globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 23 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 23rd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«El Pais» (ესპანეთი): აშშ-სა და რუსეთის პულსი სამხრეთ კავკასიაში // მოსკოვი და ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ, ქართველებსა და აფხაზებს შორის კი კვლავ რჩება ის პრობლემები, რომლებმაც ორივე მხარე ომამდე მიიყვანა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ჯეიმს კირჩიკთან: „2008 წლის ომი უფრო აგრესიული რუსული რეჟიმის დასაწყისია“

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვაფრთხილებს: „მთავარი პასუხისმგებლობა ოლიგარქებს ეკისრებათ“

«Foreign Policy» (აშშ): ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს გარეშე დარჩა // როგორ გადაიქცა მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერიდან მოქალაქეობის არმქონე მოხეტიალე პირად

—————-

«El Pais» (ესპანეთი), 23 აგვისტო, 2017 წელი

https://elpais.com/internacional/2017/08/22/actualidad/1503399777_159153.html

აშშ-სა და რუსეთის პულსი სამხრეთ კავკასიაში

მოსკოვი და ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ, ქართველებსა და აფხაზებს შორის კი კვლავ რჩება ის პრობლემები, რომლებმაც ორივე მხარე ომამდე მიიყვანა

„ორთვალა ფორანი ერთადერთი ტრანსპორტია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ორ გეოსტრატეგიულ ზონას ერთმანეთთან აკავშირებს. ყოველთვის ხალხით სავსე ფორანი ტაატით მიდი-მოდის მდინარე ენგურის ხიდზე, რომლის ერთი ნაპირი საქართველოს – პროდასავლური და ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლდება, მეორე კი – აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიერ, რომელიც შავი ზღვის 220 კილომეტრიან ნაპირს აკონტროლებს. აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული – მას სემდეგ რაც 2008 წელს მოსკოვმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა“, – ასე იწყება ესპანურ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი – პილარ ბონეტი).

ვრცელ პუბლიკაციაში გადმოცემულია აფხაზეთის კონფლიქტის ისტორია, საომარი მოქმედებების შედეგი, კონფლიქტის მოგვარების მიზნით გამართული მოლაპარაკებები ეოგორც ცალკეული ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით და სხვა მომენტები.

სტატიაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი ბევრად განაპირობა ისტორიულმა წინამძღვრებმა – იოსებ სტალინის მიერ სსრ კავშირში გატარებულმა ეროვნულმა პოლიტიკამ.

„აფხაზეთი მოსახლეობა ამჟამად 250 ათასზე ნაკლებს წარმოადგენს. აფხაზები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ლტოლვილი ქართველების დაბრუნებას (მათი რაოდენობა 200 ათასზე მეტია), თუმცა გალის რაიონში – ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილზე-  რამდენიმე ათეული ათასი დევნილი მაინც დაბრუნდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ 2008 წლამდე, ანუ როცა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზებისა და ქართველების  ურთიერთობის ფორმებზე მუშაობდნენ“, – წერს ავტორი.

პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონზეც – ე.წ. სამხრეთ ოსეთზეც: „საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარუმატებელმა თავდასხმამ სამხრეთ ოსეთზე რეგიონში სრულიად ახალი გარემოება ჩამოაყალიბა, რაც ყოფილი ავტონომიებისათვის ახალი ეპოქის დაწყებას ნიშნავდა, რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. რუსეთმა საერთაშორისო დამკვირვებლები ორივე რეგიონის დატოვებაზე აიძულა, შემდეგ სოხუმთან და ცხინვალთან მრავალრიცხოვანი დოკუმენტები – სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმა. დღეისათვის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებში მუდმივად ათი ათასამდე ჯარისკაცი იმყოფება“.

სტატიის ავტორი ეხება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ამასწინანდელ ვიზიტსაც აფხაზეთში და მის შეხვედრას აფხაზ ლიდერთან – პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან. ასევე მოხსენიებულია საქართველოში აშშ-ისვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ყოფნაც, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველო აშშ-ის საკვანძო პარნიორია რეგიონში“ და რომ ვაშინგტონი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ნაწილის ოკუპირებას“.

მაიკ პენსის განცხადებამ ქართველი პოლიტიკოსები გამოაცოცხლა და იმედით განაწყო: ისინი ხომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ჟამს თავს ამერიკისაგან მიტოვებულად გრძნობდნენ, – აღნიშნავს ავტორი და იქვე ვლადიმირ პუტინის განცხადებასაც ციტირებს: „ჩვენ აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტი ვართ“.

ავტორი ყურადღებას უთმობს ვლ.პუტინის ვიზიტის დროს სოციალური დახმარების შესახებ შეთანხმების დადების ფაქტს, რაც აფხაზეთის მოსახლეობას რუსული სოციალური უზრუნველყოფის სიტემით სარგებლობის ნებას აძლევს. თბილისში აცხადებენ, რომ მოსკოვის ნაბიჯი იმის პასუხია, რასაც თბილისი აფხაზებს სთავაზობს – უფასო სამედიცინო მომსახურებას. ასეთი ახალი პოლიტიკის გატარება, რომელიც „შერიგებისთვის გაწვდილი ხელს“ გულისხმობს, საქართველომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგ დაიწყო. თბილისი იმედოვნებს, ყოფილი ავტონომიის მშვიდობიანი ინტეგრირება შესაძლებელია.

„საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტს ტურიზმის განვითარება წარმოადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან ივლისის ჩათვლით, ქვეყანას უკვე ოთხი მილიონი უცხოელი ეწვია. გარდა ამისა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციებით თბილისი შავი ზღვის პორტის ანაკლიის აშენებასაც გეგმავს. ამით საქართველოს სურს როგორც ჩინელი, ასევე აფხაზი ბიზნესმენების ყურადღების მიქცევა, თუმცა სოხუმი, როგორც ჩანს, არანაირ დაინტერესებას არ ამჟღავნებს ქართული გეგმების მიმართ. აფხაზეთის ეკონომიკის მინსტრმა ადღურ არძინბამ განაცხადა, „მხოლოდ შეშლილი თუ იფიქრებს აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებასო.

არადა, ენგურისა [და შავი ზღვის] აფხაზურ და ქართულ ნაპირებს შორის არსებული პეიზაჟის კონტრასტები მატულობს: ქართულ ნაპირზე თანამედროვე მინებიანი ცათამბჯენები და ხალხით სავსე პლაჟებს ვხედავთ, აფხაზური ნაპირზე კი ნანგრევები ჩანს, რომელიც ომს გვახსენებს“, – ნათქვამია სტატიის ბოლოს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 23 აგვისტო, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/james-kirchick-interview/3995793.html

ინტერვიუ ჯეიმს კირჩიკთან: „2008 წლის ომი უფრო აგრესიული რუსული რეჟიმის დასაწყისია

ანი ჩხიკვაძე

ჯეიმს კირჩიკი წიგნის “ევროპის დასასრული: დიქტატორები, დემაგოგები და ბმელი ეპოქა” ავტორი და ბრუკინგსის ინსტიტუტის მკლევარია. „ამერიკის ხმა“ მას საქართველო-რუსეთის ომის, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის და ევროპის მომავლის გარშემო ესაუბრება.

- პირველი შეკითხვა 2008 წლის ომს შეეხება. ომიდან ცხრა წელი გავიდა, რუსეთი კი კვლავ განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და .. საზღვრის გავლების პროცესს, სამხრეთ ოსეთის შემდეგ აფხაზეთშიც აგრძელებს. რა გაკვეთილები მივიღეთ ამ ომიდან?

- 2008 წლის ომის შემდეგ, ჩვენ შეგვეძლო გაგვეთვალა ის პრობლემები, რომლებიც უკანასკნელი 9 წლის მანძილზე რუსეთთან მიმართებაში შეიქმნა. პუტინის 2007 წლის მიუნხენის გამოსვლა ძალზედ ანტი-ამერიკულია, შემდეგ წელს ის იჭრება საქართველოში, რისთვისაც მოსკოვი არანაირ საფასურს არ იხდის, შემდეგ წელს ობამას ადმინისტრაცია ხელისუფლებაში მოდის და საქართველოში შეჭრიდან 6 თქვეში რუსეთთან “გადატვირთვის” პოლიტიკას იწყებს. რუსეთი უფრო აგრესიული ხდება, უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვასა და პროპაგანდის ინსტრუმენტებზე. შემდეგ უკრაინის მოვლენები და ომი და ბოლოს კი ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში ჩარევა. მე ვფიქრობ, ბევრმა ადამიანმა უკან უნდა გაიხედოს და გაანალიზოს, რომ საქართველოს მაგალითი გვაჩვენებს რუსეთის უფრო აგრესიული რეჟიმის დასაწყისს.

- ჩვენ ვიხილეთ ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აღმოსავლეთ ევროპაში და მათ შორის საქართველოში, სადაც მან დაადასტურა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება. ამასთანავე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს „მოძველებული” უწოდა, მოგვიანებით კი ეს შეხედულება შეცვალა. როგორ ფიქრობთ, ამერიკის ამ ადმინისტრაციის მიერ განახლდება ნატოს გაფართხოების იდეის ლობირება?

- არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება. ამ პრეზიდენტის პირობებში ამის სურვილი და ძალა არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა ადამიანებს ამ ადმინისტრაციაში პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. თქვენ იხილეთ მაიკლ პენსის განცხადება, მისი მესიჯი პრეზიდენტისგან განსხვავდება. ძალიან რთულია დღეს ვაშინგტონში თანმიმდევრული პოლიტიკის დანახვა.

(…)

მაგრამ, რა თქმა უნდა, იმედი უნდა გვქონდეს. დონალდ ტრამპი შეიძლება არც თუ ისე დიდი ხანი იყოს პრეზიდენტი. ვინ იცის… ანგელა მერკელი სავარაუდოდ მოიგებს არჩევნებს. ემანუელ მაკრონმა, მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში არსებული სირთულეებისა, შესაძლოა მიაღწიოს წარმატებას და გაატაროს ეკონომიკური რეფორმები. რუსეთის ქმედებები აფხიზლებს ევროპელებს და ბევრ ამერიკელსაც აფიქრებს იმაზე, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მოსკოვი. ამიტომ, იმედი უნდა შევინარჩუნოთ. არიან ადამაინები, რომლებიც გამოწვევებს წინ უღდგებიან.

- თქვენი წიგნის ეპიგრაპი, არის ფრაზა “ომი დასრულდა, მშვიდობის გეშინოდეთ”, ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრიდან“. ამ წიგნში დავა ბავშვის გაყოფის გარშემო ვითარდება. თუ გეოპოლიტიკური კუთხით სიმბოლურ პარალელს გავავლებთ, აღმოსავლეთ ევროპაც მსგავსად ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის, დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ან უფრო სწორად, დასავლეთსა და რუსეთს შორის დავის საგანია. ხშირად ამ რეგიონს განიხილავენ ძალთა ბალანსის, გავლენის სფეროების ჩარჩოში და არ აქცევენ ყურადღებას, იმ ადამიანების სურვილს, რომლებიც ამ ქვეყნებში ცხოვრობენ. მხედველობაში მაქვს უკრაინა და საქართველო. როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა ამ რეგიონის მიმართ?

- პოლიტიკა უნდა იყოს ისეთი როგორც ყოველთვის, ქვეყნებს აქვთ უფლება თავად მიიღონ გადაწყვეტილება, როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოების და თავდაცვის ალიანსებს და პოლიტიკურ ორგანიზაციებს. იქნება ეს ნატოში თუ ევროკავშირში შესვლა, ქვეყნებს აქვთ ამის უფლება და ეს არ არის მხოლოდ ამერიკის პოზიცია. რუსეთმა ხელი მოაწერა ბევრ ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვს ავალდებულებს პატივი სცეს ამ უფლებებს, იქნება ეს პარიზის ქარტია, ჰელსინკის შეთანხმება, თუ ბუდაპეშტის მომერანდუმი. ამ დოკუმენტებში, რუსეთი – ყოველ შემთხვევაში ფურცელზე – ამბობს, რომ ის პატივს სცემს ქვეყნების მიერ სუვერენული გადაწყვეტილების მიღების უფლებას. თუმცა პრაქტიკაში რუსეთი ასე არ იქცევა. ამერიკამ უნდა დაიცვას ეს პრინციპი რომელიც ფუნდამენტურია საერთაშორისო ურთიერთებში და რომელიც გულისხმობს, რომ ქვეყნებმა უნდა განსაზღვრონ საკუთარი საგარეო პოლიტიკა, თუ მათი საგარეო პოლიტიკა არავის უქმნის საფრთხეს.

მე არ მგონია გადაწყვეტილებები, რომელსაც ისეთი ქვეყნები იღებენ, როგორიცაა საქართველო, ბალტიისპირეთი ან თუნდაც რუმინეთი, საშიშროებას უქმნის რუსეთს. დასავლეთი რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, იქნება ეს ტერიტორიული თუ ეკონომიკური კუთხით. დასავლეთი არ ემუქრება რუსეთს. რუსეთს თუ უფრო ნაკლებად მტრული დამოკიდებულება ექნება დასავლეთთან, ეს უკეთესი იქნება მისთვის, როგორც ქვეყნისთვის.

- იმ სიტუაციაში როდესაც, ევროკავშირს შიდა გამოწვევები აქვს და მოსახლეობაში ბრიუსელის მიმართ უკმაყოფილება არსებობს, გაერთიანების გაფართოებას უახლოეს მომავალში, ალბათ, ვერ ვიხილავთ. რას ფიქრობთ, რა მომავალი აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობას და გაფართოების პოლიტიკას?

- რთულია ოპტიმისტურად იყო განწყობილი. მაშინ, როდესაც ევროკავშირი კარგ მდგომარეობაში იყო, ეკონომიკურად იზრდებოდა და მშვიდობიანი პერიოდი იდგა, მაშინაც კი გაფართოების საკითხი მიიჩნეოდა, როგორც შორეული პერსპექტივა. ახლა, როდესაც ბრიტანეთმა გაერთიანება დატოვა და ევროკავშირის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, არ არსებობს პოლიტიკური ნება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ინტეგრაციის კუთხით რეალური ნაბიჯების დანახვა რთულია. თუმცა ეს ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ბრალიცაა და ამაში პასუხისმგებლობა მხოლოდ ბრიუსელს არ ეკისრება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმრავლესობაში მოვლენები სამწუხარო მიმართულებით ვითარდება, რაც ბრიუსელისთვის რთულს ხდის ისინი ევროკავშირში მიიღოს, დემოკრატიის და ევროკავშირის საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინებით ანუ, არც თუ ისე ოპტიმისტური სურათი გვაქვს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.

- საქართველოს დავუბრუნდეთ. იქ ოპოზიცია ორად გაიყო. ბევრის აზრით, ეს მიხეილ სააკაშვილის როლის გამო მოხდა. ცოტა ხნის წინ მან უკრაინის მოქალაქეობა დაკარგა. როგორ ფიქრობთ რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკაში?

- მე ვფიქრობ, საქართველოს ისტორიაში მან ძალზედ მნიშვნელოვანი და დიდწილად პოზიტიური როლი ითამაშა, კორუფცია შემცირდა, ეკონომიკის მოდერნიზიცია მოხდა და ქვეყანა დასავლეთთან დაახლოვდა. მან თავის როლი ითამაშა და ახლა დროა სხვა რამე აკეთოს. ჩემთვის რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეუძლია მას პოზიტიური როლი ითამაშოს საქართველოს პოლიტიკაში. ის, რაც უკრაინაში მოხდა, პოლიტიკურად მოტივირებულია. ეს კარგი ნიშანი არაა უკრაინის დემოკრატიისთვის, როდესაც მთავრობა პოლიტიკური მიზნებისთვის არღვევს ერთი ადამიანის უფლებებს და ართმევს მას მოქალაქეობას.

«BBC News» (დიდი ბრიტანეთი), 23 აგვისტო, 2017 წელი

http://www.bbc.com/news/av/world-europe-40973373/oligarchs-are-in-charge-warns-former-georgia-president

http://www.bbc.co.uk/iplayer/episode/b0926ml5/hardtalk-mikheil-saakashvili-president-of-georgia-20042013

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გვაფრთხილებს: „მთავარი პასუხისმგებლობა ოლიგარქებს ეკისრებათ“

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ თავის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის საუბარი პროგრამა BBC Hardtalk-ის წამყვან სტივენ საკურთან, რომელიც 21 აგვისტოს გადაიცა ტელეეთერში.

პროგრამის წამყვანმა თავდაპირველად ექს-პრეზიდენტს ასეთი კითხვა დაუსვა: „არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული? თუ რატომ იმყოფება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პოლონეთის დედაქალაქში?“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი სახლი უკრაინაშია და იგი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს: „უკრაინა ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, იქ მე ბინა მაქვს. ასევე მაქვს სახლი საქართველოშიც. პოლონეთში კი იმიტომ ვიმყოფები, რომ პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს. გარდა ამისა, აქ იმიტომაც ვარ, რომ ახლოსაა უკრაინასთან და აქედან ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას, რაც მე 10 სექტემბრისთვის დავაანონსე“.

სტივენ საკურის კითხვაზე, როგორ შეძლებს ექს-გუბერნატორი უკრაინაში დაბრუნებას, თუ მას უკვე მოქალაქეობა არ გააჩნია, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობა მას უკანონოდ წაართვეს: „მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება. თუნდაც რომ მოქალაქეობის გარეშე პირი ვიყო, უკრაინის კონსტიტუციით ვსარგებლობ ყველა უფლებით. შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით ჩამომართვა. მე უკრაინაში დაბრუნებას ვაპირებ, რათა სასამართლოში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო“.

სტივენ საკურმა მიხეილ სააკაშვილს შეახსენა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში ამოქმედდება საქართველოს საექსტრადიციო მოთხოვნა და მას ოფიციალურ თბილისს გადასცემენ. მას ხომ ბრალს რიგი დანაშაულის ჩადენაში უყენებენ, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევაში: „ოფიციალური კიევის თქმით, თუ შეეცდებით ქვეყანაში დაბრუნებას, ისინი განიხილავენ საექსტრადიციო მოთხოვნას საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით. შუამავლობის გარეშე რატომ არ წახვალთ თბილისში და არ წარსდგებით სასამართლოს წინაშე?“. მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „რადგან მე ვარ მოქმედი და წარმატებული უკრაინელი პოლიტიკოსი, მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. როდესაც საუბრობთ ე.წ. ბრალდებებზე, მათ არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, ინტერპოლმაც უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე“.

საუბრის დროს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე თავის წარუმატებლობაში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაადანაშაულა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, „პეტრო დამპირდა, რეგიონის კორუფციისაგან გაწმენდაში დაგეხმარებიო, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა“. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა კრიტიკის ცეცხლში გაატარა აგრეთვე ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ოლიგარქებიც, რომლებიც, მისი აზრით, რეალურად მართავენ ქვეყნებს:

მიხეილ სააკაშვილი: „მათ ძალაუფლება ხელთ უპყრიათ. სიტუაცია ისეთი არაა, როგორც გვეჩვენება. საქართველოში  ყველაფერს ერთი ოლიგარქი აკონტროლებს, მოლდოვაშიც იგივე ხდება, უკრაინაში კი ქვეყნის მთავრობა და მთლიანი შიდა პროდუქტის 70% რამდენიმე ოლიგარქის ხელშია. დასავლელი პოლიტიკოსები მოლდოვასა და საქართველოში ჩასვლისას პრემიერ-მინისტრებს ესალმებიან, უკრაინაში – მინისტრებს, მაგრამ ეს პრემიერები და მათი მინისტრები ისეთებია არ არიან, როგორებიც უნდა იყვნენ, ისინი თავიანთ ქვეყნებს არ მართავენ. იქ მხოლოდ ოლიგარქები არიან ბატონ-პატრონები. საკმარისია თავის მოტყუება. ოლიგარქები ჩემი მტრები არიან: ამას მთელი სერიოზულობით ვაცხადებ…

სტივენ საკური: მოიცათ… რამდენიმე კითხვის დასმა მინდა, თორემ სხვაგვარად საუბარი არ გამოგვივა. დავუშვათ, თქვენ მართლაც ბევრი მტერი გყავთ უკრაინაში…

მიხეილ სააკაშვილი: რა თქმა უნდა.

სტივენ საკური: თქვენ მათ ოლიგარქ-კლეპტოკრატებს უწოდებთ. ამასთან, პრობლემა იმაშია, რომ თქვენ უკრაინელებს, ოდესელებს კორუფციის აღმოფხვრასა და ამ რეგიონის გაწმენდას დაპირდით, თუმცა ამ ამოცანას თავი ვერ გაართვით, დაპირების შესრულება ვერ მოახერხეთ. აშკარად ჩანს, რომ სანამ თქვენ გუბერნატორის პოსტი გეკავათ, კორუფცია ისევ ყვაოდა. კიდევ ერთი მომენტი: ბევრი უკრაინელი თვლის, რომ  თქვენ მთავარ ყურადღებას გუბერნატორის მოვალეობების შესრულებას კი არ უთმობდით, არამედ ძალიან გაერთეთ პოლიტიკური თამაშებით კიევში. კერძოდ, მაღალი პოსტი გინდოდათ – უკრაინის პრემიერ-მინისტრობა. აი, მე ახლა მაშინდელი პრემიერის არსენ იაცენიუკის გამონათქვამის ციტირებას მოვახდენ. თქვენთან ერთ-ერთი სკანდალურ-ემოციური შეხვედრის შემდეგ მან ასე განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, გასტროლებზე მყოფი შოუმენი და მკვეხარა ტიპია. ჩვენთან იგი რეფორმების ხელის შესაწყობად მოვიწვიეთ და არა იმისთვის, რომ პოლიტიკაში შემომძვრალიყო. ესაა მისი შეცდომა“…

მიხეილ სააკაშვილი: მისმინეთ… პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სამჯერ მთავაზობდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტს, მაგრამ მე უარი ვთქვი. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. უარი ვთქვი იმიტომ, რომ ვიფიქრე – ასეთ პირობებში ხელისუფლებას ჩემი მეშვეობით მხოლოდ ფასადის გაკეთება სურს (მე ხომ უკრაინაში ძალიან პოპულარული ვიყავი). რეფორმები აუცილებელია, მაგრამ პარლამენტის უმრავლესობას რეფორმების გატარება არ უნდოდა. თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ თავდაპირველად მე პეტრო პოროშენკოს მხარეზე ვიყავი. ამისთვის არ ვნანობ, რადგან ჩვენ „მაიდნის“ შემდეგ მართლაც კარგად დავიწყეთ – მივიღეთ ანტიკორუფციული კანონი, შევქმენით კორუფციასთან ბრძოლის მიზნით სახელმწიფო სტრუქტურა, რომელშიც, სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, მეც მიმიძღვის წვლილი. უკრაინის მთავრობაში ახალი კადრები მოვიდნენ. მეც, შეთანხმების თანახმად, ოდესაში წავედი, რადგან პეტრო პოროშენკო დახმარებას დამპირდა, მაგრამ თავისი სიტყვა არ შეასრულა.

«Foreign Policy» (აშშ), 23 აგვისტო, 2017 წელი

http://foreignpolicy.com/2017/08/22/the-man-without-a-state-misha-saakashvili-georgia-ukraine/

ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს გარეშე დარჩა

როგორ გადაიქცა მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერიდან მოქალაქეობის არმქონე მოხეტიალე პირად

ვრცელ სტატიაში გაანალიზებულია ექს-პრეზიდენტს და ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა საქართველოსა და უკრაინაში. მასში არის მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობა: როგორ მივიდა მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ მდგომარეობამდე – საქართველოს პრეზიდენტობიდან მოქალაქეობის არმქონე პიროვნებამდე (ავტორი – ემილი ტამკინი).

გთავაზობთ შემოკლებით.

მიხეილ სააკაშვილის დამსახურებას აღიარებენ: მან განახორციელა საქართველოს მოდენიზება და ვესტერნიზაცია, ქვეყანა გარდაქმნა, კორუფცია აღმოფხვრა. მაგრამ დღეს იგი იმ ლიდერების სიმბოლოსაც წარმოადგენს, რომლებმაც ური თქვეს ლიბერალურ პრინციპებზე ავტორიტარიზმის სასარგებლოდ. „ის, თუ როგორ მოხვდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასეთ სიტუაციაში, სავსებით ლოგიკურია – თუ მის ინდივიდუალობას და ცხოვრების წესს გავითვალისწინებთ“, – ამბობს მარკ ბერენდტი, „ფრიდომ ჰაუსის“ პროგრამების დირექტორი, Foreign Policy-ის კორესპონდენტთან საუბრის დროს, – „მას შეეძლო ევრაზიელი ვაცლავ ჰაველი ყოფილიყო, ლიბერალური პრინციპების ერთგული თუ იქნებოდა… მას ხალხის ნდობის უდიდესი მანდატი ჰქონდა. მაგრამ მან ეს მანდატი იმისთვის გამოიყენა, რომ რაც უნდოდა, იმას აკეთებდა“.

ბევრი იმედოვნებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის მოდერნიზებას მოახდენდა“, – წერს თედო ჯაფარიძე, ექს-პრეზიდენტის ყოფილი თანამოაზრე, Foreign Policy-ისათვის გამოგზავნილ ელექტრონულ წერილში, – მაგრამ იგი, პრეზიდენტობის პირველი ვადის დასასრულს, აშკარად შეეცადა საქართველო პირად სამფლობელოდ გადაექცია“.

თედო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო („ვარდების რევოლუციის“ შემდეგ), მაგრამ დღეს იგი საკუთარ თავს ექს-პრეზიდენტის თანამოაზრეებთან აღარ აიგივებს. თედო ჯაფარიძე ამჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მრჩეველია საერთაშორისო საკითხებში. იგი თავის წერილში აღნიშნავს, რომ მისი კომენტარები პირადულია. თედო ჯაფარიძეს კარგად ახსოვს ის დღე, როცა მან და მისმა მეუღლემ მობილური ტელეფონით სარგებლობა შეწყვიტეს, საუბრების მოსმენის გამო. ყოფილმა მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილს საბოლოო ჯამში, ავტორიტარულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველოს, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, მსოფლიოში ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა პატიმრების რაოდენობის მხრივ.

პუბლიკაციის ავტორი საუბრობს ამერიკელ მკვლევარებთან ლინკოლნ მიტჩელთან, მაიკლ ჩეჩირესთან, უკრაინელ უფლებადამცველ მაქსიმ ერისთავთან და სხვებთან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის შესახებ საკუთარ არგუმენტირებულ თვალსაზრისს გამოთქვამენ.

„ზუსტად არავინ იცის რა მოხდება 10 სექტემბრის შემდეგ, როცა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი პოლონეთიდან უკრაინაში შესვლას დააპირებს. უკრაინელმა მესაზღვრეებმა უკვე განაცხადეს, რომ მას ქვეყანაში არ შეუშვებენ. არსებობს თუ არა ალტერნატივა პოლიტიკური ცხოვრების დასრულებისთვის? იქნებ უმჯობესია იჯდეს ბრუკლინში ან ვარშავაში? ან იქნებ რომელიმე უნივერსიტეტში და კვლევით ცენტრში იმუშაოს? მაგრამ მიხეილ სააკაშვილი თავის ტავს ასეთ ამპლუაში ვერ ხედავს: „უკრაინელები არ მაპატიებენ იმას, რომ მე ისინი ასე იოლად მივატოვე. ამ მხრივ მე სხვებს არ დავემსგავსები. მთელი ცხოვრება ვცდილობ, რომ მე სხვებივით არ ვიყო“, – ციტირებს ავტორი მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს.

Comments are closed