globalresearch.ge

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემები აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ვითარების დინამიკის პირობებში

Posted by Globalresearch on Mar 28th, 2017 and filed under კვლევები, ჩვენი კვლევები. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რა იცვლება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა გავაანალიზოთ ის ვითარება, რომელიც ჩამოყალიბდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მოქმედების წლებში (2009-2016). 2009 წლის იანვარში ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ რადიკალურად შეცვალეს ე.წ. ,,ბუშის დოქტრინა’’, რომელსაც სხვანაირად ,,უნილატერალიზმსაც’’ უწოდებნენ. ამ დოქტრინის თანახმად (თვითონ ბუშის სიტყვებით) აშშ-ს: უნდა ერთნაირად მოეთხოვა პასუხი როგორც ტერორისტებისათვის, ისე იმ ქვეყნებისათვის, სადაც ტერორისტები აფარებდნენ თავს; უნდა ჩაბმულიყო ბრძოლაში ტერორისტებთან ,,ოკეანეების გაღმაც’’ მანამ, სანამ ისინი თავს დაესხმებოდნენ აშშ-ს; უნდა დაპირისპირებოდა შესაძლო მუქარას, მანამ, სანამ მოხდებოდა მუქარის მატერიალიზაცია და ,,უნდა გაევრცელებინა თავისუფლება და იმედი, როგორც ალტერნატივა მოწინააღმდეგის იდეოლოგიისა, რომელიც რეპრესიებზე და შიშზე იყო აგებული’’.  მთავარი კი ის იყო, რომ ბუშის დოქტრინის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გაერო ან/და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები და აშშ-ს ტრადიციული მოკავშირეებიც არ დაუჭერდნენ მხარს აშშ-ს ინიციატივას, აშშ-ს უნდა ემოქმედა მარტო, ანუ ,,უნილატერულად’’.

პრეზიდენტ ობამას და მის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ერგოთ წილად. 2008 წელს აშშ-ში დაიწყო უდიდესი ფინანსური კრიზისი და რეცესია 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ. უმძიმეს ტვირთს ორი დაუმთავრებელი და არაპოპულარული ომიც (ერაყსა და ავღანეთში) წარმოადგენდა. ასეთ ვითარებაში ობამამ რადიკალურად შეცვალა აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, და ახალი, ანუ ობამას დოქტრინის საფუძვლები თავის ნობელის ლექციაში ჩამოაყალიბა. ობამას დოქტრინის თანახმად აშშ ჩაერეოდა მის საზღვრებს გარეთ მიმდინარე პროცესებში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ამას ექნებოდა საერთაშორისო სამართლით გამაგრებული საფუძველი; შედგებოდა შესაბამისი კოალიცია, რომლის ფარგლებში მონაწილეები ზუსტად განსაზღვრავდნენ კოალიციის ყოველი მონაწილის მოვალეობებს; თუ შესაბამისი ექსპერტები დაასაბუთებდნენ ოპერაციის არა მარტო აუცილებლობას, არამედ იმასაც, რომ რესურსები საკმარისია ოპერაციის გარანტირებული წარმატებისათვის. (აღსანიშნავია, რომ ობამამ შეინარჩუნა ბუშის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი თავის თანამდებობაზე ორნახევარი წლის განმავლობაში და თათბირებზე, როცა ,,ენთუზიასტები’’ ითხოვდნენ ახალი ძალოვანი ოპერაციების დაწყებას სადმე მსოფლიოში, გეიტსი კითხულობდა: ,,ხომ არ ჯობია, ჯერ დავასრულოთ ის ორი ომი, რომელიც ადრე წამოვიწყეთ, ვიდრე ახალ ომებში ჩავებმებით?’’)

რუსეთთან დაკავშირებით ობამამ წამოიწყო ე.წ. ,,ხელახალი ჩატვირთვის’’ პოლიტიკა და თანამიმდევრულად ახორციელებდა მას. საგულისხმოა, რომ ეს პოლიტიკა მან წამოიწყო მაშინ, როდესაც მსოფლიო ჯერ კიდევ შეძრული იყო ,,პატარა ომით’’ (იხ. რონ ასმუსის წიგნი): 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ განხორციელებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ავანტიურამ საშუალება მისცა რუსეთის მთავრობას განეხორციელებინა საქართველოს ოკუპაცია, განეთავსებინა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზები და ეცნო საქართველოს ეს ძირძველი რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ამან მთლიანად დაამსხვრია დასავლეთში ცივი ომის დასრულებისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ დამკვიდრებული აზრი მსოფლიოში ახალი წესრიგისა და ,,ხელშეუხებელი წითელი ხაზების შესახებ’’.

ბუნებრივია, ,,ხელახალი ჩატვირთვის პოლიტიკას’’ და მთლიანად ობამას დოქტრინას აშშ-ს გავლენიანი პოლიტიკური ელიტების ნაწილის უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა – ობამას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ უბრძოლველად თმობდა აშშ-ს მსოფლიო ლიდერის პოზიციას არადემოკრატიული ძალების სასარგებლოდ.

ბუში და მისი ადმინისტრაცია ფერად რევოლუციებს ბუშის დოქტრინის რეალიზების ეტაპებად განიხილავდნენ. ამ რევოლუციების ერთი-მეორის მიყოლებით ,,გაფერმკრთალების“ ფონზე საქართველო და სააკაშვილი ერთადერთ წარმატებულ ისტორიად განიხილებოდა. ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით, ბუშის ადმინისტრაციის ბოლო წლებში სააკაშვილი ,,თავისუფლების და იმედის გავრცელების“ ერთადერთ ,,სარეკლამო ბიჭუნად“ იქცა. სიტუაცია შეიცვალა უცებ და ძალიან მკვეთრად 2008 წლის აგვისტოს დღეებში, როცა ბუშმა ნადვილ ღალატად და მოტყუებად მიიჩნია სააკაშვილის ავანტიურა. (ცნობილია, რომ ბუში მაშინ ურჩევდა სარკოზის, რომ ის არც ჩასულიყო თბილისში, ვინაიდან ამას, ბუშის აზრით, არავითარი აზრი აღარ ჰქონდა). მანამდე კი სააკაშვილი ხშირად ურეკავდა ბუშს და ხშირად ხვდებოდა მას. შედარებისათვის საკმარისია გავიხსენოთ, რომ ობამამ მიიღო სააკაშვილი მხოლოდ 2011 წელს და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც სააკაშვილმა დააკმაყოფილა აშშ-ს მოთხოვნა და დათანმხდა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. (დასავლეთელი ანალიტიკოსები მაშინ აღნიშნავდნენ, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია დაპირდა სააკაშვილს ბუშის შეხვედრას სწორედ ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ არც აშშ და არც რუსეთი არ ითხოვდნენ სააკაშვილისაგან იმ სამარცხვინო და მოღალატურ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას – ეს თვითონ სააკაშვილის ინიციატივა იყო!);

2010 წელს მოსკოვში ყოფნისას ობამამ განაცხადა, რომ ნატო არასოდეს მიიღებდა თავის რიგებში ისეთ ქყვეყანას, რომელიც საკუთარ საგარეო პოლიტიკას რუსეთთან კონფრონტაციაზე ააგებდა და რომ ნატოს ამოცანაა მჭიდრო თანამშრომლობა და არა დაპირისპირება რუსეთთან.

ობამას დოქტრინის უმძიმესი გამოცდა იყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და დონეცკსა და ლუგანსკში ბრძოლების გაჩაღება. მაშინ გამართულ ერთ–ერთ თათბირზე ობამამ აღნიშნა, რომ მას რომ თავში მოსვლოდა მექსიკაში ან კანადაში შეჭრა, ამას ვერავინ აღუდგებოდა წინ. ამის შემდეგ მან უარი თქვა უკრაინისათვის ყველა ტიპის სამხედრო დახმარებაზე რადარებისა და ღამის ხედვის ხელსაწყოების მიწოდებისა და უკრაინელი სამხედროების წვრთნის გარდა. სახელმწიფო მდივანი კერი კი ამის შემდეგ რეგულარურად სტუმრობდა რუსეთს და, მაგალითად, პუტინთან სოჭში შეხვედრის შემდეგ საჯაროდ მოსთხოვა უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულების პირობების დაცვა. ობამას ამ მოქმედებას ისევ მკაცრად აკრიტიკებდნენ. მაგალითად სენატორი მაკკეინი (სხვებთან ერთად) ითხოვდა უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას და აცხადებდა, რომ მას რცხვენია, რომ ის ამერიკელია და რცხვენია, რომ აშშ-ს ობამასმაირი პრეზიდენტი ჰყავს..

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყირიმის ანექსიის დღეებში, როდესაც აშშ-ს კონგრესში გაისმა განცხადებები, რომ ანექსიის შემთხვევაში საქართველოს მაშინვე მისცემდნენ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, ანუ MAP-ს, ობამამ  განაცხადა, რომ არც უკრაინა და არც საქართველო საერთოდ არ იდგენენ იმ გზაზე, რომელიც ამ ქვეყნებს ნატოსკენ მიიყვანდა და, შესაბამისად, MAP–ის მიცემაც საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში. ამ პოზიციით ობამამ გადაარჩინა საქართველო მნიშვნელოვან კრიზისს, ვინაიდან, რუსეთის მთავრობის განცხადებით, საქართველოსათვის MAP–ის მინიჭების შემთხვევაში, რუსეთის მთავრობა ამას მკვეთრი და კონკრეტული ზომებით უპასუხებდა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი ზომების ნუსხაში შედიოდა როგორც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სრული ფორმალური ანექსია, ასევე რუსეთის სახედრო ჯარების დაბრუნება საქართველოს ტერიტორიაზე იქ, სადაც ბაზები ადრეც იყო (მაგ. ახალქალაქში) და ა.შ.  ვითარების დინამიკის კვალობაზე რუსეთი იმ ზომას მიმართავდა, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევდა. იმ დღეებში ვკითხე საქართველოში მყოფ რამდენიმე დასავლეთელ დიპლომატს და ექსპერტს, თუ როგორი იქნებოდა დასავლეთის რეაგირება საქართველოს მიმართ რუსეთის მხრიდან ახალი, კონკრეტული და მკვეთრი ზომების გატარების შემთხვევაში და ყველამ აღნიშნა, რომ დასავლეთის რეაგირება იქნებოდა ბევრად უფრო სუსტი იმაზე, რაც დასავლეთმა მოახდინა ყირიმის ანექსიაზე – ანუ რეალურად ნულის ტოლი.

ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისი არმია სულ რამდენიმე საათში აიღებდა ბალტიის ქვეყნების დედაქალაქებს, ვარშავას და ა.შ. დასავლეთის სამხედრო ექსპერტები ადასტურებდნენ, რომ რუსეთის არმიას ეს ნამდვილად შეუძლია, ვინაიდან მისი დიდი კონტინგენტი განთავსებულია ამ ქვეყნების საზღვრებთან, ხოლო ,,ახალი ნატოელების’’ ტერიტორიაზე ნატოს ჯარები არ დგას, ვინაიდან ნატო შეთანხმდა რუსეთთან, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ნატოს ჯარები არ განთავსდებოდნენ მათ მიწაზე. ვითარების შეცვლა დაიწყო ნატოს უელსის სამიტიდან 2014 სექტემბერში. ახალი ნატოელები კატეგორიულად მოითხოვდნენ ჯარების განთავსებას თავის ტერიტორიაზე და საჯაროდ სდებდნენ ნატოს ბრალს იმაში, რომ მას არ უნდა წესდების მე-5 პუნქტის შესრულება და საკუთარი წევრების დაცვა გარე აგრესიის შემთხვევაში. უელსის სამიტზე პრინციპულად გადაწყდა ნატოს შეზღუდული კონტინგენტის განთავსება ამ ქვეყნებში, ხოლო 2016 წლის ვარშავის სამიტზე ეს გადაწყვეტილება უფრო დაკონკრეტდა. აღსანიშნავია ორი რამ: პირველი – აშშ-ს ადმინისტრაციას არ ჰქონდა პროქატიური პოზიცია ამ სამიტებზე. ის არ გამოდიოდა ინიციატორად და არავისზე ახდენდა ზეწოლას. (შედარებისათვის: ბუში მართლაც იბრძოდა მთელ თავის დელეგაციასთან ერთად ნატოს ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტზე საქართველოსათვის მაპის მინიჭებისათვის და შედეგად, იმ პირობებში, როდესაც ნატოს მთავარი წევრებიდან სხვა არავინ იბრძოდა, არამედ ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, ანგარიშს უწევდა აშშ-ს მოთხოვნას, სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიას). მეორე კი ის არის, რომ ნატო განათავსებს ბალტიის და სხვა ახალი ნატოელების ტერიტორიაზე სრულიად სიმბოლურ კონტინგენტს და შეიარაღებას. ასეთი სამხედრო ძალა ვერანაირად ვერ შეაკავებს რუსეთის არმიას მისი მხრიდან მასირებული შეტევის შემთხვევაში, მაგრამ მას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. აგრესიის შემთხვევაში რუსეთის არმიას მოუწევს ნატოს ჯარისკაცების დახოცვა და რუსეთის მთავრობამ იცის, რომ მაშინ ნატო სრული ძალით მოქმედებს, ხოლო ნატოს სრული ძალა ბევრჯერ აღემატება რუსეთის ამჟამინდელ სამხედრო პოტენციალს. როგორც აღნიშნა გულახდილ საჯარო განცხადებაში სერგეი ივანოვმა (იმ დროს პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა), რუსეთი ნატოსთან შედარებით ისეთივე სუსტია, როგორც პატარა ფინია სპილოსთან შედარებით (გავიხსენოთ, რატომ უყეფდა ფინია სპილოს კრილოვის ცნობილ იგავ-არაკში) და რომ რუსეთისათვის ნატოსთან სამხედრო დაპირისპირება ნამდვილი თვითმკვლელობა იქნებოდა.

უელსის და ვარშავის სამიტზე საერთოდ არ განხილულა საქართველოსათვის MAP–ის მიცემა, მაგრამ გადაწყდა, რომ ნატო ჩართავდა საქართველოს სხვადასხვა ღონისძიებებში. ობამას ადმინისტრაციამ კი განაგრძო საქართველოსთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობის განვითარება.

რუსეთის მთავრობის რეაგირება ნატოს სამიტების გადაწყვეტილებაზე მწვავე იყო. მიუხედავად ნატოს მიერ სამხედრო თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯების სრული სიმბოლურობისა, რუსული მთავრობა აცხადებდა, რომ ნატო დგამს მტრულ ნაბიჯებს რუსეთის მიმართ, რომ ნატოს მოქმედება ემუქრება რუსეთის უსაფრთხოებას, რომ დასავლეთს უნდა ისევ დააჩოქოს რუსეთი და ა.შ. და რომ რუსეთი არც ერთ ასეთ ნაბიჯს არ დატოვებს კონკრეტული და ადეკვატური პასუხების გარეშე. საგულისხმოა, რომ ცნობილ რუს პოლიტოლოგებს შორის არაერთმა განაცხადა, ისევე, როგორც წლების წინათ, რომ ნატოს რუსეთის მტრად გამოცხადება არის სრულიად არაადეკვატური, ვინაიდან ნატო არავითარ შემთხვევაში არ დაესხმება თავს რუსეთს; რომ მსოფლიოში ძალთა ამჟამინდელი განაწილების პირობებში  ნატო არის რუსეთის ბუნებრივი მოკავშირე და მზად არის ამ მოკავშირეობისათვის, ხოლო რუსეთისათვის ნამდვილი გარე საფრთხეები სულ სხვა მიმართულებიდან იკვეთება და ა.შ., მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ, ცხადია, არ შეცვალა და არც ცვლის თავის პოზიციას. რუსეთის მთავრობის მოტივაციაზე ბევრი დაიწერა და ჩვენი ანალიზისათვის ეს ამჟამად არც არის არსებითი. მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნატოს ღონისძიებებში ჩართულობა და სამხედრო ინსტიტუციონალური თანამშრომლობა აშშ-თან ატარებს სრულიად სიმბოლურ ხასიათს, რუსეთის მთავრობამ ამას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

მოკლედ ფაქტობრივ ვითარებაზე: ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ჩაერთო ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში და განაცხადა მზაობა ამ მიზნით ნატომ გამოიყენოს ჩვენი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ინსფრასტრუქტურა. ამა წლის მაისში დაიგეგმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვა. გაიხსნა ნატო-საქართველოს ე.წ. ერთობლივი სასწავლო-მოსამზადებელი ცენტრი (სინამდვილეში ისეთივე ცენტრია, როგორც ადრე არსებული, უბრალოდ, გათვალისწინებულია ნატოს პედაგოგების მცირე მონაწილეობა). საქართველო მიუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს (ამისათვის მხოლოდ ერთი, 130 სამხედროსაგან შემდგარი რაზმია გამოყოფილი). 2015 წლიდან საქართველოში უფრო აქტიურად ტარდება სამხედრო წვრთნები ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად. 2015 წლის მაისში პირველად ჩატარდა საქართველოს და აშშ-ს ორმხრივი სამხედრო წვრთნები ,,Noble Partner’’. მას შემდეგ ასეთი წვრთნები ყოველწლიურად ტარდება და ამისათვის საქართველოში დროებით შემოყავთ ამერიკული ჯავშანტექნიკა, ტანკების ჩათვლით, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან.

რუსეთის მოქმედებიდან ჩანს, რომ რუსეთის მთავრობა თავს ვალდებულად მიიჩნევს, საქართველოს ნატოსთან და აშშ-თან სამხედრო თანამშრომლობის ყოველ ფაქტზე კონკრეტული რეაგირება მოახდინოს და საპასუხო ზომა მიიღოს. რუსეთის მთავრობის რეაგირება არ შემოიფარგლება მთავრობის წარმომადგენლების ხისტი განცხადებებით – საქართველოს ნატოსთან და აშშ-თან თანამშრომლობის მოყვანილი ფაქტების კვალდაკვალ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში იქნა შეყვანილი. მისივე განკარგულებით სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, რუსეთის გმირი, გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ ტეპლინსკი დაინიშნა. გარდა ამისა, რუსეთმა გუდაუთის სამხედრო ბაზაზე დამატებით შეიყვანა C-300-ის ტიპის სარაკეტო დანადგარები. ფაქტია, რომ კრემლი აფაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორაიზე თავის სამხედრო ბაზებს კიდევ უფრო აძლიერებს და ეს გაძლიერება ნამდვილად არ ატარებს სიმბოლურ ხასიათს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ „ანკარასთან მოსკოვის ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი აღდგენა და კოოპერაცია წაადგება მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში“. ეს განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის დე-ფაქტო ერთპიროვნული მმართველი ერდოღანი ბოლო დროის განმავლობაში ღიად უპირისპირდება დასავლეთს, ხშირ შემთხვევაში აღარ ერიდება პირდაპირ საჯარო მუქარებს დასავლეთის მისამართით, ხოლო ერდოღანის მიერ თურქეთის გენერალიტეტის ხუთჯერ (!) ჩატარებულმა წმენდამ პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა ნატოს მომხრეთა გავლენა თურქეთში. აქვე გავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის მიერ სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის წამოწყებისთანავე, ერდოღანი ჩაფრინდა მოსკოვში და შემდეგ ნატოს წევრი თურქეთი რამდენიმე დღის განმავლობაში აყოვნებდა აშშ-ს სამხედრო გემების შემოშვებას შავ ზღვაში). ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლავროვის განცხადება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი მოელაპარაკა თურქეთს, რომ ნატოს მიერ „შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის“ განხორციელებას რუსეთი და თურქეთი თავის კოორდინირებულ მოქმედებას დაუპირისპირებენ და რომ მათი მოქმედება საქართველოს მიმართ ასევე კოორდინირებული იქნება.

ზოგიერთ რუს ექსპერტს მიაჩნია, რომ ნატოსთან და ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობით საქართველოს მთავრობა, რომელიც საჯარო გამოსვლებში აღარ ითხოვს ნატოსგან MAP–ს, ხაზს უსვამს, რომ მისი არც ერთი მოქმედება და დასავლეთთან ურთიერთობა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, რომ ყველაფერს აკეთებს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციისათვის და ა.შ., სინამდვილეში ამით ნიღბავს იმას, რომ უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც საქართველო ფაქტობრივად ჩართულია ობამას მიერ წამოწყებულ რუსეთის შეკავების პოლიტიკის განხორციელებაში, და რომ ამას რუსეთის მთავრობა არ დატოვებს რეაგირების გარეშე.

დონალდ ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევას რუსეთის პოლიტიკური ელიტა ზარ-ზეიმით შეხვდა. ცნობილ ლოზუნგს ,,крымнаш’’ – ,,трампнаш’’ დაემატა. რუსეთში და დასავლეთშიც ექსპერტების ნაწილი აცხადებდა, რომ ტრამპის ,,პრორუსული’’ და,  რაც მთავარია, პროპუტინისეული განწყობა განაპირობებდა იმას, რომ ტრამპი დაუთმობდა რუსეთს სრულ ბატონობას მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში; რომ ტრამპის ღია სკეპტიკური და ხისტი განცხადებები ნატოზე, როგორც მოძველებულ ორგანიზაციაზე და იმაზე, რომ ევროპელებმა თვითონ უნდა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება, ნიშნავდა ნატოში ქაოსური პროცესების დაწყებას და ნატოს დაუძლურებას, რაც კიდევ უფრო გაუზრდიდა რუსეთის მთავრობას თავისუფლების ხარისხს, არა მარტო პოსტსაბჭოურ სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ცნობილმა პოლიტოლოგმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, მით უფრო იმ ფონზე, რომ რესპუბლიკელებმა უმრავლესობა მოიპოვეს კონგრესშიც და სენატშიც, არავითარ შემთხვევაში არ იქნება უფრო რბილი თავის საგარეო პოლიტიკაში და რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე ობამას ადმინისტრაცია იყო. ეს პროგნოზი მალე გამართლდა. აშშ-ში განვითარდა დიდი სკანდალი და დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, რა დონეზე თანამშრომლობდა ტრამპის გუნდი რუსეთის მთავრობასთან და ამ სკანდალის გრადუსი მხოლოდ მატულობს. ტრამპის მიერ დანიშნული მაღალჩინოსნები ერთიმეორის მიყოლებით აკეთებენ უფრო ხისტ განცხადებებს რუსეთის მიმართ და უყენებენ რუსეთს უფრო ხისტ მოთხოვნებს, ვიდრე ეს კეთდებოდა ობამას დროს. პირადად ტრამპის რეიტინგი ახლადარჩეული პრეზიდენტისათვის უპრეცედენტოდ დაეცა და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მას უწევს და კიდევ უფრო მეტად მოუწევს იმის მტკიცება, რომ ის უფრო ანტირუსულად არის განწყობილი, ვიდრე მისი ადმინისტრაციის წევრები. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ აშშ არ შეამცირებს თავის ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში საქართველოსთან და არც ნატო არ შეზღუდავს საკუთარი ინიციატივით საქართველოს ჩართულობას ნატოს პროგრამებში. მაგრამ ნიშნავს კი ეს ყველაფერი საქართველოს მეტ დაცულობას? პარადოქსი ის არის, რომ სამხედრო თანამშრომლობა დასავლეთთან, რომელიც ნამდვილად არ გასცდენია სრულიად სიმბოლურ მასშტაბს (ამაში არ ვგულისხმობთ ქართული კონტინგენტის მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, რაც ნამდვილად არ არის სიმბოლური ოდენობისა), იმ შემთხვევაშიც კი, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდოს, მხოლოდ შეამცირებს ჩვენი უსაფრთხოების დონეს. ვინაიდან დასავლეთი არ (და ვერ) დაიცავს საქართველოს და როგორიც უნდა იყოს რუსეთის ,,კონკრეტული საპასუხო ზომები’’, ამ წერილში უკვე ნახსენები ზომების ჩათვლით, დასავლეთი შემოიფარგლება მხოლოდ ისეთი რეაგირებით, რომელიც ბევრად უფრო სუსტი იქნება, ვიდრე დასავლეთის რეაგირება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე 2014 წელს. ბუნებრივად ისმის კითხვა: ხომ არ ჯობია საქართველოს მთავრობამ აუხსნას ეს ყველაფერი დასავლეთელ მეგობრებს, რომელთა დიდი ნაწილი შვებით მიიღებს იმას, რომ საქართველოს სახით ,,მუდმივი თავის ტკივილი’’ მოშორდათ. (ნატოს თანამშრომლებისაგან და უცხოელ ექსპერტებისაგან ვიცი, როგორი შვებით შეხვდნენ ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას აღარ უნდოდა გაწევრიანება ნატოში). პარადოქსის მეორე მხარე ის არის, რომ ესეც არ გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაშიც რუსეთის მთავრობისათვის ნატოს ნებისმიერი ნაბიჯი ან განცხადება, თუნდაც საქართველოსთან არანაირად არ დაკავშირებული, შეიძლება საკმარის საბაბად იყოს გამოყენებული ,,კონკრეტული საპასუხო ზომების მისაღებად’’ ყველა იმ რეგიონში, სადაც კი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევენ, ჩვენი რეგიონი კი რჩება ერთერთ ყველაზე მიმზიდველად ასეთი საპასუხო მოქმედებებისათვის. საქართველოს მთავრობა (ახლანდელიც და სხვაც) ამ ისტორიულ ეტაპზე მოკლებულია საშუალებას, ნორმალურად დაელაპარაკოს რუს კოლეგებს იმ პირობებზე, რომლებიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნებოდა რუსეთის ხელისუფლების შეუვალი პოზიციის გამო. ეს პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ასეთი მოლაპარაკების დაწყებას წინ უნდა უძღოდეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ამ აღდგენისათვის კი საჭიროა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და ა.შ. ეს კი ის პირობებია, რომელთა შესრულებაზე საქართველოს ვერცერთი ხელისუფლება ვერ დათანხმდება. ამრიგად შექმნილი ვითარება მეტად ზღუდავს საქართველოს ნებისმიერი მთავრობის კონსტრუქციულ მოქმედებას. დაბოლოს: 2008 წლის დასაწყისიდან, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავების კვალობაზე, ქართველი ექსპერტები და პოლიტოლოგები, მათ შორის ყველაზე კარგები, ერთხმად აცხადებდნენ, რომ რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ სცნობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს გაცილებით მეტ პრობლემას და ზიანს მოუტანდა რუსეთის სახელმწიფოს, ვიდრე რაიმე პოზიტივს. ჩემს გამოსვლებში მთლიანად ვეთანხმებოდი კოლეგების ამ არგუმენტს, მაგრამ იქვე ვაცხადებდი, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა, იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მის რეიტინგს და მისი ძალაუფლების კონსოლიდაციას ეს წაადგება, არავითარ ანგარიშს არ გაუწევს ე.წ. ეროვნულ, ანუ სახელმწიფო ინტერესებს და მაშინვე სცნობს საქართველოს ამ ძირძველი რეგიონებს დამოუიდებელ სახელმწიფოებად. 2012 წელს უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში განვაცხადე, რომ მოდის დრო, როდესაც პუტინი, მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იძულებული იქნება სცნოს ყირიმი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, ან მისი ანექსია მოახდინოს. ამ სწორი პროგნოზების გაკეთების საშუალებას რუსეთის პოლიტიკური ელიტის ინტერესების ცოდნა მაძლევდა. დღეს კი მინდა გავიმეორო ის, რაც 2008 წლის შემდეგ არაერთხელ მითქვამს: დიდია ალბათობა იმისა, რომ დღეიდან დაწყებული, ვიდრე პუტინის 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტად არჩევნებამდე, რუსეთმა დააკმაყოფილოს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის თხოვნა შეუერთდეს ჩრდილო ოსეთს, სადაც ეთნიკური ოსების აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს, და ასეთი ფორმით მოახდინოს სამხრეთ ოსეთის ანექსია და ეს განპირობებული იქნება არა საქართველოს დასავლეთთან თანამშრომლობით, არა დასავლეთის მიერ რუსეთის შეკავებისაკენ მიმართული პოლიტიკით, არამედ სულ სხვა – არა მარტო საქართველოს მთავრობაზე, არამედ დასავლეთის მოქმედებისაგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო…

პეტრე მამრაძე

ლიტერატურა:

,,No Way to Treat Our friends, Recasting Recent US Georgian Relations’’, A.Cooley, L.Mitchell, Washington Quarterly, January, 2009;

“The Obama Doctrine”: The Atlantic’s Exclusive Report on the U.S. President’s Hardest Foreign Policy Decisions, Jeffrey Goldberg, The Atlantic, March 10, 2016;

https://www.foreignaffairs.com/articles/2015-12-07/obamas-way, Obama Way, The President in Practice, Fred Kaplan, The Foreign Affairs, January/February 2016;

TRUMP, PUTIN, AND THE NEW COLD WAR, ANNALS OF DIPLOMACY, Group of Authors, March 6, 2017 ISSUE

http://www.globalaffairs.ru/number/Tramp-ne-takoi-milyi-politik-kak-Obama-18560; «Трамп не такой милый политик как Обама», Э.Люттвак, Е. фон Шуберт, 1 февраля, 2017г.;

сarnegie.ru/2017/03/21/ru-pub-68379, Andrew Weiss, «Большой сделки не будет и воспринимать это надо спокойно», 21 марта 2017 г.

Comments are closed