globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 20 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 20th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველოს ამბების მიმოხილვა: რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორია საქართველოს პერსპექტივა ნატოსთან მიმართებით

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი): ევროპის უკანასკნელი ბასტიონი // როგორც წყვეტენ საქართველოში ოპოზიციის ბედს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომაზე: რატომ და როგორ ირღვევა საქართველოში მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უფლებები

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ცხოვრება მხიარულია // როგორ იჭერდნენ შვილებს მშობლებზე შურისძიებისათვის: წინათ და ახლა

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 20 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28378254.html

საქართველოს ამბების მიმოხილვა: რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და როგორია საქართველოს პერსპექტივა ნატოსთან მიმართებით

გთავაზობთ აშშ-ის რადიოსადგურ „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ ქართული სამსახურის მიერ მომზადებულ საქართველოს ამბების მიმოხილვას, რომლებიც ძირითადად აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი მოვლენებს ეხება (ავტორი – ლელა კუნჭულია).

ა) რუსული რაკეტები აფხაზეთში

გასულ კვირაში საგანგებო ყურადღება იყო მიმართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისკენ. 15 მარტს საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალმა „InformNapalm“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საზენიტო-სარაკეტო სისტემის დამატებითი საშუალებების შეტანის თაობაზე. გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ლაპარაკია საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300-ზე. წყაროდ სახელდება საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება „InformNapalm“-ის მოხალისეთა ჯგუფი და სტატიას დართული აქვს ვიდეომასალაც.

როგორც რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ივარაუდა სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 2008 წელს შეტანილ საზენიტო-სარაკეტო სისტემის სულ მცირე 16 დანადგარს შეემატა სარკინიგზო ეშელონით ტრანსპორტირებული სულ მცირე რვა დანადგარი, რომელიც შეიძლება განთავსდეს სწორედ ოკუპირებულ გალის რაიონში, „უფრო ახლოს ფოთისა და ბათუმის პორტებთან“. ანალიტიკოსის აზრით, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში შეიტანა ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც ახლით ჩაანაცვლა რუსეთის სამხრეთ ნაწილში და ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე. შეკითხვას, რატომ სწორედ ახლა, ირაკლი ალადაშვილი ასე პასუხობს: „რადგანაც ნატომ განაცხადა, რომ გააქტიურდება შავი ზღვის რეგიონშიც და, ასევე, საქართველოს ხელისუფლებამაც გამოთქვა სურვილი, რომ ფოთთან და ბათუმთამ მოხდეს სანაპირო დაცვის განთავსება, რუსეთმა წინასწარ გადაითამაშა და გამოაგზავნა ეს სისტემები, რომლებიც გააძლიერებენ საჰაერო სივრცის კონტროლს“.

ირაკლი ალადაშვილის განმარტებით, C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა შორი მოქმედების სისტემაა და მისი დახმარებით შესაძლებელია თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება, თუკი დანადგარები ოკუპირებულ გალის რაიონში განთავსდება. თუმცა, ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ინტერესს ამ ეტაპზე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს უკეთ გაკონტროლება წარმოადგენს.

გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების შესახებ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აფასებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, თბილისს კვლავ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი აქვს: „რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა ორიენტირებული არის მშვიდობის უზრუნველყოფაზე, კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაცია იყოს შესაბამისობაში საერთაშორისო ნორმებთან, საერთაშორისო პრინციპებთან და ჩვენ, ჩვენი პარტნიორების და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლისა და პრინციპებისადმი პატივისცემა იყოს უზრუნველყოფილი“.

ბ) უკანონო საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთში: დასავლეთი გმობს!

საქართველოს პარტნიორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე კვირაში კატეგორიულად გმობდნენ, ასევე, ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს ჩატარდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში. კენჭისყრის პროცესს უკანონო უწოდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა, მაგალითად: აშშ-მა, ევროკავშირმა და ნატომ. 12 მარტს ჩატარებულმა ე.წ. არჩევნებმა ბევრი ადგილობრივისთვის მოულოდნელი შედეგი გამოავლინა: ხელისუფლებაში ბრუნდება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი. უკვე ცნობილია, რომ ანქვაბი იმ 12 დეპუტატს შორის მოხვდა, რომლებმაც 50%-იანი ზღვარი პირველსავე ტურში გადალახეს და რომლებიც ნამდვილად შევლენ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ პარლამენტში. დანარჩენი 23 დეპუტატის ვინაობა 26 მარტისთვის დაგეგმილი ხელახალი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა.

გ) ინტერპოლი ეძებს აფხაზ მკვლელს

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა აფხაზ მესაზღვრე რაშიდ კანჯიოღლიზე, რომელიც დაუსწრებლად გასამართლდა გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ რაშიდ კანჯიოღლის პატიმრობის ვადა 14 წლამდე გაუხანგრძლივა. გასული წლის შემოდგომაზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინტერპოლის არხებით მისი ძებნის დაწყებას საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა გიგა ოთხოზორიას მეუღლემ, ნინო მატკავამ, მკვლელის დასჯასთან დაკავშირებით ის იმედიანად არ არის განწყობილი: „თუნდაც, ერთი წელი მაინც რომ ჩამჯდარიყო ციხეში. ქართულმა მხარემ გინდაც 14 წელი მიუსაჯოს, გინდაც 30 და გინდაც სამუდამო, თუ ის დაკავებული არ იქნება, რა აზრი აქვს ასეთ მისჯას. რაც შეეხება ინტერპოლს, თუკი ეს ადამიანი აფხაზეთში იქნება, ამ ცირკულარით ძებნას რა აზრი აქვს, რუსეთი კი მას ქართულ მხარეს არასდროს გადმოსცემს. ეს მკვლელობა არ მოხდა პირადი კონფლიქტის საფუძველზე, ეს იყო სახელმწიფოს ღირსების დაცვა… ფაქტია, რომ (მკვლელი) დაკავებული არ არის“.

გიგა ოთხოზორია რაშიდ კანჯიოღლიმ გასული წლის მაისში საოკუპაციო ხაზზე იმ დროისთვის ჯერ ისევ მოქმედი ხურჩა–ნაბაკევის საკონტროლო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოკლა. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა მოწმობს, რომ ოკუპაციის ხაზის მხრიდან დადევნებულმა პირმა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე ტყვია ესროლა და საკონტროლო გასროლით მოკლა.

დ) სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინტეგრირება რუსეთთან

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასულ კვირაში დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან გამოვლენილი კიდევ ერთი უკანონო სვლა, რაც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასდა. საუბარია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შეიყვანოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების რამდენიმე შენაერთი. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე 14 მარტს გამოქვეყნდა და ის ეყრდნობა შეთანხმების პროექტს, რომელსაც რუსეთის მთავრობამ 13 მარტს დაუჭირა მხარი. ოფიციალური ინფორმაციით, ახალი შეთანხმების პროექტის შინაარსზე წინასწარ ილაპარაკეს მხარეებმა, თუმცა დეტალები ჯერ ისევ დასაზუსტებელია. წინასწარი ინფორმაციით, ლაპარაკია რუსეთის სამხედრო ბაზის პირობებში ყველაზე უფრო უკეთესად გაწვრთნილ შენაერთზებზე – სადაზვერვო ქვედანაყოფზე, სპეციალური დანიშნულების სამთო რაზმსა და სნაიპერთა ქვედანაყოფზე.

„კომსომოლსკაია პრავდის“ სამხედრო მიმომხილველ ვიქტორ ბარანეცის ინფორმაციით, საუბარია სულ 150 სამხედროზე, რომლებიც დატოვებენ სამხრეთ ოსეთის ე. წ. შეიარაღებულ ძალებს და, კონტრაქტების საფუძველზე, უფრო მაღალი ანაზღაურებით დაიწყებენ მუშაობას რუსეთის არმიაში. ბარანეცი ლაპარაკობს სარგებელზე, რომელსაც მოსკოვი და ცხინვალი მიიღებენ: „მოსკოვის მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც გააღრმავებს სამოკავშირეო ურთიერთობებს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და, ცხადია, ეს გააძლიერებს ჩვენს სამხედრო „მუშტს“ რეგიონში… ეს შეთანხმება სამხრეთ ოსეთს, ერთი მხრივ, უკეთესად დააზღვევს შესაძლო თავდასხმისგან საქართველოს მხრიდან და, მეორე მხრივ, რაც უფრო უკეთესი იქნება სამხედრო სამსახურში ფულადი და საბრძოლო უზრუნველყოფა, თუნდაც, სამხრეთ ოსეთის ნაწილისთვის, ეს უკეთესი იქნება ცხინვალისთვის… და კიდევ, სამხრეთ ოსეთი არ მალავს, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ოცნებობს და მოსკოვთან ნებისმიერი სახის დაახლოებას, თუნდაც, სამხედრო თვალსაზრისით, სამხრეთ ოსეთში ოვაციებით ხვდებიან“.

სამხედრო შეთანხმება ეყრდნობა ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“, რომელიც მოსკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან 2015 წელს გააფორმა. მსგავსი შინაარსის ე. წ. ხელშეკრულება („მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“) მოსკოვს ოკუპირებულ აფხაზეთთან 2014 წელს აქვს გაფორმებული, რაზე დაყრდნობითაც, აფხაზეთის შემთხვევაში სამხედრო შეთანხმების გაფორმების პროცესი უფრო ადრე დაიწყო და რუსეთის დუმამ ამ დოკუმენტის რატიფიცირება 2016 წელს მოახდინა. ეს ფაქტები არაერთხელ დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ და დოკუმენტებს აბსოლუტურად უკანონო უწოდა.

ე) საქართველო ნატოს პერსპექტივაში

დაბოლოს, გასული კვირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. 13 მარტს ბრიუსელში გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ანგარიში მედიის წარმომადგენლებს თავად იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რამაც ნატოს გარდაქმნის საჭიროება განაპირობა, სახელდება რუსეთის აგრესია. მართალია, დოკუმენტში არ არის ლაპარაკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ მასში ხაზგასმულია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები, ნატო-საქართველოს მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები და ალიანსის მზაობა სამომავლო დახმარებისთვის. 120-გვერდიან დოკუმენტში საქართველო არაერთგან არის ნახსენები და მას, როგორც ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორს, სპეციალური ქვეთავიც ეძღვნება.

«КоммерсантЪ-Власть» (რუსეთი), №10, 18-25 მარტი, 2017 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3243198

ევროპის უკანასკნელი ბასტიონი

როგორც წყვეტენ საქართველოში ოპოზიციის ბედს

„ოპოზიციურ ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ირგვლივ მიმდინარე ორწლიანმა კონფლიქტმა საქართველოში სიტუაციაა გაამწვავა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივები ეჭვქვეშ დააყენა: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი-2“-ის მხარდაჭერის თაობაზე. „კომერსანტ-ვლასტ“-მა გამოარკვია, თუ რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი“ – ასე იწყება ვრცელი სტატია, რომელიც ჟურნალის ექვს  გვერდზეა გამოქვეყნებული (ავტორი – ოლღა ალენოვა).

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი-2“-ის მხადამჭერთა მიერ გამართული მიტინგის ფონზე, პუბლიკაციის ავტორი იხსენებს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ეპოქას  და ერთმანეთს ადარებს ორ წამყვანი ტელეკომპანიის – „რუსთავი-2“-ისა და „იმედის“ ბედს:

„საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე მოედანი ხალხითაა სავსე, ფრიალებს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. სცენიდან გასისმის გამომსვლელთა მოწოდებები ტელეარხის დაცვა-შენარჩუნების თაობაზე. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეს უკვე ნანახი და მოსმენილი მაქვს, ეს დეჟავიუა. თითქოსდა კარზე ისევ 2007 წლის შემოდგომა დგას, როცა ხალხი ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის ოპოზიციურ ტელეკომპანიას იცავდა, რომლის გაკონტროლებასაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობდა. იმ დროს „იმედის“ სენარჩუნება ვერ მოხერხდა, მასობრივი მიტინგები სასტიკად იქნა დარბეული, რამაც მიხეილ სააკაშვილის იმიჯიც დააზარალა. დასავლელმა დამკვირვებლებმა ნეგატიურად შეაფასეს ხელისუფლების მოქმედება ოპოზიციური ტელეკომპანიის მიმართ, თვითონ ოპოზიცია კი ყოველ ხელსაყრელ მომენტში „ნაციონალებს“ „იმედის“ დახურვას ახსენებდა.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა. 2012-ში „ნაციონალებმა“ საპარლამენტო არჩევნები წააგეს, ხელისუფლებაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა. თბილისს დიდხანს არ დაუსვენია მიტინგებისაგან: ჯერ აქციებს „ნაცმოძრაობა“ ატარებდა (მათი ლიდერები საპყრობილეში აღმოჩნდნენ), შემდეგ კი ქუჩის გამოსვლები უფრო ხალხმრავალი გახდა, მასში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები მონაწილეობენ, გაძლიერდა უკმაყოფილება „მეოცნებეთა“ მთავრობის მიმართაც… 19 თებერვალს ქართული პარლამენტის კედლებტან კი ბოლო წლების ყველაზე მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა – 20-დან 30 ათასამდე ადამიანის მონაწილეობით“, – წერს ავტორი და დეტალურად აღწერს მიტინგის მსვლელობას: „სცენაზეა ტელეარხის დირექტორი ნიკა გვარამია – ახალგაზრდა, ენერგიული, თანამედროვე პიროვნება, მოდური ვარცხნილობით. მას მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურორად მუშაობდა (ავტორი ციტირებს მის გამოსვლას). აქვეა „ნაციონალთა“ მთავრობის ყოფილი მინისტრი, დღეს კი ოპოზიციონერი გიორგი ბარამიძე…“.

„კომერსანტ-ვლასტის“ კორესპონდენტი გიორგი ბარამიძეს ესაუბრება, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ხელისუფლების მოქმედებას და ურჩევს, რომ საქმე ქუჩის პროტესტებამდე არ მიიყვანოს: „ქართველებს კიდევ ერთი რევოლუცია არ ჭირდებათ. ჩვენ ხელისუფლებაში მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოვედით, რომელიც ასევე მშვიდობიანად გადავეცით  „ქართულ ოცნებას“. რატომ? იმიტომ, რომ ვაცნობიერებდით – რევოლუცია და უწესრიგობები ევროკავშირამდე და ნატომდე ვერ მიგვიყვანდა. მართალია, ბიძინა ივანიშვილს არ სურს ევროპული საქართველო, მაგრამ ჩვენ მას უკანდახევის ნებას არ მივცემთ“.

სტატიაში ოლღა ალენოვა წერს ტელეარხის შექმნის ისტორიაზე, მის როლზე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, იხსენებს „რუსთავი-2“-ის მფლობელებსაც: „1994 წელს დაარსებულ ყველაზე სკანდალური ქართული ტელეარხის ისტორიაში ბევრი ტრაგიკული და იდუმალია მოვლენები მოხდა. ტალანტიურმა მედიამენეჯერმა ეროსი კიწმარიშვილმა უსახელო რეგიონული ტელეკომპანია ქვეყნის უპირველეს და პოპულარულ მედიასაშუალებად გადააქცია. 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, ოპოზიციის აზრით, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ გააყალბა, „რუსთავი-2“-მა „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები ქუჩაში გამოიყვანა. აქცია „ვარდების რევოლუციაში“ გადაიზარდა, რომმლის სედეგად ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მოვიდა“.

ავტორი მკითხველს აცნობს ტელეარხის მფლობელთა ვინაობას სხვადასხვა პერიოდში – დავით დვალს, ჯარჯი აქიმიძეს და ქიბარ ხალვაშს. ეს უკანასკნელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი იყო. მოგვიანებით იგი აიძულეს ტელეკომპანიის აქციები გაეყიდა. 2014 წელს „რუსთავი-2“-ის პირველი მფლობელი ეროსი კიწმარიშვილი მოკლული იპოვეს თავის მანქანაში, ორი თვის შემდეგ კი ქიბარ ხალვაშმა საჩივრით მიმართა საქალაქო სასამართლოს, ტელეარხის მისთვის დაბრუნების შესახებ. 2015 წლის ნოემბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა…

ოლღა ალენოვა ესაუბრება რომან გოცირიძეს. იგი ამბობს, რომ „რუსთავი-2“-ის ამბებში ბიძინა ივანიშვილია ჩარეული, რომელსაც არ სურს ოპოზიციური ტელარხის არსებობა. მისი თქმით, დღეს საქართველოში საფრთხე ექმნება თავისუფალ სიტყვას. ხელისუფლებამ ყველა ტელეკომპანია ხელში ჩაიგდო – გაერთიანდა „იმედი“, მაესტრო“ და „ჯი-დი-ესი“, საბიუჯეტო „საზმაუ“ კი საკმაოდ დიდი ხნით წყვეტს მაუწყებლობას, რაც დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოების წინ. „რუსთავი-2“ უკანასკნელი ბასტიონია. თუ ხელისუფლება ამ ტელეარხსაც ხელში ჩაიგდებს, საქარტველოს ევროპის გზაზე სერიოზული პრობლემები გაუჩნდება. ამას ევროპელი დამკვირვებლებიც აცხადებენ“, – ამბობს რომან გოცირიძე. ავტორი პარალელურად სერგი კაპანაძესაც ესაუბრება (საგარეო საქმეთა მინისტრის ექს-მოადგილეს), რომლის თქმით, „ხელისუფლება აკონტროლებს მედიასივრცეს, პარლამენტს… ახლა კი „მეოცნებეებს“ კონსტიტუციის შეცვლაც სურთ. მათ უნდათ, რომ პრეზიდენტს ხალხი კი არ ირჩევდეს, არამედ მათ მიერ კონტროლირებული პარლამენტი, ანუ ისე, როგორც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სურს“.

რომან გოცირიძე მკაცრად აკრიტიკებს ბიძინა ივანიშვილისეული მმართველობის წესს, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი აღნიშნავს, რომ ოლიგაქრმა მოსახლეობისთვის მიცემული სიტყვა არ შეუსრულა, სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია სულ უფრო უარესდება (სტატიაში ჩამოთვლილია საარჩევნო დაპირებები, რომლებიც არ შესრულებულა). რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით გაიყო „ნაცმოძრაობა“ ორ ნაწილად: „ქართული ოცნებისადმი“ წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ „ნაციონალებს“ შეუძლიათ, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ოლიგარქს არ აწყობს ძლიერი ოპოზიციური პარტიის არსებობა. რომან გოცირიძე დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე და პარტიის ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში. იგი აღნიშნავს მის დამსახურებას რეფორმების გატარების საკითხში, პატრულის შექმნაში, კორუფციასთან ბრძოლაში, ეკონომიკის განვითარებასა და სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაში (ავტორი ხაზს უსვამს, რომ რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ეროვნულ ბანკს ხელმძღვანელობდა, დღეს კი პარლამენტში საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. შეიძლება ითქვას, რომ იგი კომპეტენტური პოროვნებააო).

ოლღა ალენოვა ესაუბრება „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელს პაატა შეშელიძეს: „მას ბრალს ვერ დასდებ რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერაში, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას დაუნდობლად აკრიტიკებს. ეკონომისტის თქმით, საქართველოს წარმატებები ევროინტეგრაციულ გზაზე მთავრობის დამსახურება კი არ არის, არამედ თვითონ ევროკავშირის დამსახურებაა. „ამ მხრივ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. უბრალოდ, ევროპამ საქართველო ბუქსირზე ჩაიბა და მიათრევს. აქტიური ჩვენი მთავრობა კი არაა, არამედ თვითონ ევროპელები, – ამბობს პაატა შეშელიძე, – უვიზო რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა კარგი შესაძლებლობაა, მაგრამ საქართველო მათ გამოყენებას ვერ შეძლებს, რადგან ეკონომიკა არ ვითარდება“.

„კომერსანტ-ვლასტის“ ჟურნალისტი ერთმანეთს ადარებს „ნაციონალთა“ და მეოცნებეთა“ დროინდელ ეკონომიკის ზრდის ტემპებს: მიხეილ სააკაშვილის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 6-7%-ით მატულობდა, ბიძინა ივანიშვილის დროს კი მხოლოდ 3%-ით. ზოგიერთი ასეთ ვარდნას რეგიონში არსებულ კრიზისს უკავშირებს, მაგრამ პაატა შეშელიძის მტკიცებით, ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირების მთავარი მიზეზი მთავრობის არაკომპეტენტურობა და არაპროფესიონალიზმია: „ჩვენთან რეფორმები მცდარად ხორციელდება. „ქართულმა ოცნებამ“ საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა შემოიღო, უფასო მომსახურების ელემენტებით. მაგრამ ამ სფეროში თავი იჩინა კორუფციამ. სადაზღვევო კომპანიები მხოლოდ სახელმწიფოს უყურებენ… ამ რეფორმებმა ბიუჯეტი შეჭამა და ეკონომიკა გააუფასურა. ბოლო წლებში ჯანდაცვის ბიუჯეტმა სამ მილიარდ ლარს მიაღწია, რაც ყველაზე მეტია სხვა დარგებთან შეადრებით“.

ოლღა ალენოვა ესაუბრება აგრეთვე ევროინტეგრაციის საქმეთა სახელმწიფო მინისტრს ვიქტორ დოლიძეს და საგარეო საქმეთა ექს-მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. პირველი ხაზს უსვამს საქართველოს წარმატებებს („ევროპული ოჯახის წევრი ვხდებით, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, იზრდება საინვესტიციო მიზიდულობა, პერსპექტივაშია „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტში ჩართვა…), მეორეს თქმით კი, საქართველოს, ფაქტიურად, საგარეო პოლიტიკა არ აქვს.

ავტორი ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. იგი აღნიშნავს, რომ ამ საკითხში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ „დიდ ძმას“ [რუსეთს] საქართველოს პოლიტიკურ ორიენტაციაზე არანაირი გავლენა არ აქვს, საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე“, რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. „ოპოზიციას იმის დამტკიცება, რომ ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, არ შეუძლია. აშკარაა, რომ მთავრობა რუსეთთან მიმართებით თავშეკავებულია, თუმცა მოსკოვს თითქმის არ აკრიტიკებენ, გარდა აიმისა, რომ საუბარში ხშირად ახსენებენ „ოკუპირებულ ტერიტორიებს“. ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც ოპოზიცია იმოწმებს, ესაა „გაზპრომ“-თან ურთიერთობა“- წერს სტატიის ავტორი და იხსენებს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის მიერ რუსულ კომპანიასთან ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელსაც ოპოზიცია საქართველოსთვის წამგებიანად თვლის.

„როცა „რუსთავი-2“-ისა და ქვეყანაში შექმნილ ვითარების შესახებ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თვალსაზრისი გავიგე, მე საქართველოში ნატოს წარმომადგენლობაში წავედი, რათა გამეგო, როგორ აფასებენ აქ მიმდინარე მოვლენებს დასავლელი დამკვირვებლები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ამბობს, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღება დღეს დამოკიდებულია ალიანსის თითოეულ წევრი ქვეყნის პოზიციაზე. კონსენსუსი ამ საკითხში ჯერ-ჯერობით მიღწეული არ არის, ამიტომაც ნატო საქართველოს ამ ეტაპზე რეფორმების გატარებასა და თანამშრომლობის გაგრძელებას სთავაზობს“, – წერს პუბლიკაციის ავტორი და მკითხველს აცნობს საქართველოსა და ნატოს თანამშრმლობის ამსახველ ფაქტებს (ავღანეთში, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა, კრწანისში ერთობლივი წრთვნების ცენტრის დაარსება და ა.შ.).

„ნატოს წარმომადგენელი არ იზიარებს ქართული ოპოზიციის ნეგატივიზმს: მისი აზრით, საქართველოში რეფორმები სრულიად ეფექტურად ხორციელდება, ხოლო ის ფაქტი, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცსამსახური გამოეყო, ხოლო იუსტიციის სამინისტროს – პროკურატურა, ხელს უწყობს დემოკრატიის პროცესს. უილიამ ლაჰიუს თქმით, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში უფრო ლიბერალური გახდა, დღეს ხელისუფლების კრიტიკა ყველა მოქალაქეს შეუძლია. „რეფორმები ხორციელდება. ნელა, მაგრამ მაინც. ამჟამად კონსტიტუციის ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, რომელმაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის დამოკიდებულება უნდა დაარეგულიროს. რაც შეეხება პრობლემებს… არსებობს პრობლემა სახელმწიფო საიდუმლოების სფეროში: ბევრი სფერო ისევ დახურულია, აუცილებელია მეტი გამჭვირვალობა. ეს ეხება მასმედიასთან დამოკიდებულებასაც, სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობას. აშკარაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია საბჭოური ტრადიციები, როცა კანონებს ხალხის გასაკონტროლებლად ღებულობდნენ. ამ ყველაფრის შეცვლას დრო ჭირდება“, – ამბობს უილიამ ლაჰიუ. იგი დღევანდელ მთავრობას ხუთი წლის წინანდელს ადარებს და ხაზს უსვამს, რომ დღეს სიტყვის თავისუფლების დონე უფრო უკეთესია, „თუ მხედველობაში არ მივიღებთ „რუსთავი-2“-თან დაკავშირებულ მოვლენებს“.

- და „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით რას იტყოდით? – ვეკითხები.

- ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საქმეს, მაგრამ ჩვენს ფუნქციებში არ შედის რჩევები მივცეთ საქართველოს ხელისუფლებას იურიდიული საკითხების გადაჭრის დროს. ამ სფეროში გადაწყვეტილებებს თვითონ სუვერენული სახელმწიფოები ღებულობენ. თუმცა, რასაკვირველია, ნატოს ცალკეულ წევრებს შეუძლიათ თავიანთი აზრი ჰქონდეთ ამ საკითხთან მიმართებით და ოფიციალურ თბილისს რჩევები მისცეს, მათ შორის ევროკავშირსაც“, – ამბობს უილიამ ლაჰიუ ჩემტან საუბარში“, – წერს ავტორი.

ვრცელი პუბლიკაციის დასასრულს ოლღა ალენოვა მკითხველს აცნობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით (რომლის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გაურკვეველი ვადით შეჩერდა – ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დაბრუნების თაობაზე). „ევროპამ ჩვენი დემოკრატია გადაარჩინა“, – ეს სიტყვები ნიკა გვარამიას ეკუთვნის, რომლის ციტირებას ავტორი ახდენს. „საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გასაოცარი აღმოჩნდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სასწრაფოდ გაემგზავრა სტრასბურგში [სიტუაციის გასაგებად], პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ კი ყველაფერი „რუსთავი-2“-ს დააბრალა – ტელეარხი სახელმწიფოს უპირისპირდებაო და აღნიშნა, რომ  ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტების პრესტიჟის დაცვისათვის: „დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული საქართველო გამოვა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. სამაგიეროდ,  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პარტიის მთავრობასთან კონფრონტაცია აქვს (ზოგჯერ მეტად და ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ  მაინც), აშკარად მხარი დაუჭირა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 20 მარტი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/un-mariam-jashi/3771889.html

საქართველო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის სხდომაზე: რატომ და როგორ ირღვევა საქართველოში მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა უფლებები

თეა თუაშვილი

გაეროს შტაბ-ბინაში, ქალთა სტატუსის 61-ე კომისიის ფარგლებში, კონფერენციაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა, სადაც ის ანგარიშით წარსდგა საქართველოში ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ. რა შეიცვალა გასული წლის ანალოგიური კონფერენციის შემდეგ.

ახალი გამოწვევები და სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის კონვენციის დაგვიანებული რატიფიცირება – რეპორტაჟში ნიუ-იორკიდან:

ევროპის საბჭოს კონვენციას „ქალებზე ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“, რომელიც სტამბოლის კონვენციით არის ცნობილი, საქართველო 2014 წლიდან შეუერთდა. თუმცა პარლამენტის მიერ საბოლოოდ რატიფიცირება ამ დრომდე ამ მომხდარა. სახელმწიფო აღიარებს, რომ პროცესი გაჭიანურდა. გაეროს შტაბ-ბინაში ქალთა სტატუსის 61-ე კომისიის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ კონვენციის რატიფიცირების პროცესი საბოლოოდ წელს, საგაზაფხულო სესიაზე დასრულდება.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, რეპრესიული ღონისძიებების პარალელურად ითვალისწინებს უფრო მეტი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებასაც-ადევნების კრიმინალიზაციას, და იძულებითი სტერილიზაციის კრიმინალიზაციას. სოფო ჯაფარიძის თქმით, ბოლო შემთხვევებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაციაც. პრევენციულ ღონისძიებებში შედის არსებული სოციალური ნორმების დარღვევა და ადგილობრივ თემებთან უფრო აქტიური მუშაობა. ცვლილებები შეეხება შემაკავებელ ორდერსაც. თუ აქამდე მის დამტკიცებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სჭირდებოდა და 24 საათიან პერიოდს მოიცავდა, კანონის ამოქმედების შემდეგ, პოლიციის მიერ ორდერის გამოწერისთანავე შევა ძალაში. მოძალადეს შესაძლოა სპეციალური სამაჯურის ტარების ვალდებულებაც დაეკისროს, ეს ჯერ ინიციატივის დონეზეა, თუმცა ამ საკითხის განხილვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

„რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება, როგორც ფინანსურად, ასევე შინაარსობრივად, თუმცა გაეროს ქალთა დაცვის ორგანიზაციას აქვს შეასაძლებლობა, დაგვეხმაროს სამაჯურების დანერგვაში. ასეთ სისტემას უკვე იყენებენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში შინაპატიმრობის დროს. ეს არ იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა. მთავარია ტექნიკური აღჭურვილობა მომზადდეს და აღსრულებას რაც შეეხება-მოსწონთ თუ არა ეს მოძალადეებს-შეიძლება ბევრი რამე არ მოსწონდეთ, მაგრამ ეს მათზე არ არის დამოკიდებული. მონიტორინგს რაც შეეხება, შეიძლება იყოს დამცავი ან შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, მაგრამ როცა მოძალადე არღვევს პირობას და მაგალითად უახლოვდება მსხვერპლს დასაშვებ ზღვარს მიღმა, პოლიცია ამის შესახებ იგებს, როცა მსხვერპლი ახორციელებს ზარს. ხშირ შემთხვვეაში, ამის გამო პოლიციის რეაგირება არის დაგვიანებული“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე „ამერიკის ხმა“-სთან საუბრის დროს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებების დაცვისათვის” არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა არღანაშვილი ამბობს, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სახელმწიფო რგოლები კანონების აღსრულებას ვერ უზრუნველყოფს. ამის მიზეზი არასათანადო ბიუჯეტი და კადრებია. „“2006 წელს მიღებული კანონი -”ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ”- ძალიან კარგად არის დაწერილი, მაგრამ ჩვენ თუ გავესაუბრებით მსხვერპლ ქალებს, ისინი გვეტყვიან, რომ ვერ იყენებ ბევრ მექანიზმს რომელიც არის კანონში ჩაწერილი. მაგალითად, რეაგირება არის ძირითადად პოლიცის მხრიდან. ვერ ერთვებიან ხვა უწყებები. სოციალური სამსახური კანონით ოფიციალურად კი არის ჩართული, მაგრამ არასაკმარისია სოც. მუშაკების რაოდენობა – სულ გვყავს 225 , ამდენად ისინი ვერ უმკლავდენიან ამას. გარდა ამისა, ქალები ამბობენ, რომ მათზე ზრუნვა შემოიფარგლება მხოლოდ თავშესაფრით, სამი თვე რომ გავა ისინი ვერ ბრუნდებიან რეალურ ცხოვრებაში, ვერ იწყებენ სამსახურს, ვერ ხდებიან დამოუკიდებლბები და ბევრი მათგანი ამის გამო ისევ უბრუნდება მოძალადეს’, – ამბობს ანა არღანაშვილი.

ოჯახური ძალადობის დროს ხშირია ბავშვთა ინტერესების შელახვის და მათი დაზარალების ფაქტებიც. სახალხო დამცველის უწყებას კონფერენციაზე ობმუდსმენის მოადგილე ეკა სხილაძე წარმოადგენდა, რომელმაც ბავშვთა მსხვერპლად აღიარების მნიშნველობაზე ისაუბრა: „იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი ბავშვებთან ერთად გადადის სახელმწიფო თავშესაფარში, მაშინაც კი ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროექტები არ ხორციელდება, რადგან მოიაზრება, რომ მარტო ქალი არის მსხვერპლი“.

„ქალები საქართველოდან” – ეს სოციალური პროექტი განსაკუთრებულად პოპულარულია სოციალურ ქსელებში, რომლის იდეა გასული წლის 8 მარტს გაჩნდა. იდეის ერთ-ერთი ავტორი, ფემინისტი აქტივისტი ნინო გამისონია პროექტის ეფექტურობაზე საუბრობს: „ეს პროექტი გახდა სოციალური პროექტი და ბევრი ადამიანის ცნობიერება შეცვალა. ბევრს ინდივიდუალურად დაეხმარნენ. მაგალითად ერთი უსინათლო გოგოს ამბავი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, რომლის ისტორიაც გამოქვეყნდა. უსინათლობის გამო, მას სტაჟირების პრობლემა ჰქონდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ასე გაიცნო ესმა გურგენიძე და საშუალება მისცა სტაჟირება მათთან გაევლო“.

პარლამენტის დეპუტატი მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მთავარი ეკონომიკური გამოწვევა არის 35%-იანი სახელფასო სხვაობა მამაკაცებს და ქალებს შორის და სახელმწიფომ ესეც უნდა გაითვალისწინოს, როდესაც გენდერული თანასწორობის პრობლემატიკა განიხილება.

„არის თუ არა საქართველო მსოფლიო რუკაზე მარტო, რომელიც გენდერულ პრობლემებს 21-ე საუკუნეში ისევ აწყდება?“ – ასეთი კითხვა დავუსვით მარიამ ჯაშს, რომელიც პასუხობს: „ძალიან საინტერესო არის, რომ ათასწლეულის განვითარების მიზნებიდან 15 წლის პერიოდში, არის დასკვნა, რომ არცერთ ქვეყანას პრაქტიკულად არ მიუღწევია გენდერული თანასწორობისთვის და ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი. თუმცა, ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის თვალსაზრისით, როგორც კონსტიტუციურად, ასევე იერარქიულად ეროვნული კანომდებლობა არის გენდერულად სენსიტიური, ანუ თანაბარ უფლებებს ანიჭებს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით მამაკაცებს და ქალბატონებს. დღეისათვის, 2016 წლის არჩევნების შედეგებით ყველაზე მაღალი მონაწილეობა გვაქვს პარლამენტში, ქალთა ჩართულობა 15% -ს აღწევს. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი და ჩვენ აუცილებად უნდა ვიმუშაოთ კვოტირების დანერგვაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 17 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/ckhovreba-mkhiarulia/28377325.html

ცხოვრება მხიარულია

როგორ იჭერდნენ შვილებს მშობლებზე შურისძიებისათვის: წინათ და ახლა

ლაშა ბუღაძე

ეს წარსულში იყო, ახლა არ ხდება… იყო ასეთი კაცი – იოსებ ბესარიონის ძე სტალინი, რომელსაც სამართლიანობის უცნაური აღქმა ჰქონდა… ზოგჯერ მილიონებს გამოუტანდა სასიკვდილო განაჩენს, ზოგჯერ შვილს, ცოლს, ქმარს ან მშობელს დაუჭერდა ვინმეს და წლები აცხოვრებდა ნათესავების გადარჩენის ამაო იმედით თუ უიმედობოთ… ზოგჯერ „მტრის“ მძევლად აყვანა უფრო სასარგებლოდ მიაჩნდა, ვიდრე მისი ფიზიკური განადგურება… აკი ამიტომაც მოწონდა გიორგი სააკაძის ამბავი, ამიტომაც გადაიღეს მის დროს – და მისივე ბრძანებით – კლასიკად ქცეული ფილმი, სადაც უბედურ მამას მძევლად აყვანილი შვილის თავს გამოუგზავნიან…

თუმცა მარტო შვილები ხომ არ იყო, ზოგს ცოლებიც ჰყავდა… ასე, მაგალითად, ვიაჩესლავ მოლოტოვს აქტიური ცოლი გადაუსახლა – შენზე ცუდი გავლენა აქვსო, და ვიღაც ჩეკისტი ქალი მიუჩინა „მორიგე“ მეუღლედ. პოლიტბიუროს წევრ მიხეილ კალინინს მოხუცი ცოლი წაჰგვარა და მკაცრად აუკრძალა, რომ მისთვის ცოლის გათავისუფლების მიზნით აღარ მიემართა…

მადლობა უნდა ეთქვა, რომ არ დაუხვრიტა, როგორც კიდევ ერთ პოლიტბიუროს წევრს, ლაზარ კაგანოვიჩს დაუხვრიტა ძმა, თუმცა თავად ლაზარი იმავე საღამოს დაიბარა თავის ერთ-ერთ აგარაკზე (მოგეხსენებათ, „ასკეტ“ იოსებ სტალინს 31 აგარაკი ჰქონდა) და დილამდე ასმენინა მთვრალი ხრუშჩოვის ანეკდოტები.

სხვათა შორის, როცა იოსებ სტალინი მოკვდა, უკვე ვიაჩესლავ მოლოტოვი ჩაუვარდა ნიკიტა ხრუშჩოვს ფეხებში – ჩემი ცოლი დამიბრუნე, სტალინის მიერ ნაჩუქარს ვერ შევეგუეო, ჰოდა ბოლოს მიიღო კიდეც თავისი აქტიური (მაგრამ უკვე დაბეჩავებული) პოლინა…

მაგრამ იოსებ სტალინს ყველაზე მეტად შვილების აყვანა ჰყვარებია მძევლად.

პოეტ ანა ახმატოვაზე ასეულობით „დანოსი“ იწერებოდა, მაგრამ მისი დაჭერის ნებართვა არა და არ გაუცია, პირიქით, დრო და დრო თითქოს მზრუნველურად მოიკითხავდა ხოლმე: ჩვენი მონაზონი როგორ გრძნობს თავსო… მონაზვნად მოიხსენიებდა, რაკი პოეტი მარტო ცხოვრობდა. მარტო კი მას შემდეგ დარჩა, რაც იოსებ სტალინმა შვილი გადაუსახლა გულაგში… ანუ დედა არ დაუჭერია, ერთადერთი ვაჟი დაუჭირა.

იგივე უქნა დიდ მწერალ ანდრეი პლატონოვს: თავად მას არ შეხებია, 15 წლის შვილი დააპატიმრა… რამდენიმე წლით ადრე იოსებ სტალისნ ანდრეი პლატონოვის ერთ-ერთი მოთხრობა წაუკითხავს, რომელზედაც წითელი ფანქრით მიუწერია თავისი კომენტარები: „ბრიყვი“, „ნაბიჭვარი“, „არამზადა“, „უზრდელი“ – და ყველაზე სახიფათო: „კაპიტალისტების ჯაშუში“… ანდრეი პლატონოვს წერა აეკრძალა, მაგრამ დაჭერას გადაურჩა. მის მაგივრად შვილი დაისაჯა. მწერალმა ბოდიშები იხადა, წერა და წერა წერილები – „მე დამსაჯეთ, შვილი არაფერ შუაშიაო“, მაგრამ ხელი არ ახლეს – „აცალეს არსებობა“. როცა ბოლოს მოუკვდა ეს შვილი, ანდრეი პლატონოვს ასე ჩაუწერია თავის დღიურში: „გამანადგურეს, მაგრამ ვერ გამტეხეს“. მაგრამ ვიღას ახსოვდა ანდრეი პლატონოვის შვილი, როცა უკვე მილიონობით ადამიანი ქრებოდა. ბელადმა სწორედ ამ დროს გამოაცხადა: ცხოვრება უკეთესი გახდა, უფრო მხიარულიო…

მაგრამ ეს ადრე იყო, წარსულში…

დღეს გვეუბნებიან, რომ უკვე აღარავის აჰყავს შვილები მძევლებად მშობლების საქმიანობის გამო… დღეს თურმე შვილებს აღარავინ იჭერს იმის გამო, რომ ჟურნალისტი ან პოლიტიკოსი მშობლები დადუმდნენ. ახლა ხომ ძველი დრო აღარ არისო… ახლა ხომ მართლაც მხიარულია ცხოვრება…

Comments are closed