«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): სავიზო ლიბერალიზაცია – შესაძლებლობებისთვის გახსნილი ფანჯარა
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „ეს არის ნაძარცვის გადანაწილების გაგრძელება“ – დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება „რუსთავი-2“-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
«КоммерсантЪ» (რუსეთი): „დასახელება ძალას ნიშნავს“ // დაეხმარება თუ არა სამხრეთ ოსეთს რეფერენდუმი სახელწოდების გადარქმევის შესახებ იმ მიზნის შესრულებაში, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს
«Независимая газета» (რუსეთი): „სუამ“-ის წევრები თავისუფალი ვაჭრობის ზონას ქმნიან // უკრაინა რეგიონული ინტეგრაციული კავშირის რეანიმაციას იწყებს
—————-
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 28 მარტი, 2017 წელი
http://www.radiotavisupleba.ge/a/savizo-libaralizatsia/28393883.html
სავიზო ლიბერალიზაცია – შესაძლებლობებისთვის გახსნილი ფანჯარა
ნინო ხარაძე
დღეიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 30 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცათ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წარმატებასთან ერთად ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი პასუხისმგებლობაცაა. როგორ აფასებენ თბილისში შენგენის ზონაში სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედებას?
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას მოვეკიდოთ უდიდესი პასუხისმგებლობით“, – განაცხადა 27 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, რომელმაც საზოგადოებას ისტორიული მნიშვნელობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ეს დღე არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის ადგილს ევროპული თანამეგობრობის სივრცეში: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის პასუხისმგებლობა, რაც თითოეულ ჩვენგანს ეკისრება. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რა დიდი დრო დასჭირდა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას. ეს შესაძლებლობა დღეს უკვე რეალობაა და ის, თუ როგორ ვისარგებლებთ ამით, ეს უკვე ჩვენი ღირსების საკითხია. ყველა ჩვენს თანამოქალაქეს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ზედმიწევნით მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ამის მიმართ და დავიცვათ ის რეგულაციები, რასაც აწესებს ევროკავშირი”.
პასუხისმგებლობის გაცნობიერებისკენ მოუწოდა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს მოქალაქეებს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმადაც, „უვიზო მიმოსვლის შემოღება ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას, ბიზნესკავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისათვის“.
მიხეილ ჯანელიძის თანახმად, ხელისუფლების ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი ჩვენ გვჭირდება, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით – დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირს.
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტი – 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების, ნათესავების ან/და ახლობლების მონახულება, საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვა.
შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით. ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წარმომადგენელი ვერიკო გელაშვილი რადიო თავისუფლებასთან იმ სიკეთეზე საუბრობს, რომელსაც სავიზო ლიბერალიზაცია მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს: „ეს ძალიან დაგვეხმარება მენტალური გარდატეხის დაჩქარებაში, როცა [მოქალაქეები] თავიანთი თვალით ნახავენ ევროპის კეთილდღეობას, წესრიგს, სამართლიანობას, ევროპულ კულტურას და ყველა იმ სიკეთეს, რაც ევროპას ახლავს თან“.
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირთან ინტეგრაციის სრულიად ახალი საფეხურია და ახალი დონე ურთიერთობებში, ამბობს საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მკვლევარი გოგიტა ღვედაშვილი, რომლის თქმითაც, ამით საქართველო ევროპული თავისუფალი და ერთიანი სივრცის ნაწილი ხდება: „ეს იქნება ძალიან ბევრი მიმართულებით ახალი სტიმულების მიმცემი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესისათვის და, პირველ ყოვლისა, ეს იქნება ხალხთაშორისი ურთიერთობების კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების გამყარებისთვის ხელშემწყობი და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას ევროკავშირში და ეს არის ძალიან ბევრი მიმართულებით შესაძლებლობებისთვის გახსნილი ფანჯარა“.
სავიზო ლიბერალიზაციის სიკეთეებზე ლაპარაკობენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც რადიო „თავისუფლებამ“ მიმართა თბილისის ქუჩებში: „დიდი წინსვლაა ქვეყნისთვის, მეტად კარგია ახალგაზრდებისთვის – გზას გაიკვლევენ, ოცნებებს აისრულებენ, ბიზნესს წამოიწყებენ“; „უკეთესი იქნება, თუ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემენ ევროინტეგრაციისთვის, ამაზე უკეთესი რა იქნება? თორემ ის სიბნელე უკვე აღარ შეიძლება, რაც იყო და რა სიბნელისკენ წაყვანასაც ისევ ცდილობენ“; „მოქალაქეები დაათვალიერებენ ქალაქებს, მუზეუმებს, კონცერტებს დაესწრებიან, სულიერად განვითარდებიან, ახლობლებს მოინახულებენ. ძალიან დადებით ემოციებს იწვევს“; „ვისაც დასათვალიერებლად აქვს საქმე, კარგია, მაგრამ ჩვენნაირი ხალხისთვის რა?“; „ეს ძალიან კარგია საქართველოსთვის, რომელიც დღემდე განვითარებადი ქვეყნების სიაშია და თუ ერთ დღეს განვითარებული ქვეყანა ვიქნებოდით და ამაში ეს სავიზო ლიბერალიზაციაც წაგვადგება, ძალიან კარგი იქნება“.
დღეს, 28 მარტს საბერძნეთის მიმართულებით რეისზე თვითმფრინავის ბორტზე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისიდან სტუდენტებიც გაემგზავრნენ. ისინი არიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც შენგენის ზონა უვიზოდ პირველად გადაკვეთეს.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 27 მარტი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgia-tbilisi-rustavi-2-tv-case/3783463.html
„ეს არის ნაძარცვის გადანაწილების გაგრძელება“ – დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადება „რუსთავი-2“-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ახალ პროცესებს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომლებსაც ტელეკომპანია 2004 წელს ჩამოართვეს, „ნაძარცვის გადანაწილების გაგრძელებად“ აფასებენ.
„ბოლო პერიოდში ამ პროცესმა განსხვავებული ელფერი შეიძინა. თუკი აქამდე საქმეს, ორი ძირითადი პოლუსი ჰქონდა, ერთი მხრივ, რუსთავი-2-ის დამფუძნებელი კანონიერი მფლობელებისა და მეორე მხრივ, მათი მძარცველი “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ახლა სცენაზე ახალი მოქმედი პირები გამოჩნდნენ“ – ნათქვამია დვალისა და აქიმიძის განცხადებაში.
„იმისათვის, რომ მოვლენების არსს ჩავწვდეთ, ჯერ უნდა გამოვკვეთოთ, რა სურს თითოეულ მხარეს რუსთავი-2-თან მიმართებით. ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის სურვილი მარტივი გასაგებია: ორივეს სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის. რა სურს მთავრობას? მთავრობას სურს შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია. რა თქმა უნდა, “ოცნებას” ესმის, რომ ამ სიტუაციაში რუსთავი-2-ზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდება და ალბათ არც იქმნიან ამის ილუზიას. მაგრამ ეს არც არის საჭირო, ვინაიდან “ოცნების” და ნაცმოძრაობის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა. საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა!“ – ასე ფიქრობენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.
დავით დვალის თქმით, პროკურატურაში, 2012 წლიდან დევს მათი განცხადება, რომ გამოეძიათ, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისთვის ჩამორთმევის ფაქტი. მისი აზრით, „სახელმწიფოს მხრიდან 5-წლიანი დუმილი იწვევს ბუნებრივ ეჭვს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დაინტერესებულია პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებით ან სრულიად შეწყვეტით.“
„ჩვენ პროკურატურაში განცხადება 2012 წლის დეკემბერში შევიტანეთ. ძალიან ინტენსიურად წავიდა და საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა. დაიკითხა ძალიან ბევრი ხალხი. შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ბოლო სტადიაშია, პრაქტიკულად, გამოძიებულია.
შემდეგ პროკურატურამ საქმე თაროზე შემოდო და დღემდე, ძიება გაჩერებულია. 5 წელი გადის უკვე. დღეს უკვე შემიძლია თქმა, რომ დაინტერესებულნი იყვნენ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეში სამონაწილეოდ, ჩვენ სამართლებრივი ბერკეტი არ გვქონოდა. ვიღაცამ ჩამოგვაგვეითა და ჩვენ პროცესის მონაწილის ნაცვლად, გვაქვს მაყურებლის სტატუსი.“
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ძმების ლევან და გიორგი ყარამანიშვილების ბოლოდროინდელ სურვილს, რომ „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცენ, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დემოკრატიულობის ფასადის შექმნის ცინიკურ და მოჩვენებით მცდელობად მიიჩნევენ.
„აშკარაა, რომ სამიდან, მინიმუმ, ორი მხარე, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება “ქართული ოცნება”, ერთმანეთს გაურიგდა ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებაზე. ამ გარიგების ჩრდილოვანი ფინანსური მხარის მასშტაბები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რუსთავი-2-ის მოქმედი დირექტორის მიერ საჯაროდ გაჟღერებული, მისთვის შეთავაზებული 10 მილიონიდან გამომდინარე. ამ გარიგებაში ყველაზე ცინიკური მოჩვენებითი დემოკრატიულობის ფასადის შექმნის მცდელობაა. მართლაცდა, ერთი შეხედვით, დემოკრატიულად გამოიყურება შეთავაზება, რომ წილები თანამშრომლებზე გადანაწილდეს. ამ სვლას, სავარაუდოდ, დაერთვება გარეშე მარეგულირებელი “მიუკერძოებელი” საბჭოს, ან ბორდის შექმნა, რაც შექმნის სრული დემოკრატიულობის ფასადს. სინამდვილეში გასაგებია, რომ შეუძლებელია ნაქურდალის გადანაწილებით რაიმე დემოკრატიულის მიღება, ამ უკანონოდ ჩამორთმეული წილების მორიგი გადანაწილებით მივიღებთ შემდეგს. ტელევიზიას გააკონტროლებენ მხოლოდ თამაშის წესების მიმართ ლოიალური ადამიანები. ასევე დაკომპლექტდება ბორდი ლოიალური ფსევდოოპოზიციური “ინტელექტუალებით”, ვინაიდან შეუძლებელია საღად მოაზროვნე პატიოსანმა ადამიანმა აიღოს ნაქურდალიდან წილი, ან მონაწილობა მიიღოს ნაქურდალი ტელევიზიისთვის დემოკრატიული ფასადის შექმნაში. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დიდი მორალური დანაშაულია, ვიდრე თვით ქურდობის ფაქტი.“ – ვკითხულობთ დვალისა და აქიმიძის განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში 25 მარტს გაავრცელეს.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები, ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები „რუსთავი-2“-ის მეწილეებად 2012 წელს გამოჩდნენ. იმავე წელს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დვალმა და აქიმიძემ პროკურატურას მიმართეს მათთვის ტელევიზიის წართმევის ფაქტი გამოეძია.
2015 წელს, „რუსთავი 2“ -ის ბრძოლა ბიზნესმენმა ქიბარ ხალავშმაც დაიწყო, რომელიც ტელევიზიას 2004-06 წლებში ფლობდა. მან საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის 100%-ვე 2017 წლის 2 მარტს დაიბრუნა და განაცხადა, რომ 50%-ს დვალსა და აქიმიძეს გადასცემდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ მარტის დასაწყისშივე დროებით შეაჩერა.
2017 წლის 23 მარტს, ძმებმა ყარამანიშვილებმა, რომელთა წილები (91%) უზენაესმა სასამართლომ ხალვაშს მიაკუთნა და ამ დრომდე ყადაღა ადევს, „რუსთავი 2“-ის კოლექტივს მიმართეს, ტელევიზიის აქციების 40% გადაცემის სურვილით.
საპასუხოდ, კოლექტივმა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი მფლობელი კომპანიის შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51% მოითხოვა. წილების მიღების მიზნით, კოლექტივმა ღია თათბირზე 40 თანამშრომელი შეარჩია, მათ მზადყოფნა გამოთქვეს დააფუძნონ ახალი შპს „რუსთავი 2-ის გუნდი“ და მისი მეშვეობით მართონ, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ი, თუმცა, ამ შეთავაზებას, ძმებმა ყარამანიშვილებმა უკვე უარით უპასუხეს. მათ განაცხადეს, რომ შუამავალი ფირმა არ სჭირდებათ და დღეიდან, უშუალოდ კოლექტივთან, ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს.
ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის როგორ დასრულდება „რუსთავი 2“-ში არსებული მრავალმხრივი დაპირისპირება ძმებ ყარამანიშვილებს, ნიკა გვარამიას და კოლექტივს შორის, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი. დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროცესს „ნაძარცვის გადანაწილების გაგრძელება“, ხოლო ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარემ – „მასკარადი“ უწოდა.
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 28 მარტი, 2017 წელი
http://www.kommersant.ru/doc/3254177
„დასახელება ძალას ნიშნავს“
დაეხმარება თუ არა სამხრეთ ოსეთს რეფერენდუმი სახელწოდების გადარქმევის შესახებ იმ მიზნის შესრულებაში, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითვალისწინებს
სტატიაში გადმოცემულია „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ წინასაარჩევნო კამპანია, სადაც 9 აპრილს პრეზიდენტის არჩევნები და რეფერენდუმი უნდა გაიმართოს სახელწოდების შეცვლის თაობაზე („სამხრეთ ოსეთი – ალანეთი“). პუბლიკაციაში ვრცლად არის საუბარი ცხინვალში მიმდინარე იმ აქციის თაობაზე, რომელიც ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მხარდამჭერთა მიერაა მოწყობილი (მას კვლავ სურს რესპუბლიკის მეთაურობა). აღწერილია ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც „სამხრეთ ოსეთში“ არჩევნებისა და რეწფერენდუმის წინ სუფევს (ავტორი – ნატალია კორჩენკოვა).
„სამხრეთ ოსეთი უკვე მესამე ათეული წელია გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსით ცხოვრობს: მისი დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ სამმა სახელმწიფომ – ნიკარაგუამ, ვენესუელამ და წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა სახელმწიფოებმა – ნაურუმ და ტუვალუმ აღიარეს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ვენესუელასა და ნიკარაგუაში ელჩებიც კი ჰყავს დანიშნული, მაგრამ ერთგვარი პარადოქსია, რომ ელჩები და საელჩოები, ფულის ეკონომიის მიზნით, ცხინვალში საქმიანობენ“, – აღნიშნავს ავტორი, რომელიც მკითხველის ყურადღებას რესპუბლიკის სახელწოდების გადარქმევაზეც მიაპყრობს და წერს, რომ მოქმედი პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებამ სამხრეთ ოსეთისათვის „ალანეთის“ დარქმევაზე ჩრდილოეთ კავკასიაში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ოსები თავს ალანეთის ადრეფეოდალური სახელმწიფოს მემკვიდრეებად მიიჩნევენ, მაგრამ იმავდროულად ალანებს თავიანთ წინაპრებად ინგუშებიც თვლიან. ვლადიკავკაზი ინგუშების პოზიციას მიუღებლად თვლის. ოსი მეცნიერების აზრით, ალანები ის ოსები არიან, რომლებიც კავკასიის ქედის ორივე მხარეზე – ჩრდილოეთით და სამხრეთით ცხოვრობენ.
ლეონიდ თიბილოვის საბოლოო მიზანს სამხრეთ ოსეთის რუსეთის სემადგენლობაში შესვლა და ორი ოსეთის გაერთიანება წარმოადგენს, თუმცა „კომერსანტის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ცხინვალელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან: რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში რესპუბლიკის შესვლის საკითხი ამ ეტაპზე განუხორციელებელია: მოსკოვს ამჟამად არ სურს ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი დაძაბულობის კერის შექმნა და არც დასავლეთის სანქციების დამატება. სამხრეთ ოსეთი, პრინციპში, ისედაც თითქმის ყველა რუსული სოციალ-ეკონომიკური სიკეთით სარგებლობს, ამას წინათ კი შეიარარებული ძალების გაერთიანებაც მოხდა.
პუბლიკაციის დასასრულს მკითხველი ეცნობა იმ გახმაურებული სკანდალების ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკაში“ მოხდა 2008 წლის შემდეგ, რუსეთიდან გადმორიცხული საბიუჯეტო თანხების განიავებასთან დაკავშირებით. ასევე გამოქვეყნებულია ქრონიკა სათაურით „როგორ მიდიოდა სამხრეთ ოსეთი 1990 წლიდან დამოუკიდებლობისაკენ“.
«Независимая газета» (რუსეთი), 28 მარტი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-03-28/6_6959_ukraina.html
„სუამ“-ის წევრები თავისუფალი ვაჭრობის ზონას ქმნიან
უკრაინა რეგიონული ინტეგრაციული კავშირის რეანიმაციას იწყებს
„უკრაინის მთავრობა „სუამ“-ის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) პროექტის რეანიმირებას ცდილობს, რომელსაც დაარსებიდან 20 წელი უსრულდება. გუშინ კიევში ამ ორგანიზაციის ლიდერთა სამიტი გაიმართა, წევრი-ქვეყნების პრემიერ-მინისტრების დონეზე. ასევე პირველად ჩატარდა ბიზნეს-ფორუმიც. როგორც მასმედიით გამოცხადდა, მიმდინარე წლის ბოლოს, „სუამ“-ის ჩარჩოებში თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება, რომლის შედეგად „სუამ“-ელები ჯერ კიდევ შორეულ 2003 წელს შეთანხმდნენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ტატიანა ივჟენკო).
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ისტორია „სუამ“-ის შექმნის შესახებ – თუ როგორ ჩამოყალიბდა 2000-იანი წლების დასაწყისში, აშშ-ის ხელშეწყობით და რუსეთის ინტეგრაციული პროექტების წინააღმდეგ დსთ-ის სივრცეში, საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაციის მსგავსი წარმონაქმნი „სუუამ“-ი, რომელიც თავიდანვე არამყარი აღმოჩნდა: ორიოდე წლის შემდეგ მის წევრობაზე უარი განაცხადა უზბეკეთმა. მოგვიანებით „სუამ“-ის გამოცოცხლებას საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები – მიხეილ სააკაშვილი და ვიქტორ იუშენკო შეეცადნენ და მას „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია“ უწოდეს. „სუამ“-ს ამან არ უშველა და 2000-იანი წლების ბოლოს მისი არსებობა თითქმის მიავიწყდათ, მით უმეტეს, რომ მოლდოვას მაშინდელმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ვორონინმა პირდაპირ განაცხადა ამ გაერთიანების უპერსპექტივობის თაობაზე. ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს მოსალოდნელიც, რადგან „სუამ“-ის ყველა წევრი, მეტად თუ ნაკლებად, მაინც რუსეთზე იყო დამოკიდებული და ყველა ცდილობდა მოსკოვთან კავშირი შეენარჩუნებინა. შემდეგ კი ვიქტორ იუშენკომ და მიხეილ სააკაშვილმაც ხელისუფლება დაკარგეს…
„ამჟამად სახელმწიფოთაშორისო ურთიერეთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია – უკრაინამ ბოლო წლებში დსთ-ის წევრი სახელმწიფოებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება გააძლიერა – ყირიმისა და დონბასის მიმართ ამორფული დამოკიდებულების გამო. ამიტომაც „სუამ“-ის სამიტისადმი ყურადღება განსაკუთრებულადაა გამახვილებული. შეხვედრა უკრაინის პრემიერის ვლადიმირ გროისმანის ინიციატივით განხორციელდა, რომელშიც მისი ქართველი და მოლდოველი კოლეგები გიორგი კვირიკაშვილი და პაველ ფილიპი მონაწილეობდნენ, აზერბაიჯანიდან კი ვიცე-პრემიერი ისმეთ დურსუნ-ოღლი აბასოვი. ყველა გამომსვლელი, ისევე როგორც 15 წლის წინათ, ეკონომიკური ურთიერთობის დიდ მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა. ისაუბრეს აგრეთვე სეპარატიზმის პრობლემაზეც… პრემიერმა ვლადიმირ გროისმანმა მხარეებს მოუწოდა გაერთიანებინათ ძალისხმევა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა-დაცვის მიზნით. მან ყურადღება გაამახვილა აგრეთვე „სუამ“-ის წევრი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის უკეთ სარგებლობისთვისაც. ვ.გროისმანმა აღნიშნა, რომ „სუამ“-ის მთავარი პარტნიორებს – აშშ-სა და იაპონიას ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებიც დაემატებიან (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). საინტერესოა, რომ რეგიონული კონფლიქტებზე საუბრისას, „რომლებიც გარეშე ძალების ჩარევით არის გამოწვეული“, სიტყვა „რუსეთი“ საერთოდ არ გაჟღერებულა.
კიევში სამიტის წინა დღეებში მიანიშნებდნენ, რომ „სუამ“-ის რეანიმაციაში ვაშინგტონია ჩართული და ეს ყველაფერი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის წინ უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად ხდებაო. საერთოდ, ბოლო ხანებში უკრაინა-აშშ-ის აქტიურობა მართლაც შეიმჩნევა – საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ბოლო თვეში ორჯერ იყო ჩასული ვაშინგტონში, ხოლო კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი იმყოფებოდა. მანამდე კი პეტრო პოროშენკო მიუნჰენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკლ პენსს შეხვდა, უფრო ადრე კი ორჯერ ელაპარაკა ტელეფონით დონალდ ტრამპს… ჰოდა, ასეთ ფონზე „ნეზავისიმაია გაზეტას“ კიეველი წყაროები ჯერ კიდევ წინა კვირაში დასაშვებად მიიჩნევდნენ იმას, რომ კიევი მარტო თავის სახელით კი არა, ამერიკის სახელითაც მოქმედებდა, დსთ-ში მიზიდულობის მეორე ცენტრის შექმნის მიზნით. მაგრამ სამიტზე პატრო პოროშენკო საერთოდ არ გამოჩენილა – იგი კიევთან ახლოს უკრაინის ეროვნული გვარდიის დაარსების მორიგ წლისთავს აღნიშნავდა. გუშინ „ნეზავისიმაია გაზეტას“ ერთ-ერთმა ექსპერტმა განუმარტა, რომ ასეთი მოქმედებით პეტრო პოროშენკომ იმის დემონტრირება მოახდინა, რომ იგი სამიტს სერიოზულ ღონისძიებად არ მიიჩნევს. უკრაინის მეთაურს იმედი არ აქვს, რომ დონალდ ტრამპი „სუამ“-ის რეანიმაციას მხარს დაუჭერს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში [აქვე შევნიშნავთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პეტრო პოროშენკო სამიტის მონაწილეებს შეხვდა და მათთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელა - მთარგმნ.].
სტატიის დასასრულს ავტორი წერს, რომ „სუამ“-ის სამიტის მონაწილეებმა გადაწყვიტეს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შეთანხმება აამოქმედონ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებისა და პრინციპების შესაბამისად: „ჩვენ 2016 წელს მხოლოდ 2,9%-იანი ზრდა გვქონდა, რაც ჩვენს პოტენციალს სრულად არ ასახავს“, – განაცხადა ვლადიმირ გროისმანმა. ამ მიზნით მხარეებმა გააფორმეს ორი ოქმი, რომელთაგან ერთი სამუშაო ორგანოს შექმნას ითვალისწინებს, მოქმედების კოორდინირების მიზნით, მეორე კი – „სუამ“-ის საბაჟო ადმინისტრაციების მიერ ცალკეული პროცედურების აღიარების თაობაზე, რომლებიც საზღვრებზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადადგილებას ეხება.
————
რუსული, უკრაინული და დასავლური მასმედიით გუშინ, 27 მარტს საკმაოდ ბევრი კომენტარი, შეფასება და თვალსაზრისი გავრცელდა კიევში გამართული „სუამ“-ის ქვეყნების პრემიერ-მინისტრების სამიტთან დაკავშირებით.
დადებითი კომენტარები:
“სუამ”-ში თავისუფალი ვაჭრობის ზონის ჩამოყალიბებით ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოვდება”, – განაცხადა კიეველმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ლეონოვმა. მას ეთანხმება ალექსეი კურპასი, რომელიც უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ რადგანაც ყველა სუამ-ელს ერთნაირი პრობლემები აქვთ (კონფლიქტური რეგიონები), საერთო ძალებით რუსეთს უკან დაახევინებენ… „შედეგი, ალბათ, 2018 წელს გამოჩნდება, როცა პუტინს პრეზიდენტად აღარ აირჩევენ. და თუ ისევ მას აირჩევენ, სუამი კვლავ ჩაიძინებს”, – ესეც ალექსეი კურპასის ნათქვამია (წყარო:http://www.golos-ameriki.ru/a/guam-treaty-new-deal/3783793.html).
უარყოფითი შეფასებები:
ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს უკრაინული სამსახურის მიერ გამოკითხული ექსპერტები სკეპტიკურად აფასებენ სუამ-ის განმტკიცების შანსებს გავლენიან სტრუქტურად გადაქცევის თვალსაზრისით – მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე ქვეყანას ერთნაირი პრობლემები აქვთ. პუბლიკაციასაც შესაფერისი სათაური აქვს: „სუამი და სუვერენიტეტის დაცვა: 20 წელი წარმატების გარეშე“. აი, რას ამბობს ანალიტიკური ჯგუფის „Da Vinci AG“-ის დირექტორი ანატოლი ბარონინი: „დღეს სუამ-ს საშუალოვადიანი პერსპექტივაც კი არ აქვს. ოთხი ქვეყნიდან სამის ხელისუფლება (აზერბაიჯანის, მოლდოვისა და საქართველოსი) რუსეთს ლოიალურად ეკიდება. გარდა ამისა, კიშინიოვი და ბაქო თავიანთი ტერიტორიების დაკარგვაში რუსეთს არ ადანაშაულებენ, უკრაინა კი პირიქით. აშკარაა, რომ სამი ქვეყანა აღარ ეთანხმება ამ ორგანიზაციის საწყის პრინციპს – მოსკოვის პოლიტიკის საპირწონის სახით“.
„მე ვერ ვიხსენებ რომელიმე ერთ პროექტს მაინც, რომელიც „სუამ“-ის ჩარჩოებში დასრულებულიყოს მისი არსებობის პერიოდში… და თუ არასოდეს წარმატება არ გქონია, ძნელია ახლა დაგიჯერო, რომ უკეთესი პერსპექტივა გექნება“, – ამბობს კიევის საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრის თანადირექტორი ალექსეი მელნიკი (წყარო: http://www.bbc.com/ukrainian/features-russian-39411167).
„სუამ“-ი როგორც ორგანიზაცია, პრაქტიკულად მკვდარია. წევრი ქვეყნების ინტერესები სხვადასხვა ვექტორული გახდა: უკრაინისაგან განსხვავებით, საქართველო, აზერბაიჯანი და მოლდოვა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობენ“, – ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დიპლომატიური აკადემიის თანამშრომელი გრიგორი პერეპელიცა. მას ეთანხმება კიევის პოლიტიკური ანალიზისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის დირექტორი რუსლან ბორტნიკიც: „სუამ“-ის შექმნის დროიდან ფაქტიურად არაფერი გაკეთებულა. რაც შეეხება თავისუფალ ეკონომიკური ზონის გეგმებს, „სუამი“ უფრო მეტად პოლიტიკური ყალიბია, რომელიც იმავდროულად რეალურ მიზნებსაა მოკლებული“ (წყარო: https://www.ridus.ru/news/248551)