globalresearch.ge

ნანა დევდარიანი: „ბიძინა ივანიშვილი შუას არასამთავრობო სექტორშიც გაკრიფავს“

Posted by Globalresearch on Jan 29th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

არასამთავრობო ფლანგზე ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული განაცხადით მიდის. რა მიზნებსა და ამოცანებს ისახავს ექსპრემიერი, ეს ერთგვარად დაანონსდა კიდეც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ წესდებაში. თუმც საზოგადოებას მანამდეც არაერთხელ სმენია ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლებაში მის მიერვე მოყვანილი ხელისუფლების კრიტიკას და ოპოზიციის გაძლიერებას შეუდგებოდა. უკვე თვალშისაცემია, რომ არასამთავრობო სექტორში ყოფილი პრემიერის გამოჩენამ ერთგვარი მღელვარება შეიტანა. რა პროცესები შეიძლება დაიწყოს სამოქალაქო საზოგადოებაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ და რამდენად ობიექტური იქნება ყოფილი პრემიერი თავისი შექმნილი გუნდის შეფასებებში – ამ და სხვა თემებზე for.ge ნანა დევდარიანს ესაუბრა:

- რამდენად შეძლებს ბიძინა იავნიშვილის ამ ახლი ამოცანების შესრულებას, დრო გამოაჩენს. ბიძინა ივანიშვილს არ დაუმალავს, რომ ახალი სახეების დანახვა სურს საექსპერტო საზოგადოებაში. როგორც ჩანს, მას არ მოსწონს ეს ოპოზიციაც. ის ხომ თავის დროზე თვითონ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიცია და შუა გაკრიფა. გაცილებით ადვილია, ვინმე ახალი ადამიანი ალაპარაკო ამა თუ იმ თემებზე, ვიდრე ოპონირება გაუწიო წლების განმავლობაში ექსპერტის სტატუსით დამკვიდრებულ ადამიანს. თუ გახოვთ, ბოლო შეხვედრისას მას ექპერტებთან საკმაოდ მწვავე საუბარი ჰქონდა. კრიტიკის მოსმენას დიდი მოთმინება სჭირდება. არავინ დაიბრალოს, რომ კრიტიკა უყვარს. ადამიანებს მხოლოდ ის განასხვავებთ, რომ ვიღაც იღებს კრიტიკას, ერევა თავს და ცდილობს გაიაზროს, სად ჰქონდა შეცდომა და სად არასწორი ნაბიჯი, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ იღებენ კრიტიკას.

რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს თავის მოყვანილი მთავრობის საჯარო კრიტიკა, როდესაც შეუძლია პირად საუბრებში უთხრას რაც არ მოსწონს?

- თუ დავუშვებთ ყველაზე ცუდ ვარიანტს, ეს იქნება ილუზიის შექმნა, რომ თავადვე აკრიტიკებს ხელისუფლება და ამ გზით სურს ჩაანაცვლოს ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი არასამთარობო სექტორი, მაგრამ ასე არ ხდება.

რა არის ბიძინა ივანიშილის ამოცანა ამ შემთხვევაში?

- მან ერთი ამოცანა შეასრულა – სააკშვილი აღარ არის ხელისუფლებაში და ნაცმოძაროაბა არ წარმოადგენს უმრავლესობას. ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა მეორე ამოცანაც – პარლამენტსა და მთავრობაში საკუთარი შეხედულებებით შერჩეული პარტნიორები მიიყვანა, ახლა რჩება საზოგადოებრივი ველი, საიდანაც ხელისუფლებაზე შეიძლება მოდიოდეს დარტყმები (და მოდის კიდეც). ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, რომ ამ ველზეც შუა გაიკრიფოს და დარჩეს ის არასამთავრობო სექტორი, ვის ნათქვამსაც მთავრობა აუცილებლად გაიზიარებს. დანარჩენი იქნებან „ნაციონალური მოძარობის“ მხარდამჭერი არასამთავრობოები და ე.წ. შუაში მყოფები, რომლებიც არც ერთი და არც მეორე ძალის ზედავლენის ქვეშ არ არიან. აი, სწორედ ისინი უნდა გაიკრიფონ. ეს იქნება ყველაზე ცუდი სცენარი.

ჩანს, ამ სცენარის განხორციელება რეალურია.

- არავის გავლენის ქვეშ მყოფი არასამთავრობები განადგურდებიან, თუ მათ გადაუკეტავენ ყველა საინფორმაციო საშუალებას. თუ არასამთავრობო ან ექსპერტი ობიექტურად ლაპარაკობს იმაზე, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს, ამას ყოველთვის აქვს ხალხში გამოძახილი, მაგრამ თუ ვიღაცის შენიშვნები მოგონილი და ჩასაფრებულის პოზიციიდან ნათქვამია, ადამიანები ამასაც ძალიან კარგად გრძნობენ.

მე ის მაწუხებს, რომ ამ პროცესის კონტროლისთვის აუცილებელი გახდება მედიის სრული გაკონტროლებაც. სხვაგვარად ვერ მოხერხდება არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი. ყველა მთავრობა ცდილობს თავისი მხარდამჭერი არასამთავრობო სექტორი ჰყავდეს, მაგრამ მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა არავითარ შედეგს არ მოიტანს, თუ არ გაქვს გაბატონებული მდგომარეობა მედიაში. დღეს ჩვენ მუდმივად გვაყურებინებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ოცნების“ წარმომადგენლების დებატებს. მეტი თითქოს არავინ არ იყოს. ეს ორი გუნდი მთელ რიგ საკითხებზე ფაქტობრივად ერთსა და იმევეს ლაპარაკობს, ერთმანეთს ეკინკლავება და საზოგადოების საჭიროებები ამ დროს გვერდზე რჩება. ამ პროცესს ვერცერთი არასამთავრობო და ვერცერთი ახალი ექპერტი ვერ გადაფარავს.

თქვენ ახსენეთ არასამთავრობო სექტორის კონტროლი. ბიძინა ივანიშვილს ეს ამოცანა აქვს?

- მისი ბიოგრაფიიდან ნათლად ჩანს, რომ მას უყვარს იმ პროცესების გაკონტროლება, რაშიც ერთვება. ადამიანი, რომელიც პროცესს ვერ აკონტროლებს, ვერ მიაღწევდა იმ შედეგს, რასაც მიაღია, მაგრამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება არ არის ბიზნესის კანონებზე აწყობილი. სურვილი, რომ ამ ფლანგებზე აკონტროლო სიტუაცია, ყოველთვის არ შეიძლება შესრულდეს და მცდელობამ, მე გავაკონტროლებ სიტუაციას და ყველაფერი კარგად იქნებაო, შესაძლოა ისეთი შედეგი ვერ მოიტანოს, რასაც ვარაუდობ. როცა ყველაფერს აკონტროლებ, შეიძლება ყველაფერი ძალიან ცუდად იყოს.

თუმცა, უთუოდ პოზიტიურია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი კულუარებში კი არ ცდილობს ყურში ვიღაცას რაღაც უთხრას, არამედ საჯაროდ აპირებს თქმას, რა მოსწონს, რა არა და როგორ ხედავს მოვლენების სწორად განვითარებას. შიში, რომ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა დანარჩენს გააკონტროლებს, უსაფუძლოა.

მაგრამ ივანიშვილს აქვს გავლენა, წონა, ფინანსები…

- მერე რა? „ნაციონალები“ ამბობენ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებზე გადამწყვეტი ივანიშვილის ფული იყო. რეალურად კი, არავის ჰქონია ილუზია, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი ფულს ჩამოურიგებდა. „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში გადამწყვეტი სხვა მიზეზები იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ დღესაც ვერ ხვდებიან, რატომ წააგეს არჩევნები. ფული 1 ოქტომბერს გადამწყვეტი არ ყოფილა.

ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო სექტორის პირდაპირი კონტროლი რომ სდომოდა, ყველას ჩამოურიგებდა გრანტებს. ამ ორგანიზაცების უმეტესობა ხომ ისედაც გრანტებზე ზის. ამ გზით ივანიშილი შეძლებდა არასამთავრობოების პირდაპირ გაკონტროლებას, მაგრამ ეს არ გააკეთა. ახალ ვითარებაში მთავარია, ვისი აზრი იქნება დომინირებული. ამ თვალსაზრისით არასამთავრობო სექტორს სერიოზული გამოცდა ელის, რადგან ბიძინა ივანიშვილის სიტყვას გაცილებით დიდი წონა აქვს, ვიდრე მთელი არასამთავარობო სექტორისას. ვითარებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია ივანიშვილის ავტორიტეტს, შესაძლებლობებს და წონას, თორემ ადამიანებს ის პირდაპირ ვერ გაუკონტროლებს როგორ იაზროვნონ.

როდესაც არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს კონკურენტად არ განიხილავს, ეს ხომ არ მეტყველებს ერთგვარ კომპლექსზე…

- რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ბიძინა ივანიშვილი სერიოზული კონკურენტია. ჩვენ ვიცით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ყველა საკითხზე კომენტარს აკეთებენ და ყველა საკითხის გადაწყვეტაში არიან ჩართულები. ამ პროცესს თვალნათლივ წარმოაჩენს არასამთავრობოების ჩართვა მთავრობის და პარლამენტის მისაღებ გადაწყვეტილებებში. ამ შემთხვევაში ივანიშვილის ნათქვამი სიტყვა უფრო წონიანი იქნება, ვიდრე ვიღაც თუნდაც 15 წლის განმავლობაში გრანტებით კარგად დაფინანსებულ ორგანიზაციისა. ამიტომაც მათი შეშფოთება სრულიად ლოგიკურია.

არასამთავრობო ფლანგზე კონკურეტის ცნება უცნაური მოვლენა უნდა იყოს…

- ყველა არასამთავრობოს სტატუსი ერთნაირია – ყველანი არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირები არიან, მაგრამ როგორ შეიძლება მათ ერთი წონა ჰქონდეთ, თუ ერთ მხარეს დგას ვიღაც ახალგაზრდა და მერე მხარეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა? მათ სტატუსი შესაძლოა ერთი და იგივე აქვთ, მაგრამ წონა სხვადასხვა.

არასამთავრობო სექტორიდან გაისმა ერთგვარი პრევენციული განცხადება, რომ ვიღაცას განზრახული აქვს რიგი არასამთავრობოების და ექსპერტების დისკრედიტაცია.

- საბოლოდ ყველაფერი ამ ექსპერტებზე და არასამთავრობოებზეა დამოკიდებული. ამ ვითარებაში ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქნება მედიაზე. როგორც არ უნდა ეცადოს მთავრობა და გინდ ივანიშვილი, რომ რომელიღაც ექსპერტი „მიჯირყნოს“, ამას მედიის დახმარებისა და მხარადაჭერის გარეშე ვერ მოახერხებს. ერთია, რომ ექსპერტი ჯანსაღ კამათში შევიდეს (და არგუმენტირებულ კამათზე არცერთმა არასამთავრობომ და ექსპერტმა არ უნდა დაიხიოს უკან) და მეორეა, როდესაც ვიღაცის აზრის ტირაჟირება მოხდეს და ვიღაცის – არა. სწორედ აქ არის მედიის პასუხისმგებლობა და ეს იქნებ ტესტი მედიისთვის.

დღეს ყველაზე კარგად გაკონტოლებული, ჩვენთან, ტელევიზიებია, ინტერნეტაგმოცემები და ბეჭდური მედია – გაცილებით თავისუფალი. მედია დღეს პოლარზებულია. ნაწილი ნაციონალების ინტერესს იცავს, ნაწილი – ოცნებისას, მაგრამ ნაციონალების მხარდამჭრები ბევრად უფრო აგრესიულები არიან.

ობიექტურ მედიას ვერ ხედავთ?

- უბედურება ის არის, რომ ბოლოს შეგვაჩვიეს: არის სახელისუფლებო და ანტისახელისუფლებო მედია. დამოკიდებელი მედია იშვიათია. თანაც ასეთ მედიას დღეს უჭირს საინფორმაციო ნაკადში გადამწყვეტი სიტყვის თქმა.

ჩინელებს აქვთ წყევლა: იცხოვრე დიადი გარდაქმნების პერიოდშიო და ჩვენ 25 წელია ამ პერიოდში ვცხოვრობთ. კი, ეს ძალიან ძალიან საინტერესო პროცესია, ყველაფერი ჩვენს კისერზე რომ არ გადადიოდეს. დაველოდოთ ბიძინა ივნიშვილის განცხადებას და ის ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

წყარო: http://for.ge/view.php?for_id=30064&cat=3

Comments are closed