globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 14 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 14th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The American Conservative» (აშშ): მცდარი დავა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ენერგოდერეფნის „საგზაო რუკა“: ერევანში რუსეთ-საქართველო-სომხეთ-ირანის ენერგოსისტემების გაერთიანების პროექტზე იმსჯელეს

«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა): ინტერვიუ გრიგოლ ქათამაძესთან: ინვესტორის გაწბილება ქვეყნის ღალატის ტოლფასია… ჩვენ საქართველოში მათ კარგი პირობები შევუქმენით“

—————

«The American Conservative» (აშშ), 13 აპრილი, 2016 წელი

http://www.theamericanconservative.com/larison/a-misleading-argument-about-georgia-and-nato/

მცდარი დავა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე

ამ ათიოდე დღის წინათ, სამ აპრილს, ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი ჯექსონ დილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა და ამ ფონზე მან მილიარდერი დონალდ ტრამპი (აშშ-ის პრეზიდენტობის მსურველი რესპუბლიკური პარტიიდან) ანტინატოურ განცხადებებში დაადანაშაულა: სწორედ მისი ყბედობა უშლისო ხელს ქართველების სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსში გაერთიანებისკენ: „დონალდ ტრამპის ანტინატოურმა ლაქლაქმა ძლიერი იმპულსი შესძინა საქართველოს პრორუსულ პარტიებს. როგორც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, პრორუსულ პარტიებს [ნატოს მომხრეების მიმართ] ასეთი პოზიციები აქვთ: „თქვენ ალიანსში გაწევრიანებაც შეიძლება გინდოდეთ, ასე შეიძლება მოისურვოთ იყოთ ევროპის ნაწილიც, მაგრამ ეს არ მოხდება“, – წერს ჯექსონ დილი.

„ვაშინგტონ პოსტ“-ში დაბეჭდილი სტატიის ავტორის მსჯელობა და დასაბუთება მკითხველს აბნევს და შეცდომაში შეჰყავს, – აღნიშნავს დენიელ ლარისონი ჟურნალ „ემერიქენ ქონსერვატივ“-ში გამოქვეყნებულ რეპლიკაში. – დონალდ ტრამპის განცხადებებს  ნატოს შესახებ საქართველოსთან მიმართებით არანაირი კავშირი არ აქვს. გავიხსენოთ, რომ ნატო საქართველოს მიღებაზე უარს ჯერ კიდევ მანამდე ეუბნებოდა, სანამ დონალდ ტრამპი საარჩევნო კამპანიას დაიწყებდა. სულ უფრო მეტი ქართველი რწმუნდება იმაში, რომ [უახლოეს წლებში] ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავის რიგებში არ მიიღებს. ასეთია რეალობა და ეს ნათლად გამოჩნდა უკრაინის კონფლიქტის დროსაც, როცა ალიანში იძულებული გახდა ეღიარებინა – მას ამჟამად პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დაცვა არ შეუძლია.

ბუქარესტის ცნობილი სამიტიდან, რომლის დროსაც ნატომ უგუნური ვალდებულება აიღო, რომ „როდისმე“, ალბათ, საქართველოს თავის რიგებში მიიღებდა, უკვე რვა წელი გავიდა, თუმცა თბილისი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მასში ოფიციალური გაწევრიანების თვალსაზრისით, ერთ ნაბიჯითაც კი არ მიახლოებია [„მაპ“-იც კი არ მიუციათ]. ევროპის ზოგიერთ წამყვან სახელმწიფოს საქართველოს ნატოში მიღება საერთოდ არ სურდა და არც ახლა არ სურს. გერმანიამ და საფრანგეთმა თბილისს 2008 წელს უარი განუცხადეს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემაზე და ახლაც სწორედ ეს ქვეყნები გამოდიან ნატოს გაფართოების წინააღმდეგ, რაშიც საქართველოს მიღებაზე უარიც იგულისხმება. და რამდენადაც ფრანგი მემარჯვენეები მაინცდამაინც ძალიან მტრულად არ არიან განწყობილნი რუსეთი მიმართ, სრულიად მოსალოდნელია, რომ პარიზი მომავალშიც ნატოს გაფართოების მოწინააღმდეგის როლში დარჩება.

2008 წლის აგვისტომდე, როცა მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ესკალაცია განიზრახა და ომი წააგო, ქართული ხომალდი აფრაგაშლილი, სრული სვლით მიცურავდა ნატოში გაწევრიანებისაკენ, სანუკვარი მიზნის შესასრულებლად. მაგრამ ახლა აზრი არ აქვს იმას, რომ ქართველებს ნატოში რეალური მიღების ილუზიები შევუქმნათ. არასწორი იქნება მათ ვუთხრათ, რომ ალიანსში თქვენი გაწევრიანება შესაძლებელია, როცა ამჟამად ამის შესაძლებლობა არ არის. მართლაცდა, თავის მოტყუება იმაზე, რომ საქართველოს ჯერ კიდევ შეუძლია ალიანში გაერთიანდეს, ამ ქვეყანას უფრო მეტ ზიანს აყენებს. სწორედ ასეთი ყალბი დაპირებების გამო საქართველო იძულებულია თავის თავზე აიღოს რიგი ვალდებულებები, ვთქვათ, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი გაგზავნოს, როცა ამის აუცილებლობა თბილისის წინაშე არ დგას. რაც არ უნდა თქვან და განაცხადონ დონალდ ტრამპმა და სხვა კანდიდატებმა ნატოს შესახებ, ალიანსის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება. საქმე იმაშია, რომ ნატოსათვის საქართველოს სრულუფლებიან მიღებას აზრი არასოდეს არ ჰქონდა და არც ახლა აქვს. ალიანსს არ ჭირდება ახალი ვალდებულებების აღება [საქართველოს მსგავსი ქვეყნების წინაშე], რამდენადაც მისთვის იმ ვალდებულების შესრულებაც კი ძნელია, რომელიც ამჟამად აქვს აღებული თავისი დღევანდელი წევრების მიმართ. და რა თქმა უნდა, ბრიუსელს სულაც არ ჭირდება ახალი  ბარიერები მოსკოვთან ურთიერთობაში.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 14 აპრილი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2962982

ენერგოდერეფნის „საგზაო რუკა“:

ერევანში რუსეთ-საქართველო-სომხეთ-ირანის ენერგოსისტემების გაერთიანების პროექტზე იმსჯელეს

რუსეთმა, სომხეთმა, საქართველომ და ირანმა საკუთარი ენერგოსისტემების ერთობლივად მუშაობის „საგზაო რუკა“ შეიმუშავეს. პროექტი მოწოდებულია ეკონომიურად იქნეს გამოყენებული ელექტროენერგია სეზონური გადადინებების ოპტიმიზაციის ხარჯზე“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორები არიან ლუსინე ვაგრამიანი და გიორგი დვალი.

საუბარი ირანის, ამიერკავკასიის სახელმწიფოებისა და რუსეთის ენერგოსისტემების გაერთიანების მიზნით, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ეკონომიურად სარგებლობას სეზონური გადადინებების ოპტიმიზაციის ხარჯზე, დიდი ხნის წინათ დაიწყო, თუმცა დღემდე რაიმე პროგრესი მიღწეული არ ყოფილა. ამჟამად ერთმანეთთან სინქრონირებულია ერთი მხრივ, სომხეთ-ირანის, მეორე მხრივ – რუსეთისა და საქართველოს ენერგოსისტემები. 2015 წლის დეკემბერში  გაიმართა  საქართველოს, სომხეთის, ირანისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომლის დროსაც ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის თაობაზე. ასე რომ, ოთხმხრივი „საგზაო რუკის“ შემუშავება პროექტის თანმიმდევრულ განვითარებას წარმოადგენს.

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის არეგ გალსტიანის თქმით, „საგზაო რუკის“ თანახმად, დადგენილია მხარეთა მოქმედების გრაფიკი 2019 წლამდე. კერძოდ, მომზადდება დოკუმენტები რეგიონული თანამშრომლობის რეგულირების თაობაზე, მანამდე კი მშენებარე ელექტროგადამცემი ხაზების ფიზიკური მზადყოფნაც შემოწმდება. რაც შეეხედბა სომხეთის ენერგოსიმძლავრეებს, არეგ გალსტიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს უფრო მეტი ელექტრონერგიის გამომუშავება შეუძლია, ვიდრე მას შიდა მოხმარებისთვის ესაჭიროება, მაგრამ ეს ელექტროენერგია ყოველთვის არაა კონკურენტუნარიანი და საკმაოდ ძვირია. [ერთიანი ენერგოსისტემის შექმნის შემთხვევაში კი ეს პრობლემა განეიტრალდება]: მაგალითად, გაზაფხულობით, საქართველოში ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტრონერგია იაფდება და ამ დროს სომხეთს ქართული დენის შესყიდვა შეუძლია, თავის თბოელექტროსადგურებს (თეს) კი გააჩერებს. ზამთრობით კი პირიქით – სომხეთი საქართველოს თეს-ების მიერ გამომუსავებულ ენერგიას მიაწოდებს. მსგავსი შესაძლებლობები არსებობს აგრეთვე ირანთან მიმართებით, სადაც ზაფხულობით ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად მატულობს (ცხელი კლიმატური პირობების გამო).

უნდა ითქვას, რომ ამჟამად ახალი ტრანსსასაზღვრო ელექტროგადამცემი ხაზების (ეგხ) პროექტების შემუშავების პროცესი ენერგოდერეფნის დამოუკიდებლადაც მიმდინარეობს. როგორც არეგ გალსტიანმა აღნიშნა, უკვე დაწყებულია მესამე 400 კილოვოლტი სიმძლავრის მქონე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ირან-სომხეთს შორის. მალე დასრულდება იგივე სიმძლავრის მქონე ეგხ-ის მშენებლობა სომხეთსა და საქართველოს შორის (2014 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე), რომელიც ელექტროენერგიის ტრანსასაზღვრო გადადინებებს სამჯერ გაზრდის. კიდევ ერთი ეგხ აიგება რუსეთის მიმართულებით, 500 კილოვოლტის სიმძლავრითю

ენერგეტიკის საკითხებში ცნობილი ქართველი ექსპერტის გია ხუხაშვილის აზრით, ოთხმხრივი თანამშრომლობის მცდელობების დაწყება ირანის მიმართ გამოცხადებული სანქციების მოხსნამ დააჩქარა. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ერევანში განხილულ იქნა ელექტრონერგიის ტრანზიტის და გაცვლა-გამოცვლის სხვადასხვა ტიპები, მათ შორის გაფართოება სქემისა „გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ“, რომლის თანახმად, ირანი სომხეთისაგან ელექტროენერგიას მიიღებს, სამაგიეროდ კი იგივე ღირებულების გაზს მიაწვდის.

«Комсомольская правда в Украине» (უკრაინა), 13 აპრილი, 2016 წელი

http://kp.ua/economics/535567-hryhol-katamadze-razocharovat-ynvestora-ravnosylno-yzmene-rodyne

ინტერვიუ გრიგოლ ქათამაძესთან: ინვესტორის გაწბილება ქვეყნის ღალატის ტოლფასია… ჩვენ საქართველოში მათ კარგი პირობები შევუქმენით“

ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში (2009-2013 წლებში) გრიგოლ ქათამაძე, რომელიც ამჟამად უკრაინის გადასახადის გადამხდელტა ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ, უკრაინაში რეფორმების გატარების აუცილებლობის შესახებ საუბრობს და ამ ხრივ სამაგალითო ქვეყნად საქართველო მიაჩნია (ესაუბრება ჟურნალისტი ანდრეი გაცენკო).

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- გასაგებია, რომ უკრაინაში ინვესტორების შემოსვლას ხელს რთული საგადასახადო კანონმდებლობა უშლის. არის კიდევ რაიმე დაბრკოლება? როგორ ფიქრობთ?

- ბოლო დროს ხშირად აკეთებენ აქცენტს იმაზე, რომ ინვესტიციების შემოდინებას ხელს  საომარი მდგომარეობა უშლისო. მე კატეგორიულად არ დავეთანხმები ამგვარ მოსაზრებას და აი, რატომ: მას შემდეგ, როცა საქართველო-რუსეთის ომი დასრულდა და რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში გაჩერდნენ, ამ ფაქტს უცხოელ ინვესტორებზე სულაც არ უმოქმედია. ისინი არ შეშინებულან. შესაბამისად, ომის შემდეგ საქართველოში 4 მილიარდი მოცულობის მქონე უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ახლა შევხედოთ უკრაინის რეალობას: თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საბრძოლო [ანტიტერორისტული] მოქმედებების ზონა აქედან [ანუ კიევიდან] 800 კილომეტრის მოშორებითაა, ინვესტიციების შემოსვლისათვის ეს გარემოება დაბრკოლებას არ უნდა წარმოადგენდეს. მესმის, რომ ინვესტორისთვის ძნელი იქნება იმაზე ფიქრი, რომ ფული კრამატორსკში ან სევეროდონეცკში ჩადოს, მაგრამ უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის მიმართ მას კითხვები არ უნდა ჰქონდეს. (…)

მსოფლიოში ძალიან დიდი რაოდენობის თავისუფალი თანხებია და მფლობელებმა არ იციან, სად წაიღონ. ქვეყნის ეკონომიკაში მათი მიზიდვისათვის ისეთი პირობები უნდა შეიქმნას, რომ რომ მეზობლებზე უკეთესი იყოს. მაგალითად, რატომ მოვიდნენ საქართველოს შავიზღვისპირეთში სასტუმროების ბიზნესის მსოფლიო ბრენდები? იმიტომ, რომ შესაფერისი პირობები იყო შექმნილი. სახელმწიფომ მათ უფასოდ გამოუყო მიწა, [ასევე უფასოდ] მიუერთა ახალმშენებლობები ქალაქის ინფრასტრუქტურას – წყალი, კანალიზაცია და ა.შ.

- დიახ, ეს მართლაც კარგი მექანიზმია, მაგრამ უკრაინაში ინვესტორს იმის შიში აქვს, რომ ვაითუ ხელისუფლება შეიცვალოს და მერე ახალ ჩინოვნიკებთან მოლაპარაკება გაძნელდებაო. როგორაა ამ მხრივ საქმე საქართველოში? კვლავ ძალაშია თუ არა ის კონტრაქტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა ინვესტორებთან?

- საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გუნდმა არჩევნები 2012 წელს წააგო, მაგრამ დღეს ბევრი პროექტის რეალიზება, რომელიც ჯერ კიდევ [„ნაციონალების] მმართველობის დროს დაიწყო, გრძელდება, ან უკვე წარმატებითაა რეალიზებული. ინვესტორის მოზიდვა ძნელია, გაწბილება და გაშვება კი ძალიან ადვილი. და ვთუ ის წავა, მისი უკან დაბრუნებისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. ვინც ინვესტორს ასე მოექცევა, ის არა მარტო მავნებელია, არამედ ქვეყნის მოღალატეც.

- თქვენ როგორი რეცეპტები გაქვთ უკრაინისათვის?

- ახლა ლაპარაკობენ, რომ უკრაინის ფინანსტა მინისტრად სლოვაკი რეფორმატორი ივან მიკლოში უნდა დაინიშნოსო. მან თავის ქვეყანაში რეალურ წარმატებას მიაღწია. რა გააკეთა მან და მისმა გუნდმა? თითქმის იგივე, რაც საქართველოში გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი გამოცდილება აქ რატომღაც ბევრს არ მოსწონს. აბა, მოდით, გადავხედოთ იმ პროექტს, რაც საქართველოში განვახორციელეთ: საქართველო არასდროს არ ყოფილა [მსუბუქი] ავტომობილების გამომშვები ქვეყანა, მაგრამ 2010-2012 წლებში საქართველოს ექსპორტის მთვარი კომპონენტი ღვინო და ციტრუსები კი არა, არამედ სწორედ ავტომობილები იყო. ამ მიზნით სპეციალური რეჟიმი იყო შექმნილი – საქართველო რეგიონული ჰაბი გახდა ავტომობილების იმპორტისა და მათი შემდგომი რეექსპორტისათვის. ორი წლის განმავლობაში საქართველო ამ სფეროში დუბაისაც კი უწევდა კონკურენციას – მანამდე, სანამ ბელორუსიამ, რუსეთმა და ყაზახეთმა არ შექმეს საბაჟო კავშირი და ავტომობილების იმპორტს დაბრკოლება არ შეუქმნეს.

Comments are closed