globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 8 სექტემბერი 2016 წელი

Posted by nanamaoglobal on Sep 8th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Bild» (გერმანია): ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „ჩვენ არავის ვეხვეწებით“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): რას გვთავაზობს NATO: „უსაფრთხოების ქოლგის“ გაძლიერება, გაწევრიანების გარეშე?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ბენ ჰოჯესთან: „საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია“

«Deutsche Welle» (გერმანია): საქართველო – ბეჯითი მოსწავლე ნატოში გაწევრიანების რიგში დგას და თავის ბედს მოთმინებით ელოდება

«Экономика сегодня» (რუსეთი): ალიანსური თამაშები: საქართველო და ნატო ერთმანეთს ატყუებენ

———————-

«Bild» (გერმანია), 8 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.bild.de/bild-plus/politik/ausland/georgien/wir-sind-keine-bittsteller-47691174,view=conversionToLogin.bild.html

ინტერვიუ მიხეილ ჯანელიძესთან: „ჩვენ არავის ვეხვეწებით“

რუსების მიერ მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინა არაა ოკუპირებული, იგივე სიტუაციაში იმყოფება საქართველოც, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამ კავკასიურ სახელმწიფოს კურსი მაინც ნატოსაკენ აქვს აღებული.

„ბილდ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე (იგი 35 წლისაა) მშობლიური ქვეყნის იმედებისა და პრობლემების შესახებ საუბრობს.

- საქართველოს ერთი მეხუთედი ნაწილი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – რუსეთის მიერაა ოკუპირებული. როგორი შთაბეჭდილება გაქვთ – ფიქრობთ, რომ ევროპამ დიდი ხანია დაივიწყა რუსეთის მართლსაწინააღმდეგო აგრესია?

- არა, მე ასეთი შთაბეჭდილება არ მაქვს. ევროპამ კარგად იცის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მიეკუთვნება და ასეთად დარჩებიან. ამასთან, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სიტუაციის აქტუალობის შეცვლა [საქართველოს სასარგებლოდ] მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება. ჩვენ მადლობლები ვართ ყველანაირი დახმარებისთვის, მათ შორის გერმანიის მხრიდანაც.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ევროკავშირი საქართველოს თავის წევრად რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებამდე მიიღებს?

- ერთი მეორესთან დაკავშირებული არ არის. ერთი მხრივ, ბოლო წლებში საქართველომ დიდი ძალისხმევა განახორციელა ევროსტანდარტების მისაღწევად – როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკის სფეროში. ჩვენ წინ უკვე საკმაოდ შორს წავედით. მაგრამ მეორე მხრივ, ველოდებით საპასუხო სიგნალს ევროპისგანაც, რომ საქართველოს ევროპაც ელოდება. ეს, მაგალითად, უვიზო რეჟიმის დაწესებასაც უკავშირდება. რვა ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ დროისათვის უკვე გვექნება მკაფიო სიგნალი ევროპისაგან, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის, ბოლოსდაბოლოს, სავიზო რეჟიმი გაუქმებული იქნება.

- ქართველების სურვილს უვიზო რეჟიმის მიღების თაობაზე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ-სახელმწიფოში, მათ შორის გერმანიაშიც არ მიესალმებიან და სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. რას აკეთებთ ამ მიმართულებით?

- ჩვენ ამ საკითხში არავის არ ვეხვეწებით, არავის არ ვთხოვთ. უვიზო რეჟიმის დაწესება მკაფიოდაა გათვალისწინებული საქართველოსა  და ევროკავშირს შორის შეთანხმებაში. ჩვენ უკვე დიდი ხანია შესრულებული გვაქვს ევროკავშირის ყველა მოთხოვნა და პირობა ვიზა-ლიბერალიზების საკითხში, ვცდილობთ მივაღწიოთ სხვა ევროპულ სტანდარტებსაც. მოვიხმობ მხოლოდ ერთ მაგალითს: საერთაშორისო მასშტაბით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა…

- თქვენს ნათქვამზე უსაფრთხოების სფეროს გერმანელი ექსპერტები გეტყოდნენ, რომ კი, რასაკვირველია, [საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა], რადგან ქართველი დამნაშავეები თავიანთი შავი საქმეებით უფრო მეტად საზღვარგარეთ არიან დაკავებულნიო. გერმანიის უსაფრთხოების ორგანოების მონაცემებით, უმეტესად სწორედ ქართული ბანდები არიან პასუხისმგებელნი ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლებიც ბინების გაძარცვასა და ქურდობას უკავშირდება…

- ჩვენ მუდმივად გვესმის ასეთი საყვედურები, მაგრამ ეს უსამართლო საყვედურებია. ამასთან, მე მესმის გერმანელების შეშფოთება. ამიტომაც საქართველოს სამართალდამცველ და უშიშროების ორგანოებს გერმანელებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და, შეიძლება ითქვას, ერთად ხელიხელჩაკიდებულნი მუშაობენ – როგორც გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალურ პოლიციასთან, ასევე ფედერალური მხარეების (მიწების) შესაბამის ორგანოებთან. ერთი რამ ნათელია: ყოველი დანაშაული ყველგან დანაშაულია და ყველა დამნაშავე ყველგან დამნაშავეა. დამნაშავეობის საკითხი სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ უნდა უკავშირდებოდეს.

———–

მინისტრს ესაუბრებოდნენ ჟურნალისტები როლფ კლიანე, იულიან რაიჰელტი და ტანიტ კოხი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 8 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-nato-nac-and-secretary-general-visits-in-tbilisi/3497783.html

რას გვთავაზობს NATO: უსაფრთხოების ქოლგის“ გაძლიერება, გაწევრიანების გარეშე?

ზაზა წულაძე

NATO-ს გენმდივნის რანგში, ნორვეგიელი პოლიტიკოსი იენს სტოლტენბერგი დღეს, საქართველოს, ბოლო ორი წლის მანძილზე მეორედ ეწვია. ალიანსში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო – ჩრდილოატლანტიკური საბჭო კი თბილისში, ბოლო რვა წლის მანძილზე უკვე მეოთხედ (2008-11-13-16) შეიკრიბა.

NATO-საქართველოს კომისიის მორიგ სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები და ალიანსის წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს პროგრესს, თუმცა გაწევრიანების ვადებზე საუბრისას ბრძანა:

​„როგორც ასპირანტ ქვეყანას, საქართველოს გააჩნია ყველა შესაძლებლობა, რომ მოემზადოს NATO-ს წევრობისთვის. ჩვენ ერთგულები ვართ და გავუწევთ მხარდაჭერას საქართველოს ამ გზაზე. ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ამისთვის თქვენი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს ალიანსის სტანდარტებს და მოთხოვნებს. ამ მიზნიდან გამომდინარე ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რაც მისცეს საშუალებას ქვეყანას დაუახლოვდეს ალიანსის წევრობას. მე ახლა ვერ დავასახელებ, გაწევრიანების ზუსტ ვადას, ეს ასპირანტის დამსახურებებსა და მიღწევებზეა დამოკიდებული“.

რას ელოდება საქართველო ალიანსისგან შავი ზღვის აუზში შექმნილი რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რუსეთის მიერ ქართული და უკრაინული მიწების მიტაცებისა და განსაკუთრებით, თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობის შემდეგ?

არის თუ არა საქართველოს უსაფრთხოებისთვის საკმარისი ალიანსის მიერ შემოთავაზებული „არსებით ღონისძიებათა პაკეტი” (SNGP), “პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივა” (PII) და “გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის” (EOP) სტატუსი?

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელიც თბილისის აეროპორტში დახვდა იენს სტოლტენბერგს, ფიქრობს, რომ ამ სტატუსის შემდეგ, საქართველო უკვე სარგებლობს ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის გარკვეული სიკეთეებით და NATO-სთან სტრატეგიული დიალოგის გაძლიერების იმედი აქვს: „საქართველო უკვე არის ამ სტრატეგიული დიალოგის ნაწილი, როგორც ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანა. ასეთი აქტიური ჩართულობის პრეცედენტები დიდი ხანია არსებობს ბალტიის ზღვაზე. შვედეთი და ფინეთი არ არიან ალიანსის წევრები, მაგრამ აქვთ სწორედ ეს სტატუსი. საქართველო იქნება სწორედ ასეთი დიალოგის მონაწილე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების კონტექსტში“.

ალიანსის გენმდინავი დღესვე მივიდა თბილისში მიმდინარე წარმომადგენლობით საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“, რომელსაც მაკკეინის ინსტიტუტი საქართველოში უკვე მეორედ ატარებს. მსოფლიოსა და რეგიონში გავლენიანი ექსპერტები, პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, მათ შორის, ევროპაში აშშ-ს ჯარების სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, შავი და ბალტიის ზღვის აუზებში უსაფრთხოების პრობლემატიკასთან ერთად, კონფერენციაზე – რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს, დემოკრატიის კრიზისს და რეგიონში აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკას განიხილავდნენ.

NATO-ში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, ამჟამად მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა აღნიშნა, რომ საქართველო ბუნებრივია მეტს ელოდება ალიანსისგან, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული დაპირების შემდეგ: „ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) არ შეუთავაზებიათ. ასე, რომ საქართველო იმავე ადგილზეა, რომელიც ეკავა 2008 წელს. ვინაიდან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება მნიშვნელოვანია როგორც ალიანსის გენმდივნის, ისე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს აქ ჩამოსვლა, იმისთვის რომ საქართველო NATO-ს რადარის ორბიტაზე დარჩეს“.

კონფერენციაზე მონაწილე ექსპერტების აზრით, ოკუპირებულ ყირიმსა და აფხაზეთში რუსული მილიტარიზაციის საპასუხოდ, შავ ზღვაზე ალიანსის ახალი უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში, საქართველომ NATO-ს შეიძლება შესთავაზოს, არა მხოლოდ საკუთარი ნავსადგურები, არამედ მოითხოვოს მცირე, მაგრამ მობილური სამხედრო-საზღვაო ფლოტის მშენებლობაში აქტიური დახმარება.

დღესვე, მაკკეინის ინსტიტუტის კონფერენციაზე, აშშ-ს ელჩმა იან კელიმ კომენტარი გააკეთა, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაზე, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუციელებლია საქართველოში, აშშ-ს ან NATO-ს სამხედრო ბაზის განთავსება. ელჩმა კელიმ ბრძანა, რომ „ეს საინტერესო წინადადებაა და მას დეტალურად შეისწავლიან.“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 8 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/ben-hodges-on-ties-with-georgia/3498430.html

ინტერვიუ ბენ ჰოჯესთან: „საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია

ია მეურმიშვილი

„ამერიკის ხმამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის ერთ-ერთ სტუმარს, კერძოდ ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს:

ამერიკის ხმა: თქვენ საქართველოს ერთერთი ყველაზე დიდი მეგობარი ხართ. რა არის ამის მიზეზი? როგორ ფიქრობთ, აკეთებს თუ არა ის ყველაფერს ან არის თუ არა საქართველო მზად, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, რომ ევროპულ ოჯახში მალე გაწევრიანდეს?

გენერალი ბენ ჰოჯესი: პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატებია საქართველოს საუკეთესო მეგობარი. მე აქ შეერთებული შტატების ჯარს წარმოვადგენ. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესოს და ასევე ჩვენს მხარდაჭერასაც გამოვხატავთ.

ჩვენ ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ და თავდაცვის გეგმებს ერთად განვიხილავთ. რა თქმა უნდა უკვე წლებია, რაც ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავართ. ეს ყველაფერი შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა. მჯერა, რომ საქართველო სინამდვილეში უკვე ევროპაში შევიდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია. ის წვრთნებში მონაწილეობს და უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეიარაღებული ძალები ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომსაქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვაში დასახმარებლად შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მზადყოფნა ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი კაცები და ქალები უკვე გყავთ სამხედრო ფორმაში, რომლებიც ქვეყნის დასაცავად მზად არიან. თავდაცვის კონცეფცია ის თემაა, რომელზეც ჩვენს ქართველ სამხედრო ძმებთან მუშაობას გავაგრძელებთ. როგორ სურს საქართველოს თავის დაცვა, რა არის ამის საუკეთესო გზა და არსებული შესაძლებლობები თავდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენოს.

ამერიკის ხმა: ფიქრობთ, თუ არა, რომ საკმარისი კეთდება საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გასანეიტრალებლად, უფრო ზუსტად, რუსეთის მზარდი ნარატივის გასაქარწყლებლად დასავლური ალიანსების და კონკრეტულად ნატოს უპირატესობის, წინააღმდეგ? ფიქრობთ, რომ საკმარისად ებრძვიან ამგვარად მომძლავრებულ დეზინფორმაციას საქართველოში? ასევე, რა როლი აქვს ნატოს ამ პროცესის გაჯანსაღების მიზნისთვის?

გენერალი ბენ ჰოჯესი: რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი: საუკეთესო მომავლისთვის, საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლეთთან და დანარჩენ ევროპასთან კავშირების გაძლიერება და გააგრძელოს ჯერ უმწიფარი ინსტიტუტების ზრდა. საინფორმაციო კამპანიის საუკეთესო სახე ის არის, როცა მოსახლეობა ხედავს მთავრობის პროფესიონალიზმს, შეიარაღებული ძალების უნარს უსაფრთხოების დასაცავად, და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომელიც დასავლეთის ეკონომიკურ ინსტიტუტებთან არის კავშირში. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო საინფორმაციო კამპანიაა. აქვე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ დასავლეთში, იქ, სადაც ყველანი პატივს ვცემთ პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას, იქ, სადაც მუდმივად ხალხის ნდობის შენარჩუნებას ვცდილობთ და ვზრუნავთ, რომ პარლამენტს ან კონგრესის ძალაუფლებას გარე, დამოუკიდებელი ინსტიტუტები ზღუდავდეს.

იმ სიტუაციაში, როცა ყველას აქვს ინფორმაციის მიწოდების/გაზიარების შესაძლებლობა და ეს ხშირად ფაქტების გადამოწმების გარეშე ხდება, უნდა დავფიქრდეთ და ვიზრუნოთ ამ კონკურენციის დაძლევაზე. რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა: უპირველესია გამჭვირვალობა, და ფაქტების სიზუსტე. შესაბამისად, თავისუფალი მედიის არსებობა, მედიისა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მძლავრ აგრესიულ ნარატივს, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

«Deutsche Welle» (გერმანია), 8 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.dw.com/de/georgien-musterknabe-in-der-nato-warteschlange/a-19531326

საქართველო – ბეჯითი მოსწავლე ნატოში გაწევრიანების რიგში დგას და თავის ბედს მოთმინებით ელოდება

ბერნდ რიგერტი

(შემოკლებით)

იგი დონ კარლოსის არიას მსოფლიოს საუკეთესო ოპერების სცენებზე ასრულებდა, ახლა კი ქართველ საოპერო მომღერალს პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური სცენის „დასაპყრობად“ კარგი შანსები აქვს – ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მომავალ თვეში უნდა ჩატარდეს. პოპულარულ ბანს, რომელიც თავის თავს კონსერვატორად მიიჩნევს, უნდა, რომ „ქართული ოცნების“ მოსოციალდემოკრატო მთავრობას ხელისუფლება წაართვას. თუმცა წინასაარცევნო ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი თემა ეკონომიკაა და არა საგარეო პოლიტიკა, რაც თბილისში ჩამოსულმა ნატოს ელჩებმაც ძალიან კარგად იციან: ყველა დიდი ქართული პარტია, მემარცხენე თუ მემარჯვენე, პროდასავლური კურსის ერთგულებას გამოხატავენ. საქართველოს, ქართველ ხალხს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. უკვე რვა წელია, ქართველები რიგში დგანან და მოთმინებით ელოდებიან…

რუსული ბარიერები ნატოსაკენ მიმავალ გზაზე

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ჯერ კიდევ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტის დროს გამოაცხადა, რომ ანტოს კარია მუდამ ღიაა ახალი წევრების მისაღებად. საქართველოს, შავიზღვისპირა ოთხმილიონიან სახელმწიფოს, აღუთქვეს, რომ მას ნატოში მიიღებდნენ, თუ თბილისი ყველა სამხედრო ალიანსში გაწევრიანებისათვის საჭირო პირობებს შეასრულებდა. ბუქარესტის სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს მისთვის უკანასკნელი მონაწილეობა იყო ნატოს შეხვედრაში. იმ დროს რუსეთის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა ალიანსის გადაწყვეტილება და მას შემდეგ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოების პროცესს.

ოფიციალურად, რუსეთს, რა თქმა უნდა, ნატოში არავითარი ხმის უფლება არ აქვს, მაგრამ ვლადიმირ პუტინი თავისი მოქმედებით, ალიანსის გაფართოებას ხელს უშლის. 2008 წლის აგვისტოში მას საქართველოსთან მოკლევადიანი სამხედრო კონფლიქტი ჰქონდა: რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პრორუსი სეპარატისტების დაცვა განიზრახა, ქართულ არმიას უკან დაახევინა და ქვეყნის ტერიტორიის 20% დაიკავა. აი, სწორედ ეს გაყინული კონფლიქტი უშლის ხელს ამ კავკასიური სახელმწიფოს ნატოში გაწევრიანებას.. ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაერთიანება ხომ მხოლოდ იმ სახელმწიფოებს შეუძლიათ, რომლებსაც მეზობლებთან ტერიტროიული კონფლიქტები არ აქვთ! გარდა ამისა, როგორც ბრიუსელელი დიპლომატები ამბობენ, ნატოს არ სურს რუსეთისა და უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთდამოკიდებულება (ყირიმ-დონბასის გამო) კიდევ უფრო გაამწვავოს…

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარტინ შეფერი ჯერ კიდევ აპრილში ამბობდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე ამ ეტაპზე ალიანსი ფოკუსირებას არ ახდენს და გეზი უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენაა აღებულიო: „ჩვენ ამ თანამშრომლობის შედეგებს უნდა დაველოდოთ“.

საქართველოსა და აშშ-ის მჭიდრო კავშირები

2008 წლიდან ნატოს ყოველ მაღალი დონის შეხვედრებზე მუდმივად აცხადებდნენ, რომ საქართველოში რეფორმები მიმდინარეობს და რომ საქართველო, პრინციპში, „ტექნიკურად“ მზად არის ალიანსში გაწევრიანებისთვის. საქართველოს არმია კარგადა მომზადებული და პოლიტიკური სიტუაციაც უმჯობესდება, – ადასტურებენ ნატოელი დიპლომატები ბრიუსელში. მაგრამ საქმეს აფუჭებს ის, რომ პატარა საქართველოს მეზობელი დიდი რუსეთია…

ამასთან საქართველო აშშ-სა და ნატოს ყველაზე მეგობრულ პარტნიორადაა მიჩნეული. ძნელად თუ მოიძებნება ევროპაში ისეთი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ისეთი ერთგული რომ იყოს, როგორიც საქართველოა. თბილისის აეროპორტიდან ქალაქში მიმავალ სტუმრებს დიდ პლაკატზე გამოსახული აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ესალმება, აეროპორტიც მის სახელს ატარებს (მთარგმნელის შენიშვნა: თბილისში ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩაა და არა აეროპორტი).

დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის თანამშრომელი, ამბობს, რომ საქართველოს მოტყუება მეტად აღარ შეიძლება. იმედგაცრუება მატულობს. „უკრაინა და საქართველო ნატოს საერთო სტრატეგიაში უნდა იყვნენ ჩართულნი – რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან ერთად, შავი ზღვის რეგიონის სტაბილიზაციის მიზნით“, – წერს დევიდ კრამერი ონლაინ-გამოცემა “პოლიტიკო“-ში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერმა კი, რომელიც ივლისში თბილისს ეწვია, რუსეთს საქართველოს ტერიტორიის ოკუპირების შეწყვეტისაკენ მოუწოდა.

თანამშრომლობა და თავშეკავება ერთდროულად

ნატო ცდილობს საქართველოსთან ახალ-ახალი პროექტებით ითანამშრომლოს. გასულ წელს თბილისში ალიანსის საწრთვნელი ცენტრი გაიხსნა, შესაბამისად, ნატოს 30-მდე სამხედრო მრჩეველი საქართველოში მუდმივად იმყოფება. უკვე მრავალი წელია ნატოს ქვედანაყოფები მანევრებს ქართულ არმიასთან ერთად ატარებენ, რაც რუსეთის პერმანენტულ პროტესტებს იწვევს. მაისში კრემლმა მკაცრად დაგმო საქართველოში ჩატარებული ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წრთვნები და განაცხადა, რომ „ვაშინგტონის ასეთი პროვოკაციული მოქმედება კავკასიის რეგიონის დესტაბილიზებას ახდენსო“. სინამდვილეში კი ნატო ხელს უწყობს ქართული არმიის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების მომზადების ამაღლებას და თავდაცვის სფეროს მმართველობის სამოქალაქო ყაიდაზე გარდაქმნას.. თავის მხრივ, საქართველოც აქტიურად მონაწილეობს ნატოს თითქმის ყველა მრავალეროვნულ მისიებში, მათ შორის, ავღანეთში დღეს მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში. სხვათა შორის, საქართველოს  იმდენი ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში, რომ მათი რაოდენობით ნატოს ბევრ წევრ სახელმწიფოსაც კი სჯობნის. ამას ნატოელი დიპლომატებიც აღიარებენ.

ნატოსა და საქართველოს ხელმზღვანელები ერთმანეთს ხშირად ხვდებიან. გუშინ თბილისს ალიანსის გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია და იქ ნატოს საბჭო (ხელმძღვანელი ორგანო) სრული შემადგენლობით წაიყვანა. ისინი უნდა დარწმუნდნენ ქართული არმიის ძლიერებაში და ქართველ ხალხს სიგნალი გაუგზავნონ, რომ ნატო კვლავაც დაინტერესებულია საქართველოს გაწევრიანებაში, მაგრამ ეს სწრაფად არ განხორციელდება.

პრეზიდენტი კურსის ერთგულია

ივნისში, ნატოს შტაბ-ბინაში სტუმრობის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება წარმოადგენს: „დარწმუნებულნი ვართ, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს შეუწყობს დემოკრატიულ პროცესებს ჩვენს ქვეყანაში. რვა ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ამ მიზნით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებაო“, – აღნიშნა მან. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ არჩევნების დროს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეიძლება პრორუსული ძალებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის გაწევრიანებას ნატოშიც და ევროკავშირშიც.

«Экономика сегодня» (რუსეთი), 8 სექტემბერი, 2016 წელი

http://rueconomics.ru/194739-igry-v-alyans-gruziya-i-nato-vodyat-drug-druga-za-nos

ალიანსური თამაშები: საქართველო და ნატო ერთმანეთს ატყუებენ

რუსი ექსპერტები კომენტარებს აკეთებენ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით.

თუ რაში გამოიხატება ნატოს მხარდაჭერა საქართველოსთვის, „ეკონომიკა სეგოდნიას“ კორესპონდენტი ინა უსოვა ესაუბრება რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის რეგიონული უსაფრთხეობის სექტორის ხელმძღვანელს იგორ ნიკოლაიჩუკს.

„ნატოს ინტერესს საქართველოს მიმართ ორი შრე აქვს: პირველს პროპაგანდისტული დატვირთვა აქვს და მიმართული იქითკენ, რომ მოსახლეობას ეგონოს – ნატო საქართველოთი დაინტერესებას აგრძელებს, მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით) და რომ ბრიუსელი ყველაფერს აკეთებს საქართველოს ნატოში მიღების მიზნით. მაგრამ მეორე შრეს თუ ყურადღებით შევხედავთ, დავინახავთ, რომ ნატოს საქართველო სულ ფეხზე ჰკიდია, გულგრილადაა განწყობილი. ნატოს ესმის, რომ საქართველო ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს ევროპის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში და რაც მთავარია, იმ ანკეტით, როგორიც საქართველოს აქვს (სადაო ტერიტორიებით), მას ნატოში გზა დახურული აქვს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ალიანსი საქართველოსტან მხოლოდ გარკვეული პროექტების ჩარჩოებში ითანამშრომლებს – სამხედრო სწავლებებში, პერსონალის მომზადებაში და ა.შ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი გეგმები და პროგრამები ქართულ ელიტას უკვე დიდი ხანია ყელში ამოუვიდა, მათ სულ სხვა მოლოდინები აქვთ.

ნატოს არ შეუძლია თავის წევრად ისეთი ქვეყნის მიღება, რომელსაც სხვასთან აქვს ტერიტორიული პრეტენზიები ან პირიქით. რატომ? იმიტომ, რომ ნატოს წესდების შესაბამისად, ალიანსის წევრი რომელიმე სახელმწიფოსადმი ომის გამოცხადება ყველას მიმართ ომს ნიშნავს.

გასაგებია, რომ ნატოს უსაფრთხოების ჰიგიენის ასეთი წესი სრულიად სამართლიანია და თუ ვინმეს მასში გაწევრიანება სურს, ჯერ ტერიტორიული პრობლემები უნდა მოაგვაროს. აბა, წარმოვიდგინოთ: თუ დრევანდელი საქართველო ნატოს წევრი გახდება, იგი ძლიერ ზურგს იგრძნობს და იმავწუთს ომს დაიწყებს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან. ამის შემდეგ ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია საქართველოს დაეხმაროს. მაგრამ რატომ უნდა დაიღუპნონ ესპანელები, გერმანელები ან ნორვეგიელები საქართველოს ინტერესებისათვის?

ჯერ კიდევ ხუთი წლის წინათ ნატოელმა ანალიტიკოსებმა კითხვა დასვეს: რამდენ ხანს გააგრძელებს ნატო ქართული ელიტის დარწმუნებას, რომ ოდესმე ალიანსი საქართველოს კარს გაუღებს? და კიდევ – რამდენ ხანს გააგრძელებს ქართული ელიტა საკუთარი ხალხის მოტყუებას იმ ზღაპრებით, რომ ნატოში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას?

ყველგან აცნობიერებენ, რომ საქართველოს ნატოური კურსი უპერსპექტივოა. ქართული ელიტა იძულებულია ექსპლოატაცია გაუწიოს თეზისს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე და ამ მხრივ რუსეთის მიმართულებით მოძრაობის ბლოკირება მოახდინოს. მაგრამ ეს მოძრაობა უკვე დაწყებულია. ამ გზაზე უფრო ადვილია რიგი საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის ეკონომიკური ხასიათისაც. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს.. განა უსაფრთხოება დღეს სადმეა გარანტირებული? შეხედეთ თვითონ ევროპას, რა დღეშია… უსაფრთხოების ძველი მექანიზმები, ნატოს სახით, უკვე მოძველებულია, ახალი კი ჯერ არ შექმნილა. აი, ამ ყველაფერს ქართველი პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ანგარიშს არ უწევეენ“, – ამბობს რუსი ექსპერტი.

Comments are closed