„რეზონანსი“: საიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში // „სამი ათეული ვაგონი, მსხვილგაბარიტიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული სატვირთო მანქანები და სარადარო მოწყობილობები“
„რეზონანსი“: ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები უკანონოა“
—–
„რეზონანსი“: ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი – პარლამენტმა თუ 300-კაციანმა ამომრჩეველთა კოლეგიამ?
„რეზონანსი“: ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს? (თვალსაზრისები)
„რეზონანსი“: დაიწყო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება?
„რეზონანსი“: ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პრეზიდენტი ცდილობს, წინასაარჩევნო მოთელვა გააკეთოს“ // „გიორგი მარგველაშვილს ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია“
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ახლა კონსტიტუცია ბიძინასია“ // „ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტზე შურისძიებას ცდილობს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „პრეზიდენტი პარტიის წევრი არ უნდა იყოს“
„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილმა თავი ისე დაიკნინა, რომ ირაკლი კობახიძე ვეღარაფერს დააკლებს“ // „სულ მქონდა ეჭვი, რომ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან კავშირებს საბოლოოდ არ წყვეტს»
„ახალი თაობა“: კახა კალაძე ხელისუფლებას აშანტაჟებს?// „თვითმმართველობის არჩევნებმა, შესაძლოა, „ოცნება“ დაშალოს“
—–
„რეზონანსი“: ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: აჭარის მოვლენების მიზეზები
„რეზონანსი“: „ბათუმში დაუგეგმავად მოხდა დაპირისპირება“
—–
„რეზონანსი“: მთავრობამ დაზღვევა მდიდარს წაართვა და ღარიბს დაუტოვა // აპრილში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უფრო მეტი ცვლილება შევა
„რეზონანსი“: საწარმოები იხურება, მიზეზი ლარის კურსი და გადასახადებია // „მოსახლეობაც ნაკლებად მსყიდველუნარიანია, ნაკლებს მოიხმარს, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერ წარმოებაზე“
——————–
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
საიდუმლო სარკინიგზო ეშელონი აფხაზეთში
„სამი ათეული ვაგონი, მსხვილგაბარიტიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული სატვირთო მანქანები და სარადარო მოწყობილობები“
ვახტანგ შამუგია
აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მე-7 სამხედრო ბაზამ ს-300 ტიპის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისი ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები შეიტანა.
UMINT/OSINT სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოების „Infomnapalm“ მოხალისეებმა შეძლეს, დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების ს-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი.
საქმე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტო და ვიდეო მასალამაც გააადვილა. იუთუბზე 2017 წლის 11 მარტს ატვირთულ ვიდეორგოლზე ნათლად ჩანს, თუ როგორ შევიდა რუსეთიდან აფხაზეთში სარკინიგზო ეშელონი, რომლის შემადგენლობაშიც დაახლოებით სამი ათეული ვაგონი, მათ შორის ღია პლატფორმებითა და მსხვილგაბარიტიანი მეტალოკონსტრუქციებით დატვირთული სატვირთო მანქანები და სარადარო მოწყობილობები იყო.
ეშელონი სამხრეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა ნოვოროსიისკი-კრასნოდარის სარკინიგზო ხაზის პარალელურად ტრასის მონაკვეთზე, ადიღესა და კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციულ საზღვარზე.აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო შემადგენლობის ვაგონების სერიული ნომრები ემთხვევა ამავე პერიოდში რუსეთის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეორგოლზე არსებულ ნომრებსა და იმ პლატფორმების ნომრებს, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. უტყუარ მტკიცებულებად კი გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედროების მიერ გადაღებული და შემდეგ თავიანთ სოციალურ გვერდებზე ატვირთული ფოტოები შეიძლება ჩაითვალოს.
სავარაუდოდ, „ს-300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ახალი, მესამე დივიზიონი განთავსდება ოჩამჩირის (“ნაგვალოუს” პოლიგონზე) ან გალის რაიონში, სადაც 2016 წლის ბოლოდან რუსი ოკუპანტები განსაკუთრებით გააქტიურდნენ.
კრემლის მსგავსი აქტივობა, შესაძლოა, ნატოს ძალების შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გამოჩენას და მათ მიერ ფოთის პორტის შესაძლო გამოყენებას უკავშირდებოდეს.
„ს-300“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოჩამჩირის რაიონში განთავსების შემთხვევაში, მათი მოქმედების რადიუსში მთელი დასავლეთ საქართველოსა და თურქეთის ჩრდილოეთ რეგიონების ნაწილიც კი მოექცევა.
გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის მე-7 სამხედრო ბაზა მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტსაც.
ჩვეულებრივი საარმიიო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების გარდა, აფხაზეთში ასევე განლაგებულია საზენიტო-სარაკეტო პოლკი, რომლის შემადგენლობაში არის 16 ერთეული გამშვები პუნქტი.
დივიზიონები განთავსებულია გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკის რაიონში და გულრიფშის რაიონის სოფელ აგუძერაში.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საზოგადოება “informnapalm”, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, დაარსდა 2014 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, მისი მიზანი იყო რფ-ის მიერ წარმოებული საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა და მტკიცებულებების დემონსტრირება რუსეთის აგრესიის შესახებ, რომელიც საწყის ეტაპზე შენიღბული იყო “ყირიმის თავდაცვის” მოქმედებებისა და შიდა უკრაინული სამოქალაქო დაპირისპირების თეზისებით.
დღეისათვის informnapalm ths ერთ-ერთი უმძლავრესი რესურსია, რომელიც აწარმოებს საკუთარ გამოძიებებს და აქვეყნებს ცალკეულ მონაცემებს რუსეთის უკრაინაში აგრესიის დამადასტურებელ ფაქტებზე.
საზოგადოების მოხალისეები გულდასმით აგროვებენ, აანალიზებენ და ფართო საზოგადოებას დონბასში რუსეთის რეგურალური არმიის მონაწილეობის ფაქტებს წარუდგენენ.
გარდა მოხალისე-მზვერავებისა, რომლებიც ახორციელებენ ღია წყაროებიდან (ვიდეო და ფოტოფაქტები, თანამგზავრული სურათების მონაცემები, ინფორმაცია სოციალური ქსელების პროფილებიდან) ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს, და ინსაიდერებისა, რომლებიც უშუალოდ ატო-ს (ანტიტერორისტული ოპერაცია) ზონაში იმყოფებიან, |ტაწკქტფზფდქ-ის საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილს შეადგენენ მოხალისე-თარჯიმნები, რომლებიც შეგროვილ მონაცემებს ოც სხვადასხვა, მათ შორის ქართულ ენაზეც ავრცელებენ.
როგორც ერთხელ ერთმა რუსმა ექსპერტმა აღნიშნა, რუსული არმიის ყველაზე დიდი მტერი ფოტოკამერიანი მობილურის მქონე და სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი რუსი ჯარისკაცია.
მართლაც, სოციალურ ქსელებში, კერძოდ კი იუთუბზე და Vkontakte8ru რუს სამხედროებს, მეტწილად ახალწვეულებს, ნებსით თუ უნებლიეთ, არაერთხელ გაუვრცელებიათ სამხედრო საიდუმლო, იქნებოდა ეს ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილება, თუ ახალი შეიარაღების მიღება.
მსგავს ფაქტებს informnapalm-ის მსგავსი ინტერნეტჯგუფები აგროვებენ და ავრცელებენ. მათ რუსული მხარის მიერ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტებისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების გადაცემის ფაქტები არაერთხელ დაუფიქსირებიათ.
ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული მხარის მიერ სამხედრო ტექნიკის შეტანას რეგიონში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არ უკავშირებს. მისი თქმით, მოსკოვის სამხედრო აქტივობა კავკასიის რეგიონში სულ სხვა მიზეზებით არის განპირობებული.
“რუსეთის არმია დასახული გრძელვადიანი გეგმის თანახმად ახორციელებს მთელი შეიარაღების და ტექნიკის განახლებას (ახლის შეძენა ან მოდერნიზაცია). ამ პროცესს მთლიანად ასრულებენ 2020 წელს. გადაიარაღების პროცესის დასაწყისში პრიორიტეტად არჩეული იყო სამხრეთ სამხედრო ოლქი და დასავლეთის მიმართულება, შემდეგ უკვე სხვა სამხედრო ოლქები. ამიტომ არც ს-300, არც “ბუკ”-ის ახალი მოდიფიკაცია, არც “პანცირ”, არც “ისკანდერები”, არც ახალი საავიაციო ტექნიკა აღმოჩენას არ წარმოადგენს. შევიხედოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე, რომელზეც ღიადაა თითქმის ყველა სახის ტენდერი წარმოდგენილი და ანალიზისთვის სრულიად საკმარისი იქნება, როგორი მასშტაბით მიმდინარეობს ჯარის გადაიარაღება. ასეთი ტემპით დღეს მსოფლიოს არც ერთი არმიის განახლება არ ხდება. ამას ასწორი შეფასება სჭირდება”, – თქვა ამირან სალუქვაძემ “რეზონანსთან” საუბრისას. მისივე თქმით, ნატოს მიერ ფოთის პორტისადმი გამოწვეულმა ინტერესმა რუსეთის პოლიტიკური წრეების გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, ს-300 დამატებითი კომპლექსების აფხაზეთში გადასროლა, შესაძლოა, ერთგვარი კუნთების თამაშიც იყოს.
„ყოველ ჩვენს ნაბიჯს რუსეთი დაუპირისპირებს გაცილებით სერიოზულ ზომებს, ამიტომ ყველაფერი გასათვლელია, რას და როგორ გავაკეთებთ. თუ ნატოს ჩვენს ტერიტორიაზე ბაზები სურს, მიგვიღონ ნატოში. სხვაგვარად ეს დიდი რისკის შემცველია“, – დასძენს ამირან სალუქვაძე.
„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ ჯემალ გამახარიასთან: „აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. არჩევნები უკანონოა“
აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია აფასებს.
- ბატონო ჯემალ, აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. სახალხო კრების _ პარლამენტის არჩევნებით რა მოცემულობა მივიღეთ?
- 12 მარტის ე.წ. არჩევნებში ძალიან საინტერესო შედეგები გამოიკვეთა.
- ადრე თქვენ მითხარით, რომ შესაძლებელია, ალექსანდრე ანქვაბი პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინოს, ე.წ. პრეზიდენტი კი ხაჯიმბა იქნება...
- ახლა რა სურათიც არის გამოკვეთილი, ჯერჯერობით ჩვენი პროგნოზი მართლდება. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა მხოლოდ 12 ოლქში. აქედან 7 არის ანქვაბის, 1 ოლქში არჩევნები გაუქმებულად ჩაითვალა – არ ჩატარებულა და ხელახალი არჩევნები დაინიშნა. ხელახალ არჩევნებში მონაწილეობს ლეონიდე ლაკერბაია, ანუ ბატონი ანქვაბის მარჯვენა ხელი, რომელსაც პირველ ტურში მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ გამარჯვება მიულოცა ლაკერბაიას, საარჩევნო შტაბში თავისი ფეხით მივიდა და პირადად მიულოცა გამარჯვება. მიუხედავად ამისა, არჩევნები ჩაშლილად ჩაითვალა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ბატონი ლაკერბაია იმარჯვებს. დარჩენილ 22 ოლქში, სადაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს, უმეტესობა ანქვაბის ხალხია თითქოს. თუ რამე არ მოიმოქმედა ხაჯიმბას ხელისუფლებამ, ზუსტად მართლდება ის, რომ ანქვაბი შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს. ორ კვირაში საბოლოო შედეგები გამოიკვეთება, მაგრამ წინასწარი შედეგები ასეთია.
- ანუ საჭადრაკო დაფაზე ორი ე.წ. მეფე გამოჰყავთ და მუდმივი დაპირისპირების ვითარებას ქმნიან, თუ ანქვაბი და ხაჯიმბა საერთო ენას გამონახავენ?
- ეს მათზე არ არის დამოკიდებული. რუსეთის მხრიდან ბატონ ანქვაბს ნებართვა რომ არ ჰქონდეს, აფხაზეთში ჩამოსულიყო და კენჭი ეყარა, არ და ვერ ჩამოვიდოდა. ეს არის ცალსახა. რომ არა რუსეთი, ხაჯიმბა პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. მათ შორის რა ურთიერთობა იქნება, დამოკიდებულია მათზე, ვინც ამ ფიგურებს ათამაშებს, მართავს.
- თუმცა დაძაბულობა მაინც ხომ იქნება, თავისთავად?
- გარკვეული დაძაბულობა იქნება, მაგრამ დაძაბულობა რა შედეგებს გამოიღებს საბოლოოდ, ხაჯიმბასა და ანქვაბზე დამოკიდებული არ იქნება. აფხაზეთში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ შესაძლოა მომავალში სისტემა შეიცვალოს და ე.წ. საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდნენ, ანუ ჩვენი მოდელი გადაიღონ, რაც ანქვაბს საშუალებას მისცემს, კენჭი იყაროს და პრემიერი, ანუ პირველი პირი გახდეს.
- ალექსანდრე ანქვაბს საშუალება ექნება, შეცვალოს ე.წ. კონსტიტუცია?
- კონსტიტუციის შეცვლას ორი მესამედი სჭირდება. ორი მესამედი ანქვაბს არ ექნება. ამიტომ ის კონსტიტუციას ვერ შეცვლის, მაგრამ მას შეუძლია, თუ უმრავლესობა ეყოლება, ე.წ. რეფერენდუმი დანიშნოს და ამ გზით გაიტანოს საპარლამენტო მმართველობის შემოღების საკითხი. წინ არის პოლიტიკური ბრძოლა. როგორ მწვავე სახეს მიიღებს ეს ბრძოლა, დამოკიდებულია მათ უფროსზე, რომელიც მოსკოვშია. აფხაზეთში ჩატარებულ ე,წ. წოდებულ არჩევნებს აქვს თავისი პოლიტიკური შემადგენელი. ჩვენ სწორედ ეს პოლიტიკური შემადგენელი გვაინტერესებს.
- რა პოლიტიკურ შემადგენელზე საუბრობთ?
- ჩატარებული ე.წ. არჩევნები ცალსახად სრულიად უკანონოა (ანუ არჩევნები ამომრჩევლების გარეშე). არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არცერთ სახელმწიფოს არ გააჩნია განსხვავებული აზრი. გარდა იმისა, რომ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი აფხაზეთიდან გადევნილია და ის არჩევნებში ვერ მონაწილეობს, თვით იქ მცხოვრები ათეულათასობით ადამიანი, მათ შორის, უმეტესობა ქართველი, უცხო ქვეყნის მოქალაქედ არის გამოცხადებული.
- დიახ, გალსა და სხვა რაიონებში მცხოვრები ქართველები...
- ისინიც მოკლებული არიან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუნდაც იმ დე ფაქტო არჩევნებში. ამ „უცხო ქვეყნის მოქალაქეების“ რიცხვი ბევრად არ ჩამოუვარდება აფხაზების რიცხვს. ეს ადამიანები თამაშგარე მდგომარეობაში არიან დატოვებული. ასეთ არჩევნებს რუსეთისა და მათ მიერ მოსყიდული, რამდენიმე სუბიექტის გარდა, ლეგიტიმურად არავინ აღიარებს.
კიდევ ერთი შემადგენელი ამ ე.წ. არჩევნებისა არის ის, რომ დე ფაქტო პარლამენტს 35 დეპუტატი ეყოლება. აქედან გარანტირებულად 31 აფხაზი იქნება, 3 გარანტირებულად იქნება სომეხი, ერთი – არ ვიცით, 32-ე დეპუტატი აფხაზი იქნება, თუ შეიძლება, ერთი ქართველი გაერევა, რომელიც ვერაფერს გადაწყვეტს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ე.წ. არჩევნების უკანონობაზე, ანუ აფხაზობა ენგურს გაღმა მოსახლეობის 30%-ზე ნაკლებია და ე.წ. დეპუტატების 80% ეყოლება. დანარჩენი მოსახლეობა _ ქართველები, რუსები, ბერძნები, სომხები, ერთად აღებული, სამჯერ მეტია, ვიდრე აფხაზი, მაგრამ მათ, საუკეთესო შემთხვევაში, ოთხი დეპუტატი ეყოლებათ. წარმოიდგინეთ, რა `არჩევნებს~ ატარებენ ენგურს გაღმა და რა `არჩევნებს~ აღიარებს რუსეთი. ეს არის უკანონობის, განუკითხაობის, ადამიანის უფლებების დარღვევის მწვერვალი.
- ე.ი. რუსეთს საოკუპაციო ხელისუფლებაში დასჭირდა ორი ლიდერის გამოყვანა ასპარეზზე, რომ აფხაზეთში მათი დაპირისპირების ვითარებაში თავისი საქმე აკეთოს _ სამხედრო ნაწილი გააძლიეროს, გალი რეალურ სამხედრო ქალაქად აქციოს?
- დიახ. რუსეთს აფხაზეთში ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ლიდერი ეყოლება. ისინი ერთმანეთთან შეჯიბრების რეჟიმში იქნებიან, თავიანთი საქმეებით რუსეთს ვინ უფრო დიდ ერთგულებას დაუმტკიცებს. ამიტომ შექმნა ისეთი ვითარება, როცა მოსახლეობის ორ მესამედს ეყოლება 3-4 დეპუტატი, ერთ მესამედს კი 31 თუ 32 დეპუტატი. ამით რუსეთი ცდილობს, ერთ მესამედ აფხაზობას დაუპირისპიროს დანარჩენი ორი მესამედი, რომ მოხდეს ეთნიკური ნიშნით ანტაგონიზმის გაღვივება და დაპირისპირება. რუსეთს სურს, ანტიაფხაზური განწყობა ჩამოყალიბდეს, რათა შემდეგ შექმნილი ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ერთი შეხედვით, რთული, მაგრამ მარტივი თამაშებია.
- ამაზე რუსეთის დელეგაციის (რომელიც ე.წ. არჩევნების პერიოდში აფხაზეთში იმყოფებოდა) ხელმძღვანელმა ზატულინმაც გამოთქვა უკმაყოფილება...
- დიახ, უკვე ჩაგდებულია ანტაგონიზმის მარცვალი. როცა დასჭირდებათ, უფრო გააღვივებენ და შეიკვრება ანტიაფხაზური ძალა, თუ აფხაზები ჭკუით არ მოიქცევიან. აქ ერთი საკითხია მნიშვნელოვანი – ომის შემდეგ პირველი უკანონო არჩევნები 1996 წლის 23 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც მთელმა მსოფლიომ დაგმო. მას შემდეგ ჩატარებული ყველა ე.წ. არჩევნები მსოფლიომ დაგმო, მაგრამ არაფერი იცვლება. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, არა მხოლოდ სიტყვიერად დაგმონ, არამედ აფხაზეთში დღეს არსებულ ვითარებას ობიექტური შეფასება მიეცეს და, აქედან გამომდინარე, გატარდეს ზომები.
- რა ზომები?
- რაც აფხაზეთში მოხდა და ხდება, ქართველი მოსახლეობის გენოციდია. სანამ აფხაზეთში არსებულ ვითარებას გენოციდის კვალიფიკაცია არ მიეცემა, საერთაშორისო ტრიბუნალს არ შექმნის და განსასჯელის სკამზე არ დასვამს გენოციდის ჩამდენთ, მანამდე იქნება საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც 20 წელია, აბუჩად იგდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა დიდი ქვეყნის, მსოფლიო ლიდერებს. 20 წელია, ცარიელი სიტყვები და განცხადებები გვესმის.
- უმაღლესი საბჭოს განცხადება წავიკითხე აფხაზეთში 1993 წლის 15-16 მარტის ბრძოლებთან დაკავშირებით. აფხაზური მხარის წარმომადგენლებმა ფილმი გადაიღეს, გუმისთასთან შეტევას ვახორციელებდითო. აფხაზებმა ის შედეგი მიიღეს, რაც უნდოდათ?
- აფხაზურ მხარეს არასოდეს არანაირი შეტევა არ განუხორციელებია. აფხაზები ყოველთვის მეორე და მესამე რიგში მოდიოდნენ. მთავარი დამრტყმელი ძალა იყო რუსეთის რეგულარული ჯარი, დაქირავებულები, რომელშიც კარგად გაწვრთნილი რუსი ბოევიკები შედიოდნენ. მოდიოდნენ რუსული ტანკებითა და ვერტმფრენებით. იმ შეტევების მოგერიება გვიხდებოდა, რომლებიც იგეგმებოდა რუსეთის გენშტაბში. მოკავშირე არავინ გვყავდა და იმხელა ურჩხულის შემოტევებს ვიგერიებდით. 15-15 მარტს ქართულმა არტილერიამ აფხაზეთში საოცარი გმირობა ჩაიდინა. მან უკუაგდო რუსული არტილერია, რუსული თვითმფრინავები და ტანკები, აფხაზები კი ამას შორიდან აკვირდებოდნენ.
აფხაზებმა კი ვერაფერი მოიგეს. რუსები ან ჩერქეზებივით დაატოვებინებენ შავიზღვისპირეთს, ან მოხდება მათი ასიმილაცია საოკუპაციო რეჟიმის პირობებში.
——————–
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი – პარლამენტმა თუ 300-კაციანმა ამომრჩეველთა კოლეგიამ?
ეკატერინე ბასილაია
მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” უკვე გადაწყვიტა, რომ 2023 წლიდან პრეზიდენტს ხალხი არ აირჩევს და ამის გამო კრიტიკასაც არ მიიღებს, საკონსტიტუციო კომისიაში ახლა უკვე არაპირდაპირი არჩევის წესის მოდელებს განიხილავენ, მათგან ერთია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს 300-კაციანმა ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიამ, სადაც შევა პარლამენტის 150 დეპუტატი და პლუს, თვითმმართველობებიდან, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოებიდან 150-კაციანი დელეგაცია. გარდა ამისა, პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც ერთი პარტიის წევრი და მისი ასაკი განისაზღვროს მინიმუმ 45 წლით.
წინადადება ყოფილ “რესპუბლიკელ” ვახტანგ ხმალაძეს ეკუთვნის და “ქართულ ოცნებაში” მის იდეას ბევრი იწონებს, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და ითქვა ისიც, რომ პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა თანხმობა. ამიტომაც მოლოდინია, რომ “ოცნება” ხმალაძის ვარიანტს დაამტკიცებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად პრეზიდენტი, ოპოზიცია, ასევე ექსპერტების მცირე ნაწილი და არასამთავრობოთა დიდი ნაწილი ისევ აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება ხალხს უნდა დარჩეს და სწორედ ამ არჩევის წესზე უკმაყოფილების გამო პრეზიდენტმა უკვე დაიწყო კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” და სხვადასხვა ქალაქებში ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ჯგუფი მოსახლეობას აზრს ეკითხება, როგორი კონსტიტუცია სურთ.
„ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლება. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტი უნდა აირჩიოს პირდაპირი წესით 2018 წელს, შემდგომ წლებშიც, მათ შორის 2023 წელს და შემდგომაც, როდესაც იქნება პრეზიდენტის არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
ამ წინააღმდეგობის მიუხედავად “ოცნება” ამ მხრივ დათმობას არ აპირებს და უკვე გადაწყვეტილია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა იქნება მხოლოდ მომდევნო არჩევნებზე 2018 წელს, ხოლო 2013 წელს – არაპირდაპირი.
გუშინ საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით მსჯელობდა. განხილვის თემა პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი იყო. „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა ვარიანტი, რომლის მიხედვით 2023 წლიდან პრეზიდენტის არჩევა უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის თანხმობით. მეორე ვარიანტი, 300-კაციანი ე.წ. საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევა წარადგინა ვახტანგ ხმალაძემ.
„ეს წესი გულისხმობს პრეზიდენტის არჩევას არა პარლამენტის მიერ, არამედ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისაგან და 150 დელეგატისგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტისა და საკრებულოების არჩევნები სხვადასხვა დროს ტარდება, პროპორცია პოლიტიკურ პარტიებს შორის პარლამენტსა და საკრებულოებში შეიძლება (და მაღალი ალბათობით ასეც იქნება) იყოს ერთი მეორისგან ფრიად განსხვავებული. ამდენად, ამრჩევთა სურათი იქნება უფრო გაწონასწორებული და მათი რაოდენობაც იქნება უფრო მეტი”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე, რომლის თქმითაც, მისი წინადადება პრეზიდენტის არჩევას მეტ ლეგიტიმაციას მისცემს.
„ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ ხმალაძის ვარიანტი მაინცდამაინც არ მოიწონა გიორგი კახიანმა, რომელის განცხადებით, პრეზიდენტი სპეციალურმა 300-კაციანმა კოლეგიამ შეარჩიოს, საქართველოში შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. მე, მაგალითად, ამ მოდელის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. შესაძლოა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელოთ, უბრალოდ, გამოჩნდა ერთი პრობლემა, რომ იმ სახელმწიფოებში, სადაც კრებების ან კოლეგიების მიერ ხდება პრეზიდენტის არჩევა, ეს უკავშირდება ამ სახელმწიფოების ტერიტორიული მოწყობის საკითხს. როგორც წესი, ესაა ფედერალური ან რეგიონალური მოწყობის სახელმწიფოები. ისეთი მოწყობის სახელმწიფო, როგორც საქართველოა, შეიძლება ამ არჩევის წესმა პრობლემების წინაშე დააყენოს”, – თქვა გიორგი კახიანმა.
საბოლოოდ რა ვარიანტს მიიღებს „ოცნება“, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პრეზიდენტის გარდა საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია ისევ პირდაპირი წესით არჩევას ითხოვს. მათ მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და ეს არის მეტი ლეგიტიმაციაც და სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის შესაძლებლობაც.
“ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი წერეთლის შეფასებით, პრინციპული განსხვავება მდგომარეობს არა იმაში, როგორი იქნება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, არამედ პირდაპირი არჩევნები იქნება თუ ირიბი. ამ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის საქართველო, არაფორმალური მმართველობის პირობებში, ინსტიტუტებს შორის ასეთ ბრძოლის პირობებში, დასაბალანსებლად გვჭირდება აქტიური, ქმედითი პრეზიდენტი, რომელსაც მოსახლეობა პირდაპირი წესით აირჩევს. თუ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება არაპირდაპირ არჩევნებზე, ამის შემდეგ ბუნებრივია შეიძლება მსჯელობა, თუ რა ვარიაციები იყოს, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ემხრობა”, – აღნიშნავს გიგი წერეთელი.
ოპოზიციის მსგავსად ა/ო “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” წარმომადგენელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს ემხრობა. „მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ყველაფერში გათვალისწინებული იყოს მთავარი არგუმენტი. ის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება დაბალანსებული სისტემა, პრეზიდენტი, რომელსაც განსაკუთრებული როლი ექნება. ამ დაბალანსების სისტემაში, ცხადია, ის უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს”, – მიიჩნევს ეკა გიგაური.
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს?
გვანცა წულაია
(შემოკლებით)
ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წევრებს მიმართა.
გივი სიხარულიძე (მსახიობი): საერთოდ მწამს, რომ თუ არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტი, ხალხს უნდა ჰყავდეს, მაშინ იგი მისი ხალხისგან, არა პარლამენტისგან და ვიღაცებისგან უნდა იყოს არჩეული.
გია ბაღაშვილი (მუსიკოსი): ვფიქრობ, არჩევნები იმ უფლებამოსილებების შესაბამისი უნდა იყოს, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია. თუ მისი უფლებამოსილება იმდენად შეიზღუდება, რომ მას რეალურად წარმომადგენლობითი ფუნქცია დარჩება, მაშინ ალბათ ლოგიკურია, რომ არჩევის წესიც სახეცვლილი იყოს.
გია ბუღაძე (მხატვარი): რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული. თუ პრეზიდენტის არჩევის წესი არაპირდაპირი გახდება, მივიღებთ საშინელ შედეგს. მივიღებთ ხელისუფლებას, თავდახურულ და თავისთავში ჩაკეტილ, არაფორმალური მმართველობით. და ჩვენ პრეზიდენტის არჩევის საშუალება აღარ მოგვეცემა. ეს ყველაფერი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარიზმი იქნება, რითაც ყველანაირი უბედურება დატრიალდება. ამ ყველაფრით პრეზიდენტის ინსტიტუტის შერყევა მოხდება და საერთოდ აღარაფერი იარსებებს. უმრავლესობა ფაქტობრივად არაფორმალურ მმართველს დანიშნავს.
ანა რატიანი ჟურნალისტი): არ ვეთანხმები. პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საზოგადოებამ. როგორ შეიძლება სახელმწიფოს პირველი პირი ხელისუფლებისგან იყოს არჩეული. პრეზიდენტის ფუნქციები მკვეთრად შემცირდება, თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ. არა მგონია, ჩვენ ჯერ იმ დონის განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, რომელსაც პრეზიდენტი არ სჭირდება და ამიტომ იგი ხალხის რჩეული უნდა იყოს.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): არ ვეთანხმები. ვემხრობი იმ ფაქტს, რომ ბერკეტი ხალხის ხელში იყოს და პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების კიდევ ერთი არადემოკრატიულად გადადგმული ნაბიჯი იქნება. ყოველთვის ვღელავ, როდესაც უმრავლესობას ხელში ძალიან დიდი ბერკეტი უვარდება. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუციის რყევა არ მომწონს, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ასეთი სრული ძალაუფლებით მოსული უმრავლესობა მხოლოდ დიქტატურისკენ წავა. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ოდითგანვე ძველი ბერძნებიდან დაწყებული მოდის. არა მგონია, ეს ადამინები გამონაკლისები აღმოჩნდენ, ჯერჯერობით ისინი ასე იქცევიან და ამტკიცებენ. რასაც ვხედავ, დიდი მიდრეკილება აქვს დღევანდელ ხელისუფლებას და მის უმავლესობას, სრული დიქტატურით იყოს. დიქტატურაში მაინცდამაინც სისხლიან რბევას არ ვგულისხობ.
ისინი, რომ არ დაემსგავსონ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, უკვე ვგრძნობ, ეს ძალიან უნდათ, ამიტომ ვამბობ, რომ პრეზიდენტის არჩევა, ხალხის ხელში უნდა იყოს. თითოეული ნაბიჯი არასწორად და უდიერად წარმოთქმული სიტყვა პრეზიდენტის ინსტიტუტს არყევს. გამიხარდა სტრასბურგმა “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით სწორი დაგაწყვეტილება რომ მიიღო. მოქალაქეობრივად ეს ბედნიერების ნიშანი კი არ არის, არამედ სირცხვილის, რადგან ქვეყანას უსუსური სასამართლო აღმოაჩნდა. გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერი მურუსიძე რომ მოსამართლედ დანიშნე და გიხაროდა, სტრასბურგს არ გამოეპარა ეს ყველაფერი, აი შედეგი. თითოეული თქმული სიტყვა ინსტიტუციის წინააღმდეგ, არყევს სახელმწიფოს და სახელმწიფო ამ ისტიტუციებისგან შედგება. ყველაფერი თუ შეარყიე, ფეოდალური ინსტიტუცია დაგრჩება. ხმა მანამდე უნდა ამოიღო, სანამ პრეზიდენტად სათამაშო თოჯინას დანიშნავ.
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
დაიწყო თუ არა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება?
გვანცა ღვედაშვილი
პრეზიდენტის მიერ წამოწყებულ კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია”, პიარსპეციალისტთა და პოლიტოლოგთა გარკვეული ნაწილი წინასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავენ, ამ კამპანიით მარგველაშვილი, შესაძლოა, წინასაარჩევნო მოთელვას ახორციელებდეს. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” 13 მარტს თელავიდან დაიწყო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანია კონსტიტუციის დამტკიცებამდე, ცვლილებების განხილვის პროცესში, საერთო სახალხო ჩართულობას გულისხმობს. ამ მიზნით, პრეზიდენტი ყველა რეგიონში ჩასვლას აპირებს.
სოციოლოგი და პიარ-ტექნოლოგი კახა მაღრაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ფიგურის მიერ დაგეგმილი ნებისმიერი სახის აქტივობა, ირიბად მაინც წინა საარჩევნო კამპანიას უკავშირდება.
„ზოგადად წინასაარჩევნო კამპანია არის ყველა ქმედება და აქტოვობა, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის გეგმაში შედის, რადგან არჩევნები სრულდება თუ არა, მაშინვე მომდევნო არჩევნებისთვის იწყება მზადება. რამდენად მოახდენს აღნიშნული ქმედებები გავლენას, ახლა ამის თქმა შეუძლებელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი კონფიგურაცია იქნება არჩევნების წინ. ვინ იქნებიან კანდიდატები და რომელი პოლიტიკური ძალის წამომადგენლები როგორ იაქტიურებენ”, – აცხადებს პიარტექნოლოგი კახა მაღრაძე და აღნიშნავს, რომ ახლა განხორციელებული ქმედებები, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ოფიციალური კამპანიის ნაწილად მივიჩნიოთ, მაგრამ შინაარსობრივად ეს სავსებით შესაძლებელია წინასაარჩენო კამპანიად შევაფასოთ.
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის დაწყებაში, წინასაპარეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ელემენტებს ხედავს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძეც.
„მგონია, რომ პრეზიდენტის ქმედებას ახლავს წინასაპარეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ელემენტები, რადგან ამ კამპანიის დაწყება საკმაოდ მოულოდნელი იყო. ეს რომ მოგვიანებით გაკეთებულიყო, შედარებით სხვა შეფასებები ექნებოდა. მაგალითად, პრეზიდენტს რომ აღნიშნული კამპანია, თუნდაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შუალედური შედეგების დროს დაეწყო, კიდევ გასაგები იქნებოდა მისი ქმედება. ჯერჯერობით კი ნედლი ტექსტიც კი არ არსებობს და წარმოდგენაც კი არ მაქვს, ამ შეხვედრებისას რა უნდა განიხილონ. ალბათ პრეზიდენტი ცდილობს, წინასაარჩევნო მოთელვა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს არანაირი პრობლემა არ არის და მარგველაშვილს შეუძლია ასეთი ნაბიჯების გადადგმა”, – გვეუბნება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე (ინტერვიუ იხ. ქვემოთ).
პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით დაწყებულ განხილვებს, წინა საპრეზიდენტო კამპანიასთან არ აკავშირებს ექსპერტი პიარ-ტექნოლოგიების საკითხებში სოსო გალუმაშვილი.
„ეს არ არის კამპანია, რომელიც მიზანდ ისახავს წინასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას. ეს აქტივობა მიზნად საზოგადოებისთვის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვას ისახავს. თუმცა, ვფიქრობ, მსგავსი ტიპის აქტივობის დაწყება ახლა ნაადრევია, რადგან არ არის ჩამოყალიბებული ის ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. ვერ ვხედავ კავშირს საპრეზიდენტი არჩევნების კამპანიასა და მარგველაშვილის კონკრეტულ მოქმედებებს შორის. ვფიქრობ, ეს მოსაზრება იმის გამო წარმოიშვა, რომ საკონსტიტუციო კომისიას მუშაობა არ დაუსრულებია. პრეზიდენტის მიერ ეს ნაბიჯი ცოტა ადრე გადაიდგა, თუმცა მის ინიციატივას, რომ საზოგადოება ჩართული იყოს საკონსტიტუციო ცვლილებებში, ვეთანხმები”, – აცხადებას სოსო გალუმაშვილი.
პრეზიდენტის ქმედებებს ნაადრევად დაწყებულ საარჩევნო კამპანიად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილიც.
„ეს ცოტა ნაადრევად დაწყებულ საარჩევნო კამპანიას მაგონებს, მაგრამ ამაში უკანონო არაფერია. სახალხო განხილვები დაანონსებული გვაქვს მმართველ გუნდს. როგორც კი დასრულდება მუშაობა, შემდეგ იწყება სახალხო განხილვები. ამიტომ დღესდღეობით, როდესაც ყველა პუნქტზე შეთანხმება არ არის და პროექტიც არაა დადებული, ვერ გეტყვით, სხვა რა ფუნქცია აქვს ამ შეხვედრებს. ეს მისი ნებაა და აქ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ მოხდა შეთანხმება. არ ვიცი, ორივე მხრიდან იყო მაქსიმუმი თუ არა გაკეთებული იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მომხდარიყო, მაგრამ სასურველი იქნებოდა, ერთიანი ძალით ისეთი პროექტი მიგვეღო, რომელზეც შემდეგ აღარ იქნებოდა ზედმეტი საუბარი”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ ვახტანგ ძაბირაძესთან: „პრეზიდენტი ცდილობს, წინასაარჩევნო მოთელვა გააკეთოს“ // „გიორგი მარგველაშვილს ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია“
გვანცა ღვედაშვილი
“პრეზიდენტი ცდილობს, წინასაარჩევნო მოთელვა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს არანაირი პრობლემა არ არის და მარგველაშვილს ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია”, – ასეთ შეფასებას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “რეზონანსთან” მას შემდეგ აკეთებს, რაც პრეზიდენტმა კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აღნიშნული კამპანიის მიზანი კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობის გაზრდა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კამპანია 13 მარტს თელავიდან დაიწყო და საკონსტიტუციო რეფორმის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, მარგველაშვილის მიერ წამოწყებული კამპანია საპრეზიდენტი არჩევნებს უკავშირდებოდეს?
- მგონია, რომ პრეზიდენტის ქმედებას თან ახლავს წინასაპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების ელემენტები, რადგან ამ კანპანიის დაწყება საკმაოდ მოულოდნელი იყო. ეს რომ მოგვიანებით გაკეთებულიყო, შედარებით სხვა შეფასებები ექნებოდა. მაგალითად, პრეზიდენტს რომ აღნიშნული კამპანია თუნდაც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შუალედური შედეგების დროს დაეწყო, კიდევ გასაგები იქნებოდა მისი ქმედება. ჯერჯერობით კი ნედლი ტექსტიც არ არსებობს, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, ამ შეხვედრებისას რა უნდა განიხილონ. გაურკვეველია, რა მექანიზმი აქვს და რა შეხედეულებები და შეფასებები შეიძლება გამოითქვას საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით. ამასთან, ეს რომ მხოლოდ კონსტიტუციას და მასში შესატან ცვლილებებს არ უკავშირდება, ამის ეჭვი ნამდვილად შეიძლება გვქონდეს. პრეზიდენტი ალბათ ცდილობს, წინასაარჩევნო მოთელვა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს არანაირი პრობლემა არ არის და მარგველაშვილს ასეთი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ტრაგიკული არც ისაა, რომ თუნდაც კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საკუთარი შეხედულებები გააცნოს ამომრჩევლებსა და საზოგადოებას. მაგრამ ოფიციალურად ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, ამ შეხვედრებს სხვა საფუძველი ჰქონდეს და არა წინასაპრეზიდენტო არჩევნების.
- როგორ ფიქრობთ, მომავალ საპრეზიდენტი არჩევნებში მარგველაშვილის მხარდამჭერად ვინ შეიძლება განვიხილოთ?
- ამის თქმა ახლა საკმაოდ გამიჭირდება. ცხადია, იქნება რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვინ იქნება მარგველაშვილის მხარდამჭერი, ეს გაუგებარია. თუკი მარგველაშვილის ამ კამპანიას წინასაპრეზიდენტო არჩევნების მაგვარს ვუწოდებთ, მაშინ ის ჯგუფები უნდა ვივარაუდოთ მისი მხარდამჭერებად, რომლებიც დღეს არიან მის გვერდით და ამ კამპანიაში ეთანხმებიან – ვფიქრობ, მისი მხარდამჭერები სწორედ ამ საზოგადოებიდან იქნებიან.
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: „მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ახლა კონსტიტუცია ბიძინასია“ // „ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტზე შურისძიებას ცდილობს“
სალომე სარიშვილი
„ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ერთიანობაში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მისი უფლებამოსილების შეკვეცას მოიაზრებს, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ინტერესიდან მომდინარეობს და ის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგაა მიმართული. სოსო ცისკარიშვილი იმასაც ამბობს, რომ ამ ყოველივეს უკან ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც შურისძიება ამოძრავებს, რადგან მან მარგველაშვილის “პრივატიზება ვერ შეძლო.”
ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა ჩვენთან საუბრისას ყურადღება მოსმენების კანონის ირგვლივ შექმნილ ვნებათაღელვაზეც გაამახვილა და თქვა, რომ კანონი ნებისმიერ შემთხვევაში კორექტირებას საჭიროებს.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება თუ ე.წ გასაღები, ანუ მართვის ბერკეტი პროკურატურას ექნება, ხოლო მოსმენაზე უფლების გამცემი ორგანო სასამართლო იქნება. ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი უფრო დახვეწილი, ხოლო პროცესი გამჭვირვალე იქნება.
- საკონსტიტუციო კომისია სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან პრეზიდენტის არჩევის წესსა და მის უფლებამოსილებაზე მსჯელობს. საპარლამენტო უმრავლესობისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ნაწილი არაპირდაპირი არჩევის მომხრეა, ხოლო ოპოზიცია კი საპირისპიროს ამტკიცებს. თქვენ როგორ აფასებთ მთელ ამ პროცესს?
- ამჟამად კონსტიტუცია ყველაზე მძიმე ეტაპზეა, რადგან რეალურად ის ქვეყნის და ხალხის აღარაა. როცა პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, სხდომებს ატარებს, ის თავადაც ამბობს, რომ კონსტიტუცია ყველასია, თუმცა ეს ასე არაა. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ახლა კონსტიტუცია ბიძინასია. ამის თქმის საფუძველს პრეზიდენტზე რამდენიმეწლიანი შეტევა მაძლევს, რომლის სათავეშიც თავად ივანიშვილია, რადგან მარგველაშვილი არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც ადვილად პრივატიზებული იქნებოდა, როგორც მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით იმას, თუ როგორ უკრძალავდა ბატონი ბიძინა მთავრობას პრეზიდენტთან ურთიერთობას, ახლაც ამ რეჟიმში ვართ, უბრალოდ, ფაზა შეიცვალა. ახლა ამაში პარლამენტის სპიკერია ჩართული, ეს ზრდილობიანი ვაჟკაცი უფრო მოტივირებულია, რომ მის დამფასებელს რაც შეიძლება ხშირად ასიამოვნოს. იგი ერჩის პრეზიდენტს, რაც სინამდვილეში მხოლოდ მარგველაშვილის რეიტინგის ზრდას ემსახურება. ეს გახლავთ არა კონსტიტუციური ცვლილებები, არამედ ეს გახლავთ წინასწარ გაწერილი დოკუმენტი, რომელიც ბიძინასია.
- ანუ, ფიქრობთ, რომ მმართველი ძალა და უშუალოდ ყოფილი პრემიერი პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებას პიროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს?
- რასაკვირველია, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება მხოლოდ მარგველაშვილზე შურისძიებაა. შურისძიება იმ პირისგან, რომელიც მთავრობას ფლობს. ხოლო საუბარი იმაზე, რომ ევროპულ ქვეყნებში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, საქართველოსთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუკი ჩვენი კონსტიტუცინალისტები, ანუ ამ მოწოდების ავტორები, გაგვაცნობენ იმ მილიარდელების სიას, რომლებიც ქვეყანას იატაკქვეშიდან მართავენ. სხვათა შორის, გასულ კვირას პარლამენტის თავჯდომარემ პრეზიდენტს რომ ულტიმატუმი წაუყენა, ესეც ამ პროცესზე მიუთითებს. როდესაც ადამიანს ვალდებულება უფრო მეტი გაქვს, ვიდრე უნარი, ანგარიში გაუწიო აზრთაგამრიგეს, ამის შემდეგ თავის თავს კონსტიტუციონალისტს ვეღარ დაარქმევს. ადამიანი, რომელიც კონსტიტუციის ცვლილებებში ნებისმიერი რომელიმე პირის განსხვავებულ აზრს პატივს არ სცემს, მისთვის გაუგებარია, კონსტიტუციის ცოდნა სად გადის.
- მოსმენის კანონზე რა აზრის ხართ, საპარლამენტო უმცირესობა და არასამთავრობო სექტორი მის კორექტირებას და ე.წ გასაღების დამოუკიდებელ ორგნოში მოთავსებას ითხოვს. თქვენ რას გვეტყვით?
- მოსმენის კანონის ცვლილება აუცილებელია, თუმცა ეს შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაშიც საქმე ისევ იგივე საქმესთან გვაქვს. ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე მართულია იმ პირისგან, რომელიც მას ყოვლისშემძლე პირად იყენებს. ამით იმის თქმა მსურს, რომ აქაც იგივე შემთხვევა გვაქვს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ე.წ გასაღები რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელში უნდა იყოს, მაგრამ უპრიანი იქნება, თუ ის პროკურატურას ექნება. (…)
———-
შენიშვნა: ინტერვიუს გაგრძელება, სადაც სოსო ცისკარიშვილი აჭარის მოვლენებზე საუბრობს, იხილეთ ქვემოთ.
„ახალი თაობა“, 17 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ ავთანდილ დემეტრაშვილთან: „პრეზიდენტი პარტიის წევრი არ უნდა იყოს“
კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.
- ბატონო ავთანდილ, ვახტანგ ხმალაძე გამოდის იდეით, რომ პრეზიდენტი აირჩიოს არა პარლამენტმა, არამედ 300 კაციანმა ამომრჩეველთა კოლეგიამ, რომელიც დაკომპლექტდება 150 პარლამენტის წევრით და 150 აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებით. იზიარებთ ამ იდეას?
- ეს იდეა არ არის ახალი. ამ წესით ბევრ ქვეყანაში ირჩევა პრეზიდენტი, მაგრამ, როგორც წესი, ყოველთვის დომინანტურ კომპონენტს პარლამენტი წარმოადგენს. თუმცა, შემოთავაზებული ვარიანტი შერბილებულია, ამდენად ვერ გეტყვით, რამდენად დათანხმდება მას კომისია. რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი ჯობია მხოლოდ პარლამენტის მიერ არჩეულს. თუმცა, თუ 150-150-ზე იქნება, მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა პარლამენტს ექნება.
- როგორ?
- დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში, რომლებმაც უნდა მიიღომ არჩევნებში მონაწილეობა, დომინანტური პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ არის. ამდენად, 150-იანი კომპონენტიდან დიდი უმრავლესობა ისევ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება.
- ბატონო ავთანდილ, თქვენ მხარს პირდაპირი წესით არჩევნებს უჭერთ?
- დიახ. ჩემი პოზიციაა, რომ პრეზიდენტი ხალხმა პირდაპირი არჩევნებით უნდა აირჩიოს.
- ოპოზიცია აცხადებს, რომ არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ჯობია, პირდაპირი წესით ავირჩიოთ პრეზიდენტი. თუ ამომრჩეველთა კოლეგია აირჩევს პრეზიდენტს, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი როგორი იქნება?
- რა თქმა უნდა, უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ხარისხი სხვა არის.
- 2018 წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება?
- პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენადაც ვიცი, კვლავ თავის პოზიციაზე რჩება, რომ 2018 წელს პირდაპირი გზით ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები.
- პრეზიდენტის ასაკობრივი ცენზის 45 წლამდე გაზრდაზეა საუბარი, ეთანხმებით?
- არა, არ ვეთანხმები. მსოფლიოში პრეზიდენტების გაახალგაზრდავება მიმდინარეობს და ჩვენ უკან უნდა წავიდეთ?! მაგალითად, იტალიის პრეზიდენტი 50 წლის უნდა ყოფილიყო, მერე 45 გახადეს, ბოლო ცვლილებით 40 წლამდე შეამცირეს მისი ასაკი. 35 წელი, რომელიც ბევრი ქვეყნის კონსტიტუციით არის დადგენილი, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის და სხვ. ქვეყნის პრეზიდენტის ასაკად, სულაც არ არის შემთხვევითი. 35 საკრალური ციფრია, ძველი რომიდან მოდის.
- თუმცა, რიგითი მოქალაქეებისგან მოისმენთ, რომ პრეზიდენტისთვის ასაკიც შესაფერისი უნდა იყოს, მას ასაკობრივი გამოცდილებაც უნდა ჰქონდეს...
- 35 წელი არ არის ამისთვის საკმარისი?! მეორე არგუმენტიც არის აქ – პრეზიდენტი აქტიური უნდა იყოს. 35 წელი არის ის ასაკი, როდესაც ადამიანს განათლების ყველა საფეხური გავლილი აქვს, შესაბამისი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გააჩნია. სხვა ბევრი არგუმენტის მოყვანაც შეიძლება.
- პრეზიდენტი უპარტიო უნდა იყოს?
- ეს არ არის რიგითი საკითხი. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია ცნობილია: საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის კანდიდატი პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს. ან არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უნდა დატოვოს პარტია. მით უფრო, რომ პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ის აღარ უნდა იყოს პარტიის წევრი. მაშინ მხოლოდ იმაზე შევჯერდით, რომ პარტიაში თანამდებობა არ უნდა ეკავოს და ასეც ჩაიწერა.
- პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა იყოს?
- დიახ, პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს.
- არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ თუ ისე განვითარდება მოვლენები კომისიაში, რომ ყველა ცვლილება სახელისუფლო გუნდიდან წამოვა და არც ერთი მათი შეთავაზება არ იქნება გაზიარებული, მაშინ ისინი კომისიას დატოვებენ. პარლამენტზე რა დოკუმენტი შეიძლება გავიდეს, კონსენსუსის შედეგად შემუშავებული თუ უმრავლესობის წევრების სურვილზე მორგებული?
- ის, რაზეც ხდება მსჯელობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, არის ვახტანგ ხმალაძის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეთა კონცეფცია. 2009-2010 წელს ირაკლი კობახიძემ ბერლინში წარმოადგინა თავისი მოსაზრებები, სწორედ იმ მოსაზრებათა თითქმის 90% იხილება დღეს კომისიაში.
- როგორი იყო ეს მოსაზრებები?
- ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის იდეა, ის ყოველთვის იყო მმართველობის ამ მოდელის მომხრე. მისი კონცეფციის საფუძვლები პარლამენტარიზმია. თუმცა, მსოფლიომ პარლამენტარიზმზე უკვე უარი თქვა. პარლამენტარიზმიდან ქვეყნები მინისტერიალიზმზე გადადიან. ცენტრალური ორგანო დიდი ხანია, მთავრობა გახდა, რეალურად ის განსაზღვრავს პოლიტიკას და ახორციელებს კიდეც.
- რატომ, პარლამენტარიზმმა, საპარლამენტო მოდელმა არ გაამართლა?
- მთელ მსოფლიოში უფრო აქტიური მმართველობის მოთხოვნა იზრდება. დღეს ლიბერალიზმი კრიზისშია. ტექნოლოგიების განვითარებამ, ინფორმაციულმა რევოლუციამ თავისი კორექტივები მმართველობის სისტემაშიც შემოიტანა.
- საპარლამენტო მოდელის საწინააღმდეგო არგუმენტად რას დასახელებდით?
- რატომ არ ვარ პარლამენტარიზმის მომხრე? ხელისუფლება სამი განშტოებისგან შედგება. სამივე განშტოება დამოუკიდებელია, მაგრამ მათ შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს შეკავება-გაწონასწორების მექანიზმი. პარლამენტარიზმი ამას უარყოფს. ირაკლი კობახიძეს დიდ პატივს ვცემ, ერთად ვმუშაობდით, სამი სახელმძღვანელო გვაქვს დაწერილი, მაგრამ არ ვეთანხმები ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მე არ მგონია, რომ საქართველოს სინამდვილეს პარლამენტარიზმი მოერგოს. ჩვენთან პარტიული სისტემა, როგორც ასეთი, არ არსებობს, რაზეც დგას პარლამენტარიზმი, სხვა ბევრი არგუმენტის მოყვანაც შეიძლება.
„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „გიორგი მარგველაშვილმა თავი ისე დაიკნინა, რომ ირაკლი კობახიძე ვეღარაფერს დააკლებს“ // „სულ მქონდა ეჭვი, რომ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან კავშირებს საბოლოოდ არ წყვეტს»
საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ „ახალ თაობის კითხვებს ექსპერტი მამუკა გამყრელიძე პასუხობს.
- ბატონო მამუკა, არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიასა და მის თავმჯდომარეს საგანგებო განცხადებით მიმართავენ. მათთვის მიუღებელია ის ცვლილებები, რომელთა განხორციელებასაც უმრავლესობა აპირებს. რა სურვილები აქვს ხელისუფლებას?
- კონსტიტუციის გადაკერვა-გადმოკერვას უკვე წლებია ვხედავთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ყველა ხელისუფლება ცდილობს, ეს კონსტიტუცია თავის გემოვნებაზე მოირგოს. ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ კონსტიტუცია არ არის შარვალი, რომ გადააკეთო და შენს ტანზე მოირგო! დღესაც იმავე მცდელობას აქვს ადგილი. მთავარი ცვლილება კონსტიტუციაში, წესით, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს.
- საარჩევნო კანონმდებლობაშიც ხომ იგეგმება ცვლილებები? ითქვა, რომ უქმდება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პროპორციულ წესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია...
- თუ მაჟორიტარული არჩევნები არ იქნება, ქვეყანას ეს მხოლოდ წაადგება. აუქმებენ ბლოკებს. არც ეს მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყოს, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბლოკების შექმნა პოლიტიკურმა პარტიებმა ფულის შოვნის მახედ გაიხადეს. ეს თუ გაუქმდება, მე მოვისმინე სხვადასხვა ვარიანტი, სხვანაირად როგორ მოახერხებენ ამ ფულის შოვნას.
- როგორ?
- ეს მამაძაღლობა და იმის მცდელობა, რომ პარტიებმა ბიუჯეტს ფული დასტყუონ, ასე მარტივად არ გაქრება და მაინც აქტუალური იქნება.
- რას ფიქრობთ ამ ახალ ვერსიაზე, რომ თუკი არჩევნებში მონაწილე პარტია ბარიერს ვერ გადალახავს, მისი მანდატები მხოლოდ უმრავლესობას დარჩება. ეს რა პრინციპია?
- ეს ძალიან არასწორი, კატეგორიულად მიუღებელია! ალბათ, ყველაზე მართებული იქნება, რომ იყოს პროპორციული, არ იყოს არანაირი გადანაწილება, ყველამ მიიღოს იმდენი, რამდენიც დაიმსახურა. ასევე კარგია, თუ ასეთი მაღალი ბარიერი არ იქნება. ცოტათი მაინც უნდა დაიწიოს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, მით უმეტეს, თუ საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდა, მაშინ უფრო დაბალი ბარიერი გვჭირდება, რომ პარლამენტში ბევრი პარტია იყოს წარმოდგენილი. ამ ხელისუფლების პირობებში კარგსა და დადებითს არაფერს ველოდები.
- შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი დარტყმები საარჩევნო კოდექსსა და პრეზიდენტის ინსტიტუტზე ხორციელდება?
- სხვა რაზე უნდა იყოს?! მოსმენების კანონია და იმდენად აბსურდულია ეს კანონი, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს. დიდი იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისია, უბრალოდ, ამ კანონს არ დაუშვებს და უკიდურესად უარყოფით დასკვნას მისცემს. აბსურდულია, სუს-მა სუს-ში შექმნა ახალი სუსი! ეს სრული სიგიჟეა.
- ვის ხელში უნდა ყოფილიყო გასაღები?
- ეს რომ იყოს საპარლამენტო დაქვემდებარების ან საპრეზიდენტო, მისაღები იქნებოდა, ან ექვემდებარებოდეს უშიშროების კომიტეტს, თუნდაც ნდობის ჯგუფს, რომელიც პარლამენტშივე შეიქმნებოდა.
- ანუ პარლამენტის ჩართულობის მომხრე ხართ?
- ნდობა და კონტროლი რომ იყოს, ასე უნდა გაეკეთებინათ. აქ კი რა მივიღეთ? სუს-მა თავის წიაღში ახალი სუსი შექმნა!
- არის მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, თუმცა, გაკეთდა განცხადებები უმრავლესობის მხრიდან, რომ ეს ბარიერი ვერ იქნება.
- გაშმაგებული შეტევა ხორციელდება პრეზიდენტზე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მხრიდან. ამ კონკრეტულ პიროვნებას, მარგველაშვილს რომ უქნევ თითს, თითქოს პატარა ბავშვი იყოს, პარალელურად, შენ თითს უქნევ პრეზიდენტის ინსტიტუტს, რაც სრულიად მიუღებელია!
- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები გაქვთ მხედველობაში?
- სამარცხვინოა ასეთი ინფანტილური ტექსტების მოსმენა პარლამენტის თავმჯდომარისგან. ის საკმაოდ ზრდასრულია და, არ იქნებოდა ურიგო, ცოტა ჭკუა დააყოლოს საკუთარ გამონათქვამებს. მისი უდიერი მიმართვები პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და არა – მარგველაშვილს, რომელმაც ისე დაიკნინა თავი, რომ კობახიძე ვეღარაფერს დააკლებს, მეტად ვეღარ დააკნინებს. მარგველაშვილის რეიტინგი ნულს ქვემოთ ჩამოვიდა! თავის მხრივ, მარგველაშვილს დაწყებული აქვს ახალი კამპანია.
- არჩევნებისთვის ემზადება? ითქვა, რომ ახალი პოლიტიკური თამაში წამოიწყო. ასეა?
- რა თქმა უნდა, მან საარჩევნო კამპანია დაიწყო, გარს შემოიკრიბა ნაკლებად მნიშვნელოვანი პარტიები და შეუდგა ამ პროცესს. თუმცა, აქვე გეტყვით, როდესაც ადამიანს პოლიტიკური ინსტინქტები არ გააჩნია, ის უკვე განწირულია მარცხისთვის. როგორც ხისგან არ გამოვა რკინის მაშა, ისე მარგველაშვილისგან არ გამოვა პოლიტიკოსი!
- რატომ არ გამოვა?
- არ გამოვა. ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ხომ ნახეთ, რა გააკეთა ორიოდე დღის წინ?! 170 კაცი დაპატიჟა დიდი ამბით, გამოვიდა მოხსენებით და მერე უთხრა, აბა, მეგობრებო, სახლებში წაბრძანდით, მე ეს საკითხები დიპკორპუსთან უნდა განვიხილოო. ეს დამოკიდებულება მარგველაშვილს წინ დახვდება. პოლიტიკური ინსტინქტი საერთოდ არ გააჩნია. არანაირი გათვლა და წინმჭვრეტელობა, რაც პოლიტიკას ასე სჭირდება, მარგველაშვილს არ აქვს! ამდენ ხალხს ეპატიჟები საზეიმო ვითარებაში და სიტყვასაც არ აძლევ, ისე უშვებ უკან. თუ მათი ჩართულობა, აზრის გაგონება გინდა, ეს ხომ უნდა გამოხატო?! ახლა რაღაც კარდაკარი მოიგონა, ივლის ასე აღმა-დაღმა, ბიუჯეტი რაც აქვს, იმას დახარჯვა ხომ უნდა!
- ანუ მისი მცდელობები წარუმატებელია?
- დიახ, წარუმატებელია. სულ მქონდა ეჭვი, რომ ბატონი მარგველაშვილი ბატონ ივანიშვილთან კავშირებს საბოლოოდ არ წყვეტს.
- რის თქმა გინდათ, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება სიცრუეა, სინამდვილეში არ არსებობს?
- რატომღაც სულ ასე მეგონა. თუ შეიქმნება რესპუბლიკელების, ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ერთგვარი ნეოლიბერალური გაერთიანება და მას სათავეში ჩაუდგება ჩვენი ე.წ. პრეზიდენტი, მაშინ ვიტყვი, რომ ეს გაერთიანება ძალიან აწყობს ივანიშვილს.
- ანუ თავად ბიძინა ივანიშვილი შექმნის?
- ასე პირდაპირ არ ვიტყოდი, თუმცა ეს გაერთიანება მას ძალიან აწყობს.
- რა თვალსაზრისით?
- იმ თვალსაზრისით, რომ ეს გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანი ლეღვის ფოთოლი იქნება დასავლეთის თვალში. ის ლეღვის ფოთოლი, რომელიც ალასანიასა და უსუფაშვილის სახით ჰყავდა, გაქრა, აღარ არსებობს და, თუ ასეთი გაერთიანება შეიქმნება და შემდეგ ის პარლამენტშიც მოხვდება დაახლოებით 8-10%-ით, ეს იქნება დემოკრატიის მნიშვნელოვანი სახე.
- ანუ ნაციონალების ჩანაცვლება უნდა მოხდეს?
- რა თქმა უნდა! „ნაციონალები“ არის ის ძვალი, რომელიც ყელში აქვს გაჩხერილი ბიძინა ივანიშვილს. სამზადისი უკვე დაწყებულია. შესაძლოა, ეს ყველაფერი ადგილობრივი არჩევნებისთვის ვერ მოესწროს, თუმცა ეს სვლები ძალიან მალე გამოჩნდება.
„ახალი თაობა“, 16 მარტი, 2017 წელი
კახა კალაძე ხელისუფლებას აშანტაჟებს?
„თვითმმართველობის არჩევნებმა, შესაძლოა, „ოცნება“ დაშალოს“
მთავრობაში საკადრო ცვლილებებს ერი დიდი ხანია ელის. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში სერიოზული დაპირისპირებაა, რაც, ერთი მხრივ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება, მეორე მხრივ კი - პრემიერის შესაძლო ცვლილებას. მედიასა და სახელისუფლებო კულუარებში უკვე დასახელდა რამდენიმე გვარი, რომლებმაც, შესაძლოა, კვირიკაშვილი შეცვალოს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრეტენზია კახა კალაძესაც გაუჩნდა. ამის გარდა, მთავარი ენერგეტიკოსი საარჩევნო სიაში საკუთარ კვოტას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს ცოტნე გამსახურდია.
„კულუარული ხმები როგორც უბნობენ, კალაძეს, როგორც მინიმუმი – ადგილობრივ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურების გაყვანის კვოტები და საკუთარი პოზიციების გაძლიერება პირველ ვიცეპრემიერად დანიშვნით უნდაო, ხოლო მაქსიმუმი – პრემიერის პოსტსაც უმიზნებსო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციაში გადასვლით იმუქრებაო“, – წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კალაძე ოპოზიციაში გადასვლით იმუქრება. ასეთი რამე საპარლამენტო არჩევნების წინაც მოხდა. „ახალი თაობა“ მაშინ წერდა, რომ კალაძე ერთ-ერთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეს შეხვდა და მას პარტიის გაკეთება შესთავაზა. ეს გეგმა მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ პარტიამ კახა კალაძის ამბიციები დააკმაყოფილა.
კახა კალაძის სამომავლო გეგმებზე კულუარულ ინფორმაციებს ფლობს პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი. „ახალ თაობასთან“ საუბარში ის ამბობს, რომ კახა კალაძეს დაწინაურება უნდა, მაგრამ ოპოზიციაში არავითარ შემთხვევაში არ წავა.
ლადო სადღობელაშვილი:
- კახა კალაძეს რომ პრეტენზიები აქვს, ეს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვიცი. რაც შეეხება მის ოპოზიციაში გადასვლას, ეს გამორიცხულია. გარდა იმისა, რომ მას ოპოზიციონერობის თავი არა აქვს, ამის გაკეთების უფლებას მის უკან მდგომი ხალხი არ მისცემს.
- ვის გულისხმობთ მის უკან მდგომ ხალხში?
- იმ ხალხს, ვინც მის უკან დგას. საუბარია როგორც ჟვანიას გუნდის წევრებზე, ასევე ბიზნესმენ იაკობაშვილის ხალხზე. დღეს კალაძე, ფაქტობრივად, იაკობაშვილის ფულებს პატრონობს. მას სხვებთანაც აქვს ვალდებულებები, ამ ვალდებულებების ტყვეობაშია და ოპოზიციაში ვერ წავა.
- მის საპრემიერო ამბიციებზე რას იტყვით?
- მისი გაპრემიერება უფრო რეალურია, ვიდრე ოპოზიციაში გადასვლა. თუ ის მიზნის მისაღწევად ულტიმატუმის ენაზე საუბრობს, არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლიან, გიჩნდება პროტესტის გრძნობა და ცდილობ, შენი ძალით გაიტანო.
- კახა კალაძეს საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია და რაში სჭირდება ეს ულტიმატუმი?
0 მაღალი თანამდებობა კი უკავია, მაგრამ უფრო მაღალი ეკავა. ღარიბაშვილის დროს მას პირველი ვიცეპრემიერის პოსტი ეკავა. კვირიკაშვილმა ამ თანამდებობაზე ქუმსიშვილი დანიშნა. ამან კალაძე ძალიან გააბრაზა და მისი მესმის. კაცი პარტიის გენერალური მდივანია და ჩვეულებრივი ვიცეპრემიერია მხოლოდ. კახა კალაძე შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაშოშმინდეს, თუ მას პრეზიდენტის ან თბილისის მერის პოსტზე წარადგენს „ოცნება“.
- ამბობდნენ, რომ მისი კანდიდატურა დედაქალაქის მერის პოსტზე იქნებოდა წარდგენილი...
- ამაზე იყო საუბარი, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მამუკა ხაზარაძეზე შეჩერდა. არ არის გამორიცხული, ეს გადაწყვეტილებაც შეიცვალოს. კალაძე მერობის კანდიდატი რომც გახდეს, ის სიებში საკუთარი ხალხის ჩასმას მაინც მოითხოვს. სხვა თუ არაფერი, კაცი პარტიის გენერალური მდივანია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კახა კალაძე ითხოვს, რომ სიებში 25% მისი ხალხი იყოს. ანალოგიური პრეტენზია აქვს მაჟორიტარებზეც.
- წავა ხელისუფლება ამ დათმობაზე?
- გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა მთავარი ბრძოლა პრემიერის პოსტისთვის მიმდინარეობს. ამ პოსტის დაკავების პრეტენზია რამდენიმე კაცს აქვს. მათ შორის იქნება კალაძეც, თუმცა მისი გაპრემიერების შანსი არ არსებობს. შესაძლოა, აღარც კვოტა დაუკმაყოფილონ. ისიც საკმარისია, პარლამენტი თავისი ფეხბურთელი ძმაკაცებით რომ გაავსო. ახლა „ოცნებაში“ სხვა ვითარებაა.
- სხვა ვითარებაში რას გულისხმობთ?
- გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა. ამის ნათელი გამოვლინება იყო ბათუმის მოვლენები. მერაბ ღოღობერიძე, რომელიც ხალხს აბუნტებდა, ირაკლი ჭეიშვილს ექვემდებარება, ირაკლი ჭეიშვილი კი კახა კალაძის კადრად ითვლება. ალბათ, ამიტომაც არ წაიყოლა კვირიკაშვილმა კახა კალაძე ბათუმში. ვფიქრობ, კარგად მოიქცა.
- კარგად რატომ მოიქცა?
- იმიტომ, რომ კახა კალაძეს ის სულელური განცხადება, შესაძლოა, იმ მომენტში გაეკეთებინა, რითიც კიდევ უფრო დაძაბავდა ვითარებას. ძალიან მიკვირს ივანიშვილის, რატომ დასვა ეს ბიჭი მინისტრად. კაცმა ის არ იცის, რა არის ეთნოსი.
- მის განცხადებას ეთნიკურ კონფლიქტზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად ამბობს რომ შეცდომა არ დაუშვია და ოპონენტებს დაგუგვლისკენ მოუწოდა...
- რა გუგლი და რა ვიკიპედია, წიგნი აიღოს და რაღაც წაიკითხოს. გუგლის იმედზე რომ არის, ამიტომაც გვესმის მისგან მარგალიტები. ის მხოლოდ იმიტომ გახდა მინისტრი, რომ ბერას მოანათვლინა შვილი. ის პრემიერი ვერ გახდება, მაგრამ ვერც კვირიკაშვილი დარჩება ამ პოსტზე. არ შეიძლება, ქვეყნის მთავრობის მეთაური ასეთი ტიპი იყოს. წინ კიდევ ბევრი სკანდალი გველის. თვითმმართველობის არჩევნებმა, შესაძლოა, `ოცნება~ დაშალოს.
—————-
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
ინტერვიუ სოსო ცისკარიშვილთან: აჭარის მოვლენების მიზეზები
(…)
- აჭარაში განვითარებულ მოვლენებზეც გვითხარით თქვენი აზრი. მმართველ ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ პროცესის გამწვავებასა და უფრო მეტიც, აქციის ორგანიზებაში “ნაციონალურ მოძრაობას” პირდაპირ ადანაშაულებს და ამბობს, რომ აქცია ამ ძალის მიერ იყო პროვოცირებული. თქვენ რას ფიქრობთ?
- აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა, ისევე როგორც სხვა რეგიონისა, ნაკლებად კმაყოფილია იმ რეალობით, რაშიც ცხოვრება გვიწევს. აქციამდე რამდენიმე დღით ადრე ბათუმში თავად გახლდით, სადაც მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაცია მქონდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი აღსაქმელი იყო ის რეალობა, რომელიც საკმაოდ მძაფრი დამოკიდებულებით გამოიხატებოდა. მაგალითად, ტაქსის მძღოლების, მებადურების, მაღაზიაში მომუშავე უბრალო მოქალაქეებისა და სხვების მხრიდან. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ შესაძლოა მათ აქცია გაემართათ, რადგან ისინი ყველაზე მეტად უმუშევრობასა და უპერსპექტივობას უჩიოდნენ. ეს ღონისძიება სავსებით მოსალოდნელი იყო, უბრალოდ, პროცესი გადაიზარდა მძიმე მოვლენებში.
- ფიქრობთ, რომ ეს სოციალური პროტესტი იყო?
- სოციალური პროტესტი იყო მანამდე, სანამ დაიწყებოდა ის, რასაც აქცია ნამდვილად არ ერქვა. ვფიქრობ, ამ პროცესში გარკვეული ძალები შემდეგ ჩაერთო. პროტესტანტების პირველი ნაწილი არც იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა სცენარი იყო ჩაფიქრებული, ისინი გულწრფელად და სრული რწმენით ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის საკუთარი არსებობა შეეხსენებინათ. ის, რაც შემდეგ მოხდა, რასაკვირველია, სრულიად მიუღებელია, ამას ბათუმის მოსახლეობა ყველაზე უფრო მტკივნეულად განიცდის. ვერ დავიჯერებ, რომ აქცია, რომელიც ვანდალიზში გადაიზარდა, იქაური ძალის მიერ იყო დაგეგმილი, ეს იყო გარკვეული იმპორტი. ამასთან, ჩვენი ხელისუფლებისთვის კმაყოფილების მომგვრელი, რადგან ეს ყველაფერი “ნაციონალურ მოძრაობას” დაბრალდა.
- თქვენ გამორიცხავთ ამ აქციაში მათ კვალს? ამბობთ, რომ ეს იმპორტი იყო…
- შეიძლება ასეთი ვარაუდის საფუძველი ნამდვილად იყოს, მაგრამ მმართველი ძალის მაღალი თანამდებობების პირების მხრიდან განუწყვეტლივ საუბარი იმაზე, რომ ეს “ნაციონალებმა” გააკეთეს, მათ ნაკლებ თავდაჯერებაზე მეტყველებს. როდესაც ვანდალიზმის მომზადების რამდენიმე ვერსია არსებობს, ხოლო აქედან ჩვენი ხელისუფლება მხოლოდ “ნაცმოძრაობას” ასახელებს, ეს მხოლოდ თავის მართლებას ჰგავს. თუკი არც ერთი ვიდეოკამერა არ აფიქსირებს იმას, რომ ვიღაცამ იქ “მოლოტოვის” კოქტეილები და ტომრებით ქვები მიზიდა, გვაქვს საკმარისი უფლება ვივარაუდოთ, რომ ამ ქმედებაში მონაწილეობა შესაძლოა რუსულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს. ასეთი ვარაუდის არაერთი საფუძველი არსებობს, ხოლო როცა საუბარი ვარაუდითაა, ბრალდების ფორმით საუბარი დაუშვებელია. პროკურატურას ჯერ არ გამოუძიებია, რეალურად რა მოხდა იქ. არავითარი ორგანიზაციის სახელი და სხვა დანარჩენი არ იძლევა ფაქტებს, თუკი კონკრეტული პირები არ გამოვლინდებიან.
“ქართულმა ოცნებამ” თავისი არსებობა გაიმყარა და თქვა – დიახ, ეს ყველაფერი “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა. რასაკვირველია, შესაძლოა, “ნაცმოძრაობის” რადიკალურ ფრთაში ეს სურვილი ყოფილიყო კიდეც, მაგრამ უხერხულია, როცა მაღალი თანამდებობის პირები გამოძიების შედეგების გარეშე, ბრალდებულებს თავად ასახელებენ. მრჩება განცდა იმისა, რომ თუკი ვინმე ამ დავიდარაბით კმაყოფილი დარჩა, ეს ისევ “ქართული ოცნების” ხელმძღავანელობაა.
- თავად მმართველი ძალის რეაგირებაზე, სამართალდამცველების ქმედებაზე რას გვეტყვით, რამდენად ლოგიკური და თანმიმდევრული იყო მათი ქმედება?
- ფაქტია, რომ დილის 6 საათამდე სამართალდამცველების მხრიდან რამე აქტიური ქმედება არ განხორციელებულა. ზოგი ჭირი მარგებელიაო ნათქვამია, ჩვენმა პოლიციამ ამ აქციით გარკვეული გამოცდილება შეიძინა, რომელიც მას საბედნიეროდ არ ჰქონდა, რადგან ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა, ამდენი ცეცხლი საქართველოს არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენმა სამართალდამცველემა მართლაც კარგი გამოცდილება მიიღეს და სწორადაც იმოქმედეს, რადგან შეცდომების დაშვება კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მოგვცემდა.
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
„ბათუმში დაუგეგმავად მოხდა დაპირისპირება“
11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებები გრძელდება
თიკო ოსმანოვა
ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სამართალდამცავებმა რამდენიმე დღის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 6 პირი დააკავეს. ოღონდ ამჯერად საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” საფუძველზეა აღძრული. საქართველოს ხელისუფლება ამ მოვლენებში “ნაციონალურ მოძრაობას” ღიად ადანაშაულებს – უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციას ბოდიშის მოხდას ურჩევს.
მღებრიშვილის უწყების ინფორმაციით, 6 პირის დაკავება განხორციელდა ორი მუხლით. ესენია “სისხლის სამართლის კოდექსის” 225-ე მუხლი, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს და 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.
“გამოძიება გრძელდება. ვაგრძელებთ პირების იდენტიფიცირებას და მტკიცებულებების შეგროვებას”, – განაცხადეს შსს-ში.
დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ციალა ქათამიძემ უკვე მოინახულა.
ცნობისთვის, ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დრომდე რამდენიმე ათეული პირის დაკავება მოხდა, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ჯარიმის საფუძველზე გათავისუფლდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.
გამოძიების პარალელურად ხელისუფლება ამ მოვლენებში “ნაციონალურ მოძრაობას” ღიად ადანშაულებს. უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციას ბოდიშის მოხდა ურჩევს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ბოდიში მოიხადოს.
“პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მე მგონი, ცალსახად უნდა აიღოს იმ პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც წახალისებას აკეთებდა, ართულებდა მდგომარეობას ბათუმში და ასხამდა ნავთს ცეცხლზე. მე მგონი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი სერიოზული პოლიტიკური ძალის უნარი უნდა იყოს. თუ შეუძლიათ რომ წაახალისონ ვანდალიზმი, პატრულის მანქანების დაწვა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა, ისიც უნდა შეეძლოთ, რომ მერე ბოდიში მოიხადონ”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ჩუგოშვილის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ აქვს და ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა ისაუბრონ.
ზღვისპირა ქალაქში განვითარებულ მოვლენებში ოპოზიციის კვალს ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძეც.
„ბათუმის მოვლენების ანალოგიურ შემთხვევებზე ხშირად იყო ლაპარაკი “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირზე. გარკვეული ჩანაწერებიც მოგვისმენია, მაგალითად ის, რომ „რუსთავი-2“-თან უნდა გაიმართოს მიტინგები და რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ხალხი უნდა შეიკრიბოს, მოხდეს დაპირისპირება ისე, რომ ამას თუ მოჰყვება მსხვერპლი, კარგი იქნებაო. ასეთი ფარული ჩანაწერები გვახსოვს. იმდენად შემაშფოთებელი იყო ჩანაწერები, რომ საქმეც აღიძრა, თუმცა მერე აღარსად აღარ წავიდა ეს საქმე.
შესაბამისად, ამ მოვლენების სულისკვეთება იკითხება იმაში, რაც მოხდა ბათუმში, ამიტომ მინიმუმ ადვილი დასაჯერებელია, რომ ამ პროცესებს კავშირი ჰქონდეს “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ჩემი აზრით, ბათუმი არ არის დაგეგმილი მოვლენა. საზოგადოების გაღიზიანების მცდელობა იყო „რუსთავი-2“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საზოგადოების ტალღა არ აჰყვა იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო პროცესისთვის. ბათუმში დაუგეგმავად მოხდა დაპირისპირება, რომელიც მერე პარტიამ სცადა, რომ გამოეყენებინა სათავისოდ, გაემძაფრებინა სიტუაცია და როგორც იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა. ამიტომ ბათუმი არა მგონია, რომ იმ თავითვე გეგმაში ჰქონოდათ”, – გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
მთავრობამ დაზღვევა მდიდარს წაართვა და ღარიბს დაუტოვა
აპრილში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უფრო მეტი ცვლილება შევა
მარი ჩიტაია
სხვადასხვა შემოსავლის მქონე მოქალაქე სხვადასხვაგვარ ჯანდაცვის მომსახურებას მიიღებს. საყოველთაო ჯანდაცვის ცვლილებები გუშინ გახდა ცნობილი. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები რამდენიმე ჯგუფად დაიყოფა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალური (და არა ოჯახის) შემოსავლის მიხედვით. ცვლილებებზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძალაში მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ შევა.
“საყოველთაო ჯანდაცვა 2013 წელს დაიწყო. თავისი შინაარსიით ის მოიცავდა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს, რომელიც არანაირი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუნდაც სადაზღვეო ბაზარზეც. მონაცემთა 2013 წლის ბაზები საჭიროებდა განახლებას. ამ პროცესმა ბევრი რამ დაგვანახა. ერთი მხრივ, ანალიზმა საფუძველი მოგვცა, რომ მიგვეღო ახალი გადაწყვეტილებები, უფრო ხარჯეფექტური, ხარისხიანი და საჭიროებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სერვისის მისაწოდებლად. მეორე მხრივ, ამ პერიოდის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის დაწყებიდან გამოიკვეთა მიღწევებიც და გამოწვევებიც, რომელიც უფრო თვალსაჩინო გახდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
აღსანიშნავია, რომ “მიზნობრივი ჯგუფებს” შეუნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად. სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერების იმ ნაწილს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვთ, გაუჩნდებათ ამბულატორიული მედიკამენტების დაფინანსების კომპონენტი.
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია (32 000 ადამიანი) ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო მომსახურებას, თუმცა ისარგებლებენ ჯანდაცვის სხვა პროგრამებით, მაგალითად, “ცე” ჰეპატიტის პროგრამა, მშობიარობის დაფინანსება და ა.შ.
ცვლდილება შეეხება იმ მოქალაქეებსაც, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემეტება 40 000 ლარს (300 000 ადამიანი). ამ კატეგორიას რომ ურგენტული სტაციონარი 100%-ის ნაცვლად, დაუფინანსდება 90%-ით; გეგმიური სტაციონარი – თუკი ხარჯები 1000 ლარს აღემატება – დაუფინანსდებათ 70%-ით. გეგმიური სტაციონარის ხარჯი – თუკი ხარჯები 1000 ლარზე მეტი ექნებათ – ისინი არ დაფინანსდება. მათ არ მიენიჭებათ პრივილეგია, ისარგებლონ კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტით.
ეს მხოლოდ ერთი ნაწილია იმ ცვლილებების, რომელთა განხორციელებაც ახლო მომავალში იგეგმება.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას საყოველთაო დაზღვევაში შეტანილი ცვლილების მიმართ. ის შიშობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მიდგომა, უარყოფით შედეგი გამოიღებს.
“ვიდრე კიდევ რამეს შეცვლიდნენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება ადამიანი ღარიბი არ არის, მაგრამ სამედიცინო ხარჯების წინაშე საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი ყოველთვის უძლურია. ფაქტია, რომ ამ სფეროში მიმდინარე ცვლილებები უარყოფითად შეეხო 100 000 ადამიანს – ისინი დაზღვევის გარეშე დარჩნენ. ხვალ მათ გულის ოპერაცია ან ონკოლოგიური მკურნალობა რომ დასჭირდეს, დაფინანსება არ ექნებათ. იმედია, აპრილში ისეთ ცვლილებებს გაატარებენ, რომ დამატებით უარყოფით შედეგებს აღარ მივიღებთ”, – აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
„რეზონანსი“, 17 მარტი, 2017 წელი
საწარმოები იხურება, მიზეზი ლარის კურსი და გადასახადებია
„მოსახლეობაც ნაკლებად მსყიდველუნარიანია, ნაკლებს მოიხმარს, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერ წარმოებაზე“
ნათია ლომიძე
ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე საწარმო დაიხურა, ისინი კონკურენციას ვერ უძლებენ. მათი ხელმძღვანელები მეწარმრეობის შეჩერების მიზეზებზე საუბრობენ. ზოგიერთი იმედოვნებს, რომ პრობლემა დროებითია და სამომავლოდ ისევ დაუბრუნდება ბაზარს. სპეციალისტთა განმარტებით, საწარმოთა დახურვის მთავარი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არაჯანსაღი გარემოა.
რთული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოება შეაჩერა “ჩარგალის წყაროებმა”. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ლომიძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ბოლო პერიოდში კომპანიას გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ აღმოიფხვრა და კომპანია დახურვამდე მიიყვანა.
“აგარის შაქარი” კი გაურკვეველი ვადით გაჩერდა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ალხან ალიზადე აცხადებს, კომპანიის მენეჯმენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა და “აგარის შაქრის” პრობლემაც ვერ გადაიჭრა. მსოფლიო ბირჟებზე დღეს ერთი ტონა შაქარი 513 დოლარი ღირს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 74 დოლარით მეტია. 2016 წლის მარტში ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა შაქარი 439 დოლარი ღირდა.
დახურულ საწარმოთა რიცხვს შეუერთდა შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქედის ხილის გადამამუშავებელმა საწარმო “ნენა”, რომელმაც მუშაობა გახსნიდან მეორე წელს შეაჩერა.
ეკონომისტების განმარტებით საწარმოთა დახურვის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, მერყევი ლარის კურსი, ძვირადღირებული ნედლეული და საგადასახადო პრობლემებია. ლევან ალაფიშვილის თქმით, ამ პრობლემას ემატება მთავრობის პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ.
“აღნიშნული საკითხი კომპლექსურია. ქვეყანაში არსებული საწარმოების დახურვის მიზეზი, შეიძლება იყოს როგორც გაუფასურებული ლარი, ძვირადღირებული ნედლეული და საგადასახადო ხარჯები, ასევე მთავრობის პოლიტიკა, უფრო სწორად პოლიტიკის არ არსებობა. “საქსტატის” მონაცემებით, წინა წლის ბოლო კვარტალში მცირე საწარმოებში, დაახლოებით, 32 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, 2015 წლის წლიურ შედეგთან შედარებით. ეს თავისთავად ნიშნავს არათანმიმდევრულობას მთავრობის პოლიტიკაში.
საჭიროა მცირე და საშუალო საწარმოების არა მხოლოდ ხელშეწყობა, არამედ გაზრდა, მათი გამრავლება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუმცა ხდება პირიქით. წინა წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოგების გადასახადის რეფორმირების შესახებ. მთელი წელი ჰქონდა ყველაფრის კარგად დასაგეგმად, თუმცა ამის სანაცვლოდ წლის ბოლოს მივიღეთ აქციზის გადასახადის მკვეთრი გაძვირება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მთავრობა ძალიან არათანმიმდევრულია და როდესაც პრობლემა ჩნდება, მხოლოდ მაშინ ცდილობს რეაგირებას, ძირეულად კი არაფერს ცვლის”, – განუცხადა “რეზონანსს” ალაფიშვილმა.
მან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებს – რამდენად არის სხვადასხვა სოციალური ფენა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ მსყიდველუნარიანი.
“თუკი წარმოება ძვირდება, ბუნებრივია, ეს აისახება საქონლის ღირებულებაზე, შემდეგ კი რეალიზაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რამდენად არსებობს ბაზარზე იმ პროდუქტის შემძენი მომხმარებელი? მსყიდველუუნარო მოსახლეობა, თავისთავად პრობლემას უქმნის ბიზნესსაც და ეკონომიკასაც. იმისათვის, რომ საწარმოო ციკლი არ შეჩერდეს ხელისუფლებამ არ უნდა მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გრძელვადიან გეგმებზე უარყოფითად აისახება.
როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციის მოზიდვის შესახებ, ეს არ არის ერთწლიანი პროექტი. ის გაწერილია 3, 5 და მეტ წლებზე. ამ დრომ მთავრობა მოულოდნელად მიიღებს გადაწყვეტილებას აქციზის მკვეთრი გაზრდის ან სხვა ხელოვნური ბარიერის ამოქმედების შესახებ, ბუნებრივია, ეს ბიზნესი დადგება სეროზული პრობლემის წინაშე. ასეთ დონეზე უნდა შეეწყოს ხელი სახელმწიფოს მხრიდან წარმოებას, რომ სამომავლოდ არ მივიღოთ უფრო მეტი დახურილი საწარმო”, – აღნიშნა ალაფიშვილმა.
ეკონომისტი გიორგი პაპავა “რეზონანსთან” მცირე და საშუალო მეწარმეობის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. იმისათვის, რომ საწარმოებმა ძველებურად განაგრძონ მუშაობა საჭიროა მათი დაფინანსება მოხდეს იმ კუთხით, რომ განხდნენ მეტად კონკურენტუნარიანები. აუცილებელია ტექნოლოგიების დანერგვა და ახალ ბაზრებზე გასვლა, რაც კონკურენტუნარიანობას ერთიორად აამაღლებს.
“საუბარი დავიწყოთ უკვე დახურული საწარმოებიდან. “აგარის შაქარმა” თავად განაცხადა, რომ კონკურენცია ვეღარ გაუწია უკრაინულ პროდუქტს (უკრაინული შაქარი იაფია, რადგან გრივნა არის მნიშვნელოვნად გაუფასურებული, შესაბამისად, ისინი უფრო იაფად ახერხებენ წარმოებას). “აგარის შაქარი” კი, ალბათ, ნედლეულს ყიდულობს საერთაშორისო ფასით, შემდეგ აქ გადაამუშავებს და აფასოვებს. ეს კი პროდუქციის ფასს ზრდის.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება და მოსახლეობაც ნაკლებად მსყიდველუნარიანი ხდება, უფრო ნაკლებ პროდუქტს მოვიხმართ, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერ წარმოებაზე. ჩვენითვის ცნობილი და უკვე დახურული სამივე საწარმოს შემთხვევაში აღსანიშნავია, ის რომ მათ კონკურენციას ვერ გაუძლეს.
იმისათვის, რომ საწარმოებმა განაგრძონ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ტექნოლოგიები დანერგონ და ახალ ბაზრებზე გავიდნენ, საჭიროა მეტი უცხოური ინვესტიცია. ჩვენ თუკი თვალს გადავავლებთ ინვესტიციების დინამიკას ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში, რეალურად ტენდენცია შემცირებულია. ბოლო ოთხი წლის მონაცემებით გადამამუშავებელი მრეწველობა ინვესტიციების თვალსაზრისით ხუთეულშიც არ არის. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება ადგილობრივი მრეწველობა”, – განუცხადა “რეზონანსს” პაპავამ და იქვე ისაუბრა იმ გამოსავალზე, რაც საწარმოების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.
“მთავარი გამოსავალი არის ის, რომ რიგი დარგები გახდეს კონკურენტუნარიანი, რათა მათ შეძლონ წარმოების გაგრძელება. უნდა გადალახონ რთული პერიოდი და მომავალში მაინც არ შეაჩერონ წარმოება. არის კონმპანიები, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება და შემდეგ ვეღარ მოახერხეს საქმიანობის წარმართვა. ეს მაგალითები ნაკლებად თვალსაჩინოა, ამიტომ გვიჩნდება ილუზია, რომ ძალიან წარმატებულია რომელიმე დარგში, თუმცა ეს სინამდვილეში ასე არ არის”, – დასძინა გიორგი პაპავამ.