globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 18 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 18th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«EurActiv» (ბელგია): ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმებისათვის ხმის მიცემა ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება


«ТВ Интер» (უკრაინა): ეპიზოდები უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ცხოვრებიდან: ეკა ზღულაძის ოჯახი საზოგადოების გულგრილობის წინააღმდეგ

———————-

«EurActiv» (ბელგია), 17 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.euractiv.com/sections/europes-east/mep-vote-eu-accord-georgia-will-unleash-mutual-benefits-310903

ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირ-საქართველოს შეთანხმებისათვის ხმის მიცემა ორივე მხარისათვის სასარგებლო იქნება
ბელგიის ელექტრონულმა გამოცემამ «EurActiv»-მა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის სტატია გამოაქვეყნა.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
სტრასბურგში შეკრებილმა ევროპელმა დეპუტატებმა საქართველოსთან დადებული თანამშრომლობის (ასოცირების) შეთანხმების რატიფიცირება უნდა მოახდინონ, შესაბამისად, აუცილებელია დაფიქრება იმ ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობებზე, რომელიც ამ პარტნიორობაშია ჩადებული.
საქართველოსთვის შეთანხმების უპირატესობა და მომგებიანობა აშკარაა. 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილმა შეთანხმებამ მეტი სტიმული მისცა იმ მეტად მნიშვნელოვანი რეფორმების პროგრამას, რომელსაც საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებს. რუსეთის ინტენსიური ზეწოლის მიუხედავად, რეფორმების რეალიზება საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. საქართველოს თავისი პროევროპული კურსი ვერ შეაცვლევინა რუსეთ-აფხაზეთს შორის ამას წინათ ხელმოწერილმა „ხელშეკრულებამაც“, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის საწინააღმდეგოდ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯია. პირიქით, ევროპარლამენტის მიერ რატიფიცირებული შეთანხმება აფხაზებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მათი ევროპული პერსპექტივა ერთიანი საქართველოს ჩარჩოებში უფრო პროგრესული იქნება.
საქართველოსთან დადებული შეთანხმება ევროკავშირისთვისაც სასარგებლოა, განსაკუთრებით პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ საქართველოს როლი და შედეგები უპირველესადაა მიჩნეული, იმავდროულად აშკარაა, რომ შეთანხმება ყველა შემთხვევაში ხელს შეუწყობს ევროკავშირის „რბილი ძალის“ განმტკიცებას კიდევ უფრო მეტი მასშტაბური რეფორმების განსახორციელებლად. გარდა ამისა, ეს შეთანხმება ერთგვარი სიგნალია მეზობლებისთვის, რომ ევროკავშირი მზადაა ღირსეულად შეაფასოს ის წარმატებები, რომელიც მიღწეული იქნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში, გარე ზეწოლისაგან დამოუკიდებლად.
ამ შეთანხმებით ორივე მხარე – საქართველოც და ევროკავშირიც ეკონომიკურ ფრონტზე სარგებელს ელოდებიან. პირველი სექტემბრიდან უკვე მოქმედებს თავისუფალი სავაჭრო ზონის პრინციპი, რაც საქართველოსთვის ფრიად ხელსაყრელია და ქვეყნის ეკონომიკას განვითარების სტიმულს აძლევს. 2014 წლის ექვსი თვის განმავლობაში საქონელთბრუნვამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის 15%-ით მოიმატა, ხოლო წლის განმავლობაში, წინასწარი გათვლებით, ექსპორტი გაიზარდა 41%-ით, იმპორტი – 9%-ით.
საქართველო როგორც საერთაშორისო კომპანიების საქმიანობის რეგიონული ცენტრი, ევროპულ საწარმოებს და ინვესტორებს მიმზიდველ პირობებს სთავაზობს. ევროკავშირისთვის საქართველო პატარა, მაგრამ კარგი პოზიციების მქონე ბაზარია, საიმედო კანონმდებლობითა და ინსტიტუციური გარემოთი, განვითარებული საბანკო სექტორით, ეკონომიკური სტაბილურობით, მესაკუთრის ფართო უფლებებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. მსოფლიო ბანკის შეფასებით, დღეს საქართველოს მე-15 ადგილი უკავია ბიზნესის წარმოების თავისუფლებით, შესაბამისად, როცა ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდება, საქართველოს შეუძლია ევროკავშირი უზრუნველყოს უფრო ხელსაყრელი და გამჭვირვალე, პროგნოზირებადი ბიზნესკლიმატით.
საქართველოს მნიშვნელობა არ ამოიწურება მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ქვეყანა საერთაშორისო კომპანიების რეგიონული ცენტრია. სამხრეთკავკასიური მილსადენის მშენებლობის შემდეგ საქართველო გახდება სასიცოცხლო რგოლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთიდან მიწოდების ალტერნატივად.
საქართველო მიმართავს ევროპარლამენტის წევრებს, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების დროს, ხუთშაბათს, გაითვალისწინონ ურთიერთმომგებიანი (პოლიტიკური და ეკონომიკური) მომენტები. ევროპარლამენტისაგან მიღებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საბოლოო მიზნის – ევროკავშირში გაწევრიანების მისაღწევად.

„ТВ Интер» (უკრაინა), 17 დეკემბერი, 2014 წელი

http://podrobnosti.ua/society/2014/12/17/1007847.html

ეპიზოდები უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ცხოვრებიდან: ეკა ზღულაძის ოჯახი საზოგადოების გულგრილობის წინააღმდეგ
წუხელ უკრაინის ტელეკომპანია „ინტერ“-ის პროგრამა „პოდრობნოსტით“ გადაიცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ეკატერინე ზღულაძის შესახებ, რომელიც გუშინ, 17 დეკემბერს უკრაინის შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტექსტურ ვერსიას მცირე შემოკლებთ (მომზადებულია ე.ზღულაძის თანამდებობაზე დანიშვნამდე):
ეკატერინე ზღულაძე – ქართველი ქალი უკრაინის პასპორტით. იგი დღეიდან უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა. საიდან მოუწევს მას კიევში გადმოსვლა? რითაა შესანიშნავი მისი მეორე ოჯახი ევროპაში?
ჩვენი კორესპონდენტი სოფია გორდიენკო, რომელიც ახლა პარიზში იმყოფება, ეკა ზღულაძისა და მისი ოჯახის შესახებ ვრცლად მოგვიყვება.
სოფია გორდიენკოს რეპორტაჟი პარიზიდან:
საქართველოში მომხდარ მოვლენას შეიძლება უტოპიური სასწაული ვუწოდოთ. ერთმა ქვეყანამ შეძლო თავისი მეზობლებისთვის სანიმუშო და სამაგალითო გამხდარიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა, რომელიც რომელიც კორუფციის სენით იყო დაავადებული, საკადრო ამპუტაციის მეშვეობით მოარჩინეს. ეკატერინე ზღულაძეს ის-ის იყო 27 წელი შეუსრულდა…
რასაკვირველია, საქართველოში განხორციელებული მეთოდები შესაძლოა უკრაინელ მილიციელებს შეიძლება არ მოეწონოთ.
„თუ [სქემაში] რაიმე დუბლირებას შევამჩნევდით, იმ სტრუქტურებს ვაუქმებდით – ვხურავდით უფუნქციო დეპარტამენტებს, განყოფილებებს…
ადვილად სათქმელია, მაგრამ გასაკეთებლად მძიმე იყო.
როცა 26 ათასს მივუახლოვდით, ანუ როცა ერთი პოლიციელი უკვე 98 მოქალაქეზე მოდიოდა, შევჩერდით და ხელფასები გავზარდეთ – თვეში 500-დან 700 დოლარამდე.
ასეთი ანაზრაურება, ცხადია, ბევრი არ იყო, მაგრამ ეს უკვე იყო ისეთი ხელფასი, რომლითაც ადამიანებს კარგი მუშაობა შეეძლოთ“, – გვიზიარებს თავის გამოცდილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე-გლიუკსმანი.
თუ იგი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს „ავგიას თავლების“ გაწმენდას შეუდგება, მაშინ მას კომფორტული საფრანგეთიდან კიევში გადმოსვლა მოუწევს.
ეკატერინე რაფაელზეა გათხოვილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა.
2008 წელს, რუსეთთან ომის დროს, რაფაელი საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა, გაეცნო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მისი მეგობარი და კონსულტანტი გახდა. ეკატერინე შეუყვარდა და საქართველოში დარჩენა განიზრახა.
რაფაელს მარტო საქართველოში არ იცნობენ – იგი უკრაინაში, კიევის „ევრომაიდანზე“ სამი თვე იდგა და მხარს უჭერდა.
„განა ისეთი რა გავაკეთე? მოვიქეცი ისე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი უნდა მოქცეულიყო – ბევრძოდი საზოგადოების გულგრილობას“, – ამბობს ეკატერინე ზღულაძე-გლიუკსმანის მეუღლე რაფაელ გლიუკსმანი.
საერთოდ, საზოგადოებრივი გულგრილობის წინააღმდეგ ბრძოლა გლიუკსმანების გვარისათვის დამახასიათებელი თვისებაა. რაფაელის მამა – ანდრე გლიუკსმანი საფრანგეთში ცნობილი ფილოსოფოსია, ნაციზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, რომელიც არასდროს არ დუმდა.
სხვათა შორის, ანდრე გლიუკსმანმა ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ჩეჩნეთის მოვლენების დროს განჭვრიტა, თუ როგორ პიროვნებად გადაიქცეოდა ვლადიმირ პუტინი:
„თუ დღეს ვლადიმირ პუტინს არ შევაჩერებთ, იგი იფიქრებს, რომ რასაც მოისურვებს, ყველაფრის გაკეთება შეუძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი თავისი ძლიერებით მეორე ბირთვული სახელმწიფოა მსოფლიოში“, – განმარტავს ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლიუკსმანი.
როგორც ჩანს, ქალბატონი ეკატერინე ზღულაძის რეფორმებს დიდ ყურადღებით დააკვირდებიან არა მარტო უკრაინაში, არამედ საფრანგეთშიც… მთელი მისი ოჯახი. ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ თუ საქმე კარგად არ წავა, მისი მამამთილი არ გაჩუმდება და პირდაპირ დაასახელებს მათ, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულ რეფორმებს ხელს შეუშლის.
მაგრამ ერთი კითხვა მაინც რჩება: რამდენად ხმამაღლა იტყვის ამას ანდრე გლიუკსმანი?

Comments are closed