globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 27 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 27th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ლადო პაპავასთან: „ასუსტებენ პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას“ // „პროკურატურის ამგვარი ქცევაც დიდი შეცდომაა, რაც ან უცოდინარობით არის დაშვებული, ან მიზანმიმართულად“ // „ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმისა და კრონიზმის პრინციპებით მართვა“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან: „ვინც ეს დაგეგმა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას გამოიწვევდა“ // „სოსო ოხანაშვილი­ დღეს პატრიარქის დაცვის უფროსი აღარ არის, ეს ფუნქცია ვანო კობაიძემ გადაიბარა“ // „სამწუხაროა, რომ მეუფე პეტრე მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „პატრიარქს რომ შევხედე, მივხვდი, მან იცის სიმართლე“ // „მამა გიორგის დაკითხვით სიმართლე გაცხადდება. თუ მას არ დაჰკითხავს პროკურატურა, მაშინ ჩვენ გამოვკითხავთ და გავასაჯაროებთ მის ჩვენებას“

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ თეოლოგ გიორგი ტიგინიშვილთან: „ფარულ ჩანაწერებში ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა იკვეთება“ // „პატრიარქმა ჩანაწერები ნაწილობრივ მოისმინა და საქმის კურსშია იმ პროცესების შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან იგეგმებოდა“

—–

რეზონანსი//მთელი კვირა: მამა გიორგის ციანიდი საპატრიარქოს გავლენიანმა წარმომადგენელმა ოქრომჭედლისთვის სთხოვა? // რას იტყვის სკანდალური ბრალდებით დაკავებული დეკანოზი დღეს ჩვენების მიცემისას

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „მგონია, რომ საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს“ // „თუ საზოგადოებაში ეკლესიის მსახურების თაღლითებთან გაიგივება დაიწყო, ამას ეკლესიისთვის და სახელმწიფოსათვის კატასტროფული შედეგები ექნება“

რეზონანსი//მთელი კვირა: ინტერვიუ ეკა გიგაურთან: „საპარლამენტო უმრავლესობა „მოსმენის კანონს“ რომ გვთავაზობს, ეს იმაზე უარესია, ვიდრე დღეს გვაქვს“

რეზონანსი//მთელი კვირა: სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვის დღე დანიშნა // რა გავლენას მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე, რომელიც თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო?

რეზონანსი//მთელი კვირა: სამი დღე ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების ხელმოწერამდე // თბილისის თხოვნით, ხელმოწერის სიმბოლურ ცერემონიალს საქართველოს წარმომადგენელიც დაესწრება

„კვირის პალიტრა“: ინტერვიუ ექსპერტებთან: „შესაძლოა, ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან წამოსულებმა სცადონ ჩვენი პასპორტების გამოყენება“

რეზონანსი//მთელი კვირა: რუსეთის 120 მოქალაქე და „საპასპორტო სკანდალი“ ცხინვალში // ედუარდ კოკოითისა და ანატოლი ბიბილოვის ალიანსი ლეონიდ თიბილოვის წინააღმდეგ

რეზონანსი//მთელი კვირა: დიდი „დათბობა“ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში // ოცთვიანი პაუზის შემდეგ უკრაინამ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი კიევშია მიწვეული

—–

„კვირის პალიტრა“: გაზზე ახალი ტარიფი დაწესდება?! // „სოკარში“ არ აკონკრეტებენ, რამდენი თეთრით შეიძლება გაიზარდოს გაზის ტარიფი

„კვირის პალიტრა“: გალარების ეფექტი // „მსესხლებლები აღარ ყიდულობენ დოლარს პროცენტის დასაფარად“

„კვირის პალიტრა“: „დავრჩით სომხების ამარა…“ // „ბაზრობაზე დგომის საფასური ძველებურად კვირაში 40 ლარია. ერთი მანქანა გასაყიდად შეიძლება 3 თვეც იდგეს“ // არ გიფიქრიათ, იაპონელები 100 დოლარად რატომ ყიდიან გაწკრიალებულ, ალუმინისდისკებიან მანქანებს? იმიტომ, რომ რადიაციულია…“

————————

„კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ლადო პაპავასთან: „ასუსტებენ პატრიარქს და მის უახლოეს გარემოცვას“ // „პროკურატურის ამგვარი ქცევაც დიდი შეცდომაა, რაც ან უცოდინარობით არის დაშვებული, ან მიზანმიმართულად“ // „ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმისა და კრონიზმის პრინციპებით მართვა

ნათია დოლიძე

საზოგადოების ყურადღება კვლავაც საქართველოს ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესებისკენ არის მიმართული. ამ თვალსაზრისით გასული კვირა დაძაბული და რთული აღმოჩნდა. პატრიარქის სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებამაც ვერ გაანელა ის ვნებათაღელვა, რამაც ე.წ. ციანიდის საქმის გახმაურების შემდეგ მოიცვა ქვეყანა. დაკავებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა და მიმდინარე კვირას ის გამოძიებას პირველ ჩვენებას მისცემს.

ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ექსპერტი ლადო პაპავა გვესაუბრება:

- ეკლესიის გარშემო შექმნილი ვითარების სრულფასოვნად შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ინფორმაცია ძალიან მწირი, ცალმხრივი და ხანდახან – ურთიერთგამომრიცხავია. ჩემი აზრით, მზაკვრული გეგმა, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის უნდა მიეყენებინათ დარტყმა, აამოქმედეს. თუ ვინ აამოქმედა ეს გეგმა, ამაზე პასუხი რომ გავცეთ, მეტი ინფორმაციაა საჭირო. ვის აძლევს ხელს დღეს ქვეყანაში არეულობა? ვინ უტევდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ეკლესიას? პასუხი ერთია: “ნაციონალური მოძრაობა”. თქვენს გაზეთთან საუბრისას აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ განსხვავება “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” სამინისტროებისა და უწყებების აპარატებს შორის, პრაქტიკულად არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის თუ პროკურატურის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაწესებულების აპარატი ამ ორი პარტიის შეზრდითაა ფორმირებული. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, “ქართულ ოცნებასთან” ინტეგრირებული “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებულია.

ნებისმიერ სტრუქტურაში, მათ შორის – საპატრიარქოშიც შეიძლება დაუშვან შეცდომები, არსებობდეს დარღვევები, რადგან ყველგან მოკვდავი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა გამოაშკარავებულიყო. დღეს მიდის ცალ კარში თამაში, ასუსტებენ პატრიარქის უახლოეს გარემოცვას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში დედაეკლესია გაიმარჯვებს!

- რა არის თქვენი ნახსენები გეგმის მიზანი?

- ეკლესიის, პატრიარქის დასუსტება. ჩვენში ყოველთვის მცდარი რეიტინგები დგებოდა, როდესაც იკვლევდნენ, ვის ენდობოდნენ ქვეყანაში ყველაზე მეტად. არ შეიძლებოდა, ამ რეიტინგებში ეკლესია ყოფილიყო პოლიტიკოსების ან სახელმწიფო სტრუქტურების გვერდით. ის, რომ ყველაზე მეტად ენდობიან მის უწმინდესობას და მასთან ერთად, ეკლესიას, ბევრს აღიზიანებდა. ნახეთ, ისევ ძველ საკითხებზე წარიმართა დისკუსია, მათ შორის იმაზეც, ეკლესიას უნდა ჰქონდეს თუ არა საბიუჯეტო დაფინანსება. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ჰქონდეს, ოღონდ ხარჯვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ.

- როდესაც ლაპარაკობთქართული ოცნებისადანაციონალური მოძრაობისშეზრდაზე, მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების აპარატს გულისხმობთ, თუ უფრო მაღალ პოლიტიკურ შრეებსაც?

- არ მინდა, დავიჯერო, რომ ამ პროცესში პირდაპირ მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ “ქართული ოცნების” დღევანდელი მთავრობის ზოგიერთი წევრი აშკარად არაკომპეტენტურია. შესაბამისად, უჭირთ ამა თუ იმ გამოწვევაზე დროული პასუხის გაცემა. ავიღოთ, თუნდაც, ერთ-ერთი ბოლო საკადრო გადაწყვეტილება – ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა ვიცე-პრემიერად. დავიჯერო, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა არ იცის, რომ ჯეჯელავას დადებითი რეიტინგი კი არა, ანტირეიტინგი აქვს?! თურმე, ალექსანდრე ჯეჯელავა მთავრობას საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს… და როგორ, როდესაც თვითონ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა?!

ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რაც მეტად გააკრიტიკებენ ჯეჯელავას, მით მეტ-ხანს შეინარჩუნებენ-მეთქი. აშკარად შევცდი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ მას არათუ შეინარჩუნებდნენ, დააწინაურებდნენ კიდეც! საკადრო პოლიტიკა, საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენები, “რუსთავი 2″-თან და “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებული პროცესები და ა.შ. – ეს ყველაფერი ერთიანი პროცესია. ძალიან სერიოზული ცვლილებების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მესვეურებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დამძიმდება ვითარება.

- არაერთი საფუძვლიანი ვარაუდი გამოითქმის, რომ ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს სახელმწიფო, შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ქვეყნის გარეთ არსებული ძალები დგანან

- გამორიცხული არაფერია. მაგრამ აქაც ისევ ხელისუფლების პასუხისმგებლობამდე მივდივართ. როდესაც ქვეყანა შეკრული და ძლიერია, მთავრობასა და პარლამენტში კი უმთავრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კომპეტენტური ადამიანები საქმიანობენ, გადაწყვეტილებებიც უფრო სერიოზული მიიღება და ქვეყანასაც ნაკლები ზიანი ადგება. რად გვინდა დიდი მარჩიელობა იმის დასადგენად, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი ჰყავს, რომლის ტანკებიც თბილისიდან 25 კილომეტრში დგას?! ეს რა, არ ვიცით?
პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას სჭირდება გონიერება, ხალხს კი – კონსოლიდაცია.
“მამული, ენა, სარწმუნოება” – ეს ფორმულაა, რომლითაც ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თვითმყოფადობა, სამშობლო. დღეს სამივე მიმართულებით პრობლემები გვაქვს.

დავიწყოთ მამულით. სამწუხაროდ, ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; დღემდე სახელმწიფომ ვერ ჩამოაყალიბა თავისი დამოკიდებულება მიწის მიმართ – შეიძლება მისი უცხოელებისთვის მიყიდვა თუ არა? ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ეს სახელმწიფოებრივი მიდგომის თემაა, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული; ეს უკავშირდება იმას, თუ როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი საქართველო.

ფორმულის მეორე პოსტულატია ენა.ჯერ რამდენი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ მიეღოთ. ჩვენს სამეზობლოში საქართველომ ეს კანონი ყველაზე გვიან – 2015 წელს მიიღო. მასში ჩაიწერა, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რომელიც ენის სიწმინდის საკითხებს დაარეგულირებდა… ჯერაც არ შექმნილა, რითაც მთავრობამ კანონი დაარღვია, მაგრამ არის კი ვინმე პასუხის მომთხოვნი?! 2017 წლის ბიუჯეტში ასეთი სტრუქტურის თაობაზე ჩანაწერი არსებობს, მაგრამ დაფინანსების გრაფაში წერია 0, ანუ არც წელს აპირებენ მის შექმნას!

მესამე გახლავთ სარწმუნოება, რომელსაც ახლა შეუტიეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაცილებით ძლიერია და ამ დარტყმებს გაუძლებს.

კიდევ ერთიც – ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმისა და კრონიზმის პრინციპებით მართვა. ეს რომ მოხდეს, საჭიროა, ქვეყანას მართავდნენ არა ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები და მენეჯერები, არამედ მმართველები, სახელმწიფო მოღვაწეები. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა მუდმივად სერიოზული საფრთხეების წინაშე იქნება.

- ეკლესიის გარშემო სკანდალის მიზეზი გახდა .. ციანიდის საქმე, რომელიც დღემდე ბუნდოვანია. საზოგადოებას უამრავი კითხვა აქვს, პასუხები კი არ ჩანს
- არა ვარ ამ საკითხის სპეციალისტი, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს, მეც მაქვს მთელი რიგი კითხვები, მათ შორის – გამაღიზიანებელიც. თუ ციანიდით ვინმეს მოწამვლა მართლაც იგეგმებოდა, ამის გაკეთება საქართველოში უფრო იოლი არ იქნებოდა, ვიდრე გერმანიაში?!
ჯერ საქართველოს საზღვარი უნდა გადაელახა, მერე მეორე ქვეყნის – გერმანიის საზღვარზე გადასულიყო, გაევლო არაერთი შემოწმება… თუ სამიზნე საავადმყოფოში მყოფი პირი იყო, მომწამვლელი ნივთიერება იქაც ხომ უნდა შეეტანა და ბოლოს, განა გერმანია ის ქვეყანაა, იქ ვინმემ ამგვარი ბოროტი ჩანაფიქრი განახორციელოს, ექსპერტიზა არ ჩატარდეს და არ გაირკვეს, რამ გამოიწვია სიკვდილი?!  გარდა ამისა, თუ ჩანთაში აღმოჩნდა ციანიდი, ეს არ ნიშნავს, რომ იქ მაინცდამაინც დაკავებულმა სასულიერო პირმა ჩადო. ეჭვს იწვევს ჩადების დროც, რადგან დაკავებულის ადვოკატებმა ისიც თქვეს, რომ ჩანთა გვიან ნახეს…
მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვაა…

- ერთი შეხედვით, პროცესები ისე განვითარდა, რომ ყველაფერი საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლას დაემსგავსა

- ჯერ ერთი, ქართველი ერი ბედნიერია, რომ მისი უწმინდესობა გერმანიიდან გამოჯანმრთელებული ჩამობრძანდა, რასაც ყველას ვულოცავ. მეორეც, ყოვლად ამორალური მგონია დღეს ამ თემაზე ლაპარაკი. ამას გადაწყვეტს სინოდი, როდესაც ამის დრო დადგება…
თუმცა, ალბათ, ყველას გვახსოვს “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებები ხელისუფლებაში ყოფნისას. ის აშკარად ამზადებდა პატრიარქობისთვის თავის კანდიდატს… უკვე აღვნიშნე, რომ “ნაცმოძრაობა” სახელმწიფო სტრუქტურებიდან არსად გამქრალა, ისევ იქაა და აგრძელებს თავის მავნე საქმიანობას, ამიტომაც გასაკვირი არაფერია. არ ვარ იურისტი, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს, ისიც მაღიზიანებს, რომ დაკავებული დეკანოზის დაცვის მხარეს არა აქვს საშუალება, სრულყოფილად ილაპარაკოს ამ საქმეზე. როდესაც ორ დაპირისპირებულ ძალას შორის ბრალმდებელი ლაპარაკობს იმას, რაც სურს და მეორე მხარეს არ ეძლევა საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის საშუალება, რიგითი ადამიანების დამოკიდებულება აშკარაა – ჩვენ სუსტის მხარეს ვართ. გვგონია, მას იმიტომ არ აძლევენ ლაპარაკის საშუალებას, რომ მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი. პროკურატურის ამგვარი ქცევაც დიდი შეცდომაა, რაც ან უცოდინარობით არის დაშვებული, ან – მიზანმიმართულად, ისევ და ისევ იმისთვის, რომ შეარყიონ ქართული სახელმწიფო.

- იყო მოლოდინი, რომ პატრიარქის დაბრუნების შემდეგ ვითარება ოდნავ მაინც დალაგდებოდა და ბევრი რამ გაირკვეოდა, თუმცა ასე არ მოხდა

- ეს თემა გასცდა საპატრიარქოს ფარგლებს. ლაპარაკია სისხლის სამართლის დანაშაულზე, მიდის გამოძიება. ეს თემა ასე ადვილად ვერ დაიხურება, მას უნდა მიეცეს კონკრეტული შეფასებები, რაც მთავარია, უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და მოიხსნას ყველა კითხვა. თუ ასე არ მოხდა, ეს, უპირველესად, იქნება არა საპატრიარქოს ან ხალხის, არამედ საქართველოს მთავრობის უდიდესი შეცდომა.

- პარლამენტში ცხარე კამათის ფონზე გრძელდება . ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა. “ნაციონალური მოძრაობადა მისგან გამოყოფილიევროპული საქართველომძაფრ ოპონირებას უწევენ უმრავლესობას და მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას და უკანონო მოსმენების აღკვეთას

- არც ამ საკითხის სპეციალისტი ვარ, თუმცა ვხედავ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ამ სფეროს რეგულირების მექანიზმი შეალამაზოს, თუმცა მოსმენებს მთლად ვერ ელევა… ისე, “ნაციონალური მოძრაობა” და მისგან გამოყოფილი პარტია ასეთი სიმძაფრით რომ აკრიტიკებენ ამ ცვლილებებს, ეს მოსმენები სულაც მათი დანერგილი არ არის?! ჩვენში ქართული “ნაციონალობა” მეტად საინტერესოდ ჩამოყალიბდა. ქვეყანაში გაჩნდნენ ლატენტური “ნაციონალები”, რომლებიც მენტალობით “ნაციონალები” გახლავან და როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” მართავდა ქვეყანას, მშვენივრად გრძნობდნენ თავს, ახლა კი “ქართულ ოცნებაში” გადაბარგდნენ და ახლაც მშვენივრად არიან… ლატენტური “ნაციონალობა” დაფუძნებულია ორ რამეზე – ფსევდოლიბერალურ ღირებულებებსა და ცოდნის უარყოფაზე. თუ მას აგრესიულობაც დაემატება, ეს უკვე სრულყოფილი “ნაციონალური მოძრაობაა”, იმ თავისი განაყოფებითურთ, რომლებსაც “გირჩი” და “ევროპული საქართველო” ეწოდება.

- ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან გამყარდა. ხელისუფლება ამას საკუთარი სწორი ნაბიჯებისმათ შორის, გალარების პროექტის შედეგად მიიჩნევს

- მოდი, ნუ გავაკრიტიკებთ მთავრობას იმისთვის მაინც, თუ რაღაც კარგი ხდება ქვეყანაში, თუმცა ეს პროცესი გლობალური ვითარების გაგრძელებაა და არა რაიმე განსაკუთრებული ნაბიჯების შედეგი.

რაც შეეხება გალარებას, ეროვნული ბანკის პოზიცია თავიდანვე იყო სწორი, როდესაც ითქვა, რომ გალარებას კავშირი არა აქვს ვალუტის კურსთან. ეს არის მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფზე ორიენტირებული პროექტი. უნდა ითქვას ისიც, რომ ეროვნულმა ბანკმა სერიოზული მუშაობა ჩაატარა, მათ შორის – საკუთარ ვებგვერდზე შექმნა კალკულატორი, რომლის საშუალებითაც ადამიანს, რომელსაც დოლარით აქვს სესხი, შეუძლია, დათვალოს, ლარში გადაყვანა რამდენად უღირს. მე თავიდანვე სკეპტიკურად ვიყავი ამ პროექტისადმი განწყობილი და ჩემი სკეპტიციზმი, სამწუხაროდ, გამართლდა: თვეზე მეტი გავიდა და დაახლოებით 5%-მა გამოიყენა ეს მექანიზმი, ანუ ეს საზოგადოებამ არ მიიღო. რაც შეეხება ლარის გამყარებას, როგორც კი თურქეთში ლირა სტაბილიზაციისკენ წავიდა, ეს აისახა საქართველოზეც. სხვანაირად ვერც იქნებოდა – თურქეთი ხომ ჩვენი უპირველესი სავაჭრო პარტნიორია…

- ქვეყნის ხელისუფლება მომავალ ტურისტულ სეზონზე დიდ იმედს ამყარებს

- ტურიზმისადმი ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის კრიტიკული იყო. ჩვენს სამომხმარებლო კალათაში 80% კვლავ იმპორტული საქონელი რჩება, ანუ ჩვენი წარმოებული მხოლოდ 20 %-ია, ტურისტი კი ისევ ამ იმპორტის დამატებითი მომხმარებელია… შეიძლება ამან განვითარების ილუზია შექმნას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ შედეგს არ მოიტანს… იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს, ხელისუფლებას სჭირდება ერთიანი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკა. ხელისუფლებას 2014 წელს მიღებული აქვს “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020″, რაც დავიწყებულია, შედეგად კი გვაქვს ფრაგმენტული, არაკომპლექსური ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის რეალურ განვითარებაზე არ არის ორიენტირებული…

- ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი აირის კომპანიების განაცხადების შესწავლას იწყებს. სემეკ-ში არ გამორიცხავენ, რომ გაზის ფასი გაიზარდოს

- გაზის გაძვირება გარდაუვალი იყო. საქართველოში ბუნებრივი აირიც იმპორტირებულია, შესაბამისად, ეროვნული ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება ლოგიკურად იწვევს თანამდევ პროცესებს და ეს მოულოდნელი არ არის. სავარაუდოდ, გაძვირებას ზაფხულიდან უნდა ველოდოთ. დასასრულ, გეტყვით: მინდა, რომ ერთხელაც გავიღვიძო ისეთ ქვეყანაში, სადაც გადაწყვეტილებების მიმღებთ ქვეყანაც ეყვარებათ და ცოდნაზეც არ იქნებიან აცრილები…

„კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილთან: „ვინც ეს დაგეგმა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში დაპირისპირებას გამოიწვევდა“ // „სოსო ოხანაშვილი­ დღეს პატრიარქის დაცვის უფროსი აღარ არის, ეს ფუნქცია ვანო კობაიძემ გადაიბარა“ // „სამწუხაროა, რომ მეუფე პეტრე მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს

რუსუდან შელია

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე “კვირის პალიტრის” კითხვებს ექსკლუზიურად ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი პასუხობს.

- მეუფე დიმიტრი, პირველ რიგში, თქვენთან გადავამოწმებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასდატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა საპატრიარქოს დაცვის ხელმძღვანელის პოსტი?

- გიდასტურებთ, სოსო ოხანაშვილი­ დღეს პატრიარქის დაცვის უფროსი აღარ არის, ეს ფუნქცია ვანო კობაიძემ გადაიბარა.

- როდის მიიღო საპატრიარქომ სოსო ოხანაშვილის შეცვლის გადაწყვეტილება და რატომ?

- დაცვის ხელმძღვანელის შეცვლა პატრიარქმა გადაწყვიტა, თუმცა ეს სოსოს თხოვნაც იყო – მან პატრიარქს სთხოვა, საგამოძიებო პროცესების დასრულებამდე­ ხელმძღვანელის პოსტიდან გარიდების­ უფლება მიეცა. როგორც პატრიარქის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, თავად­ აიღო პასუხისმგებლობა პროცესებზე,­ რადგან პროკურატურის განცხადება გარ­კვეულწილად სწორედ მის უფლებამოსილებას უკავშირდებოდა.

- ისიც საინტერესოა, რა სტატუსით­ დაიკითხა სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი­ მამალაძის დაკავებისთანავე?

- სოსო ოხანაშვილი მხოლოდ პატრიარქის კი არა, მთელი საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ითქვა, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთ თანამშრომელზე, სავარაუდოდ, თავდასხმა მზადდებოდა, სოსო ოხანაშვილმაც პასუხისმგებლობა ამის გამო აიღო. დანარჩენი ჩემთვის უცნობია.

- თავად თუ გჯერათ ვერსიისრომ­ელიც პროკურატურამ გაავრცელა?

- გამოძიების დასრულებას ველოდები. დღეს მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.

- პატრიარქს მთავარი პროკურორი­ და მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენცნობილია ისიც, რომ უწმინდესი საქმეში არსებ­ული­ მტკიცებულებების ნაწილს გაეცნო. ამასთან, იმავე დღეს თქვენც შეხვდით პატ­რიარქს. რა ინფორმაცია აქვს და რა საკითხზე ისაუბრეთ მასთან?

- რა მასალები გააცნეს პატრიარქს, არ ვიცი. პირადად მე, პატრიარქს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხად ვესტუმრე. მან იცის, რომ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ვერსიებზე საუბრისგან თავს ვიკავებ. ფაქტების დამტკიცება და დამოწმება აუცილებელია, მხოლოდ ამის შემდეგ გავაცნობ საზოგადოებას ჩემს ვერსიას­ თუ პოზიციას. ერთადერთი, რაც პატრიარქმა მითხრა, პროკურატურის წარმომადგენლებმა სთხოვეს, უსაფრთხოების მიზნით დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეხვედროდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა უსაფრთხოებაზეა საუბარი, ან რატომ შეიძლებოდა ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო პატრიარქთან სტუმრობისას.

- ეჭვი გაქვთ, რომ პროკურატურა გამიზნულად ცდილობს პატრიარქისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეხვედრა არ შედგეს?

- ჩემს ეჭვებს ამ ეტაპზე, ჩემთვის დავიტოვებ, გამოძიების დასრულებას ველოდები. უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, რადგან ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტებაო. ჭეშმარიტების შესაცნობად კი, სწორედ გამოძიების დასრულება აუცილებელია, რის შემდეგაც ჩემი დამოკიდებულების ღიად გაცხადებას არ მოვერიდები.

- პატრიარქის მიმართვაში ნათქვამი­ იყო, რომ პროკურატურისა და საპატრიარქოს­ ერთობლივი ძალისხმევით უნდა წარიმართოს­ გამოძიება, თუმცა ფაქტია, პატრ­იარქის გარდა, არც სასულიერო პირებს ეძლევათ­ დაკავებულთან შეხვედრის შესაძლებლობა. რატომ?

- პირადად მე არ ვფიქრობ, რომ საგამოძიებო პროცესში სასულიერო პირების ჩართვა აუცილებელია, რადგან ამას იურისპრუდენცია არ ცნობს. პატრიარქს­ აქვს სურვილი, ყველაფერი ობიექტურად გამოიძიონ, რასაც მოუთმენლად ველოდები. სხვა გზა და გამოსავალი ახლა არ მაქვს.

- რატომ არ გაქვთ სხვა გზა, თქვენც ხომ არ მიანიშნებთ ვერსიაზე, რომელიც მეუფე პეტრემ განაცხადა, – თითქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება თქვენს წინააღმდეგ, საპატრიარქოში თქვენი პოზიციის დისკრედიტაციისთვის იყო გამიზნული?

- ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა მეუფე პეტრე, თუმცა ფაქტია, ეს მხოლოდ ჩემს წინააღმდეგ კი არა, სრულიად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული პროცესია – ვინც ეს დაგეგმა და განახორციელა, ფიქრობდა, რომ საპატრიარქოში შიდა დაპირისპირებას გამოიწვევდა. თუ ამ პროცესის ორგანიზატორი ჩემს სიტყვებს­ კითხულობს, პირადად მას მივმართავ – საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიზანს ვერ მიაღწევს­, რადგან შიდა დაპირისპირება საპატრიარქოში არ მოხდება.

- ვის მიმართავთ, და თქვენი აზრით, ვინ არის ორგანიზატორი? ეჭვი გეპარებათ, რომ ის პროკურატურამ უსაფუძვლოდ დააკავა?

- არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მოწამვლას გეგმავდა, სანამ ბრალი არ დაუმტკიცდება, მას უდანაშაულოდ მივიჩნევ, თუმცა ბუნებრივია, თუ ეს დამტკიცდა, ის მთელ ამ პროცესს მარტო ვერ დაგეგმავდა. კიდევ ვინ არის მთელ ამ არანორმალურ ვითარებაში გარეული, სასულიერო თუ საერო პირი, მოლოდინის რეჟიმში ვარ – გამოძიების პასუხს ველოდები.

- ითქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სწორედ თქვენთან დაახლოებული პირია და ბათუმიდან თბილისში, საპატრიარქოს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე თქვენივე რეკომენდაციით დაინიშნა...

- ეს მეც მოვისმინე და გულწრფელად არ მესმის, რას ნიშნავს ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი? დიახ, დეკანოზი გიორგი მამალაძე მე ბათუმში მოძღვრად ვაკურთხე და ამ პასუხისმგებლობას სრულად ვიზიარებ. თუმცა ხაზგასმით ვაცხადებ, თბილისში ის ჩემგან დამოუკიდებლად მოხვდა – უხეშად გეტყვით, არავინ მკითხა აზრი, არც საქმის კურსში ჩამაყენეს ერთი წლის წინ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დანიშვნას ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე აპირებდნენ. ეს მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვე, რაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო.

- ვინ გადაწყვიტა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაწინაურება ერთი წლის წინ?

- დღეს ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

- და მომავალში დეკანოზის რეკომენდატორის ვინაობის გაჟღერებას მეტი მნიშვნელობა მიენიჭება?

- შემდეგი კითხვა დამისვით…

- ითქვა ისიც, რომ თქვენ და პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი დიდი ხანია დაპირისპირებული ხართ...

- ეს მხოლოდ ჭორებია. ადამიანები ხანდახან გარკვეულ საკითხებზე კამათობენ, მე და შორენასაც გვქონდა მსგავსი კამათი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირებულები ვართ ან ერთმანეთს მტრებად მოვიაზრებთ. მეტიც, შორენასთან ნათესაური კავშირიც მაქვს – ის ჩემი შვილიშვილის ნათლიაა. აქ მთავარი კითხვაა, რატომ ვერ ჩამოყალიბდა პროკურატურა საკუთარ პოზიციაში და რატომ გვესმის, რომ ხან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, ხანაც შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა? ერთმა დეპუტატმა ისიც კი თქვა, იქნებ დეკანოზს გერმანიაში ციანიდი გასაყიდად მიჰქონდაო. ფაქტია, ეს ორაზროვანი განცხადებები მთელ ამ პროცესს არასერიოზულს ხდის.

- ანუ, თქვენი შეფასებით, პროკურატურა ასეთ მნიშვნელოვან ბრალდებაში ვერ ჩამოყალიბდა?

- ეს პროკურატურამ უნდა გვითხრას, რატომ აკეთებენ ამას, ახლა პასუხი არ მაქვს.

- შორენა თეთრუაშვილის საკითხს დავუბ­რუნდეთ. მეუფე პეტრეს მტკიცებით, ის რამდენიმე სასულიერო პირსოქროს თევზებსუწოდებს, გავლენიან და მნიშვნელოვან საკითხებს ერთპიროვნულად, თავად წყვეტს

- შორენა თეთრუაშვილი 35 წელია პატრიარქის პირადი მდივან-რეფერენტია. კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას თუ ავად, ეს მხოლოდ პატრიარქის გადასაწყვეტია. ასე რომ, არც მეუფე პეტრეს, არც მე და არც ვინმე სხვას აქვს უფლება პატრიარქს­ უთხრას, შორენა თეთრუაშვილი მრჩევლად თუ მდივნად ნუ გეყოლებაო. სხვათა შორის, როდესაც მეუფე პეტრემ პირველად მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა, გერმანიაში ყოფნისას მივწერე, რომ მისი გამოსვლები ეკლესიის კეთილდღეობას არ ემსახურება. მიპასუხა – ვწუხვარ, რომ ასე ფიქრობო.

- თუ ეკლესიის არა, ვის კეთილდღ­ეობას ემსახურება მეუფე პეტრეს განცხადებები?

- როგორც გითხარით, თავად ამ პოზიციაში არ მეთანხმება – მე კი ისევ ვიმეორებ, სამწუხაროა, რომ მეუფე პეტრე მსგავსი შინაარსის განცხადებებს აკეთებს. მასთან ცუდი ურთიერთობა არასოდეს მქონდა, პირიქით, დღემდე კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თუ ჩემი გადმოსახედიდან შეფასებებში არ ვეთანხმები, ამაზე ღიად თქმას მოვერიდები. ასეთები ვართ ადამიანები – დემოკრატიაა და ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ღიად გამოხატოს.

- გერმანიიდან უწმინდესის მიმართვის­ სხვადასხვა ვერსია გავრცელდამოგვიანებით განმარტეთ, რომ ვიდეომიმართვის შეკვეცა გერმანიაშივე გადაწყვიტეთ, რადგან პატრიარქმა პროკურატურის ნაცვლად, გიორგი მამალაძე ახსენა. ვინ ესწრებოდა ვიდეომიმართვის ჩაწერას და რატომ გავრცელდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით?

- ვიდეომიმართვის ჩაწერისას პატრიარქთან მე, მეუფე გერასიმე, მეუფე თეოდორე, მეუფე ვახტანგი, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და შორენა თეთრუაშვილი ვიმყოფებოდით. პატრიარქს სურდა ეთქვა, პროკურატურა ხან ერთს ამბობს, ხან მეორეს და ეს გაუგებარია, რადგან მართლაც საგამოძიებო უწყება სხვადასხვა განცხადებას ავრცელებდა, თუმცა უწმინდესს შეეშალა და პროკურატურის ნაცვლად გიორგი მამალაძე ახსენა – არადა, ყველამ იცის, რომ დაკავებულ დეკანოზს განცხადება საერთოდ არ გაუვრცელებია და დუმილის უფლებას ინარჩუნებდა. იქ მყოფი პირები ერთხმად შევთანხმდით, რომ ვიდეო სწორედ შეკვეცილი ვერსიით გავრცელდებოდა, რადგან ჩავთვალეთ, უხერხულობას შექმნიდა ღიად გვეთქვა, რომ პატრიარქმა უნებლიე შეცდომა დაუშვა.

- თუ ეს საკითხი შეთანხმებული იყო და ყველამ იცოდა, რომ პატრიარქს უბრალოდ შეეშალა, რატომ არ გაავრცელა ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ იმ ფონზე, როდესაც ვიდეომიმართვის სრული ჩანაწერის მოგვიანებით გავრცელებამ კიდევ უფრო მეტი ინტერპრეტაციის საფუძველი გააჩინა და ისიც საინტერესოა, პალატაში მყოფთაგან ერთ-ერთმა გაავრცელა ამ განმარტების გარეშე ვიდეომიმართვა?

- საპატრიარქოს, ალბათ, ეს განმარტება უნდა გაევრცელებინა, თუმცა მაშინ ამისთვის არავის ეცალა – პატრიარქს მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა და ყველანი მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდით. თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, ეს დუმილი შეცდომა იყო, რადგან ვიდეომიმართვის სრული ვერსიის გავრცელება ლამის ტერორისტულ აქტადაც კი გამოაცხადეს. არადა, მხოლოდ მცირე შეცდომა იყო. სრული ვიდეო არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა გაავრცელა, თუმცა, როგორც მოგვიანებით მითხრა, ეს ბოროტი განზრახვით არ გაუკეთებია. იმის გამო, რომ მიმართვის ორად დაჭრილ ვიდეოს მითქმა-მოთქმა მოჰყვა, მან ახლობელს გადაუგზავნა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ახლობელმა გამოიყენა ვიდეომიმართვა ბოროტი განზრახვით და ის ერთ-ერთ ტელევიზიას მიაწოდა.

- არქიმანდრიტის ახლობელი სასულიერო პირია?

- დეტალები არ ვიცი, გამომძიებლისა და პროკურორის ფუნქციებს ვერ ვიტვირთავდი.

- მამა მიქაელ ბოტკოველსა და სოსო ოხანაშვილს შორის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ მათ ერთმანეთს ნაძირალა და მატყუარაც უწოდეს. როგორ წარმოგიდგენიათ ამ დაპირისპირების განეიტრალება?

- ვფიქრობ, სოსო ოხანაშვილი და მამა მიქაელ ბოტკოველი ვნაბათაღელვას აჰყვნენ. ამის გამო სოსო ოხანაშვილს შენიშვნაც მივეცი და ვუთხარი, რომ მამა მიქაელის მისამართით არაკორექტული განცხადება გააკეთა. შემდეგ მამა მიქაელსაც დავუკავშირდი და ჩემი ოჯახის წევრის განცხადების გამო (სოსო ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძეა) ბოდიში მოვუხადე.
მამა მიქაელსაც ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ, რადგან მას 30 წელია ვიცნობ. მას დავეთანხმე, რომ არ შეიძლება სასულიერო პირს სახალხოდ ცილი დასწამო და სიცრუეში დაადანაშაულო, მით უმეტეს, როდესაც მამა მიქაელს საგანგაშო არაფერი უთქვამს, უბრალოდ, განაცხადა – გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ მინახავსო. მათ შორის კონფლიქტი მალევე ამოიწურა.

- თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოხანაშვილი და მამა მიქაელი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურადაც კი დაუპირისპირდნენ და სწორედ მსგავსი ინფორმაციის შესაძლო გავრცელების შემდეგ უწოდა მამა მიქაელმა სოსო ოხანაშვილს ნაძირალა...

- ფაქტია, რომ უკვე ნერვების მოთოკვა უჭირთ და ეს ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მამა მიქაელსა და სოსო ოხანაშვილს შორის ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირება არ მომხდარა.

- როგორ წარმოგიდგენიათ საპატრიარქოში არსებული ვნებათაღელვის დაცხრომა, ისიც კი ითქვა, რომ საპატრიარქოდან პატრიარქის ფაქსიმილე გაქრა...

- ფაქსიმილეს გაქრობაზე ინფორმა­ცია ყურით მოტანილი ჭორია, საპატრიარქოდან არაფერი გამქრალა. რამდენჯერმე მართლაც გაიჟღერა ამ კონტექსტში პატრიარქის ანდერძის საკითხმა და გარკვეულმა ჯგუფმა ანდერძთან მეც დამა­კავშირა, თუმცა ეს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა. პატრიარქი ანდერძით მემკვიდრეს ვერასოდეს დატოვებს, ეს გამორიცხულია, აბსურდია. ანდერძში მხოლოდ მისი მოსაყდრეა მოხსენიებული, რომელმაც, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, მისი გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს. სწორედ ანდერძით დასახელებული მესაყდრე მართავს და იწვევს საეკლესიო კრებას, სადაც წმინდა სინოდი მომავალ პატრიარქს აირჩევს. ვიმეორებ, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს პატრიარქი, გარდაცვლილი უწმინდესი როგორ დატოვებს მემკვიდრეს მისი სურვილ­ისამებრ, როდესაც ხშირია შემთხვევა, ცოცხალ პატრიარქსაც არ ეპუებიან.

- რას გულისხმობთ?

- დიახ, ხანდახან ასეც ხდება – წმინდა სინოდი ცოცხალი ორგანიზმია და უამრავ საკითხს დიდხანს განიხილავენ, ბაასობენ. პატრიარქობის კანდიდატი წმინდა სინოდის 47-ვე წევრია, ასე რომ, ყველა შეიძლება მოიაზრებოდეს, ჩემ გარდა.

„კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან: „პატრიარქს რომ შევხედე, მივხვდი, მან იცის სიმართლე // მამა გიორგის დაკითხვით სიმართლე გაცხადდება. თუ მას არ დაჰკითხავს პროკურატურა, მაშინ ჩვენ გამოვკითხავთ და გავასაჯაროებთ მის ჩვენებას

თეა ხურცილავა

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკ­ანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ პროკურ­ატურის გარკვეული ქმედებები კითხვებს ბადებს: “24 თებერვალს მამა გიორგი მზად იყო, მიეცა სრულყოფილი ჩვენება. როგ­ორც კი მისი ხმის, ხელნაწერისა­ და”დნმ-ის ნიმუშების აღება დასრულდა, მოვემზადეთ ჩვენების მისაცემად, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლებმა წასვლა დააპირეს. კატეგორიულად მოვითხოვეთ, დაეკითხათ, მაგრამ ამაოდ. მამა გიორგი ამბობს, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებო”.

- სინოდის წევრებს საქმის დეტალები გააცანით?

- საპატრიარქოში დიდი სამთავრობო­ დელეგაცია იმყოფებოდა და, ეტყობა, სინოდის წევრებს გააცნეს საქმის მასალები. მამა გიორგიმ პატრიარქთან შეხვედრა ითხოვა. თუ პატრიარქი ამას ვერ შეძლებდა, სინოდის წევრები მაინც შეხვედროდნენ­ მას, მაგრამ ამას მოჰყვა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მასთან შეხვედრისგან თავი შეიკავეს. საინტერესოა, რა საფრთხე შეიქმნებოდა, თუ მასთან მეუფეები მიბრძანდებოდნენ?

- თქვენ შეხვდით პატრიარქს, რაზე ისაუბრეთ და ეს შეხვედრა ვისი ინიციატივით შედგა?

- ადვოკატ გიორგი ფანცულაიას დაუ­კ­ავშირდნენ საპატრიარქოდან და სთხოვეს, მივსულიყავით პატრიარქთან. სამივე მივედით და დაახლოებით 5 წუთი ვესაუბრეთ უწმინდესს. მას ზოგიერთ წვრილმანზე გავუმახვილეთ ყურადღება. არაერთხელ მოიკითხა პატრიარქმა მამა გიორგი.

- საქმის დეტალებით არ დაინტერესდა?

- ჩვენ ვუთხარით, რომ მამა გიორგი­ ყველაფერს გააკეთებს თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. პატრიარქს რომ შევხედე, მივხვდი, მან იცის სიმართლე. დარწმუნებული ვარ, სჯერა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. არ გვითქვამს ახალნაოპერაციევი პატრიარქისთვის, რომ მამა გიორგ­ის მასთან შეხვედრა სურს, ამას ვერ ვეტყოდით. ვუთხარით, მამა გიორგი ბედნიერია, კარგად რომ ხართ და ჯანმრთელობას გისურვებთო.

მამა გიორგი ამბობს, რომ უდანაშაულოა და ჩვენც ვუთხარით პატრიარქს, რომ მის წინააღმდეგ სამხილი არ არსებობს. მარტონი ვიყავით მის კაბინეტში და სხვა არავინ დასწრებია საუბარს.

- იქნებ გვითხრათ, კონკრეტულად, რა წერია ბრალში?

- მამა გიორგი მამალაძეს ბრალად ედება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.

- ამბობენ, თითქოს მაღალი იერარქიის­ პირის მკვლელობის მცდელობაზეც იყო საუბარი, მართალია?

- ბრალის დადგენილებაში ერთი სახელი და გვარი წერია და ეს შორენა თეთ­რუაშვილია. ჯერ ითქვა, თითქოს იგეგმე­ბოდა პატრიარქის მკვლელობა, შემდეგ მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მოწამვლა…

- რა ურთიერთობა ჰქონდა მამა გიორგის მთავარ მოწმე ირაკლი მამალაძესთან?

- ირაკლი მამალაძე ხშირად მიდიოდა­ მასთან სამსახურში. ირაკლი ამბობს, რომ არა აქვს ნათესაური კავშირი, თუმცა ამას უარყოფს მამა გიორგი და ამბობს, რომ ისინი ბიძაშვილებად ითვლებიან, ერთმანეთთან ნათელმირონობაც აკავშირებთ.

- ჩანაწერებში რაზე საუბრობენ?

- მკვლელობის მომზადება რომ იგეგმებოდა, ამაზე არსად არ არის საუბარი და არც იმაზე, რომ კონკრეტულად შორენას მოკვლა იგეგმებოდა.

- ირაკლი მამალაძემ გააკეთა ეს ჩანაწერები, თუ ოფიციალურად უსმენდნენ დეკანოზს?

- ორი თებერვლიდან დაიწყო მამა გიორგის მიყურადება და თვალთვალი, ამაზე სასამართლოს ბრძანება არსებობს. მას ფარულად დაუმონტაჟეს აპარატურა და რამდენიმე დღის განმავლობაში უსმენდნენ. გამოძიება ირწმუნება, რომ მამა გიორგიმ ციანიდი შეიძინა, თუ მას უსმენდნენ, მითხარით, გამოძ­იებას რატომ არა აქვს ვიდეოჩანაწერი, სად, როდის და ვისგან რა რაოდენობის ციანიდი შეიძინა. ასეთი რამ საქმეში არ არის. თუ ადამიანს აქვს კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება და ის ჩანთაში უდევს, რატომ არ დააკავა პროკურატურამ ჩანთით ხელში და რატომ დაელოდა, როდის ჩააბარებდა ბარგს. 6 საათისა და 40 წუთის შემდეგ მიუტანეს­ ჩანთა და თქვეს, იქიდან ამოვიღეთო. ამ დროში ყველაფერს ჩადებდნენ. ჩვენ ამ მტკი­ცებულების გამორიცხვას მოვითხოვთ, რადგან ეს არ არის მტკიცებულება.

- იმ ჩანაწერებში სიტყვაციანიდიფიგურირებს?

- გარკვევით არ ისმის. მას რამდენიმე­ დღე უსმენდნენ. ჩანაწერებში არის ყველა­ თემატიკა, თვით ყოფითი საკითხებიც. საჭიროა გაფილტვრა და იმის გარკვევა, რაც ბრალთან უშუალო კავშირშია. მამა გიორგის 2 თებერვლიდან­ უსმე­ნდნენ, ეტყობა, მანამდე ირაკლი მამალაძემ ფარულად ჩაიწერა საუბარი­ და ის მოასმენინა ადვოკატებს. ვერ გეტყვით, სასამართლოს განჩინების გარეშე უსმენდა თუ არა მამალაძე, ესეც გამოჩნდება.

- ამბობენ, მამა გიორგიმ ციანიდი ზესტაფონში შეიძინაო, არის ამის დამადასტურებელი მასალა საქმეში?

- არსად არ არის საუბარი, რომ ციანიდი ზესტაფონში შეიძინა. ჯერ არაფერი აქვთ შეს­წავლილი და გაჰკივიან, სახელმწიფო გადავარჩინეთო. იციან კი საერთოდ რამე მამა გიორგის პიროვნებაზე? ის ჩაქვის სასულიერო გიმნაზიაში 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ზრდიდა, პამპერსებსაც კი უცვლიდა. იყო ლექტორი, არის დოქტორანტი, სამი შვილის მამა, იყო ჩაქვის საპატრიარქო რეზიდენციის ხელმძღვანელი, ქონების სამსახურის უფროსი, არის ორი ჯვრის მატარებელი. სამღვდელოებაში ეს ყველაზე მაღალი წოდებაა, ამის ზემოთ უკვე ბერები ხდებიან და მერე ეპისკოპოსები. ბრალში წერია, რომ მკვლელობის მცდელობის მოტივი იყო ანგარება. მითხარით, რა ანგარება უნდა ჰქონოდა?

- მაშინ რატომ დააკავეს?

- ამას მამა გიორგი იტყვის, მე არ შემიძლია გასაჯაროება. მამა გიორგის დაკითხვით სიმართლე გაცხადდება. თუ მას არ დაჰკითხავს პროკურატურა, მაშინ ჩვენ გამოვკითხავთ და გავასაჯაროებთ მის ჩვენებას.

- როგორც ამბობენ, შოკის მომგვრელია­ ჩანაწერები. თქვენთვისაც მძიმე მოსასმენი­ იყო?

- ჩემთვის არ იყო მძიმე მოსასმენი…

- რამდენი პირი ფიგურირებს ჩანაწერებში

- სხვადასხვა ჩანაწერში სხვა­დასხვა­ პირი ფიგურირებს. ერთს გეტყვით, მაღალი იერარქიის პირები ჩანაწერებში არ ფიგურირებენ.

- რაც შეეხება მეორე ბრალდებას, იარაღს, ამ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს?

- ამოღებულია “ვალტერის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღს მართლა ინახავდა სახლში. ძველით ახალ წელს სთხოვეს მისი შენახვა. ვინ მისცა, ესეც ცნობილი გახდება მისი ჩვენების შემდეგ.

„კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ეოლოგ გიორგი ტიგინიშვილთან: „ფარულ ჩანაწერებში ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა იკვეთება“ // „პატრიარქმა ჩანაწერები ნაწილობრივ მოისმინა და საქმის კურსშია იმ პროცესების შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან იგეგმებოდა

ეკა ლომიძე

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, ავის მზრახველებს რამდენიმე გეგმა ჰქონდათ.

- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რასაც ვაცხადებ, გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციის საფუძველზე გაცხადებული რეალობაა. როგორც ვიცი, პატრიარქმა ჩანაწერები ნაწილობრივ მოისმინა და საქმის კურსშია იმ პროცესების შესახებ, რომელიც მის ზურგს უკან იგეგმებოდა. სატელეფონო საუბრების მიხედვით, განზრახული იყო პატრიარქის და მისი უახლოესი გარემოცვის, შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის მოკვლა. ფარული ჩანაწერების მიხედვით, ლიკვიდაციის რამდენიმე გეგმა განიხილება.

1. სატელეფონო საუბრებში მამალაძე ლაპარაკობს პატ­რიარქის მენიუზე, ძირითადად, ჩაიზე… ჩემი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ უწმინდესი ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაიცვლებოდა, მას მოწამლავდნენ, ციანიდის გარკვეულ დოზას კი მოათავსებდნენ შორენას ჩანთაში, რომელსაც როგორც მამხილებელ მტკიცებულებას, დაცვა აღმოაჩენდა და პატრიარქის მკვლელობას დააბრალებდა. ანუ თუ შორენას ვერ მოკლავდნენ, ამ ფორმით მოიშორებდნენ.

2. პატრიარქის ბუნებრივად გარდაცვალების შემთხვევაში კი შორენას მოკლავდნენ. იგეგმებოდა მეუფე იაკობის მოკვლაც, თუმცა, ჩანაწერებიდან არ ჩანს, მეუფეს და შორენას მოსაკლავად რა საშუალება გამოიყენებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფი­ციალურად არავინ არაფერს ამბობს, ძალიან ბევრმა იცის, რომ მეუფე იაკობის მოკვლა ციანიდის ამბის გახმაურებამდე და გიორგი მამალაძის დაპატიმრებამდე ერთი თვით ადრეც სცადეს. ჩანაფიქრის მიხედვით, მეუფე დაახლოებით ისე უნდა მოეკლათ, როგორც გურამ შარაძე, ქუჩაში, საიდანაც მკვლელი გაქცევას მარტივად მოახერხებდა. ჩემი ინფორმაციით, ეს ამბავი ჩანასახშივე აღკვეთეს ქართულმა სპეცსამსახურებმა. რატომ არ გახმაურდა ეს ამბავი? ალბათ ისევ ეკლესიის თხოვნით, რომ შიდა დაპირისპირებების თემა არ გახმაურებულიყო…

რამდენადაც ვიცი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის უწმინდესთან 15-წუთიანი სტუმრობის მიზეზი იყო შეთანხმება შემდეგზე, განუხორციელებელ დანაშაულში მონაწილე პირებმა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად უნდა აგონ პასუხი, ანუ როგორც იტყვიან, სასულიერო პირები უნდა დაიჭირონ. როგორც ვიცი, ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ… ვფიქრობ, დამნაშავეთა დასჯა გარდაუვალია, რის შემდეგაც ეკლესია თავის წიაღში თვითონვე მოაგვარებს დანარჩენ პრობლემებს.

——————–

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

მამა გიორგის ციანიდი საპატრიარქოს გავლენიანმა წარმომადგენელმა ოქრომჭედლისთვის სთხოვა? // რას იტყვის სკანდალური ბრალდებით დაკავებული დეკანოზი დღეს ჩვენების მიცემისას

სალომე სარიშვილი

დეკანოზი გიორგი მამალაძე სკანდალურ “ციანიდის საქმეზე” უკვე 2 კვირაზე მეტია დაკავებული, თუმცა, მისი დაკითხვა ჯერ კიდევ არ მომხდარა. სავარაუდოდ, იგი დღეს მისცემს ჩვენებას გამოძიებას. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ ამის შესახებ ღია განცხადება ჯერ კიდევ 2 დღის წინ გააკეთა. მანამდე კი დაცვის მხარე ბრალდებულის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ წნეხზე საუბრობს და აცხადებს, რომ დეკანოზის დაკითხვა განგებ ჭიანურდება, რათა სიმართლეს ფარდა რაც შეიძლება გვიან აეხადოს. ამასთან, დაკავებულის უფლებადამცველები იმასაც ამბობენ, რომ პროკურატურა ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დეკანოზს დაკითხვა 5-ჯერ შესთავაზეს, რაზეც ძალოვანმა უწყებამ უარი მიიღო.

ყოველივე ამის ფონზე გუშინ ამ სკანდალთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალი გაირკვა. პატრიარქმა კი სამებიდან ქადაგებით მიმართა მრევლს, თუმცა “ციანიდის საქმეს” არ შეხებია.

პატრიარქის ქადაგება

თავად პატრიაქმა გუშინ ტრადიციულ საკვირაო წირვაზე მისვლა ვერ შეძლო, თუმცა საღამოს შენდობის ლოცვა ჩაატარა და სამებაში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. იგი არც დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას და არც საპატრიარქოს წარმომადგენელთა ურთიერთბრალდებებს არ შეხებია. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, საკვირველია, როგორ იტევს ადამიანი თავის თავში ამდენ სიკეთეს, ამდენ ბოროტებას, ამდენ სიხარულს და მწუხარებას.

„მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ. სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება. მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ ვხვდებით მწუხარებას, ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ, რომელთათვის ვზრუნავთ. მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს ჩვენ მოთმინებას. ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთის, მაგრამ ადამიანში არის დიდი ბრძოლა და მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს. ხშირ შემთხვევაში თვითონ ადამიანი სჯის თავის თავს. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს, მარჯვნივ დადგება თუ მარცხნივ. თუ ბოროტია, ის მარცხენა მხარეს ირჩევს, თუ კეთილია – მარჯვენას. ღმერთმა ბოროტი ადამიანი რომ დააყენოს მარჯვენა მხარეს, ის ვერ გაუძლებს ამ მდგომარეობას. ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი”, – აღნიშნა პატრიარქმა. ბოლოს მან მრევლს შენდობა სთხოვა.

როდის დაიკითხება დაკავებული დეკანოზი

ორი დღის წინ, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს, ანუ დღეს დაიკითხება. გარდა ამისა, მან დეკანოზის ადვოკატის ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ბრალდებული დაკავების დღიდან გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარს ამბობდა.

“დაკავების შემდეგ მას 5-ჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა, ჩვენების მოცემაზე ყველა ჯერზე უარი თქვა. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე არაერთხელ შევთავაზეთ, თუმცა კვლავ უარი მივიღეთ. ბრალდებული ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ, როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას თავისუფლად შეეძლო საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბრალდებულის და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ პროცესს ვაჭიანურებთ, არის სიცრუე და მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისათვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა ნიმუშები.

რაც შეეხება დაკითხვას, გ. მამალაძე დაიკითხება ორშაბათს, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე”, – განაცხადა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილემ ორი დღის წინ.

ცნობისთვის: შეგახსენებთ, რომ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი 10 თებერვალს დააკავეს, რა დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენა. მაშინ დაცვის მხარე ამბობდა, რომ დაკავებული პატრიარქის გერმანიიდან დაბრუნებას ელოდა, ხოლო მისი ჩამობრძანების შემდგომ კი, ანუ 20 თებერვალს დაკავებულის უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ მამა გიორგი დუმილს დაარღევევდა.მთელი კვირაშეეცადა, ბრალდებულის დაკითხვის შესახებ მეტი დეტალები პროკურატურაში გადაემოწმებინა, თუმცა ჩვენი მცდელობის მიუხედავად, პროკურატურაში ჩვენს ზარს არ უპასუხეს.

რას ამბობს დაცვის მხარე

“ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი “მთელ კვირასთან” საუბრისას კატეგორიულად უარყოფს პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაკავების შემდეგ დაკითხვა 5-ჯერ შესთავაზეს. მიხეილ რამიშვილი ამის დასტურად, დაკავების შემდგომ მოვლენებს ქრონოლოგიურად იხსენებს და ამბობს, რომ ამავე ვადაში მამა გიორგისთვის დაკითხვის შეთავაზება შეუძლებელი იყო.

“გასაგები რომ იყოს, საკითხს ქრონოლოგიურად უნდა მივყვეთ. მამა გიორგი 10 თებერვალს დააკავეს, 11 თებერვალს კი მას ბრალი წაუყენეს, რად დროსაც მან დუმილის უფლება გამოიყენება და შესაბამისად, კანონის თანახმად ეს ნიშნავს, რომ იგი თავს უდანაშაულოდ ცნობდა. 12 თებერვალს მის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით მის მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი რუსთავის #6 დაწესებულებაში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეფ კი #9 დაწესებულებაში გადმოიყვანეს. რატომ ვყვები ამას ასე დეტალურად? – იმიტომ, რომ ეს რამდენიმე დღის ვადაში მოხდა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი მამა გიორგისთან შესული იყო როგორც სახალხო დამცელი, მისი უფლებადამცველები და შესაბამისად, ჩვენ მასთან კომუნიკაცია გვქონდა.

მოგეხსენებათ, მამა გიორგი პატრიარქის ჩამობრძანებას ელოდება და ვნახეთ, რომ ის მისი დაკავებიდან ზუსტად 10 დღეში ჩამობრძანდა. როგორც კი პატრიარქი ჩამოვიდა, ეს იყო 20 თებერვალს, ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ მამა გიორგი დუმილის უფლებას არღვევდა და შესაბამისად, მზად იყო ჩვენება მიეცა,” – ამბობს “მთელ კვირასთან” საუბრისას დაკავებული დეკანოზის ადვოკატი და იქვე უმატებს, რომ ზუსტად ამის შემდგომ, 23 თებერვალს დაცვის მხარემ პროკურატურას განცხადებით მიმართა.

შევთანხმდით, რომ მომდევნო დღეს, ანუ 24 თებერვალს მამა გიორგი დაიკითხებოდა. პარასკევს, ბრალდების მხარე დილით უნდა შესულიყო დასაკითხად, შემდეგ გვითხრეს, რომ დღის მეორე ნახევარში მოვიდოდნენ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად, ანუ 3 საათზე. 3 საათზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ერთი ექსპერტი სასამართლოში იყო, თურმე მთელი სახელწიფო ერთ ექსპერტზეა დამოკიდებული… როგორ შეიძლება ძალოვანი სტრუქტურა მეუბნებოდეს, რომ ექსპერტი რაღაც საქმეზეა და დაკავებულია. ალტერნატიული ექსპერტი არ არსებობს, თუ ერთ ექსპერტზე ვართ დამოკიდებული?! მოკლედ, ხუთის ნახევარზე მობრძანდნენ და მამა გიორგის ნიმუშები აიღეს, ეს მოიცავდა ხმის ნიმუშის აღებას, რომელიც 3 წუთსა და 7 წამს გრძლედებოდა, ასევე კალიგრაფიის ნიმუშის აღებას, რაც ასევე რამდენიმე წუთს გაგარძელდა და დეენემის ნიმუშის აღება, რომელიც რამდენიმე წამს გრძელდებოდა. მაქსიმუმ 45 წუთიანი პროცედურა 2 საათნახევარს გაწელეს და 7 საათამდე გააგრძელეს. მთელი ამ პროცედურის დროს ათჯერ მაინც ვკითხეთ მამა გიორგის – იყო თუ არა მზად ჩვენების მისაცემად, რაზეც დასტური მივიღეთ. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ თუ საჭიროა, დილამდე ვიჯდები და ჩვენებას მივცემო. თუმცა, როგორც კი ნიმუშების აღება დაასრულეს, ეგრევე წავიდენენ. არგუმენტად კი გვითხრეს, რომ რადგან არ იცოდნენ, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ჩვენება და რადგან სამუშაო დრო ამოიწურა, მამა გიორგის დაკითხვა არ შედგებოდა. თუ ასე იყო, მაშინ 6 საათზე პატიმრებთან შეხვედრის დრო ისედაც ამოწურული იყო და ეს ადმინისტრაციას უნდა ეთქვა – როგორ, თუ ექსპერტიზა შეიძლებოდა 6 საათის მერე, 7-იდან 10 საათამდე, კანონის თანახმად, დაკითხვაც არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო?! ამისთვის 3 საათი იყო დარჩენილი,” – ამბობს უფლებადამცველი და იქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით დასძენს, რომ დაკავებული დეკანოზი ჩვენების მისაცემად მზად იყო.

“დილამდეც რომ გაგრძელებულიყო დაკითხვა, ვერავინ ვერ გაბედავდა და ვერ იტყოდა შეწყვიტეთო, სანამ თავად მამა გიორგი არ იტყოდა, რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია. ისეთი განცდა დამრჩა, რომ სკოლაში ვიყავი, ზარი დაირეკა და გასაქცევად მოემზადნენ – დაამთავრეს თუ არა ნიმუშების აღება, პროკურორიცა და გამომძიებელიც, ყველა კარებში გავარდა. გვქონდა ცხარე კამათიც, მაგრამ არაფერმა არ გაჭრა. ასეთი რამ პრაქტიკაში არ მქონია, ბრალდებული დაკითხვას იხვეწებოდეს და ესენი ვაჭრობდნენ – აი, ვნახოთ, მომავალში შევთანხმდეთო. ამის ფონზე გამოდიან და კიდევ იმას ამბობენ, ადვოკატები ცრუობენო, სიცრუე მაგათი მოგონილია,” – აღნიშნავს მიხეილ რამიშვილი.

რატომ არ დაიკითხა ეჭვმიტანილი 17 დღის განმავლობაში

ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ყურადღებას დაკავების დღიდან მოყოლებულ პროცედურულ ნაწილზე ამახვილებს და ამბობს, რომ თუკი გარკვეულ გაუგებრობას არ ჩავთვლით, მნიშვნელოვან გადაცდომას ადგილი არ ყოფილა.

„თავდაპირველად, როდესაც პირს ბრალდება წარედგინება, ამ შემთხვევაში მას სთავაზობენ დაიკითხოს და მისცეს ჩვენება, მას კი შეუძლია მისცეს ჩვენება, ან გამოიყენოს დუმილის უფლება. დუმილის უფლება კი, ცხადია, არ ნიშნავს, რომ იგი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, თუ მას სურვილი გაუჩნდება ჩვენება მისცეს გამომძიებელს, ან თვითონ მიმართავს ან ადვოკატის მეშვეობით გამომძიებელს, რის შემდგომაც დაკითხვა ხდება. ასეთ შემთხვევაზე ჩემს პრაქტიკაში პრობლემა არასოდეს შემქმნია”, – ამბობს იოსებ ბარათაშვილი. მისივე თქმით, გაუგებარი, რატომ უნდა შეეთავაზებინა ბრალდების მხარეს 5-ჯერ დაკავებულის დაკითხვა. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ცოტა არაბუნებრივად ჟღერს.

„როგორც წესი, ბრალდების მხარე პირს დაკითხვას ერთხელ სთავაზობს და ეს ხდება დაკავების დროს, შემდეგ კი თუ თვითონ გაუჩნდება სურვილი, ამ შემთახვევაში აძლევს ჩვენებას. ერთი მხრივ, გაუგებარია, როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს 5-ჯერ შეეთავაზებინა დაკითხვა და მეორე მხრივ, ისიც გაურკვეველია, ასე სასწრაფოდ რატომ უნდა მომხდარიყო დაკითხვა – თუ საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი, ეს უნდა მომხდარიყო. თუმცა, დაცვის მხარის შეშფოთებაც მესმის იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ბრალდებულისათვის ეს ყველაფერი საფრთხის შემცველი იყოს.

საბოლოო ჯამში, მაინც მიმაჩნია, რომ ბრალდებულის დაკითხვა დროულად მოხდება. გადაცდომებს, ვერ ვხედავ, თუ იმას ჩავთვლით, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ყველასგან შეილახა და ამასთან, ინფორმაციას საზოგადოებას მხოლოდ ბრალდების მხარე აძლევს და შესაბამისად, დაცვის მხარეს გაუთქმელობის ხელწერილი აქვს, ამ შემთხვევაში შეჯიბრობითობის პრინციპის დარღვევა არის, სხვა მხრივ გადაცდომების, ვერ ვხედავ,” – განუცხადა “მთელ კვირას” ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.

ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი კი ფიქრობს, რომ ბრალდებულის დაკითხვის ნაწილში აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა, რადგან რეალურად პროკურატურას გადაცდომები არ ჰქონია. რაც შეეხება დაკავებულის ჩვენებას, გელა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მისი დაკითხვის ვადას ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის საჯარო მაინც ვერ იქნება და შესაბამისად, საზოგადოება დეტალებს ვერ გაეცნობა.

“რადგანაც მამა გიორგი დუმილის უფლებას იყენებდა, პროკურატურად ვერ ეტყოდა – გინდა თუ არა ჩვენება მომეციო. მამა გიორგიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ დუმილის უფლებას არღვევდა და შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაკითხვა პარასკევს მოხდებოდა. თუმცა, ამას წინ უსწრებდა ნიმუშების აღების პროცესი, რომელიც რაღაც ვადით გაგრძელდა. როგორც ორივე მხარე ამბობს, ეს პროცესი 7 საათამდე გაგრძელდა, რის შემდგომაც დაცვის მხარე ითხოვდა დაკითხვა გაგრძელებულიყოო, ბრალდების მხარე კი აცხადებდა, რომ დაკითხვის დაწყების შემთხვევაში, ის ბოლომდე უნდა მიეყვანათ, ვინაიდან კანონის თანახმად, საღამოს 10 საათის შემდგომ ბრალდებულის დაკითხვა არ შეიძლება,” – ამბობს ნიკოლეიშვილი და იქვე უმატებს, რომ თუკი სამი საათის განმავლობაში ბრალდების მხარე მას დაკითხავდა და შემდგომ შეწვყეტდა, ეს ისევ პროკურატურის უფლებამოსილება იქნებოდა. შესაბამისად, პროკურატურას არ სურდა შეწყვეტილი დაკითხვა და ის ორშაბათისთვის გადაიტანა. ვფიქრობ, ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რადგან ბრალდებული პარასკევს დაიკითხებოდა თუ ორშაბათს, ამას აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ ჩვენ კანონის თანახმად ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში გადაცდომებს ვერ ვხედავ,” – უთხრა “მთელ კვირას” ადვოკატმა.

რას იტყვის მამა გიორგი დაკითხვაზე

ჭყონდიდის ეპისკოპოსმა მეუფე პეტრემ კი გუშინ “იმედის” ერთერში რამდენიმე დეტალი გაახმაურა, რომელიც, სავარაუდოდ, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენებაშიც იქნება. მისი თქმით, ეს ყველაფერი კარგად დადგმული სცენარის ნაწილია, რომელიც იმით დაიწყო, რომ საპატრიარქოს “ერთ-ერთმა გავლენიანმა ადამიანმა” მამა გიორგის თავისი ოქრომჭედელი ნათესავისთვის ციანიდი სთხოვა და ისიც მიუთითა, თუ ვისი დახმარებით შეძლებდა მის შოვნას დეკანოზი გიორგი მამალაძე – “საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრის, ირაკლი მამალაძის საშუალებით.

“საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი მამა გიორგის სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს დამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს და ასევე ოქროსთან აქვს შეხება. შემდეგ იწყება ამ მსტოვრის ჩართულობა და მომზადება იმისათვის, რომ ეს ციანიდი არა საპატრიარქოში ერთ-ერთი ადამიანის დავალებით ოქრომჭედლისთვის არის საჭირო, არამედ თითქოს საპატრიარქოში მკვლელობის მომზადებისათვის”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „მგონია, რომ საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლა მიმდინარეობს“ // „თუ საზოგადოებაში ეკლესიის მსახურების თაღლითებთან გაიგივება დაიწყო, ამას ეკლესიისთვის და სახელმწიფოსათვის კატასტროფული შედეგები ექნება

ეკატერინე ბასილაია

“შეიძლება დღევანდელ თაობას რა ახსოვს, მაგრამ ფილმებიცაა და ლიტერატურაც, მთელი კომუნისტური პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ ეკლესიის მსახურები არიან თაღლითები. ამის რეანიმაცია თუ დაიწყო საზოგადოებრივ აღქმაში, ეს კატასტროფა იქნება. ერთხელ და სამუდამოდ ხალხს უნდა უთხრან, სად მიდის ის ფული, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს და რა ხდება ამ სტრუქტურაში ფინანსური კუთხით,” – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისივე აზრით, თავისთავად ნონსენსია, როდესაც ეკლესიაში უმაღლესი სასულიერო პირები მატერიალურ საკითხებზე ლაპარაკობენ.

- ორი კვირაა, “ციანიდის საქმედა ზოგადად ეკლესიის შიდა სკანდალი გრძელდება და თქვენ ყველაზე მეტად კითვხები რასთან დაკავშირებით გიჩნდებათ?

- პირველად მოხდა, რომ ამ ხნის განმავლობაში საპატრიარქოში მიმდინარე რაღაც პროცესები – ხელოვნური, ინსპირირებული თუ რეალური, საზოგადოებრივი მსჯელობის ასპარეზზე გამოვიდა და ათასნაირი ვერსიებიც გაჩნდა. უნდა ვთქვა ისიც, რომ ეკლესია არის ის ინსტიტუტი, რომელმაც გარკვეულწილად საზოგადოებრივი ერთიანობა შეინარჩუნა. ერთადერთი ინსტიტუტია, რომელსაც დაკარგულ ტერიტორიებზე იურიდიული გავლენა აქვს და ეს ტერიტორიები საქართველოს ეკლესიის ნაწილად მიიჩნევა. ამასთანავე, ეკლესიამ შეძლო ისიც, რომ ამ 25 წლის განმავლობაში ნეიტრალური და პოლიტიკური ძალებისგან ცალკე მდგომი დარჩა. ამდენად, საკმაოდ მოულოდნელი იყო, რაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს რა ხდება რეალურად ეკლესიაში და ის, რაზეც არის საუბარი, რასთან არის დაკავშირებული.

რა თქმა უნდა, ყველა ძალა შეეცდება ამ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ 2 კვირის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მიუღებელი არის ის, რომ სასულიერო პირები გამოდიან და საეკლესიო დებატები საჯარო სივრცეში გადმოიტანეს. არ მგონია, ეს გამართლებული იყო და წაადგეს ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს. მაგრამ არის მეორე მხარე – რადგან ეს გახდა საჯარო ინფორმაცია და გვინდა-არ გვინდა ამ ორი კვირის განმავლობაში ამაზე საუბარი გვიწევს, ახლა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და გამოძიებას. თუ შავი ლაქები დარჩა, ჩათვალეთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და ეს დამთრგუნველი იქნება მოსახლეობისთვის. ასევე არასტაბილურობის განცდა შემოვა უკვე ამ ინსტიტუტში, რომელიც გარკვეული სტაბილურობით გამოირჩეოდა.

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პრობლემას, იქნება ეს პატრიარქის მომავალ მემკვიდრესთან დაკავშირებული, ფინანსურ ურთიერთობებთან, მდივანთან და ა.შ., ყველა ამ კითხვას ცალსახა პასუხი უნდა გაეცეს. პროკურატურის მიერ დადებული ძიების შედეგი ეკლესიისთვის და საზოგადოებისთვის მისაღები უნდა იყოს.

- საპატრიარქოში არსებული შესაძლო ფინანსური მაქინაციების თემა ვინ უნდა გაარკვიოსსაპატრიარქომ თუ საერო გამოძიებამ?

- ყველა თემა, რომელმაც წამოიწია, უნდა იქნეს შესწავლილი და გამოძიებული და, რა თქმა უნდა, ეს საგამოძიებო უწყებამ უნდა გააკეთოს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ეს საქმე საპატრიარქოს შიგნით გაირკვეს. არ ვამბობ, რომ ეკლესიისგან იზოლირებულად უნდა წავიდეს ძიება და ეს საქმე ვერც წავა ეკლესიის მსახურთა მონაწილეობის გარეშე. ეკლესიას არ აქვს მექანიზმები, ძიება ჩაატაროს და გამოიკვლიოს.

- ხშირად გვსმენია, რომ ეკლესიის საქმეებში საერო ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს და თუნდაც ეს პრობლემა საპატრიარქომ შიდა აუდიტით მოაგვაროს

- ეს უფრი ღრმა პრობლემაა, ვიდრე, დავუშვათ, საპატრიარქოში არსებული ორი დაჯგუფების დაპირისპირება. ეკლესიამ რა შედეგიც არ უნდა დადოს, ერთი მხარე ყოველთვის იტყვის, რომ “მართალი ვარ და ეს შედეგი არ ვარგა”. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ნეიტრალურია, ის უნდა იყოს კიდეც ნეიტრალური და გამოძიებაში ყველა მხარე უნდა ჩაერთოს.

- რაც პატრიარქი ბერლინიდან ჩამოვიდა, ჩვენ მხოლოდციანიდის საქმეზეგვესმის საუბრები. ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებიც საპატრიარქოს სტუმრობენ, მხოლოდ ამ საქმეზე ლაპარაკობენ და არავინ ახსენებს შესაძლო კორუფციაზე არსებულ ბრალდებებს. რჩება თუ არა აღქმა, რომ ეს მეორე თემა მიიჩქმალება?

- ძიების ტექნოლოგიებს არ ვიცნობ და არ ვიცი კომპლექსურად ყველა მიმართულებით ძიება ერთად უნდა დაწყებულიყო თუ არა. გასაგებია, რომ “ციანიდის საქმე” უფრო აქტუალურია. ბოლოს და ბოლოს, თავიდან სახელისუფლებო ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფისკენ იყო მიმართული.

კი, ბატონო, შეიძლება არ იყო პატრიარქის წინააღმდეგ, მაგრამ თავისთავად პირველი რა თქმა უნდა არის სიცოცხლის ხელყოფა და ჯერ ეს საქმე უნდა დაიდოს. აქედან გაიხსნება ის კვანძიც, რომლესაც ფინანსური ოპერაციები ჰქვია. არ ვიცი ამ თემის მიჩუმათება ხდება თუ არა, რადგან არ ვიცი გამოძიება რა მიმართულებით მუშაობს, მაგრამ ვიცი, რომ ამის იგნორირება არ შეიძლება. თუ ეს მოხდება, ჩათვალეთ, რომ ძიება არასრულფასოვნად ჩატარდა, მაქსიმუმ კი – ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას ან რაღაც ძალებს არ აძლევს ხელს ამ საკითხებში გარკვევა.

მკვლელობის მცდელობის გამოძიების შემდეგ საქმე უკვე მოსახლეობის ეკლესიისადმი ნდობის საკითხს შეეხება. თუ მოსახლეობა ჩათვლის, რომ ეკლესიაში ფინანსური მაქინაციები მიდის, ნდობა, რომელიც წლების განმავლობაში იქნა მოპოვებული, დაიკარგება და გაქრება ის ერთადერთი ინსტიტუტი, რომლისადმი ნდობაც მოსახლეობაში ძალიან მაღალია. მივალთ იქამდე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი წავა ძალიან ცუდად. თავისთავად ნონსენსია, როდესაც ეკლესიაში უმაღლესი სასულიერო პირები მატერიალურ საკითხებზე ლაპარაკობენ და დავა მიდის. თუ ეს გაუხსნელი დარჩება, ეს ეკლესიისთვის დიდი ნაღმია. თუ გვინდა ან ეკლესიის მსახურთ უნდათ, რომ ეს ინსტიტუტი შეინარჩუნონ, საზოგადოებაში გავლენა ჰქონდეს, ეს საქმე უნდა გაიხსნეს. ეკლესია კი ამას თავის ძალებით ვერ მოახერხებს, ის სარწმუნო არ იქნება.

- ეკლესიის ფინანსებზე საუბარი ითვლებოდა მკრეხელობად, ახლა ამ ტაბუს ერთგვარი ახსნა, თან თავად სასულიერო პირების მხრიდან. ეს კარგია თუ ცუდი?

- სწორედ იმან, რომ ეს თემები ტაბუდადებული იყო და მისი კონტროლი არ ხდებოდა, მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მივედით. როგორ შეიძლება ეკონომიკური ურთიერთობები ტაბუდადებული იყოს?! მუდმივად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს ეკლესიაზე გავლენა მოიპოვოს. ამას ყველა ხელისუფლება ცდილობდა. წინა ხელისუფლებამ მათ მანქანები დაურიგა და დაიწყო მათი მოსყიდვა. პრობლემა ის კი არ არის, რომ სასულიერო პირი კარგი “ჯიპით” დადის, პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობაში განცდა რჩება, რომ უმაღლესი სასულიერო პირებიც ისეთივე საქმეებში არიან ჩართული, რაშიც საერო პირები და ეს ეკლესიისადმი ნდობას აქვეითებს.

შეიძლება დღევანდელ თაობას რა ახსოვს, მაგრამ ფილმებიცაა და ლიტერატურაც, მთელი კომუნისტური პროპაგანდა აგებული იყო იმაზე, რომ ეკლესიის მსახურები არიან თაღლითები. ამის რეანიმაცია თუ დაიწყო საზოგადოებრივ აღქმაში, ეს კატასტროფა იქნება. ერთხელ და სამუდამოდ ხალხს უნდა უთხრან, სად მიდის ის ფული, რომელსაც სახელმწიფო ეკლესიას აძლევს და რა ხდება ამ სტრუქტურაში ფინანსური კუთხით.

- თავად ციანიდს საქმეზე თუ გიჩნდებათ კითხვა რომელიმე მიმართულებით?

- ამაზე საუბარი ძალიან გამიჭირდება, რადგან არც გამოძიების მასალებს ვიცნობ და არც მის მიმდინარეობას. ხვალ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ უარყოს იმას, რომ ციანიდი ვიღაცის ხელყოფისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც სასულიერო პირი ასეთ ნაბიჯზე მიდის, ეს ნორმალურია?!

გამოძიებას უნდა დაველოდოთ და ყველაფერი უნდა აგვიხსნან. შეიძლება მქონდეს გარკვეული ვერსიები. თუნდაც ის, რომ საპატრიარქოში დაპირისპირება ორ ჯგუფს შორისაა, არ მგონია, რომ ეს მარტო ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. მგონია, რომ საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო.

- თქვენი აზრით, რატომ არ დაკითხეს ამდენ ხანს დეკანოზი გიორგი მამალაძე, ან მის ადვოკატებს რატომ არ ეძლევათ უფლება იმ ბრალდებებზე გასცენ პასუხი, რასაც მათ პროკურატურა და პროკურატურის მოწმეები საჯაროდ უყენებენეს კითხვებს არ გიჩენთ?

- არ ვიცი, ალბათ პროცესუალური ნორმებიდან გამომდინარე. წინააღმდეგი ვარ ისეთი შეფასებების, რაც არ ვიცი. ძიების ღია პროცესი არ ვიცი რომელ ქვეყანაში არსებობს. პროკურატურისადმი პრეტენზიები შეიძლება გაჩნდეს მას შემდეგ, რაც საქმე დასრულდება და ვნახავთ, სასამართლოში რა პროცესი მიდის.

- პროკურატურის მიერ ჯერ მინიშნება იყო პატრიარქზე და შემდეგ ირკვევა, რომ ბრალდებაში სასულიერო პირის მოწამვლის დაგეგმვაზე არ არის საუბარი, რის გამოც ოპოზიცია მთავარ პროკურორს უნდობლობასაც უცხადებს. თქვენი აზრით, რაში დასჭირდათ ტემპერატურის აწევა და ხალხის დაზაფვრა?

- პროკურატურას „პატრიარქი“ არსად არ უთქვამს. ლაპარაკი იყო „უმაღლეს სასულიერო პირებზე“. პროკურატურას ჰქონდა ინფორმაცია, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი მიჰქონდა. კაცი დააკავეს ციანიდით, რომელიც მიდიოდა გერმანიაში და მიღებული ინფორმაციითვე მას უმაღლესი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა ჰქონდა განზრახული, ამის შემდეგ ლოგიკურად სხვა ვარაუდი არ არსებობს. არ ვიცი, რას ამბობს დაცვის მხარე ან სოსო ოხანაშვილი, რატომ უნდა მივიღო მათი ნათქვამი ბაჯაღლო სიმართლედ?! ოხანაშვილი ერთს ამბობს, ბოტკოველი მეორეს, პროკურატურა კი იმისთვისაა, რომ ეს ყველაფერი შეაჯეროს და საბოლოო ჯამში გვითხრას – რა მოხდა.

ვთვლი, რომ პროკურატურა უნდა იყოს საკმაოდ ფრთხილი და მოზომილი. მათ ხშირად გაურბით სიტყვა და სჯობს მოზომილი იყოს. აღმასრულებელი ხელისუფლება ხომ მოზომილი უნდა იყოს და იყოს. მათ არც ვამართლებ, მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის. მთავარ პროკურორს თუნდაც პირდაპირ პატრიარქი რომ ეხსენებინა, არ მგონია, ამის გამო მას უნდობლობა უნდა გამოვუცხადოთ. უნდობლობის გამოცხადება თუ ვინმეს უნდა, ძიება როცა დამთავრდება და პასუხგაუცემელი კითხვები დარჩება, მაშინ სხვა საკითხია.

- მომდევნო დღეებში რა მოლოდინი გაქვთ? რამე გაირკვევა?

- თუ არ გაირკვევა, ეს ხელისუფლებისთვის და ეკლესიისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება. ეს “იუთუბზე” რაღაც ვიდეოს ატვირთვა არ არის, ეს ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. მგონია, რომ ფინანსური საკითხები გამოყენებული იქნა რაღაც მიზნებისთვის და თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს გამოძიებას, ეს იქნება დიდ დარტყმა და ჩავთვლი, რომ პროკურორი უნდა წავიდეს და მოვიდეს ის ხალხი, ვინც რეალურად გამოიძიებს საქმეს.

- რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ ეკლესიის დაფინანსება დღევანდელი სახით უნდა შეწყდეს. იზიარებთ, რომ სახელმწიფოსგან დაფინანსების საკითხი უნდა გადაიხედოს?

- ჩემი აზრით, ეს ის თემა არ არის, რომ დღეს ამის განხილვაი დაიწყოს პარლამენტში ან პოლიტიკურ წრეებში. დღესდღეობით ვითარება საკმაოდ რთულია. მე უფრო იმის მომხრე ვარ, რომ სახელმწიფომ გაარკვიოს, რაში იხარჯება ეს თანხები.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ეკა გიგაურთან: „საპარლამენტო უმრავლესობა „მოსმენის კანონს“ ომ გვთავაზობს, ეს იმაზე უარესია, ვიდრე დღეს გვაქვს

თიკო ოსმანოვა

ე.წ. მოსმენის კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც საკონსტიტუციო, ასევე სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, ახლად მიღებული კანონი წინა ნორმაზე უარესია. ამიტომ, მისივე თქმით, “ეს შენ გეხება”-ს ფარგლებში, შესაძლოა, აქციებიც განაახლონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლოზეა. ეკა გიგაური ხაზს უსვამს, რომ “ოცნებას” საკონსტიტუციო უმარავლესობა აქვს და აქ სამოქალაქო სექტორი უძლურია.

ე.წ. მოსმენის კანონზე და არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმებზე “მთელი კვირა ეკა გიგაურს ესაუბრა.

ეკა გიგაური: დიდი ხანია, წლების განმავლობაში ვითხოვთ, რომ ე.წ. მოსმენების კანონმდებლობა, რომელიც ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტის დროს მიიღეს, შეიცვალოს. ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი მიზანია მაქსიმალურად დაირღვეს ადამიანის უფლებები. ეს ასევე დამტკიცდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ეს კანონი. მაშინ სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო პრაქტიკით და საქართველოს კონსტიტუციით. ახლა იმაზე საუბარი, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, არასწორია. საპარლამენტო უმრავლესობა რასაც გვთავაზობს, ეს იმაზე უარესია, ვიდრე დღეს გვაქვს. იმიტომ, რომ თუკი აქამდე გვქონდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამსახური, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მოსმენას ახორცილებდა – ჰქონდა პირდაპირი წვდომა მობილურ ოპერატორებში დაცულ ინფორმაციასთან – დღეს გვექნება რამდენიმე უწყება, რადგან, ახალი პროექტის შესაბამისად, ამ სამსახურს ეყოლება წარმომადგენლები რეგიონებში და უფრო “ორგანიზებულად” შეძლებენ დალრღვიონ ადამიანის უფლებები და მოიპოვონ პირადი ინფორმაცია.

ამ კანონს სხვა პრობლემებიც აქვს. მაგალითად, თუ აქამდე არაფორმალურად ხდებოდა და აიძულებდნენ მობილურ ოპერატორებს კონკრეტული ტექნიკა შეეძინათ იმისთვის, რომ სახელმწიფოს თვალთვალი განეხორციელებინა, დღეს ეს კანონში იწერება და კანონით ავალდებულებენ ასეთ უკანონო ქმედებებს. ვხედავთ, რომ მობილური ოპერატორები ამას ეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ამ მოდელით, რომელსაც გვთავაზობს უმრავლესობა, არ სრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პრაქტიკულად იგნორირებულია საქართველოს კონსტიტუცია, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი და დაუშვებელია.

- აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხომ არ მოხდება ამ კანონის გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოში?

- ცხადია, შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ პარალელურად ასევე ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ეს სისტემა არღვევს ადამიანის უფლებებს. გვესმის, რომ ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ამ კანონით, ერთი მხრივ, მოსახლეობის უფლებები არ არის დაცული და მეორე მხრივ, ირღვევა ადამიანის უფლებებიც.

ყველა ის მოდელი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, განსაკუთრებით დასაწყისში, იყო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. და ის, რომ უმრავლესობა საუბრობდა – ექსპერიმენტების დრო არ არისო – ძალიან მაინტერესებს, ის მოდელი, რასაც ისინი გვთავაზობენ, არის თუ არა ექსპერიმენტი და რომელ ქვეყანას დაგვისახელებენ, სადაც ასეთი რაღაც ხდება.

- ხელისუფლების განმარტებით, თქვენ მიერ შეთავაზებული ვარიანტი სულ სხვა პრობლემებს გამოიწვევდა…

- აქ მთავარი ისაა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს არ უნდა ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა მობილური ოპერატორების ტექნიკაზე და იქ დაცულ ინფორმაციაზე. ეს არის ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც არის ყველა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, რომ სამართალდამცავ ორგანოებს პირდაპირი წვდომა არ ჰქონდეთ. ამიტომ ჩვენ სულ თავიდან, როდესაც კამპანია “ეს შენ გეხება” დავიწყეთ, ვითხოვდით, რომ მობილურ ოპერატორებს ჰქონდეთ გასაღები. ეს არის ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც არის სხვა სახელმწიფოებში.

დღეს კი ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოვნახოთ გზა იმისათვის, რომ არ ჰქონდეთ სამართალდამცავებს პირდაპირი წვდომა და ე.წ. გასაღები ჰქონდეს რაიმე სხვა სააგენტოს. ანუ, ეს არის გამოსავალი იმ სიტუაციიდან, რომელშიც ჩვენ ვართ და ამ გამოსავალით ფაქტობრივად შესრულდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

- გარდა სამართლებრივი ბრძოლისა, განახლდება თუ არა საპროტესტო აქციები?

- ცხადია ვფიქრობთ, როგორ შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინით საზოგადოების ინფორმირება, თუ რა დარღვევებია ამ კანონში. საპროტესტო აქციები ან კონკრეტული ქმედებები გვექნება. თუმცა, ასევე ძალიან კარგად ვიცით, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ყველა ბერკეტი მათ ხელშია და შეუძლიათ ნებისმიერი კანონი მიიღონ, ან ნებისმიერი რამ გააკეთონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამას საბოლოოდ საკონსტიტუციო, ან სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს და დაადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამდენი წელია ვამბობთ.

- თქვენი აზრით, პრეზიდენტი დაადებს თუ არა ამას ვეტოს?

- ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, პრეზიდენტს ამ კანონთან და ამ სისტემასთან დაკავშირებით ყოველთვის სწორი ხედვა ჰქონდა. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვეტოს დაადებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

სტრასბურგის სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმის ხელახალი განხილვის დღე დანიშნა // რა გავლენას მოახდენს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე, რომელიც თავის დროზე ნაცმოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო?

გვანცა ღვედაშვილი

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს. სასამართლოს დიდმა პალატამ პირველი სხდომა 8 მარტს დანიშნა.

უკვე ცნობილია, რომ მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ნონა წოწორიაც, რომელიც თავად მონაწილეობდა მერაბიშვილთან დაკავშირებით საქმის თავდაპირველ განხილვაში და იმ განაჩენის გამოტანაში, რომელიც მოგვიანებით ქართულმა მხარემ გაასაჩივრა.

ხელახალ განხილვაში მისი მონაწილეობა, სტრასბურგის სასამართლოს წესებიდან გამომდინარე, აუცილებელიცაა, რადგანაც იგი საქართველოს წარმოადგენს და დიდ პალატას სწორედ მან უნდა გააცნოს, თუ ზოგადად სამართლებრივად რა ვითარებაა საქართველოში, როგორია ქართული კანონმდებლობა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ა.შ.

ნინო წოწორია 2004-2008 წლებში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. იგი “ნაციონალური მოძრაობის” აქტიურ მხარდამჭერადაა ცნობილი, თუმცა ძნელია იმის თქმა, რა როლი ითამაშა მისმა პოლიტიკურმა სიმპათიებმა 2016 წელს სტრასბურგის სასამართლოს მიერ “ნაცმოძრაობისა” და მერაბიშვილისათვის მისაღები გადაწყვეტილების გამოტანაში, ან რა გავლენას მოახდენს იგივე ფაქტორი ამ საქმის ხელახალ განხილვაზე.

იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, რომ იგი დიდი პალატის წევრი იქნება, თუმცა ამბობენ, რომ პოლიტიკურ შეფასებებს ვერ გააკეთებენ და არ ისაუბრებენ ამ განხილვებზე წოწორიას ფაქტორის გავლენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 13 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა, სტრასბურგის სასამარლოს მიერ მერაბიშვილთან დაკავშ|რებით გამოტანილი გადაწყვეტილება. რომლის მიხედვითაც, ყოფილი მინისტრის წინასწარი პატიმრობა კანონიერი იყო, თუმცა, კითხვებს ბადებდა 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული სარჩელის განხილვას დათანხმდა სასამართლო და მერაბიშვილის საქმეს დიდ პალატას გადაეცემა.

“მოთხოვნა იყო, რომ საქმე გადასცემოდა 7 მოსამართლიდან 17 მოსამართლეს, ანუ დიდ პალატას, სადაც ჩვენ განვიხილავდით მე-18 მუხლის საკითხს თავიდან… ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ შესულიყო ძალაში, რადგან მივიჩნევდით მას უპრეცედენტოდ, რადგანაც ეწინააღმდეგებოდა ამავე სასამართლოს მრავალი წლის მანძილზე დამდგარ პრეცედენტულ სამართალს. ამიტომ გავასაჩივრეთ დიდ პალატაში და ყველა მოთხოვნა დაკმოყოფილებულ იქნა, ანუ საქმე მთლიანად გადაეცა თავიდან განხილვაში დიდ პალატას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მე-18 მუხლთან შესაბამისობაში, ივნისში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის დაკავება “გამოყენებულ იქნა დამატებით საშუალებად საგამოძიებო ორგანოების მიერ, რათა მიეღოთ დამატებითი ბერკეტები სხვა საქმეების გამოძიებაში – კერძოდ, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან, ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფინანსური საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით. დაკავება არ უნდა ემსახურებოდეს მიზანს, გამოყენებულ იქნეს იგი, როგორც მორალური ზეწოლის საშუალება ბრალდებულზე. შესაბამისად, იყო კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას, მეხუთე მუხლის პირველ პარაგრაფთან ერთობლიობაში”.

აქვე აღსანიშნავია, რომ ნონა წოწორია, რომელიც ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის 1 თებერვალს დაინიშნა და 9 წლის ვადით არის არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს მას სტრასბურგში მოსამართლეობის ვადა გაუვიდა. თუმცა როგორც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინა წარმომადეგენელი მინდია უგრეხელიძე “მთელ კვირასთან” აცხადებს, ნონა წოწორიას ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვაში მონაწილეობის სრული უფლება აქვს, რადგან ის ეროვნული მოსამართლეა. ერთადერთი, რაც შესაძლოა დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს, არის ის, ჰქონდა თუ არა მას მერაბიშვილთან რაიმე სამსახურებრივი კავშირი. არც ვადის გასვლა და არც წინა განხილვაში მონაწილეობა ამ შემთხვევაში ხელის შემშლელ ფაქტორად არ ითვლება.

“ნონა წოწორიას აქვს უფლება საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ ვადა გაუვიდა, რადგან სანამ საქართველოდან ახალ მოსამართლეს არ აირჩევენ და ფიცს არ დადებს, მანამდე არსებული მოსამართლე ვალდებულია, გააგრძელოს თავისი უფლებამოსილებების აღასრულება. ნონა წოწორიას საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება იმ შემთხვევაში არ ექნება, თუ მოსამართლედ დანიშვნამდე იყო რაიმენაირად დაკავშირებული ვანო მერაბიშვილთან. თავის დროზე ის იყო ზურაბ ადეიშვილის მოადგილე და სტრასბურგში რომ ახლა ზურაბ ადეიშვილს ასამართლებდნენ, მას არ ექნებოდა საქმეში მონაწილეობის უფლება”, – გვითხრა მინდია უგრეხელიძემ. მისივე თქმით, ნონა წოწორია სტრასბურგში მოსამართლედ დანიშვნამდე “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი იყო, თუმცა მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ მას თავისი პარტიული კუთვნილებისა და პოლიტიკური გემოვნების დავიწყება ევალდებოდა. მინდია უგრეხელიძე იმედს გამოთქვამს რომ ნონა წოწორიამ ეს შეძლო, თუმცა, დარწმუნებული არ არის.

„მე როგორც ვიცი, თავის დროზე ნონა წოწორია იყო “ნაციონალთა” აღმსარებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას. მას შემდეგ, რაც ის მოსამართლე გახდა, მას ევალებოდა დაევიწყებინა არა მხოლოდ პარტიული კუთვნილება და პოლიტიკური გემოვნება, არამედ ყველა ადამიანს ევალდებოდა, “დავიწყებოდათ” თავისი ეროვნება, რადგან იქ შენ საქართველოს წარმომადგენელი კი არ ხარ, არამედ საქართველოდან არჩეული მოსამართლე, რომელმაც ყოველგვარი სიმპათია-ანტიპათიის გარეშე უნდა იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე. მინდა ვიქონიო იმედი, რომ ნონა წოწორიამ შეძლო დაეძლია ეს ფსიქოლოგიური ბარიერი”, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ფაქტს, რომ მერაბიშვილის საქმის პირველი განხილვის შემთხვევაშიც იღებდა მონაწილეობას წოწორია. ვინაიდან ის ამ შემთხვევაში ეროვნული მოსამართლეა, სტრასბურგის სასამართლოს შიდაგანაწესიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა, რადგან სწორედ მან უნდა გააცნოს მოსამართლეებს ქვეყანაში არსებული ვითარება, კანონმდებლობა და ა.შ.

“ყოველი საქმის განხილვის დროს აუცილებელია დიდ პალატაშიც მონაწილეობას იღებდეს ეროვნული მოსამართლე, ვინაიდან მან უკეთ იცის ფაქტობრივი ვითარება ქვეყანაში და მისი საკანონმდებლო ბაზა. ეროვნულ მოსამართლეს არათუ უფლება აქვს საქმეში მონაწილეობისა, არამედ ევალება კიდეც. ამიტომ, თუკი სხვა რაიმე მიზეზი არ არის, სრული უფლება აქვს წოწორიას, საქმეში მონაწილეობა მიიღოს, თუ რაიმე არ შეიცვალა კანონმდებლობაში”, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

სამი დღე ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების ხელმოწერამდე

ოფიციალური თბილისის თხოვნით, ხელმოწერის სიმბოლურ ცერემონიალს საქართველოს წარმომადგენელიც დაესწრება

გვანცა ღვედაშვილი

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებასა და შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი 1 მარტს ბრიუსელში გაიმართება. როგორც “მთელი კვირისთვის” გახდა ცნობილი, აღნიშნულ ცერემონიალს საგარეო საქმეთა მინისტრს დაესწრება. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ეს ერთგვარი გამონაკლისი იქნება ევროკავშირში დადგენილი წესიდან, რადგანაც საქართველო 1 მარტს ხელს არაფერს აწერს, ხოლო მსგავს ღონისძიებებზე მესამე ქვეყნის წარმომადგენლის დასწრებას ევროკავშირის შიდა რეგულაციები არ ითვალისწინებს.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ღონისძიებას საქართველოსათვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ბრიუსელში დათანხმდნენ ოფიციალური თბილისის თხოვნას, რომ ცერემონიალს საქართველოს წარმომადგენელიც დასწრებოდა.

ბრიუსელში პრეზიდენტი არ წავა, რადგან ამ დღეს მას სხვა ვიზიტი აქვს დაგეგმილი. ხოლო პრემიერის წასვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

შეგახსენებთ, რომ უვიზო რეჟიმის მინიჭებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია პირველმა რადიო “თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს კორესპოდენტმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის შესაბამისი წარმომადგენელი ხელს მოაწერენ ცვლილებას, იგი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.

როგორც წესი, დოკუმენტის გამოქვეყნებიდან 20 დღეში ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შესაძლებელი იქნება. თუმცა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე “მთელ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, რომ გარკვეული პროცედურული გაწელვის გამო უვიზო მიმოსვლის რეალურად ამოქმედება შესაძლოა მარტის ბოლომდე ან აპრილის დასაწყისამდე გადავადდეს.

როგორც პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “მთელ კვირას” განუცხადეს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, წავა თუ არა პრემიერი ბრიუსელში. ეს საბოლოოდ 28 თებერვალს გაირკვევა.

რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მას პირველ მარტს ბელარუსში აქვს ვიზიტი დაგეგმილი და შესაბამისად, ბრიუსელში ხელმოწერის ცერემონიალს, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ წავა ბრიუსელში დაგეგმილ ცერემონიალზე საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში წინასწარ არის განსაზღვრული, რომელ ცერემონიალზე ქვეყნის რომელი წარმომადგენელი უნდა წავიდეს.

„მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება, მაგრამ სჯობს, ამ ცერემონიალზე პრეზიდენტი წავიდეს. ადრე, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება ფორმდებოდა, ღარიბაშვილი წავიდა და ახლა პრეზიდენტის რიგია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში გაწერილია, ქვეყნის რომელი წარმომადგენელი რომელ ღონისძიებაზე უნდა წავიდეს. თუმცა, ჩვენთან ყოველთვის არის ვნებათაღელვა. გვხასოვს, რა არაჯანსაღი და ქვეყნისათვის სამარცხვინო დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა წასულიყო ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ამიტომ ახლა მიმაჩნია, რომ სჯობს, პრეზიდენტი წავიდეს”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ამ ეტაპზე უკვე დაზუსტებითაა ცნობილი, რომ ცერემონიალზე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

„ევროკავშირის სამართებრივ რეგულაციებში ნებისმიერი სახის ხელმოწერის პროცედურა არ არის ცერემონიული ხასიათის და მითუმეტეს არ ითვალისწინებს მესამე ქვეყნის მონაწილეობას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის ამ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ბრიუსელს თხოვნით მივმართეთ და ჩემი უწყების მხრიდან შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება აღნიშნულ ცერემონიალს. ასევე დავამატებ, რომ ეს იქნება მხოლოდ დასწრება, რადგან ქართული მხარე ხელს არაფერს აწერს. ევროკავშირის მხრიდან ეს ტექნიკური ცვლილებების ხელმოწერაა”, – განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

ინტერვიუ ექსპერტებთან: „შესაძლოა, ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან წამოსულებმა სცადონ ჩვენი პასპორტების გამოყენება

ეკა ასათიანი

უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა საქართველოს დიდ პრივილეგიას ანიჭებს. ამიტომ ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პასპორტების აღების სურვილი გაუჩნდეთ.

გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი:

- ვფიქრობ, უცხოელებს საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილი აუცილებლად გაუჩნდებათ. პირველ რიგში, ეს საგრძნობი ჩვენს სამეზობლოში გახდება.
კავკასიის რეგიონში არავინ სარგებლობს ამ პრივილ­ეგიით და ბევრს გაუჩნდება საქ­ართველოს პასპორტის აღების სურვილი. სავარ­აუდოდ, ფიქტიური ქორწინებების რიცხვი­ გაიზრდება, რაც უცხოელებს­ საქართველოს პასპორტის ასაღებად დას­ჭირდებათ.

- რომელი ქვეყნების მოქალაქეებს გაუჩნდებათ პასპორტების აღების სურვილი?

- ასეთი ქვეყანა შესაძლოა იყოს ირანი, რომელიც ჩაკეტილია და მის მოქალაქეებს შეზღუდული აქვთ ევროკავშირის ქვეყნებში გასვლის საშუალება. ძალიან სახიფათოა ისიც, რომ შეიძლება ერაყიდან, სირიიდან და ავღანეთიდან წამოსულებმა სცადონ ჩვენი პასპორტების გამოყენება. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა რთულია, მაგრამ სახელმწიფო ნებისმიერ გამოწვევას მომზადებული უნდა შეხვდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზალიბერალიზაციის შემადგენელი ნაწილია მისი შეჩერების მექანიზმი.

არ იქნება სასიამოვნო, თუკი უცხოელები ქართული პასპორტებით გადავლენ ევროპულ ქვეყნებში და იქ დარჩებიან, რაც იმ ქვეყნების უკმაყოფილებას გამოიწვევს, ვინც საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. ისედაც დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ სირიიდან გამოდევნილი რადიკალი ისლამისტები, შესაძლოა, საქართველოს საზღვრებს მოადგნენ. ამის საფრთხეს ვერ ვხედავ, თუმცა არც ზერელედ უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ხშირად ასეთ თემებს­ უცხო სპეცსამსახურის წარმომადგენლები, “აგენტები” აჟიოტაჟის შესაქმნელად წამოსწევენ ხოლმე, რაც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ და ვცადოთ, რეალობა­ გაზვიადების გარეშე შევაფასოთ, თუმცა ყურადღების მოდუნებაც არ გვმართებს.

———

ბადრი ნაჭყებია, ტერორიზმის და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

- აუცილებლად წამოვა ტალღა ჩრდილო კავკასიიდან, ჩეჩნები შეეცდებიან საქართველოს გავლით დასავლეთის ქვეყნებში შეღწევას, რასაც სიტუაციის მკაცრად გაკონტროლება დასჭირდება. ქართული პასპორტებით სარგებლობის სურვილი სომხეთის მოქალაქეებსაც გაუჩნდებათ, საამისოდ ახალციხის და ახალქალაქის მოსახლეობასთან ნათესაურ კავშირებს გამოიყენებენ. გაიზრდება ფიქტიურ ქორწინებათა რიცხვიც. უფრო პრობლემურია სირიიდან და ერაყიდან წამოსული ლტოლვილების საკითხი… ამ სახელმწიფოებიდან ისედაც ბევრი მოქალაქე ჩამოვიდა, ზოგი – ლეგალურად, ზოგიც – არალეგალურად… ბევრი მათგანი საქართველოდან ევროპაში გადასვლას შეეცდება. მრავალი სტუმარი გვყავს აფრიკული ქვეყნებიდანაც… განსაკუთრებით სახიფათოა ვიზიტორები იმ ქვეყნებიდან, სადაც არსებობს სერიოზული ტერორისტული ორგანიზაციები. მაგალითად, ჩვენ გვყავს უამრავი ინდოელი სტუდენტი და დასაქმებული… მათგან ბევრი იმ მჭიდროდ დასახლებული მაჰმადიანური რეგიონებიდან არის, სადაც ტერორიზმი ყვავის. უნდა გამკაცრდეს საბაჟო კონტროლი, გაძლიერდეს საგარეო დაზვერვა და შეიზღუდოს საფრთხის შემცველი ქვეყნებიდან მოქალაქეების მიღება, თუნდაც მათ ტურისტული ვიზები ჰქონდეთ. ვგულისხმობ არა შემოსვლის აკრძალვას, არამედ შეზღუდვას. არ უნდა დავუშვათ, რომ უცხოელების გამო ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. თუ ეს მოხდა, ჩვენს მოქალაქეებს ვიზების აღება და ევროპულ ქვეყნებში გასვლა უფრო გაურთულდებათ და დღევანდელზე მძიმე სიტუაცია შეექმნებათ.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

რუსეთის 120 მოქალაქე და საპასპორტო სკანდალი ცხინვალში

ედუა კოკოითისა და ანატოლი ბიბილოვის ალიანსი ლეონიდ თიბილოვის წინააღმდეგ

ნინო ომანაძე

„საპრეზიდენტო“ არჩევნებამდე ორი თვით ადრე დე ფაქტო ცხინვალის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი „საპასპორტო სკანდალში“ გაეხვია. სამხრეთ ოსეთში, რომლის მოსახლეობაც, „ოფიციალური მონაცემებით, სულ რაღაც 53 532 ადამიანს შეადგენს, სავარაუდოდ, „არჩევნების“ გაყალბებისთვის ემზადებიან. „პრეზიდენტსა“ და „პარლამენტს“ შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, დე ფაქტო ლიდერი საკუთარ მომხრეებს რუსეთში ეძებს.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ამ ეტაპზე მთავარი კანდიდატები არიან მოქმედი “პრეზიდენტი” ლეონიდ თიბილოვი, “პარლამენტის” მოქმედი თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი და ექს”პრეზიდენტი” ედუარდ კოკოითი. ამათგან, ოფიციალური მოსკოვის ფავორიტად თიბილოვი მიიჩნევა. კოკოითის, სავარაუდოდ, “არჩევნებში” საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე უარს ეტყვიან, რადგანაც სეპარატისტთა კანონმდებლობით დადგენილ საცხოვრებელ ცენზს არ აკმაყოფილებს.

შესაბამისად, მთავარი ბრძოლა თიბილოვსა და ბიბილოვს შორისაა მოსალოდნელი. თუმცა, ექსპერტები მიუთითებენ, რომ თუკი დე ფაქტო ცსკ-ს მიერ დაწუნებული კოკოითის მომხრეები ბიბილოვს შეუერთდებიან, ამ ტანდემს კრემლის ფავორიტი თიბილოვისათვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია.

ასეთი შესაძლო გარიგების კონტურები უკვე გამოიკვეთა და შესაძლოა ამიტომაც, თიბილოვმაც უკვე დაიწყო ზრუნვა თავის მომხრეთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდაზე.

როგორც მედია გამოცემა „ეხო კავკაზა“ იუწყება, ორი დღის წინ სოციალურ ქსელებში “პრეზიდენტ” თიბილოვის ბრძანებულება გავრცელდა, რომელიც რუსეთის 120 მოქალაქისთვის სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეობის“ მინიჭებას ეხებოდა. მედიაგამოცემის ინფორმაციით, ცხინვალელი ექსპერტები ამ ფაქტს წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ეს ბრძანებულება „წინასაარჩევნოდ“ ყალბი პასპორტების მასობრივად გაცემის თაობაზე მოარულ ხმებს ადასტურებს.

„პრეზიდენტ“ ლეონიდ თიბილოვის ხსენებული „ბრძანება“ 2017 წლის 8 თებერვალსაა ხელმოწერილი და იმავე დღეს შევიდა ძალაში.

სეპარატისტთა კანონმდებლობის მიხედვით, ე.წ. პრეზიდენტს ამა თუ იმ პირისთვის “მოქალაქეობის” მინიჭების უფლება გააჩნია. თუმცა, სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი ის ფაქტი გახდა, რომ “მოქალაქეობა” მიანიჭეს ისეთ პირებს, რომლებიც მეტწილად ოსური წარმომავლობის არიან, მათ შორის დაღესტნის მცხოვრებლებსაც.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ადამიანი, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა”, ვალდებულია განცხადებით მიმართოს შესაბამის კომისიას, წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მისი წინაპრების ურთიერთობას ცხინვალთან. სამართალდამცავი ორგანოები განიხილავენ ამ დოკუმენტებს, გასცემენ თანხმობას და მერე ეს საბუთები ხვდება კომისიის წევრების მაგიდაზე. კომისია იღებს გადაწყვეტილებას და მიმართავს “პრეზიდენტს” მოქალაქეობის მინიჭებაზე. თუმცა, როგორც რუსული გამოცემა იუწყება, მასობრივი პასპორტიზაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს დე ფაქტო შსს-ს საპასპორტო მაგიდის ხელმძღვანელი მურად თიბილოვი.

ცხინვალის მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ამ სკანდალურ ფაქტებს ადასტურებს „საპარლამენტო უმრავლესობის“ წევრი პეტრე გასიევი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხს “პარლამენტი” უკვე განიხილავს და მიმართავს “რესპუბლიკის შსს-ს”.

„თვის დასაწყისში პარლამენტში დარეკა მოქალაქემ, რომელიც იუწყებოდა იაფიდ და სწრაფად მოქალაქეობის მიღებაზე. გუშინ გამოქვეყნდა ინფორმაცია პრეზიდენტის ბრძანებულებაზე, რომელიც მთელი რიგი ადამიანისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ეხება. გვაინტერესებს, რატომ გახდა საჭირო რუსეთის მოქალაქეებისთვის მასობრივად პასპორტების მიცემა? პრეზიდენტს დე იურე აქვს ამის უფლება, მაგრამ რატომ ხდება ეს არჩევნების წინ და ვინ არიან ეს ადამიანები? იანვრის თვეში კოკოითის მომხრეებმა პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია ჩრდილო ოსეთში მცხოვრები თიბილოვის მომხრეებისთვის პასპორტების უკანონოდ გადაცემის შესახებ. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან ის სამხედროებიც, რომლებსაც აქვთ სამხრეთ ოსური ფესვები. დღეს შემატყობინეს, რომ პასპორტები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებს გადაეცათ, ერთ წელიწადში გაუქმდება, ვინაიდან ამ პასპორტებს აქვთ სპეციალური, შეზღუდული სერია. ასევე ამბობენ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც პასპორტები გადაეცათ, შუამავლებმა აუხსნეს, რომ ისინი ვალდებული არიან ხმა მისცენ მათ კანდიდატს. ასევე ამ ახლადგამოჩეკილ მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება ფიზიკურად გამოცხადდნენ საპასპორტო ოთახში, კოორდინატორები მათ არჩევნებზე მიყვანას უზრუნველყოფენ და ასევე გადასცემენ 5000 რუბლს”, – აცხადებს პეტრე გასიევი.

„მთელ კვირასთან“ საუბრისას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ცხინვალის სოც.ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის პიარ აქციას უწოდებს.

„მე არცერთის მომხრე არ ვარ, მაგრამ ეს სკანდალი, რომელიც ამ დღეებში აგორდა, ოპოზიციის ქმედება მგონია. მათ კანონებს ჩვენ არ ვაღიარებთ, მაგრამ “მოქალაქეობის” მინიჭებაზე იგივე პროცედურებია იქაც, როგორც ჩვენთან, ასე მარტივად ვერავინ მიიღებს “მოქალაქეობას”. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელიც წლებია ცხინვალში ცხოვრობს, მაგრამ პასპორტი ვერ აიღო. ესაა ედუარდ კოკოითის და ანატოლი ბიბილოვის პიარ აქცია. ხალხს წინასწარ უმტკიცებენ, რომ გაყალბება იქნება, რათა დაპირისპირება გამოიწვიონ.

ედუარდ კოკოითიმ გუშინწინ დე-ფაქტო ცესკო-ში შეიტანა მომხრეების ხელმოწერები, რომ „პრეზიდენტობის“ კანდიდატად დარეგისტრირდეს, მაგრამ მას “არჩევნებში” მონაწილეობის არანაირი შანსი არ აქვს. მაქვს ვარაუდი, რომ კოკოითისა და ბიბილოვს შორის შედგება ალიანსი, “არჩევნებში” კოკოითის მომხრეები ბიბილოვს დაუჭერენ მხარს. ბიბილოვის პარტიამ “პარლამენტში” უმრავლესობა მიიღო, ის ცდილობს დაუმტკიცოს ყველას, რომ გამარჯვების ძალა აქვს. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრემლმა არჩევანი ლეონიდ თიბილოვზე გააკეთა. ამას კრემლის ლიდერის მრჩევლის ვლადისლავ სურკოვის განცხადებებიც მოწმობს.

ასევე შემიძლია ვთქვა, რომ არც ბიბილოვის წინააღმდეგია კრემლი, ორივე კანდიდატს თითქმის თანაბარი შესაძლებლობები აქვს. ოპოზიციური ძალების გაერთიანება თუ მოხდა, ისინი მხარს მოქმედ “პარლამენტის თავმჯდომარეს” დაუჭერენ, რაც თიბილოვს ცუდ დღეში ჩააგდებს. მაქვს ინფორმაცია, რომ ლეონიდ თიბილოვსა და ანატოლი ბიბილოვს შორის შედგა მოლაპარაკება, მაგრამ კომპრომისს ვერ მიაღწიეს”, – განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

დიდიდათბობაქართულ-უკრაინულ ურთიერთობაში // ოცთვიანი პაუზის შემდეგ უკრაინამ საქართველოში ახალი ელჩი დანიშნა, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი კი კიევშია მიწვეული

თიკო ოსმანოვა

საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობის დათბობა იწყება. 20-თვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ელჩი დანიშნა. ასევე 27 მარტს უკრაინაში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტიც იგეგმება.

ურთიერთობის დათბობას პოლიტოილოგები უკრაინის ხელისუფლებაზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის შემცირებას უკავშირებენ.

საქართველოში უკრაინის ელჩად უკრაინის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ დოლგოვი დანიშნა. დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტს უკვე შეხვდა და პოროშენკოს პირადი მოკითხვაც გადასცა. ასევე მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა.

უკრაინის მედიის ინფორმაციით, ახალი ელჩის დანიშვნამდე დავოსში გიორგი კვირიკაშვილის და პეტრო პოროშენკოს ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. მედია ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს იყო პირველი მაღალი რანგის შეხვედრა ოდესის ოლქის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორის მიხელ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ.

ცნობისთვის: ოდესის ოქლის გუბერნატორის თანამდებობა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გასული წლის 7 ნოემბერს დატოვა. ხოლო საქართველოში უკრაინას ელჩი 2015 წლის ივნისის მერე არ ჰყოლია. მაშინ ელჩი ვასილი ციბენკო თანამდებობიდან პოროშენკომ გაათავისუფლა, რაც შემდეგ დიდ დიპლომატიურ სკანდალადაც შეფასდა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა პოლიტოლოგებმა მაშინ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს დაუკავშირეს. შესაბამისად, ახლა ამ ურთიერთობის აღდგენა არ გაკვირვებიათ.

დიპლომატიური აკადემიის ხელმძღვანელის სოსო ცინცაძის თქმით, მეგობარ ქვეყნებს შორის განხეთქილების ვაშლის როლი მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა და ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელმაც დღევანდელ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს საგარეო ფრონტზე ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვა.

„სამმილიონიანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 40 მილონიან ქვეყანას ჭკუას ასწავლიდა. ამიტომ ის, რომ უკარინა საქართველოზე ნაწყენი იყო, ჩვეულებრივი მოვლენაა. ვიტყოდი, რომ ეს გაუგებრობაზე მეტი იყო არასწორი რეაგირების გამო. ეს ირაკლი ღარიბაშვილის ეპოქას ეხება. მან ძალიან ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვა თავის შემცვლელს და ერთ-ერთი უბანი, რაც აბსოლუტურად ჩააფლავა, იყო უკრაინასთან ურთიერთობა. არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილის გულისთვის ევროპული ქვეყნის განაწყენება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რაც უდიდესი დიპლომატიური შეცდომა იყო”, – ამბობს „მთელ კვირასთან“ საუბრისას სოსო ცინცაძე. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭება ერთ დღეში შეიძლება, აღდგენას კი შეიძლება 10 წელი დასჭირდეს. შესაბამისად, პოლიტოლოგი მეგობარ ქვეყანაში გიორგი კვირიკიშვილის ვიზიტისგან რაიმე გარღვევას არ ელოდება.

„ახლა ცოტა უკრაინაშიც შეიცვალა ვითარება. მიხეილ სააკაშვილი და ქართული დესანტი აღარ არიან და ურთიერთობა თანადათანობით ძველ ვითარებას უბრუნდებ. საქართველო-უკრაინის მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს. ელჩის დანიშვნა ნორმალურია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე სტრატეგიული მოკავშირეები ვართ. ძმები არ ვართ, მაგრამ ნორმალური ურთიერთობა გვექნება. ესეც კარგია. მარტის ბოლოს გიორგი კვირიკაშვილი ჩადის. მერე, ალბათ, პეტრო პოროშენკოც ოდესმე ჩამოვა და გვექნება ნორმალური ურთიერთობა. რაც უნდა იყოს, უკრაინიდან შემოგვაქვს ძალიან დიდი რაოდენობის სამშენებლო მეტალი. ამიტომ თვითონ უკრაინის პროდუქციისთვისაც საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მოხდება ურთიერთობის ნორმალიზაცია. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს უკრაინაში სიმბოლური ხასიათი ექნება. არ ველოდები რაღაც გარღვევებს. უბრალოდ, ოფიციალური ხასიათი მიეცემა, რაც ძალიან კარგია. ისე კი, პეტრო პოროშენკოს ჩამოსვლა უფრო რთული იქნება, ვინაიდან გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს კიევში რუსეთი უფრო იოლად მოინელებს, ვიდრე პეტრო პოროშენკოს ვიზიტს თბილისში.

ზოგადად კი ოდესმე უნდა გადადგმულიყო ეს ნაბიჯი. არ შეიძლება უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის გაყინვა ან გაციება. ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჯობდა ადრე მომხდარიყო. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, – გვითხრა სოსო ცინცაძემ.

მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთობის დათბობას უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის შემცირებას უკავშირებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

„უკრაინამ სააკაშვილს ჯერ თავშესაფარი მისცა მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული და შემდეგ საკვანძო ფიგურად აქცია. ამ ყველაფერზე საქართველოს ჰქონდა რეაქცია, ოღონდ მაქსიმალურად თავს იკავებდა ურთიერთობის დაძაბვის გამო. მაგრამ, მეორეს მხრივ, თავად უკრაინას ჰქონდა გარკვეული რეაქცია, სავარაუდოდ, სააკაშვილის გავლენით ან მისი როლიდან გამომდინარე. ჩათვალა, რომ იმ ქვეყანასთან ისეთივე ურთიერთობა მისაღები არ იყო, რომელმაც ოდესის ოლქის გუბერნატორი დაიწუნა. არადა, საქართველოში მოთმინების პოლიტიკა უფრო იყო. ამ ყველაფრის მთავარი ფაქტორი იყო სააკაშვილი და ამ ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანამ შეცვალა ურთიერთობა”, – უთხრა „მთელ კვირას“ რამაზ საყვარელიძემ. აქედან გამომდინარე, მისი აზრით, უკრაინაში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

„გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს უკრაინაში გადამწყვეტი მნიშვნელობა უდავოდ ექნება, როგორც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, სალაპარაკო ბვერი აქვთ. თუმცა, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება მარტის ბოლომდე რა მოხდება მსოფლიო მასშტაბით. მოგეხსენებათ, აშშ-ის პარტნიორები ვართ და ძალიან ხშირად ვიზიარებთ იმ პოლიტიკასა, რასაც აშშ ატარებს. ასე რომ, გაჩნია, ამერიკა უკრაინასთან რა პოლიტიკას გაატარებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ უკრაინას ამერიკის მხრიდან არ ექნება პოლიტიკური მხარდაჭერა, არც საქართველო დაუჭერს მხარს. ამ ორ ქვეყანას ისეთი მეგობრობა აკავშირებს, რომ გამორიცხულია, საქართველომ უკრაინას მხარი არ დაუჭიროს”, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

——————

კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

გაზზე ახალი ტარიფი დაწესდება?!

სოკარშიარ აკონკრეტებენ, რამდენი თეთრით შეიძლება გაიზარდოს გაზის ტარიფი

ემა ტუხიაშვილი

რამდენიმე თვეში გაზზე ახალი სამომხმარებლო ტარიფი გვექნება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სეწმეკი) ტარიფების გადახედვის მოთხოვნით უკვე მიმართა “სოკარ ჯორჯია გაზმა” და “საქორგაზმა” (ორივე კომპანია “სოკარ გაზის” ჯგუფის წევრია). მათი განაცხადების საფუძველზე, სეწმეკი საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას 1-ლ მარტს დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როცა გაზგამანაწილებელი კომპანიები ტარიფის გადახედვას ითხოვენ. კომისიის წევრები პროგნოზებისგან თავს იკავებენ, ხოლო ენერგეტიკოსთა ვარაუდით, გაზზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდა გარდაუვალი იქნება.

“კვირის პალიტრა” ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში წერდა, რომ მაღალი საინვესტიციო დანახარჯების გამო, რომელიც ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს, “სოკარ ჯორჯია გაზი” სეწმეკს ტარიფების გადახედვის მოთხოვნით მიმართავდა. “სოკარში” არ აკონკრეტებენ, რამდენი თეთრით შეიძლება გაიზარდოს გაზის ტარიფი. სეწმეკში შეტანილ განაც­ხ­ადთან დაკავშირებით კომე­ნ­ტარი “სოკარ ჯორჯია გაზის” ხელმძღვანელმა აზერ მამედ­ოვმა გააკეთა. მისი განცხადებით, კომპანიის სამომხმარებლო ტარიფები რეგიონების მიხედვით განსხვავებულია და, შესაძლოა, დაწესდეს ერთიანი ტარიფი. “სოკარი” საქართველოს გაზგა­მანაწილებელი სისტემის 95%-ს ფლობს.

გოჩა შონია, სემეკ-ის წევრი: “ბოლო 10-11 წელიწადია, ბუნებრივ აირზე ტარიფის გადახედვა­ არ მომხდარა და ისმის კითხვა,­ რამ გამოიწვია კომპანიების მხრიდან ტარიფის გადახედვის მოთხოვნა. 2014 წელს მივიღეთ­ საუკეთესო პრაქტიკის მქონე სატ­არიფო მეთოდოლოგია, რომელიც ჩვენს ევროპელ კოლეგებს აქვთ და გულისხმობს ტარიფების ყოველწლიურ გადახედვას. 2014-2016 წლებში გადავხედეთ ელექტროენერგეტიკის სექტორს, ყველა სუბიექტის სატარიფო განაცხადებს, სატარიფო აპლიკაც­იებს და შესაბამისად, ელექტრ­ოენერგეტიკის სექტორში მოხდა­ მთლიანად ამ დარგის სატარიფო­ რეგულირება. რაც შეეხება ბუნებრივი აირის სექტორს, მისთვისაც შევიმუშავეთ ახალი სატარიფო მეთოდოლოგია, რომელიც ასევე გულისხმობს ყოველწლიურად ტარიფების გადახედვას. ბოლო 10-11 წელიწადში ბუნებრივი აირის სექტორში ბევრი რამ შეიცვალა: გაჩნდნენ ახალი სუბიექტები, დაბანდდა დიდი ინვესტიციები და სხვა. შესაბამისად, გარკვეულწილად შეიცვალა თამაშის წესები, რეგულაციებიც. ეს ყველაფერი საჭიროებს ტარიფების გადახედვას არსებული რეალობის გათვალისწინებით.

- ამ პროცესში შეიძლება თუ არა, გაიზარდოს ტარიფი და რამდენით?

- ყველაფერი შესაძლებელია,­ თუმცა ეს არ არის გარდაუვალი­ აუცილებლობა. ტარიფების გადახედვა ცალსახად მათ გაზრდას არ ნიშნავს. სანამ ტარიფების დეპარტამენტი არ ჩაიხედავს კომპანიების სატარიფო აპლიკაციებში, წარმოდგენილ დოკუმენტაციებში, რა ფინანსური მდგომარეობა აქვთ კომპანიებს, რა ინვესტიციებია დაბანდებული, რა მოცულობებია განაწილებული, რა ფასად უწევთ ბუნებრივი აირის შესყიდვა და სხვა, რამე კონკრეტულის თქმა რთული­ იქნება. ამიტომ, შესაძლოა, 2-3 თვე გახდეს საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად”.

გია არაბიძე, ენერგეტიკოსი – სიმართლე გითხრათ, არ გამკვირვებია, რომ ორმა გაზგამანაწილებელმა კომპანიამ სეწმეკს­ ტარიფების გადასაანგარიშებლად მიმართა. როგორც სპეციალისტმა, ვიცოდი და ველოდი ამას. კომპანიების მთავარი არგუმ­ენტი ის არის, რომ მკვეთრად შეიცვალა ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსი. გახსოვთ, რომ დაახლოებით ორი წლის წინ ეს თანაფარდობა იყო 1 დოლარი – 1,75-1,85 ლარი, ახლა კი კურსი თითქმის გაორმაგებულია. ბუნებრივ აირს კომპანიები სწორედ დოლარით ყიდულობენ.

კიდევ ერთი გარემოება, რაც კომპანიებისთვის ტარიფის გადახედვის მოთხოვნის საბაბი შეიძლება გამხდარიყო, “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ ბოლო წლებში­ განხორციელებული ინვესტიციებია. კომისიას მოუწევს მუშ­აობა იმ ობიექტური ტარიფის დასადგენად, რომელიც ენერგოკომპანიებს საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, მოსახლეობას კი მოუწევს, მიიღოს და შეისყიდოს ენერგოკომპანიების შეთავაზებული პროდუქტი.

- “გაზპრომთანხელშეკრულების პირობების ცვლილებამ თუ შეიძლება იქონიოს გავლენა სამომხმარებლო ტარიფებზე?

- 2017 წელს “გაზპრომიდან” ტარიფებთან დაკავშირებით დარტყმას არ ველოდები, რაკი ნატურით გადახდის პირობა სანახევროდ მოქმედებს. ანუ, თუ ვთქვათ,­ სომხეთი 2 მილიარდ კუბმ გაზს მიიღებს ჩვენგან, ძველი ხელშეკრულებით დაგვრჩებოდა 200 მილიონი კუბმ, ახლა ნატურით დაგვრჩება მისი 50%, რაც 100 მილიონი კუბმ-ია. მოხმარების დასაბალანსებლად შესაძენი გვრჩება 100 მილიონი კუბმ გაზი. ახალი ხელშეკრულებით ტრანზიტისთვის მიღებული თანხით ვერ შევძლებთ იმდენი გაზის შესყიდვას, რამდენსაც ნატურით ვიღებდით. შესაბამისად, დანაკლისის შესავსებად თანხის გაღება დაგვჭირდება.

მოდი, ვნახოთ, რიცხობრივად რამდენია ეს დანაკლისი? თუ ჩვენ დაგვჭირდება 200 მილიონი კუბმ დანაკლისის შესავსებად, ეს ჩვენი მოხმარების დაახლოებით 8%-ია. შესაბამისად, 2017 წელს 4%-ს ვიღებთ ნატურით და შესასყიდი­ 4% გვრჩება. ამ 4%-ის ნაწილსაც­ ტრანზიტისთვის აღებული თანხით შევიძენთ… ამიტომ 2017 წელს “გაზ­პრომთან” დადებული ახალი ხელშეკრულების პირობები ტარიფებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

2018 წელს ცოტა უფრო მძიმედ გვექნება­ საქმე, რადგან ტრანზიტის საფასურს მთლიანად თანხით მივიღებთ. თუმცა ეს საგანგაშო მაინც არ იქნება, რადგან რუსეთიდან მიღებული გაზი ჩვენთვის არ არის იმ მოცულობის, რომ შესყიდვის ტარიფს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს.

კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

გალარების ეფექტი

მსესხლებლები აღარ ყიდულობენ დოლარს პროცენტის დასაფარად

ემა ტუხიაშვილი

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ დაახლოებით 5 თეთრით გამყარდა. ექსპერტები ამ ტენდენციას რამდენიმე გარემოებით ხსნიან და მათ შორის ყურადღებას სესხების გალარების პროცესის გააქტიურებაზე აკეთებენ. ბოლო მონაცემებით, მოხდა 20 მილიონი დოლარის მოცულობის სესხის გალარება და ამ პროგრამით 1 800-ზე მეტმა ფიზიკურმა პირმა ისარგებლა.

გიორგი ცუცქირიძე, საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:

„ბოლო ინფორმაციით, 1 800-მდე სესხია გალარებული, 20 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების. საყურადღებოა, რომ თუ, მაგალითად, 14 თებერვალს 900-მდე სესხი იყო გალარებული, ბოლო 10 დღეში სესხების რაოდენობა გაორმაგდა. ეს შეიძლება ორი რამით აიხსნას: პირველი – პროგრამის დასაწყისში ერთგვარი სკეპტიციზმი იყო, მათ შორის ექსპერტების მხრიდანაც, რომ ხალხი არ მოინდომებდა. სკეპტიკურად უყურებდნენ ლარიზაციასაც, რომ ის არ იმოქმედებდა დოლარის კურსზე, არანაირ ზეგავლენას არ მოახდენდა სავალუტო ბაზარზე. ველოდები, რომ გალარების ტემპი მარტში კიდევ გაიზრდება, იმ ფონზე, რომ პროგრამის დასრულებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ლარის სტაბილურობაც სახეზეა. დღეს გალარების ტემპი საკმაოდ კარგია. 20 მილიონი დოლარის სესხის გალარება ნიშნავს, რომ მსესხებლები აღარ ყიდულობენ დოლარს პროცენტის დასაფარავად. ამან დოლარზე მოთხოვნა გარკვეულწილად შეარბილა.

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ 100 ათას ლარამდე სესხები ლარში გაიცემა. ფიზიკური პირები სამომხმარებლო სესხებს 10, 20, და 40 ათასი დოლარის მოცულობით დღეს ლარში იღებენ, ანუ ამ კუთხითაც შემცირებულია მოთხოვნა დოლარზე. იპოთეკური სესხებიც არ გაიცემა მხოლოდ ბინის შესაძენად, იპოთეკურ სესხში შედის ნაკვეთის შეძენა, რემონტი, რეკონსტრუქცია და ამ სესხების ნაწილიც ლარში გადავიდა.

ლარიზაციის პროგრამა არის 10-პუნქტიანი გეგმის ნაწილი, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს. გარდა ამისა, ამ პერიოდს­ დაემთხვა, რომ დღეს, ფაქტობრივად, ყველა ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია. სავალუტო შემოდინებები გაზრდილია ყველა მიმართულებით. გაზრდილია სასაქონლო და მომსახურების ექსპორტი, ამას ემატება ფულადი გზავნილებიც”.

დავით ასლანიშვილი, ეკონომიკის დოქტორი:

„ლარის კურსის ბუნებრივი ნიშნულისკენ გამყარება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. საკმაოდ კარგი ზამთრის სეზონია. ტურისტების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ სავალუტო შემოდინების მოკლევადიანი ეფექტით დადებითი გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. მეორე ფაქტორად შეიძLლება დასახელდეს კარგად წარმართული საბიუჯეტო დისციპლინა. ვგულისხმობ საგადასახადო გეგმის კარგ შესრულებას და რაც მთავარია, სახაზინო ანგარიშზე ნაშთის საკმაოდ კარგ დონეზე შენარჩუნებასა და ზრდას. დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე 800 მილიონი ლარია (შარშან ამ დროს 300 მილიონი ლარი იყო). ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ბოლო ორი-სამი კვირა არ გვქონია ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა და ეროვნულ ბანკსაც, კომერციული ბანკების მოთხოვნის საფუძველზე, ყბადაღებული რეფინანსირების სესხებით ლარის მასის მიწოდება არ გაუზრდია. მართალია, ამ სესხების მასშტაბი საგანგაშო და ფეთქებადსაშიშია, თუმცა 2016 წლის ნოემბერ-დეკემბრის 1,4-მილიარდიანი მაჩვენებლიდან ნელ-ნელა ჩამოვედით 1,1 მილიარდამდე. გლობალურ ბაზარზეც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ვითარება და ყველა ამ ფაქტორის ერთობლიობამ ის განაპირობა, რომ ლარი ნელ-ნელა უბრუნდება 2,5-იან ნიშნულს.

რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს,­ უნდა ითქვას, რომ ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი, რომელიც შარშან ნოემბერ-იანვარში გვქონდა, იყო სრულიად არაბუნებრივი და გამოწვეული იყო შიდა ფაქტორებით, კონკრეტულად კი არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით. განსაკუთრებით გამოვყოფ სებ-ის ზოგ ოპერაციას, რა თქმა უნდა, კომერციული ბანკების მოთხოვნის საფუძველზე. ეროვნული ბანკი საბანკო ოლიგოპოლიის მძევალია და სამწუხაროდ, თავს ვერ იზღვევს ამ ვითარებისგან. ვგულისხმობ შემდეგს: თუ 2015 წლის ნოემბერში რეფინანსირების სესხმა (ანუ კომერციული ბანკებისთვის სებ-ის მიერ ლიკვიდობის პრობლემის გარკვეულწილად მოსახსნელად გაცემულმა თანხამ) შეადგინა 1,1 მილიარდი, შემდეგ გადაწყდა და ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა ჩამოვიდა 200-250 მილიონ ლარამდე 2016 წლის მაის-ივნისში, ანუ ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა მოუხსნეს”.

ამერიკელი ბაბუის ნაჭამი კანონი

ლიკვიდობის მართვის ეს ინსტრუმენტები 2008 წელს შემოიღეს, გლობალურ ეკონომიკაში ფინანსური კრიზისის დროს, რაც გამოწვეული იყო აშშ-ში კომერციული ბანკებისთვის ე.წ. გლას-სტიგოლის კანონის ფაქტობრივი გაუქმებით 1999 წელს. ეს კანონი კომერციულ ბანკებს­ საინვესტიციო საქმიანობას უკრძალავდა. ამის შემდეგ კი ბანკებს შესაძლებლობა მიეცათ და მეანაბრეებისა და დეპოზიტარების ფული დააბანდეს საკმაოდ სარისკო, არასაბანკო, არაპროფილურ საქმიანობაში. როცა ეს საფინანსო ბუშტები გასკდა, დეპოზიტარებისა და მეანაბრეების ფულის ნაცვლად ბანკებს ე.წ. ტოქსიკური ან გაუფასურებული ქონება შერჩათ ხელთ. სწორედ ამ ვითარებიდან გამოსასვლელად, სახელმწიფოებმა შეიმუშავეს ღონისძიებები, მათ შორის, რეფინანსირების სესხი – ანუ სახელმწიფომ გამოყო რესურსი, ფაქტობრივად, ფული დაბეჭდა, რათა ბანკებისთვის მიეწოდებინა ფულადი ვალდებულებების გასასტუმრებლად. ამ ყველაფერმა გაზარდა ფულადი მასა მიმოქცევაში. ჩვენც შემოვიღეთ ეს მექანიზმი 2008 წელს და სებ-ი მას აქტიურად იყენებს. თუმცა მთავარია მასშტაბები. მაგალითად, ევროზონის ქვეყნებში, სადაც ჯამში 11 ტრილიონი ევროს ფულადი აგრეგატი არსებობს, მოკლევადიანი, 1-დან 7 დღემდე ვადის მქონე რეფინანსირების რესურსი გამოიყენება მხოლოდ 35 მილიარდი ევროს მოცულობით, რაც მთლიანი ფულის მასის 0,3%-ია. თურქეთში ეს მაჩვენებელი 2,7-3%-ია, რუსეთში – 1,7-2%, უკრაინაში, სადაც უმსხვილესი “პრივატ ბანკი” გაკოტრდა, რეფინანსირების მოცულობა მთლიანი ფულადი მასის 13%-ია. საქართველოში კი, სადაც ამგვარი პრობლემები არა გვაქვს, ეს მაჩვენებელი 20% და მეტია. ისმის კითხვა, რა ხდება? პასუხი, ალბათ, ის არის, რომ ეს სესხი არადანიშნულებისამებრ გამოიყენება”.

ყალბი ზამბარის ეფექტი

თუ დავაკვირდებით დინამიკას, 2016 წლის მაისის შემდეგ რეფინანსირების სესხების მოცულობა 200 მილიონი ლარიდან 1,4 მილიარდამდე ავიდა, ახლა კი 1,15 მილიარდამდეა ჩამოსული. ფულად მასასთან თანაფარდობას თუ შევხედავთ, ვითარება საკმაოდ ფეთქებადსაშიშია. ეს ნიშნავს, რომ აშკარად პრობლემებია ლიკვიდობის კუთხით. რამ განაპირობა ამ ციფრის გაბერვა? როგორც ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, იგი დაეხმარა ბაზარზე შექმნილ ვითარებას, შერწყმისა და გარიგებების პროცესს და ბაზარს მიაწოდა როგორც დოლარი, ასევე ორი იმდენი ოდენობით ლარი. არადა, როცა ხდება დოლარის ინტერვენცია, ანუ ამოღებული იქნება ლარის ზედმეტი მასა, ამ შემთხვევაში ლარის მასა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ ლარის მასა, პირიქით, გაიზარდა მიმოქცევაში და იბადება შეკითხვა, საერთოდ, რა ოპერაცია იყო ეს ინტერვენცია? ფაქტობრივად, გამოვიდა ზამბარის ეფექტი – ანუ ეროვნული ბანკი ყოველ კვირას, საჭიროებიდან გამომდინარე, აკმაყოფილებდა განაცხადებს სავალუტო ბაზარზე “ბლუმბერგის” სისტემაში. შეიძლება ითქვას, სებ-მა ყალბი მოლოდინები შექმნა, რომ ყოველთვის, როცა ბანკებს დოლარი დასჭირდებოდათ, მზად იყო 2,30-2,35 კურსის დიაპაზონში მისაწოდებლად. ეს რამდენიმე ხანს გაგრძელდა, შემდეგ კი ეროვნული ბანკი, ასე ვთქვათ, “გაიპარა” სავალუტო აუქციონებიდან და როცა მივიდნენ სავალუტო დილერები და კლიენტები დოლარის ყიდვის მოთხოვნით, აღმოჩნდა, რომ დოლარის მიმწოდებელი არავინაა. სწორედ ამან გამოიწვია ნოემბრის თვეში სავალუტო პანიკა, რამაც ლარის კურსი არაბუნებრივად დასცა 2,8-მდე. შესაბამისად, მივიღეთ ყალბი ზამბარის ეფექტი, როცა ეროვნული ბანკი კურსს ხელოვნურად აჩერებს, შემდეგ კი აუქციონს ტოვებს და იქმნება ფეთქებადსაშიში ვითარება. რომ არ ყოფილიყო ასეთი გარკვეულწილად უპასუხისმგებლო, სუბიექტური თუ ობიექტური, შეუგნებელი თუ შეგნებული პოლიტიკა, ჩვენი საზოგადოება ვერასოდეს იხილავდა იმ არანორმალურ მაჩვენებელს ტაბლოებზე, რაც ნოემბერ-დეკემბერში აღირიცხა და კურსი იქნებოდა 2,50-2,55-ის ფარგლებში.

ეკონომიკის სავალუტოოკუპაცია

ლარიზაცია დიდი ხნის წინ იყო დასაწყები, თუმცა ამ პროცესს გაურკვევლობაც ახლავს. ვგულისხმობ, რომ ჯერ გამოცხადდა დედოლარიზაციის პროგრამა, შემდეგ ითქვა, რომ ეს არის ლარიზაციის პროგრამა, შემდეგ მათ ახალი ცნება – სესხების გალარება დაემატა. ამან დააბნია საზოგადოება, შემდეგ ქაოსურადვე გაგრძელდა განმარტებები, ვის ეკუთვნის ეს გალარება და ვის – არა. ჯერ ითქვა 33-34 ათასი მსესხებელი, შემდეგ თქვეს 27 ათასი, მერე დაზუსტდა, რომ ეს ეხება მათ, ვისაც სესხი 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აქვთ აღებული. ისიც ითქვა, რომ სახელმწიფო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები ამით არ ისარგებლებენ; შემდეგ ისიც, ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ვერ ისარგებლებს… კომერციული ბანკებიც ვერ გაერკვნენ, შეიძლება ჯერ ინტერესიც ვერ გამოხატეს, რა ხდება ამ სიტუაციაში.
ჩვენი ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი 14,5-15 მილიარდი დოლარია, მთელი ამ მასიდან მხოლოდ 10-დან 20%-მდე არის ლარით უზრუნველყოფილი. ჩვენი ეკონომიკა გარკვეულწილად “ოკუპირებულია” უცხოური ვალუტით. ახლა დგას ამოცანა, ეს მაჩვენებელი 10-20%-დან გაიზარდოს 40-50%-მდე, რათა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს ჩვენი მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო იქნება თუ ეროვნული ბანკი, გადაცემის ეფექტი უფრო საფუძვლიანი ჰქონდეს. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა პატარა დეკრეტით დაწყება, თუნდაც მოხელეებისთვის – რადგან გვაქვს სახელმწიფო, გვაქვს ვალუტა, ყველამ კეთილინებოს და ანაბრები ეროვნულ ვალუტაში განათავსოს. ეს გააჩენს ნდობის ფაქტორსაც, რაც აკლია ლარს და ხელს შეუწყობს მის დაგროვების ფუნქციას”.

კვირის პალიტრა“, 27 თებერვალი, 2017 წელი

დავრჩით სომხების ამარა…“ // „ბაზრობაზე დგომის საფასური ძველებურად კვირაში 40 ლარია. ერთი მანქანა გასაყიდად შეიძლება 3 თვეც იდგეს // არ გიფიქრიათ, იაპონელები 100 დოლარად რატომ ყიდიან გაწკრიალებულ, ალუმინისდისკებიან მანქანებს? იმიტომ, რომ რადიაციულია…“

ეკა სალაღაია

აქ შემოსული მანქანების 80% რეექსპორტზე გადის. განბაჟების გაძვირებამდე მეტწილად დაახლოებით 5.000-დოლარიანი მანქანები იყიდებოდა და ყიდულობდნენ ქართველებიც, სომხებიც და უკრაინელებიც. ახლა ძირითადი მყიდველი უკრაინელები და სომხები არიან. ათი მყიდველიდან ორი თუ არის ქართველი, ორი-სამიც უკრაინელი და დავრჩით სომხების ამარა. სომხებმა რომ იციან, გაყიდვა გვიჭირს, წიხლს გვაჭერენ და ფასს გვაკლებინებენ…

„ის დრო წავიდა, რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე მყიდველები ერთმანეთს გვერდს რომ ძლივს უქცევდნენ. ახლა სულ სხვა სურათიაო”, – მითხრა ახლობელმა, როდესაც შეიტყო, რომ რეპორტაჟის­ მოსამზადებლად მივდიოდი. მართლაც, დღეს აქ ხალხი კვირა დღესაც კი კანტიკუნტად დადის. სადგომის მორიგემ მანქანიდან გადმოსვლა არ გვაცალა, აქ დგომა 3 ლარი ღირსო და ხურდის ჩასაჩხრიალებლად ხელი გამოგვიწოდა. ავტომანქანის “დაბინავების” შემდეგ, ბაზრობის იმ ნაწილში აღმოვჩნდით, სადაც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობენ. მიმასწავლეს, აქ ყველაზე მეტი ძია ოთარმა იცისო და მეც მისკენ გავემართე.- გაძვირებული განბაჟებით შემოსული მანქანები მარტის დასაწყისში გამოჩნდება ბაზარზე, რასაც საფასურის გაზრდაც მოჰყვება. არადა, მყიდველი ახლაც კანტიკუნტად ჩანს და მერე სულ დაფრთხება. ბაზრობაზე დგომის საფასური ძველებურად კვირაში 40 ლარია. ერთი მანქანა გასაყიდად შეიძლება 3 თვეც იდგეს და წარმოიდგინეთ, რამდენი 40 ლარი ენაცვლება მყიდველის მოლოდინს, სიხალვათე თვალში საცემია, არა? – მეუბნება ბატონი ოთარი.

ერთი გაბრაზებული გამყიდველი შემოგვიერთდა:

- კრედიტებით, ვალებით ვიყიდეთ მანქანები და ისეთი­ რეგულაციები შეაქვთ კანონში,­ მყიდველს ახლა აქ ქუდი რომ შემოუგდო,­ აღარ შემოვა. რაც ეს მანქანა აქ დავაყენე, 5-6-მა კაცმა თუ იკითხა ფასი. შავ “მერსედესს” ვყიდი. წლოვანება, მდგომარეობა, ფერი, თითქოს ყველაფერი დამა­კმაყოფილებელია, ფასსაც ისეთს არ ვეუბნები, რომ მყიდველი გავაქციო, მაგრამ…

- მყიდველის გემოვნება ათასნაირია. თუმცა ყველა დროში იყო მოდური მოთხოვნები, – მეუბნება ხანში შესული მამაკაცი, სახელად ზურა – დღეს უმრავლესობას თეთრი და შავი ავტომანქანები ურჩევნია, ადრე ვერცხლისფერს ანიჭებდნენ უპირატესობას, წითელი ავტომობილი შედარებით იაფად ფასობს. ყველაზე მოთხოვნადი “ფოლკ­სვაგენია”. მყიდ­ველების უმრავლესობა უკრაინელია, მანქანას აქ განაბაჟებენ და ისე მიჰყავთ. ადრე აზერბაიჯანელები ჭარბობდნენ, ახლა მათ ვეღარ ნახავ.

- მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე თუ არის მოთხოვნა?

- მარჯვენასაჭიანების განბაჟება სამმაგად გაძვირდა. ეს ფასზეც უარყოფითად აისახება და მყიდველის რაოდენობაზეც…

ჩემი შემდეგი რესპონდენტიც ამერიკიდან ჩამოყვანილი მანქანებით ვაჭრობს:
- დაბალი კლასის მანქანები­ უფრო იყიდება. მე ევროპულ მანქანას ვიყიდდი, უფრო რბილად დადის და გამძლეცაა. ორი მანქანა მყავდა ჩამოყვანილი. ორი თვის თავზე უწევთ განბაჟება და რადგან მანამდე ვერ გავყიდე, განვაბაჟე. 2013-წლიანია და განბაჟებაში 3 700-ზე ცოტა მეტი გადავიხადე. ძველი მანქანის შემოყვანაზე დააწესონ მაღალი ტარიფი, ახალზე კი ნაკლები. თუ ახალი მანქანის შემოყვანა არ გააიაფე, როგორ ჩაანაცვლებს ახალი ძველს?! ”

საუბარში “მერსედესის” გამყიდველი ერთვება: – მიუხედავად სიძნელეებისა და სიდუხჭირისა, ვერ გავამართლებ იმ ადამი­ანებს, რომლებიც კატალიზატორებს იღებენ გასა­ყიდი მანქანებიდან და 80 ლარად აბარებენ. კატალიზატორი ჰაერს ფილტრავს.

- რისთვის იყენებენ?

- ძვირფას მეტალსაც შეიცავს და აზერბაიჯანშიც გადის. იქაური კანონი ავალდებულებს მძღოლებს და თვითონაც ფიქრობენ, ალბათ, თავიანთ ქვეყანაზე.­ ჩვენ კი ჩვენი თავის მტრები გამოვდივართ. კატალიზატორის მაგივრად დასვრეტილ მილებს ან ქვაბის სახეხ მავთულებს აყენებენ…

აქა-იქ მანქანის სახურავზე გასაყიდად გამოფენილი ფეხსაცმელი და ფერად-ფერადი ქურთუკები ჩანს. მეც ფეხსაცმლის ფასი ვიკითხე, რომ საუბარში ამყოლოდა ევროპული სექციის გამყიდველი. გამიმართლა, ჩემი რესპონდენტი, ჯემალ ტრაპაიძე, გულახდილად მესაუბრა:

- აქ რომ ბევრი ფული იშოვებოდეს, ჩვენ ვინ მიგვიშვებდა, თუმცა იმდენს ყოველთვის ვშოულობდით, ოჯახები შეგვენახა. ახლა განბაჟების გადასახადი იმდენად­ გაიზარდა, ამ საქმით ოჯახს ვერ შეინახავ. ადრე ასეთივე “ოპელ საფირას” განბაჟება გადაფორმებიანად 1.500 ლარი ღირდა, ახლა 2.600 ლარი გადავიხადე – 1.100 ლარით გამიძვირდა და ვიცი, ქართველი არ იყიდის; დიზელზეა, ესე იგი, სომეხსაც არ მოეწონება; შეიძლება უკრაინელმა ან რუსმა შეიძინოს.

ხომ შეიძლებოდა 2000 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანების განბაჟების საფასური ნაკლებად გაზრდილიყო, უფრო ძველი მანქანების კი – მეტად. ვითომ იმიტომ შემოიღეს ეს რეგულაციები, რომ ავტოპარკი გაეახალგაზრდავებინათ, მაგრამ მყიდველი რომ აღარ არის? ათი მყიდველიდან­ ორი თუ არის ქართველი. დანარჩენები სომხები­ და უკრაინელები არიან, ანუ აქ შემოსული მანქანების 80% რეექსპორტზე გადის. განბაჟების გაძვირებამდე მეტწილად დაახლოებით 5.000-დოლარიანი მანქანები იყიდებოდა და ყიდულობდნენ ქართველებიც, სომხებიც და უკრაინელებიც. ახლა ძირითადი მყიდველი უკრაინელები და სომხები არიან. იმ ათიდანაც ორი-სამი თუ არის უკრაინელი და დავრჩით სომხების ამარა. სომხებმა რომ იციან, გაყიდვა გვიჭირს, წიხლს გვაჭერენ და ფასს გვაკლებინებენ.

- აზერბაიჯანელები რატომ აღარ სწყალობენ ქართულ ბაზარს?

- კანონის თანახმად, “ევრო 4″ სტანდარტს ითხოვენ და 2006 წელს ქვემოთ გამოშვებულ მანქანებს საზღვარზე არ გადაუშვებენ, ამას ისიც ემატება, რომ აზერბაიჯანში ამოქმედდა “ჰიუნდაის” ქარხანა, რომელიც საშუალებას აძლევს მყიდველს, იქ შეძენილი მანქანების საფასური 10-20 წლის განმავლობაში დაფაროს. იაპონური მანქანების გარკვეული ნაწილი რადიაციულია…

არ გიფიქრიათ, იაპონელები 100 დოლარად რატომ ყიდიან გაწკრიალებულ, ალუმინისდისკებიან მანქანებს?­ – იმიტომ, რომ ეკოლოგიურად გაასუფთაონ ქვეყანა!
თავისუფალ დროს ვტაქსაობ და ექიმმა მგზავ­რებმა მითხრეს, საავადმყოფოებში იმატა იმ ახალგაზრდების რიცხვმა, რომელთაც ვერ დაუდგინეს დიაგნოზი და არის გონივრული ეჭვი, რომ რადიაციულმა მანქანებმა დააავადაო. ახლობელი თუნუქის ხელოსანი მყავს, ამას წინათ მითხრა, როდესაც იაპონურ მანქანებს ვარემონტებ, თავის ტკივილი, დაღლილობა და სისუსტე მეწყებაო.

- გერმანიიდან მანქანები რა მარშრუტით მოგაქვთ?

- გამოვივლით ავსტრიას, უნგრეთს, რუმინეთს, ბულგარეთს და თურქეთის გავლით შემოვდივართ. ბულგარეთის საბაჟოზე ისეთივე სიტუაციაა, საბჭოთა კავშირში რომ იყო, – ჩამოგართმევს მებაჟე­ პასპორტს და სანამ 5-10 დოლარს არ მისცემ, არ ჩაგირტყამს ბეჭედს. თურქეთში ბოლო დროს გვაცლევინებენ მანქანას და რენტგენზე გაატარებენ, რომ იარაღი ან ნარკოტიკი არ შევიტანოთY ქვეყანაში. იმდენ პროცედურას გადიხარ ნერვების ხარჯზე, რომ აღარ ღირს. მსუბუქი მანქანების განბაჟება რომ გაძვირდა, ახლა ყველა ცდილობს, მიკროავტობუსებისა და სატვირთო მანქანების რეალიზაციას მიჰყოს ხელი. ეს ბიზნესი კრახისთვისაა განწირული – ისედაც უჭირდათ მიკროავტობუსების რეალიზაცია, ახლა ამდენი გამყიდველი რომ დაემატება, სადაა მაგდენი მყიდველი? ჩემი აზრით, რაც აქ მანქანები დგას, მისი 5% თუ იყიდება შაბათ-კვირას, შუა კვირაში – გაცილებით ნაკლები.

უკვე 2 საათია, დასანანია, რომ შინ ისე ვბრუნდები, ერთი მანქანის გაყიდვასაც ვერ შევესწარი. ალბათ, ცუდი ფეხი მაქვს… ჩემმა რესპონდენტებმა ამ კვირასაც ვერ ნახეს ხეირი…

Comments are closed