5 დეკემბერი, 2014 წელი
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): გადადებული ოცნებები: საქართველო ლიბერალური რეფორმების მიღწევებს კარგავს
«Главком» (უკრაინა): ეკა ზღულაძე – ანტონ გერაშჩენკოს: „ქართული რეფორმის საიდუმლო მარტივია: დავიჭირეთ 1000-მდე კორუმპირებული მილიციელი, 300 პროკურორი, 50 მოსამართლე და 7-8 მინისტრი“
«Region Plus» (აზერბაიჯანი): გაიხსნება დალუქული კარი? აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული კავშირი მორიგი გამოცდის წინაშე დგას
———————-
«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 5 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.economist.com/news/europe/21635507-georgia-frittering-away-gains-liberal-reforms-dreams-deferred
გადადებული ოცნებები: საქართველო ლიბერალური რეფორმების მიღწევებს კარგავს
სარედაქციო სტატია
რუსეთის გამოუცხადებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიით არ დაწყებულა. პრეცედენტი შეიქმნა ჯერ კიდევ ექვსი წლის წინათ, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დროს, რომლის შედეგად რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაიკავა. დასავლეთს მოსკოვთან უშუალოდ დაპირისპირება არ სურდათ და ამიტომაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უგუნურ ქმედებაში დაადანაშაულეს. როგორც ამბობენ, სწორედ მაშინ დაიწყო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირიმზე საუბარი.
ერთი შეხედვით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მას შემდეგ საკამოდ გაუმჯობესდა. ავიამიმოსვლა აღდგა, ქართული პროდუქციით (ღვინო, მინერალური წყალი, ხილ-ბოსტნეული) ვაჭრობა განახლდა და განუხრელად ფართოვდება, მაგრამ დღეს საქართველო კვლავ საფრთხის ქვეშაა და დაუცველია ისე როგორც არასდროს. უკრაინის შემდეგ, რომელიც რუსეთის ზეწოლით და საკუთარი შეცდომების გამო ინგრევა, საქართველო კრემლის მორიგი მიზანი იქნება.
პატარა ქვეყანა საქართველოს, რომელმაც ხელახლა აღმოაჩინა საკუთარი თავი ბატონ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს კავკასიის რეგიონის გასაკონტროლებლად. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და გაზის მილსადენები, აზერბაიჯანიდან თურქეთამდე. სომხეთთან (რომელსაც პრორუსლი ორიენტაცია აქვს) და აზერბაიჯანთან (რომლის გულის მოგებასაც მოსკოვი ცდილობს) ერთად, საქართველო ბოლო თავსატეხად რჩება.
საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ვლადიმერ პუტინისათვის აშკარა გამოწვევაა. აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინი საქართველოს საერთაშორისო საზღვრების შეცვლას ცდილობს, რათა არ დაუშვას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწევრიანება. გასულ კვირაში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ახალ ხელშეკრულებას აფხაზეთთან, რომლის შედეგად რუსეთის გავლენა საქართველოს ამ სეპარატისტულ რეგიონზე გაძლიერდა. საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც უკრაინის მოვლენის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა და არ მოიწონა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების იდეა, რუსეთის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯი სილის გარტყმის ტოლფასი იყო.
ვლადიმერ პუტინი საქართველოს განიხილავს არა როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, არამედ როგორც რუკად რუსეთ-დასავლეთის დიდი თამაშისათვის, მართალია, სამხედრო ცარევა ჯერ კიდევ არაა გამორიცხული, მაგრამ ამჟამად კრემლი, როგორც ჩანს, უფრო მეტად საქართველოს პოლიტიკური სისუსტით ისარგებლებს, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით გააკეთა (ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ). თუ რუსეთი თავისი გავლენის სფეროში საქართველოს შეთრევას ვერ მოახერხებს, მაშინ მოსკოვი სიტუაციის დესტაბილიზებას ისე მოხდენს, რომ ევროპისათვის რაც შეიძლება უსიამოვნო და მწარე იყოს. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარი მოვლენები ამ ამოცანის რეალიზებას აადვილებს.
ორი წლის წინ, როცა საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ დაამარცხა, იმ პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს საშინაო პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავად წარმოჩინდა. საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ იმავდროულად, მისი მთავრობის პირველ წლებში ქვეყანამ სახელი გაითქვა იდეებით, პროექტებითა და რეფორმებით. დღევანდელი საქართველო სტაგნაციურ და დაბნეული ქვეყნის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელმაც ორიენტირები აერია. „ამ მთავრობას კონკრეტული, მკაფიო გეგმები და იდეები არ აქვს, მას მხოლოდ [რაღაც] ინტერესები ამოძრავებს“, – ამბობს გიორგი ხუხაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, რომელიც მოგვიანებით მის კრიტიკოსად იქცა.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გუნდს გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებდა და თავს ესხმოდა, თვითონ არანაკლებ გაუმჭვირვალე, ერთგვარი ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური თანამდებობა აღარ აქვს ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მაინც გადაწყვეტილების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან პირად რჩება. იგი პერიოდულად პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთვება ხოლმე.
თინათინ ხიდაშელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმურობას კათოლიკოს-პატრიარქის სტატუსს ადარებს და ამბობს: „მერწმუნეთ, ივანიშვილი რომ არ იყოს ჩართული საქმეებში, დღეს საქართველოში სიტუაცია უფრო უარესად იქნებოდაო“. ბიძინა ივანიშვილის ბევრი მოწინააღმდეგე ასევე აკრიტიკებს მის პროტეჟეს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ადრე მილიარდერის ბიზნეს-ჯგუფის მენეჯერად მუშაობდა.
კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რომელიც ერთადერთი მიზნის – მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის დასამხობად იყო შექმნილი, ბზარები ფართოვდება. გასულ თვეში ნატოში ინტეგრაციის მომხრე ირაკლი ალასანია, რომელიც, ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად, საქართველოს ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსია, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა (თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად ოთხი თანამშრომელი დააპატიმრეს, რაც ირაკლი ალასანიამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე პოლიტიკურად მოტივირებულ შეტევად მიიჩნია). საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, რომელიც ირაკლი ალასანიას ცოლიდაა, თავისი პოსტი სიძისადმი სოლიდარობის ნიშნად დატოვა.
ირაკლი ალასანიას გათავისუფლება სრულიად მოეწონა კრემლს, რომელიც ქართველ თავდაცვის მინისტრს ამერიკის აგენტად მიიჩნევდა. ბიძინა ივანიშვილის მოქმედებამ აჩვენა, რომ ამ გადაწყვეტილების უკან სწორედ ის იდგა. მან თავისი სიმდიდრე და ქონება რუსეთში დააგროვა, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში და როგორც ამბობენ, მას რუსეთის პრეზიდენტისადმი შიშის გრძნობა აქვს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი დროს აჭიანურებს და ელოდება, რომ რუსეთი და ამერიკა საქართველოს სამომავლო მდგომარეობის შესახებ შეთანხმდებიან.
ვლადიმერ პუტინსა და ბიძინა ივანიშვილს საქართველოს წინა ხელისუფლების სიძულვილი აერთიანებთ. მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება არ შეუძლია, იგი შიშობს, რომ დააპატიმრებენ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპყრობილეშია. კახა ბენდუქიძე, რომელიც რეფორმების გამტარებელი მინისტრი იყო და ყველაფერი გააკეთა საქართველოს ეკონომიკის თავისუფალი განვითარებისათვის, საქართველოში ვერ ბრუნდებოდა და ახლახან ლონდონში გარდაიცვალა. ეს სია კიდევ სეიძლება გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ავტორიტარულ სახელმწიფოდ გადაიქცა – ქვეყანაში არის თავისუფალი მასმედია და ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია, ანუ ის, რაც თავის დროზე მიხეილ საკაშვილის ხელისუფლებას აკლდა. როგორც კახა ბენდუქიძე ხშირად ამბობდა ხოლმე: „საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით წინ მიაბიჯებს, მაგრამ ხანდახან ფეხს ნეხვში დგამსო“.
და მაინც, იმის ნაცვლად, რომ რეფორმები განაგრძოს, საქართველოს ახალი მთავრობა საპირისპირო მიმართულებით მიდის და მიხეილ სააკასვილის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისათვის საქართველოში უვიზოდ ყოფნის დრო უაზროდ შეიზღუდა, ასევე აიკრძალა მიწის უცხოელებზე გაყიდვა.
სამართლიანად აკრიტიკებდა რა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეთა უკანონო დევნისა და ხელისუფლების გადამეტების გამო, ახალი ხელისუფლება ახლა უკვე თვითონ ეწევა პოლიციისა და უშიშროების ძალების განმტკიცებას. ამას წინათ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უშიშროების ძლიერი სამსახურები „არის ჩვენი ქვეყნის წარმატების, განვითარების, წინსვლის და ძლიერების საწინდარი“. გარდა ამისა, პარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს კანონი, რომელიც პოლიციას მოქალაქეთა სატელეფონო საუბრების მოსმენის ნებას აძლევს.
ყველაფერი ეს მთავრობის პოპულარობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს: „ქართული ოცნების“ რეიტინგი 70%-დან თითქმის 40%-მდე დაეცა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი კოალიციის პოპულარობის დაცემით ოპოზიციური „ნაციონალურ მოძრაობის“ ან რომელიმე სხვა პარტიის მხარდაჭერის დონე არ მომატებულა. ამით იქმნება სახიფათო სიტუაცია, ხელისუფლების ლეგიტიმურობის ვაკუუმი, რომელიც იოლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. როგორც საქართველოს მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად კი ანალიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, „საქართველოს არ შეიძლება სუსტი მთავრობა ჰყავდეს… უნდა ვიცუროთ, არ უნდა ჩავიძიროთ, თორემ სხვანაირად დავიღუპებით“. სწორედ ამის იმედი აქვს ვლადიმერ პუტინსაც.
«Главком» (უკრაინა), 5 დეკემბერი, 2014 წელი
http://glavcom.ua/news/253610.html
ეკა ზღულაძე – ანტონ გერაშჩენკოს: „ქართული რეფორმის საიდუმლო მარტივია: დავიჭირეთ 1000-მდე კორუმპირებული მილიციელი, 300 პროკურორი, 50 მოსამართლე და 7-8 მინისტრი“
უკრაინის სახალხო დეპუტატმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაქოვი ჯერ-ჯერობით უარს არ ამბობს თავის პირველ მოადგილედ საქართველოს ყოფილი შს მინისტრის ეკატერინე ზღულაძის დანიშვნაზე.
„ოჯახური მდგომარეობის გამო ეკა ზღულაძეს კიევში ჩამოსვლა მხოლოდ 8 დეკემბერს შეუძლია. იგი შეხვდება არსენ ავაქოვს და შინაგან საქმეთა სამინისტროში დანიშვნის საკითხზე ისაუბრებენ. ავაქოვი მიესალმება კვალიფიცირებული თანაშემწის ყოლას იმ რეფორმების ცარჩოებში, რომელიც სამართალდამცველების ჯგუფმა შეიმუშავა და მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა. არსენ ავაქოვსა და ეკა ზღულაძეს შორის უკვე შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მათ ერთობლივი საქმიანობის გეგმა განიხილეს’.
გერაშჩენკო მიიჩნევს, რომ ეკა ზღულაძე თავისი გამოცდილებით არსენ ავაქოვის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს: „ამას წინათ ეკასთან ვსაუბრობდი და მას ვთხოვე მოკლედ მოეთხრო ქართული რეფორმების შესახებ. ეკამ უბრალოდ მიპასუხა: დავიჭირეთ 1000-მდე კორუმპირებული მილიციელი, 300 პროკურორი, 50 მოსამართლე და 7-8 მინისტრი. სულ ეს იყო. ამის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ კანონის დარღვევაზე პასუხისმგებლობა მოუწევს. რასაკვირველია, ამ წარმატების საფუძველი იყო ისიც, რომ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს შორის ერთიანობა იყო, პლუს ქართველი ხალხის ნდობის საოცარი კრედიტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრტეზიდენტად არჩევის დროს 96%-ით გამოიხატა“.
«Region Plus» (აზერბაიჯანი), 5 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.regionplus.az/ru/articles/view/3271
გაიხსნება დალუქული კარი? აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის სტრატეგიული კავშირი მორიგი გამოცდის წინაშე დგას
ფუად ჰუსეინზადე
(ამონარიდი)
რაც უფრო ახლოვდება ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს მომხდარი მოვლენის 100-წლიანი იუბილე, რომელსაც სომხები „გენოციდს“ უწოდებენ, ემოციები მით უფრო მკვეთრი ხდება. ამ ფონზე მტავარი კითხვა ასეთია: შეცვლის თუ არა თურქეთი თავის პოზიციას სომეხთა გენოციდის მიმართ და როგორც შედეგი – გაიხსნება თუ არა თურქეთ-სომხეთის საზღვარი?
აზერბაიჯანმა ამასთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა გათვალოს, რათა სიტუაცია მის წინააღმდეგ არ განვითარდეს. აზერბაიჯანის მთავარი ყარაბაღული სტრატეგია იმაში გამოიხატება, რომ სომხეთის იზოლაციაში იყოს. არადა, ბლოკადის გარღვევის საერთაშორისო მცდელობები არა მხოლოდ დასავლეთიდან, არამედ ჩრდილოეთიდანაც ხდება.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ სეპარატისთა ლიდერი რაულ ხაჯიმბა მიიღო სოჭში, სადაც ხელი მოწერა რუსეთ-აფხაზეთის ახალ ხელშეკრულებას. შეხვედრის ერთ-ერთი სიურპრიზი იყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის წინადადება, რომლის ტანახმად, პუტინის სიტყვებით რომ ვთქვათ, „პროექტის რეალიზებით არდგება სატრანზიტო რკინიგზა სოხუმიდან თბილისისკენ და შემდეგ – სომხეთისაკენ:.
რუსეთის მისწრაფება თავისი ფორპოსტის – სომხეთის იზოლაციისაგან გამოყვანის მიზნით გასაგებია, მაგრამ საქართველოს ნებართვის გარეშე რკინიგზის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. როგორც სერიგებისა და სამოქალაქო ტანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რკინიგზის რეალიზების საკითხს წერტილი დაესვა, რადგან პუტინმა და ხაჯიმბამ თბილისის პოზიცია არ გაითვალისწინეს. „ჩვენ არასდროს წინაარმდეგნი არ ვიყავით, რადგან ეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში შედიოდა, მაგრამ პუტინმა ეს იდეა უკვე საფუძველშივე მოკლა, როცა თქვა, რომ რკინიგზა რუსეთის და აფხაზეთის ინიციატივით გაიხსნებაო“, – აღნიშნა მან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველო არ არის პრინციპული წინააღმდეგი იმაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე მოძრაობა აღდგეს სომხეთის მიმართულებით. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, წინასაგან განსხვავებით, მოსკოვთან ურთიერთობაში „რბილი ძალის“ მომხრეა, ანუ უპირატესობას აძლევს იმ მეთოდს, რომ ჩრდილოელ მეზობელთან არსებული პრობლემები დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მოგვარდეს. რამდენადაა ეს მეთოდი ეფექტური საქართველოს ტერიტორიული პრობლემის გადაწყვეტისათვის? მით უმეტეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება საბოლოო და შეუქცევადია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება? თუმცა ის ოპტიმიზმი, როგორითაც ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რკინიგზის თაობაზე, გვაძლევს იმის საფუძველს რომ ვიფიქროთ – მოსკოვს აქვს რაღაც საშუალება თბილისის დასარწმუნებლად.
როგორც ჩანს, საზღვრებთან და ტერიტორიებთან დაკავშირებული ამბები საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სტრატეგიულ კავშირს მორიგ გამოცდას უწყობს. შეძლებენ თუ არა საქართველო და თურქეთი [პუტინის ანკარაში ვიზიტის ფონზე] გაუძლონ გარეშე ზეწოლას? ამ ქვეყნების ხელმძღვანელთა განცხადებები ადრეც ოპტიმისტური იყო, მაგრამ ახლა დგება მომენტი, როცა სიტყვა საქმით უნდა დამტკიცდეს.