globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 18th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): გაძლიერდება თუ არა აფხაზეთიდან საჰაერო კონტროლი (კომენტარები)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რუსეთის აქტიურობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველო (კომენტარები)

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართველები საბჭოთა იმპერიაში // ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ქენანი თავის ტელეგრამებში ქართველებზე საუბრობდა როგორც „ზარმაც, ჭუჭყიან, გაქნილ, ძალიან ამაყ და თავზეხელაღებულ“ ადამიანებზე

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 17 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/gadzlierdeba-tu-ara-afxazetidan-sahaero-kontroli/28375500.html

გაძლიერდება თუ არა აფხაზეთიდან საჰაერო კონტროლი (კომენტარები)

ნინო თარხნიშვილი

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო ძალებს ზრდის. ამ ინფორმაციას 17 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს რუსეთის ფედერაციის გეგმები ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ძალების გაძლიერების თაობაზე?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია ზრდის სამხედრო ძალებს საქართველოში, კერძოდ კი, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შეაქვს საზენიტო-სარაკეტო სისტემის დამატებითი საშუალებები, 15 მარტს გამოაქვეყნა საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალმა „Inform Napalm“-მა. როგორც მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, სადაზვერვო საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება „InformNapalm“-ის მოხალისეებმა შეძლეს დაეფიქსირებინათ საზენიტო-სარაკეტო სისტემების С-300 აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეყვანის ფაქტი. სტატიას თან ერთვის ვიდეოკადრებიც. ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციამ მართლაც შეიყვანა დამატებით სამხედრო ტექნიკა:

„ბოლო ინფორმაციით, სარკინიგზო ეშელონით არანაკლებ რვა დანადგარი, კიდევ ერთი დივიზიონი შემოვიდა, სავარაუდოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც შეიძლება განთავსდეს სწორედ ოკუპირებული გალის რაიონში, უფრო ახლოს ფოთისა და ბათუმის პორტებთან“.

ირაკლი ალადაშვილის თქმით, C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, არანაკლებ 16 დანადგარი, რუსეთის ფედერაციამ ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ. მაშინ დანადგარები განთავსდა როგორც გუდაუთის, ისე აგუძერის მიდამოებში. ირაკლი ალადაშვილი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ძალების გაზრდის ორ მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი: აღნიშნული სარაკეტო სისტემები მას შემდეგ გამოთავისუფლდა, რაც რუსეთის სამხრეთ ნაწილში და ყირიმის ნახევარკუნძულზე ისინი ჩაანაცვლა თანამედროვე, C-400 ტიპის, საზენიტო-სარაკეტო სისტემებმა, ძველი დანადგარები კი გადმოსროლილ იქნა ოკუპირებულ აფხაზეთში და, მეორე:

„რატომ სწორედ ახლა? რადგანაც ნატომ განაცხადა, რომ გააქტიურდება შავი ზღვის რეგიონშიც და, ასევე, საქართველოს ხელისუფლებამაც გამოთქვა სურვილი, რომ ფოთთან და ბათუმთამ მოხდეს სანაპირო დაცვის განთავსება, რუსეთმა წინასწარ გადაითამაშა და გამოაგზავნა ეს სისტემები, რომლებიც გააძლიერებენ საჰაერო სივრცის კონტროლს“.

მართალია, ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში საქართველოს როლი ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ნატოს ლიდერებისა თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ამ პროცესში ჩართული იქნება. მეტიც, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას, განცხადებით, საქართველომ ნატოს წარუდგინა კონკრეტული წინადადებები, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს ჩართული საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში.

საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებენ ხელისუფლების წარმომადგენლები გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ. ამ ინფორმაციას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრო მიხეილ ჯანელიძეც, რომელმაც ეს საკითხი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოსთან ერთად განიხილა. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, 14 მარტის განკარგულებასაც, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან უნდა გაფორმდეს სამხედრო შეთანხმება, შეთანხმების ფარგლებში კი ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში უნდა გაერთიანდეს:

​„ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინფორმაციაზეც, რომელიც გავრცელდა სულ ახლახან აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემების დამატებით შემოტანაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული არის მშვიდობის უზრუნველყოფაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ, ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა იყოს უზრუნველყოფილი“.

საერთაშორისო ბერკეტების ამოქმედებისაკენ მოუწოდებს ხელისუფლებას „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში და მთავრობას რუსეთთან წარმოებულ პოლიტიკას უწუნებს: „რუსეთი არღვევს ყოველგვარ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. გარდა ამისა, აძლიერებს თავის სამხედრო წარმომადგენლობას. ეს არის კიდევ ერთი შედეგი ჟენევის ფორმატის დასუსტების და კარასინ-აბაშიძის ფორმატზე დაყრდნობის. ჩვენი ხელისუფლება, პირველ რიგში, უნდა გამოფხიზლდეს და საბოლოოდ მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ რუსეთთან ასეთი დამთბარი პოლიტიკა არანაირ შედეგს არ მოგვცემს. გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო ბერკეტი, რომელიც კი შეიძლება გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ უნდა იქნას ამოქმედებული“.

C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა შორი მოქმედების სისტემაა, რომელსაც შეუძლია საჰაერო ობიექტების აღმოჩენა, დაახლოებით, 200 კილომეტრის რადიუსში და 150 კმ-ის რადიუსში მათი დაზიანება. ირაკლი ალადაშვილის თქმით, ამ ტიპის დანადგარებით სამხედროებს შეუძლიათ თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება, მით უმეტეს მაშინ, თუკი სისტემებს გადმოანაცვლებენ ოკუპირებული გალის რაიონში. თუმცა, როგორც სამხედრო ექსპერტი მიუთითებს, რუსეთს ამ ეტაპზე განსაკუთრებით აინტერესებს არა დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის, არამედ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს უკეთ გაკონტროლება.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-russia-security/3770771.html

რუსეთის აქტიურობა შავი ზღვის რეგიონში და საქართველო (კომენტარები)

ნინო დალაქიშვილი

ბოლო პერიოდში რუსეთი სულ უფრო და უფრო აქტიურდება შავი ზღვის რეგიონში. საკუთარი პოზიციონირებისთვის იგი რბილ ძალასაც მიმართავს და ხისტსაც, ერთმანეთის მონაცვლეობით, ან პარალელურ რეჟიმში. ცდილობს ერთდოულად აჩვენოს როგორი კეთილისმოსურნეა და ამავდროულად როგორი საშიშიც მათ მიმართ, ვინც არ გაითვალისწინებს მის ინტერესს.

ბოლო ერთი კვირის მანძილზე საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა რუსული სამხედრო ძალის მობილიზება და დამატებითი ტექნიკისა და დანაყოფების შეყვანა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსული ინიციატივა იმის შესახებ, რომ დე–ფაქტო ადმინისტრაციების საჯარისო შენაერთების ნაწილი გადავიდეს რუსეთის შემადგენლობაში. სრული სურათის დანახვისთვის რამდენიმე პარალელური აქტივობაც უნდა ვახსენოთ, რასაც დროის მოკლე მონაკვეთში ჰქონდა ადგილი, ეს გახლავთ საზღვრის ჩაკეტვა აფხაზეთის მიმართულებით და რუსეთ–სომხეთის სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ საუბრის გაცოცხლება.

გეგმავს თუ არა რუსეთი აქტიურ სამხედრო მოქმედებებს რეგიონში, ან კონკრეტულად საქართველოში, თუ ძალის ეს მობილიზება მხოლოდ დემონსტრაციულ ხასიათს ატარებს, ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს ესაუბრა:

„რუსეთი ცდილობს შეცვალოს არსებული თამაშის წესები, არსებული ბალანსი და ის ამას ახლა აკეთებს არა მარტო საქართველოსა და უკრაინაში, არამედ მთელს რეგიონში. ჩვენ მარტო არ უნდა ვიყოთ ამ საკითხში. ეს უკვე იქცა იგივე შავი ზღვის ქვეყნების და იგივე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საზრუნავადაც. თქვენ თუ გადახედავთ ახლა, ევროპულ დედაქალაქებში რა დისკურსიც არის პოლიტიკური და უსაფრთხოების კონტექსტში, ნახავთ: ყველა ღიად საუბრობს, რომ რუსეთი არის ზოგისთვის ძალიან ახლო მდგომი საფრთხე და ზოგისთვის შორეული, მაგრამ მაინც დიდი პრობლემა“, – ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი.

დავით რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან ამ შემთხვევაში აქტიურ სამხედრო ქმედებებზე გადასვლას არ უნდა ველოდოთ: „ასეთი სახის სიგნალებს ვერ ვხედავთ“, – გვეუბნება იგი და დასძენს, რომ რუსეთი გააქტიურებულია არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ მთელ რეგიონში, აღმოსავლეთ ევროპის ჩათვლით: „დღეს მყისიერი საფრთხე რუსეთის მხრიდან საქართველოზე, სამხედრო შეტევის განხორციელების თვალსაზრისით, არ არის.ამის ინდიკატორები არ გვაქვს. ის, რომ რუსეთი ყოველთვის მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა, ეს ფაქტია, უბრალოდ, ამის პოლიტიკური ფასი დღეს ძალიან მაღალი იქნება. შესაბამისად, დღეს ასეთ საფრთხეს ჩვენ ვერ ვხედავთ“.

შოთა უტიაშვილი, GFSIS–ის მკვლევარი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მსახურობდა, ჩვენთან საუბრისას რუსეთის სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს: „მე ვფიქრობ, ერთის მხრივ, ადგილი აქვს რუსული ძალის დემონსტრირებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნატო გააქტიურდა შავი ზღვის აუზში. მაგრამ ამ საერთაშორისო ფონზე, რაც შეიქმნა მოულოდნელად, ტრამპის არჩევის შემდგომ აშშ–ში, არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა, შესაძლოა ძალის დემონსტრირება გადაწყვიტოს. ძალის დემონსტრირება ნიშნავს,აჩვენოს,რომ ისაა ყველაზე ძლიერი რეგიონში და რომ ტრამპი და ამერიკა ვერ შეძლებს მის შეჩერებას. ასე რომ, მე მიმაჩნია, საქმე გვაქვს ძალიან სახიფათო განვითარებასთან“.

ოფიციალური თბილისი რუსეთის სამხედრო ძალების მანევრირებას მხოლოდ შეშფოთების შემცველი განცხადებებით ეხმაურება. საქართველოსთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ერთადერთი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან მოკავშირეობაა.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 18 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/soviet-past-of-georgia/3770144.html

ქართველები საბჭოთა იმპერიაში

ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ქენანი თავის ტელეგრამებში ქართველებზე საუბრობდა როგორცზარმაც, ჭუჭყიან, გაქნილ, ძალიან ამაყ და თავზეხელაღებულადამიანებზე

ანი ჩხიკვაძე

„საბჭოთა კავშირი „ბანქოს სახლივით დაიშალა… ვინაიდან ის ყოველთვის ბანქოს სახლი იყო“ – წერდა ისტორიკოსი მარტინ მალია. შვიდი ათწლეულის მანძილზე არსებული წყობა რამდენიმე წელში ჩამოინგრა და ცოტა თუ ვარაუდობდა მის აღსასრულს. თხუთმეტმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სახელმწიფო ინტიტუტების მშენებლობა დაიწყო. საბჭოთა ძალადობრივი სისტემის დასასრულს დასავლეთში ცოტა რამ თუ იყო ცნობილი მის შემადგენლობაში არსებულ ერებზე.

საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე, მისი პოლიტიკა კავშირში შემავალი ხალხებისადმი ერთგვაროვანი არ ყოფილა და გარკვეულ ეტაპებს მოიცავდა – ნატივიზაციიდან რუსიფიკაციამდე. ამ მხრივ, სამხრეთ კავკასია კომუნისტი ლიდერებისთვის იყო ლაბორატორია, სადაც პირველად მოხდა მათი იდეების გამოცდა.

საბჭოთა იმპერიის აღზევებასა და დაცემაში სხვადასხვა ქვეყნებმა განსხვავებული როლი ითამაშეს. ქენანის ინსტიტუტში პროფესორმა ერიკ სკოტმა საქართველოს მაგალითი მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა საბჭოთა კავშირს, [1921 წლის] ოკუპაციის შემდგომ, ისე აღიქვამდა, როგორც უცხო სხეულს და „სხვას“. წიგნში „ახლობელი უცნობები“ რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონის ქენანის ინსტიტუტში გაიმართა, ავტორი საქართველოს საბჭოთა წარსულს მიმოიხილავს.

„ქართველები ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეები იყვნენ ბოლშევიკური რევოლუციის წამოწყებაში, თუმცა იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ ედუარდ შევარდნაძის საგარეო მინისტრად დანიშვნამდე, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე მათ ცენტრში აღარ წყალობდნენ“, – ამბობს ერიკ სკოტი.

დასავლეთში, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის განხილვა ხშირად მხოლოდ ცენტრთან მიმართებით, „ორიენტალურ“ ჩარჩოში ხდება. სადაც ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდ აღიქმება და მათთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ ამ პრიზმაში განიხილება. საქართველოს „ორიენტალური“ ხედვა მოსკოვის მიერ მისი ეთნო-კულტურული მახასიათებლების რომანტიზაციისა და ეგზოტიკურად წარმოდგენისგან შედგება. „ამის ფესვები პირველ რიგში რუსულ ლიტერატურაში უნდა ვეძიოთ, ალექსანდრ პუშკინთან და მიხეილ ლერმონტოვთან“, – ფიქრობს ერიკ სტოკი. მისი თქმით, „ქართველები საბჭოთა კავშირში მოგვაგონებენ იტალიელებს ამერიკაში“.

„ქართველები იოსებ სტალინს ხელისუფლებაში მოსვლაში და სოციალისტური ქვეყნის მშენებლობაში დაეხმარნენ. ისინი კულინარიის სპეციალისტები იყვნენ, შექმნეს რეპერტუარი, რომელიც მულტიეთნიკურ საზოგადოებას სცენიდან და ეკრანებიდან ართობდა, საქართველოში ყვაოდა არაფორმალური ეკონომიკა, საქართველოს ჰყავდა ინტელექტუალები, რომლებმაც 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა ხელისუფლების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს“, – ამბობს ერიკ სკოტი. იგი საბჭოთა კავშირს ქართული პერსპექტივიდან უყურებს და მულტიეთნიკურ იმპერიაში უმცირესობის გამოცდილებაზე საუბრობს.

ამერიკისთვის საბჭოთა ცხოვრების და იმპერიის შესწავლის ერთ-ერთი წყარო, ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის „გრძელი ტელეგრამა“ გახდა. ჯორჯ ქენანი საკუთარ დიპლომატიურ ტელეგრამებში ქართველებზე საუბრობდა როგორც „ზარმაც, ჭუჭყიან, გაქნილ, ძალიან ამაყ და თავზეხელაღებულ“ ადამიანებზე. მისი თქმით, „ქართველები თითქოს არასოდეს მუშაობდნენ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მათგან ამას მოითხოვდნენ“.

ერიკ სკოტი, საარქივო მასალაზე დაყრდნობით, წიგნში საქართველოს უახლეს ისტორიას მიმოიხილავს. მისი თქმით, ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპისკენ მიისწრაფის, საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობს და ეს ქართველებისთვის, საკუთარი თავის განსაზღვრისთვის, ამოსავალი წერტილია.

Comments are closed