობის დასრულებით.
ჩვენ ახლა მივადექით არანაკლებ მნიშვნელოვან სიუჟეტს – საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას. თბილისს და ბაქოს ბევრი რამ აერთიანებთ. ორივე ქვეყანა მიიჩნევს, რომ ისინი სეპარატიზმისაგან არიან დაზარალებული. საქართველოც და აზერბაიჯანიც „სუამ“-ის ანუ ორგანიზაცია „დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისათვის“ შემადგენლობაშია. არც თბილისი და არც ბაქო ევრაზიული ეკონომიკური კავშირისაკენ არ ისწრაფვიან. ამავე დროს საქართველო, რომელსაც საკმაოდ მრავალრიცხოვანი სომხური თემი ჰყავს სამცხე-ჯავახეთში, ერევანთან მიმართებით უკიდურეს სიფრთხილეს იჩენს და ორივე მეზობელთან ბალანსირებას ცდილობს – სხვათა შორის, ეს ნათლად გამოჩნდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შარშანდელი გამწვავების დროს. მაგრამ მაინც მხედველობაშია მისაღები, რომ ასეთი „ბალანსირების“ დროს საქართველო ძალიან არის დამოკიდებული თავის კასპიისპირა მეზობელზე. ძნელი არაა იმის წინასწარმეტყველება, როგორ რეაგირებას მოახდენს აზერბაიჯანი, თუ საქართველო სომხეთს „აფხაზურ ფანჯარას“ გაუღებს… მაგრამ როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ერევნისა და ბაქოს პოზიციები, მხედველობაში უნდა გვქონდეს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ინტერესებიც. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ისინი დაფინანსებას რუსეთიდან ღებულობენ, რომ მათზე რუსეთს დიდი გავლენა აქვს და ა.შ. მაინც არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ორივე რესპუბლიკას მოსკოვისაგან რაღაც ავტონომია მაინც აქვთ, განსაკუთრებით და ყველაზე მეტად კი აფხაზეთს. „სავაჭრო დერეფნები“ სოხუმის და ცხინვალისათვის საკმაოდ მტკივნეული თემაა. აფხაზეთის ხელისუფლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ოპოზიციის თვალსაზრისი, რადგან არაა გამორიცხული შიდაპოლიტიკური განხეთქილების გაჩენა. თუ რაულ ხაჯიმბას გუნდი აბაშიძე-კარასინის იდეის პირობებს დათანხმდება (რაც, გასაგებია, მათი კერძო ინიციატივა არ არის), ოპოზიცია ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და რაულ ხაჯიმბას „სიცოცხლეს გაუმწარებს“. ამავე დროს, ცხადია, თუ მოსკოვი მოისურვებს, შეუძლია სოხუმზე და ცხინვალზე მკაცრი ზეწოლა განახორციელოს.
შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ „დერეფნების“ ამოქმედება გაჭიანურდეს. „ვიჩქაროთ ნელა“ – ყველაფერი კრემლის ხედვაზეა დამოკიდებული. არც თბილისი ჩავარდება კარგ დღეში: თუ საქართველოს ხელისუფლება „დერეფნების გახსნაზე“ მოლაპარაკებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაიწყებს, საეჭვოა, რომ ეს ქართველმა პოლიტიკოსებმა დიდი ენთუზიაზმით მიიღონ. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მასში მომხდარი განხეთქილების გამო, ხელისუფლებისათვის რისკი შედარებით ნაკლები იქნება. თუმცა თბილისსაც, მოსკოვის მსგავსად, სიტუაციის გაჭიანურება შეუძლია, თუ დაჭირდა, ამ მიზნით მიზეზებს იპოვის.
ამრიგად, რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების გახსნა საეჭვოა, რომ ახლო მომავალში პრიორიტეტული მიზანი იყოს. ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ბევრი მხარის ინტერესებია გადახლართული, სახეზეა ძალიან დიდი წინააღმდეგობა, რომელიც მოსკოვისა და თბილისის ურთთობის ჩარჩოებს მიღმა არსებობს. რთული და სარისკოა ამ იდეის რეალიზება ისე, რომ რაიმე პროვოკაცია არ მოხდეს. მიუხედავა ამისა, „ცდა ბედის მონახევრეა“, რაც იმედს იძლევა, რომ ადრე თუ გვიან კომპრომისული გადაწყვეტილება მოიძებნება“.
«Stratfor» (აშშ), 13 თებერვალი, 2017 წელი
https://www.stratfor.com/snapshots/georgia-russia-furthering-ties-new-trade-routes
საქართველო და რუსეთი: ახალი სავაჭრო გზები ურთიერთკავშირებს განამტკიცებს
(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
გაჩნდა ახალი სიმპტომები იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთთან სავაჭრო დერეფნები ამოქმედდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით… არის აგრეთვე ცნობებიც, რომ მოსკოვი დათანხმდა თბილისის მოთხოვნას – ტვირთების მოძრაობის მონიტორინგი [სეპარატისტული] რეგიონების ტერიტორიაზე საერთაშორისო დამკვირვებლების მეშვეობით განხორციელდეს. დამკვირვებლები რუსეთისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე შერჩეულ პუნქტებში განლაგდებიან. აშკარაა, ამ მარშრუტების ამოქმედება დადებით გავლენას მოახდენს რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ამჟამად ორი ქვეყნის ვაჭრობა 800 მლნ. დოლარს აღწევს და ამ მონაცემების მიხედვით, საგარეო ვაჭრობაში რუსეთი საქართველოს მესამე პარტნიორია. პერსპექტივაში ვაჭრობის მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება: თბილისმა და მოსკოვმა ამას წინათ მიაღწიეს შეთანხმებას რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის თაობაზე, რაც საქართველოს ენერგეტიკას მნიშვნელოვნად წაადგება.
შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო დამკვირვებელთა პუნქტების გახსნა რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე [მოსკოვის მიერ თბილისისადმი] გაკეთებული ერთგვარი რევერანსია, რაც ადრე შეუძლებელი იყო. 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვმა თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ის დღემდე არაა აღდგენილი, მაგრამ ახლა კრემლი, როგორც ჩანს, სიგნალს უგზავნის საქართველოს მთავრობას, რომ იგი მზადაა შერიგებისათვის, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკის სფეროში მაინც.
არის იმის ნიშნებიც, რომ საქართველოში პრორუსული განწყობაც მატულობს: ბოლო გამოკითხვები მოწმობს, რომ დღეს ევროინტეგრირებას მხარს მხოლოდ მოსახლეობის 53% უჭერს, ანუ გასულ წელთან შედარებით 10%-ით ნაკლები, ხოლო რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას – დაახლოებით 31%, ანუ 10%-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს.
გარდა ამისა, თავის მხრივ თბილისიც ცდილობს სეპარატისტული რეგიონების მიმართ ხისტი დამოკიდებულების შერბილებას: შევიდა ცვლილება კანონში, რომლის თანახმად, თბილისის უნებართვოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უცხოელთა შესვლა (უმეტესად რუსებისა) სასამართლო წესით კი აღარ დაისჯება, არამედ ჯარიმებით.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აშკარად პროგრესირებს იმ დროს, როცა გეოპოლიტიკური სიტუაცია იცვლება. ევროკავშირში განხეთქილება მატულობს. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მზადყოფნას აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, ამიტომაც ბევრი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკისათვის, მათ შორის საქართველოსთვისაც, მოსკოვთან დამოკიდებულების გადახედვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება.
«Tages Anceiger» (შვეიცარია), 13 თებერვალი, 2017 წელი
http://www.tagesanzeiger.ch/ausland/europa/die-ukraine-testet-trump/story/27880340
უკრაინა დონალდ ტრამპს გამოცდას უწყობს
კიევი თბილისის მიერ ათი წლის წინ დაშვებულ შეცდომას იმეორებს?!
ციტა აფენტრანგერი, პოლიტიკური მიმომხილველი
(შინაარსი, თავისუფალი თარგმანი)
უკრაინა დონბასში დაწყებული სიტუაციის გამწვავებაში რუსეთს ადანაშაულებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვი კი არ ცდის აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, არამედ თვითონ კიევი. აბა, დავაკვირდეთ მდგომარეობას: შარშანდელი დეკემბრის შუა რიცხვებიდან უკრაინის არმიამ ნელ-ნელა დაიკავა დაპირისპირებულ მხარეებს შორის არსებული დემილიტარიზებული ზონა, ტანკებიც შეიყვანა და ქალაქი ავდეევკაც გააკონტროლა, რაც მინსკის მოლაპარაკების პირობებით, კიევს არ უნდა გაეკეთებინა.
უკრაინის ამგვარი მოქმედება ერთ მიზანს ემსახურება – როგორმე აშშ „შეანჯღრიოს“, „გამოაფხიზლოს“ და უარი ათქმევინოს რუსეთისადმი სანქციების სავარაუდო მოხსნაზე. უკრაინა იმედოვნებს, რომ კონფლიქტის გამწვავების გამო რუსეთი კვლავ ჩაერევა და დონბასელ ამბოხებულებს დაეხმარება, შესაბამისად,, სანქციების მოხსნა დღის წესრიგიდან ამოვარდება. პეტრო პოროშენკო ცდილობს კონფლიქტი პოლიტიკურ დონეზეც გააღვივოს – მან განაცხადა, რომ აპირებს რეფერენდუმი ჩაატაროს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. მართალია, ბოლო წლებში უკრაინაში მოიმატა ნატოში გაწევრიანების მსურველთა რიცხვმა (ყირიმის ანექსიისა და დონბასის ამბების გამო), მაგრამ თვითონ ნატო კატეგორიულად გამორიცხავს კიევის მიღებას ალიანსში უახლოეს და საშუალოვადიან პერსპექტივაში. ამის მიუხედავად, პეტრო პოროშენკო მაინც ცდილობს ამ უშედეგო და უსარგებლო იდეის რეალიზებას, ანუ აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მისი სტრატეგიის ნაწილია: რუსების პროვოცირება და კონფლიქტის გრადუსის აწევა. ამავე დროს, უკრაინის ხელისუფლებას სრულიადაც არ აღელვებს ის, რომ ალიანსში გაწევრიანების საკითხის წამოწევა და ამ თემაზე დისკუსიების გაგრძელება დამანგრეველი იქნება შიდაპოლიტიკური მიმართებით: თუ დასავლეთ ოლქებში მომხრე ბევრია, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთში – ცოტა. დისკუსიების დრო ნატოს მომხრეები მოწინააღმდეგეებს მოღალატეებს ეძახიან, რაც კიდევ უფრო აფართოებს საზოგადოებაში გაჩენილ ნაპრალს. ისე გამოდის, ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის აზრი, ანუ ბრძოლა მათი გულების დასაპყრობად ისე წააგო, რომ სერიოზულად არც დაუწყია.
„დასავლეთი კი იმის ნაცვლად, რომ უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს, ამ მხრივ უმოქმედოა. თუმცა მას სხვა გზა არც აქვს, რადგან აშშ და ევროპა თავიდანვე უკრაინის მხარეს დადგნენ. ნატო ისევ გზავნის თავის მრჩევლებს კიევში, ატარებს ერთობლივ წრთვნებს… არადა, ზოგადად ეს ყველაფერი მხოლოდ პროპაგანდას ემსახურება - აი, ხომ გეხმარებით რუსეთის წინააღმდეგ…
სხვათა შორის, ასეთ სცენარს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ ათი წლის წინ, საქართველოში, როცა ამერიკელები და ევროპელები მხარს უჭერდნენ ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. დასავლურ სოლიდარობაზე ლაპარაკმა და ნატოში გაწევრიანებაზე დაპირებებმა მას იმდენად აურია ტვინი, რომ იგი თბილისის მიერ არაკონტროლირებულ სამხრეთ ოსეთში შეიჭრა. ეს რეგიონი საქართველოს დე-ფაქტოდ დიდი ხნის წინ ჩამოსცილდა და იმ დროისათვის უკვე მოსკოვის მფარველობაში იმყოფებოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თბილისს დახმარება კი აღუთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიხეილ სააკაშვილი თვითონვე დარწმუნდა, რომ საქართველოს მხარეზე ბრძოლას მოსკოვის წინააღმდეგ არავინ აპირებდა. სულ რაღაც რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი წააგო. ამ სამხედრო ავანტიურით მან ჯვარი დაუსვა თავის პოლიტიკურ მომავალს და ნატოში გაწევრიანებაზე სიტყვა აღარ უთქვამს“, – წერს ციტა აფენტრანგერი შვეიცარიის გერმანულენოვან გაზეთ „ტაგესაინცაიგერში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 13 თებერვალი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/ekonomikis-mimokhilva/28306341.html
სოციალური სტატისტიკა საქართველოში
ნინო ევგენიძე
ამ დღეებში საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გამოაქვეყნა, რომელიც, 2015 წლის მდგომარეობით, 125 301 ოჯახი იყო. რამდენიმე სტატისტიკური მონაცემის საფუძველზე ვცადეთ გაგვერკვია, როგორ ახერხებს ამ ადამიანების უზრუნველყოფას სახელმწიფო და, ზოგადად, როგორია სოციალური მდგომარეობა საქართველოში.
სოციალური გამოკითხვებით, საქართველოში ყველაზე მთავარ პრობლემად მოსახლეობა უმუშევრობას ასახელებს – ეს მაშინ, როცა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, უმუშევრობა 12 პროცენტს არ აღემატება. საქართველოში პრობლემაა ისიც, რომ არაფორმალური დასაქმების წილი საკმაოდ მაღალია და ამიტომ, ცხადია, ეს დასაქმებულები ვერ ხვდებიან ოფიციალურ სტატისტიკაში და არც გადასახადს იხდიან. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 12-პროცენტიანი უმუშევრობის პირობებში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 498 395 ოჯახია და აქედან 125 301 ოჯახი საარსებო შემწეობას იღებს.
საქართველოში, ისევ და ისევ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 3,7 მილიონი ადამიანია. თუ ვივარაუდებთ, რომ ერთი ოჯახი საშუალოდ სამ-ოთხსულიანია, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ადამიანთა რაოდენობა 1,5–2 მილიონ ადამიანამდე აღწევს, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის თითქმის 50 % სიღარიბის ზღვარს მიღმაა.
ამ ფონზე საინტერესოა კიდევ ერთი ციფრი: ამ 3,7 მილიონ ადამიანზე საქართველოში სამუშაო ძალა, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანია, ამ 2 მილიონიდან კი 1,1 მილიონზე მეტი ავტომანქანა მოდის, რაც ნიშნავს, რომ სამუშაო ძალის თითქმის ნახევარს ავტომანქანა ჰყავს.
აქვე კიდევ ერთი ციფრი: დასაქმებული ადამიანებიდან 1 მილიონ ადამიანამდე არის თვითდასაქმებული. მარტივად რომ ვთქვათ, იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებიც, გადასახადს არ იხდიან, სოფლის მეურნეობის სექტორშია დასაქმებული. როგორც იცით, ამ სექტორში მიწის მფლობელი ადამიანები სახელმწიფომ უკვე დასაქმებულებს მიათვალა.
შესაბამისად, თუ კარგად დავფიქრდებით, ეს ციფრები რეალურად პარადოქსულ სიტუაციას ქმნის. რომ შევაჯამოთ, 12 %-იანი უმუშევრობის დროს მოსახლეობის 50% სიღარიბის ზღვარს მიღმაა, სამუშაო ძალიდან 300 000-მდე ადამიანი უმუშევარია, დასაქმებულად ჩათვლილი ადამიანების ნახევარზე მეტს მანქანა ჰყავს და გადასახადს კი ბიუჯეტში მაქსიმუმ 700 ათასამდე ადამიანი იხდის, საიდანაც 2/5-ზე მეტი საბიუჯეტო სექტორშია დასაქმებული, რაც ნიშნავს, რომ 3,7 მილიონი ადამიანის არსებობას საქართველოში 500 000-მდე ადამიანის მიერ გადახდილი გადასახადი და შექმნილი პროდუქტი უზრუნველყოფს.
ამ გადასახადისა და ასეთი ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში სახელმწიფო უმწეოთათვის შემდეგი მოცულობის შემწეობის გადახდას უზრუნველყოფს: სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი 2012 წელს იყო და 163 183-ს შეადგინა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა ასე გამოიყურებოდა:
2008 წელი – 131 182; 2009 წელი – 153 434; 2010 წელი – 144 877; 2011 წელი – 13 2505; 2012 წელი – 163 183; 2013 წელი – 150 607; 2014 წელი – 141 776; 2015 წელი – 125 301;
საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისთვის 60 ლარია, ხოლო ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ერთსულიანი ოჯახისთვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე ემატება 48 ლარი. სპეციალური ფორმულით გამოითვლება ზუსტი ოდენობა, რომელიც საკმარისი, ცხადია, არ არის. არსებობს თუ არა მოცემული სტატისტიკის პირობებში ამ მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა ან, საერთოდ, არის თუ არა ეს სტატისტიკა ზუსტი და აჩვენებს თუ არა ქვეყნის რეალურად მდგომარეობას? ეს, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გახლავთ.