globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 19 იანვარი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jan 19th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): „გაზპრომის“ ქართული საიდუმლოება თუ „ოცნების“ „გაზპრომული“ საიდუმლოება?

«The Baltic cource» (ლატვია): საქართველოში სოციალური გადასახადი არ არსებობს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ძაღლების ჩხუბი – ქართული საზოგადოების ტესტი

«Sächsische Zeitung» (გერმანია): ოპერაცია გამთენიისას // გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ საერთაშორისო ბანდიის წევრები დააპატიმრა, რომელთა მიერ მოპარული ნივთები ჩინეთამდეც კი იყიდებოდა

———————-

«RFE//RL – Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 18 იანვარი, 2017 წელი

http://www.ekhokavkaza.com/a/28241972.html

„გაზპრომის“ ქართული საიდუმლოება თუ „ოცნების“ „გაზპრომული“ საიდუმლოება?

აშშ-ის რადიოსადგურ „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ „ეხო კავკაზას“ პროგრამა „არამრგვალი მაგიდის“ წამყვანი ვადიმ დუბნოვი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ“-თან საქართველოს მთავრობის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების შესახებ ქართველ ექსპერტებს სერგი კაპანაძესა და ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრება.

გთავაზობთ შემოკლებით:

ვადიმ დუბნოვი: ბატონო სერგი, თქვენ როგორ ფიქრობთ – მართლაც სიტუაცია ასეთი სერიოზულია? მართლაც საქმე ეხება საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტის დაკარგვას და სახელმწიფო ინტერესების დათმობას?

სერგი კაპანაძე: დიახ, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა, რომლის მიხედვით, რუსეთიდან სომხეთში მიწოდებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველო ნატურალურ გაზს იღებდა. იმ დროს რუსეთს ჩვენზე ზეწოლის ინსტრუმენტები არ გააჩნდა, ანუ ის გაზი, რასაც ვიღებდით, მხოლოდ ტრანზიტის პირობა იყო. ახლა კი რაღაც მანიპულაციები ხდება. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს წინგადადგმული ნაბიჯი არ არის. ენერგეტიკის მინისტრი გვარწმუნებს, რომ „გაზპრომ’-თან დადებული შეთანხმება აზერბაიჯანიდან მიღებულ გაზზე უფრო იაფად დამატებითი მოცულობის ბუნებრივი გაზის მიღების შესაძლებლობასაც გვაძლევსო, მაგრამ როგორც ირკვევა, რუსული გაზი მხოლოდ ერთი დოლარით იაფი ეღირება, ანუ ფასებში მხოლოდ სიმბოლური განსხვავებაა, ეკონომიკურად ჩვენ ვერანაირ [მოგებას] ვერ ვიღებთ.

პრობლემის კიდევ ერთი მხარე, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისაა, თუ როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება, როგორ დაიდო შეთანხმება. ყველაფერი გასაიდუმლოებულ რეჟიმში ხდებოდა, ჩვენ ზოგიერთ დეტალს უფრო მეტად „გაზპრომ“-ისაგან ვიგებდით, ვიდრე ჩვენი ენერგეტიკის მინისტრისაგან… ჩვენ ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში მოსვლაც ვთხოვეთ (მოგეხსენებათ, მე საპალამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ), რათა ვრცლად გვცოდნოდა ინფორმაცია შეთანხმებაზე, მაგრამ იგი არ მოსულა. ასეთი გასაიდუმლოება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დოკუმენტი მიმართულია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო ალექსანდრე, გასაგებია, რომ ამ საკითხში ბევრი პოლიტიკაა, მაგრამ მაინც ხომ არსებობს ეკონომიკური რეალიები: ვთქვათ, მთავრობა რომ ამბობს, დღეს ფულადი გადახდის ფორმა, ნატურალურისაგან განსხვავებით, საერთაშორისო პრაქტიკაშია დამკვიდრებულიო და შესაბამისად, ხელისუფლებას სამოქმედოდ სხვა რაიმე განსაკუთრებული ვარიანტი არ გააჩნდა. ეთანხმებით ამ რეალიებს?

ალექსანდრე თვალჭრელიძე: ჩემთვის ერთი მომენტია საოცარი – რატომ წარმართავს მოლაპარაკებას „გაზპრომ“-თან, ანუ კომერციულ სტრუქტურასთან საქართველოს მთავრობა? საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი თავის კოლეგას – რუსეთის ენერგეტიკის მინისტრს უნდა ელაპარაკებოდეს, ხოლო რუსულ კომერციულ სტრუქტურას ისეთივე ადექვატური ქართული სტრუქტურა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი უწყება – საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაცია. ჰოდა, ამ შეთანხმებაზე სწორედ ამ სტრუქტურის ხელმძღვანელს უნდა მოეწერა ხელი. თუ ყურადღებას მივაქცევთ საერთაშორისო პრაქტიკას, ევროპის აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში – ყველგან „გაზპრომთან“ დადებულ მსგავს შეთანხმებებს ხელს აწერენ დისტრიბუტორები – კომერციული სტრუქტურები და არა მთავრობა. მე ვერაფერს ვიტყვი დოკუმენტის შინაარსზე, რადგან ბევრი ნიუანსი არ ვიცით. ალბათ, როცა პარლამენტში მოსმენები იქნება, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით (კანონის თანახმად, მინისტრი ვალდებულია მივიდეს), მხოლოდ მაშინ ვილაპარაკებთ უფრო არსებითად.

2016 წლის „გაზპრომი“ მნიშვნელოვნად განსხვავდება 2015 წლის „გაზპრომ“-ისაგან, ეს ორი სხვადასხვა სიდიდეა. ერთი წლის განმავლობაში „გაზპრომ“-მა მოახერხა და თავიდან აიცილა დეფოლტი და თავისი პოზიციები განიმტკიცა. „გაზპრომი“ დღეს ძალის პოზიციიდან ლაპარაკობს. „გაზპრომი“ გვეუბნება, რომ თუ ამ არამოტივირებულ სატრანზიტო შეთანხმებას ხელს არ მოაწერთ, მაშინ ჩვენ („გაზპრომი“) სომხეთს ბუნებრივ გაზს ირანიდან მივაწვდითო. შეიძლება ამ წელიწადში „გაზპრომმა“ ეს ვერ მოახერხოს, რადგან ირანსა და სომხეთს მხოლოდ 700 მილიმეტრიანი მილსადენი აკავშირებთ და ის მთლიანადაა დატვირთული (ირანმა ხუთჯერ გაზარდა სომხეთისათვის გაზის მიწოდება ელექტრონერგიის სანაცვლოდ), მაგრამ „გაზპრომ“-ისათვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს ერთ წელიწადში სრულიად ახალი მილსადენის აგება – ირანსა და სომხეთს შორის მანძილი სულ რაღაც 70 კილომეტრს შეადგენს. აი, მაშინ კი საქართველო საერთოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ ამ შეთანხმების კიდევ ერთი მომენტი: „გაზპრომმა“ შემოგვთავაზა 30-დოლარიანი მარჟა, ანუ ჩვენი სურვილის შემთხვევაში, რუსული კომპანია გაზს 30 დოლარით უფრო იაფად მოგვცემს, ვიდრე ევროპას აწვდის…

ასე რომ, მე პოლიტიკური კომენტარებისაგან თავს შევიკავებ, რადგან არც პოლიტიკოსი არ ვარ და არც პოლიტოლოგი, ეკონომიკური თვალსაზრისით კი ვიტყვი, რომ 21-ე საუკუნეში ბარტერულ გაცვალზე ლაპარაკი უკვე შეუფერებელია. უბრალოდ, ჩვენ იმის გარანტია უნდა გვქონდეს, რომ საქართველოს, საჭიროების შემთხვევაში, გაზი ყოველთვის უნდა მიეწოდოს იმ ფასებში, რა ფასებიც შეთანხმებაშია დაფიქსირებული.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო სერგი, როგორ ფიქრობთ, მოლაპარაკების დროს რუსეთის ზეწოლა უფრო ეკონომიკური იყო თუ პოლიტიკური ბერკეტებიც აამოქმედა?

სერგი კაპანაძე: თვითონ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღიარა, რომ ასეთი ზეწოლა იყო – მან განაცხადა, რომ „გაზპრომ“-მა ულტიმატუმი წამოაყენაო, ქართულმა მხარემ ჯერ უარი განაცხადა, მაგრამ საბოლოოდ შემოთავაზებულ წინადადებაზე მაინც დათანხმება მოუწია. პირველი პრობლემა სწორედ ისაა, რაზეც დავთანხმდით. ეს ჩვენ ინტერესებში არ შედის. ძალიან მინდა გავიგო, თუ რაში გამოიხატება ეს ულტიმატუმი, რომელიც, როგორც ჩანს, იმაზე უფრო უარესია, რაზეც დავთანხმდით. მეორე მომენტი – ჩვენ ამგვარ მოლაპარაკებებში ტრადიციულად ძლიერები ვიყავით, რადგან „გაზპრომს“ სომხეთისათვის გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტი არასოდეს არ გააჩნდა. ქართული ტრანზიტი უალტერნატივო იყო. სწორედ ამიტომ ათი წლის განმავლობაში ეს შეთანხმებაც მუშაობდა. რაც შეეხება ირანიდან სომხეთისათვის გაზის მიწოდების შესაძლებლობას, არ არსებობს ისეთი ვარიანტი, რომ გაზი იგივე რაოდენობით მიეწოდოს, როგორც ამ მილსადენით მიეწოდება. ჩვენ რუსული მხარის ულტიმატუმებს წინათ არასდროს ვთანხმდებოდთ. ამიტომაც ახლა ძალიან საწყენია, რომ ყველაფერზე დავეთანხმეთ, სამაგიეროდ კი პრაქტიკულად არაფერი მიგვიღია.

ვადიმ დუბნოვი: ბატონო ალექსანდრე, ეთანხმებით იმას, რომ არანაირი ალტერნატივა არ არსებობს? თქვენ ამბობდით ირანულ გაზზე… რუსეთის ძალისხმევა აშკარად მოწმობს იმას, რომ მოსკოვი ძალიან არის დაინტერესებული ირანული მილსადენით… გარდა ამისა, სამხრეთ კავკასია აზერბაიჯანული გაზის მორიგი „ულუფის“ მისაღებადაც ემზადება. რამდენად შეუძლია ამ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ვნებათაღელვას გავლენა მოახდინოს გაზმომარაგების რუკაზე?

ალექსანდრე თვალჭრელიძე: ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ. საქართველომ თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით უნდა ისარგებლოს და იმას მივაღწიოთ, რომ ირანიდან ბუნებრივი გაზის ევროპისაკენ სწორედ საქართველოს ტერიტორიით გავიდეს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ევროპულ ბაზარზე ირანმა „გაზპრომი“ ჩაანაცვლოს. რუსული კომპანიის პოზიციები დღეს ევროპაში მაინცდამაინც ძლიერი არ არის – მხოლოდ 38%.

ვადიმ დუბნოვი: მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ 38%-ს ხომ „გაზპრომი“ აკონტროლებს…

ალექსანდრე თვალჭრელიძე: დიახ, ჯერ-ჯერობით… მაგრამ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ „გაზპრომის“ გავლენა კიდევ უფრო შემცირდეს.

«The Baltic course» (ლატვია), 18 იანვარი, 2017 წელი

http://www.baltic-course.com/rus/good_for_business/?doc=127015

საქართველოში სოციალური გადასახადი არ არსებობს

სტატიაში საუბარია ლატვიის დედაქალაქში გამართული ეკონომიკურ-დიპლომატიური კლუბის სხდომის შესახებ, რომელიც რიგის ძველ უბანში მდებარე ქართულ რესტორნის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა და რომელშიც საქართველოს ელჩი თეიმურაზ ჯანჯალიაც მონაწილეობდა (ავტორი – ოლღა პავუკი, «The Baltic cource»-ის მთ.რედაქტორი).

„ეკონომიკურ-დიპლომატიური კლუბის წევრებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რომ საქართველოში სოციალური გადასახადს არ იხდიან – „ის, უბრალოდ, არ არსებობს“ – აღნიშნულია მასალაში.

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული  სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შესახებ: მოსახლეობის რაოდენობა, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა (18 მლრდ.დოლარი), მისი ზრდის ტემპები 2016 წელს (2,7%), 2017 წლის პროგნოზი (4,55), მშპ-ის განაწილება ერთ სულ მოსახლეზე (2743 დოლარი), მშპ-ში მრეწველობის წილი (16,5%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10%), მშენებლობის (8%).

პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე საქართველოს ბიუჯეტის მოცულობა (9,5 მლრდ.დოლარი), ინფლაცია (4%), უცხოური ინვესტიციები (1,35 მლრდ. დოლარი) და მათი განაწილება ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში… საგარეო ვაჭრობის სტრუქტურა… უმუშევრობის დონე (12,4%). აღნიშნულია, რომ ასაკის მიხედვით უმუშევრები უფრო 20-დან 34 წლამდე ახალგაზრდები არიან (50%). საქართველოში საშუალო ხელფასის მოცულობამ 2015 წელს 400 დოლარს მიაღწია. ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს საგადასახადო სისტემის დადებითი მხარეები..

სტატიაში ყურადღება აქვს დათმობილი ლატვია-საქართველოს ურთიერთობასაც: მოცემულია ბაჭრობის სტატისტიკა (26,2 მილიონი დოლარი 2015 წელს. საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი ლატვიაში – ღვინო). მატულობს ლატვიელი ტურისტების რიცხვი საქართველოში (2016 წელს – 10 ათასი). ავტორი წერს, რომ საქართველო „აბრეშუმის დიდი გზის“ პროექტის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს.

რატომაა კარგი საქართველოში ინვესტიციების დაბანდება?

„ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო 10 საუკეთესო რეფორმატორი ქვეყნების რიცხვში შედის, ხოლო ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 23-ე ადგილი უკავია. ქართველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია ბიუროკრატიის დონე, იოლია ბიზნესის დაწყება (ნებართვა მზადაა 24 საათში, მხოლოდ 8 დოლარის გადახდით), სწრაფია საბაჟო პროცედურები (15 წუთში). ბაჟისაგან გათავისუფლებულია იმპორტული საქონლის 80%“, – ნათქვამია სტატიაში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 19 იანვარი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/illegal-dog-fighting-in-georgia/3681019.html

ძაღლების ჩხუბიქართული საზოგადოების ტესტი

ზაზა წულაძე

ცხოველთა დაცვის რამდენიმე ათეულმა აქვისტმა, წუხელ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, კიდევ ერთხელ გააპროტესტა საქართველოში სისხლიანი სანახაობის – ძაღლების ჩხუბის ფაქტი, რომელიც იატაკქვეშეთში არსებობის მიუხედავად, წლიდან წლამდე, სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამ არალეგალური ქსელის, შედარებით ორგანიზებული ნაწილი, ძაღლების ჩხუბში „საქართველოს ჩემპიონატსაც“ კი აწყობს. აქვთ შემუშავებული „წესები“, ჯიშებისა და წონითი კატეგორიების მიხედვით, ჰყავთ „მსაჯები“, ბუქმექერები და რაც მთავარია, მაყურებელი, რომელიც მზად არის ძაღლის დასახიჩრებაზე ან სულაც სიკვდილზე, დიდი ფული მოიგოს. ფსონები 20 დოლარიდან იწყება და 20 000 დოლარამდეც კი ადის.

„ეროვნულ ჩემპიონატში“ გამარჯვებული ძაღლები უფრო დიდი მოგების მიზნით, საჩხუბრად სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაშიც კი დაჰყავთ.

საპასუხოდ, უცხოელ „მეტოქეებს“ თბილისის ზღვის მიდამოებში, მარტყოფში, საგარეჯოსა და სხვა, სპეციალურად შერჩეულ ადგილებში „მასპინძლობენ“. სარფიანი ბიზნესია ასევე „ჩემპიონი“ მებრძოლი ძაღლების შეჯვარება და ლეკვების გაყიდვა.

ამჯერად, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებს აღშფოთების მიზეზი მესტიიდან მისცეს. იქაურმა მკვიდრმა საკუთარი ძაღლის ჩხუბისა და „გამარჯვების“ ამსახველი, ჩხუბის უსასტიკესი ვიდეო, რომელსაც ასამდე მესტიელი დიდი აზარტით ადევნებდა თვალს, სიამაყით ატვირთა სოციალურ ქსელში. ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა ფაქტზე მოკვლევა დაეწყო.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძე ამბობს, რომ ამ სისასტიკესთან გამკლავება ქართული საზოგადოების ტესტია:  „ეს არის სისასტიკე, ამ ორგანიზებული ჩხუბის დროს, ძაღლები გლეჯენ ერთმანეთს და ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს სიკვდილით მთავრდება. გარდა ამისა, იმ ძაღლს, რომელმაც წააგო ჩხუბი, არ მოკვდა, მაგრამ ძლიერი დაზიანებები მიიღო, პატრონები ან თავად კლავენ, ან ქუჩაში აგდებენ უპატრონოდ. ასეთი დასახიჩრებული ძაღლები ბევრია, როგორც თბილისის ქუჩებში, ისე თავშესაფრებში. ცალკე პრობლემაა, როდესაც ამ სასტიკ სანახაობაზე ბავშვები და ახალგაზრდობა დაჰყავთ, ამის შემდეგ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელ და კომპლექსებით სავსე პიროვნებებს ვიღებთ ჩვენს საზოგადოებაში“.

თბილისის საკრებულოს მიერ, 2015 წელს მიღებულ „ცხოველების მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესში“ პირდაპირ წერია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე, „ცხოველთა ბრძოლების გამართვა აკრძალულია“. მსგავსი შეზღუდვებია საქართველოს სხვა თვითმმართველი ქალაქების კანონმდებლობაშიც.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ „ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის ან მცირეწლოვნის თანდასწრებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ ეს „მკვდარი“ მუხლია, რადგან ძალღების ჩხუბის გამო დღემდე არავინ დასჯილა და პოლიციის რეაგირება მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება. ისინი კანონმდებლოს გამკაცრებას მოითხოვენ. ძაღლების ორგანიზებული ჩხუბის გარდა, უფლებადამცველთა თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მოჩხუბარ ძაღლს: პიტბულს, სტაფს ან კავკასიურ ნაგაზს, “უკეთ გაწვრთნის მიზნით”, მიუსაფარ, უმწეო მეტისს მიუქსევენ და აგლეჯინებენ.

2016 წლის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იყო კანონპროექტი, „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ რომელიც „ცხოველთა გაწრთვნაზე ორთაბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად, ორთაბრძოლების ვიდეო და ფოტო გამოსახულებების გადაღებასა და გავრცელებაზე, ცხოველთა ორთაბრძოლაზე დაშვების მიზნით შეგნებულად ფულის აღებაზე, ასევე საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის გამოყენებაზე ორთაბრძოლების მოსაწყობად, ცხოველთა ორთაბრძოლების ორგანიზებაზე, ჩატარებასა და პროპაგანდაზე“, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა, თუმცა, მისი კანონად ქცევა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიიჩნევს, რომ ამ კანოპროექტის განხილვა მეცხრე მოწვევის პარლამენტში აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. „ის რომ კანონმდებლობა არ მუშაობს ქართული საზოგადოების ბრალია“ – ამბობს გუშინდელი საპროტესტო აქციის მონაწილე სოფიო ჯიბუტი: „ყველას მოვუწოდებ, ვინც სადმე ნახავს ძაღლების ჩხუბის შემთხვევას, აუცილებლად მიმართოს პოლიციას და მოითხოვოს, ამ სისასტიკის მოყვარულთა 259-ე მუხლით დასჯა. ის, რომ ეს მუხლი არ მუშაობს ჩვენი, საზოგადოების გულგრილობის ბრალია“.

თავის მხრივ, ფარ-ხმალს არც ძაღლების ჩხუბის ორგანიზატორები და მოყვარულები ყრიან. ბოლო წლებში მათ რამდენჯერმე ჰქონდათ უშედეგო კომუნიკაცია ცხოველთა დამცველებთან, რათა კონსენსუსის საფუძველზე, არალეგალური და უკანონო სანახაობა, “ახალი დებულებისა და წესების“ შემუშავების შემდეგ, ლეგალურ სპორტულ შეჯიბრად ქცეულიყო.

სასტიკი სანახაობის ორგანიზატორთა აზრით, ერთგული ძაღლის, მაგალითად, კავკასიური ნაგაზის ჩხუბი, აუცილებელია „ჯიშის გადარჩენისა და განვითარებისთვის“. ამ „არგუმენტს“, როგორც ვეტერინარებში, ისე საქართველოს პროფესიონალთა სპორტულ-სამოსამსახურეო კინოლოგიურ კავშირში – „აბსურდულს“ უწოდებენ.

საქართველოში ძაღლების შერკინების ისტორიული ტრადიცია ნამდვილად არსებობდა, საუკუნეების წინ უძველესი ქართული ჯიშის – თართის ერთამენთზე დაჯახება ხდებოდა, ოღონდ, დომინანტი ხვადის გამოსავლენად, შემდგომი შეჯვარების და გამრავლების მიზნით. არსებული სახით ძაღლების ჩხუბი კი საქართველოში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებიდან გავრცელდა და ის, არალეგალურად, თბილისში, დიღმის მასივში, „ცხოველების ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა.

«Sächsische Zeitung» (გერმანია), 19 იანვარი, 2017 წელი

https://www.sz-online.de/sachsen/zugriff-im-morgengrauen-3591855.html

ოპერაცია გამთენიისას

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ საერთაშორისო ბანდიის წევრები დააპატიმრა, რომელთა მიერ მოპარული ნივთები ჩინეთამდეც კი იყიდებოდა

სტატიაში გადმოცემულია გერმანიის პოლიციის მიერ საქსონიისა და საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებული ოპერაციის შესახებ, რომლის შედეგად სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დრეზდენსა და ლეიპციგში მრავალი ქურდობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს (ავტორები – ტობიას ვოლფი და ქრისტოფ შპრინგერი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ მასშტაბურ ოპერაციაში, რომელიც ცენტრალურ გერმანიაში ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ იყო მიმართული, 600-მდე გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა. ოპერაციის დროს ქურდთა ბანდის მრავალი წევრი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ქართველებიც არიან. ისინი დრეზდენისა და ლეიპციგის სადგურებზე მდებარე მაღაზიებს ქურდავდნენ და მოპარულ საქონელს ვიეტნამელ გადამყიდველებს აძლევდნენ. ქართველ დაკავებულებს 30 გრამი ჰეროინიც აღმოუჩინეს.

როგორც ცენტრალური გერმანიის ფედერალური პოლიციის გამომძიებელი მარკუს პფაუ ამბობს, ქართველი ეჭვმიტანილები ხშირად ოთხკაციან ჯგუფებად არიან გაერთიანებული, ძირითადად მამაკაცები, რომლებიც [რკინიგზის] ვაგზლებზე მდებარე მაღაზიებში ქურდობენ. მათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ და იციან, სად როდის რა უნდა გაქურდონ. არის ფაქტები, რომ მათი ნაძარცვი ჩინეთშიც იყიდება.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2016 წლის გაზაფხულზე გერმანიის პოლიციამ რვა ქართველი დააკავა, რომელთა სასამართლო პროცესი დრეზდენში მიმდინარეობს. პოლიციას მათ წინააღმდეგ მტკიცე სამხილები აქვს. ეჭვმიტანილთა კუთვნილი ოთხი ავტომანქანა და ამოღებული 10 ათასი ევრო კონფისკებულია.

მარკუს ფრაუს თქმით, ქართველები ლტოლვილის სტატუსით არიან რეგისტრირებული და თავშესაფრის მიღება სურთ. „თავშესაფრის უფლება პიროვნების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებსაც ნიშნავს, მაგრამ არა იმ დროს, როცა ამ უფლებას ლტოლვილი ბოროტად იყენებს და დანაშაულს სჩადის“, – ამბობს პოლიციის წარმომადგენელი.

Comments are closed