„ვერსია“: გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა // საიდან ჰქონდათ მომიტინგეებს „მოლოტოვის კოქტეილები“ და რა მოწოდებები ვრცელდებოდა 11 მარტის მოვლენებამდე ორი დღით ადრე აჭარაში
„ინტერპრესნიუსი“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის ხელისუფლებამაც დაინახა, რომ ქაოტური სოციალური პროტესტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე იდეის ან პოლიტიკური ძალის მიერ მართული“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ხელისუფლებამ ვანდალებს ბათუმი დაარბევინა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო“ // „სამარცხვინო იყო, პოლიტიკური ძალები ქულების ჩაწერას რომ აპირებდნენ“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ნინო კალანდაძესთან: „მოლოტოვის კოქტეილები“ სადღაციდან უცებ ვერ გაჩნდებოდა“ // „თუ აღმოჩნდება, რომ დამნაშავე ჩვენ ვართ, მაშინ ჩვენ ვაგებთ პასუხს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ბათუმში ყველაფერი წინასწარ მოწყობილი იყო“ // „ხალხი ნაციონალების დემაგოგიას არ უნდა ენდოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ხელისუფლებას გაქცევა მოუწევს“ // „გიორგი მარგველაშვილს და მის გუნდს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვთ“ // „სტრასბური „ქართული ოცნების“ ვატერლოოა“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „სტრასბურის სასამართლოზე გავლენა შეიძლება მოეხდინა საელჩოების შეშფოთებას“
—–
„ვერსია“: მეხსიერების ბარათი // ეპიზოდები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებიდან: „ერთ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზში გართობა გადაწყვიტა“
——————–
„ვერსია“, 13 მარტი, 2017 წელი
გამოცხადებული პროვოკაციის ქრონიკა
საიდან ჰქონდათ მომიტინგეებს „მოლოტოვის კოქტეილები“ და რა მოწოდებები ვრცელდებოდა 11 მარტის მოვლენებამდე ორი დღით ადრე აჭარაში
ვანო პავლიაშვილი
11 მარტს მოხდა ის, რის მიღწევასაც ვიღაცები 2012 წლის პირველი ოქტომბრის ანუ ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსვლის დღიდან „ჩალიჩობენ“: ბათუმი, პრაქტიკულად, ცეცხლის ალში გაეხვია და შეუიარაღებელი თვალითაც ნათელია, რომ ნაპერწკალი პროვოკაციულად გაჩნდა. ცხადია, იმის ხელაღებით მტკიცება, რომ ყველაფერი დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა, ძნელია, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აქციის მონაწილეებმა არათუ პოლიციის ავტომანქანები დაამტვრიეს და დაწვეს, არამედ – არც მეტი, არც ნაკლები – ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებიც გამოიყენეს. სწორედ ეს დეტალი აძლიერებს გონივრულ ეჭვს, რომ 11 მარტის მოვლენები, რომელიც სოციალურ ქსელში ვანდალიზმადაც მონათლეს, მიზანმიმართული პროვოკაცია იყო, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა. არსებობის უფლება, ცხადია, ნებისმიერ ვერსიას აქვს, მით უმეტეს, ისეთ დროს, როცა არეულობა ხდება.
საერთოდ, 11 მარტის მოვლენები კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ, ანუ უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ყურადღება ყველაფერ იმასაც უნდა მივაქციოთ, რაც ბათუმის არეულობას წინ უსწრებდა. მაშ ასე, ბოლო რამდენიმე კვირის ქრონიკა ასეთია:
თებერვლის შუა რიცხვებში სამართალდამცავები დეკანოზ გიორგი მამალაძეს აკავებენ, რომელიც გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას და პატრიარქის თუ არა, რომელიმე მაღალი სასულიერო პირის ან, სულაც რიგითი ადამიანის მოწამვლას. ისე, მნიშვნელობა არ აქვს, ციანიდი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, დეკანოზს უპოვეს, ვისთვის იყო განკუთვნილი, რადგან „ციანიდის საქმეს“ იგივე 11 მარტის მოვლენების პრიზმაში თუ განვიხილავთ, სავარაუდო მიზანი უფრო გამოიკვეთება ანუ არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც ეკლესიაში ვითარების დრამატიზებას მიზანმიმართულად ცდილობდა, რამეთუ ეკლესია, ბოლო წლების ყველა გამოკითხვის თანახმად, ის ინსტიტუციაა, რომლის მიმართაც საზოგადოებას ყველაზე დიდი ნდობა აქვს. შესაბამისად, როცა ჩნდება თუნდაც ჯერჯერობით დაუდასტურებელი ეჭვი, რომ სასულიერო პირი რამე უკანონობის ჩადენას ცდილობდა, ეს ცხადია, ეკლესიის იმიჯზე უარყოფითად მოქმდებს.
ისე, „ციანიდის სკანდალი“ აგორდა თუ არა, „ვერსიას“ პოლიტიკურ კულუარებში უთხრეს, რომ ყველაფერ ამის მიზანი ხალხის ქუჩაში გამოყვანა იყო, თუმცა მაშინ ჩვენმა გამოცემამ ამ ცნობის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა. სამაგიეროდ, დაახლოებით, ორი კვირის წინ, „ვერსიამ“ პირად კონფიდენტებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან საქართველოში ის ქართველები ჩამოვიდნენ, რომელთაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირი. ამავე წყარომ ისიც გვითხრა, რომ ჩრდილოეთიდან საგანგებოდ გადმოსხმული „უშიშროების დესანტი“ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებსა თუ საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებთან ცდილობდა კავშირის დამყარებას. ჩვენ, რასაკვირველია, არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ გამორიცხული არ არის, იგივე ბათუმში, 11 მარტს, გვიან ღამით, განვითარებული მოვლენები გარკვეულ „ბმაში“ შეიძლება, ყველაფერ ამასთან იყოს.
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, „ციანიდის საქმის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი კი გაჩნდა, მაგრამ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებმა ხალხი ქუჩაში ვერ გამოიყვანა. სწორედ ამ ფონზე უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა და იმავე საღამოს, ტელევიზიის ეზოში თავმოყრა ხალხმა დაიწყო. აქციაზე „სახელდახელოდ“ კარვებიც გაიშალა და არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ევროსასამართლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ჯერ დროებით, შემდეგ კი უვადოდ რომ არ შეეჩერებინა. ყველაფერ ამის მიუხედავად, 11 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი, რომელიც ჯერ კიდევ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამდე იყო დაგეგმილი, ჩატარდა, სადაც გაჟღერდა მოთხოვნა, რომ უზენაესი სასამართლოს იმ 12-მა მოსამართლემ, რომელმაც 2 მარტს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოიტანა, თანამდებობა უნდა დატოვოს; ასევე აქციაზე სტუდენტებს მოუწოდეს, ამ მოსამართლეების ლექციებს არ დაესწრონ.
იმ დროს, როცა თბილისში მიმდინარე აქცია-კონცერტის მონაწილეებს შოუბიზნესის წარმომადგენლები ართობდნენ, ბათუმში მოქალაქესა და პატრულს შორის, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ინციდენტი მოხდა ანუ პოლიციამ არასწორი პარკირების საბაბით მძღოლი დააჯარიმა, რაც „ბართლომეს ღამის“ საწინდარი გახდა.
დავუშვათ, პოლიციის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ საინტერესოა, თუკი ყველაფერი სპონტანური იყო, პოლიციის სამმართველოსთან ასობით ადამიანი „თვალის დახამხამებაში“ როგორ შეიკრიბა? გარდა ამისა, ტელევიზიით გასულ კადრებში კარგად ისმის ცალკეული მომიტინგის განცხადება, ვიღაც გორელმა აჭარაში როგორ უნდა დაგვაჯარიმოსო. ამასთან, ბათუმში მიმდინარე აქციაზე შიგადაშიგ ასეთი მოწოდებაც ისმოდა, აჭარა აჭარლებისთვისო. დიდი იურიდიული განათლება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ეს „მესიჯბოქსი“ ვიღაცამ სადღაც საგანგებოდ მოიფიქრა და შეიძლება, მართლაც, გულწრფელად აღშფოთებულ ადამიანებს „შეუგდო“.
აქვე, ყურადღების გამახვილება ერთ დეტალზეც ღირს: 11 მარტს, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვინმე მერაბ ღოღობერიძემ, რომელიც, თურმე, ნუ იტყვით და, უფლებამდაცველია, ჯერ კიდევ 9 მარტს ანუ 11 მარტის არეულობამდე ორი დღით ადრე, აქცია გამართა, სადაც გამოფინა პლაკატები: „აჭარელი თათარი არ არის, ბატონო პოლიციელო!“ „აჭარა აჭარლებისთვის!“ და ასე შემდეგ.
საგულისხმოა, რომ 11 მარტის აქციის მონაწილეთა ნაწილის თქმით, პოლიციელმა მათ თათრები უწოდა, თუმცა ამის დამადასტურებელი აუდიო ან ვიდეომტკიცებულება არ არსებობს, თან თუ პოლიციელმა აქციის მონაწილეებს „თათრები“ 11 მარტს უწოდა, ზემოხსენებულმა ღოღობერიძემ 9 მარტის აქციაზე საგანგებო პლაკატები რატომ გამოფინა და პოლიციას რატომ შეახსენა, რომ „აჭარელი თათარი არ არის“?
ყველაფერ ზემოთქმულის გარდა, ისიც საგულისხმოა, რომ 11 მარტის მოვლენები მას შემდეგ განვითარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბოლო დროს საქართველოში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მართალია, ჯერ ადრეული გაზაფხულია, მაგრამ მალე აჭარაში საკურორტო სეზონი უნდა გაიხსნას ანუ ტურისტების ზრდამ შეიძლება, ტენდენციის სახე მიიღოს და აი, სწორედ ამ დროს ხდება ის, რაც ხდება _ პროტესტანტები მანქანებს წვავენ და ბათუმის ქუჩები, პრაქტიკულად, ბრძოლის ველს ემსგავსება. ნებისმიერი ცხელი წერტილი, თუნდაც ის რამდენიმესაათიანი იყოს, ავტომატურად მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. ამ მხრივ გამონაკლისი არც 11 მარტის მოვლენები ყოფილა. ჰოდა, იგივე ტურისტს, რომელიც აჭარაში აპირებდა ჩამოსვლას, დიდი ალბათობით, ამის სურვილი აღარ გაუჩნდება. ეს კი არადა, შეიძლება, საქმე იქითკენაც წავიდეს, რომ ევროკავშირმა საქართველოს წინააღმდეგ ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიებები გამოიყენოს და ჯერ ძალამოუკრებელი ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს, რასაც თავისთავად, ცხადია, მოჰყვება მხოლოდ ხალხის კი არა, ოპოზიციის უკმაყოფილება და ხელისუფლების დადანაშაულებაც, აი, ყველაფერი „ოცნების“ ბრალიაო?!
„ვერსია“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არაფერს ამტკიცებს, მაგრამ ყველა ზემოგანხილულ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ყოფილი ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები იმას, რაც 11 მარტს ღამე, ბათუმში მოხდა, „უწყინარ პროტესტს“ უწოდებენ. არადა, მანქანების დაწვა უწყინარი პროტესტი როდიდან გახდა, გაუგებარია.
სხვათა შორის, ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ მომიტინგეები პოლიციას ქვებს ესვრიან. ამასთან, ამბობენ, რომ ბათუმის ქუჩებში მთელი ქვაფენილი აყრილია. ქვაფენილის შიშველი ხელებით აყრა ძნელია. გარდა ამისა, საკურორტო ქალაქის ცენტრალური ქუჩები ქვებით არაა სავსე. მაშასადამე, ქვაც წინასწარ იყო მომარაგებული და ის ხელსაწყოებიც, რომლითაც ქვაფენილი აყარეს? _ გამოძიება, ალბათ, ამითაც დაინტერესდება… ისე, ყველაფერი, სავარაუდოდ, ალბათ, იმაზე იყო გათვლილი, რომ ხელისუფლებას მიტინგი სასტიკად და უმოწყალოდ დაერბია, რასაც პროტესტი, ავტომატურად, სხვა რეგიონებშიც მოჰყვებოდა და მთელი საქართველო ერთ დიდ მდუღარე კასრს დაემსგავსებოდა – წყალი აიმღვრეოდა, ამღვრეულ წყალში კი თევზის დაჭერა, მოგეხსენებათ, ადვილია…
ასეა თუ ისე, 11 მარტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, მინიმუმ, არასასიამოვნო თარიღად ჩაიწერება, რასაც ვიღაცები, ალბათ, სპეკულაციისთვისაც ხშირად გამოიყენებენ.
„ინტერპრესნიუსი“, 13 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ჩვენ ყველამ ერთად, მათ შორის ხელისუფლებამაც დაინახა, რომ ქაოტური სოციალური პროტესტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე იდეის ან პოლიტიკური ძალის მიერ მართული“
კობა ბენდელიანი
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ხათუნა, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. დაუჯერებელია ჯარიმების გამოწერას ამ მასშტაბის არეულობა და მასიური ვანდალიზმის ფაქტების დემონსტრირება გამოეწვია. მესმის რომ, ვიდრე გამოძიება დასრულებული არაა, არ არიან გამოვლენილი მასიური არეულობის ორგანიზატორები, მომხდარზე კომენტარის გაკეთება ძნელია, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ – თქვენი აზრით, რა მოხდა 11-12 მარტს ბათუმში? რამ გამოიწვია ბათუმის კრიზისი? ახლა როცა ყველა მომხდარის მიზეზების სიღრმისეული ანალიზის აუცილებლობაზე საუბრობს, თქვენი დაკვირვებით, რამდენად არსებობდა მომხდარის პრევენციისა და მეტიც, თავიდან აცილების შესაძლებლობა?
- ბათუმში განვითარებული პროცესების მიზეზები კომპლექსურია და აუცილებელია ყველა მათგანი გავითვალისწინოთ მოვლენათა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასარიდებლად. უნდა დავიწყოთ მძიმე სოციალური ფონით და საზოგადოებაში არსებული შესაბამისი საპროტესტო განწყობით. საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას ეგონა, რომ რადგან მას მეტ-ნაკლებად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ოპოზიცია აღარ ჰყავს, სოციალური უკმაყოფილებით ვერავინ ისარგებლებდა ანუ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ თუ არ არის პოპულარული ლიდერი, არ არის პრობლემა, თუმცა შეცდა – ჩვენ ყველამ ერთად და ხელისუფლებამაც დაინახა, რომ ქაოტური სოციალური პროტესტი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე იდეის ან პოლიტიკური ძალის მიერ მართული.
ავტორიტეტული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ლიდერების დეფიციტმა გამოიწვია ისიც, რომ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ მოსახლეობასთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებთან სწორი და დამაჯერებელი კომუნიკაცია ვერ შეძლეს: პატარიძის აჭარაში არყოფნის პირობებში, აჭარის ხელისუფლების სხვა ლიდერებიდან ვერავინ მოახერხა პროტესტის მონაწილეთა ნდობის მოპოვება და იმგვარი, ეფექტური გადაწყვეტილების მიღება, რომ სიტუაციის ესკალაცია აეცილებინათ თავიდან.
მივადექით კიდევ ერთ მწვავე პრობლემას: აჭარაში არასწორ საკადრო პოლიტიკას, შესაბამისად, უავტორიტეტო მთავრობას და რეალურ პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარის დეფიციტს. ამ ფონზე, თავად აჭარის მთავრობის მეთაური პატარიძე უდავოდ გამოირჩეოდა განვითარებული მოვლენების სწორი და გაწონასწორებული შეფასებით და ჩანს, რომ მისმა არყოფნამ ბათუმში პროცესი ნამდვილად აზარალა, რადგან ის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ავტორიტეტული ფიგურაა აჭარის დღევანდელ ხელისუფლებაში.
არ უნდა მივაჩუმათოთ ის საკითხიც, რომელიც ამ სოციალური აფეთქების რეალურ წინაპირობად იქცა. კერძოდ, პარკირების პრობლემა ბათუმში, რომელიც ამ ზღაპრული ქალაქის მოსახლეობის უდიდესი თავისტკივილია და ამ პრობლემასთან მიბმული, ბოლო სამი კვირის მანძილზე გახშირებული ჯარიმები და შესაბამისი, პატრულის საქმიანობით მზარდი უკმაყოფილება.
და კიდევ ერთი და ყველაზე შემაშფოთებელი – ჩვენი მოსახლეობის ნაწილმა, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ მშვიდობიანმა საპროტესტო აქციებმა თავისი რესურსი ამოწურა, რადგან ხელისუფლება მასზე აღარ რეაგირებს, ამიტომ პროტესტის, 90-იანი წლების მერე დავიწყებულ, აგრესიულ ფორმებს მიმართა. ეს ყველაზე სახიფათო სიმპტომია.
რაც უფრო მეტი ადამიანი ჩათვლის, რომ ხელისუფლებასთან მშვიდობიანი დიალოგის რესურსი ამოიწურა და არც იმგვარი ალტერნატიული პოლიტიკური ძალები არსებობენ, რომლებსაც საზოგადოება საკუთარი ინტერესების მშვიდობიან დაცვას ანდობს, მით უფრო გაიზრდება საზოგადოებაში პროტესტის აგრესიული ფორმით გამოხატვის მუხტი.
- ის, რომ არეულობაში მონაწილე ახალგაზრდების ჯგფუფები საკმაოდ ორგანიზებულად მოქმედებდნენ, მათ აღმოაჩნდათ ქვები და ”მოლოტოვის კოქტეილებიც” კი, ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისა, რომ მოვლენები ბათუმში სპონტანურად არ განვითარებულა და გარკვეული ძალები ცდილობდნენ არეულ ვითარებაში ხელის მოთბობას. თქვენი დაკვირვებით, ვინ ცდილობდა აჭარაში არეულობის ორგანიზებას და რა იყო ამ ტიპის არეულობის მიზანი? ადგილობრივთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „გულწრფელი სამოქალაქო პროტესტი ნაძირლობაში დახელოვნებულმა ავანტიურისადმი მიდრეკილმა პოლიტიკოსებმა გამოიყენეს“, მაგრამ კონკრეტულად ვინ, ან რომელმა პოლიტიკოსებმა, ამის დაზუსტებისაგან ყველა თავს იკავებს. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, ვინ ცდილობდა ბათუმის არეულობაზე ხელის მოთბობას?
- ვფიქრობ, რომ ბათუმში განვითარებული მოვლენები ორ ეტაპად უნდა დავყოთ – პირველი, როცა რეალურ, ყოფით პრობლემაზე განაწყენებული ადამიანთა მცირე ჯგუფი, პატრულის მოქმედებაზე თავის გულისტკენას გამოხატავდა და რომლის ლოკალიზებაც სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების უავტორიტეტობის და ნაკლები კვალიფიკაციის გამო ვერ მოხერხდა და მეორე ეტაპი, როცა პროცესების განვითარებამ აგრესიული და მასობრივი ხასიათი მიიღო.
სწორედ ამ ეტაპზე ერთვებიან პროცესში ეგზალტირებული და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებული ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი და ადგილი ეთმობა ლოზუნგებს თუ ფრაზებს – გორელი რატომ უნდა მიწყვეტდეს ჩემს ქალაქში როგორ მოვიქცე, აჭარლებს ავტონომიას გვართმევენ… და ა.შ. ხელისუფლების შესწავლის უპირველესი ობიექტი სწორედ ეს უნდა იყოს – ვინ ჩააგონა ამ ახალგაზრდებს, რომ ჩამოსული პატრული მათ თათრებს უწოდებდა, ვინ ამზადებდა ამ ახალგაზრდებს ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული პატრულის თანამშრომლებში მტერი დაენახათ. ვინ შეეცადა, ე.წ. თათრების თემით ნაღმის აგორებას?! ხელისუფლებამ უსწრაფესად უნდა მოიკვლიოს, მოხდა თუ არა პატრულის რომელიმე თანამშრომლის მხრიდან ასეთი რამ და თუ ეს მიზანმიმართული ცილისწამებაა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ ისინი, ვინც ამ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ნაღმის შექმნაში მონაწილეობდა
და აქ აუცილებლად შემოდის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების და კერძოდ, სოციალური ქსელების როლი საზოგადოების მართვის პროცესში. ვიღაცამ, ბათუმელი აქტივისტის, ღოღობერიძის ხელით, უკვე მოსინჯა „ფეისბუქის“ საშუალებით აჭარის ახალგაზრდებში უკმაყოფილების ტალღის გაღვივება. საუბარი მაქვს ადამიანზე, რომელიც მარტის დასაწყისიდან „ფეისბუქ“-ის საკუთარი გვერდის საშუალებით, მიზანმიმართულად აღვივებდა სეპარატისტულ განწყობებს, სხვადასხვა მითის მეშვეობით, აჭარის მოსახლეობას შორის. მათ შორის იყო სწორედ ის მამალი ტყუილი, თითქოსდა ცენტრალურ ხელისუფლებას აჭარის ავტონომიის შეზღუდვის სურვილი და გეგმა აქვს.
აუცილებელია, ყურსმიღმა არ დარჩეს ღოღობერიძის დამკვეთების ეს მცდელობა, რადგან ეს ერთი კერძო ადამიანის პირადი სიმპათია-ანტიპათიის საქმე არ გახლავთ, ეს არის სოციალური ქსელების მეშვეობით სეპარატიზმის გაღვივების და ამ მიზნით საჭირო მითების გავრცელების პირველი მოთელვა ქართულ სივრცეში და საფუძველშივე აღსაკვეთი. ვინც ეს გააკეთა, ის ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, რომლის უკან ჩაბრუნებაც ძალზედ რთული იქნება.
ზოგადად, სოციალური ქსელების საშუალებით ადამიანთა და მთელი საზოგადოებების მართვის უახლესი ტექნოლოგიები ცალკე საუბრის, უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი თემაა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების რანგში ასაყვანი საკითხია, მაგრამ ამაზე შემდგომ.
აქვე, ვფიქრობ, ხელისუფლებამ უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს გავრცელებული ინფორმაციებიც იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ღოღობერიძე ადგილობრივი ხელისუფლების ნაწილის დაკვეთებს ასრულებდა, რომელიც უკმაყოფილი იყო აჭარის პოლიციაში განხორციელებული, მათთან შეუთანხმებელი ცვლილებებით. თუ ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს დგას, აქაც სასწრაფო ზომებია მისაღები.
რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური ძალა შეეცადა თუ არა ბათუმის მოვლენებით ხელის მოთბობას, „ნაციონალების“ მხრიდან ბათუმის პროტესტის მონაწილეთა სოლიდარობის აქციების დაანონსება და ზოგიერთის აჟიტირებული „ფეისბუქ“ პოსტები, სულ მცირე, უპასუხისმგებლობისა და პოლიტიკური ახლომხედველობის ნიშანი იყო.
- თქვენი დაკვირვებით, როგორ მოქმედებდა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაში? ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით შსს-მ ბათუმში არეულობისას შეძლო მაქსიმალურად პროპორციულად გამოეყენებინა ძალა. შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ მაინც გაუგებარი დარჩა, რატომ შეასრულა ხელისუფლებამ არეულობის ორგანიზატორთა ულტიმატუმი დაკავებულთა გამოშვების შესახებ და რატომ არ შეწყვიტეს არეულობის ორგანიზატორებმა ქალაქის ვანდალურად რბევა მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაკავებულები გაათავისუფლა. თქვენ როგორ შეაფასებდით შექმნილ ვითარებაში, ერთი მხრივ, ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, არეულობის ორგანიზატორთა ქმედებებს?
- ხელისუფლებამ, აჭარის ადგილობრივი ხელმძღვანელების წყალობით, პროცესების ლოკალიზების და სწრაფად დარეგულირების შანსი გაუშვა მაშინ, როცა აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატრულის მიერ დაჯარიმებული ჭირისუფლის განაწყენებულ მომხრეებთან მოლაპარაკება ვერ შეძლეს, რის შედეგადაც პროცესების მართვის სადავეები ხელიდან გაექცათ.
თუმცა, საბოლოო ჯამში მაინც ხელისუფლებამ შეძლო და ძალადობაზე არაძალადობრივი პასუხის გაცემა მოახერხა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როცა იმ სპეციალური დანიშნულების რაზმებს, რომლებმაც გამთენიისას ბათუმის ქუჩები აგრესიული პროტესტანტებისგან მშვიდობიანად გაწმინდეს, უსუსურობას და ძალის გამოუყენებლობას საყვედურობენ.
უკმაყოფილებას ძირითადად იწვევს ის, რომ ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყვანა და ვანდალიზმის აღკვეთა დააგვიანა – სპეცდანიშნულების რაზმები გამოიყვანა მაშინ, როცა ქუჩებში უკვე პროტესტანტთა შედარებით მცირე რაოდენობა იყო დარჩენილი. მე გეკითხებით, ვის ჰქონდა გარანტია, რომ დაძაბულობის პიკში, გამძვინვარებული და ემოციებს აყოლილი ასეულობით ახალგაზრდის წინააღმდეგ შეიარაღებული რაზმების გამოყვანას მსხვერპლი არ მოჰყვებოდა?! თუ ასეთ დროს მსხვერპლი ანგარიშში ჩასაგდები არ არის?! ჩვენ ეს დრო უკვე გავიარეთ და უკან დაბრუნების სურვილი არავის აქვს. რომ ქილიკობენ, ბათუმის ქუჩების გაწმენდისას სპეცრაზმის შეძახილები: „არ დაარტყათ“, პიარი იყოო, ძალიანაც კარგი თუ პიარი იყო. ესე იგი, პოლიცია ახალი იმიჯის დამკვიდრებას ცდილობს. ჩემი თხოვნაა, ნუ წავაქეზებთ ამ ხელისუფლებას იქცეს მონსტრად, თორემ ის მონსტრი ისევ ჩვენ შეგვჭამს. ესეც უახლოესმა ისტორიამ გვასწავლა.
- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: ”არეულობის ორგანიზატორები და შემსრულებლები უმკაცრეს პასუხს მიიღებენ.” 11-12 მარტს ბათუმში არეულობისა და ქალაქის ვანდალური დარბევის ორგანიზატორები და შემსრულებლები რომ არ დაისაჯონ, მართლაც გაუგებარი იქნება, მაგრამ თქვენ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ამ თვალსაზრისით ხელისუფლება მკაცრად, ეფექტურად და რაც მთავარია სამართლიანად იმოქმედებს?
- პირველი და აუცილებელი, რაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს: ხალხი უნდა დარწმუნდეს, რომ ძალადობა და ხელისუფლებასთან ძალისმიერი გზით საუბარი მიზნის მიღწევის ფორმა და საშუალება არ არის, თორემ ეს ცდუნება ხვალ და ზეგ სხვასაც გაუჩნდება;
მეორე, ხელისუფლებამ ეს პროცესები კუდიანებზე ნადირობისთვის არ უნდა გამოიყენოს ანუ მონახოს რეალური მიზეზები და დამნაშავეები და არა, პოლიტიკურ ოპონენტებს შეახოცოს ხელი. თორემ, პროცესების ესკალაციის „ნაციონალებისთვის“ გადაბრალებაზე იოლი რა არის, მაგრამ ვშიშობ, რომ ამით რეალურ მიზეზებს არ მოვუხუჭოთ თვალი, რამაც ხვალ და ზეგ, შესაძლოა, უფრო მძიმე ფორმით იჩინოს თავი.
„ოცნება“ და „ნაციონალები“ სიამის ტყუპებივით განაგრძობენ თანაარსებობას. ისინი ხომ ერთმანეთისთვის ჟანგბადის ბალიშის და მაშველი რგოლის როლს წარმატებით ასრულებენ? – „ოცნებას“ „ნაციონალების“ სახით საზოგადოებისთვის მუდმივად შეყენებული მტრის ხატი ჰყავს, „ნაციონალები“ კი, „ოცნების“ წყალობით, არავის უთმობენ პოლიტიკური დღის წესრიგის შემქნელი მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშას.
ხელისუფლებას მაქსიმალური კეთილგონიერება მართებს, რადგან ამ დღეებში თავჩენილმა სახიფათო ტენდენციებმა: აგრესიულმა ქმედებებმა, სეპარატისტული იდეების მიზნით სოციალური ქსელების გამოყენებამ და სხვამ, ღრმად არ გაიდგას ფესვები საზოგადოებაში, რასთან გამკლავებაც მერე გაცილებით რთული იქნება. და რაც მთავარია, იმედია, ხელისუფლებას არ გაუჩნდება სამომავლოდ, უკვე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის ცდუნება.
- ჩვენი მთავრობის მხრიდან საგარეო ასპარეზზე გადადგმული ნაბიჯები სულ უფრო ხელშესახები ხდება. უცნაური ისაა, რომ მათზე კრემლი პრაქტიკულად არც რეაგირებს. თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ბათუმის მოვლენებში ჩვენი არაკეთილმოსურნე მეზობლების ხელი ერიოს?
- ჩვენი ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობაში ბოლო ორი თვეა ისეთი აქტიურია, რომ „ნაცმოძრაობასაც“ კი გადაასწრო. მოკლედ ჩამოთვლით შემოვიფარგლები: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მისი დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის დაანონსება, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მოპატიჟება საქართველოში და ჩვენი პრემიერის – ამერიკაში, საქართველოს ჩართვა “ნატო”-ს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში და ამ მიზნით ჩვენი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინსფრასტრუქტურის გამოყენებაზე მზაობის გაცხადება, ნატოს სამხედრო კომიტეტის ჩამოსვლა თბილისში და ამა წლის მაისში დაგეგმილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარება – და ეს სულ რაღაც 2 თვის მონაგარია.
თქვენ მართალი ბრძანდებით, საყურადღებოა, რომ რუსეთის მხრიდან, მიუხედავად საქართველოს ასეთი აქტივობისა, მაღალი რანგის არც ერთი ოფიციალური პირის, ტრადიციული, მუქარის შემცველი განცხადება არ მოგვისმენია და ეს იმ ფონზე, როცა ჯერ კიდევ მიუნხენის კონფერენციაზე პუტინმა შავი ზღვა საკუთარი ინტერების სფეროდ გამოაცხადა და ამ რეგიონში „ნატო“-ს გავლენის ზრდა კატეგორიულად გამორიცხა.
ფაქტია, რომ რაღაც ხდება, რაც ზედპირზე არ ჩანს: ან დასავლეთსა და რუსეთს შორის გარკვეული კონსენსუსია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების თაობაზე, ან რუსეთი დაცდის რეჟიმშია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი მის გამოყენებას არ ეცდება.
ბათუმში განვითარებული მოვლენები იმიტომაც იყო განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი, რომ საქმე ეხება რეგიონს, სადაც რუსეთის და თურქეთის ინტერესები და შესაბამისად, მათი სპეცსამსახურების აქტივობა, განსაკუთრებით მაღალია, მით უფრო, მას შემდეგ, რაც საქართველომ გამოთქვა მზადყოფა, აქტიურად ჩაერთოს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ნატო“-ს შავი ზღვის უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის განხორციელებაში.
- ვინც ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ადევნებს თვალს, დამეთანხმება, რომ პოლიტიკური კრიზისი თითქოს არ გვაქვს, ეკონომიკასა და სოციალურ ვითარებაში საკმარისზე მეტი პრობლემებია, მაგრამ მთავრობა მათ დასაძლევად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. საგარეო ასპარეზეც გვაქვს წარმატებები, პოლიციაც და მაშველებიც მუშაობენ, მაგრამ მაინც არის განცდა, რომ ”ჩვენს სამეფოში” საქმე მთლად კარგად არ უნდა. თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნების შემდეგ 6 თვეში საქართველოს შიდა პოლიტიკაში არსებულ ვითარებას? რა თავისებურებებით ხასიათდება არჩევნების შემდგომი პერიოდი?
- დღევანდელობის და თვალსაწიერი მომავლის მთავარი პრობლემა მოცარიელებული პოლიტიკური ველი, მსხვილი კალიბრის, ავტორიტეტული ლიდერების არარსებობა და საერთო ეროვნული, გამაერთიანებელი მიზნის და იდეის დეფიციტია. ეს, ერთი შეხედვით, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი სიტუაციაა, როცა საზოგადოება შემკვრელი ლიდერების და იდეების გარეშეა დარჩენილი, ძალზედ მაღალი რისკის შემცველია, რადგან თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების გამოყენებით ნებისმიერს შეუძლია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ორგანიზება და ისეთი და უფრო მასშტაბური დესტრუქციული ქმედებებისკენ მიმართვა, როგორიც ჩვენ ბათუმში ვიხილეთ.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს თანამედროვე სამყაროში და ბუნებრივია, ჩვენთვისაც, ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.
მოსუფთავებული და უკონკურენტო პოლიტიკური ველი და ხელჩაქნეული საზოგადოება, ხელისუფლებაში თვითდაჯერების და ყოვლისშემძლეობის განცდასაც აჩენს, რაც, თავის მხრივ, პასუხისმგებლობის დეფიციტს იწვევს, რადგან არ ჩანს ანგარიშგასაწევი ობიექტი, რომლის არსებობაც ხელისუფლებას მეტ მობილიზებას და შესაბამისად, ნაკლები შეცდომების დაშვებას აიძულებდა და ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სრულიად მოულოდნელ გამოწვევებს, ხელისუფლება შესაძლოა მოუმზადებელი შეხვდეს. აგრეთვე, პრობლემაა ისიც, რომ საკუთრივ ხელისუფლების შიგნითაც არ მიესალმებიან ახალი ლიდერების შექმნასა და წარმოჩენას.
- ფაქტია, რომ შიდა პოლიტიკაში უამრავი პრობლემა არსებობს. თქვენი აზრით, რომელი მათგანია უმნიშვნელოვანესი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ მათ დასაძლევად, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა და განვითარების პირობები?
- ახალი გამოწვევების დასაძლევად ხელისუფლებამ პარტნიორად უნდა გაიხადოს საზოგადოება, განსაკუთრებით მისი აქტიური ნაწილი. ბათუმის მოვლენებმა და ამ დღეებში სოციალური ქსელების ანალიზმა ნათლად აჩვენა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდებიან, აბსოლუტურად სწორი და საღი სახელმწიფოებრივი პოზიცია დაიკავეს და პირველებმა დაგმეს, იგივე, „ნაციონალების“ სოლიდარობის აქციები. ბათუმის დღეებში ისინი ხელისუფლების ობიექტური მოკავშირე და დასაყრდენი იყვნენ. ხელისუფლებას მათთან სწორი კომუნიკაციისთვის მცირე რამ სჭირდება. ნუ დაიწყებს წინასწარმომარჯვებული მტრული კლიშეებით მათთან ურთიერთობას – აღიაროს ისინი პარტნიორებად საზოგადოების კიდევ უფრო ფართო ფენებთან ურთიერთობის პროცესში და სამომავლო გამოწვევებთან ბრძოლაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათუმის მსგავსი, მართული თუ უმართავი აფეთქებებისგან, მას ვერაფერი დააზღვევს.
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: „ხელისუფლებამ ვანდალებს ბათუმი დაარბევინა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო“ // „სამარცხვინო იყო, პოლიტიკური ძალები ქულების ჩაწერას რომ აპირებდნენ“
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ბათუმში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
- ბატონო ლევან, თქვენ, როგორც წარმოშობით ბათუმელი, როგორ აფასებთ რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებს? რეალურად რა მოხდა?
- ბათუმში ყოველთვის იყო მანქანების პარკირების პრობლემა. რაც თავი მახსოვს, ამ თვალსაზრისით ბათუმი არასდროს გამოირჩეოდა. ახლა, როგორც ჩანს, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. როგორც მე ვიცი, ჯარიმების გამოწერის ფაქტები მართლაც იყო, რამაც საერთო ჯამში ორმაგი გავლენა მოახდინა: ერთი, მოქალაქეები კმაყოფილები იყვნენ, რაღაც წესრიგის მსგავსი გამოჩნდა. მეორე, მძღოლები უკმაყოფილოები იყვნენ, რადგან ამას მიჩვეულები არ იყვნენ. ეს მომენტი იქნა გამოყენებული. ნებისმიერ ქალაქში დაჯარიმებას ყოველთვის მოსდევს წინააღმდეგობა, მაგრამ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ დაჯარიმებას ლამის სამოქალაქო ომამდე მისული სიტუაციის განვითარება მოჰყვეს. ამხელა ქალაქი ფაქტიურად დაგვინგრიეს, დაგვილეწეს. მოქალაქეებს ამხელა ზიანი მიაყენეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საბაბად იყო გამოყენებული.
- ვისი მხრიდან?
- სანამ გამოძიება არ დასრულდება და შედეგებს არ დადებს, მანამდე ვიღაცები უკვე დამნაშავეებს ასახელებენ. ეს სრული უპასუხისმგებლობა არის. ერთი, რაც პირდაპირ ჩანდა, არის ის, რომ ხელისუფლებამ რეაგირება 6 საათი დააგვიანა. ასევე, ხელისუფლებამ ვერ მოახდინა ამ მოვლენის პრევენცია. ხალხმა ტომრებით მოიტანა ქვებიო. სუსი რას აკეთებდა, როდესაც ეს ადამიანები ქვებს აგროვებდნენ?! ეს ნიშნავს, რომ უშიშროების სამსახური ცუდად ან საერთოდ არ მუშაობს. ის ფაქტი, რომ მოქალაქე ღოღობერიძე აცხადებს, მე ვარ ორგანიზატორი, ესეც მიუთითებს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს.
- ვისთან გაქვთ კითხვები?
- უსუსურობა გამოავლინა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ასევე უშიშროების სამსახურმა. მთავარი კი არის ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან დააგვიანა. ფაქტობრივად ვანდალებს ქალაქი დაარბევინა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო, იმის შიშით, ვინმემ რამე არ დაგვაბრალოსო. ჩემი აზრით, რეაგირება დაგვიანდა იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა თვითონ ვერ მიიღო გადაწყვეტილება. თუ მე ვცდები და გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს, მაშინ რატომ დასჭირდა 6 საათი, რომ გადაწყვეტილება მიეღო?! ეს სამარცხვინოა.
- თუმცა, არგუმენტები იყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. თამარ ჩუგოშვილი გამოხატვის თავისუფლების ბოლომდე უზრუნველყოფაზე საუბრობს...
- მანქანის დაწვა გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში რომ არ არის, ეს ხომ იცის თამარ ჩუგოშვილმა. პირველი მანქანა რომ დაიწვა, სწორედ იქიდან დასჭირდა ხელისუფლებას 6 საათი, რომ ადეკვატური პასუხი გაეცა. გასაგებია, რომ პოლიტიკოსი მთავრობის სადარაჯოზე დგას, ეს ყოველთვის ასე იქნება, მაგრამ ნებისმიერ პოლიტიკოსს შეუძლია სიმართლე თქვას, ბოლოს და ბოლოს პარლამენტის წევრს, მით უფრო, რომ პარლამენტს არ დაუგვიანია, მთავრობამ დააგვიანა. ამიტომ დეპუტატს შეუძლია მთავრობა გააკრიტიკოს. რაც ვნახეთ, იმას გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირი არ ჰქონდა. თავიდანვე ჩანდა, რაც იყო, ამიტომ პოლიტიკური ძალები ამაზე რომ აპირებდნენ ქულების ჩაწერას, ეს კიდევ უფრო სამარცხვინო იყო. ვინც რამე დააპირა ამ მიმართულებით, ისინი სამარცხვინოდ მოიქცნენ. ვანდალიზმს ხელი შეუწყვეს.
რაც შეეხება აღკვეთას, ის მართლაც კანონის დაცვით მოხდა და ადეკვატური ძალა იქნა გამოყენებული. აქ მე ხელისუფლებაზე ცუდს ვერ ვიტყვი.
- სოციალურ ქსელებში დადებით კონტექსტშია პატრულის მოწოდებები: „თავი არ მიარტყას“, „არ სცემოთ“…
- დიახ, ეს კარგია და ამაზე არავინ დავობს, აქ საუბარია დაგვიანებულ რეაქციაზე. პოლიციაზე და სპეციალური დანიშნულების რაზმზე აქ ეჭვი არ არსებობს. რატომ დაარბიეს ქალაქი, რატომ მისცეს ამის შესაძლებლობა?! მთელი მსოფლიოს თვალწინ ლაივში ხდებოდა ეს ყველაფერი.
- გამოძიებაზე მინდა გკითხოთ...
- მართალი გითხრათ, გამოძიების ბოლომდე არ მჯერა, რადგან საქართველოში არაფერი ბოლომდე გამოძიებული არ მინახავს, მაგრამ მოსამართლეებს ვაცალოთ, გამოიტანონ განაჩენი. პარლამენტის წევრი თალაკვაძე და პარლამენტის წევრი მდინარაძე ნუ გამოიტანენ განაჩენს. წინასწარ ნუ გვეუბნებიან, ვინ არის დამნაშავე, მაშინ როდესაც ამ ქვეყანას ჰყავს საგამოძიებო ორგანოები, რომლებმაც უნდა გამოიძიონ და შემდეგ სასამართლომ დაადგინოს, ვინ არის დამნაშავე.
- ბატონო ლევან, ქსენოფობიური განცხადება, რომელიც თითქოს წინ უძღოდა ამ მოვლენებს, თუმცა, ეს ფაქტი არ დასტურდება, რამდენად არის დღეს სენსიტიური აჭარაში?
- ეს არის ასლან აბაშიძის ხელწერა, რომ თითქოს ერთმანეთს მსგავს რამეს ვაბრალებთ, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. ეს ყველაფერი თითიდან არის გამოწოვილი. ეს არაფერ შუაში არ არის რეალობასთან. რა თქმა უნდა, შეიძლება ბრბოს ეს უთხრა და გადარიო, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველოს პრობლემაა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, ეს ტყუილია. ჩვენ ეს პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ, ვინც ამას აღვივებს, ისინი უნდა ვიპოვოთ და კანონის მთელი სიმკაცრით დავსაჯოთ. პატრულის უფროსის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება ყოფილმა უფროსმა დაგეგმა, ან ვიღაცამ სხვამ, რომ თავისი კაცი ჰყოლოდა უფროსად. როგორც ჩანს, მან მოიფიქრა ეს საშინელება. ვინც მსგავს რამეს ამბობს, ვინც ამით ხალხს ჭკუას ურევს, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. სინამდვილეში კი ვიცი, რომ ასეთი პრობლემა საქართველოში არ დგას.
- ექსპერტები ამბობენ, რომ გარედან ვიღაცამ შეიძლება ერთგვარად ძალები მოისინჯა თუნდაც აჭარაში, რამდენად უშვებთ ამ ფაქტს?
- თუ ხელისუფლება თავის ადგილზეა, არაფერი მოხდება. მსგავსი ამბების პრევენცია უნდა ხდებოდეს. შეუძლებელია, ასობით ადამიანი ქალაქში ჩამოიყვანო ქვით სავსე ტომრებით ხელში და ეს უშიშროებამ ვერ დაინახოს. ამ ზღაპრებს ნურავის მოუყვებიან. თავიანთ რიგებში ეძებონ მოღალატეები და გაყიდულებიც. მე არ მგონია, რომ ხელისუფლება თავისი მოქმედებით კმაყოფილი იყოს, კრიტიკულად უნდა შეისწავლოს ეს ამბავი. ერთი, ვინ არიან სუს-ის ის თანამშრომლები, რომლებიც ვანდალებთან ერთად დგანან და არა სახელმწიფოსთან ერთად? მეორე, რატომ მოხდა რეაგირების დაგვიანება?
- ფიქრობთ, რომ ეს იყო შიდა უწყებრივი დაპირისპირება ორ ძალოვან უწყებას შორის?
- ძალა, რომელსაც ასეთი აფეთქება შეუძლია აჭარაში გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, არსებობს. ანუ არსებობს ბრბო, რომელმაც შეიძლება მსგავსი სისულელე დაიჯეროს. მაგრამ, თუ სახელმწიფოში მოწოდების სიმაღლეზე იქნება უშიშროების სამსახური, ეს ძალა არაფერს წარმოადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ ამის ორგანიზატორი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია დაინგრევა, თუ ასეთი აზროვნება ექნება. თუმცა, იყვნენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიეტმასნენ, ეგონათ, რომ მომგებიანი იქნებოდა. ლევან ვარშალომიძეს ოდნავი გონება რომ ჰქონოდა, მხარდამჭერ აქციას ხომ არ დააანონსებდა. მერე გაუქმება მოუწია, როცა გაირკვა, რომ ვანდალიზმი მოწონებული არ არის მოქალაქეების მიერ.
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ ნინო კალანდაძესთან: „მოლოტოვის კოქტეილები“ სადღაციდან უცებ ვერ გაჩნდებოდა“ // „თუ აღმოჩნდება, რომ დამნაშავე ჩვენ ვართ, მაშინ ჩვენ ვაგებთ პასუხს“
„ახალი თაობის“ კითხვებს ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნინო კალანდაძე პასუხობს.
- ნინო, სერიოზული ბრალდებები გამოითქმის იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის მოვლენების უკან ნაციონალური მოძრაობა დგას. როგორია თქვენი დამოკიდებულება და შეფასებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
- ჩემი შეფასება ძალიან ცალსახა და მკვეთრია და ამას, სამწუხაროდ, ადასტურებს ხელისუფლების განცხადებები. მე მოვისმინე არჩილ თალაკვაძის განცხადება.
- არჩილ თალაკვაძე ნაციონალურ მოძრაობას ქვებით შეიარაღებულ ჯგუფს უწოდებს...
- მისიც და დანარჩენების განცხადებებიც ცხადყოფს და ადასტურებს ჩვენს ეჭვებს, რომ ამ პროვოკაციების უკან სწორედ რომ ხელისუფლება დგას და ძალიან გამიზნული ქმედებებით განახორციელა ეს ყველაფერი. ხელისუფლებას, რომელიც წლებია იძლევა მხოლოდ ყალბ დაპირებებს და ვერ პასუხობს ხალხის ვერც ერთ მოთხოვნას, ეშინია ხალხის პროტესტის, მას ეშინია ხალხის ხმის და სწორედ ამიტომ არის, რომ ის ებრძვის ტელევიზიებს, ხურავს ტელევიზიებს, ებრძვის ერთადერთ ოპოზიციურ ძალას და ამ ფორმით ებრძვის იმ პრობლემებს, რის გამოც გამოდის ეს ხალხი ქუჩაში.
- და რისთვის გამოდის ეს ხალხი ქუჩაში? რას აპროტესტებს?
- პატარა ინციდენტს ამხელა პროტესტი საზოგადოების მხრიდან ვერ მოჰყვებოდა, რომ არ იყოს უმძიმესი სოციალური ფონი საზოგადოებაში და არა მხოლოდ სოციალური. ხუთი წელია ისმის მხოლოდ დაპირებები და ხალხი ხედავს, რომ მისი ფულით ხდება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურების დაკმაყოფილება, ხეების აქეთ-იქით გადარგვა და ასე შემდეგ.
- ეს იყო ქაოტური სოციალური პროტესტი?
- ეს არის ფონი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. მე სხვა ახსნა არ მაქვს, რატომ შეიძლება ერთი პოლიციელის მიერ თუნდაც ძალაუფლების გადამეტებას საზოგადოების ასეთი მკვეთრი პროტესტი მოჰყვეს.
- თუ საზოგადოებაში ამხელა უკმაყოფილების მუხტია, ამის უკან ხელისუფლება როგორღა დგას? საკუთარ თავს დაუპირისპირდა?
- ეს პროვოკაცია სრულიად მოწმენდილ ცაზე განხორციელდა და განხორციელდა ძალიან საეჭვო გარემოებებში.
- რას გულისხმობთ საეჭვო გარემოებებში?
- ჩვენ გვაქვს ბათუმიდან ინფორმაციები, რომ აქცია ნამდვილად მიმდინარეობდა, მაგრამ ის იყო სრულიად მშვიდობიანი.
- ვინ იყო ამ აქციის ორგანიზატორი?
- ეს იყო სრულიად სპონტანური აქცია, არავის მიერ ორგანიზებული. ვერავინ დაიჯერებს, რომ ერთი კაცის მიერ ორგანიზებული იყო ეს აქცია. ეს იყო სპონტანურად შექმნილი განწყობა, რომელიც ზუსტად ასახავდა იმ რეალობას, რაც აჭარის მოსახლეობაში არის და არა მარტო აჭარის, უბრალოდ, მათ ასე მკვეთრად გამოხატეს ეს პროტესტი. ამ ვითარებაში უცებ სადღაციდან აღმოცენდა რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი, რომელიც ამავდროულად კარგად იყო აღჭურვილი ტექნიკურად, საბურავებით, მოლოტოვის კოქტეილებით, რომელიც ნახევარ საათში და 20 წუთში არ მზადდება. სადღაციდან უცებ ვერ გაჩნდებოდა.
- წინასწარ იყვნენ მომზადებულნი?
- დიახ და მათ მიზანმიმართულად მოახდინეს პროვოკაცია.
- ვინ მოახდინა ეს პროვოკაცია? ხელისუფლება თქვენ გაბრალებთ, თქვენ _ მათ.
- ეს ხელისუფლებისგან რომ იყო პროვოცირებული, ამაზე მეტყველებს პირველი ის, რომ ასე თავისით, მოწმენდილ ცაზე ეს პროვოკაცია ვერ დაიგეგმებოდა. მეორე, სწორედ ხელისუფლების ინტერესშია, რომ მშვიდობიან პროტესტს დაუპირისპიროს პროვოკაცია, რადგან მას ეშინია რეალურად ხალხის ხმის და მესამე, ხელისუფლებას რომ ვინმე კონკრეტულზე ეჭვი ჰქონოდა, მაშინ რატომ იცდიდა დილის 5 საათამდე?! რატომ არ ადგა ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი თავისი საწოლიდან, რატომ არ გამოვიდა, რატომ განცხადება არ გააკეთა, რატომ პოლიცია არ გამოიყვანა, რატომ არ დაიცვა ბათუმის ქუჩები და აჭარის მოსახლეობა?! თუ მათ კონკრეტული ეჭვები ჰქონდათ ვინმეზე, რატომ მაშინვე არ დააკავეს ეს ხალხი?! ვინმეს სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პროკურატურა 5 ბრიფინგს არ გამართავდა, რომ სცოდნოდა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული იყო?! მათ მიზანმიმართულად უყურეს სეირს!
- მიუშვეს სიტუაცია?
- რა თქმა უნდა! მიუშვეს ბოლომდე. აბა სხვა რა ახსნა აქვს, ბათუმის ქუჩები პრაქტიკულად იწვოდა! მანქანები იწვოდა, ხალხი ზიანდებოდა, ინფრასტრუქტურა ნადგურდებოდა და ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი თავს ვალდებულად არ თვლიდა, რომ განცხადება გაეკეთებინა, სამართალდამცავების მობილიზება გაეკეთებინა.
- ხომ ვისმენდით გიორგი კვირიკაშვილის და უმრავლესობის სხვა წევრების გამოსვლებს?
- დაიცადეს დილის 5 საათამდე და 5 საათზე პრემიერ-მინისტრმა დაგვდო პატივი და განაცხადა, ჩვენ არ ვერეოდით, რომ თავისით განმუხტულიყო სიტუაციაო. ეს ხომ აბსურდია. ეს ხომ მეტყველებს იმაზე, რომ მათ ეს პროვოკაცია მიზანმიმართულად მოაწყვეს, ამ პროვოკაციას მისცეს შესაძლებლობა და გასაქანი, რომ შემდეგ დაებრალებინათ ეს ოპოზიციისთვის. სხვათა შორის, ერთადერთი ოპოზიციისთვის. არავის სხვას ბრალი არ დასდეს, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“.
- ეს რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას?
- იმისთვის, რომ შექმნან მტრის ხატი „ნაციონალური მოძრაობისგან“, იმისთვის, რომ ადამიანებს შეეშინდეთ, იმისთვის, რომ მათ ვერასდროს გაბედონ პროტესტის გამოთქმა და რეალურად ამით გადაფარონ ის დიდი მარცხი, რომელიც მათ განიცადეს რუსთავი 2-ის საქმეში, გადაფარონ ის ყოველდღიური მავნებლობა, რომელსაც ივანიშვილის დავალებით ყოველდღიურად ახორციელებს „ქართული ოცნება“.
- ვრცელდება ინფორმაციები, რომ თითქოს სუს-სა და პოლიციას შორის არის დაპირისპირება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კადრები ებრძვიან საპატრულო პოლიციას. ამაზე რას იტყვით?
- მე ამ ფსევდოსპეკულაციებში ვერ შევალ. მე არა მგონია, რომ აქ შიდა დაპირისპირებაზე იყოს საუბარი. აქ საუბარია ძალიან მიზანმიმართულ ქმედებაზე. ნახეს პროტესტის ტალღა, მათ იციან, რომ ადრე თუ გვიან მოსახლეობაში პროტესტის ტალღა გაჩნდება, მათ დაინახეს, რომ პროტესტი შესაძლოა რეალური გახდეს, მთელ ქვეყანას მოედოს. ამავდროულად, მათ ვერ მოასწრეს „რუსთავი-2“-ის ჩახშობა და ეს ყველაფერი შესაძლოა კრიტიკულ ტელევიზიაში ვლინდებოდეს და იმთავითვე გადაწყვიტეს, ეს ჩაახშონ ძალიან მარტივი გზით.
- რა გზით?
- პირველი, დაანახონ ხალხს, რომ პროტესტს შეიძლება მოჰყვეს უკიდურესი დესტაბილიზაციის ფორმები, რაც შეიძლება მოსახლეობის ინტერესებში არ შედიოდეს და მეორე, რომ ამით ისარგებლებს ის ე.წ. სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა. შექმნან მტრის ხატი და შეაშინონ მოსახლეობა, რომ მათ ვერ გაბედონ ხმის ამოღება. აი, ეს არის მთელი სქემა!
- „ნაციონალური მოძრაობის’ მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ აქციას სოლიდარობას უცხადებდით. ითქვა ისიც, რომ თქვენმა პარტიამ წაახალისა ეს აქცია. ასეა? ამიტომ გაჩნდა ეჭვები თქვენი მისამართით?
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არავითარ შემთხვევაში არ წაახალისა. ეს სიცრუეა! ნაციონალურმა მოძრაობამ თავი ვალდებულად ჩათვალა, სოლიდარობა გამოეცხადებინა იმ მშვიდობიანი აქციისთვის, რომელიც წარიმართა სწორედ იმიტომ, რომ ასეთი დიდი უკმაყოფილების მუხტი არსებობდა საზოგადოებაში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არამცთუ არ წაახალისა ვანდალიზმი და სუს-ის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, არამედ ჩვენ ვართ პირველი, ვინც ძალადობას გმობს. ჩვენ დავამკვიდრეთ კანონმორჩილება ქვეყანაში, ჩვენ შევქმენით პატრული, ჩვენ ავაშენეთ ბათუმი და არამც და არამც არ დავუშვებდით, რომ ბათუმის ქუჩები ასე უმოწყალოდ დამწვარიყო!
- თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ თქვენი იმიჯი შელახულიყო. რამდენად გამოუვიდა ეს ხელისუფლებას?
- ამის მცდელობა უდავოდ არის. ექვსი წელია ვუყურებთ, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებს ივანიშვილის სურვილებს და ებრძვის ნაციონალურ მოძრაობას. მთელი სახელმწიფო აპარატი მუშაობს ჩვენს დისკრედიტაციაზე და არამცთუ დაასუსტეს ნაცმოძრაობა, პირიქით, გააძლიერეს და მისი საამომრჩევლო ხმები გაზარდეს. ჩვენი იმიჯის შელახვა არ გამოუვათ. აქ საუბარია ხალხის უკმაყოფილებაზე, საერთოდ რა შუაშია ნაციონალური მოძრაობა?! ნაციონალური მოძრაობა არის თუ არ არის, ეს ხალხი უკმაყოფილოა მისი ხელისუფლებით.
- ნაციონალური მოძრაობა აქციებს აანონსებდა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ბათუმში, მაგრამ გააუქმეთ. რატომ?
- ჩვენ მიერ იგეგმებოდა სოლიდარობის აქციები ხალხის პროტესტის მიმართ. ჩვენი ამოცანა არ არის აქციების ჩატარება, ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ხალხთან, როცა ეს მათ სჭირდებათ. დიახ, ეს აქციები გავაუქმეთ. სწორედ იმიტომ, რომ ამ ეტაპზე ეს მიზანშეწონილად არ ჩაითვალა, ისედაც მწვავე ფონია და ამას გამწვავება აღარ სჭირდება. ასევე ხელისუფლება არა თუ დაიცავს წესრიგს, არამედ ხელს შეუწყობს, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს. და ყველზე მთავარი – ამ ეტაპზე ხელისუფლებამ ჯერ უნდა გამოიძიოს, რა მოხდა.
- გვესმის განცხადებები, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.
- სწორედ ამიტომაც გადაიდო ეს აქციები. ხელისუფლება ვალდებულია, რომ პირველ რიგში ჩამოხსნას იმ ადამიანებს ნიღბები და გვითხრას, ვინ იყვნენ ისინი. დაგვანახოს ეს ადამიანები. თუ აღმოჩნდება, რომ ეს ადამიანები ჩვენ ვართ, მაშინ ვაგებთ ჩვენ პასუხს! დღეს ხელისუფლების მთავარი სამიზნე ნაციონალური მოძრაობაა.
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ მანუჩარ მაჩაიძესთან: „ბათუმში ყველაფერი წინასწარ მოწყობილი იყო“ // „ხალხი ნაციონალების დემაგოგიას არ უნდა ენდოს“
ბოლოდროინდელ მოვლენებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ მანუჩარ მაჩაიძეს
- საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსათვის“ ბათუმში მომხდარი მოვლენებისა და მათზე ხელისუფლების დაგვიანებული რეაგირების გამო მოითხოვს პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას...
- ძალიან სახიფათო მოვლენები განვითარდა ბათუმში, თუმცა არ მესმის, ამის გამო რატომ უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი. ამას წინ უძღოდა გარკვეული მოვლენები. მაგალითად, მოქალაქეების დაჯარიმება. ამ მხრივ შეიძლება გადაცდომაც იყო, მაღალი ჯარიმები საერთოდ ტვირთად აწვება მოსახლეობას. სოციალური მდგომარეობა მძიმეა. მიუხედავად ამისა, იქ განვითარებულ პროცესებს სხვა სახე ჰქონდა. ეს არ ჰგავდა სპონტანურ პროტესტს.
- გგონიათ, რომ არეულობა ორგანიზებული იყო?
- ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. არ გამოვრიცხავ გადაცდომებსა და დარღვევებს, მაგრამ ის, რაც შემდეგ განვითარდა, წინასწარ შემუშავებული და პროვოცირებული იყო. არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს იყენებენ იმისათვის, რომ გამოიწვიონ არეულობა და გადააყენონ ეს ხელისუფლება. ამაზე საჭიროა სრულყოფილი გამოძიება.
- საპარლამენტო არჩევნების წინ გავრცელდა ჩანაწერები. აღიძრა საქმე. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ „ნაცმოძრაობა“ამზადებს ხელისუფლების დამხობას. არჩევნების შემდეგ ეს საკითხი აღარავის უხსენებია.
- ამ ჩანაწერებით მტკიცდება, თუ რა გეგმები აქვს სააკაშვილს, რას ავალებს ის „რუსთავი-2“-ის გენერალურ დირექტორს, თანაპარტიელებს და რისი მიღწევა უნდა. აქედან იკვეთება, რომ ნაცმოძრაობის გეგმები შორსგამიზნულია. მათ არეულობისათვის ნებისმიერი საბაბი შეიძლება გამოიყენონ, მათ შორის, პროვოკაციები. ბოლო დროს ბევრი მოვლენა საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.
- რომელი მოვლენები გაქვთ მხედველობაში?
- საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებით დაწყებული, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრებით დამთავრებული. როცა ასეთი სიტუაციაა, შესაბამისმა უწყებებმა ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბან, რომ ახალი პროვოკაციები არ მოხდეს, მომხდარი კი ბოლომდე უნდა გამოიძიონ.
- რა შეიცვალა ქვეყანაში მას შემდეგ, რაც სტრასბურის სასამართლომ საქმის არსებით განხილვამდე „რუსთავი-2“-ის საქმეზე მიღებული განაჩენის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო?
- ხალხის თვალში არაფერი შეცვლილა. „რუსთავი-2“ რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ტელევიზიად. რაც უნდა იყვირონ, რომ ეს არხია ქვეყანაში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მთავარი დამცველი, ამას ობიექტური ადამიანი არ დაიჯერებს. სიტყვისა და აზროვნების თავისუფლება საქართველოში დაცულია. ეს ტელევიზიაც მუშაობს ისე, როგორც უნდა. ოღონდ, მიუკერძოებელი არხის იარლიყს ნუ მიიწებებს! გარკვეულ ძალებს საქართველოში არეულობა უნდათ. ამისათვის იყენებენ ყველაფერს. ჩვენ გამოვიარეთ 90-იანი წლების მოვლენები. ახლაც ჩანს სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობა. ამას საქართველო ვეღარ გაუძლებს. სოციალური ფონი მძიმეა, მაგრამ ამას მარტო ამ ხელისუფლებას ტყუილად აბრალებენ.
- ეს მძიმე მემკვიდრეობაა?
- რა თქმა უნდა. პრობლემები დაიწყო შევარდნაძის დროიდან, როცა მოხდა დეინდუსტრიალიზაცია, ფაბრიკა-ქარხნები ჩალის ფასად გაიყიდა და ჯართად გავიდა. ახლა ამბობენ, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა. როგორ არ შეიძლებოდა! ორი-სამი ჩაის ფაბრიკა რომ დაეტოვებინათ, ან ავეჯის საწარმო, ამით ვის რა დაუშავდებოდა? ჩვენ რომ საწარმოები გვქონდეს, ამხელა უმუშევრობა არ იქნებოდა. გეგმური ეკონომიკა არ გვაქვს, რომ ხელისუფლებამ საწარმოები გახსნას. 25 წელიწადია გავიძახი, რომ არჩეული ეკონომიკური და მონეტარული მოდელი აჩანაგებს საქართველოს. აქედან მოდის უმუშევრობა და სიდუხჭირე.
- არსებობს კონსტიტუციაში შესატანი ეკონომიკური ინიციატივა. მის თანახმად, უნდა მოიხსნას გადასახადების ზრდის შეზღუდვა. ეს უფრო ხომ არ გააუარესებს მდგომარეობას?
- მოქმედი კანონით, გადასახადების ზრდა მხოლოდ ხალხის ნებართვით, რეფერენდუმის შედეგად შეიძლება. ეს ახალი ინიციატივა განსახილველი საკითხია. ამაზე უნდა გაიმართოს ფართო მსჯელობა. მგონია, რომ ამ ცვლილების შეტანით მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებენ ბიზნესს.
- დაბოლოს, დესტაბილიზაციის მცდელობები კიდევ იქნება?
- ის ძალები, რომლებსაც დესტაბილიზაცია უნდათ, არ გაჩერდებიან. მიზეზსა და საბაბს რა დალევს. იმ ქვეყნებში, სადაც გადატრიალებები და რევოლუციები მომხდარა, სულ უმნიშვნელო პრობლემაც გამოუყენებიათ. ამიტომ, ხელისუფლება უნდა იყოს ფხიზლად და მომხდარის გამოძიების გარდა, დანაშაულის პრევენციაზეც იფიქროს. საზოგადოებაც უნდა იყოს ფრთხილად. ხალხი ნაციონალების დემაგოგიას აღარ უნდა ენდოს.
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ხელისუფლებას გაქცევა მოუწევს“ // „გიორგი მარგველაშვილს და მის გუნდს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები აქვთ“ // „სტრასბური „ქართული ოცნების“ ვატერლოოა“
რატომ ითრევს ფეხს ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენაზე, რა მოხდა სინამდვილეში ბათუმში, სად გაუჩინარდა ადგილობრივი ხელისუფლება, უნდა ველოდოთ თუ არა მსგავს არეულობებს საქართველოს სხვა რეგიონებში? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ყოფილი პოლიტდევნილი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.
- ექსპერტების დიდი ნაწილი გაზაფხულიდან სოციალურ აფეთქებას ვარაუდობდა. ბევრი მათგანი სწორედ ამის გამოვლინებად მიიჩნევს 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
- დაახლოებით თვენახევრის წინ `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში ვთქვი, რომ ქვეყანაში სერიოზული პროცესები დაიწყებოდა. მერე იყო ციანიდის სკანდალი. ამის შემდეგაც გითხარით, რომ ეს არ იყო ყველაფერი. სამწუხაროდ, ბათუმის მოვლენებით არ დასრულდება ეს პროცესი, კიდევ ბევრი რამე მოხდება.
ჩვენს ხელისუფლებას აქვს ძალიან სუსტი საკადრო პოლიტიკა, ტოტალურად არიან დაკომპლექსებული და ინტელექტუალების საშინლად ეშინიათ, აგვიანებენ ყველგან და ყველაფერში, შედეგი იქნება ძალიან ცუდი. სტრასბური ხომ ამ ხელისუფლების ვატერლოოდ – დამარცხების სიმბოლოდ იქცა. რამდენჯერაც ევროსასამართლოს გაეკარნენ, იმდენჯერ თავზე დაემხოთ. როდემდე შეიძლება ყველაფერზე ხელი ორი კინკილა „ნაციონალისკენ „გაიშვირონ. თუ ევროსტრუქტურებში ყველაფერი ისე წყდება, როგორც ეს ნაციონალებს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა, მაშინ რაში იღებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხელფასებს. ერთ რამეში კი ნამდვილად შევაქებ ხელისუფლებას, ბათუმის მოვლენებმა დაგვანახა, რომ „ოცნება“ არ დამსგავსებია სისხლიან და კაცთმოძულე „ნაციონალურ მოძრაობას“.
- თქვენ კმაყოფილი ხართ ბათუმში ხელისუფლების რეაგირებით?
- მე მომეწონა ის, როგორ მოქმედებდა სპეცრაზმი. დანარჩენზე კი რა გითხრათ. როცა გავეშებული ბრბო ქალაქს არბევდა, რატომღაც არსად ჩანდა არც ბათუმის მერი და არც ვიცე-მერი. ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ხალხის გაჩერება არ უცდია. სპეცრაზმის ნაგვიანევი ჩართვა რომ არა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა იქ.
- არის მოსაზრება, რომ შემდეგი დაძაბულობის კერა შესაძლოა სამცხე-ჯავახეთში გაჩნდეს. თქვენ წლების მანძილზე იყავით ამ მხარის გუბერნატორი, კარგად იცნობთ რეგიონის სპეციფიკას, რას იტყვით, უნდა ველოდოთ დაძაბულობას ამ მიმართულებით?
- ამ რეგიონში 7 წელი ვიყავი და ისიც კი ვიცი, სად რა ქვა დევს. ასევე კარგად ვიცი, რა ხდება მთელს საქართველოში. დაძაბულობის კერა ნებისმიერ კუთხეში შეიძლება გაჩნდეს. იმედი მაქვს, ბათუმის მოვლენებიდან ხელისუფლება რაღაც დასკვნებს მაინც გააკეთებს. მით უმეტეს, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო მართული პროცესი.
- ვის მიერ იყო მართული? „ოცნება“ ხელს ყოფილი ხელისუფლების მიმართ იშვერს.
- ამ მოვლენებში რამდენიმე დაჯგუფება იყო ჩართული. ყოფილი ხელისუფლების ერთმა შტომ საკუთარი თავის ლუსტრირება თავად მოახდინა. ბათუმში არეულობა ახალი დაწყებული იყო, ესენი აქ თბილისში გამოვარდნენ სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ეს იმდენად უხეშად გააკეთეს, რომ მათმა მეორე ფრთამ, რომელმაც `ევროპული საქართველო~ დაირქვა და ხვალ შესაძლოა `ტრამალის მგლები~ დაირქვან, ეს მოვლენები დაგმო. იგივე გააკეთეს არასამთავრობოებმა და ბათუმში მოხტუნავე პოლიტიკოსებს პირდაპირ მოუწოდეს, თქვენი განცხადებებით ცეცხლზე ნავთს ნუ ასხამთო. ხელისუფლებაც ამბობს, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური ფესვები აქვს და თუ ასეა, გამოიძიეთ, თქვე დალოცვილებო, ხელს ვინ გიშლით. რამე მაინც მიიყვანეთ ბოლომდე. მიუხედავად იმისა, რომ მე ოპოზიციონერი ვარ, მიმაჩნია, რომ დაუშვებელია პოლიციის მანქანებზე ჭინკებივით ხტომა, მათი ამოტრიალება და დაწვა. ისევე, როგორც პოლიციელზე ხელის აღმართვა.
ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული თუ არ იქნა და რეპეტიციის დონეზე დარჩა, ეს მოვლენები კიდევ უფრო მძიმე ფორმებით განმეორდება. ქვეყანას ჰყავს უშიშროების საბჭოც და კრიზისების მართვის სამსახურიც. სად იყო ამ დროს ან ერთი, ან მეორე. ასეთ კრიზისულ დროს თუ არ მოქმედებენ, რაში ვუხდით ხელფასს? იმასაც ვერავინ იტყვის, რომ ეს არეულობა მოულოდნელად დაიწყო. ამ მოვლენებამდე ორი დღით ადრე ვინმე მერაბ ღოღობერიძე სოციალური ქსელით მოსახლეობას ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებდა, წერდა, პოლიცია თათრებს გვეძახისო. ეს კაცი მაშინვე უნდა დაეკითხათ.
- თათრებს გვეძახიან პოლიციელებიო, ეს მერაბ ღოღობერიძის გარდა, სხვებმაც თქვეს...
- უშუალოდ ეს არავის მოუსმენია. ამბობენ, თითქოს ასეთი რამე პოლიციელმა რესტორანში თქვა. ამის არც მნახველი არსებობს და არც ამის დამადასტურებელი ფირი არსებობს სადმე. ეს ყველაფერი პროვოცირებისთვის იქნა გამოყენებული. მეტი კი არაფერი გააკეთა მღვდელმა გიორგი გაპონმა 1905 წელს, ხალხი რომ დაახვრეტინა. კარგით, ვთქვათ, ღოღობერიძის განცხადებებს ყურადღება არ მიაქციეს, ისიც ვერ გაიგეს, ტომრებით ქვებს და ფულს რომ აგროვებდნენ? ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. იქნებ ხელისუფლების რომელიღაც შტოს აწყობდა ასეთი არეულობა.
- უკვე გაჩნდა ასეთი ვერსიაც, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა ადგილობრივი სუსის და საპატრულო პოლიციის დაპირისპირების შედეგია...
- მე ფაქტები არა მაქვს, რომ ამის მტკიცება დავიწყო, მაგრამ რაც ვნახეთ, ეს ეჭვებს ბადებს. უმცირესობის მხარდაჭერით ხელისუფლების სათავეში რომ მოხვედი, პრევენციული ზომების მიღება ვინმემ აგიკრძალა? საქმე სპეცრაზმის გამოყენებამდე უნდა მისულიყო? ამ ადამიანებმა მართლა უმაღლეს დონეზე იმოქმედეს და მადლობა მათ, რომ ეს გავეშებული ბრბო გააჩერეს. მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ ყურით მოთრეულ ფრაზას, თათრებს, რომელმაც მთელი ბათუმი აღაშფოთა. მე კარგად მესმის, ჩემო ბათუმელებო, რომ თქვენ გეწყინათ, როცა გაიგეთ, რომ ვიღაცამ ასეთი ტერმინით მოგიხსენიათ, მაგრამ ის რატომ არ გაწუხებთ, თქვენს ლამაზ ქალაქში ქართულ წარწერას რომ ვერ იპოვი, სანთლითაც რომ ეძებო. ეს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდშია თვალსაჩინო. რესტორანში რომ მიხვალ, მენიუს რომ მოითხოვ და ქართულის გარდა ყველა ენაზე რომ მოგიტანენ, ეს არ არის საწყენი? ყავახანებში რომ წერია, გვინდა თურქული ენის მცოდნე მიმტანი.
ეს უნდა გაშფოთებდეთ და არა ვიღაცის წამოყრანტალებული ფრაზა. ამასთან, არც ის ვიცით, მართლა თქვა თუ არა იმ ადამიანმა ეს.
რატომ არ აშფოთებთ ბათუმელებს ის ამბავი, რომ მანქანები პლაჟზე ისე არიან დალაგებული, ლამისაა, ზღვაში შევიდნენ. ანტისანიტარია რომ არის ქალაქში, ამაზე რატომ არ სთხოვენ პასუხს ქალაქის მერიას. საინტერესოა, სად იყო ამ არეულობის დროს ქალაქის მერი. იმედია, ამას მოიკითხავენ. შესაძლოა, ისიც სადმე იყო წასული, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ან ამ ხელისუფლებას რა გაუჭირდა ისეთი, რომ ამ თანამდებობაზე ნაციონალების აქტივისტი ელჩი, ზურაბ პატარაძე დანიშნეს.
- ბათუმის მერიც დაახლოებული იყო ნაციონალებთან. ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე სულ იმას ამბობდა, 2012 წლამდე გიორგი ერმაკოვი ბაჩო ახალაიას მარჯვენა ხელი იყოო.
- მთელი მთავრობა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებით არის სავსე და ეს ამბავი აღარც კი უკვირს ხალხს. ჩინოვნიკებს ხალხში ავტორიტეტი აღარ აქვთ და ამიტომ ვერ გაბედეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბათუმელებთან მისვლა. სამაგიეროდ, იქ მივიდნენ „თავისუფალი ზონის“ წევრები და ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებდნენ.
ბათუმი ბევრი რამის მაჩვენებელია და ხელისუფლებას ვურჩევ, თვითკმაყოფილებაში ნუ ჩავარდებიან. განცხადებების გაკეთებას შეეშვან და ამ საქმეს საფლავში ჩაყვნენ. ბოლომდე თუ არ გამოიძიებენ, სხვაგან მიიღებენ იგივეს. და ნაციონალებისკენ ასე ხელის გაშვერას ჯობია, ფაქტები დადოთ და ამხილოთ ერთხელ და სამუდამოდ.
მახსენდება 1,5 წლის წინ რუსთავი 2-ის გარშემო ატეხილი მღელვარება. მაშინ გამოვიდა სპეცსამსახურის უფროსის მოადგილე და მრავლისმეტყველი, დამძიმებული სახით გვითხრა, სახელმწიფო გადატრიალების და შეთქმულების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრაო. ეს ადამიანი ახლა სხვა უწყების პირველი პირია, ის პირები კი თავისუფლად დადიან, ვის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა. დღეს ხელისუფლება იმ ძალის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს, რომელთა წინააღმდეგაც ამ მძიმე მუხლით საქმე აღძრეს. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებით ნათლად არჩევნებზე გამოჩნდა. ისინი გაერთიანდნენ, რათა ნამდვილი ოპოზიცია პარლამენტის მიღმა დაეტოვებინათ.
- თქვენ მათი თანამშრომლობა ახსენეთ და თუ სახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრული საქმე არ გამოიძიეს, ბათუმის ამბებს გამოიძიებენ ბოლომდე?
- არ გამოიძიებენ და, როგორც უკვე გითხარით, სხვა რეგიონებში მიიღებენ იგივე პროცესებს.
- ამ პროცესების და მანამდე სტრასბურის გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ ბევრი განცხადება გაკეთდა მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. თქვენ რას ფიქრობთ, დატრიალდება სამთავრობო კარუსელი?
- მიდგომები თუ არ შეიცვალა, რა მნიშვნელობა აქვს სამთავრობო ცვლილებებს. მაღალი თანამდებობის პირებს თავად არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლიათ, იმ ერთ ადამიანთან მისვლას კი კვირების მანძილზე ვერ ახერხებენ. არიან ჩვეულებრივ მარაზმში და ჰგონიათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა უშველის. როგორც კი რაიმე მოხდება, ისევე მოიქცევიან, როგორც მათი წინამორბედები.
- რას გულისხმობთ?
- რაიმე გართულების შემთხვევაში ესენიც ნაციონალებივით დაეწყობიან და ცოლიან-შვილიან-საყვარელიან-ფულიანად წითელი ხიდის გავლით გაიქცევიან საქართველოდან. ყველა საქმეს ბოლომდე თუ არ მიჰყვებიან, მოუწევთ წითელ ხიდზე სირბილი. ჩვენ გარშემო უამრავი რაღაცები ხდება, ჩვენ კი პოლიტიკურ ჭაობში ვართ ჩარჩენილი და იქედან ამოსვლა არ გვინდა. მთელი ქვეყანა ციანიდს გადავაყოლეთ, თითქოს არ შეიძლებოდა ამ საქმის ჩუმად გამოძიება. 11-12 მარტის მოვლენების შემდგომი განვითარება ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. ხელისუფლება თუ დამნაშავეებს არ დასჯის და ყოფილ ხელისუფლებას არ ამხელს, საბოლოოდ დაადასტურებს, რომ მათთან თანამშრომლობენ. `ქართულ ოცნებას~ და ყოფილ ხელისუფლებას ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ. უნიათო ხელისუფლებისთვის ხელის შესაწმენდად აუცილებელია ისეთი გასვრილი ძალა, როგორიც ნაციონალური მოძრაობაა. ალბათ ყველას გახსოვთ, ხელისუფლების შეცვლამდე რამდენს საუბრობდნენ იმაზე, შუა უნდა გაიკრიფოსო. ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ ქვეყანაში მარტო ეგ ორი ძალა უნდა ყოფილიყო. ახლაც მაქსიმალურად ცდილობენ, სხვა პარტიები ჩაძირონ, მაგრამ ეს ბოლომდე არ გამოუვათ.
- სხვა პარტიებზე ვსაუბრობთ და თქვენი აზრით, ვიხილავთ თუ არა კიდევ ერთ პარტიას, რომელსაც სათავეში გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგება?
- გიორგი მარგველაშვილს სერიოზული პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდა. ალბათ ამიტომაც არიან ხელისუფლების წარმომადგენლები მასზე ასე გამწარებულები. არადა წლების წინ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამტკიცებდნენ, რომ მარგველაშვილი საუკეთესო პრეზიდენტი იქნებოდა. ხათრით არჩეული პრეზიდენტი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა. ის კარგად მოეწყო ავლაბრის რეზიდენციაში, კარგი ურთიერთობები დაამყარა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობოებთან. მას ჰყავს თავისი გუნდი და აქვს პოლიტიკური ამბიციები. „ოცნებასთან“ გამწვავებული ურთიერთობა მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება.
„ახალი თაობა“, 14 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: „სტრასბურის სასამართლოზე გავლენა შეიძლება მოეხდინა საელჩოების შეშფოთებას“
ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისადმი უნდობლობის გამოხატულება იყოს.
ვახტანგ მაისაია:
- სტრასბურის სასამართლოში ჩემი სარჩელიც არის. ჩემს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა წამებას, რაც პრიორიტეტული მიმართულებაა. 2015 წელს პროცესი დაიძრა, განხილვის წინა სტადია გავიარეთ. სარჩელის განხილვა მოხდა ორივე მხარესთან, დისკუსია გაიმართა. ჩვენს სარჩელზე საკმაოდ მოკლე დროში მოახდინა რეაგირება, რადგან წამებასა და ადამიანის უფლებების ყველაზე მაღალი დონის შებღალვას ეხებოდა. საუბარი იყო ციხეში მკვლელობის ორგანიზებაზე, რომელიც არ გამოიძიეს საქართველოში (გამოძიება იყო შეჩერებული). სტრასბურმა საქმე განიხილა საკმაოდ მოკლე ვადებში, მაგრამ წელიწადნახევარია, საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით. სტრასბურის სასამართლოში ჩემნაირი სარჩელები მრავლადაა და ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. დღესაც ამ სარჩელების განხილვა ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზით, ფერხდება და რეაგირება არ ხდება.
- „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილება რით შეიძლება აიხსნას?
- მათ სარჩელში შეიძლება საუბარი იყო სიტყვის თავისუფლებასა ან არასამართლიან სასამართლოზე. თუმცა, გაუგებარია, ასეთი სიჩქარე რით იყო განპირობებული არა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით, რომელზეც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. არც ერთ მოსამართლეს განსხვავებული აზრი არ გამოუთქვამს.
- სტრასბურის გადაწყვეტილება ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოხატულ უნდობლობასა ხომ არ ნიშნავს?
- თუ ამ მხრივ გავაკეთებთ ინტერპრეტირებას, როგორც ჩანს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებს. ნებისმიერი ადამიანი სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილების ასეთ ინტერპრეტაციას გააკეთებდა.
- კითხვის ნიშანი რა კუთხით ისმება?
- კითხვის ნიშანი რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახერხა ერთი დღის განმავლობაში მორიგე მოსამართლემ 48 ტომისგან შემდგარი საქმის წაკითხვა და ამ უფლების გამოყენება. ეს საინტერესო მომენტია, რადგან ერთი-ორი ან სამი დღის შემდეგ რომ მიეღო გადაწყვეტილება, ლოგიკა შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი ტიპის საქმეები სტრასბურში სოლიდური დოკუმენტების თანხლებით იგზავნება. ორი დღის შემდეგ კი შეიკრიბა სასამართლო და სანქციის ვადა გააგრძელა.
- რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს განცხადებებს, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად სტრასბურის სასამართლოში ნაცმოძრაობამ გარკვეული გავლენები გამოიყენა?
- სტრასბურის სასამართლოზე, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა საელჩოების მიერ გამოთქმულმა შეშფოთებამ. გაკეთდა განცხადება ამერიკის საელჩოს, `ჰუმან რაით ვოტჩის~ მხრიდან. მაგალითად, ჩვენ საქმეში, რომელიც წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხება, დიდი როლი ითამაშა გაეროს წამების კომიტეტის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა, საკმაოდ წონიანი საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებმა. სტრასბურის სასამართლო ასეთ გამოხმაურებებს, პირველ რიგში, ითვალისწინებს.
- საუბარია სტრასბურის სასამართლოში მყოფი ქართველი მოსამართლის გავლენაზეც, რომელიც ადეიშვილის კადრია. შეიძლება გავლენა ჰქონოდა ძველ მოსამართლე წოწორიას?
- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროსასამართლოში გაგზავნილი სარჩელების დაბლოკვა ხდებოდა (ბევრმა გააგზავნა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და ზოგი საქმე იბლოკებოდა, ზოგი საქმის განხილვა ფერხდებოდა), რა თქმა უნდა, ლობისტური ქმედება მოქმედებს. ლობიზმი ჯერ არავის გაუუქმებია, სამწუხაროდ. სტრასბურში ბევრი მოსამართლეა. მათმა დიდმა ნაწილმა შეიძლება არც იცის, საქართველოში როგორი სიტუაციაა. ამიტომ თუ რამე საკითხია გასარკვევი, ეკითხებიან საქართველოდან წარგზავნილ მოსამართლეს, რომელმაც იცის, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.
- ანუ გადაწყვეტილების მიღებისას აქედან მივლინებულ მოსამართლესაც ეკითხებიან?
- ბუნებრივია, მე შემიძლია გითხრათ ერთი ფაქტი: როდესაც სამხედრო აკადემიაში ვსწავლობდი, კურსანტების დამამთავრებელ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ჯონ მალხაზ შალიკაშვილი ჩამოვიდა. აკადემიის თანამშრომლებთან შეხვედრაზე მე დავუსვი კითხვა, რომ ბატონი ჯონ შალიკაშვილი იყო ქართული წარმოშობის და შალიკაშვილმაც დაადასტურა, რომ ის წარმოშობით ქართველი იყო, მას შემდეგ ბევრი დაინტერესდა საქართველოთი, რიგი იყო, რომ ამაზე ესაუბრათ. განსაკუთრებით ასეთ საქმეში, როდესაც ევროპელ მოსამართლეს უწევს საქმის განხილვა, არ ვიცი, იქ პროცედურები როგორია, მაგრამ შიდა სამზარეულოში, ალბათ, თავის ქართველ კოლეგას ეკითხებიან.
——————-
„ვერსია“, 13 მარტი, 2017 წელი
მეხსიერების ბარათი
ეპიზოდები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებიდან: „ერთ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზში გართობა გადაწყვიტა“
დიტო გელოვანი
აგვისტოს ომის შემდეგ მალევე გავრცელდა ჭორი, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში დაცვამ იარაღი ხელიდან გამოგლიჯაო… ამდენი წლის შემდეგ კი არა, უკვე მაშინ ხვდებოდა ყველა, რომ ამ ხმის ავტორიც და გამავრცელებელიც თავად მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა. დამარცხებული მთავარსარდალი თავს დამარცხების გამო იკლავს, მიხეილ სააკაშვილმა კი, 2008 წლის 12 აგვისტოს დამარცხება, ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა, ასიათასობით ადამიანის საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნა და ასეულობით თანამოქალაქის სიკვდილი რუსთაველის გამზირზე იზეიმა.
მომხრეებს სცემდნენ, თვითონ კი აჭარულ ხაჭაპურს მიირთმევდა, ქვეყნის ოკუპაცია ფოიერვერკითა და ცეკვა-თამაშით აღნიშნა, ორთაჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როცა მთელი ოჯახი ამოწყდა, სლოვენიაში გაფრინდა ფეხბურთის საყურებლად, იქიდან მილანში გადაფრინდა და საათი იყიდა, ხოლო მილანიდან ნიუ-იორკს მიაშურა, ვითომ კონფერენციაზე, მაგრამ სინამდვილეში, ბიძის სანახავად და ახალი ინსტრუქციების მისაღებად. ხოლო ბიძა ოკუპანტი ქვეყნის უშიშროების გენერალია. თვითონ ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი იყო, მთავარსარდალი.
მთავარსარდალი, რომელსაც უცებ, ციდან ბუზის ბზუილივით ხმა მოესმა, ერთი დაიძახა, ვაიმეო და… მისდევდა დაცვა, მისდევდა ამალა, პოლიციელები, მისდევდნენ გორელი მაღალ და დაბალჩინოსნები, მოვაჭრეები, გარემოვაჭრეები, დასუფთავების სამსახურის უმცროსი თანამშრომლები… ყველას აინტერესებდა, საით გარბოდა და როდემდე ირბენდა მთავარსარდალი. რაც მთავარია, აინტერესებდათ, ვის და რას გაურბოდა საბჭოთა უშიშროების ეფრეიტორი. და ამ დროს, იქვე მყოფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი სხვებს მიუტრიალდა და ეკითხებოდა, ხომ არ იცით, მიშა რატომ გარბისო. შეწუხდა, როდესაც გაქცეული უმაღლესი მთავარსარდალი და ქვეყნის პრეზიდენტი დაინახა. შემდეგ, კუშნერს უთქვამს, მართლა რომ ყოფილიყო საფრთხე, ასეთი თავპირისმტვრევით მაინც არ გავიქცეოდი, მე ხომ იქ საფრანგეთს წარმოვადგენდიო… ასევე იტყოდა ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი, მაგრამ სააკაშვილი არ წარმოადგენდა საქართველოს. სააკაშვილი წარმოადგენდა თემურ და გიული ალასანიებს, სააკაშვილი წარმოადგენდა ნინა წკრიალაშვილს, სოფო ნიჟარაძეს, ალანა გაგლოევას, ნუგზარ წიკლაურს და ხათუნა გოგორიშვილს. და სულ რომ არ იცოდე, ვინ არის მიხეილ სააკაშვილი, ეს ჩამონათვალიც კი საკმარისია მიხვდე, რას წარმოადგენს იგი და მისი გარემოცვა.
ერთი დღეც იყო (2011 წლის ივნისში) და, მიხეილ სააკაშვილის ლამის მთელმა გარემოცვამ საავადმყოფოებს მიაშურა. ასეთ ავადმყოფურ ერთსულოვნებას, როგორც წესი, ეპიდემიების დროს დროს აქვს ადგილი, თუმცა ამ შემთხვევაში, არც რაიმე ეპიდემია ყოფილა, არც მუშაობით გადაღლილან და ვერც ლეღვის ნახარშს დავაბრალებთ, რადგან პრეზიდენტის პრესმდივანმა, ნათია ბანძელაძემ გაიტეხა თავი, პრეზიდენტის გია ბარამიძემ მოიტეხა ფეხი, რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, პრეზიდენტის მიერ ფურნიდან პირდაპირ მთავრობაში დაწინაურებულ ვერა ქობალიას, მას აღენიშნებოდა უამრავი დაჟეჟილობა, მაგრამ თუ ძველების ნათქვამს – „დაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო“ – გავითვალისწინებთ, ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში იყო საქართველოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარება.
რა მოხდა? ისეთი არაფერი – საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს საცურაო აუზში გართობა გადაწყვიტა – საჭმელი, სასმელი და გოგონები, უფრო სწორად, ერთი გოგონა, რომლის გამოც იცემენ დანარჩენი გოგონები და მათთან ერთად – შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გიორგი ბარამიძე. დეტალები საინტერესო არ არის, მით უმეტეს, რომ დეტალების მრავალნაირი ინტერპრეტაცია არსებობს, შედეგი კი ერთია: მედიისა და ეკონომიკის დედები – საავადმყოფოში და თავდაცვა და უშიშროება, კანონშემოქმედება და ევროინტეგრაციაც – საავადმყოფოში.
ეს მოხდა 2011 წლის ივნისში. და ეს ამბავიც ივნისში მოხდა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მინისტრის ავადმყოფობა სულაც არ უშლიდა ხელს უწყების გამართულ მუშაობას. მუშაობდნენ ისე, როგორც იცოდნენ, როგორც შეეძლოთ და ბოლომდე ასრულებდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. აი, ეს ამბავიც, რომელსაც დაზარალებულის ადვოკატი ყვება:
„ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა, მიხვდნენ რა, რომ ვ.ჯიმშელეიშვილი ვეღარ გადაადგილდებოდა და ცნობიერება აღარ ჰქონდა, საკუთარ თავზე აიღეს ნოტარიუსთან სანოტარო აქტის დამოწმების მოწესრიგება. მივიდნენ ნოტარიუსთან, რომელთანაც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი, წამოიღეს უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, ასევე, ნოტარიუსმა ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს ხელზე (!!!) გადასცა სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ჟურნალი ჯიმშელეიშვილთან სახლში ხელმოსაწერად. თვითონ ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებათა შესრულებას არ დასწრებია. ჯიმშელეიშვილს დამოუკიდებლად ხელის მოწერა არ შეეძლო და ვერც აცნობიერებდა, რაზე აწერდა ხელს, ამიტომ გ.ქ-მ ხელი მოკიდა და ისე მოაწერა.
2012 წელს თბილისის მერიამ აღნიშნული ქონება – 3539 კვადრატული მეტრი მიწის ფართი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა – ერთ ლარად მიყიდა ოთხ პიროვნებას“. ანუ, რეესტრიც მუშაობდა ახალ, კოპწია შენობებში, რომლებითაც ასე ამაყობდნენ ზურაბ ადეიშვილები და მასთან გათანაბრებული პირები. გავიხსენოთ, როგორ შენდებოდა პოლიციის შენობები, როგორ ხდებოდა მათი აღჭურვა უახლესი ტექნიკით და ავეჯით – ვიღაცას დაჭერის მუქარით წაართმევდნენ მიწას, ვიღაცას კი, ასევე დაჭერის მუქარით, აყიდინებდნენ საოფისე ავეჯს და ტექნიკას. პოლიციაც და იუსტიციაც ერთი, დამნაშავე რეჟიმის მსახურები იყვნენ და რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი იუსტიციის სახლი?
თინათინ ქ: „2011 წლის ოქტომბერში თბილისში ჩემი ბინის ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ მარნეულში იუსტიციის სახლის ასაშენებლად თქვენი არასაცხოვრებელი ფართი გვჭირდება და უნდა დაგვითმოთო! არ ყოფილა შემოთავაზება კომპენსაციის შესახებ. გაოგნებული დავრჩი და ვერაფერი ვუპასუხე. ერთი კვირის შემდეგ სახლში მესტუმრა ორი მამაკაცი, მათ თავი წარმომიდგინეს როგორც გენპროკურატურის და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. დამემუქრნენ, თუ ფართს არ დაგვითმობ, „ოჯახში პრობლემები შეგექმნება“, „თუ არ დათმობ, ინანებ“, „დაგვიჯერე, შენთვის ასე სჯობს“ და ა.შ.
შემდგომში შევიტყვე, რომ ჩემი არასაცხოვრებელი ფართი დაანგრიეს და მის სიახლოვეს აშენებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის კეთილმოსაწყობად გამოიყენეს – საყვავილე გააშენეს“.
საოცარია, მაგრამ ფაქტია: სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ყველაზე მეტად ითელებოდა ადამიანის ღირსება, სწორედ იმ დროს, როცა ხელისუფლება ცდილობდა, ადამიანის ღირსებიდან აღარაფერი დარჩენილიყო, როდესაც ქვეყანა და მისი მოქალაქეები დამარცხებას დამარცხებაზე განიცდიდნენ, როდესაც ქვეყანაში საბოლოოდ გაფორმდა შავბნელი დიქტატურა, სწორედ იმ დროს პანტაპუნტით რიგდებოდა ღირსების, ბრწყინვალების, წმინდა გიორგისა და თამარის ორდენები.
როგორ იყიდებოდნენ
ახლახან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ გაცემული სახელმწიფო ჯილდოების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ინფორმაციის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა, 2003-2015 წლებში საქართველოს პრეზიდენტების მიერ სულ გაცემულია 11 595 სახელმწიფო ჯილდო, საიდანაც ყველაზე მეტი – 5525 იყო ღირსების ორდენი, 2541 – ღირსების მედალი, ხოლო 1160 – მედალი მხედრული მამაცობისთვის.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო ჯილდოების გაცემის სიუხვით განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის უკანასკნელი წლები გამოირჩევა, მაგალითად, 2012 წელს – 2681, ხოლო 2013 წელს 1926 სახელმწიფო ჯილდო გაიცა.
„2005 წელს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, რომელიც გაიცემა საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებულ წვლილისთვის, დაჯილდოვდა ჯორჯ ბუში (უმცროსი), 2006 წელს – ჯონ მაკკეინი, 2007 წელს – ირაკლი ქუთათელაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ვალდას ადამკუსი, ლეხ კაჩინსკი, 2008 წელს – ერეკლე კოდუა, ვლადიმერ გურგენიძე, ვახტანგ კიკაბიძე, გიორგი მებონია, ზურაბ ფოჩხუა, მამუკა გვასალია, ონისე ქისტაური, ავთანდილ ლომიძე, ნიკოლოზ ძებნიაური, შალვა ჯანაშვილი, გიორგი მარგიანი. 2013 წელს – 30 პირი, მათ შორის: დავით ბაქრაძე, ალექსანდრე ხეთაგური, ანდრო ბარნოვი, კახა ბენდუქიძე, გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე კუბლაშვილი, ნიაზ დიასამიძე, დავით ბეჟუაშვილი, ილჰამ ალიევი, გელა ჩარკვიანი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება თამარ მეფის ორდენს, რომლითაც ჯილდოვდებიან ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის ქალები, 2013 წელს ამ ორდენით დაჯილდოვდა 39 პირი, მათ შორის: ეკა კვესიტაძე, მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია, ნინო შუბლაძე, ხატია ბუნიათიშვილი.
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით კი, რომელიც ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის, 2012 წელს ამ ორდენით სულ დაჯილდოვდა 43 პირი, მათ შორის: ზაზა კორინთელი, გიორგი უშიკიშვილი, დავით გოგიჩაიშვილი, დონალდ ტრამპი, თემურ იაკობაშვილი, ლევან ვარშალომიძე.
2013 წელს კი სულ დაჯილდოვდა 154 პირი, მათ შორის: აკაკი ბობოხიძე, ვიტალი კლიჩკო, ზაალ უდუმაშვილი, აკაკი გოგიჩაიშვილი, გიორგი ლიფონავა, პავლე კუბლაშვილი, ნიკა ტაბატაძე, დავით კიკალიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელდარ შენგელაია, ნათია ბანძელაძე, ირმა ნადირაშვილი, ზაალ სამადაშვილი, ნიკა გვარამია, დავით კირკიტაძე, ბაიარ შაჰინი, ალექსანდრე ლუკაშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი, სერჟ სარგისიანი, ალმაზ ბეკატამბაევი, ისლამ კარიმოვი, მეჰრიბან ალიევა, დონალდ ტუსკი, მანანა მანჯგალაძე, ზურაბ დარჩიაშვილი, იაკობ ზაქარეიშვილი, გიორგი ტუღუში, შოთა მალაშხია, გიორგი კარბელაშვილი, გიორგი კანდელაკი, ალექსანდრე კვიტაშვილი.
სახელმწიფო ჯილდოებთან ერთად, ასევე გაიცემა გარკვეული ოდენობის ერთჯერადი ფულადი პრემია, კერძოდ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენთან ერთად 60000, თამარ მეფისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენთან ერთად კი 1000 ლარი.
———————-