globalresearch.ge

რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში, ანუ „გეხვეწებით, აღარ წაგვართვათ ტერიტორიები!“

Posted by Globalresearch on Apr 4th, 2014 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

სანამ რუსეთი საქართველოში პასპორტებს არიგებს და ბეტონის კედლების აშენებითაა დაკავებული, რუსული მედია იტყობინება, რომ მოსკოვში გაიხსნა საქართველო-რუსეთის კონფერენცია უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებში. კონფერენციას დაესწრნენ: მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ხოლო ქართული მხრიდან – გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული საქართველოს კომპლექსური განვითარების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი ლევან მეტრეველი.
მონაწილეებმა განიხილეს: ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოვება, ეკონომიკური კავშირების დამყარება, და ქართულ-რუსული ურთიერთობები ყირიმის მოვლენების შემდეგ.

კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკოლაი სილაევის თქმით, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის ფონზე, ექსპერტების დიალოგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პრობლემების მოსაგვარებლად , გარდა ამისა აუცილებელია თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში.
„არსებული საკითხები აუცილებლად უნდა განვიხილოთ და მივაღწიოთ ორ ქვეყანას შორის ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნებას“.

მისი პოზიცია ნანა დევდარიანმაც გაიზიარა: „ჩვენ ვცხოვრობდით საერთო სახელმწიფოში და სხვისი მოდელების მიხედვით ურთიერთობების აგება არაფერ კარგს არ მოგვიტანს. სასიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ რუსული მხრიდან შეინიშნება ურთიერთობის დარეგულირებისკენ სწრაფვა“, – აღნიშნა მან.

ქართული მხარის მტკიცებით, საქართველოში ვერ შეხვდებით ანტირუსულ განწყობებს და ისინი, ალაგ-ალაგ მხოლოდ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში თუ არსებობს. ეგ კი არა, თურმე რუსეთს მტრადაც არ აღიქვამს არავინ და ყველა მშვენივრად აცნობიერებს, თუ რამხელა ბრალი მიუძღვის ქართულ პოლიტიკურ ელიტას.
შესაბამისად, ქართველების რუსეთთან დაახლოვების გულითად სურვილს ყირიმის მიერთებაც კი ვერას დააკლებს. თანაც, ნანა დევდარიანის აზრით, ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა უბრალოდ აღადგინა ისტორიული სამართლიანობა, ყირიმი ხომ „კანფეტების კოლოფი არაა და მას ვერ გააჩუქებ, როგორც ეს თავის დროზე ხრუშჩოვმა გააკეთა“. ქართველები კი მშვენივრად აცნობიერებენ – ყირიმი აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან არაფერ შუაშია, ამ ორ შემთხვევას შორის არაფერი არაა საერთო…

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, შეხვედრაზე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია სულაც არ არის თვითმიზანი, ხოლო ჩვენს ქვეყანაში ნატოს ჯარების განლაგება, რეგიონში დესტაბილიზაციას გაზრდის.

ისე, საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირებისკენ სწრაფვას რუსეთის მხრიდან მართლაც ლამის ყოველდღიურად ვაწყდებით. მარტო რუსული პასპორტების დარიგება და მავთულხლართების ნაცვლად უკვე ბეტონის კედლების აგება რად ღირს.

ეგ კი არა, მეგობრულ ნაბიჯებს ისინი საერთაშორისო დონეზეც არ იშურებენ. ასე მაგალითად, მას შემდეგ, რაც ტუვალუმ აფხაზეთისა სამაჩაბლოს აღიარებ გადაიფიქრა, გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, საიდანაც ვიგებთ, რომ რუსეთი ამ საკითხზე ერიტრეასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამის შესახებ რუსეთის ელჩი ერიტრეაში იგორ ჩუბაროვი და რუსეთის ელჩი ზიმბაბვესა და მალავიში სერგეი ბახარევი საუბრობენ.
ჩუბაროვი ულოცავს ბახარევს ზიმბაბვეს მიერ ყირიმის მხარდაჭერას, და უკვირს, ერიტრეამ თავი რატომ შეიკავაო.

„არაუშავს, დავკერავ სამხრეთ ოსეთისა და მეზობლების (აფხაზეთის) აღიარებაზე. მე მაგათ… მაინც გავიტან ჩემსას,“ -აცხადებს ჩუბაროვი და თან რუსული გინებების მდიდარი ლექსიკონის გამოყენებასაც არ იშურებს.
სხვათაშორის, ნახსენებია სხვა ევროპული სახელმწიფოებიც, ოღონდ მხოლოდ მათთვის უკანალში პანღურის ამორტყმის (სტილი შერბირებულია) კონტექსტში. ცნობისთვის, ერიტრეა სამხრეთ აფრიკის პატარა სახელმწიფოა, რომელმაც ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა 1993 წელს, სისხლისმღვრელი ომის შედეგად მიოპოვა. (დეჟავუ?) ანუ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში, იგი ტუვალუს ღირსეულად ჩაანაცვლებს.

თუმცა როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობა მაინც ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორი მშვიდობისმყოფელი და კეთილმოსურნე მეზობელი გვყავს ჩრდილოეთით. IRI-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, მთავარ საფრთხედ, გამოკითხულთა 24% პროცენტს ომი მიაჩნია, ხოლო 7%-ს კი პირდაპირ რუსეთი. შესაბამისად, რუსეთთან (მოსახლეობის აზრით, ყველაზე დიდ ხიფათთან) უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა მხოლოდ ერთი მარტივი ფრაზით თუა შესაძლებელი: „გეხვეწებით, აღარ წაგვართვათ ტერიტორიები!“

წყარო: http://press.mediamall.ge/?id=10425

Comments are closed