globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 1st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Свободная Пресса» (რუსეთი): რუსეთი-საქართველო: „დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან“?! // თბილისში იმედი აქვთ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება

«КоммерсантЪ» (რუსეთი): რუსეთი აფხაზეთს დენს საქართველოს მეშვეობით მისცემს // ელექტროენერგიის მიწოდება წრიული სქემით მოხდება

«Голос Армении» (სომხეთი): მეზობლების გადაჭარბებული შეფასება სომხეთის ბლოკადის ფონზე // „ჩვენ არ გვაქვს ნავთობ-გაზი, როგორც აზერბაიჯანს. არ გვაქვს ზღვა, როგორც საქართველოს… მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ორივეს ვუსწრებთ“

—————–

«Свободная Пресса» (რუსეთი), 31 იანვარი, 2017 წელი

https://svpressa.ru/politic/article/165354/

რუსეთი-საქართველო: „დავიწყოთ სუფთა ფურცლიდან“?!

თბილისში იმედი აქვთ, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმი გაუქმდება

„მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლა ქვეყნებს პრაგმატულ მოქმედებას აიძულებს. როგორც ჩანს, ჩიხიდან გამოდის რუსულ-ქართული ურთიერთობებიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში უიმედოდ გაფუჭდა. ვაჭრობისა და ჰუმანიტარულ სფეროში მიღწეული პროგრესის ფონზე, სავარაუდოდ, შეიძლება სავიზო რეჟიმიც გაუქმდეს. უფრო მეტიც – არაა გამორიცხული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც“, – ნათქვამია პოპულარული გამოცემა „სვობოდნაია პრესაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – სერგეი აქსენოვი).

ცნობისათვის: „სვობოდნაია პრესის“ პუბლიკაცია წარმოადგენს რუსი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების ერთგვარ კომენტარს გაზეთ „იზვესტიაში“ 30 იანვარს გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელშიც რუსი ავტორების მიერ სიტუაცია ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოსდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ქართული მხარის მზადყოფნას გამოხატავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ. მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ „იზვესტიის“ ჟურნალისტებმა მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია მოახდინეს: „საქართველოს მთავრობის პოზიცია უცვლელია – დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი განსახილველად დღის წესრიგში მხოლოდ მაშინ დადგება, თუ დაიწყება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარება და სერიოზული პროგრესი იქნება მიღწეული“.

ახლა კი გთავაზობთ უშუალოდ „სვობოდნაია პრესაში“ გამოთქმულ კომენტარებს, რომლებიც, შეიძლება ითქვას, „უსაფუძვლოა“, მაგრამ მაინც საინტერესო – როგორც ზემოთ აღინიშნა, მათში ცნობილი რუსი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების პოზიციებია გადმოცემული:

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვიქტორ ვოდოლაცკის აზრით, საქართველო-რუსეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთიერთობის კრიზისი მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი შეცდომებითაა გამოწვეული: „რუსეთი ყველა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართ ყოველთვის მეგობრული კავშირების მხარდამჭერად გამოდიოდა. ის დრამატული მოვლენები, რაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მოხდა, ცხადია, ორი ქვეყნის ცხოვრებაში პრობლემურ პერიოდს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ბევრი ქართველი ცხოვრობს, ძალიან ბევრი შერეული ქორწინებები, დღევანდელი სიტუაცია, რა თქმა უნდა, გასაგებ პრობლემებს ქმნის. ქართულ საზოგადოებაში უკვე გაჩნდა აზრი ძველი კავშირების აღდგენის შესახებ და ეს  სამთავრობო წრეებშიც ირეკლება. ამჟამად სიტუაცია არანორმალურია: რატომ უნდა ჭირდებოდეთ ქართველებს რუსეთის ვიზის ვიზის მისაღებად შვეიცარიის საელჩოსათვის მიმართვა? სწორედ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენიდან უნდა დავიწყოთ. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა, რომელიც კავკასიაში, რუსეთისათვის მნიშვნელოვან რეგიონში მდებარეობს. ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩვენთან ტერორისტები გადმოდიოდნენ…“

შეკითხვაზე, „მაგრამ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემა ხომ მაინც რჩება? ქართველი პოლიტიკოსები ამას ეჭიდებიანო“, ვიქტორ ვოდოლაცკი პასუხობს: „რასაკვირველია, ჩაჭიდება შეიძლება, ეს თბილისის ნებაა, მაგრამ ორივე რესპუბლიკის მოსახლეობამაც ხომ გამოხატა თავისი აზრი? ქართველები, ალბათ, აცნობიერებენ იმას, რომ ისინი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ძალის გამოყენებით ვერ დაიბრუნებენ, მეორე და მესამე ომი კი მათ არ ჭირდებათ. ამიტომაც ამ საკითხზე, როგორც ჩანს, გაჭიანურებული მოლაპარაკება იქნება – ისეთი, როგორსაც რუსეთი, მაგალითად, იაპონიასთან აწარმოებს კურილის კუნძულების შესახებ“.

რუსეთში მცხოვრებ ქართველთა საბჭოს წევრს იგორ გვრიტიშვილს იმედი აქვს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმს გააუქმებს: „როგორც შევამჩნიე, ჩვენთან, რუსეთში, ბევრმა ზურაბ აბაშიძის ნათქვამი სიტყვები „გარღვევად“ მიიჩნია, მაგრამ მე ასე არ ვთვლი.  როცა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბრობს, ზურაბ აბაშიძე ყოველთვის ამატებს: „მხოლოდ განსაზღვრული პირობების დროს“. „განსაზღვრული პირობები“ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებაა. თბილისი ხომ ორივე რეგიონს ოკუპირებულად მიიჩნევს. რასაკვირველია, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხთა გადაწყვეტა უნდა გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. თუ რუსეთი სავიზო რეჟიმს გააუქმებს, ეს მოსკოვის მიერ გადადგმული გონივრული ნაბიჯი იქნება. როგორც ამბობენ, რუსი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში უკვე ერთ მილიონს მიაღწიაო, მე კი ვიტყოდი, რომ უფრო მეტია. საქართველოს რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი აქვს, რუსეთს კი პირიქით, ქართველებისთვის ჯერ ისევ მკაცრი სავიზო რეჟიმი მოქმედებს“.

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის („რისი“) ახლო საზღვარგარეთის პრობლემების განყოფილების ხელმძღვანელის ალექსანდრე სკაკოვის აზრით, ახლო მომავალში საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოსალოდნელი არაა, რადგან „ორ ქვეყანას შორის ბევრი „წითელი ხაზი“ არსებობს. დიპურთიერთობის აღდგენისათვის მთავარ დაბრკოლებას რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტი წარმოადგენს. თბილისი რომ ამ საკითხში მოსკოვს დაეთანხმოს, ამგვარი ნაბიჯი მისი მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასაც ნიშნავს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, ეს სრულიად რეალურია. ალბათ, ასეც მოხდება, თუმცა უეცრად კი არა, არამედ რამდენიმე ეტაპად. შესაძლოა, ვიზების გაფორმება ქართველებისთვის ჯერ საზღვარზე მოხდეს, [შემდეგ კი გაუქმდეს].

——–

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის სავარაუდო აღდგენის თემაზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა გენადი ონიშჩენკომაც, რომელიც ადრე რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმად (ანუ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელად) მუშაობდა. „დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა აუცილებელია იმ ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რომლებიც თბილისის ხისტი გადაწყვეტილების შედეგად მძიმე სიტუაციაში ჩავარდნენ. რუსეთში ხომ ბევრი ქართული ოჯახი ცხოვრობს? მათ ხომ თავიანთი მენტალობის შენარჩუნება სურთ? ესე იგი, მათთვის სამშობლოსთან კავშირი აუცილებელია. ურთიერთობის აღდგენა ყველასთვის სასარგებლო იქნება“, – აღნიშნა გენადი ონიშჩენკომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ნაციონალნიე ნოვოსტი“-ს კორესპონდენტთან ნიკოლაი შენდეროვთან საუბარში.

დეპუტატის აზრით, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, რომელიც 2008 წელს მოხდა, ფაქტიურად, ვაშინგტონის პროექტს წარმოადგენდა: „როცა საქართველომ თავისი ინიციატივით გაწყვიტა ურთიერთობა, ვაშინგტონის კარნახით, თბილისმა ძალიან იჩქარა. იმ დროსაც კი, როცა მე „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ვიყავი და ქართველები ჩვენთან ყველანაირი ყალბი პროდუქციის შემოტანას ცდილობდნენ, მაშინაც კი ჩვენ ადამიანურ ურთიერთგაგებას ვახერხებდით, დაინტერესებულნი ვიყავით საკითხების მოგვარებით. უბრალოდ, [ქართველებმა] ბრძანება მიიღეს, რომ ურთიერთობა გაწყვიტეთო“.

გენადი ონიშჩენკოს აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაზე არის „ჩადენილი დანაშაული არა მარტო რუსეთში მცხოვრები ქართველების წინაშე, არამედ თვით საქართველოს მოსახლეობის მიმართაც“. „სადაა ის ეფექტური მენეჯერი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ოდესაში პოზიორობდა? მიმალულია, ალბათ… მას ხომ დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი ორივე ქვეყნის ხალხის წინაშე“, – განაცხადა დეპუტატმა (წყარო: https://nation-news.ru/241805-onishchenko-razryv-otnoshenii-rossii-i-gruzii-prestuplenie-rezhima-saakashvili).

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 01 თებერვალი, 2017 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3206792

რუსეთი აფხაზეთს დენს საქართველოს მეშვეობით მისცემს

ელექტროენერგიის მიწოდება წრიული სქემით მოხდება

„უახლოეს დღეებში აფხაზეთში ტექნიკური მიზეზების გამო ენგურჰესი გაჩერდება, რომლის სიმძლავრე 1,3 გიგავატს შეადგენს. როგორც აფხაზეთის [ელექტროგამანაწილებელმა] კომპანიამ „ჩერნომორენერგომ“ გამოაცხადა, რომ ელექტროენერგიის დეფიციტი რუსეთიდან ანაზღაურდება, კომპანია „ინტერ-რაო“-ს მეშვეობით, მაგრამ რუსული ჰოლდინგი, თავის მხრივ, უარყოფს აფხაზეთთან რაიმე კონტრაქტების არსებობას. „კომერსანტის“ მონაცემებით, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიუხედავად, მოსკოვს სოხუმთან ჯერ კიდევ არ აქვს გაფორმებული რაიმე შეთანხმება ენერგეტიკის დარგში, ხოლო ელექტროენერგიის დანაკლისს, ენგურჰესის გაჩერების შემდეგ, აფხაზეთს კვლავ თბილისი აუნაზღაურებს: „ინტერ-რაო“ ფორმალურად განახორციელებს ჩვეულებრივ საექსპორტო ოპერაციას საქართველოსთან. თუ რუსული კომპანია აფხაზეთთან პირდაპირ კონტაქტებს დაამყარებდა, ამგვარი მოქმედება გამოიწვევდა „ინტერ-რაოს“ ურთიერთობის გართულებას საქართველოსთან,  სადაც რუსული ჰოლდინგი ენერგოაქტივებს ფლობს“, – ნათქვამია სტატიის რეზიუმეში (ავტორები – ვლადიმირ ძაგუტო, გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში მოცემულია აფხაზეთის „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელის ასლან ბასარიას განცხადება, რომელიც „ენგურჰესის“ გაჩერებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება: „ენგურჰესის გაჩერება გამოწვეულია ჯვრის წყალსაცავში წყლის ნაკლებობის გამო. გარდა ამისა, აუცილებელია დერივაციული გვირაბის მონიტორინგიც, რომელიც წესით ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს, რეალურად კი 2006 წლიდან არ განხორციელებულა. ასლან ბასარიამ აღნიშნა, რომ ეს საკითხები განხილული იქნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან კახა კალაძესთან ერთად, მინსკის შეხვედრაზე, გარდა ამისა, მოსკოვშიც გაიმართა მოლაპარაკება აფხაზი, ქართველი და რუსი ენერგეტიკოსების მონაწილეობით. აფხაზეთი ამჟამად 390 მეგავატ ელექტროენერგიას მოიხმარს, ელექტროენერგიის დანაკლისი ნაწილობრივ შევსებული იქნება „ვარდნილჰესიდან“ (50-60 მეგავატი). გარდა ამისა, როგორც ასლან ბასარიამ განაცხადა, „მოვილაპარაკეთ, რომ ქართული ენერგოსისტემაც დაგვაზღვევს ელექტროენერგიის უკმარისობის პირობებში“. ასლან ბასარიამ ისაუბრა „ინტერ-რაოს“ მიერ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზეც და მის ფასებზეც (ერთი კილოვატსაათი – 2,3 – 2,5 რუბლი).

მაგრამ „ინტერ-რაომ“ განაცხადა, რომ ამჟამად კომპანიას არანაირი კონტრაქტი არ აქვს დადებული აფხაზეთთან და ელექტროენერგიის მიწოდების საკითხზეც არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მოსკოვში ქართველი ენერგეტიკოსების მონაწილეობით არავითარი შეხვედრა არ გამართულა,  როგორც ჩანს, [ასლან ბასარიას], მხედველობაში ჰქონდა აფხაზი და რუსი ენერგეტიკოსების შეხვედრაო. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროში „კომერსანტის“ მიერ გაგზავნის შეკითხვა უპასუხოდ დატოვეს.

„კომერსანტის“ მონაცემებით, კრასნოდარის მხარიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის გადადინებისათვის აუცილებელი ტექნიკური შესაძლებლობები არსებობს, მაგრამ როგორც გაზეთის წყარო ამბობს, ამჟამად აფხაზეთისა და რუსეთის ენერგოსისტემების თანამშრომლობის შესახებ არანაირი ორმხრივი დოკუმენტი არ არსებობს. ეს ფაქტობრივი მდგომარეობითაც დასტურდება: დღეისათვის აფხაზური და ქართული ენერგოსისტემები ტექნიკურად ჯერ კიდევ არაა გაყოფილი, ხოლო სასაზღვრო ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ 1993 წლიდან ორივე მხარისათვის მუშაობს – ელექტროენერგიის 60%-ს საქართველო იღებს, 40%-ს კი აფხაზეთი, თუმცა არც ეს არ არის ოფიციალური დოკუმენტებით გაფორმებული. რაც შეეხება რუსულ „ინტერ-რაოს“, რომელიც საქართველოში ფლობს ელექტროგამანაწილებელ კომპანია „თელასს“, „ხრამჰეს-პირველს“ და „ხრამჰეს-მეორეს“, მისთვის, გასაგები მიზეზების გამო, აფხაზეთთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება პრობლემატურია, რადგან შეიძლება გარკვეული რისკები წარმოიქმნას.

„კომერსანტმა“ შეიტყო, რომ რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდება არ მოხდება, ენერგოდეფიციტის დაფარვა განხორციელდება საქართველოსთვის მიწოდებული დამატებითი მოცულობის ხარჯზე. როგორც გაზეთის ერთ-ერთი წყარო განმარტავს, ასეთ შემთხვევაში საქართველო უთანხმდება ხოლმე რუსეთს ელექტროენერგიის მიწოდებაზე „კავკასიონის“ ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით, ფულს თბილისი იხდის, შემდეგ კი წრიული სქემით ელექტროენერგია აფხაზეთში გადადინდება. რაც შეეხება ასლან ბასარიას მიერ დასახელებულ ღირებულებას, იგი „ეშმაკობს“, [რადგან ელექტროენერგიის ღირებულების საკითხი საქართველოსა და რუსეთის საქმეა]. ელექტროენერგიის მიწოდების ასეთი სქემა სეზონური ხასიათისაა, საქართველო მიღებული ელექტროენერგიის მოცულობას იგივე ფასებით რუსეთს ზაფხულში დაუბრუნებს, როცა წყალსაცავები სავსე იქნება.

«Голос Армении» (სომხეთი), 31 იანვარი, 2017 წელი

http://golosarmenii.am/article/49345/pereocenennye-sosedi-na-fone-blokady-armenii

მეზობლების გადაჭარბებული შეფასება სომხეთის ბლოკადის ფონზე

„ჩვენ არ გვაქვს ნავთობ-გაზი, როგორც აზერბაიჯანს. არ გვაქვს ზღვა, როგორც საქართველოს… მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით ორივეს ვუსწრებთ“

„საზოგადოებაში არის აზრი, რომ სომხეთში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია უფრო ცუდია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – საქართველოში და აზერბაიჯანში. კი, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, შესაძლოა ჩვენს მოქალაქეებს მართლაც ჩამოუყალიბდეთ ასეთი პოზიცია. დიახ, სომხეთი ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, რაც თავის მხრივ, სოციალურ სფეროზეც აირეკლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მეზობლები ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – არა მელიქსედიანი).

„ამ ცოტა ხნის წინათ აზერბაიჯანის სახსტატის მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა (მშპ) 33 მილიარდი დოლარი შეადგინა, ანუ სომხეთის მშპ-ზე სამჯერ მეტი. ეს განსხვავება გასაგებია, რადგან აზერბაიჯანის მოსახლეობა და ფართობი სომხეთისას სამჯერ არემატება. მაგრამ არის ორიოდე მნიშვნელოვანი ნიუანსი, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ: პირველი – ამ 33 მილიარდში 11 მილიარდი ნავთობ-გაზის წილად მოდის, ანუ ჩვენსავით რომ იყოს აზერბაიჯანი და მას ნავთობ-გაზით მიღებული დოლარები არ ჰქონდეს, მეზობლის მდგომარეობა სატირელი იქნებოდა. მეორე ნიუანსი – მშპ ერთ სულ მოსახლეზე აზერბაიჯანში 2016 წელს 3400 დოლარი იყო, სომხეთში კი 3550 დოლარი. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წლის წინათ აზერბაიჯანი სწორედ მშ-პის მოცულობის საკითხში სომხეთს ორჯერ უსწრებდა, ახლა კი ჩამოგვრჩება, თანაც ნავთობ-გაზის სიუხვის პირობებში. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა კრიზისშია. კი, ბაქოელი ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ ნავთობზე ფასები მოიმატებსო, მაგრამ ამგვარ ოპტიმიზმს საფუძვლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

კიდევ რამდენიმე მაჩვენებელი, რომლითაც აზერბაიჯანი სომხეთთან ვერ დაიტრაბახებს: 2016 წელს აზერბაიჯანში ინფლაციის დონემ 12,45 შეადგინა, სომხეთში კი ინფლაციის ნაცვლად დეფლიაცია შეიმჩნეოდა (1,4%). აზერბაიჯანში საკვები და არასაკვები პროდუქტების ფასებმა და მომსახურებამ შესაბამისად 14,7 და 5,6%-ით მოიმატეს, სომხეთში კი ფასებმა 5%-ით დაიკლო. ერთი ეგაა, რომ მომსახურება ნამდვილად გაძვირდა, მაგრამ ისიც მხოლოდ 1,8%-ით.

აზერბაიჯანს საგარეო ვაჭრობაშიც არ აქვს კარგად საქმე: ექსპორტის მოცულობამ 2016 წელს 9,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაგრამ მის 86%-ს ,ხოლოდ ნავთობი და გაზი შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის დანარჩენი დარგების ექსპორტი მხოლოდ 1,3 მილიარდი დოლარია. სომხეთის ექსპორტმა კი, რომელიც ბლოკადაში იმყოფება და ენერგეტიკული რესურსებიც მცირე აქვს, ორი მილარდი დოლარი შეადგინა, ანუ აზერბაიჯანზე ბევრად მეტი, ნავთობისა და გაზის გამოკლებით.

რასაკვირველია, როცა სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ვსაუბრობთ, პენსიებსა და ხელფასებს გვერდს ვერ ავუვლით. ამ საკითხშიც აზერბაიჯანი ჩამოგვრჩება: მინიმალური ხელფასი აზერბაიჯანში 63 დოლარია, ჩვენთან – 113 დოლარი. საშუალო ხელფასი იქ 320 დოლარია, სომხეთში – 380. მინიმალური პენსია იქ – 61 დოლარია, აქ – 85.

და ბოლოს, სურათი სრული არ იქნება, თუ საქართველოსა და სომხეთის მაჩვენებლებს არ შევადარებთ: საქართველოში საშუალო ხელფასი 186 დოლარია, ანუ ორჯერ ნაკლები სომხეთთან შედარებით; პენსია ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში 75 დოლარია, რაც სომხეთთან შედარებით 10 დოლარით ნაკლებია. გასულ წელს საქართველოს ექსპორტმა 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაგრამ სომხეთის მაჩვენებლზე მაინც 300 მილიონით ნაკლებია.

ეს ციფრები ბვერ რამეზე მეტყველებს: როგორც არ უნდა აჟღარუნოს იარაღი ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანი, მისი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით,  სომხეთთან ომისათვის მზად ნამდვილად არაა და თუ დამატებით იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეგიონული დესტაბილიზაციის დროს შეიძლება ბაქომ ნავთობისა და გაზის გაყიდვა ვეღარ შეძლოს, მაშინ ომის პროვიცირება აზერბაიჯანისათვის სუიციდს ნიშნავს.

თუმცა ეს არ არის მთავარი დასკვნა, უფრო მნიშვნელოვანი სხვაა – ჩვენ ხშირად ვერ ვგრძნობთ საკუთარ ძალებს, სხვებისას კი ძალზე გადაჭარბებულად ვაფასებთ. სომხეთი ამ კომპლექსისაგან უნდა გათავისუფლდეს. დიახ, ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, როგორც აზერბაიჯანს. არ გვაქვს ზღვა, როგორც საქართველოს… მაგრამ დამეთანხმებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილის ქონა სახელმწიფოს აყვავების გარანტია სულაც არ არის…

Comments are closed