globalresearch.ge

ერთადერთი სიმართლე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ

Posted by Globalresearch on Jun 26th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

გლობალური კვლევების ცენტრმა ა. წ. მარტიდან მაისამდე რამდენიმე საექსპერტო შეხვედრა და კონფერენცია გამართა. ჩვენი საექსპერტო დასკვნა უკვე მაისში იყო მზად, მაგრამ გამოქვეყნება ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ, წინასაარჩევნო დაპირისპირებებში მისი სპეკულაციური გამოყენება თავიდან რომ აგვეცილებინა. ორიოდე დღე რჩება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე და შესაძლოა, გაჩნდეს კითხვა _ რას შეცვლის საექსპერტო დასკვნა? ჩვენი ამოცანაა, საქართველოს მთავრობის ყურადღება მივაქციოთ რამდენიმე პრობლემას, რადგან შეთანხმების ხელმოწერა არის პროცესის დასაწყისი და არა _ დასასრული.

პირველი და უმთავრესი პრობლემა, ჩვენი აზრით, არის ის, რომ წინა ხელისუფლების მსგავსად, ამჟამინდელი ხელისუფლება მეტისმეტად პოლიტიზებულად უდგება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და მოსახლეობაში უსაფუძვლო მოლოდინს ქმნის. კრიტიკას ვერ უძლებს მთავრობის საინფორმაციო პოლიტიკა, რომლის შედეგია მოსახლეობაში შექმნილი წარმოდგენა, თითქოს უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვექნება, ცოტა ხანში კი ევროკავშირშიც მიგვიღებენ. ეს წარმოდგენები დიდი იმედგაცრუების წყაროდ შეიძლება იქცეს.

არც ერთ მაღალი დონის ექსპერტთა ჯგუფს არ ძალუძს, ამ ათასგვერდიანი დოკუმენტის ყველა ასპექტის სრულყოფილი განხილვა, შეფასება და შედეგების გათვლა. უპრიანი იქნებოდა, რომ დოკუმენტის ცალკეული ასპეტები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოზიტიური და ნეგატიური შედეგების ალბათობები, პრეფერენციები, რისკები და საფრთხეები განხილული ყოფილიყო სამთავრობო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების (იქ, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი ასეთი ინსტიტუტები) დონეზე, მომხდარიყო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების (მთავრობა, მეცნიერებათა აკადემია, პროფკავშირები, პარლამენტი) მიერ გამოხატული დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეჯერება და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებულიყო ხელმოწერა. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა.

ეს შეთანხმება არის ყველაზე ვრცელი, სიღრმისეული, კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც ოდესმე მომზადებულა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ. იგი გარკვეულ ინსტიტუციურ ჩარჩოებს, ქცევის წესებსა და მოდელს უსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, ფაქტობრივად, ყველა შტოს წარმომადგენელს, არამედ საზოგადოების რიგით წევრებსაც, მეწარმეებს, ბიზნესმენებს, საჯარო მოხელეებს… ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების დეკლარაცია, ეს არის ქართველი საზოგადოების მიერ ქცევის გარკვეული წესის, მოდელისადმი მიდევნების პირობის გამომხატველი დოკუმენტიც. მეორე საკითხია, არის თუ არა ამისათვის მზად თვითონ საზოგადოება.

შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ უნდა გადაიხედოს ის სამთავრობო პროგრამები, დოკუმენტები, დეკლარაციები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მიიღეს საქართველოს ძველმა თუ ახალმა ხელისუფლებებმა (მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, სულ ცოტა, ხუთი ასეთი დოკუმენტია მომზადებული, მათ შორის სამი _ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ: 1. «ქართული ოცნების» წინასაარჩევნო პროგრამა (2011 წ.); 2. საქართველოს მთავრობის სამოქმედო პროგრამა (2012 წ.); 3. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი «საქართველო 2020» (2014 წ. თებერვალი). უნდა განხორციელდეს მათი სერიოზული რევიზია, რადგან ამ დოკუმენტების მთელი რიგი დებულებებისა არ შეესაბამება ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებას.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში შეთანხმების ცალკეულ ასპექტებზე სამუშაოები, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა, თუ არ ჩავთვლით კონსულტაციებს დაწესებულებებში შესაბამისი ორგანიზაციების ექსპერტებთან _ მათთან, ვინც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დოკუმენტის მომზადებაში ევროკავშირის მხრიდან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში ქართულ მხარეს არსებითი მონაწილეობა არ მიუღია. იგი «გამზადებული სახით» იქნა შემოთავაზებული ევროკავშირის მიერ ჯერ _ პარაფირებისა და ახლა უკვე ხელმოწერისთვის. შედარებისთვის: სწორედ ანალოგიური დოკუმენტის სერიოზული გაცნობისა და გაცნობიერების პროცესს მოყვა ის მღელვარება, რომელიც დაიწყო უკრაინაში 2013 წლის ნოემბერში.

ქართული დიპლომატიის (დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში _ პირადად ბატონი ზურაბ აბაშიძის) წარმატებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერის წინ რუსეთის მხრიდან არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა, თუმცა არ არსებობს (ან ჩვენთვის უცნობია) გარანტია, რომ რუსეთი ნაწილობრივ გახსნილ თავის ბაზარს კვლავ არ დახურავს. 2012 წლის ოქტომბერში ევროკომისიის დაკვეთით ჩატარდა საქართველოსთვის ზემოაღნიშნული შეთანხმებით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტების მოდელირება. გამოკვლევით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) 1,7 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში _ 4,3 %-ით, ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში ექსპორტის 9 %-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპორტის 12 %-ით ზრდა არის დაანონსებული.

შედარებისთვის: მხოლოდ 2014 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 23% შეადგინა. ეს კი დიდწილად გამოწვეული იყო მხოლოდ რუსეთის ბაზრის არასრული გახსნით.

შეთანხმებაში ყურადღებას იქცევს «დანართი II – B» -ში ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, მაგრამ, ამასთანავე, ექსპორტისას იბეგრება ე.წ. ბაზარზე შესვლის ფასის გადასახადით.

ამ გადასახადის დედააზრია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, რაკი იქნება ევროკავშირში წარმოებული პროდუქციაზე იაფი, ამ გადასახადის დაწესებით გაუტოლდეს ევროპის შიგა ბაზარზე არსებული პროდუქციის ფასს. მარტივად რომ ვთქვათ, გორის ვაშლი არ უნდა იყოს ესპანურ ვაშლზე იაფი.

ეს ჩამონათვალი მოიცავს პრაქტიკულად ჩვენს ყველა პროფილურ ხილსა და ზოგიერთ ბოსტნეულს. კერძოდ, ამ ცხრილში ვხვდებით: კიტრსა და პომიდორს, პრაქტიკულად, ყველა ციტრუსს, რომელიც კი მოდის საქართველოში, სუფრის ყურძენს, ვაშლს, მსხალს, ატამს, გარგარს, ალუბალს, ბალს, ქლიავს და ა.შ., რომელიც მაპროფილებელია ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის.

მთავრობის წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერით საქართველო შედის ევროპის 500-მილიონიან ბაზარზე, თუმცა არის კი ქვეყანა ამისთვის მზად და გვიწყობს კი ხელს ევროპა მის ბაზარზე შესვლაში? ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ახალ ეკონომიკურ სივრცეებში შეღწევა და იქ არა მარტო თავისი საქონლის რეალიზაცია, არამედ მისთვის მისაღები სამართლებრივი, საინვესტიციო და ბიზნესგარემოს ფორმირება.

დღეს საქართველოსთვის ევროკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა არა ყველაზე მთავარი სავაჭრო პარტნიორია. 2013 წლის მდგომარეობით, ევროკავშირის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26,7%. ამასთანავე, იმპორტი სამჯერ აღემატებოდა ექსპორტს.

შედარებისთვის: დსთ-ის წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 35,1%. საქართველოს ექსპორტით იმპორტის გადაფარვა ევროკავშირთან დაახლოებით 1,5-ჯერ უფრო დაბალი აქვს, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოსთან: სულ ექსპორტით იმპორტის გადაფარვა საშუალოდ _ 36,9%-ია, ევროკავშირთან _ 26,8%, დანარჩენ მსოფლიოსთან ევროკავშირის გარეშე _ 41,1%. დღეისათვის ევროკავშირის საგარეო სავაჭრო ბრუნვის ს მხოლოდ 0,6% მოდის საქართველოზე. თუმცა ევროკავშირი მაინც იჩენს სიფრთხილეს, რომ საქართველოდან არ მოხდეს უკონტროლო ექსპორტი ამ გაერთიანებაში. ეს სიფრთხილე უკავშირდება როგორც ევროკავშირის შიდა ბაზრის დაცვის კომერციულ ინტერესებს, ისე იმასაც, რომ საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებიდან ან იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ევროკავშირსა და საერთაშორისო თანამეგობრობას დაწესებული აქვთ ეკონომიკური სანქციები, საქონელი არ მოხვდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ამდენად, დიდი იმედი იმისა, რომ ქართული პროდუქცია დაიპყრობს ევროპულ ბაზარს, არ უნდა გვქონდეს. ჩვენი ამჟამინდელი პოტენციალი ევროპულ ბაზარზე დასამკვიდრებლად მეტისმეტად სუსტია იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის უსუსტესი რგოლია, ამ დარგში საქართველოში შრომის მწარმოებლურობა (ნაყოფიერება) 60-ჯერ და მეტად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მესამე _ საქართველოს სამომხმარებლო ბაზრის თითქმის 4/5 ოკუპირებულია იმპორტირებული საქონლით და პირველი რიგის ამოცანა არის არა საგარეო ექსპანსია, არამედ შიგა სამომხმარებლო ბაზრის «რეკონკისტა» _ სამამულო წარმოების პროდუქციის მიერ წამყვანი როლის დამკვიდრება შიგა სამომხმარებლო სასურსათო ბაზარზე. მაგალითად, ევროკავშირში, შეთანხმებით, შესაძლებელი გახდება 4,4 ათასი ტონა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და 0,5 ათასი ტონა ფრინველის ხორცის შეტანა. მაგრამ თვითონ საქართველოში ადგილობრივი წარმოების ხორცის წილი მხოლოდ 36 პროცენტია და ყოველწლიურად ხორციელდება 60 ათას ტონაზე მეტი ხორცის იმპორტი.

საქართველოში იმპორტზე ისედაც დაბალი გადასახადებია და მათი მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად მობილიზებული თანხა დაახლოებით 90 მლნ ლარია _ ამჟამინდელი საბიუჯეტო შემოსავლების დაახლოებით 1,2 პროცენტი. შესაბამისად, ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობისა და სტრუქტურის გათვალისწინებით, ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით 25-30 მლნ ლარით შემცირდება. მისი კომპენსირება შესაძლებელი იქნება იმით, რომ ექსპორტის ყოველწლიური მატება ბოლო წლებში 400 მლნ აშშ დოლარია და მხოლოდ აღნიშნული ნამატის წარმოებით მიღებული მოგების გადასახადი მნიშვნელოვნად აღემატება ბიუჯეტის მოსალოდნელ კლებას ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადების შემცირებით.

დაზუსტებას საჭიროებს შეთანხმებაში მოტანილი მონაცემები საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. მაგალითად, დოკუმენტის ავტორები მოკლევადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდას ვარაუდობენ 1,7%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში _ 4,3%-ით. ექსპორტის ზრდას, შესაბამისად, 9% და 12%-ით, ხოლო იმპორტისა _ 4,4% და 7,5%-ით. მაგრამ არაფერია ნათქვამი, არის თუ არა გათვალისწინებული აღნიშნულ ზრდაში სინერგიის ეფექტი, რაც შეიძლება შეთანხმების შედეგად შესაძლებლობებისა და მოთხოვნების ზრდამ გამოიწვიოს. საქართველოს ექსპორტი ბოლო 8 წლის განმავლობაში(2006-2013 წლებში), საშუალოდ, ყოველწლიურად იზრდებოდა დაახლოებით 16,5%-ით ხოლო იმპორტი _15.7%-ით. გამოდის, რომ შეთანხმების შემდეგ ექსპორტის ზრდის ტემპი შემცირდება, ხოლო იმპორტისა უცვლელი დარჩება.

ჩვენი შეფასებით, პროდუქციის ხარისხის ზრდა უახლოეს წლებში გამოიწვევს არა მხოლოდ ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდას, არამედ ევროკავშირში ექსპორტის რეალურ ზრდას საშუალოდ 1,5-2-ჯერ, ანუ 300-600 მლნ დოლარით, რაც ქვეყანაში მშპ-ის დაახლოებით 2%-იანი ზრდის ეკვივალენტი იქნება.

გადაჭარბებული გვეჩვენება იმედი, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ევროკავშირში «ეგრევე» და დიდი რაოდენობით მოხდება ქართული პროდუქციის შეტანა. დღეს ევროკავშირის ბაზარი სტრუქტურირებული, გაჯერებული და საკმაოდ დაცულია იმისათვის, რომ მასში შესვლა და მნიშვნელოვანი სეგმენტის მოპოვება შეძლონ ახალმა მოთამაშეებმა. ეს გარკვეულწილად წააგავს იმ მოლოდინს, რაც საქართველოს წინა ხელისუფლებას ჰქონდა ჩინეთის ბაზრისადმი ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ფაქტობრივად კი, ჩინეთის 1,5-მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ბაზარმა 2006-2012 წლებში შეიძინა იმ ქართული ღვინის მხოლოდ 10%, რაც რუსეთის 143-მილიონიანმა ბაზარმა მხოლოდ 2006 წლის პირველი 4 თვეში (ემბარგოს გამოცხადებამდე). 500 მლნ-იანი ბაზარი საინტერესო და მომხიბვლელი კი არის ქართული ეკონომიკისთვის, მაგრამ იქ დამკვიდრება გულისხმობს თამაშის შესაბამის წესის, ადეკვატური ხარისხისა და მიწოდების პირობების დაცვას, უმკაცრესი კონკურენციის დაძლევას, ამ მხრივ კი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ მოუწევს სერიოზული და ხანგრძლივი მუშაობა.

თუ საერთო ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპანსიით პირდაპირი ეკონომიკური ეფექტი ვერ მოხდება, მაშინ რა სარგებლის მომტანი იქნება აღნიშნული შეთანხმება ქართული ეკონომიკისა და, კონკრეტულად, რიგითი ქართველი მომხმარებლისთვის?

შეთანხმების ერთ-ერთი თვალსაჩინო შედეგი იქნება სავიზო რეჟიმის გაიოლება, აგრეთვე, ქართული ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდა, საშუალო და მცირე საწარმოების მეტი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ახალგაზრდებისთვის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, აგრეთვე, ენერგეტიკის სფეროში ენერგოეფექტიანობის გაზრდა და განახლებადი ენერგორესურსების განვითარების უზრუნველყოფა _ ყოველივე ეს, კანონის უზენაესობის, ნებისმიერი ინსტიტუტის, სამსახურის და საჯარო მოხელის საქმიანობის გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის ზრდის ფონზე.

ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ხელშეკრულება შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მთავარი ლეიტმოტივი არა იმდენად ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების, საქართველოდან ექსპორტის წახალისების სტრატეგიაში, რამდენადაც საქართველოს შიგა ბაზარზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქართული სამამულო პროდუქციის წარმოებისა და დამკვიდრებისთვის, იმპორტირებული საქონლის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებისათვის. აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა _ განა ამ სტანდარტების დამკვიდრება საქართველოს მთავრობის პრეროგატივა არ არის? რა გვიშლის ხელს, ევროკავშირთან შეთანხმების გარეშეც გავატაროთ ეს პოლიტიკა?

შეთანხმების მე-3 კარი თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლმსაჯულებას ეძღვნება. მისი მე-15 მუხლი ეხება მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობას. სამივე სფერო საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ევროკავშირი თვითონ გაცილებით მეტადაა დაინტერესებული ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების შემცირებასა და მის კონტროლში. ამ სიტუაციაში ორივე მხარის ინტერესების თანხვედრა ხდება და ამ სფეროში თანამშრომლობა, დიდი ალბათობით, საკმაოდ ეფექტიანი იქნება.

ამ მიგრაციული ნაკადების შესამცირებლად ევროკავშირს მოუწევს ისეთი დახმარების გაწევა საქართველოსთვის, რომელმაც ადგილზევე უნდა შეამციროს ემიგრაციის მსურველთა რაოდენობა. ანუ ევროპა უნდა შეეცადოს, პრევენციული ღონისძიებები თვით საქართველოში განახორციელოს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან საქართველოს ეკონომიკურ და სამეცნიერო განვითარებაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანოს, რათა შრომითი და ინტელექტუალური პოტენციალის მქონე ადამიანებს ნაკლები სურვილი გაუჩნდეს ქვეყნის დასატოვებლად. თუ ამ მიმართულებით არ წავიდა პროცესები, ევროპაში არალეგალური მიგრაცია უკვე ისეთ მასშტაბებს მიიღებს, რომ რეადმისიის პროცესები აღარ იქნება ეფექტიანი.

მეორე სფერო საქართველოში მიგრანტთა შემოსვლის პრობლემაა. მიგრანტთა უდიდესი ნაწილი აფრიკისა და აზიის დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან შემოდის, რომელთათვის საქართველო ე. წ. სატრანზიტო გზაა ევროპაში ემიგრაციისთვის. იმის გამო, რომ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ევროპაში ემიგრაციის პროცესი ძალიან ხშირად სერიოზულად ფერხდება, მიგრანტთა დიდი ნაწილი არალეგალურად რჩება ქვეყანაში. და რადგან წინა ხელისუფლებამ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ლამის ნახევარ მსოფლიოსთან გააფორმა, საქართველოში შემოსულ უცხოელთა ერთი ნაწილი, რომელიც ევროპაში აპირებს ემიგრირებას, საფრთხის მქონეა და საქართველო უნებლიეთ ევროპას უქმნის საფრთხეს და იქ არაკონვენციური ძალების გადადინების პროცესს უწყობს ხელს. ამ სფეროში თანამშრომლობის ჩარჩოში შესაძლებელია მოხდეს სავიზო რეჟიმების გადახედვა და მისასალმებელია, რომ უკვე განხილვის პროცესშია უცხოელთათვის მოქალაქეობის მიღების წესში ცვლილებების შეტანა. ამ კუთხით თანამშრომლობა უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. აქ ევროპის დაინტერესება დიდია და მისთვის გაცილებით უპრიანი იქნება საქართველოში პრევენციის გატარება, რომელიც გაცილებით იაფი დაუჯდება და მეტი ეფექტის მომტანი იქნება.

ამ მუხლში კიდევ ერთი სფერო საზღვრის მართვაა. ამ 24 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, საზღვრების დემარკაცია არ მომხდარა არც ერთ მეზობელთან. სსრკ-ისგან მემკვიდრეობით გვერგო მხოლოდ თურქეთთან არსებული უკვე დამტკიცებული საზღვრები. ეს სფერო საქართველოსთვის სერიოზულ პრობლემაა _ აზერბაიჯანის პრეტენზიები დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსზე, გაურკვეველი ვითარება სამცხე-ჯავახეთში სომხეთთან საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით და ყველაზე რთული სიტუაცია _ საზღვარი რუსეთთან.

დავით თევზაძის თავდაცვის მინისტრობისას სვანეთსა და ხევსურეთში სამინისტროს ეგიდით შექმნილი იყო ორი ბატალიონი «მონადირე», რომლებიც ადგილობრივი მცხოვრებლებისგან დაკომპლექტდა. ამ ბატალიონებს რამდენიმე ამოცანა ჰქანდათ და მათი შესრულების პროცესმა აჩვენა, რომ შედეგები დაგეგმილზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. უპირველესად, დაცული იყო საზღვრის ის მონაკვეთები, რომლებზეც ამ ბატალიონებს დასახული ჰქონდათ ამოცანები. ორივე მიმართულებაზე მრავალჯერ იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან როგორც რუსული სამხედრო შენაერთების, ისე არაკონვენციური ძალების შემოსვლის მცდელობა, თუმცა პრაქტიკულად ყველა მცდელობა კრახით დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა სასაზღვრო ზოლში დაბრუნდა, გაიჩინა საქონელი, სოფელი გაცოცხლდა. იქ ადამიანების დაბრუნებამ მკვეთრად შეამცირა საზღვრების უკანონო გადმოკვეთისა და მითვისების მცდელობები. როგორც იტყვიან, წმინდა ადგილი არასდროს რჩება ცარიელი. თუ შენ აცარიელებ ადგილს, ბუნებრივად, უკვე სხვა იკავებს მას.

ზუსტად იმის გამო, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სადემარკაციო ხაზი არ არსებობს, წინა ხელისუფლებამ კი ეს ბატალიონები დაშალა და იქაურობა დააცარიელა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების იქით რუსეთმა პრაქტიკულად მიითვისა საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიის დაახლოებით 3-4%, რომლის შესახებაც არც წინა ხელისუფლება იღებდა ხმას და არც ახალი ლაპარაკობს. ამიტომ ამ სფეროში თანამშრომლობა კიდევ ერთი სერიოზული რისკის მინიმიზაციის კარგი საშუალებაა.

მე-18 მუხლი ეხება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სფეროს. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნარკობიზნესის ერთ-ერთ სატრანზიტო ქვეყნად არის მიჩნეული. წინა ხელისუფლებების პერიოდში მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენებამ, ხოლო «ნაცმოძრაობის» მმართველობის პირობებში ამ ბიზნესის ლამის სახელმწიფო დონეზე აყვანამ საქართველოს ტერიტორია პრაქტიკულად საჩუქრად გადასცა ნარკობიზნესს. ახალი ხელისუფლება მარტო ვერაფრით გაუკლავდება ამ სენს. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ამ სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარებას, ქმედით დახმარებას და საქართველოს ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების გატარებას. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ, თუ ქართული სახელმწიფო თვითონ არ გამოიჩენს დიდ აქტიურობას ამ სფეროში, ევროპის დაინტერესება არ იქნება მაღალი. საქართველოდან შესული ტვირთები არ არის დიდი და ევროკავშირის სპეცსამსახურებს მასზე კონტროლის დაწესება საკუთარი საზღვრების პერიმეტრზეც შეუძლიათ. ეს კი ჩვენ პრაქტიკულად არაფერს მოგვიტანს. პირიქით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, დატვირთვა კიდევ უფრო გაიზრდება.

მე-19 და მე-20 მუხლები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ერთი შეხედვით, საქართველო თითქოს ტერორისტული საფრთხეებიდან შორს დგას და აქ ტერორისტული აქტებისა და ექსტრემისტული ორგანიზაციების გაჩენის საფრთხე მინიმალურია, მაგრამ საფრთხის მთელი სერიოზულობა სწორედ ის არის, რომ საქართველო დღეს ტერორიზმის ექსპორტირების სატრანზიტო კვანძია.

ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ნომერ პირველ ქილერს, ჩრდილოკავკასიელ რუსლან პაპასკირს, მეტსახელად «ზოონს», ქართული პასპორტი ჰქონდა «ნაციონალური მოძრაობის» ხელისუფლების მიერ გაცემული და იგი მსოფლიოში ამ პასპორტით დადიოდა, საქართველოს ტერორიზმის ხელშემწყობი ქვეყნის იმიჯს უქმნის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს გარშემო ბევრი კონფლიქტური კერაა. არაკონვენციური ძალების გააქტიურების ტენდენცია აშკარაა და ეს გააქტიურება საქართველოზეც აისახება. ევროკავშირს აქვს უდიდესი საინფორმაციო და მაღალტექნოლოგიური ბაზა, მაღალი დონის სპეცსამსახურები და, რაც მთავარია, ფინანსები ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ შეთანხმებით ევროკავშირს ტერორიზმთან ბრძოლის არეალი ეზრდება და საქართველოს ტერიტორია უკვე მისი პასუხისმგებლობის სივრცეც ხდება.

არაკონვენციური ძალებისა და იარაღის საფრთხის ერთ-ერთი შემადგენელია ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოლოგიური მასალების საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობა. ე. წ. ბინძური ბომბის შექმნა და მისი გამოყენება მხოლოდ დროის საკითხია და თანამედროვე მსოფლიოს მთავარი ამოცანა ამ საფრთხის მინიმიზაცია და მისი დროში გაწელვაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ბირთვული ქვეყანა, ამ მასალების მოძრაობა საქართველოში საკმაოდ აქტიურია, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. უნდა გვახსოვდეს, რომ სოხუმის ფიზიკოტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც რადიოლოგიურ მასალებს, აქტინოიდებსა და ლანთანოიდებს აწარმოებს, საერთაშორისო ორგანიზაციების კონტროლს არ ექვემდებარება. ეს ის ინსტიტუტია, რომელშიც ბირთვული იარაღისთვის განკუთვნილი მასალები მზადდება. თბილისში მოქმედებს ლუგარის სახელობის ლაბორატორია, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულად დაცული ლაბორატორიაა ევროსაბჭოს მასშტაბით, ტერორისტული აქტის საფრთხე მაინც დიდია. ტერაქტის შემთხვევაში შედეგები რეგიონის მასშტაბს გასცდება და სუბრეგიონულ მასშტაბს მიიღებს. დღევანდელი ხელისუფლებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. ამ სფეროშიც ევროპის დაინტერესება ძალიან მაღალია და ევროკავშირის დახმარება და პრევენციული ზომების გატარება ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორიზმის და არაკონვენციური იარაღის მოძრაობის საფრთხის მინიმიზაციის ეფექტიანი საშუალება შეიძლება იყოს. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების გატარება და საქართველოს დახმარება ამ საფრთხეების სალიკვიდაციოდ, ევროპისთვის თავისი უსაფრთხოების მიზნის მიღწევასაც ნიშნავს. შეიძლება ითქვას, ჩვენ უფრო ვჭირდებით ევროპას ამ სფეროში, ვიდრე ჩვენ _ევროპა.

წყარო: http://www.for.ge/view.php?for_id=34269&cat=9

Comments are closed