«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბუნტი ბათუმში
«Сегодня» (უკრაინა): დარბევები ბათუმში: რა მოხდა და ვის აწყობს პროტესტები საქართველოში?
«АМИ – Новости-Армения» (სომხეთი): უწესრიგობები ბათუმში: სტიქიური პროტესტი თუ დაგეგმილი აქცია?
«Каспiй» (აზერბაიჯანი): Cui prodest, ანუ ვინ დგას აჭარაში მომხდარი უწესრიგობების უკან?
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): რაზე მიანიშნებს აფხაზეთში ჩატარებული უკანონო არჩევნები
«Ведомости» (რუსეთი): რბილი იმპერია: სამხრეთ ოსეთი რუსეთს სამსახურს გაუწევს // რუსეთი მეზობელ ტერიტორიებზე გავლენის გაძლიერების დემონსტრირებას ახდენს
—————-
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 13 მარტი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-unrest-in-batumi-ends-with-detentions/3763337.html
ბუნტი ბათუმში
ზაზა წულაძე
35 დაშავებული მოქალაქე, მათ შორის 15 პოლიციელი, 10-მდე დამწვარი ავტომანქანა, განადგურებული შუქ- და საგზაო ნიშნები, მოგლეჯილი დეკორატიული ღობეები, აყრილი ქვაფენილი, ჩამტვრეული მინები მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებში, დაზიანებული სანათები და სარეკლამო აბრები, ჯამში – 150 000 ლარის ზარალი, დაკავებული 40-მდე პირი, რომელთაგან ხუთდღიანი პატიმრობა მხოლოდ შვიდს მიესაჯა – ასეთია მოკლედ ბათუმის დრამატული მოვლენების შედეგები, რომელიც შავიზღვისპირეთის მთავარ ქალაქში 11-12 მარტს განვითარდა.
პროტესტი სპონტანურად მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქე ჯიმი ვარშანიძე ავტომანქანის არასწორი გაჩერებისთვის ჯერ დააჯარიმა, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ კი მამასთან ერთად დააკავა. ინციდენტში კიდევ რამდენიმე ბათუმელი ჩაერთო და პოლიციამ ისინიც აიყვანა.
ორი პარალელური აქცია თავიდან მშვიდობიან სახეს ინარჩუნებდა, ხალხი მხოლოდ დაკავებულების გათავისუფლებას და აჭარის საპატრულოს უფროსის გადაყენებას ითხოვდა, შემდეგ კი პროცესი უკვე უმართავი გახდა. პოლიციელებiსა და მოქალაქეების ღია შეტაკების მთავარ არენად ტბელ აბუსერიძის ქუჩა იქცა, სადაც აჭარის ავტონომიის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი ოფისი მდებარეობს.
მიუხედავად დაპირებისა, რომ დაკავებულები გათავისუფლდებოდნენ, აქციაში ჩართულებმა, ძირითადად, ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს, პიროტექნიკის გამოყენებით კი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მდგომი ავტომობილები დაწვეს. საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე საათის მანძილზე ვერ შეძლო. 11 მარტს, საღამოს 4 საათზე დაწყებული ქაოსის აღკვეთა, ხელისუფლებამ მხოლოდ სპეციალური დანიშნულების რაზმის დახმარების შემდეგ 12 მარტის დილის 5 საათისთვის მოახერხა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ ამდენი დროის მანძილზე, პოლიციის მხრიდან უმოქმედობა შეცდომა იყო: „პროპორციული ძალის გამოყენება იყო აუცილებელი. ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ქმედება, რომელიც ამოვარდნილი იყო ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან, არ საჭიროებდა თმენის ვალდებულების აღებას სამართალდამცველთა მხრიდან. ამან გამოიწვია დაუცველობის და უსუსურობის განცდა საზოგადოებაში, ვინაიდან პოლიციამ არ გასცა ადექვატური პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ქმედებაც უკვე შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“.
ბათუმში ვნებათა ჩაცხრობის შემდეგ ხელისუფლებისთვის კომფორტულია, რომ მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობაზე ისაუბროს, რომელმაც პროცესში ჩართვით ნამდვილად სცადა პოლიტიკური ქულების დაწერა. თუმცა, ექსპერტების აზრით, ბათუმის კრიზისის ფორმულა სინამდვილეში გაცილებით ღრმა და მრავალვექტორიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
კონფლიქტის მიზეზი სათავეს 2017 წლის 7 იანვარიდან იღებს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა. იგი ბათუმში, საკუთარი გუნდით ჩავიდა, რომელთან ერთადაც მანამდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. ამას მოჰყვა უკმაყოფილება როგორც აჭარის მთავრობაში, სადაც განაცხადეს, რომ ეს საკადრო ცვლილება ცენტრს ბათუმთან არ შეუთანხმებია, ისე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდანაც.
„დემოკრატიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გენო გელაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში, მას პატრულის რამდენიმე თანამშრომელმა „რეგიონალური დისკრიმინაციის“ გამო მიმართა.
კახა ბუხრაძის დანიშვნისთანავე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის მერაბ ღოღობერიძის „ანტიკორუფციულმა ცენტრმა“ აჭარის მთავარი პოლიციელის წინააღმდეგ ღია კამპანია წამოიწყო. მას „ნეპოტიზმში“, „ქსენოფობიაში“, “ძალაუფლების გადამეტებაში” ადანაშაულებდნენ და ბათუმის საზოგადოების ნაწილი, პატრულის ახალი შემადგენლობის წინააღმდეგ განაწყვეს.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მძღოლების დაჯარიმების გარდა, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ინფორმაციამ, თითქოს, პატრულის ახალი თანამშრომლები ბათუმის მოსახლეობას „თათრებად“ მოიხსენიებდნენ. ეს ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე არ დასტურდება, მერაბ ღოღობერიძემ სოციალური ქსელით ჯერ კიდევ 28 თებერვალს გაავრცელა, 9 მარტს კი პოლიციის წინ აქციაც გამართა.
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე, რომელიც თავად ბათუმელია, არ გამორიცხავს, რომ მთელი ეს პროცესი მართული ყოფილიყო, იმ ძალების მიერ, რომლებიც აჭარის საპატრულოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს არ მიესალმნენ. ხათუნა სამნიძის მტკიცებით, თავად მერაბ ღოღობერიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) მჭირდოდ დაკავშირებული პირია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბათუმში საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისთანავე განაცხადა, რომ კახა ბუხრაძე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე რჩება, თუმცა, ბრალდებები მის წინააღმდეგ გამოძიებული იქნება: „შესაძლებელია, რომ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია პოლიციის ახალი უფროსის მიმართ, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ყოველგვარ ზღვარს სცდება და დაუშვებელია პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა. ჩემს მიერ დეტალურად იქნება შესწავლილი ყველა ის პრეტენზია, რასაც მისი მისამართით გამოთქვამენ, ამ ეტაპზე მე აჭარაში საკანდრო ცვლილების აუცილებლობას ვერ ვხედავ“.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქაოტური პროტესტის დამატებით მაპროვოცირებელ ფაქტორებად, რომელიც ბათუმის ქუჩებში აშკარა ვანდალიზმში გადაიზარდა, ექსპერტები ასევე მიიჩნევენ: უმძიმესს სოციალურ გაჭირვებას, უმუშევრობას, უიმედობას, ნიჰილიზმს, რელიგიურ და პოლიტიკურ შეუწყნარებლობას, განათლების უმწვავეს პრობლემას, ნეპოტიზმს საჯარო სამსახურებში, ავტონომიისა და თვითმმართველობის ფორმალურ სახეს, არაფორმალურ მართვას, ოპოზიციის ნაწილის უპასუხისმგებლობასა და მმართველი ძალის თვითკმაყოფილებას.
უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ბათუმის კრიზისის ფორმირების ანალიზი, რათა ასეთმა დამანგრეველმა პროცესებმა სხვა რეგიონებში არ იჩინოს თავი.
«Сегодня» (უკრაინა), 14 მარტი, 2017 წელი
დარბევები ბათუმში: რა მოხდა და ვის აწყობს პროტესტები საქართველოში?
შაბათს, 11 მარტის საღამოს და კვირა ღამით საქართველოს ყველაზე გარეკლამირებულმა კურორტმა ისეთი პროტესტები და დარბევები გადაიტანა, რომელიც სანავსადგურო ქალაქს 2003 წლიდან აღარ უნახავს, როცა აჭარა ცენტრალური ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა. ამჟამინდელი დარბევის მიზეზი კი, ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ორი ადამიანის „უსაფუძვლო დაკავება“ გახდა – ისინი თურმე პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ“, – ასე იწყება უკრაინის გაზეთ „სეგოდნია“-ში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი – ირინა კოვალჩუკი), რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი ბათუმში მომხდარი ამბები.
საინტერესოა, ვისი ხელი ურევია „ბათუმურ ბუნტში“? საიდან გაჩნდნენ დამრბევები? ამ კითხვაზე პასუხისათვის „სეგოდნიას“ კორესპონდენტმა ირინა კოვალჩუკმა ინტერნეტ-პორტალ Factcheck-ის მთავარ რედაქტორს დიმიტრი ავალიანს მიმართა: „რთულია იმის განსაზღვარა, თუ საიდან გაჩნდნენ დამრბევები. თავიდან ისე ჩანდა, რომ ეს თითქოსდა სტიქიური ამბოხი იყო, მაგრამ შემდეგ საიდანღაც გაჩნდნენ საეჭვო ვაჟბატონები, რომლებმაც პოლიციის მანქანების დაწვა და ქვების სროლა დაიწყეს. ჩვენთან არასდროს ასეთი რამ არ ყოფილა!. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ „რუსული კვალიც“ არსებობდეს – ძალიან ჰგავს ჰიბრიდული ომის წარმოების მათებურ ტექნოლოგიას“, – ამბობს რესპოდენტი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბათუმში ჩავიდა, მომხდარში „დესტრუქციული ძალები“ დაადანაშაულა, რომლებმაც ადამიანებს ვანდალიზმის აქტებისაკენ უბიძგეს. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას“ დასდო ბრალი: „როგორც არ უნდა ეცადნონ საქართველოს მტრები და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად განწყობილი ლიდერები, ჩვენს ქვეყანაში უწესრიგობებს ვერ დააბრუნებენ, ეს არასოდეს არ მოხდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
არის მოსაზრება, რომ სტიქიური პროტესტით რამდენიმე ძალამ ისარგებლა, რომლებთაც საქართველოში სიტუაციის შეცვლა სურთ. თბილისმა გასულ კვირას ევროკავშირისაგან მნიშვნელოვანი ბონუსი მიიღო – ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის 28 მარტიდან: „პოლიციის პატრული ვალდებული იყო ჯარიმა გამოეწერა იმ მძღოლისთვის, რომელიც მთვრალი დაჯდა საჭესთან, მიუხედავად იმისა, რომ მან [იმ დღეს] ძმა დაკრძალა. ვინ დაიწყებს „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას ჯარიმის გამო? არავინ. ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი [დესტრუქციულ ძალებს] პოლიტიკური მიზნებისთვის სურდათ გამოეყენებინათ“, – ამბობს „სეგოდნიას“ კორესპონდენტთან საუბარში მედიაჰოლდიგ The Georgian Times-ის დირექტორი მალხაზ გულაშვილი, – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დილის ოთხ საათზე გამოაცხადა, რომ მომიტინგეებს სოლიდარობას უცხადებს და საქართველოს მსხვილ ქალაქებში ყველას მოუწოდა ანტისამთავრობო აქციების ჩატარებისაკენ. მე არ გამოვრიცხავ, რომ იყო მიზანი საერთაშორისო ვითარებით ესარგებლათ: პარასკევს მოსკოვში ვიზიტით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი იმყოფებოდა და იქ რუსეთ-თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განახლება დაიგეგმა. რუსეთიდან თურქეთში სახმელეთო გზა კი მხოლოდ აჭარაზე გადის“.
«АМИ – Новости-Армения» (სომხეთი), 14 მარტი, 2017 წელი
უწესრიგობები ბათუმში: სტიქიური პროტესტი თუ დაგეგმილი აქცია?
სტატიაში გადმოცემულია როგორც ბათუმში 11 მარტის საღამოს მომხდარი დრამატული მოვლენები, ასევე პოლიტოლოგთა შეფასებებიც – ქართველი ექსპერტებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების ზაალ ანჯაფარიძისა და გიორგი ვეკუას კომენტარები, რომელთა მიხედვით, აჭარის დედაქალაქში მომხდარი საპროტესტო აქცია სტიქიური არ ყოფილა და ხელისუფლების მოწინააღმდეგეები ასეთი გამოსვლისათვის ემზადებოდნენ. მათი ვარაუდით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (ამჟამად უკრაინის მოქალაქე) ხელმძღვანელობს, აშკარად შეეცადა სიტუაციის თავის სასარგებლოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას. გარდა ამისა, გიორგი ვეკუა ხაზს უსვამს აჭარის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რომელიც „არანაკლებ არასტაბილურ თურქეთს ესაზღვრება“. ეს ყველაფერი, სხვა მოვლენებთან ერთად (მხედველობაშია მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ამბები), ხელს არ უწყობს სიმშვიდის განმტკიცებას ავტონომიურ რესპუბლიკაში“ (ავტორი – აიკ ხალათიანი, „ნოვოსტი-არმენიას“ მიმომხილველი).
პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე სომეხი პოლიტოლოგის, „საქართველოს საკითხების წამყვანი სპეციალისტის“ ჯონი მელიქიანის თვალსაზრისისც. მისი აზრით, ბათუმში მომხდარ ამბებში შეიძლება ორი ასპექტი გამოიყოს: საშინაოპოლიტიკური, აღშფოთებული მოსახლეობის სახით, რომელიც უკმაყოფილობას გამოხატავს ადგილობრივი სამართალდამცველი ორგანოების შეუბრალებელი და თავაშვებული მოქმედებით და საგარეოპოლიტიკური – ამ პროცესებში გარე ძალების ჩარევა.
„საიდუმლო არ არის, რომ ერთი მხრივ, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურები, ტრადიციულად, უფრო მკაცრად და დაუნდობლად ისეთ რეგიონებში მოქმედებენ, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებულია, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში), ასევე სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიაში. ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს. შესაძლოა ინციდენტის საბაბი შემთხვევითია, მაგრამ მასში მოსახლეობის შემდგომი ჩარევა მოწმობს იმას, რომ ალბათ, საქმე გვაქვს რაღაც პოლიტიკურ თამაშებთან“, – აცხადებს ჯონი მელიქიანი. მისი თქმით, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის, „ნაცმოძრაობის“ წევრის ლევან ვარშალომიძის განცხადებები „ცეცხლზე ნავთის დასხმის“ ტოლფასია.
ჯონი მელიქიანი დარწმუნებულია, ბათუმში მომხდარი უწესრიგობები აჭარის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე მაინცდამაინც ნეგატიური გავლენა არ ექნება. „ნათელია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას რამდენიმე დღეში აღადგენს. გარდა ამისა, არ ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეტა უკმაყოფილება ტურისტებზე გავრცელდება. ტურიზმი ხომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შემოსავლების პრაქტიკულად ერთადერთ წყაროს წარმოადგენს“, – ამბობს პოლიტოლოგი.
«Каспiй» (აზერბაიჯანი), 14 მარტი, 2017 წელი
http://www.kaspiy.az/pages/q.pdf
Cui prodest, ანუ ვინ დგას აჭარაში მომხდარი უწესრიგობების უკან?
„გასულ შაბათ-კვირას ქართულ ქალაქ ბათუმში მასობრივი უწესრიგობები მოხდა, რომლის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც. ჯერ-ჯერობით ვერავინ ამბობს ზუსტად, თუ ვინ დგას ამ საპროტესტო აქციის უკან“, – წერს აზერბაიჯანის რუსულენოვანი ყოველდღიური გაზეთი «Каспiй» (ავტორი – რაუფ ორუჯევი).
პუბლიკაციაში გადმოცემულია საპროტესტო აქციის დაწყების და მისი განვითარება, რომელიც მასობრივ უწესრიგობებში გადაიზარდა. ნაჩვენებია ადგილობრივი პოლიციის მოქმედება, სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მონაწილეობით. სტატიაში საუბარია აგრეთვე ბათუმის ინფრაქტრსუქტურისადმი მიყენებულ ზარალზე, ხელისუფლების წარმომადგენლების რეაგირებაზე (რომელიც ჯერ დიდხანს ჭიანურდებოდა, შემდეგ კი პრემიერმა დესტრუქციული ძალები დაადანაშაულა). განსაკუთრებით ხაზგასმულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, მისი ადმინისტრაციის უფროსის განცხადებები, უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად. პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებიც „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც, პრემიერის განცხადების ფონზე, უფრო კონკრეტულები იყვნენ და მათ დესტრუქციულ ძალებზე საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობაზე“ მიუთითეს.
ამავე დროს არსებობს სხვა ვერსიებიც. მაგალითად, როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს ყოფილი პრეს-ატაშე ბაჩო ქორჩილავა ამბობს, „ბათუმის მოვლენები – ეს არის იმის გამოხატულება, რომ მმართველ პარტიაში დაპირისპირება ხდება, ვიღაც-ვიღაცეები მთავრობაში პოლიტიკური მოთამაშეების შეცვლით არიან დაინტერესებულნი“. პოლიტოლოგი, „კავკასიური სახლის“ დირექტორი გიორგი კანაშვილის თქმით კი, არც მმართველი და არც ოპოზიციური პარტიები (მხედველობაშია „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“) მსგავსი უწესრიგობების მოწყობით დაინტერესებულნი არ არიან: „ამგვარი მოვლენები არავის არ ჭირდება. არ არსებობს მათი მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები“.
გაზეთის კორესპონდენტმა კომენტარისთვის „ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს“ გელა ვასაძეს მიმართა, ბათუმური მოვლენების მიზეზტა განმარტების მიზნით: „ყურადღთება უნდა მიექცეს იმას, რომ ბათუმში მომხდარი უწესრიგობებით მოსახლეობამ დაივიწყა პატრაიარქის მოწმავლის მცდელობა, სტრასბურგის სასალართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი-2“-ის საქმეზე და ა.შ. უკრაინული მაიდნის მსგავსმა სურათებმა, როგორც ჩანს, ობივატელი, რიგითი მოქალაქე ისე დააფრთხო, რომ დიდი ხნის განმავლობაში იგი გულშიც არ გაივლებს ხელისუფლებას მსგავსი მეთოდებით შეეწინააღმდეგოს. თავის მხრივ, ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცა მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, თუ რა საშიში საფრთხე არსებობს დესტაბილიზებისა, რომელიც საძაგელი „ნაციონალების“ მხრიდან მომდინარეობს. მართალია, ამის არავის სჯერა, მაგრამ ასეთი განცხადებები გულში მაინც არასასიამოვნო გრძნობას, რაღაც ხინჯს ტოვებს. მე შორს ვარ იმისგან, რომ ძველი რომაელების მსგავსად ყოველთვის კითხვა დავსვა Cui prodest? („ვის აწყობს ეს ყველაფერი“), მაგრამ ეს აზრი ვიღაცას მაინც დაებადება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ბათუმის უწესრიგობების ორგანიზატორი, მისგან სარგებელი მაინც ხელისუფლებამ მიიღო. ხოლო იმას, თუ რომელი სამთავრობო ჯგუფი მიიღებს ამით დამატებით ბონუსებს, ჩვენ ამას საკადრო ცვლილებების მიხედვით გავიგებთ. წინათგრძნობა მაქვს, რომ ამ ცვლილებებისათვის დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირდება“.
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 13 მარტი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/archevnebi-afkhazetshi/28366443.html
რაზე მიანიშნებს აფხაზეთში ჩატარებული უკანონო არჩევნები
ლელა კუნჭულია
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამოცხადდა წინასწარი შედეგები ე. წ. საპარლამენტო არჩევნებისა, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევს როგორც თბილისი, ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. წინასწარი შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნების პირველსავე ტურში გაიმარჯვა ყოფილმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ანქვაბმა, რომელიც რუსეთის პოლიტიკის მიმართ გარკვეული წინააღმდეგობით გამოირჩეოდა. ანალიტიკოსების აზრით, პროცესები მიანიშნებს დაპირისპირების გამწვავებაზე პოლიტიკური ელიტის მომხრეებს შორის, თუმცა ეს ბევრს არაფერს შეცვლის საქართველოსთვის. ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ, რუსეთისა და აფხაზეთის წყაროების ცნობით, არაღიარებული რესპუბლიკებისა და რუსეთის გარდა, აფხაზეთში ე. წ. არჩევნებს მეთვალყურეობდნენ პარლამენტარები ბელორუსიიდან. თუმცა მინსკში ამ ფაქტს არ ადასტურებენ.
აფხაზეთში გამართული ე. წ. არჩევნები შემდგარად გამოაცხადა მოსკოვმა. როგორც დუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინ ზატულინმა აღნიშნა სოხუმში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, „არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა“, თუმცა ზატულინს, ცხადია, არ აღუნიშნავს ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ კენჭისყრას აბსოლუტურად უკანონოდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობა და შეუძლებელია, რომ პროცესი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში შეფასდეს. წერილობით განცხადებაში, რომელიც 12 მარტს გამოაქვეყნა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის წარმომადგენელმა მაია კოციანჩიჩმა, ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ ცნობს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელშიც აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ტექსტში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
იმაზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს 12 მარტს აფხაზეთში ჩატარებულ ე. წ. საპარლამენტო არჩევნებს, მეტყველებს ასევე პროცესის მეთვალყურეთა შემადგენლობაც, რომლის შესახებ აქტიურად იუწყება რუსულენოვანი მედია. ამ მონაცემებს ემთხვევა ინფორმაცია, რომელიც რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამა „ეხო კავკაზას“ მიაწოდა სოხუმელმა კორესპონდენტმა ელენა ზავოდსკაიამ:
„აფხაზეთში არჩევნების მონიტორინგს ახორციელებდა 39 საერთაშორისო მეთვალყურე. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლები, პარლამენტარები ბელორუსიის რესპუბლიკიდან, ასევე წარმომადგენლები სამხრეთ ოსეთიდან, „არცახა“ (მთიანი ყარაბაღიდან), წარმომადგენლები დნესტრისპირეთიდან, დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან“.
როგორც ვხედავთ, აფხაზეთის ე. წ. არჩევნებს მეთვალყურეობდნენ რუსეთი და მისი თანამოაზრეები ძირითადად იმავე რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიებიდან თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან. ამ ჩამონათვალში ბევრს გაუკვირდა აღმოჩენა ბელორუსიისა, რომელმაც არაერთხელ გამოავლინა პრინციპული პოზიცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებასთან დაკავშირებით.
თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ინფორმაცია გადამოწმდა ბელორუსიის საგარეო უწყებასა და პარლამენტში და, შედეგად, არ დადასტურდა მეთვალყურის რანგში თუნდაც ერთი ბელორუსი დეპუტატის მონაწილეობა აფხაზეთის ე. წ. საპარლამენტო არჩევნებში.
რაც შეეხება საერთო პოზიციას აფხაზეთის ე. წ. არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ უკანონო არჩევნების ჩატარება „წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას“. ტექსტში რამდენჯერმეა ხაზგასმული რუსეთის ფაქტორი:
„ე. წ. საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის რეგიონში ტარდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაცია არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და, ოკუპირებული ტერიტორიების ინტენსიური მილიტარიზაციის პარალელურად, აგრძელებს მათ ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით. ამავდროულად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს წართმეული აქვთ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა კი იმყოფება მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის ქვეშ, უხეშად ირღვევა რა მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამ ფონზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე წვდომის შესაძლებლობა“.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, „ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.
იმაზე, რომ აფხაზეთში ჩატარებული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები სრულიად უკანონოა, საქართველოში ყველა თანხმდება და ეს აქცენტი არაერთხელ დაისვა ბოლო დღეებში გაკეთებულ კომენტარებში ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ ექსპერტთა წრეების წარმომადგენელთა მხრიდან. კვირას ამ თემაზე საგანგებო განცხადებები გამოქვეყნდა საქართველოს პრეზიდენტისა და რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციის სახელითაც.
12 მარტის არჩევნების აბსოლუტურ უკანონობაზე ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან „მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლევან გერაძეც, თუმცა, მისი თქმით, თბილისს მართებს, ყურადღებით ადევნოს თვალყური საქართველოს რეგიონში – აფხაზეთში – განვითარებულ მოვლენებს. ანალიტიკოსისთვის უმნიშვნელო არ არის ის ფაქტი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი, ხელისუფლებაში ბრუნდება, რადგან, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ანგარიშგასაწევია ნებისმიერი ის ძალა, რომელსაც გარკვეული ზეგავლენა აქვს საზოგადოებაზე აფხაზეთში. ანქვაბის დაბრუნება, მისი აზრით, იმის მანიშნებელია, რომ ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლებაში ძალაუფლების გადანაწილების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.
უკვე ცნობილია, რომ ალექსანდრე ანქვაბი იმ 12 დეპუტატს შორის მოხვდა, რომლებმაც 50 %-იანი ზღვარი პირველსავე ტურში გადალახეს და რომლებიც ნამდვილად შევლენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ პარლამენტში. დანარჩენი 23 დეპუტატის ვინაობა 26 მარტისთვის დაგეგმილი ხელახალი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტის პოსტი ალექსანდრე ანქვაბმა, ოპოზიციის ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების კვალდაკვალ, 2014 წლის 1 ივნისს დატოვა, რის შემდეგაც ჩატარდა ე. წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ლევან გერაძე შეგვახსენებს, რომ ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით, აფხაზეთში წინააღმდეგობა შეხვდა რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალისთვის შეთავაზებულ იდენტურ დოკუმენტებს. საუბარია ე. წ. ხელშეკრულებაზე მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამ მხრივ რუსეთს აფხაზეთში გარკვეულ დათმობაზე წასვლა მოუხდა. ასევე ალექსანდრე ანქვაბის სახელს უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების დარიგების სკანდალიც. თუმცა ლევან გერაძე შორს არის იმ აზრისგან, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მოიძებნება საქართველოს ინტერესების დამცველი პოლიტიკური ძალა:
„დღეს აფხაზეთში არ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პროქართულად შეიძლება იყოს განწყობილი. ასეთი ძალა აფხაზეთში არ არსებობს და ვერც იარსებებს. თითოეული პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოდგენილია დღეს აფხაზეთის პოლიტიკურ რეალობაში, მეტ-ნაკლებად ლოიალურია რუსეთის მიმართ. უბრალოდ, მათ უკან დგანან სხვადასხვა წრეები რუსეთის ფედერაციაში“.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე ოტობაია-ორსანტიისა და ნაბაკევი-ხურჩის საკონტროლო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, რაც, ბევრის აზრით, სოხუმმა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აქცია, ლევან გერაძის თქმით, ეს პროცესი შეუქცევადი არ არის და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მუშაობის შედეგად, შესაძლოა, თავად აფხაზებმაც აღიარონ, რომ გზების ჩაკეტვა არც მათთვის არის ხელსაყრელი. სხვათა შორის, ხსენებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები 2013 წლის მაისში, ალექსანდრე ანქვაბის პრეზიდენტობის დროს, გაიხსნა.
«Ведомости» (რუსეთი), 14 მარტი, 2017 წელი
http://www.vedomosti.ru/politics/articles/2017/03/14/681019-yuzhnoi-osetii
http://www.vedomosti.ru/opinion/articles/2017/03/14/681026-imperiya
რბილი იმპერია: სამხრეთ ოსეთი რუსეთს სამსახურს გაუწევს
რუსეთი მეზობელ ტერიტორიებზე გავლენის გაძლიერების დემონსტრირებას ახდენს
ალექსეი ნოკოლსკი, ვლადიმირ პურინი
რუსეთის ფედერაციის მთავრობამ მოიწონა თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შეთანხმების პროექტი სამხრეთ ოსეთთან, რომლის თანახმად, რესპუბლიკის მოქალაქეებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამსახური შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტის საფუძველზე, ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაში სამსახურის უფლება აქვთ, ანუ ფულად ანაზღაურებასაც რუსული ნორმების შესაბამისად მიიღებენ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები კი იმდენივე სამხედრო პერსონალით შემცირდება, რამდენიც რუსულ ბაზაზე გადავა.
არ დაელოდა რა დონალდ ტრამპთან „დიდი გარიგების“ დადებას და დარწმუნდა რა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ახლა რუსეთის დარდი არ აქვს, მოსკოვმა მეზობელ ტერიტორიებზე „საქმეების დალაგება“ განიზრახა – იმ ადგილებში, რომლებსაც კრემლი თავისი ინტერესების ზონად მიიჩნევს. გავლენის გაძლიერების ამსახველი პროექტების გააქტიურება თვალშისაცემია: მაგალითად, „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ პასპორტების აღიარება, იმავე რესპუბლიკებში სამრეწველო საწარმოების ნაციონალიზების დაწყება ახალ, მაგრამ გაურკვეველ მფლობელთა ინტერესების შესაბამისად (ვინ არიან ისინი, რუსები ხომ არა?), მოქალაქეობის კანონში შეტანილი ცვლილებები (რომელიც უკვე მოიწონეს სათათბიროს კომიტეტებმა), სამხრეთ ოსეთის სამხედრო ქვედანაყოფების მიღება რუსეთის შეაიარაღებული ძალების სიტემაში და კიდევ ბევრი სხვა ამის მსგავსი ფაქტი. მათ ყველას თავისი ისტორია და თავისი ლობისტები ჰყავთ, მაგრამ აშკარაა, რომ ბოლო დროს ამგვარი ტენდენცია შესამჩნევია, თემა და მიზანი ერთია.
სამხრეთ ოსეთის სამხედროების ინტეგრირება რუსეთის არმიაში მოსალოდნელიც იყო, ჩვენ ამის შესახებ ადრეც ვწერდით, თუმცა, ამის მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ მათ ახალ სტატუსს რუსეთისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. „რუსეთი ვალდებული იქნება, რომ სამართლებრივ-სოციალური დაცვის საერთორუსული დონის შესაბამისად, მათ მოქმედებაზე პასუხისმგებელი იყოს“, – ამბობს ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვლადიმირ ფროლოვი, რაც, მისი აზრით, „შეიარაღებული კონფლიქტის რისკებს ზრდის“. ამჟამად საქართველოსთან სიტუაციის გამწვავება ნაკლებსავარაუდოა, მაგრამ პერპსექტივაში, როცა იქ ნატოს სამხედრო მოსამსახურეები გამოჩნდებიან, მოსკოვის მიერ გადადგმულ ზემოთ ხსენებულ ნაბიჯს გარკევული გართულებების გამოწვევა შეუძლია. ამით გზა ეხსნებათ ანალოგიურ პრეტენზიებს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა არაღიარებულ რესპუბლიკათა მხრიდანაც. მათ ხელმძღვანელები შეიძლება მოსკოვს დაემდურონ: ჩვენი მებრძოლებიც ხომ რუსეთის მტრებს ებრძვიან? რით არიან ისინი სამხრეთ ოსებზე ნაკლებნი?