«Haqqin.az» (აზერბაიჯანი): მიხეილ სააკაშვილს ნაბათი ოდესაშიც ჩაეშალა:
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ მისი სახელის გაგონებაზე ყველა ინვესტორი ფულს ოდესაში დააბანდებდა
«Радио Голос Америки» (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლეს პარლამენტის დეპუტატობა მოუნდა (ფაქტი და კომენტარი)
«Новое время» (სომხეთი): ინტერვიუ რუსეთის ელჩის მეუღლესთან, რომლის პაპა „მამელუკის“ ავტორია
———————-
«Haqqin.az» (აზერბაიჯანი), 01 სექტემბერი, 2016 წელი
მიხეილ სააკაშვილს ნაბათი ოდესაშიც ჩაეშალა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი ფიქრობდა, რომ მისი სახელის გაგონებაზე ყველა ინვესტორი ფულს ოდესაში დააბანდებდა
ბაქოს პოპულარული გამოცემის „ჰაქინ.აზ“-ის სპეციალური კორესპონდენტი კიევიდან ირინა მიხაილენკო აზერბაიჯანელ მკითხველს ოდესის ოლქის გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრის მუშაობის შედეგებს აცნობს, იგი ერთგვარი ირონიით აღწერს ქართველი „მესია-მხსნელის“ „საქმენს საგმირონს“ და ოდესის ოლქის მიერ მიღწეულ „წარმატებებს“ მისი ხელმძღვანელობით, საერთოუკრაინული მასშტაბით.
„გავიხსენოთ, თუ რატომ დანიშნეს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად. იმიტომ, რომ ცნობილ ქართველ რეფორმატორს უკრაინის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის სამაგალითო-საჩვენებელ მხარედ გადაექცია… ისიც გვახსოვს, თუ რაოდენ დიდ იმედი ჰქონდათ ოდესელებს და, საერთოდ, უკრაინელებს ქართველი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, როგორ ავანსებს აძლევდნენ… და გააკეთა რამე? არაფერი. ოდესის ოლქში ჩატარებულმა მონიტორინგმა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2015 წლის შედეგების მიხედვით, ცხადყო, რომ ოლქი უკრაინის მასშტაბით, მხოლოდ მე-18 ადგილზე იმყოფება, ქვეყნის 25 რეგიონს შორის. თანაც ექს-პრეზიდენტის „ოდესური მიღწევებში“ წინა გუბერნატორების – იგორ პალიცას, ვლადიმირ ნემიროვსკის და სხვების წვლილიც შევიდა. ანუ მიშას პირადად ბევრი არაფერი გაუკეთებია.
საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობის დროს ოდესის ოლქში ძალიან ბევრი პრობლემა კი არ გამოსწორდა, პირიქით – კიდევ უფრო გამწვავდა. მაგალითად, გასულ წელს ოდესის ოლქში კაპიტალური ინვესტიციები, 2014 წელთან შედარებით, 20%-ით შემცირდა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე 6,5%-ით დაეცა. მოკლედ, ოდესის ოლქი 22-ე ადგილზეა ინვესტირების ზრდის მიხედვით. არადა, მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ სფეროში პოზირობდა ყველაზე მეტად, რომ მისი გუბერნატორობის დროს ზღვისპირა ქალაქში უცხოური ინვესტიციები მდინარესავით წამოვიდოდა. იგი, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ რადგან ოლქის გუბერნატორად საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ანუ მსოფლიოში ესოდენ ცნობილი პიროვნება დაინიშნა, ყველა უცხოელი ინვესტორი ოდესისაკენ სიხარულით გამოიქცეოდა. მიშას იმედებმა ვერ გაუმართლა, რეფორმატორობამ და დემოკრატობამ ვერ უშველა.
კიდევ გადავხედოთ „ჯიუტ“ ფაქტებს და ციფრებს: ოდესის ოლქში უმუშევრობის დონე ოფიციალურად, 2014 წელთან შედარებით, 2015 წლის ბოლოს 6,5%-ით გაიზარდა. ძალიან ცუდადაა საქმე ტუბერკულოზთან მიმართებით, რომელიც, უკრაინის მასშტაბით, ყველაზე ფართოდ სწორედ მიხეილ სააკაშვილისადმი მინდობილ ოდესის ოლქშია გავრცელებული: აქ ყოველ ასი ათას მცხოვრებზე 98 ჭლექით დაავადებული ავადმყოფი მოდის.
როგორც ვხედავთ, მიხეილ სააკაშვილს სამუშაო იმდენი აქვს, რომ თავის მოსაფხანი დრო არ უნდა ჰქონდეს… მაგრამ რას აკეთებს ამ დროს ქართველი ტემპერამენტიანი ბიჭი?
იგი პრაქტიკულად სულ ტელევიზიების ეკრანზე ჩანს, ყველა პროგრამაში ლაპარაკობს, ჭკუას გვასწავლის, გვემუქრება, ბოლო ხანებში კი ტელეეკრანიც არ ჰყოფნის და ყოველდღე ფეისბუქში მრისხანე კომენტარებს წერს. თანაც, ისეთ საკითხებზე, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ოდესის ოლქში მისი პასუხისმგებლობის არეალს სცილდება. ასე, მაგალითად, მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა დისკუსია დაიწყო თემაზე – შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს ვლადიმირ პუტინთან გარიგება დადოსო. ძალიან მეეჭვება, რომ მათ შორის გარიგების დადება-არდადება ოდესის ოლქის პრობლემებს რაიმეს უშველის. ეჭვი მეპარება იმაშიც, რომ ოდესელებს ეს საკითხი საერთოდ აინტერესებთ. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე კამათი მე ვერსად მოვისმინე. არადა, გუბერნატორის გარემოცვიდან ვერავინ ბედავს უთხრას ყოფილ პრეზიდენტს – მიშა, მოეშვი მსოფლიო პოლიტიკას და ოდესას მიხედეო.
სწორედაც უნდა უთხრან – მიხეილ სააკაშვილი ხომ უკვე დიდი ხანია საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, [რომ მსოფლიო პრობლემების მოგვარებაზე დრო დაკარგოს]. და არც უკრაინის პრეზიდენტი არაა, გნებავთ პრემიერ-მინისტრი, ან ბოლო-ბოლო, საგარეო საქმეთა მინისტრიც კი. იგი ქვეყნის ერთ-ერთი ოლქის გუბერნატორია, თანაც არცთუ ისე ეფექტური, მაგრამ ყველაზე ყბედი, მყვირალა და პუბლიკის წინაშე თავმომწონე, მოთამაშე ჩინოვნიკი.
უკრაინაში ბევრი უკვე დაიღალა მიხეილ სააკაშვილის დაუსრულებელი ტრაბახით. ყველა ამჩნევს, რომ იგი მარიონეტის როლს ასრულებს ერთი ოლიგარქის მეორე ოლიგარქთან ბრძოლაში… ხალხი დაიღალა იმითაც, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ჩავარდნებში ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს და პასუხისმგებლობის საკუთარი თავიდან აცილებას ცდილობს.
და ეს მიხეილ სააკაშვილისათვის ნაბათი, განგაშის ზარი უნდა იყოს – საეჭვოა, რომ მას კიდევ ექნება რაიმე შანსი, თუ ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადააყენებენ.
«Радио Голос Америки» (აშშ), 31 აგვისტო, 2016 წელი
http://www.golos-ameriki.ru/a/nc-saakashvili-wife-to-enter-ploitics/3486748.html
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლეს პარლამენტის დეპუტატობა მოუნდა (ფაქტი და კომენტარი)
რადიო „ამერიკის ხმის“ რუსულენოვანი სამსახურის მიერ ეთერში გადაცემული (და საიტზე გამოქვეყნებული) მასალა საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ეხება, კერძოდ, ოპოზიციური „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მიერ დეპუტატობის კანდიდატად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ამჟამად კი უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის ცოლის – სანდრა რულოვსის წარდგენას. „სანდრა რულოვსი კენჭს სამეგრელოში იყრის, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, მაგრამ იგი პარტიულ სიაშიც მეორე ნომრადაა შეტანილი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 8 ოქტომბრის არჩევნებში სანდრა საკმაო რადენობის ხმებს ვერ დააგროვებს, იგი პარტიული სიით პარლამენტში მაინც მოხვდება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).
ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, „ნაცმოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. თვითონ მიხეილ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, იგი უკვე უკრაინის მოქალაქეა. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფოდ უცხოეთს მიაშურა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ქმრისაგან განსხვავებით, სანდრა რულოვსი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს (იგი ორივე ქვეყნის – საქართველოს და ჰოლანდიის მოქალაქეა), საცხოვრებლად თბილისში დარჩა, უმცროს ვაჟთან ერთად და ჯერ კიდევ ქმრის პრეზიდენტობის დროს დაწყებული საქველმოქმედო საქმიანობა განაგრძო. მშობლიურ ჰოლანდიურთან ერთად, იგი კარგად ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ ენებს. სანდრა რულოვსმა იცის აგრეთვე მეგრული ენაც, რომელზეც იმ რეგიონის მოსახლეობა ლაპარაკობს, სადაც იგი კენჭს იყრის.
როგორია სანდრა რულოვსის წარმატების შანსები?
„ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ესაუბრება ქართველ ექსპერტს ზაალ ანჯაფარიძეს, რომლის თქმით, „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლისათვის მიზიდულობის ცენტრად კვლავ მიხეილ სააკაშვილი ითვლება: პარტიამ მის ნაცვლად რომელიმე სხვა ქარიზმატული და საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ლიდერის წარმოჩენა ვერ მოახერხა. შესაბამისად, არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის ცოლის – წარმოშობით ჰოლანდიელი პიროვნების, რომელიც საუკეთესოდ შეეგუა ქართულ პირობებს – მონაწილეობა დეპუტატობის კანდიდატის რანგში „კარგად გათვლილი პოლიტტექნოლოგიური ნაბიჯია“.
„შემთხვევითი არაა, რომ სანდრა რულოვსი მაჟორიტარულ კანდიდატად ზუგდიდშია წარდგენილი, სადაც „ნაციონალებს“ შედარებით მტკიცე პოზიციები აქვთ. სანდრამ მეგრელებზე დიდი შთაბეჭდილება ჯერ კიდევ 2012 წელს მოახდინა, როცა მან მეგრულად იმღერა. ამჟამად კი სანდრამ მიანიშნა, რომ თავის ქმართან შეთანხმებით მოქმედებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სანდრა რულოვსის პოლიტიკურ თამაშში შემოყვანით მიხეილ სააკაშვილის პარტიამ თავისი ერთ-ერთი ბოლო წინასაარჩევნო კოზირი გვაჩვენა“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.
თავის მხრივ, კიდევ ერთი ქართველი ექსპერეტი, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ სადრა რულოვს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ იგი ცნობილ პოლიტიკოსად გადაიქცეს. ამ ეტაპზე ამომრჩეველი სანდრას ნომინალურ ფიგურად ღებულობს, მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, თუმცა მას შემდეგ, რაც სანდრა რულოვსი გამოცდილებას მიიღებს, „იგი შეძლებს ქმრის ჩრდილიდან გამოსვლას“ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას. ამავე დროს, ექსპერტის აზრით, იმ ფაქტს, რომ სანდრა რულოვსი ექს-პრეზიდენტის ცოლია, ოპონენტები გამოიყენებენ და შეეცდებიან ამომრჩეველთა დარწმუნებას, რომ ხმა მის სასარგებლოდ არ მისცენ.
„თუმცა, რადგანაც სანდრა რულოვსი ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით, ასევე პირადი მომხიბლაობით, იგი სიმპათიებით სარგებლობს ელექტორატის იმ ნაწილშიც კი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი. ჰოდა, თავისი უმწიკვლო რეპუტაციის წყალობით, სანდრა რულოვსს ყველა წინაპირობა აქვს, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად გადაიქცეს… თუმცა, რასაკვირველია, იგი „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წევრია და ამრიგად, ანგარიშს გაუწევს ამ პოლიტიკური ძალის მიზნებსა და იდეოლოგიას“, – ამბობს ნიკა ჩიტაძე „ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურის კორესპონდენტთან საუბარში.
«Новое время» (სომხეთი), 31 აგვისტო, 2016 წელი
http://www.nv.am/mir-i-mi/52815-2016-08-30-03-24-11
ინტერვიუ რუსეთის ელჩის მეუღლესთან, რომლის პაპა „მამელუკის“ ავტორია
ერევნის გაზეთ „ნოვოე ვრემიაში“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ივანე ვოლინკინის მეუღლესთან – სვეტლანა რამიშვილთან, რომელიც ცნობილი ქართველი მწერლის, „მამელუკის“ ავტორის კონდრატე თათარაშვილის (უიარაღოს) შვილიშვილი გახლავთ. რუსი დიპლომატის მეუღლეს ჟურნალისტი ელენა შუვაევა – პეტროსიანი ესაუბრება.
(შენიშვნა: ივანე ვოლინკინი საქართველოშიც მუშაობდა – იგი თბილისში არსებულ რუსეთის საელჩოში 2005-2008 წლებში მრჩეველ-დესპანის რანგში მსახურობდა).
ინტერვიუში სვეტლანა რამიშვილი საუბრობს თავისი ბიოგრაფიის მომენტებზე: დაიბადა საქართველოში, სადაც ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარა. სწავლობდა ჯერ რუსულ საშუალო სკოლაში, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაამთავრა ფილოლოგიის ფაკულტეტი. მამის მხრიდან სვეტლანას ბაბუა (პაპა) მწერალი კონდრატე თათარაშვილია, რომელიც „უიარაღოს“ ფსევდონიმით წერდა. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ნაწარმოები „მამელუკი“, რომლის მიხედვით კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“, 1958 წელს, იგივე სახელწოდებით მხატვრულ-ისტორიული ფილმი გადაიღო. „მამლუქი“ არაბული სიტყვაა და ქართულად „თეთრ ტყვეს, მონას“ ნიშნავს. ეგვიპტეში მამლუქებს დატყვევებულ მეომრებს უწოდებდნენ, სადაც საქართველოდან და სხვა კავკასიური ქვეყნებიდან გატაცებულ ბიჭებს ჰყიდნენ და მეომრებად ზრდიდნენ.
დიპლომატის მეუღლე ლაპარაკობს აგრეთვე ოჯახზე, შვილებზე, მათ საქმიანობაზე… „მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე, მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოში მომიწია ცხოვრება. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ თბილისშიც ხშირად ჩავიდე ხოლმე“, – ამბობს სვეტლანა რამიშვილი.