globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 7 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 7th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გადამწყვეტი ბრძოლა „მერყევი ამომრჩევლისთვის“

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს უსასრულო გზა ნატოსაკენ // საპარლამენტო არჩევნების დროს მოსახლეობის დამოკიდებულება ალიანსის მიმართაც გაირკვევა

——-

«Foreign Police» (აშშ): უკრაინის ყველაზე ცნობილი პოპულისტი რეფორმატორი თავის ჩრდილოვან სახეს აჩვენებს // საქართველოს ექს-პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორიც რეფორმატორს არ ეკადრება

———————-

«Radio Voice of America - რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 06 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-eleqtion-the-profile-of-undecided-voters/3495451.html

გადამწყვეტი ბრძოლამერყევი ამომრჩევლისთვის

ზაზა წულაძე

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს 8 ოქტომბერს საკუთარ ხმას.

ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, 2016 წლის აპრილში, „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ რაოდენობა 60%-ს აღწევდა. ეს იყო ინტერვიუერთა ის რაოდენობა, რომელმაც კვლევის დროს „უარი თქვა“ პასუხის გაცემაზე ან განაცხადა, რომ „არ იცის“ ვის მისცემს ხმას. უკვე ივლისის ბოლოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვაში, ასეთი კატეგორიის ამორჩეველთა რაოდენობამ – 57 % შეადგინა. აგვისტოს ბოლოს ჩატარებული, გერმანული GFK-ს კვლევაში „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ წილი – 26,7%, იმავე პერიოდში, ამერიკული JPM-სა და ქართული GORBI-ის ერთობლივ სოციოლოგიურ კვლევაში კი – 34 % იყო.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ „გადაუწვეტელმა ამორჩეველმა“, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომავალი არჩევნების შედეგებზე:

„ამ კვლელების მიხედვით, ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ აგროვებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე გადაუწყვეტელი ამომრჩეველია ამ ქვეყანაში. ანუ, სკეპტიკოსი ამომრჩევლის ხვედრითი წილი, დღესდღეობით, აჭარბებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრეთა რაოდენობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო შედეგია, რომელმაც საბოლოო ჯამში, შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ვერცერთმა პოლიტიკურ ძალამ ვერ მოიპოვოს უმრავლესობა ახალ პარლამენტში და ჩვენ შეიძლება გვყავდეს კოალიციური მთავრობა“.

თუ გავავლებთ პარალელს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, სოციოლოგების აზრით, მაშინ „გადაუწვეტელმა ამორჩეველმა“ მართლაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2012 წლის ივლისს-აგვისტოში, NDI-ის გამოკითხვის დროს, ასეთი კატეგორიის ამომრჩევლის რაოდენობა – 43 % აღწევდა. კითხვაზე „ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას?“, 4 წლის წინ – 22 % თქვა რომ „არ იცოდა“ ვინ იქნებოდა მისი რჩეული და 21 % – საერთოდ „უარი განაცხადა“ პასუხზე.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტის, სოციალური მეცნიერებების დოქტორის კეტლინ ფრანკოვიკის აზრით, NDI-ის ივლისს-აგვისტოს გამოკითხვის შედეგები თავდაყირად დააყენა 2012 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს ციხეებში წამების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებამ, რის შემდეგაც, „გადაუწვეტელი და მერყევი ამორჩეველის“ ხმების აბსოლუტური უმრავლესობა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო და არჩევნებშიც გაიმარჯვა.

ამ მოსაზრებას არ იზირებს, დღეს უკვე პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. იგი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ 2012-შიც არჩევნების უპირობო ფავორიტი იყო და ახლაც ასეა. ოზურგეთში რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნულ თემაზეც ისაუბრა:

„მახსოვს ერთ-ერთი ჩემი თანაგუნდელი ამბობდა, რომ არა ის ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც ციხიდან გამოვიდა ჩვენ არჩევნებს ვერ მოვიგებდითო. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ისე დაემთხვა, რომ ჩვენ ციხის კადრების გამოსვლამდეც გვქონდა კვლევა და მერე ჩავატარეთ და არცერთი პროცენტი ქართულ ოცნებას ამის გამო არ მომატებია. ის ვიდეოკადრები არ ყოფილა გამაოგნებელი ქართული საზოგადოებისთვის, ყველამ ყველაფერი იცოდა, გამაოგნებელი იყო უცხოელებისთვის“.

მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან თამამი პროგნოზების, ახალ პარლამენტში 100 დეპუტატის შეყვანასთან დაკავშირებით, ექსპერტების აზრით, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ისე მმართველი პარტია, დაშვებული თუ დაუშვებელი ხერხით, აქტიურად იბრძვიან „გადაუწვეტელი და მერყევი ამომრჩევლის“ მიმხრობისთვის.

პოლიტიკური ექსპერტების აზრით, ამაზე მეტყველებს, გახმაურებული სასამართლო საქმეების დასკვნითი პროცესების წინასაარჩევნოდ განხილვა და დღეს, ხელისუფლების კონტროლირებად სატელევიზიო არხებზე, ივანიშვილის მიერ დაფინანსებული, 24 სერიანი ფილმის გაშვების ფაქტიც. ცნობილია, რომ სერიალში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების „დანაშაულებრივი მოღვაწეობაა“ ასახული და მისი ჩვენება ოქტომბრამდე გაგრძელდება.

—————————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 07 სექტემბერი, 2016 წელი

http://kommersant.ru/doc/3082632

საქართველოს უსასრულო გზა ნატოსაკენ

საპარლამენტო არჩევნების დროს მოსახლეობის დამოკიდებულება ალიანსის მიმართაც გაირკვევა

დღეს თბილისს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. იგი დაესწრება ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, ასევე დააკვირდება მორიგ მასშტაბურ სამხედრო წრთვნებს, რომელშიც ნატოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ. ვიზიტის წინ „კომერსანტის კორესპონდენტი გიორგი დვალი შეეცადა გაერკვია, თუ რა სარგებლობას ელოდებიან საქართველოში დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობისაგან და აქვს თუ არა, საერთოდ, საქართველოს რაიმე პერსპექტივა ალიანსში გაწევრიანებისათვის.

სტატიაში მიმოხილულია ის სიტუაცია, რომელიც საქართველოში ამჟამადაა შექმნილი: ავტორი ეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის თაობაზე და აღნიშნავს, რომ პრემიერმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის სტუმრობა მარალ დონეზე შეაფასა. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რვა ოქტომბერს დაგეგმილი საპარალემნტო არჩევნები, რომელიც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი პლებისციტის როლს შეასრულებს ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით – გაგრძელდეს პროდასავლური ვექტორი თუ უარი ეთქვას ნატოს და რუსეთთან დიალოგი გააქტიურდეს.

ნატოს გენმდივნის ვიზიტს მნიშვნელობას მატებს ის ფაქტიც, რომ იენს სტოლტენბერგი თბილისში ალიანსის ქვეყნების ელჩებთან ჩამოდის და პირადად თვითონ ჩაატარებს როგორც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (ნატოს უმაღლეს ორგანოს), ასევე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. სხვათა შორის, ნატო საქართველოს კომისიის სხდომა თბილისში უკანასკნელად რუსეთთან აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, დემონსტრაციულად ჩატარდა, თუმცა მაშინ რაიმე „გამრღვევი“ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ვიზიტს ემთხვევა აგრეთვე სამხრეთ საქართველოში, ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე დაწყებული სამხედრო წრთვნები კოდური სახელწოდებით Agile Spirit, რომელშიც ალიანსის წევრი ხუთი სახელმწიფოს სამხედრო ქვედანაყოფები მონაწილეობენ, – წერს ავტორი და იქვე იხსენებს შარშანდელ მასშტაბურ სამხედრო წრთვნებსაც (Noble Partner), რომლის დასრულების შემდეგ ამერიკელი სამხედროები, თავიანთი ტანკებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ აღლუმში მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, იმ დღეს თბილისელები თავისუფლების მოედანზე ინტერესით ეცნობოდნენ „აბრამსის“ მოდელის ტანკებს, ხოლო ქართველი ექსპერტები წერდნენ, რომ საქართველო ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ამერიკული „აბრამსები“ რუსულ ტანკ „ვლადიმირის“ პირისპირ დგანანო. მხედველობაში ჰქონდათ ის ფაქტი, რომ რუსული ტანკები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია დისლოცირებული.

სამხრეთ ოსეთის ლენინგორის (ახალგორის) რაიონიდან თბილისამდე, თავისუფლების მოედნამდე მანძილი სულ  რაღაც 35 კილომეტრამდეა. „სწორედ ეს გარემოება გახდა მთავარი დაბრკოლება საქართველოს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში ექსპერტი ნიკა იმნაიშვილი, – „აბა, რუკას შეხედეთ: გამოდის, რომ რუსული ტანკები იმ ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში დგანან, რომელსაც ნატოში გაწევრიანების პრეტენზია აქვს“.

უკვე აშკარადაა გამოკვეთილი საქართველოსთვის საგანგაშო სიმპტომები: თბილისი კი ცდილობს ნატოში შესვლას, მაგრამ ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელწმიფოს საქართველოს ბედზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება არ სურს – ვაითუ რუსეთთან კიდევ კონფლიქტი მოხდეს, მერე რა ვქნათო. ნატოს ვარშავის სამიტის შედეგები საქართველოსთვის „ცივი წყლის გადასხმის“ ტოლფასი იყო: არანაირი „ასოცირებული წევრობის“ საკითხი, რომლის თაობაზეც სამიტის წინ გენმდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს წამოსცდა, სამიტზე არ განხილულა. დასკვნით კომუნიკეში არც შავი ზღვის აკვატორიაში სამხედრო დაჯგუფების შექმნაზეც არაა საუბარი, რაზედაც იგივე ბატონი ვერშბოუ ლაპარაკობდა. გარდა ამისა, თბილისს უარი უთხრეს „მაპ“-ზეც (ანუ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე), რაც აუცილებელ ეტაპად ითვლება ალიანსში გასაწევრიანებლად. ასე და ამრიგად, როგორც „კომერსანტს“ პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ განუმარტა, საქართველო ვარშავის სამიტის შემდეგ ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისევ მხოლოდ მესამე ეტაპზე (ხუთი ეტაპიდან) დარჩა.

ქართველი პოლიტიკოსების იმედგაცრუებას რიგი მოვლენებიც აძლიერებს – ის, რომ თბილისს მოულოდნელად უარი უთხრეს ნატოს მანევრებში Anakonda 2016-ში მონაწილეობაზე (თავდაცვის სამინისტრომ მაშინ ღიმილისმომგვრელი რაღაც მიზეზი მოიგონა – კანზე საბავშვო გამონაყარის გამო ჩვენი სამხედროები წრთვნებში მონაწილეობას ვერ ღებულობენო!) და სხვა მსგვასი მომენტები. ქართველებმა განსაკუთრებით მწვავედ მიიღენ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადება – „საქართველო საერთოდ არ დგას ნატოსაკენ მიმავალ გზაზეო“.

ნატოს მიერ გამოხატულ ასეთ დამოკიდებულებას, რომ საქართველოს, რუსეთის შიშით, ალიანსის წევრად არ ღებულობენ, „კომერსანტთან“ მოსაუბრე ბევრი თბილისელი იმ ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების შეურაცხყოფად მიიჩნევს, რომლებიც ავღანეთში მიმდინარე ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ და სიცოცხლეს წირავენ. სულ დაღუპულია 31 ქართველი სამხედრო მოსამასახურე, დაახლოებით ასმა კი ჭრილობები მიიღო.

ნატოში გაწევრიანების იმედგაცრუების კვალობაზე, როცა ალიანსს საქართველოსა და უკრაინის პრობლემების დარეგულირების უნარი არ აქვს, თბილისში მატულობს იმ ძალების პოპულარობა, რომლებიც „უფრო აწონილ-დაწონილი“ საგარეოპოლიტიკური კურსის მომხრედ გამოდიან. მათ შორისაა „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით. იგი არჩევნებში მონაწილეობს ლოზუნგით „ხმა მიეცით საქართველოს უბლოკო სტატუსს“. მისი აზრით, მხოლოდ ნატოში გაწევრიანებაზე უარისთქმითაა შესაძლებელი რუსეთთან „საგნობრივი დიალოგის“ დაწყება. აღსანიშნავია, რომ 2008 წლამდე ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო, მაგრამ მან თავისი პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, როცა „ნატომ არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა საქართველოს გადამწყვეტ მომენტში – რუსეთთან ხუთდღიანი ომის დროს“. უფრო ადრე ნინო ბურჯანაძემ „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, რომ „თეორიულად საქართველოს ნატოში გაწევრიანება შეუძლია, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარს იტყვისო“, თუმცა იქვე დაამატა: „მაგრამ ეს სამშობლოს ღალატი და ისტორიული დანაშაული იქნებოდა“.

ქალბატონი ნინო ბურჯანაძე 17 აგვისტოს მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს სერგეი ნარიშკინს შეხვდა. ამით რუსეთმა თავისი სიმპათიები აჩვენა და მიანიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს „უბლოკო სტატუსს“. „დრო იცველება და ჩვენც მასთან ერთად ვიცვლებით“, – ასეთი პასუხი გასცა ნინო ბურჯანაძემ, როცა მას უსაყვედურეს – „ადრე მიხეილ სააკაშვილს უჭერდი მხარს და ნატოში გაწევრიანების მომხრე იყავიო“. დღეს ექს-სპიკერი ამომრჩევლებს აღუთქვამს, რომ „აფხაზებთან და ოსებთან ერთად მტკიცე მშვიდობის პირობებს შექმნის“.

ნინო ბურჯანაძის მთავარი იმედია ჯერ კიდევ მერყევი ელექტორატის არაბუნებრივი რაოდენობა (სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, დაახლოებით 60%), რომლებთაც ჯერ არ იციან, თუ ვის მისცემენ თავიანთ ხმას. არის აზრი, რომ ამ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს სწორედ ნინო ბურჯანაძის პარტიას დაუჭერს, რომელიც ამომრჩეველს დღევანდელი ოფიციალური საგარეოპოლიტიკური კურსის ალტერნატივას სთავაზობს, მათ შორის ნატოსთან მიმართებითაც.

«Foreign Police» (აშშ), 06 სექტემბერი, 2016 წელი

http://foreignpolicy.com/2016/09/05/ukraines-best-known-reformer-succumbs-to-the-lure-of-populism/

უკრაინის ყველაზე ცნობილი პოპულისტი რეფორმატორი თავის ჩრდილოვან სახეს აჩვენებს //

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორიც რეფორმატორს არ ეკადრება

აგვისტოს ბოლოს ოდესის ოლქის ოლქის იზმაილის რაიონში, სოფელ ლოშინოვკაში (რუმინეთის საზღვართან ახლოს) მოულოდნელად ეთნიკურმა ძალადობამ იფეთქა, რომელიც ადგილობრივი ბოშების წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს შემაძრწუნებელი ფაქტი თავისი სისასტიკით დარბევას არ ჩამოუვარდებოდა“, – ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ვლადისლავ დავიდზონი, მწერალი და ჟურნალისტი).

„ლოშინოვკაში ძირითადად ეთნიკური რუსები და ბულგარელები ცხოვრობენ, აქაა ბოშათა მცირერიცხოვანი თემიც. ძალადობის მიმცემი ბიძგი გახდა სოფლის ბოლოს ნაპოვნი დაახლოებით ცხრა წლის გოგონას გვამი, რომელიც, პოლიციელთა თქმით, ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ კი მოკლეს. მეორე დღეს სამართალდამცველებმა ლოშინოვკელი 21 წლის ბოშა ბიჭი დაიჭირეს და მას ბრალად გოგონას მკვლელობა წაუყენეს. ლოშინოვკის განრისხებულმა მოსახლეობამ, ძირითადად ახალგაზრდებმა ბოშების დარბევა დაიწყეს: ისინი სახლებს ქვებს ესროდნენ, ჩალეწეს სარკმელები, ერთი სახლიც გადაწვეს, ბოშებს ქონება გაუნადგურეს… საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, რამდენადაც ბოშებმა გაქცევით თავს უშველეს“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ძალადობის დაფიქსირებისთანავე ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლოშინოვკაში საოლქო პოლიციისა და გასამხედროებული სტრუქტირების გაძლიერებული ქვედანაყოფები შეიყვანა.

„მაგრამ უკრაინელი და უცხოელი დამკვირვებლები ყველაზე მეტად გააკვირვა და შეაცბუნა გუბერნატორის განცხადებამ, რომელიც მან მომხდარის თაობაზე გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის ამგვარ რეაქციას სხვა არაფერია, თუ არა „წამქეზებლურ-შემაგულიანებელი“.

„მე მთლიანად ვიზიარებ ლოშინოვკელთა გულისწყრომას. სოფელში მართლაც არიან ასოცირებული ელემენტები, აქ რეალურად არსებობს ავაზაკების ბუდე, გარყვნილთა ბუნაგი, აქ ხდება ნარკოტიკებით ვაჭრობა… ჩვენ ამ საკითხით ფუნდამენტურად უფრო ადრეც უნდა ვყოფილიყავით დაკავებული, ახლა კი აუცილებლად გავაკეთებთ“, – ციტირებს ავტორი ოდესის ოლქის გუბერნატორის სიტყვებს.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ ოდესის ოლქის გუბერნატორად ადგილობრივ მოსახლეობას დიდი იმედები გაუჩინა. ხალხი ფიქრობდა, რომ იგი ოდესაშიც გაიმეორებდა იმ წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რაც მან სამშობლოში განახორციელა. მიხეილ სააკაშვილს ბევრი თანამედროვე, პროგრესულ ადამიანად მიიჩნევს, მას ე.წ.„ჰიპსტერადაც“ (ანუ ბოჰემურ, თავისუფალ პიროვნებადაც) კი თვლიან. სანამ იგი უკრაინაში გამოჩნდებოდა, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ მის შესახებ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ბრუკლინში მოსიარულე, სამშობლოდან განდევნილი ქართველი „ჰიპსტერის“ ამერიკული სახე აჩვენა. მას ერთხმად უწოდებენ კორუფციასთან პრინციპულად მებრძოლ ადამიანს. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ოდესის ოლქში გუბერნატორად დანიშვნისას მოსახლეობას კორუფციის აღმოფხვრა აღუთქვა, მაგრამ იგი სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის წინააღმდეგობას წააწყდა. შემდეგ მან თავისი ყურადღება და ენერგია ოდესა-რენის მაგისტრალისა და ოდესის აეროპორტრის მეორე რიგის მშენებლობაზე გადაიტანა. „მაგრამ ისეთი წამქეზებლური და შემაგულიანებელი რეაქცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ლოშინოვკის ინციდენტის მიმართ გამოავლინა, დასავლელ რეფორმატორს ნამდვილად არ ეკადრება“, – თვლის ავტორი.

„კომენტარები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა გააკეთეს, იმედის მომცემი არ არის. მაგალითად, ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ ხვისტანმა, მართალია, განაცხადა, რომ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა აუცილებელია, თუმცა იქვე დაამატა: „ოდესის ოლქის ყოველმა მცხოვრებმა კარგად იცის მიიჩნევს, რომ ბოშები ნარკოტიკებით ვაჭრობენ“. ზურაბ ხვისტანის აზრით, ბოშებისთვის სოფლის დატოვება არავის დაუძალებია. უბრალოდ, ნებაყოფლობითი წასვლა იმ რეალობის აღიარებაა, რომ სოფლელებთან ერთად მათი თანაცხოვრება უკვე შეუძლებელია“.

თავის მხრივ, ბოშათა არასამთავრობო და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა საჩივრით მიმართეს მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეს – უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაქოვს: ჩვენ ვგმობთ ძალადობას. გამოდის, რომ უკრაინის სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების – ბოშების უფლებების დაცვა არ შეუძლია. ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ  კანონის უზენაესობის პრინციპს“.

Comments are closed