globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მასმედიაში 11 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 11th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთ): ქართული ავიაკომპანიის „ანტირუსული“ გაფიცვა: ვინ მოიგებს და ვინ წააგებს – რუსეთი თუ საქართველო?

«Вестник Кавказа» (რუსეთი): „აზერბაიჯანის ეკონომიკა აღემატება საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკას, ერთად აღებულს“

«Эхо» (აზერბაიჯანი): ყარსის კონფერენცია – 2014
———————-
«КоммерсантЪ» (რუსეთ), 11 დეკემბერი, 2014 წელი
ქართული ავიაკომპანიის „ანტირუსული“ გაფიცვა:
ვინ მოიგებს და ვინ წააგებს საბოლოო ჯამში – რუსეთი თუ საქართველო?
გიორგი დვალი, ელისაბედ კუზნეცოვა (თბილისი-მოსკოვი)
რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთა ავიაგადაყვანის ლიბერალიზებამ თბილისში სოციალური აფეთქება გამოიწვია – გაიფიცა ქართული ეროვნული ავიაკომპანია გეორგიან აირწაყს-ის პერსონალი. საქმე იმაშია, რომ გეორგიან აირწაყს-ის ხელმძღვანელობა არ დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ „ღია ცის“ რეჟიმს, რომლის მიხედვით, რუსულ კომპანიებს – „აეროფლოტს“ და „სიბირს“ კვირაში 14 ავიარეისის შესრულება შეეძლოთ, ქართულს კი მხოლოდ ათი რეისის შესრულება უწევდა. გარდა ამისა, ორივე რუსულმა კომპანიამ ბილეტებზე დემპინგური (შემცირებული) ფასები შემოიღო. შესაბამისად, გეორგიან აირწაყს-სს  მგზავრთა რაოდენობა და მოგება შეუმცირდა. კომპანიამ თანასწორი პირობების დაწესება მოითხოვა. თბილისი გარკვეულწილად აჭიანურებდა მოსკოვისათვის ავიარეისების შემცირება მოეთხოვა და აი, გაფიცვამაც არ დააყოვნა. აქცია ეფექტური გამოდგა – საქართველომ უკვე ოფიციალურად აცნობა „აეროფლოტს“ და „სიბირს“, რომ მათი ავიარეისები 15 დეკემბრიდან კვირაში უკვე ათამდე შემცირდება.
მაგრამ პრობლემის მოგვარების გაჭიანურებამ ის შედეგი გამოიღო, რომ ქართველი ავიატორები ახლა უფრო მეტს ითხოვენ: ავიამიმოსვლის თაობაზე რუსეთ-საქართველოს მთავრობათაშორისო შეთანხმების მთლიან გადასინჯვას და საქართველოს სამოქალქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის გურამ ჯალაღონიას გადადგომას.
გეორგიან აირწაყს-ის ერთ-ერთმა მფლობელმა, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პირადმა მფრინავმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში ფრენები შეწყვეტილია მანამდე, სანამ „ხელისუფლება ყველა მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს“. იგი დაიმუქრა, რომ მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში შეწყვეტდნენ პარიზის, ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის რეისების განხორციელებას. რასაკვირველია, იმ მგზავრებს, რომლებთაც მოსკოვში წასასვლელი ბილეთები აღებული ჰქონდათ, თანხას უკან დაუბრუნებენ.
„კომერსანტის“ კორესპონდენტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში დაარწმუნეს, რომ თბილისი არ დაუშვებს რუსეთთან ავიამიმოსვლის სფეროში დადებული დადებული შეთანხმების დარღვევას, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებიათ. მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარი მოვლენები „ზოგიერთი პირების მიერ სიტუაციის სპეკულირებად“ შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთთან მოლაპარაკებას გააგრძელებს.
რაც შეეხება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პოზიციას: როგორც ამ უწყებაში „კომერსანტს“ აცნობეს, მათ გასულ კვირას საქართველოს მოლაპარაკების გაგრძელება შესთავაზეს, მაგრამ მის დაწყებამდე ავიარეისებზე შეზღუდვები არ უნდა დაწესებულიყო. ამის მიუხედავად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქართულმა მხარემ რუსულ ავიაკომპანიებს რეისები შეუმცირა.
დამოუკიდებელი ექსპერტი ანდრეი კრამარენკო თვლის, რომ მოსკოვ-თბილისის ხაზზე ფრენების რაოდენობის გადაჭარბება არ შეინიშნება, მგზავრთა ნაკადი არსებობს და ამიტომ ავიარეისების შემცირება გაუმართლებელია. საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვები ნეგატიურად იმოქმედებს ამ ქვეყნის ტურისტული დარგის განვითარებაზე და ეს უფრო საგრძნობი ზარალი იქნება, ვიდრე გეორგიან აირწაყს-ის დანაკარგები – იმ შემთხვევაშიც კი, ამ კომპანიამ მოსკოვში ფრენები სულაც რომ შეწყვიტოს..
«Вестник Кавказа» (რუსეთი), 10 დეკემბერი, 2014 წელი
„აზერბაიჯანის ეკონომიკა აღემატება საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკას, ერთად აღებულს“
(შემოკლებით)
მსოფლიოში ნავთობის ფასები განუხრელად კლებულობს – ერთი ბარელის ფასი უკვე 60 დოლარის ნიშნულს უახლოვდება… რამდენად იმოქმედებს ეს ტენდენცია აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტზე? ქვეყანა შემოსავლებს ძირითადად ხომ სწორედ ნავთობის ექსპორტიდან ღებულობს.
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტი 2015 წლისათვის ნავთობის 90 დოლარიან ფასზეა  გათვლილი, რაც რეალურს ძალიან ჩამოუვარდება. მართალია, აზერბაიჯანის ფინანსთა მინისტრმა სამირ შარიფოვმა განაცხადა, რომ ნავთობზე ფასების შემცირება საბიუჯეტო შემოსავლებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენსო, მაგრამ ეჭვები და შეშფოთების საფუძველი მაინც არსებობს.
- რამდენად შესაძლებელია ნავთობისგან მიღებული შემოსავლების ჩანაცვლება ეკონომიკის სხვა დარგებიდან მიღებულმა შემოსავლებით? – ამ შეკითხვით „ვესტნიკ კავკაზამ“ ფინანსურ ექსპერტს ფარხად ამირბეკოვს მიმართა.
- ალბათ, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი დარგი არაა ნაგულისხმევი. აბა, გავიხსენოთ, ვინ არიან ჩვენი მეზობლები. გვესაზღვრება სამი დიდი ქვეყანა როგორც მოსახლეობით, ასევე ეკონომიკური პოტენციალით – რუსეთი, ირანი და თურქეთი, აგრეთვე უფრო ნაკლები შესაძლებლობებით და მოსახლეობით – საქართველო და სომხეთი. მეზობლები არიან კასპიის ზღვის გადაღმა მდებარე სახელმწიფოები – ყაზახეთი და თურქმენეთი. ყველა ერთად აღებული ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების უშუალო არეალს წარმოადგენს. აი, აქ უნდა განვითარდეს კომპლექსური ლოჯისტიკა: ავია-, ავტო-, სარკინიგზო მიმოსვლა, მილსადენი ტრანსპორტი. ამ დარგებიდან ჩვენ დამატებითი მოგება უნდა მივიღოთ… პრიორიტეტული  აგრეთვე ტურიზმი, საკუთარი ნედლეულის გადამუშავება და სოფლის მეურნეობის განვითარება: მეჩაიეობა, მეციტრუსეობა, ბრინჯის მოყვანა…
- როგორია აზერბაიჯანის წილი სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების საერთო შიდა პროდუქტში?
- აზერბაიჯანის ეკონომიკა აღემატება საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკას, ერთად აღებულს… არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: აზერბაიჯანი დამოკიდებულია ექსპორტის მსოფლიო ოკეანისაკენ  მიმართულების ფაქტორზე. აი, ამის გათვალისწინებით ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, რუსეთი და ირანი. საქართველო ყველაზე უკეთესია, რადგან მის ტერიტორიაზე ყველაზე მოკლე გზა გადის.
«Эхо» (აზერბაიჯანი), 11 დეკემბერი, 2014 წელი
ყარსის კონფერენცია – 2014
სტატიაში მოცემულია თურქეთის ქალაქ ყარსში 10 დეკემბერს გამართული სამი სახელმწიფოს – თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მევლუდ ჩავუშოლღლუს, ელმარ მამედიაროვისა და თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრის მიმდინარეობა და შედეგები (ავტორი – ბაირამ საფაროვი).
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ სამი მეზობელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები წინა წლებშიც ხდებოდა ხოლმე – თურქეთის ქალაქ ტრაპიზონში (2012 წლის ივნისში), საქართველოში – ბათუმში (2013 წლის 28 მარტს), აზერბაიჯანში – განჯაში (2014 წლის 19 თებერვალს) და აი, ახლა უკვე ისევ თურქეთის ქალაქ ყარსში.
სამიტის ჩარჩოებში გაიმართა თურქეთისა და აზერბაიჯანის მინისტრების საუბარი, რომლებიც შემდეგ ცალ-ცალკე შეხვდნენ თავიანთ ქართველ კოლეგას – თამარ ბერუჩაშვილს. განხილულ იქნა როგორც ორმხრივი, ასევე სამმხრივი და რეგიონული ურთიერთობების საკითხები, ისაუბრეს ტრანსკავკასიურ სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებაზე, რეგიონში თანამშრომლობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაზე. სამიტის ბოლოს მიღებულ იქნა ყარსის დეკლარაცია, რომელშიც მოლაპარაკების შედეგები აისახა. მინისტრები დეკლრაციაზე ხელმოწერის შემდეგ შეხვდნენ ჟურნალისტებსაც.
სტატიაში გადმოცემულია აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის მიერ ანკარაში (ყარსში ჩასვლამდე) გამართული შეხვედრების შედეგებიც: იგი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ერდოღანს, საქართველომ და თურქეთმა მოილაპარაკეს, რომ ყოველწლიურად ჩატარდება თანამშრომლობის უმაღლესი საბჭოს სხდომები. ისაუბრეს აგრეთვე რომხრივ და სამმხრივ თანამშრომლობაზე (აზერბაიჯანთან ერთად).
გარდა ამისა, თამარ ბერუჩაშვილმა გამართა შეხვედრა საქართველოში აკრედიტებულ უცხოეთის არარეზიდენტ ელჩებთან (რეზიდენციით – ანკარაში). შეხვედრა საქართველოს საელჩოში ჩატარდა და მას 20 არარეზიდენტი ელჩი ესწრებოდა. მასში მონაწილობდა აგრეთვე საქართველოს ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენტ გიუმრუქჩუ. შეხვედრაზე ქართული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა შეკრებილ უცხოელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე პროცესები გააცნო, ესაუბრა საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მოსკოვის დესტრუქციულ მოქმედებაზე. თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა უთხრა უცხოელ ელჩებს საქართველოს მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერის გამო და ამ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოხატა.
სტატიაში მოცემულია აგრეთვე ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვის კომენტარიც ყარსის შეხვედრის თაობაზე: „ეს შეხვედრა სამივე სახელმწიფოს ინტერესების გამოხატულებაა. ასეთ შეხვედრებზე ერთობლივად წყდება პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, განიხილება მნიშვნელოვანი რეგიონული და საერთაშორისო პრობლემები, ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, გაზიარება და შეჯერება.. გარდა ამისა, ამ სამ ქვეყნას აერთიანებთ აგრეთვე მსგავსი პრობლემების არსებობა, რომელიც აგრესიულ სეპარატიზმთანაა დაკავშირებული… ასე რომ, ასეთი შეხვედრები ურთიერთობის განმტკიცების, პოზიციების დაახლოების გზაა, რაც რეგიონს და ზოგადად მსოფლიოს დადებით შედეგებს მოუტანს“, – განაცხადა ფიკრეტ სადიხოვმა.

Comments are closed