globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 19th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«NewTimes» (აზერბაიჯანი), 18 დეკემბერი, 2014 წელი

http://newtimes.az/ru/organisations/3241

შეფასება აზერბაიჯანიდან: როგორი იყო საქართველოსთვის 2014 წელი?

აზერბაიჯანის ანალიტიკურმა გამოცემა «ნეწთიმეს»-მა გამოქვეყნა პროფესორ არასტ გაბიბეილის ანალიტიკური სტატია აზერბაიჯანისა და მისი მეზობლების მდგომარეობის შესახებ 2014 წლის განმავლობაში.
საქართველოს შესახებ პუბლიკაციაში ნათქვამია:
„2014 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოდგა. ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ ქვეყანა თავის საგარეოპოლიტიკურ კურსში უნდა გარკვეულიყო. საქართველოს წინაშე ორი დიდი ამოცანა იდგა: პროდასავლური პოლიტიკის გაგრძელება და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ამ ქვეყნის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირების შემდეგ მოსკოვთან [პოლიტიკური] დამოკიდებულების საკითხი დღესაც საკმაოდ ბუნდოვანად მოჩანს. საერთოდ, ფუნდამენტურ საგაგრეოპოლიტიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით პოზიციათა ერთიანობა მმართველ კოლიცია „ქართულ ოცნებაშიც“ კი არ არსებობს. ამიტომაც შემთხვევითი არაა, რომ მმართველ კოალიციაში განხეთქილება მოხდა და მას ჩამოშორდა უკიდურესად პროდასავლურად განწყობილი ჯგუფი ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით.
ახალ 2015 წელს საქართველო შიდაპოლიტიკური სტაბილურობის საფრთხეებითა და გაურკვევლობებით ხვდება. თბილისის მხრიდან ერთადერთი აბსოლუტურად მტკიცე და გარკვეული პოზიცია გამოხატულია აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ კავშირთან და ამ ფორმატში მიმდინარე ერთობლივი პროექტების რეალიზებასთან მიმართებით. ეჭვგარეშეა, რომ სამი სახელმწიფოს ურთიერთობა მტკიცე საფუძველს ემყარება. 2014 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, სამმხრივ ფორმატში ჩატარდა პრეზიდენტების სამიტი, აგრეთვე საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის მინისტრების რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა“, – აღნიშნულია სტატიაში.

«Первый Армянский Информационный» (სომხეთი), 19 დეკემბერი, 2014 წელი

http://ru.1in.am/1074323.html

საქართველო-სომხეთის ურთიერთობა: პოლიტოლოგთა კომენტარები

სომხურ მასმედიაში აქტიურად მიმდინარეობს ქვეყნის საგარეოპოლიტიკური მოვლენების შეფასება, ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე. ერთ-ერთ ასეთ მოვლენად მიიჩნევა ამ დღეებში განხორციელებული სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოვიკ აბრამიანის ვიზიტი თბილისში.
სომხური გამოცემა „პერვიი არმიანსკიი ინფორმაციონნიის“ კორესპონდენტი არაქს მარტიროსიანი ერთ-ერთ პუბლიკაციაში ვრცლად საუბრობს სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრის ირგვლივ, ოვიკ აბრამიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებზე და იქვე მკითხველს ქართველი პოლიტოლოგ-ექსპერტების თვალსაზრისებსაც აცნობს.
კორეპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა სტრატეგიული კვლევების ქართული ცენტრის დირექტორს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილს: ექსპერტმა მაღალ დონეზე შეაფასა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში, როცა საქართველო ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარვატერში შევიდა, სომხეთი კი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა. ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, ორივე მეზობლის სხვადასხვა საგარეოპოლიტიკური კურსი ერთმანეთის საპირისპიროა და შეიძლება საფრთხეებს შეიცავს, თუმცა, მისივე თქმით, „თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ტრადიციულად ყველა პრობლემა თბილისსა და ერევანს შორის მოლაპარაკების გზით წყდება, მაშინ რაიმე გართულება მოსალოდნელი არ უნდა იყოს“. ირაკლი მენაღარიშვილმა ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო პრობლემად დაასახელა ორმხრივი ვაჭრობის საკითხი: „საქართველო ევროკავშირის სტანდარტებით იმოქმედებს, სომხეთი კი – ევრაზიული კავშირის კანონებით. არაა გამორიცხული წინააღმდეგობები, თუმცა ყოველგვარი ბარიერი ორმხრივი დიალოგით უნდა გადაილახოს“.
ინტერვიუში ირაკლი მენაღარიშვილმა კომენტარი გაუკეთა აგრეთვე გასულ კვირას ყარსში გამართულ სამმხრივ შეხვედრას, რომელშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები თამარ ბერუჩაშვილი, მევლუდ ჩავუშოღლუ და ელმარ მამედიაროვი მონაწილეობდნენ. მართალია, მათი სომეხი კოლეგა ედვარდ ნალბანდიანი ყარსის კონფერენციაზე, გასაგები მიზეზების გამო, მიწვეული არ იყო, მაგრამ თვითონ ამ მოვლენამ ერევანში მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოიწვია. როგორც ცნობილია, შეხვედრის დროს ყურადღება დაეთმო ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს. ამასთან დაკავშირებით ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხის მიმართ საქართველოს მიდგომების არ შეცვლილა: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, უფრო მეტიც – მისი ნაწილი ოკუპირებულია მეზობლის მიერ. საქართველო საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოქმედებს და ეს სომხეთისათვის მოულოდნელი არც უნდა ყოფილიყო. მე ვერ ვხედავ შეშფოთების საფუძველს. ჩვენი მოქმედება სომხეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის. სომხეთის ტერიტორიული მთლიანობაც, საქართველოს მსგავსად, დაცული უნდა იყოს“.
„პერვიი არმიანსკიი ინფორმაციონნიის“ კორესპონდენტი ესაუბრება აგრეთვე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს, რომელმაც ასევე მაღალ დონეზე შეაფასა ქართულ-სომხური ურთიერთობები, თუმცა მიუთითა, რომ რეგიონის მასშტაბით მომხდარი მოვლენსბის გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის შესაძლოა არასასიამოვნო განწყობებმა მოიმატოს. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ თბილისი-ბაქო-ანკარის ურთიერთობა თბილისი-ერევნის დამოკიდებულებაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს. „ქართული დიპლომატიის ძირითად მიმართულებას მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება წარმოადგენს. როცა ჩვენს რეგიონში ორი სახელმწიფო ერთმანეთთან ომის ზღურბლზე იმყოფება, ეს სახიფათოა როგორც სომხეთ-აზერბაიჯანისათვის, ასევე საქართველოსათვის. ამიტომაც საქართველო აცნობიერებს ამ სიტუაციას და ცდილობს ყველასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდეს“, – აღნიშნა კომენტარში სოსო ცინცაძემ.

«Республика Армения» (სომხეთი), 18 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.ra.am/archives/2118

„საქართველოს იმდენად სომხეთი არ სჭირდება, რამდენადაც სომხეთს საქართველო, რადგან ჩვენ ეკონომიკურად ჩიხურ მდგომარეობაში ვართ“
ინტერვიუში სომეხი თურქოლოგი არტაკ შაკარიანი საუბრობს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე, მეოცე საუკუნეში მომხდარ ისტორიულ ფაქტებზე (1921 წლის მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებზე), სომხეთის როლზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სომხეთის ურთიერთობებზე მეზობლებთან და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან.
გთავაზობთ ამონარიდს:
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არსებობს სამკუთხედი თურქეთი-აზერბაიჯანი-საქართველო, რომლის მიზანს სომხეთის იზოლაცია წარმოადგენს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სომხეთის დიპლომატია იმდენად თურქეთით და აზერბაიჯანით კი არ უნდა იყოს დაკავებული, რამდენადაც საქართველოსთან ურთიერთობით, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ სერიოზულ ყურადღებას არ ვუთმობთ. საქართველო ჩვენთვის საკვანძო სახელმწიფოა როგორც რუსეთთან სახმელეთო კავშირით უზრუნველყოფაში, ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის პაქტის გაძლიერების საკითხში. ჩვენ მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების შესწავლას, მის ეკონომიკურ მდგომარეობას, რათა სომხეთს პირდაპირი გავლენა ჰქონდეს საქართველოზე.
მე მინდა ყურადღება მივაქციო აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ჩვენთან თურქეთის მცოდნე სპეციალისტები ათზე მეტია, ხოლო საქართველოს მცოდნეს მხოლოდ ორს თუ ვიპოვით. ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს მნიშვნელობას სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ჩვენს სამეცნიერო დაწესებულებებში თურქოლოგები საკმაოდ არიან, მაგრამ არის თუ არა ერევანში ქართველოლოგიის კათედრა? სწავლობენ თუ არა ჩვენთან ქართულ ენას? რა დასამალია და ინფორმაციას მხოლოდ რუსულ და ინგლისუენოვანი წყაროებიდან ვიღებთ. ჩვენ საქართველოს არ ვიცნობთ. ვინმემ იცის კარგად საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, მისი ეკონომიკა, მისი პრობლემები? ქართულ ღვინოებზე და ბორჯომზე სტანდარტული ცოდნისა გარდა? არადა, საქართველოს ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა მასთან ჩვენი უფრო კარგი ურთიერთობის საწინდარია.
ქართველები თვითონვე ამბობენ, რომ საქართველო თავისებური ქვეყანაა იმ გაგებით, რომ მათ არცერთი თავიანთი მეზობელი არ მოსწონთ – არც რუსები, არც აზერბაიჯანელები, არც სომხები, თურქები და აფხაზები. მაგრამ ჩვენი დიპლომატიის ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ მოწინააღმდეგე მხარის ნაბიჯებს ველოდოთ, არამედ ჩვენ უნდა ვიყოთ ინიციატორი, ჩვენ თვითონვე უნდა განვახორციელოთ ესა თუ ის მოქმედება. საქართველოს წინაშე სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ამოცანა არ დგას, ეს სომხეთს სჭირდება საქართველო, რადგან ეკონომიკურად ჩიხურ მდგომარეობაში ვართ. სომხეთი საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობს, მაგრამ ინვესტიციებს არ სდებს, იქ უფრო დასავლური, თურქული და აზერბაიჯანული ფინანსებია დაბანდებული. შესაბამისად, არანაირი ფაქტორი არაა, რომ საქართველო სომხეთით იყოს დაინტერესებული. სომხეთს ზალიან ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ საქართველოთი იყოს დაინტერესებული, ამიტომაც ის დიპლომატიური ძალისხმევა, რასაც ჩვენ მეორეხარისხოვან ქვეყნებს ვახმართ, საქართველოსკენ უნდა მივმართოთ“.

Comments are closed