globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 თებერვალი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Feb 1st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციის გამოხმაურებები

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: იმედგაცრუება ჰააგის სასამართლოსაგან; არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები; დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ისევ გრძელდება?

«Радио Голос Столицы» (უკრაინა): ინტერვიუ უკრაინელ ექსპერტთან: „აბრეშუმის ახალი გზით“ („ტრასეკას“ მარშრუტით) ტვირთების გადაზიდვა ორჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთის გავლით“

«КоммерсантЪ» (რუსეთი): აჰმედ ჩატაევი – ევროპის ცალხელა საფრთხე // რუსულმა სპეცსამსახურებმა გაარკვიეს, თუ ვინ ამზადებს ტერაქტებს ევროპის ქვეყნებში

———————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 31 იანვარი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/council-of-europe/3168460.html

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციის გამოხმაურებები

ნინო დალაქიშვილი

ერთი თვალის შევლებითაც ნათელია, რომ ყოფილი მმართველი გუნდი, ახლა კი ოპოზიციაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ამჟამინდელ ხელისუფლებას დასავლელ კოლეგებთან მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ამყოფებს იმის გამო, რომ არ ერიდება თამამად გამოთქვას კრიტიკული მოსაზრებები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ და უფრო მეტიც, მოითხოვოს ამ შემთხვევებიდან გამომდინარე დასავლეთი იყოს მკაცრი შემფასებელი ამჟამინდელი ხელისუფლების. უკანასკნელ ინციდენტს ადგილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მოითხოვა ჩანაწერში ასახულიყო უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში არსებული ინციდენტები, რაც უფლებების შელახვას ეხება. ევროპის საბჭომ გაითვალისწინა ნაციონალური მოძრაობის მოსაზრება და კენჭი უყარა ვარიანტს, რომელშიც რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად საქართველოცაა გაკრიტიკებული უფლებადარღვევების გამო.

ქართული ოცნების წარმომადგენელი ეკა ბესელია, რომელიც სტრასბურგში იმყოფებოდა და ასამბლეას ესწრებოდა, ამბობს: „საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ პოზიტიური ჩანაწერია მთელ დოკუმენტში, რომ საქართველოში შეიცვალა ვითარება 2012 წლის შემდგომ. მე ვფიქრობ, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრება ჩიორა თაქთაქიშვილის და მისი გუნდის მიერ, როდესაც მიუხედავად ამ პოზიტიური შეფასებებისა, მიუხედავად საქართველოსთან მიმართ ძალიან კარგი ანგარიშისა, რაც იყო ჩანაწერში, მან მოითხოვა დამატება, რომ საქართველოც პერსონალურად ყოფილიყო დამატებული სხვა ქვეყნებს შორის. საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გაუჩნდა ამ რეზოლუციას და საკმაოდ ბევრმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი ამ შესწორებას, რომელიც ბოლოს მოითხოვა ნაციონალურმა მოძრაობამ.“

თავად კრიტიკული ტექსტის ავტორი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ თავდასხმები, რასაც ადგილი აქვს ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების მიმართ, უნდა აილაგმოს. „საქართველოში უარესდება მდგომარეობა დემოკრატიული თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გახდნენ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახის თავდასხმის მსხვერპლი. ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია, როგორც დავალება, რომ შეცვალოს დღეს არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ,“- ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ამერიკის ხმა ნაციონალური მოძრაობის წევრს გოკა გაბაშვილს ესაუბრა და სთხოვა მოსაზრების დაფიქსირება იმის თაობაზე, თუ რამდენად ზიანდება საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები მაშინ, როდესაც ოპოზიცია მას ისეთ ინსტიტუციაში აკრიტიკებს, როგორიც ევროპის საბჭოა. „საბჭოთა კავშირში ადგილი ჰქონდა ხელმძღვანელობის, ხელისუფლების  მიდგომას, რომლის თანახმად, საბჭოთა კავშირის კრიტიკა იმ პრობლემებზე, რაც არსებობდა ტოტალიტარულ ქვეყანაში: კრიტიკა დემოკრატიაზე, კრიტიკა ადამიანის უფლებებზე და სხვა, იყო საკუთარი ქვეყნისთვის ჩირქის მოცხების ტოლფასი. ხელისუფლების კრიტიკა არაა ქვეყნის კრიტიკა. ხელისუფლებას აკრიტიკებენ დასავლეთში ჩვენი მეგობრები და აკრიტიკებენ ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა  იყოს უკეთესი. არც არასამთავრობო ორგანიზაციები, არც პოლიტიკური ოპოზიცია, არც მედია, რომელიც საუბრობს პრობლმებებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, ერჩის არა ქვეყანას, არამედ უნდა, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და შესაბამისად, განიხილავს ამ პრობლემებს საერთაშორისო დონეზე“,- აცხადებს გოკა გაბაშვილი.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროპარლამენტი ამზადებდა რეზოლუციას საქართველოს შესახებ, ჩვენთან საუბრისას მმართველი გუნდის წარმომადგენელმა რესპუბლიკური პარტიიდან ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: „ევროპის სახალხო პარტია, ნამდვილად ყველაფერს ითვალისწინებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა უზიარებს. EPP ხშირ შემთხვევაში ნამდვილად არ არის გულწრფელი და არ არის ობიექტური“.

ევროსაბჭომ საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული რეზოლუცია 38 ხმით 28-ის წინააღმდეგ მიიღო.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 30 იანვარი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160130-vlasti-gruzii-i-gaagskii-sud-razoshlis-v-otsenke-voiny-2008-goda

საქართველოს ამბების მიმოხილვა:

იმედგაცრუება ჰააგის სასამართლოსაგან; არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები და გრძელდება თუ არა დაპირისპირება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის

„რადიო ფრანსე ინტერნასიონელემ“ 30 იანვარს, რუბრიკით „საქართველოს ამბების მიმოხილვა“, ეთერში გადასცა თავისი თბილისელი კორესპონდენტის გიორგი ლებანიძის მიერ მომზადებული ტრადიციული ყოველკვირეული რადიომიმოხილვა, რომელშიც ყურადღება სამ საკითხს ეთმობა: პირველი – ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (სსსს) გადაწყვეტილებას; მეორე – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (ესსა) მომხდარ კონფლიქტს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობის შესახებ და მესამე – პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთდამოკიდებულებას.

2008 წლის „ხუთდღიანი ომი“:

თბილისისა და ჰააგის სასამართლოს ტერმინული უთანხმოება

პირველი როგორც კი ცნობილი გახდა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნება დართო პროკურორ ფატუ ბენსუდას დაიწყოს გამოძიება სამხრეთ ოსეთში 2008 წელს მომხდარი კონფლიქტის დროს სამხედრო დანაშაულობების შესაძლო ჩადენის თაობაზე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ყველა ქართული ტელეარხის მეშვეობით განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლო „ხუთდღიან კონფლიქტს“ საქართველო-რუსეთს შორის მომხდარ ომად განიხილავს. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე წუთსაც არ გაუვლია, რომ ამჯერად უკვე თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ იგი იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან მასში პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, თანც ამ ორივე მხარეში საქართველო და რუსეთის კი არ იგულისხმება, არამედ საქართველო და სამხრეთ ოსეთი“. სხვათა შორის, თინათინ ხიდაშელი რადიკალური პროდასავლური კურსის მქონე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია.

როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს მმართველ კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ერთ-ერთმა წყარომ ანონიმურად შეატყობინა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლოს განცხადების ზოგიერთი პასაჟი მართლაც იმედგაცრუებას იწვევს, რადგანაც თბილისს სწორედ რუსეთის და რუსი გენერლების მოქმედების დაგმობა სურდა.  აშკარაა, რომ ჰააგის სასამართლო პოზიციის ჩამოყალიბება უმთავრესად იმან განაპირობა, რომ საქართველოსაგან განსხვავებით, რუსეთს სსსს-ის დაარსების თაობაზე რომის სტატუტის (ხელშეკრულების) რატიფიცირება არ მოუხდენია აქედან გამომდინარე, მოსკოვი ვალდებული არაა სასამართლოსთან ითანამშრომლოს. შესაბამისად, ჰააგის სასამართლო თავის პრესტიჟსა და რეპუტაციას უფრთხილდება და არარეალური მიზნების განხორციელებას თავის თავზე ვერ აიღებს. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ამგვარი პრაგმატიზმი და „პოლიტკორექტულობა“ ქართველ პოლიტიკოსებს არ აწყობთ?

სსსს-ის გადაწყვეტილებას კიდევ ერთი ასპექტი აქვს: გამოძიების მთავარი ფიგურანტი შეიძლება ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდეს, რომელსაც ამ რამდენიმე კვირის წინათ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, მაგრამ ჯერ კიდევ ითვლება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელად. საერთოდ კი, უკრაინის ოდესის ოლქის ამჟამინდელ გუბერნატორს სასამართლოს დევნის შიში არ უნდა ჰქონდეს, რადგან, საქართველოსაგან განსხვავებით, ჰააგის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რუსეთის მსგავსად, უკრაინასაც არ მოუხდენია და ამრიგად, სულაც არაა ვალდებული თავისი მოქალაქეები ჰააგაში გაგზავნოს სავარაუდო სასჯელის დასაკისრებლად.

არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები?

საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი თემა გახდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (ესსა) ახლადარჩეულ პრეზიდენტ პედრო აგრამუნტსა და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს თედო ჯაფარიძეს შორის მომხდარი კონფლიქტი, რომელიც დამკვირვებლებმა „პირველ ღიად მომხდარ ისტორიულ კონფლიქტად“ შეაფასეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ პედრო აგრამუნტმა თავის საინაგურაციო სიტყვაში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც საპყრობილეში სასჯელს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით იხდის, „პოლიტპატიმრად“ მოიხსენია. ამის გამო პედრო აგრამუნტი მწვავედ გააკრიტიკა თედო ჯაფარიძემ, ესსა-ს სესიაზე ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომელმაც განაცხადა, რომ „აქ ვიღაც-ვიღაცეებს საქართველო ხელწამოსარტყავ ბიჭად მიჩნიათ და ნუ დაავიწყდებათ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო”. თედო ჯაფარიძემ სიტყვებით – „პირად სიმპათიებზე თუ ანტიპათიებზე მაღლა უნდა დავდგეთო“ – აშკარად იმაზე მიანიშნა, რომ პედრო აგრამუნტი ევროპის სახალხო პარტიის ერთ-ერთი ისეთი წარმომადგენელია, რომელიც ახლოს დგას „ერთიან ნაცმოძრაობასთან“ და მის ლიდერებს იცავს.

საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს, რომ ქვეყანაში თითქოსდა ოპოზიციონერების დევნა მიმდინარეობს. მთავრობის ვერსიის თანახმად, გიგი უგულავა სასჯელს მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო იხდის („რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი ესაუბრება ცნობილ უფლებადამცველს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს, რომლის თქმით, გიგი უგულავა არანაირი პოლიტპატიმარი არ არის, მას თავისუფლების აღკვეთა კონკრეტული დანაშაულის ჩადენის გამო აქვს მისჯილი, თუმცა იგი არ დაეთანხმა თედო ჯაფარიძის მინიშნებას, რომ პედრო აგრამუნტის განცხადებაში პარტიული მიკერძოება ჩანს).

პრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირება ისევ გრძელდება?

გასულ კვირას გარდაბნის რაიონში ჩატარებულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ამან საშუალება მისცა მმართველ კოალიციას განეცხადებინა, რომ მას ოპოზიციასთან შედარებიდ, ბევრად მეტი რესურსი აქვს, მაგრამ ბევრ კითხვა უჩნდება: განა „ქართულ ოცნებას“ რესურსი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებამდე ეყოფა? არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე თვეში სიტუაცია შეიცვალოს. სხვათა შორის, ამას პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ერთმანეთთან დამოკიდებულების ცვალებადობაც ადასტურებს: ყველა ფიქრობდა, რომ რადგან ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისი წინამორბედის – ირაკლი ღარიბაშვილის ტრადიცია დაარღვია და განაცხადა, რომ პრეზიდენტთან არსებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა, ამით ადრე არსებული დაპირისპირება მოგვარდებოდა, მაგრამ მართლაც ასეა საქმე? ეჭვი იმაზე, რომ საკითხი მთლად მოგვარებული არ არის, კიდევ რჩება:

ამ დრეებში ცნობილი გახდა, რომ ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენის დროს პრემიერი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ლოჟაში პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი იჯდა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კი ადგილი მცირე ლოჟაში მიუჩინეს. კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპერის თეატრის განახლებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი, მისი მეცენატობა დაფასდა და ეს გასაკვირი არ უნდა იყოსო“.

რა თქმა უნდა, არავისთვის დამალული არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ამრეზით უყურებს და აქედან გამომდინარე, პრტეზიდენტის ლოჟაში მასთან ერთად არ დაჯდებოდა. ასეთი ერთი შეხედვით „წვრილმანი დეტალები“ მმართველ წრეებში არსებულ დაძაბულობას ადასტურებს და მოვლენების მშვიდ განვიტარებას არანაირად არ მოასწავებს, მით უმეტეს იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

«Радио Голос Столицы» (უკრაინა), 31 იანვარი, 2016 წელი

http://newsradio.com.ua/rus/2016_01_29/Perevozka-gruzov-po-SHelkovomu-puti-vdvoe-dorozhe-chem-cherez-RF-Kava-5157/

ინტერვიუ უკრაინელ ექსპერტთან: „აბრეშუმის ახალი გზით“ („ტრასეკას“ მარშრუტით) ტვირთების გადაზიდვა ორჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთის გავლით“

რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ, რომლებიც უკრაინიდან ყაზახეთისა და ჩინეთისაკენ ტვირთების გადაზიდვის აკრძალვას ითვალისწინებს, ორი კვირაზე მეტი ხნის წინათ, 15 იანვარს, ილიჩევსკის ნავსადგურიდან ევრაზიული „აბრეშუმის ახალი გზის“ (ანუ როგორც მას ხშირად უწოდებენ – „აბრეშუმის ქარის“) მარშრუტით ჩინეთისაკენ სატესტო (საცდელი) საკონტეინერო მატარებელი გაიგზავნა. შეგახსენებთ, რომ „აბრეშუმის გზის“ მარშრუტი მოიცავს უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთის ტერიტორიებს („ტრასეკა“) და ჩინეთში მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაზე მატარებელმა ბორანით ბულგარეთის ნავსადგურ ვარნაში „შეიარა“ (ტვირთების მისაღებად) და ამიტომ ორი დღით დააგვიანა საქართველოს მიმართულებით გასვლა, უკრაინის სახელისუფლებო სპეციალისტები მაინც მიიჩნევენ, ახალი მარშრუტი მომგებიანი იქნება. თებერვლისათვის ისისნი ფიქრტობენ, რომ მარშრუტის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებენ. ჯერ-ჯერობით ამ დროისთვის უცნობია, გადაკვეთა თუ არა მატარებელმა ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარი.

რამდენად მომგებიანია „აბრეშუმის ახალი გზა“ უკრაინისათვის და იქნება თუ არა ეს მარშრუტი რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი გზის კონკურენტი? ეს კითხვა დაუსვა უკრაინის რადიოსადგურ „გოლოს სტოლიცის“ („დედაქალაქის ხმის“) ჟურნალისტმა ექსპერტ ალექსანდრე კავას, რომელმაც რადიოსტუდიაში საუბრის დროს განაცხადა:

„კარგი იქნება, თუ მატარებელი საბოლოო ჯამში დანიშნულების პუნქტში ჩავა. ამ ექსპერიმენტმა წინასწარ უკვე აჩვენა, რომ „აბრეშუმის ახალი გზის“ მარშრუტით ზოგადად ტვირთების გადაზიდვა შესაძლებელია. ამასთან, ჯერ-ჯერობით შეუთანხმებელია ფასები, რადგანაც თუ გადაზიდვის ტარიფები მაღალი იქნება, მაშინ ეს მარშრუტი აუცილებლად წააგებს რუსეთის ტერიტორიის გავლით მიმდინარე გადაზიდვებთან.

შეკითხვაზე, რამდენად სწორია „უკრაინის რკინიგზების“ განმარტება, რომლის თანახმად, მატარებელი საქართველომდე ორი დღით იმიტომ შეყოვნდა, რომ ზღვაზე შტორმი იყო ამოვარდნილი და ამიტომ ბორანმა თავი ბულგარეთის ნავსადგურს შეაფარაო, ალექსანდრე კავა ასე პასუხობს: „რაც შეეხება შავ ზღვაზე ამოვარდნილ შტორმს და ორი დღით ვარნის ნავსადგურში ყოფნას, ეს მხოლოდ ჩინოვნიკების თავის მართლებაა და მეტი არაფერი. ისინი მალავენ იმის მიზეზს, თუ რატომ არ გავიდა მატარებელი პირდაპირ საქართველოსაკენ და რატომ მოუწია ბულგარეთის ნავსადგურში შესვლა. საქმე იმაშია, რომ უკრაინის ტვირთები საკმარისი არ არის და საჭირო გახდა დამატებითი ტვირთების მიღება: რადგან ახალი მარშრუტი უფრო ძვირია, ვიდრე რუსული, ამიტომ ტვირთგამგზავნი კომპანიები არ დაინტერესებულან.

- რამდენად დიდია განსხვავება „აბრეშუმის გზის“ „ტრასეკას“ მარშრუტსა და რუსულ მარშრუტს შორის?

- თუ ჩვენ შევადარებთ მარშრუტს დოსტიკის სარკინიგზო სადგურიდან, რომელიც ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე მდებარეობს, უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე სასაზღვრო სადგურ ჩოპამდე, მაშინ ერთი 40-ფუტიანი კონტეინერის გადატანა რუსეთის ტერიტორიის გავლით 3900 დოლარი დაჯდება, „ტრასეკას“ ტრანსკასპიური მარშრუტით კი 7950 დოლარი, ანუ ორჯერ მეტი. ტვირთგამგზავნი კომპანიების წარმომადგენლები რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები არიან და, ცხადია, ისინი სატრანსპორტო დანახარჯების მინიმიზებას ცდილობენ. მათ ზალიან კარგად იციან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე გამავალი სახმელეთო მარშრუტი უფრო სწრაფია და ნაკლებად სარისკოა.

- გამოდის, რომ უკრაინული პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები იძულებულნი იქნებიან „ტრასეკას“ მარშრუტით მხოლოდ იმიტომ ისარგებლონ, რომ რუსეთმა თავისი ტერიტორიით უკრაინული ტვირთების გადაზიდავა აკრძალა?

- არსებობს მარშრუტი ბელორუსიის გავლით, ანუ უკრაინიდან კონტეინერმზიდი მატარებლები ჯერ ჩრდილოეთით წავლენ, შევლენ ბელორუსიის ტერიტორიაზე, შემდეგ კი ბელორუსიიდან რუსეთში და ყახაზეთ-ჩინეთისაკენ. რასაკვირველია, ეს მარშრუტი უფრო გრძელია, ვიდრე ტრადიციული, რომელიც აკრძალვამდე მოქმედებდა [მატარებლები პირდაპირ კვეთდნენ უკრაინა-რუსეთის საზღვარს, ყოველგვარი მიხვევ-მოხვევის გარეშე], მაგრამ თუ ხარჯებს გავიანგარიშებთ, ეს ხარჯები მინსკის, სმოლენსკის, მოსკოვისა და ყახაზეთის გავლით მაინც ბევრად იაფია – დაახლოებით 4600-5000  დოლარი კონტეინერზე, ვიდრე ტრანსკასპიური „ტრასეკას“დერეფნით , რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, 7950 დოლარი ჯდება.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 01 თებერვალი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2905215

აჰმედ ჩატაევი – ევროპის ცალხელა საფრთხე

რუსულმა სპეცსამსახურებმა გაარკვიეს, თუ ვინ ამზადებს ტერაქტებს ევროპის ქვეყნებში

მუსა მურადოვი

(შემოკლებით)

რუსეთის სპეცსამსახურებმა დაასახელეს იმ მთავარი პიროვნების ვინაობა, რომელიც რუსეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან „ისლამური სახელმწიფოში“ ტერორისტებს აგზავნის. ის გახლავთ ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი, მეტსახელად „ცალხელა“, რომელიც 12 წლის წინათ რუს სამართლადამცველებს საზღვარგარეთ დაემალა: ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი მიიღო, შემდეგ თურქეთში გადავიდა და ჩრდილოკავკასიაში მოქმედი შეიარაღებული იატაკქვეშეთის ლიდერის დოკუ უმაროვის წარმომადგენელი გახდა. ამჟამად, რუსეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, „ცალხელა“ აჰმედ ჩატაევი ტერაქტების მოსაწყობად ტერორისტებს ამზადებს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე.

„ცალხელა“ აჰმედ ჩატაევი რუსეთის სპეცსამსახურებისათვის „ისლამური სახელმწიფოს“ გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე გახდა ცნობილი: იგი ჩეჩნეთის მეორე კამპანიის დროს იქნა დაპატიმრებული და დღემდე გაურკვეველი გარემოებების წყალობით, საპყრობილედან ვადაზე ადრე გატავისუფლდა და 2003 წელს ავსტრიაში გადაბარგდა. ლტოლვილის მიღება მისთვის იოლი იყო: აჰმაედ ჩატაევმა ავსტრიელები დაარწმუნა, რომ პატიმრობის პერიოდში მას სასტიკად აწამებდნენ და ხელი მოჰკვეთეს (არადა, სხვა მონაცემების მიხედვით, ხელი მან ბრძოლის დროს მიღებული ჭრილობის გამო დაკარგა).

მას შემდეგ აჰმედ ჩატაევი არაერთხელ მოხვედრილა კრიმინალურ ისტორიებში და იარაღის უკანონო ტარებისთვისაც კი იყო გასამართლებული. 2008 წლის მარტში იგი შვედეთის ქალაქ ტრელებორგში დააკავეს – მის ავტომანქანაში კალაშნიკოვის ავტომატები, ტყვიის მასრები და ასაფეთქებელი მოწოყობილობები იპოვეს. აჰმედ ჩატაევი ამტკიცებდა, რომ მას მთელი ეს არსენალი სპეციალურად ჩაუდეს, დაპატიმრების მიზნით. ასეა თუ ისე, მან შვედურ საპყრობილეში მხოლოდ ერთ წელზე ცოტა მეტი გაატარა, გათავისუფლების შემდეგ კი უკრაინაში ჩავიდა. იქ უკვე უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს, რუსი კოლეგების თხოვნით, მაგრამ ექსტრადირებამდე საქმე არ მისულა: ადგილობრივმა უფლებადამცველელმა ორგანიზაციებმა აჰმედ ჩატაევის დაცვის მიზნით კამპანია გააჩაღეს და განაცხადეს, რომ „ცალხელას“ ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა მიღებული და რადგანაც იგი ავსტრიის სახელმწიფოს დაცვით სარგებლობდა, რუსეთისათვის მისი გადაცემა არ გამოვიდოდა.

ერთი წლის შემდეგ აჰმედ ჩატაევი უკვე საქართველოში გამოჩნდა. იგი ლოპოტას ხეობაში დააკავეს, სადაც ბოევიკების რაზმთან შეტაკების შემდეგ ქართული სპეცსამსახურები ძებნით ოპერაციას ატარებდნენ. იმ შეტაკების დროს 11 ბანდიტი განადგურდა, მაგრამ დაიღუპა სამი ქართველი სპეცრაზმელიც. დაიჭრა აჰმედ ჩატაევიც, რის შემდეგაც იგი დააკავეს. როგორც აჰმედ ჩათაევმა თქვა, მას ბოევიკთა რაზმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. „მე საქართველოს შინაგან საქმეთა ანტიტერორისტული ცენტრიდან დამირეკეს და მთხოვეს, რომ დავხმარებოდი და მოლაპარაკება გამემართნა ლოპოტის ხეობაში აღმოჩენილ ბოევიკებთან, დანებების მიზნით. მოლაპარაკების დროს სროლა ატყდა და ამ დროს ფეხში დავიჭერი“, – განაცხადა აჰმედ ჩატაევმა. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი უდანაშაულოდ აღიარა და რამდენიმე თვის შემდეგ პატიმრობიდან გათავისუფლდა.

რუსეთის სპეცსამსახურებში დარწმუნებულნი არიან, რომ აჰმედ ჩათაევი „ისლამური სახელმწიფოს“ იერარქიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მისი ხელმძღვანელობით „ბოევიკებს“ რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერორისტული აქტების ჩასადენად ამზადებენ, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროპული ენები იცის. გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთი წყარო ამბობს, საქართველოდან სირიაში ჩასვლის შემდეგ, „ისლამურ სახელმწიფოში“ იგი მთლიანი რუსული სექტორის კურატორად ითვლება.

Comments are closed