globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 7th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): „საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნა არ იგეგმება“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): დისკუსია ვაშინგტონში: ევროპული უსაფრთხოების მომავალი // „საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ასევე იზრუნოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შენარჩუნებაზე“

«Lidové noviny» (ჩეხეთი): ინტერვიუ ალექსანდრე ბაბიცკისთან: „ვხედავდი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტირანულად მოქმედებდა, მან ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა“

«Vesti.az» აზერბაიჯანი): „იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთთან კავშირების სრული გაწყვეტა ვერ მოხდება. საერთოდ კი, ახლო მომავალში საქართველო მაინც ვაშინგტონის სატელიტად დარჩება“

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 06 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/ltolvilta-banaki/28353529.html

საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის გახსნა არ იგეგმება

ჯიმშერ რეხვიაშვილი

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, სებასტიან კურცის, განცხადებამ საქართველოში ლტოლვილთა ცენტრის შესაძლო გახსნის თაობაზე. ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყოველკვირეულ გამოცემა „ბილდისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს ლტოლვილთა ცენტრების გახსნას ეგვიპტეში, ბალკანეთის რომელიმე ქვეყანასა და საქართველოში. სებასტიან კურცი საქართველოში ერთი თვის წინ იმყოფებოდა, თუმცა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ არაფერი უთქვამს ლტოლვილთა ცენტრის შესახებ.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა გერმანულ გამოცემას განუცხადა, ევროპას სჭირდება ლტოლვილთა ცენტრები ევროკავშირს გარეთო:

„ცენტრები, რომლებსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად ვმართავთ. იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, თუ სად განთავსდებიან ისინი, მთავარია, რომ შესთავაზებენ დაცვას და ის ხალხი, რომელიც ცდილობს ევროპაში არალეგალურად შესვლას, დაბრუნდებიან ამ ბანაკებში. ეს დაწესებულებები შესაძლოა განთავსდნენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე, საქართველო ან ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე რომელიმე ქვეყანა“.

ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, სენატორმა ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს აქვთ საერთო საზღვარი და, შესაბამისად, სებასტიან კურცის წინადადება წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან. რუსი პოლიტიკოსის თქმით, საქართველომ სულ ახლახან მიიღო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რის საფასურიც შესაძლოა იყოს ლტოლვილთა ცენტრის გახსნა, თუმცა საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ ევროკავშირი საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამგვარ საფასურს არ სთხოვს. ასე ფიქრობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი.

​„ფასი, რომელიც საქართველომ უვიზო მიმოსვლისთვის უნდა გადაიხადოს, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ მიუღია არანაირი ამგვარი დაპირების სანაცვლოდ. ეს აბსოლუტურად განსხვავებული საკითხია. აქ შეიძლება იყოს, უბრალოდ, მოლაპარაკების და გარკვეული ინტერესის საკითხი. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა შესთავაზოს ზოგიერთ ქვეყანას, ისევე როგორც თურქეთს შესთავაზა, რომ აღარ გამოეშვა ლტოლვილები ევროპაში“, უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა, რომლის თქმით, ასევე საღ აზრს არის მოკლებული რუსეთის შეშფოთება მისი საზღვრის მახლობლად ლტოლვილთა ბანაკის შესაძლო გაჩენის თაობაზე:

„ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს უვიზო რეჟიმი, რუსეთთან ჩვენი სივრცე არ არის გახსნილი, ამიტომ რუსეთს არ აქვს შიშის საფუძველი. საქართველოს მოქალაქეებსაც კი უჭირთ რუსეთში გამგზავრება, რომ არაფერი ვთქვათ ლტოლვილებზე. მათთვის რუსეთში გადასვლა იქნება შეუძლებელი, თუ თვითონ რუსეთის მთავრობა არ იქნება ამაში დაინტერესებული. ამიტომ, რა თქმა უნდა, რუსეთის მთავრობის განცხადება პროვოკაციულია. ეს არის სუვერენულ საქმეებში ჩარევა, თანაც ისეთ საქმეში, რომელიც ჯერ არ მომხდარა“.

არ მომხდარა და, შესაძლოა, არც მოხდეს. კახა გოგოლაშვილის ამ ვარაუდს ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 6 მარტს გავრცელებული განცხადება:

„ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა – მათ შორის, ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას, რადგან შეუძლებელია დღევანდელი ჩვენი გამოწვევების გამო ამ პროექტის განხორციელება“.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძეც მიიჩნევს, რომ ავსტრიელი პოლიტიკოსის განცხადებას არ აქვს სერიოზული საფუძველი. გარდა იმისა, რომ არც ევროპაში უმსჯელიათ ამ საკითხზე სიღრმისეულად, საქართველოს ლტოლვილთა მიღების არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია.

„ჩვენ არ გვაწყობს ნამდვილად. ეს იქნება ევროკავშირისა და დასავლეთის წინააღმდეგ დამატებით ისტერიკის შექმნის საფუძველი. როგორც ჩვენ ვხედავთ, ბოლო ორი დღეა ამ ამბავს კარგად იყენებენ პრორუსული საინფორმაციო საშუალებები და ააგორეს ისტერიკა დასავლეთის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა სწრაფად გააკეთებს განმარტებას და ასევე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირიც ოფიციალურად განმარტავს, რომ ეს იყო ერთი მინისტრის ნათქვამი და მეტი არაფერი“, უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა კი ამბობს, რომ ლტოლვილთა ცენტრის საქართველოში შექმნის თაობაზე საქართველოს მთავრობას რაიმე ტიპის კონსულტაცია არ უწარმოებია არც ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოსთან და არც ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუტთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა: „საქართველოში ლტოლვილთა ბანაკების გახსნა არ იგეგმებოდა, არ იგეგმება. ამაზე არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არ იქნება. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ ძალიან კარგად და ახალი გაფართოება ამ მიმართულებით ვერ მოხდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენ გვყავს 274 ათასი დევნილი ქვეყნის შიგნით, რომელთაგან 2/3-ს არ მიუღია ბინა და ამ მიმართულებით ახალ ვალდებულებებს ჩვენი ქვეყანა ვერ აიღებს“.

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 07 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/future-of-european-security-order/3751423.html

დისკუსია ვაშინგტონში: ევროპული უსაფრთხოების მომავალი

საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ასევე იზრუნოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შენარჩუნებაზე.

ეკა მაღალდაძე, ვაშინგტონიდან

კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შესახებ ისაუბრეს.

რა სივრცე რჩება საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის მაშინ, როდესაც ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებში ნაციონალისტური პარტიები მძლავრობენ და არავინ იცის, როგორი იქნება წელს რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების შედეგები?

ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო მოთმინებით უნდა დაელოდოს იმას, თუ როგორ გამოიკვეთება დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კონტურები. მსგავსი შეხედულება აქვს “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის” დირექტორ ქრისტოფერ ჩივისსაც: „რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ისეთია, რომ ბევრი რამ სწორედ ახლა უნდა გადაწყდეს. ვიმედოვნებ, საქართველო მოთმინებით დაელოდება იმას, რომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკა უფრო აშკარად გამოიკვეთოს და გასაგები გახდეს კონკრეტული მიმართულებები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის”, – ამბობს ქრისტოფერ ჩივისი.

საერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ყურადღებისა და ფინანსური დახმარების შემცირების რისკი არსებობს, თუმცა ამ თანამშრომლობას დიდწილად მაინც ის განსაზღვრავს, რამდენად გაგრძელდება საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი.

მეთიუ როჟანსკი, ქენანის ინსტიტუტის დირექტორი ფიქრობს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ახლა საერთაშორისო მხარდაჭერის მხრივ შედარებით რთული გარემოა შექმნილი: „საქართველოსა და უკრაინას გაცლიებით ნაკლებად ენთუზიასტურ საერთაშორისო გარემოში უხდებათ ახლა ყოფნა: როცა მათ მიმართ შედარებით ნაკლები პოლიტიკური ყურადღება არსებობს და შედარებით ნაკლები რესურსია ხელმისაწვდომი მათ დასახმარებლად. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ მათი პრობლემები უმნიშვნელოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დანებდნენ, ეს იმ ხალხის მომავალს ეხება, ვინც იქ ცხოვრობს. ამერიკაში კი ვიმედოვნებთ, რომ ამ ორ ქვეყანაში რეფორმებიდა და დემოკრატიული გარდაქმნის მცდელობა გაგრძელდება და ეს პროცესი თავად ქართველებისა და უკრაინელების მიერ იქნება წარმართული“.

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და ჯონ მაკკეინის „საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის“ დირექტორი კურტ ვოკერი კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შტატების მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას: „ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ჩვენ ვხედავთ ღიაობასა და იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობები გაუმჯობესდეს და დაიწყოს თანამშრომლობა იმაზე, რაზეც ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების ინტერესები გაიყიდება. საქართველო კი ერთგულია მის მიერ არჩეული კურსის, რაც გულისხმობს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, ისევე როგორც ტრანსატლანტიკური საზოგადოების ღირებულებებს“.

საერთაშორისო ექსპერტების უმეტესობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველომ არჩეულ გზაზე სიარული უნდა განაგრძოს, განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ასევე იზრუნოს დამოუკიდებელი მედია გარემოს შენარჩუნებაზე. ამ შემთხვევაში მისი და მისი უსაფრთხოების მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა გაგრძელდება.

«Lidové noviny» (ჩეხეთი), 06 მარტი, 2017 წელი

www.lidovky.cz/nejen-donbas-bude-soucasti-ruska-dor-/zpravy-svet.aspx?c=A170303_202959

http://inosmi.ru/politic/20170307/238831579.html

ინტერვიუ ალექსანდრე ბაბიცკისთან: „ვხედავდი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტირანულად მოქმედებდა, მან ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა“

ჩეხეთის გაზეთ Lidové noviny-ში დაიბეჭდა ინტერვიუ რუს სამხედრო ჟურნალისტთან ალექსანდრე ბაბიცკისთან, რომელიც ადრე რადიო „თავისუფალი ევროპის“ თანამშრომელი იყო. ინტერვიუში ალექსანდრე ბაბიცკი საუბრობს რუსეთის შესახებ, რომელიც, მისი თქმით,  დემოკრატიული ქვეყანაა. იგი ეხება რუსეთ-უკრაინის დამოკიდებულებას და აღიარებს, რომ რუსეთი დონბასის კონფლიქტურ სიტუაციაში, რასაკვირველია, ჩარეულია, ადგილობრივ დე-ფაქტო ხელისუფლებას და მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიურად ეხმარება, პენსიებს უხდის, უგზავნის საკვებ პროდუქტს, რადგან დონბასის ტერიტორია რუსული ტერიტორიაა, ყირიმის ჩათვლით. ალექსანდრე ბაბიცკი ხაზს უსვამს, რომ დონბასში რუსეთის არმიის რეგულარული ქვედანაყოფები არ იმყოფებიან.

ინტერვიუ გაზეთის ვებ-გვერდზე (Lidovky.cz) შემოკლებითაა გამოქვეყნებული, თუმცა იქვე მითითებულია, რომ სრული ტექსტის წაკითხვის მსურველებმა ან გაზეთი უნდა შეიძინონ, ან ელექტრონული ვერსიისთვის გარკვეული თანხა უნდა გადაიხადონ

რუსულმა გამოცემამ „ინოსმი.რუ“-მ გამოაქვეყნა ინტერვიუს სრული ტექსტი, რუსულ ენაზე გადათარგმნილი სახით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ალექსანდრე ბაბიცკი გაზეთ Lidové noviny-ის კორესპონდენტ პეტრა პროხაზკოვასთან საქართველოს შესახებაც საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი პოზიცია ბოლო 15 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა. ადრე თქვენ ჩეხეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეჟიმს გამოექეცით, რადგან მოსკოვს თქვენი მოკვლა სურდა. შემდეგ თქვენ ამერიკულ რადიოსადგურში [„თავისუფლებაში“] მუშაობდით, პრაღაში ნორმალურად ცხოვრობდით… ახლა რატომ შეიცვალა თქვენი პოზიცია?

- ჩემი პოზიციის შეცვლა მაშინ დაიწყო, როცა მე საქართველოზე მასალების წერას შევუდექი და ვხედავდი, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტირანულად მოქმედებდა, მან ქვეყანაში პოლიციური რეჟიმი ჩამოაყალიბა. ჩემი კოლეგები კი რადიო „თავისუფლებიდან“ [იმდროინდელ] საქართველოს აქებდნენ და ადიდებდნენ, როგორც დემოკრატიიის ნიმუშს. შემდეგ მოხდა ყირიმის მოვლენები და რადიო თავისუფლებაში“ ჩემი კარიერაც დასრულდა.

«Vesti.az» აზერბაიჯანი), 06 მარტი, 2017 წელი

http://vesti.az/news/324893

„იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთთან კავშირების სრული გაწყვეტა ვერ მოხდება. საერთოდ კი, ახლო მომავალში საქართველო მაინც ვაშინგტონის სატელიტად დარჩება“

აზერბაიჯანის პოპულარული ელექტრონული გამოცემა «Vesti.az»-სათვის მიცემულ ინტერვიუში რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსი პავლე კლაჩკოვი კორესპონდენტ ნიჯათ სამედოღლუსთან კრემლის სამხრეთკავკასიურ კურსზე საუბრობს. იგი ვრცლად აანალიზებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის მიმართ. ბუნებრივია, საუბარი ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, საქართველო სამუდამოდ პროდასავლური სახელმწიფო გახდა?

- იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთთან კავშირების სრული გაწყვეტა ვერ მოხდება. ამასთან, აშკარაა, რომ ქვეყანა ამ ეტაპზე აშშ-ის ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ იმყოფება. მოსკოვისათვის მიზანშეწონილია, რომ ამ ყველაფერს ფხიზელი თვალით შეხედოს და „ვარდისფერი სათვალე“ დროებით გვერდზე გადადოს. საქართველოსთან დიალოგის ნორმალიზება ხანგრძლივი პროცესი იქნება და მას აქტიური ძალისხმევა დაჭირდება. თუმცა უკვე ოპტიმისტურია ის, რომ თბილის ხშირად აკეთებს განცხადებებს ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობის თაობაზე. საერთოდ კი, ახლო მომავალში საქართველო მაინც ვაშინგტონის სატელიტად დარჩება“.

Comments are closed