globalresearch.ge

«გლობალური კვლევების ცენტრმა» საქართველოში არსებულ საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სემინარი გამართა

Posted by Globalresearch on Jun 13th, 2013 and filed under ელექტრონულ მედიაში, პრესა. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

არასამთავრობო ორგანიზაცია «გლობალური კვლევების ცენტრის» ინიციატივით, 7 ივნისს კაფე Discover-ში საქართველოში არსებული საფინანსო-ეკონომიკური ვითარების შესახებ სემინარი გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დაესწრნენ. რა ხდება დღეს საქართველოს ეკონომიკაში? ემუქრება თუ არა საქართველოს ეკონომიკური კრიზისი, როგორია მისი დაძლევის გზები და შეძლებს თუ არა ხელისუფლება არჩევნებამდე მოცემული დაპირებების შესრულებას ახლო მომავალში? _ ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მოწვეულმა ექსპერტებმა და პროფესიონალებმა სცადეს. სემინარის შედეგები საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს გაეგზავნება.
«გლობალური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელის _ ნანა დევდარიანის განცხადებით, განსახილველი საკითხი დღეს განსაკუთრებით აქტუალურია: «ეს არის ახლადდაფუძნებული «გლობალური კვლევების ცენტრის» პირველი სემინარი და ჩვენი განხილვის თემაა, საქართველოს არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა. ვინაიდან დღეს ამ თემის ირგვლივ ბევრს საუბრობენ, მიმდინარეობს სპეკულაცია: ზოგი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, შეინიშნება სტაგნაცია, რეცესია და ა.შ. ამიტომ, თუ ჩვენ გვსურს, რეალური სურათი გამოიკვეთოს, რათა ვიცოდეთ, რა პრობლემებთან გვაქვს საქმე და როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. კვალიფიციური ექსპერტებისგან ობიექტური აზრის მოსმენა კი განსაკუთრებით საინტერესოა, ვინაიდან თითოეული ჩვენგანის მდგომარეობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. სემინარები გაგრძელდება და პერიოდულად ბეჭდური სახით გამოიცემა.»

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ დავით იაკობიძის განცხადებით, აუცილებელია, საქართველოს განვითარების ეკონომიკური პარადიგმა შეიცვალოს. «მივედით იმ დასკვნამდე, რომ სინერგიულობა სჭირდება ეკონომიკას. 2013 წლის იანვარში ახალმა პოლიტიკურმა ძალამ შემოგვთავაზა ახალი პარამეტრები: მთლიანი შიდა პროდუქციის 6%-იანი ზრდა, მაგრამ საქართველოში ეკონომიკურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი გუნდი პრაქტიკულად წარმოადგენს ერთგვარ ინკლუზიურ ერთობას. მათ შორის არ არის კოორდინაცია. აუცილებელია მკაფიო და გასაგები ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. 2013 წელი არის ეკონომიკური განვითარების პარადიგმის ცვლილების წელი. ჩვენ გვჭირდება სინერგიული ეკონომიკა. დღეს კი საქართველოს ეკონომიკა ანტისინერგიულია.

_ გუნდის არაკოორდინირებულ მუშაობაზე ისაუბრეთ. საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური მდგომარეობა რამდენად საიმედოა?

_ საიმედოა, მაგრამ ხელისუფლება ძალიან ბევრ დროს და რესურსს კარგავს ნაციონალებთან კამათში, მაშინ, როცა მორალურ-ეთიკური ნორმების მიხედვით, ისინი ამ პროცესში აღარ უნდა მონაწილეობდნენ. ეს არის ჩვენი რთული მდგომარეობა.

პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ ჯიბუტიც მიიჩნევს, რომ კოაბიტაციის პროცესი ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება: «პოლიტიკა ბატონობს ეკონომიკაზე. პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღება გადაწყვეტილებები. ამიტომ, სანამ კოაბიტაციაზე იქნება ლაპარაკი, ვერაფერს მივაღწევთ. რაც შეეხება დაპირებების შესრულებას, ის ფონი, რომელიც შეიქმნა ე.წ. კოაბიტაციის შემდეგ, აბსოლუტურად არ უწყობს ხელს ამ დაპირებების შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ არაკოაბიტაციური გარემოს დაპირება ვერ შეასრულა ამ ხელისუფლებამ. ის დაგვპირდა, რომ 1 ოქტომბრის შემდეგ «ნაციონალები» ხელისუფლებაში არ იქნებოდნენ. ამ დაპირების შეუსრულელობამ გაართულა ყველა დანარჩენის შესრულება, მათ შორის ეკონომიკაში შექმნა დამატებითი უარყოფითი მოლოდინები. პოლიტიკური სიტუაცია არჩევნების შემდეგ კვლავ გაურკვეველია, ამიტომ მოლოდინის რეჟიმი ეკონომიკაშიც გაგრძელდა.

პრეტენზია, რაც ახალი ხელისუფლების მიმართ შეიძლება გვქონდეს, არის კომპეტენციის თემა და გაუგებარი უმოქმედობა. აბსოლუტურად დამაბნეველი თეზისებია საქართველოს პოლიტიკურ ბაზარზე. ხელისუფლების შიგნით კოალიციაში იმდენი პარტიაა გაერთიანებული, რთულია, განსაზღვრო, რა იდეოლოგიას უნდა დაეყრდნოს საქართველო. საქართველოში ეკონომიკური კრიზისი გუშინაც იყო, დღესაც გრძელდება და 1991 წლიდან ყოველ წელს არის. ის დონე, რომელიც ქვეყანას 1989 წელს ჰქონდა, ჯერ მიღწეული არ არის.

ეკონომიკურ კრიზისს რაც შეეხება, იმ კრიტერიუმებით, რომლებითაც დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტები უდგებიან ქვეყნის მაჩვენებლებს, ამ ეტაპზე ჯერ საფრთხეს ვერ ვხედავ. დაანონსებულია 6%-იანი ზრდა, ნახევარი წლის მონაცემები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ, თუ ეს ტემპი შენარჩუნდა, კრიზისი დაიძლიოს.»

პროფესორი იოსებ არჩვაძე: «ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაიდგა ნაბიჯები ეკონომიკის ლიბერალიზაციისკენ, ბიზნესი აღარ არის პოლიტიკის მძევალი. მან მიიღო თავისუფლება, გაუფართოვდა სამოქმედო არეალი და შეიქმნა საფუძველი იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ბიზნესი განვითარდეს. ეს არის დღეისთვის ზოგადი სურათი, თუმცა ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ჯერჯერობით ნაკლებად აისახა.

_ ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ, რომ პირიქით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ვარდნა შეინიშნება…

_ საინტერესო პარადოქსია, რომელსაც ახსნა მოეძებნება. ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც სისტემური ტრანსფორმაცია ხდება. თუ პირველ 3-4 თვეს გავაანალიზებთ, აღმოჩნდება, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგების გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადის მოცულობა შემცირდა, საშემოსავლო გადასახადის მოცულობა კი გაიზარდა.

_ რა უშლის დღეს ხელს ეკონომიკის სრულფასოვან განვითარებას?

_ ზრდას ხელს უშლის ის, რომ ჯერ არ დასრულებულა კოაბიტაციის პროცესი. გარდამავალი პერიოდია. ეკონომიკა მაინც პოლიტიკური სისტემის ცვლილების მოლოდინშია.»

შორენა ცივქარაშვილი

წყარო: http://geworld.ge/View.php?ArtId=4983&lang=ge&Title=%C2%AB%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%C2%BB+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A++%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0+%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94+%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90#.UbrDM4A0qTU.facebook

Comments are closed