«Today’s Zaman»(თურქეთი): თურქეთი და სამხრეთ კავკასია რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის კრიზისის ფონზე
«Asbarez»(აშშ, კალიფორნია): ჯავახკელი სომხები „ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულებას ელოდებიან
«Вестник Кавказа» (რუსეთი): „აეროფლოტი“ საქართველოსთვის ძალიან დიდი ავიაკომპანია აღმოჩნდა?!
———————-
თურქეთი და სამხრეთ კავკასია რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის კრიზისის ფონზე
ჰასან კანბოლათი
(შემოკლებით)
ანკარაში 13-14 დეკემბერს კავკასიურ ასოციაციათა ფედერაციის კონფერენცია გაიმართა თემაზე „ჩერქეზები 150 წლის შემდეგ: დღევანდელობა და მომავალი“. კონფერენციაზე განიხილეს უკრაინის კრიზისი, რომელიც თურქეთთანაცაა დაკავშირებული, რუსეთის მზარდი იზოლირების პროცესი დასავლეთისაგან, რუსეთის ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის ცვლილებები აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების კონტექსტში.
რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის კრიზისი სამხრეთ კავკასიასაც შეეხო. რეგიონის სახელმწიფოებს რუსეთისადმი გარკვეული პრეტენზიები აქვთ. აზერბაიჯანი რუსეთს ბრალს სდებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გააქტიურებაში, ბაქოს მიაჩნია, რომ რუსეთი აზერბაიჯანზე ზეწოლას ახდენს და ამისთვის ყარაბაღის კონფლიქტს იყენებს. საქართველოში თანამდებობიდან გადადგნენ პროევროპელი მინისტრები, რომლებმაც რუსეთის მოქმედებაში საფრთხე დაინახეს. რუსეთი სომხეთზე ზეწოლას ახდენს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისათვის. გარდა ამისა, რუსეთმა აფხაზეთთან ხელშეკრულება გააფორმა და მისი სუვერენიტეტი შეზღუდა. ეს აფხაზებისათვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, თუმცა იქაურმა პოლიტიკოსებმა და ინტელექტუალებმა გადაწყვიტეს ამ ხელშეკრულებაზე მკვეთრი უარი არ ეთქვათ იმის შიშით, რომ მათი პოზიცია შესაძლოა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის საფრთხის მომტანი ყოფილიყო.
აფხაზეთი შიგნიდან დუღს. ის, რომ აფხაზებმა მკვეთრი უარი არ განაცხადეს სუვერენიტეტის შეზღუდვაზე და შედარებით ჩუმად არიან, უბრალოდ, სასოწარკვეთილების მაჩვენებელია. სამხრეთ ოსეთში შექმნილი სიტუაცია უფრო უარესია – რუსეთმა აფხაზეთს სუვერენიტეტი შეუზღუდა, მაგრამ სამხრეთ ოსეთს ყირიმივით ნამდვილად გადაყლაპავს. კრემლი რუსეთის ფედერალიზაციის საფუძველს ანგრევს: ის პოლიტიკური უფლებები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის სუბიექტებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღეს, თანდათანობით იზღუდება… იქმნება სამართლებრივი საფუძვლები და ინფრასტრუქტურა იმისა, რომ კრემლმა ჩრდილოეთ კავკასიას დარტყმა მიაყენოს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთის საშინაო პოლიტიკაში ახალი ერა იწყება: ცენტრალური ხელისუფლების მკვეთრი გაძლიერება, უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, გარე და შიდაპოლიტიკური მტრის ხატის შექმნა. თუ რუსეთი სერიოზულ ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდება, ამით ხელი შეეშლება ჩრდილოეთ კავკასიისათვის დაპირებული რესურსების გადაცემის პროცესს, რაც თავის მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიაში პოლიტიკურ და ეკონომიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს.
ისეთი დრო დგება, რომ ქვეყნები იძულებულნი ხდებიან მოკავშირეები პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის მსგავსად ამოირჩიონ. ვინც მათი მფარველი იქნება, ბედსაც ის განუსაზღვრავს. რუსეთზე დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის პირობებში თურქეთს აქვს უფლება თქვას, რომ „მე ამ თამაშებში არ ვმონაწილეობ“. და საერთოდ, რას მოიგებს ან წააგებს თურქეთი, ისიც რომ თამაშში ჩაბმულიყო?
«Asbarez» (აშშ, კალიფორნია), 15 დეკემბერი, 2014 წელი
http://asbarez.com/129873/javakhk-armenians-eagerly-awaiting-their-piece-of-the-georgian-dream/
ჯავახკელი სომხები „ქართული ოცნების“ დაპირებების შესრულებას ელოდებიან
სტატია საქართველოს სამცხე-ჯავახეთის, ანუ როგორც გაზეთშია მოცემული – „ჯავახკის“ რეგიონში მცხოვრები სომხების პრობლემებს ეხება და მასში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა გამოხატული (ავტორი – ვარანტ მკრტიჩიანი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის დროიდან უკვე ორ წელზე მეტი გავიდა. ჩატარდა პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შეიცვალა პრემიერ-მინისტრი… სამცხე-ჯავახეთის („ჯავახკის“) მოსახლეობა კი დაპირებების შესრულებას მოუთმენლად ელოდება.
რეგიონში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა. ბევრი ადგილობრივი სომეხი იძულებული გახდა სომხეთის მოქალაქეობა მიეღო და სამუშაოდ რუსეთში წასულიყო. რადგან საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას გამორიცხავს, მათ საქართველოს მოქალაქეობა უკვე დაკარგული აქვთ. ამას დაემატა საქართველო ხელისუფლების მიერ სავიზო რეჟიმში შეტანილი ცვლილებები, რომლის გამოც სომხებს პრობლემები გაუჩნდათ.
2014 წლის ოქტომბერში სომხეთის საპარლამენტო დელეგაცია გალუსტ სააკიანის ხელმძღვანელობით თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც ჯავახეთის საკითხებიც იქნა განხილული. დელეგაციის ერევანში დაბრუნებისთანავე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯავახეთის პრობლემებს, კერძოდ, სავიზო რეჟიმის საკითხებს ყურადღებას მიაქცევდა, თუმცა ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა – სომხებს კვლავ პრობლემები აქვთ.
არ შესრულებულა აგრეთვე არც საქართველოს პრეზიდენტის და განათლების მინისტრის დაპირება ჯავახეთის სომხებისათვის საგანმანათლებლო პირობების გაუმჯობესების თაობაზე: საქმე ეხება სტუდენტებისა და მოსწავლეების სწავლებას სომხურ ენაზე, საქართველოს ხელისუფლებას კი განზრახული აქვს სწავლება მთლიანად ქართულ ენაზე გადაიყვანოს. კარგი იქნებოდა სომხური ენა რეგიონულ ენად გამოცხადებულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ამის იმედი ადგილობრივ სომხებს არ უნდა ჰქონდეთ.
არ შესრულებულა დანაპირები, რომ შეიქმნებოდა კომისია საქართველოსში მდებარე იმ ეკლესიების ბედის გასარკვევად, რომლებსაც სომხური ეკლესია თავისად მიიჩნევს, ანუ გადაწყდებოდა დავა სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ამ საკითხის მოგვარებას ბიძინა ივანიშვილი სომხებს ჯერ კიდევ ერევანში თავისი პირველი ვიზიტის დროს დაპირდა… ასე რომ, სადავო ეკლესიები კვლავ ქართული ეკლესიის კონტროლქვეშ იმყოფებიან, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში ვრცლადაა საუბარი აგრეთვე რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, მაგალითად, ფონდ „ჯავახკის“ თაობაზე, რომელსაც ცნობილი სომხები უწევენ მფარველობას და დაფინანსებას. ჩამოთვლილია ის ღონისძიებები და სოციალური პროექტები, რომლებშიც ფონდის თანხები იხარჯება. სტატიაში ასევეა გადმოცემული კიდევ ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „სომხური დახმარების საზოგადოების“ საქმიანობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ახალგაზრდული ცენტრები, სომხური კულტურისა და ისტორიის პროპაგანდა და ა.შ.).
რასაკვირველია, ყველა ახალ მთავრობას აქვს ე.წ. შეღავათიანი [ადაპტაციის] პერიოდი, როცა მას გარკვეული დრო სჭირდება პრობლემებში და პრიორიტეტებში გასარკვევად. ასეთივე დამოკიდებულება არსებობს ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიმართაც, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობის საშეღავათო პერიოდი უკვე დასასრულს უახლოვდება. შესრულდება თუ არა ჯავახკის მოსახლეობის მოთხოვნები, ჯერ-ჯერობით საეჭვოა, თუმცა ბევრს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს.
„მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაციები დაუღალავად მუშაობენ თავიანთი პროგრამების გასახორციელებლად, ჯავახკის მოსახლეობა ელოდება, რომ სამთავრობო სტრუქტურები საახალწლოდ მაინც უწილადებს მათ „ქართული ოცნების“ ნაწილს, – აღნიშნულია აშშ-ის სომხური გაზეთის სტატიაში.
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 16 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.vestikavkaza.ru/analytics/Aeroflot-slishkom-velik-dlya-Gruzii.html
„აეროფლოტი“ საქართველოსთვის ძალიან დიდი ავიაკომპანია აღმოჩნდა!?
სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს – „აირზენასა“ და „აეროფლოტს“ შორის დაწყებული დავის პერიპეტიები, რომელიც გასულ კვირას საპროტესტო აქციებსა და ემოციურ გამოსვლებში გამოიხატა. ფაქტიურად, ქართულმა კერძო ავიაკომპანიამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ხელისუფლებამ ეროვნულ ბიზნესს მხარი უნდა დაუჭიროს და ქართულ ბაზარზე უცხოური (რუსული) კომპანიის მოქმედება უნდა შეზღუდოს (დადგენილი 14 რეისის ნაცვლად მხოლოდ 10 შეასრულოს). მოკლედ რომ ითქვას, აირზენამ პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნება მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტი“ მგზავრებს შედარებით უფრო იაფ მომსახურებას სთავაზობს, რაც ქართულმა „აირზენამ“ ხელოვნურ ქმედებად (დემპინგურ მანიპულაციებად) მიიჩნია და მთავრობას ავიარეისების რაოდენობის მხრივ პარიტეტის დაწესება მოსთხოვა. პირველ ეტაპზე მთავრობამ „აირზენას“ მოთხოვნა დააკმაყოფილა და ორივეს 10-10 რეისის შესრულება დაუწესა, მაგრამ გაჩნდა ახალი პრობლემა – რუსეთის მხრიდან მხოლოდ „აეროფლოტი“ არ არის, რეისების შესრულება სურს ავიაკომპანია „სიბირს“, ანუ მასაც 10 რეისი ეკუთვნის. ასერომ, საბოლოო ჯამში, „აირზენა“ თავს მაინც დაჩაგრულად მიიჩნევდა.
გასაგებია, რომ პატარა ქართული ავიაკომპანია კონკურენციას გიგანტურ რუსულ კომპანიებს ვერ გაუწევს. პრობლემა ქართველი მგზავრების ქცევამაც გააღრმავა – ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ პატრიოტიზმს და უპირატესობას იაფ მგზავრობას აძლევენ („აეროფლოტის“ თვითმფრინავის ბილეთის ფასი თბილისიდან მოსკოვამდე 57 ევრო ღირს, „აირზენასი“ კი – 140-150 ევრო). „მაშინაც კი, როცა პარიტეტი დაწესდა და ფასებიც თითქოსდა დარეგულირდა, ქართველი და რუსი მგზავრები უპირატესობას „აეროფლოტის“ თვითმფრინავებს ანიჭებენ“, – განუმარტეს „ვესტნიკ კავკაზას“ ჟურნალისტს ეკონომიკის სამინისტროში. რასაკვირველია, „აირზენასათვის“ კომფორტული იქნებოდა კვირაში 5 რეისის არსებობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა მგზავრთა რაოდენობის მომსახურება, ანუ მგზავრები მეტი იქნებოდა, ვიდრე რეისები.
ბუნებრივია, თავის მხრივ რუსეთიც ცდილობს თავისი ავიაკომპანიების უფლებების დაცვას. იმ დროს, როცა ქართულ ავიაკომპანიასა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის ცხარე და ემოციური დავა მიდიოდა (პირადი შეურაცხყოფის გამოვლინების ჩათვლით), რუსეთიდან გაფრთხილება მოვიდა: თუ თბილისი „ღია ცის“ ფორმატს დაარღვევს (რომელიც, სხვათა შორის, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ დააწესა), მაშინ მოსკოვი იძულებული იქნება საერთოდ შეწყვიტოს ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის. არადა, სწორედ ავიამიმოსვლის აღდგენა მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მთავრობისათვის ერთ-ერთ წარმატებად რუსეთთან ურთიერთობაში.
ობიექტურობის პრინციპი რომ იქნეს დაცული, უნდა ითქვას ისიც, რომ რუსული ავიაკომპანიების მიერ ბილეთის ფასის დაწევამ ქართულ ეკონომიკას მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი მოუტანა: გაიზარდა რუსი ტურისტების რაოდენობა, რაც თავის მხრივ იწვევს სასტუმროების დატვირტვის გაზრდას, ახალ სამუშაო ადგილებს და ა.შ.
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლება ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა: ერთი მხრივ, ერთადერთი ეროვნული ავიაკომპანია „აირზენას“ ასობით თანამშრომლის მოთხოვნის იგნორირებაც არ შეიძლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაკოტრდება, მაგრამ მეორე მხრივ, შეცდომა იქნებოდა ქართულ-რუსული ურთიერთობის დარეგულირების პროცესის ჩაშლა და რუს ტურისტთა ნაკადის შეწყვეტა.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ხელისუფლებამ (ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით) „ოქროს შუალედი“ მოძებნა და დავას წერტილი დაუსვა: დაწესდა პარიტეტი – 14-14 რეისი კვირაში, [ანუ ეს ასე უნდა გავიგოთ: ქართული „აირზენა“ კვირაში 14-ჯერ შეასრულებს რეისს, ხოლო რუსული „აეროფლოტი“ და სხვები თავიანთ კუთვნილ 14 რეისს, ალბათ, ერთმანეთში გაიყოფენ].