«Независимая газета» (რუსეთი): ქართველი მაღაროელების გაფიცვით შეიძლება პოლიტიკოსებმა ისარგებლონ // „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება?!
«Profil» (ავსტრია): საქართველოს თავდაცვის მინისტრი: „ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია“
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ): რატომაა თურქეთი რუსეთზე უკეთესი?
—————–
«Независимая газета» (რუსეთი), 01 მარტი, 2016 წელი
http://www.ng.ru/cis/2016-03-01/6_gruzia.html
ქართველი მაღაროელების გაფიცვით შეიძლება პოლიტიკოსებმა ისარგებლონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში პირველი ნომერი მიხეილ სააკაშვილის მეუღლე იქნება?!
სტატიაში მიმოხილულია საქართველოში ბოლო ხანს მომხდარი ამბები და მიმდინარე პროცესები: საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, დაპირისპირება მმართველ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ „ნაცმოძრაობას“ შორის, ტყიბულელ მაღაროელთა გაფიცვა და ა.შ. (ავტორი – იური როქსი).
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ნახევარ წელზე ცოტა მეტი დრო რჩება, თუმცა წინასაარცევნო კამპანია არაფორმალურად უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო. პარლამენტში ადგილების მისაღებად მთავარი ბრძოლა გაიმართება მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ (რომლის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ზოგიერთი თანამებრძოლისადმი იმედი გაუცრუვდა და უკიდურესად საგონებელშია ჩავარდნილი საარჩევნო სიის შედგენის გამო) და ყოფილ მმართველ, ახლა კი ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მოარული ხმების თანახმად, „ნაციონალთა“ სიის პირველ ნომრად შეიძლება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი დასახელდეს. ამ შემთხვევაში „ნაციონალები“ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ დასავლეთ საქართველოს ელექტორატს, სადაც სანდრა რულოვსი დიდი პოპულარულობით სარგებლობს – მან კარგად იცის არამარტო ქართული ენა, არამედ მეგრულ დიალექტზეც მშვენივრად ლაპარაკობს. ზოგადად კი დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ლოიალურადაა განწყობილი როგორც სანდრა რულოვსის, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართაც – ყოველ შემთხვევაში, თბილისთან შედარებით.
„მეოცნებეებსა“ და „ნაციონალებს“ შორის კონფრონტაცია დიდი ხანია მიმდინარეობს – ის ჯერ კიდევ 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო და მას შემდეგ არ ჩამცხრალა. პირველ ხანებში ინიციატივას გამარჯვებული „ქართული ოცნება“ ფლობდა, მოგვიანებით კი მხარეთა მდგომარეობა გათანასწორდა, რასაც ხელი შეუწყო „,მეოცნებეთა“ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა – საკადრო პოლიტიკაში, მმართველობის სტილში, პიარ-აქციების მოწყობაში… „ქართული ოცნება“ მცირერიცხოვანი მიღწევების რეკლამირებასაც კი ვერ ახერხებდა, ამ საკითხში მას აშკარად სჯობნიდნენ „ნაციონალები“, რომლებიც „მეოცნებეთა“ შეცდომებს თავიანთ სასარგებლოდ იყენებდნენ.
არადა, „ნაციონალები“ მართლაც საქმის ცოდნით აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“, თანაც ტოტალურად. „ნაციონალები“ აბა რის „ნაციონალები“ იქნებოდნენ, ტყიბულელ მაღაროელთა გაფიცვა რომ არ გამოეყენებინათ? ჰოდა, ქვანახშირის საბადოს მაღაროელებს კი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ წამოყენებული თავიანთი მოთხოვნები, რომ მათ „ნაციონალებმა“ სოლიდარობა გამოუცხადეს. ის, რომ მაღაროელთა მდგომარეობა 2011 წლიდან გაუარესდა, როცა თვითონ „ნაციონალები“ იყვნენ ხელისუფლებაში, ამ ფაქტმა უკვე უკანა მხარეს გადაიწია“, – ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული მაღაროელთა გაფიცვის პერიპეტიები. აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკმაოდ ორჭოფულ სიტუაციაში აღმოჩნდა: „გიორგი კვირიკაშვილი პროფესიით ეკონომისტია და მას კარგად ესმის „საქნახშირის“ ხელმძღვანელების მდგომარეობა, რომ მათ მაღაროელების ხელფასების გაზრდა იმ ოდენობით, როგორსაც გაფიცულები ითხოვენ (40%-ით), შეუძლებელია, არადა, თუ იგი კომპანიის მფლობელების პოზიციას მხარს დაუჭერს, ეს ტყიბულელი ამომრჩევლების ხმების დაკარგვას ნიშნავს. „ნაციონალები“ ხელისუფლებას გაფიცულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ მოუწოდებენ. უეჭველია, რომ თუ ასეთი სცენარი განვითარდება, „ნაციონალები“ მოსახლეობას თავიანთ გამარჯვებად წარმოუდგენენ და ქულებს ჩაიწერენ. ისინი ხომ დიდი ხანია მოქმედებენ „ავტობუსის წესით“ – ხმამაღლა ითხოვენ გაჩერებას დაწესებულ ადგილზე, რასაც მძღოლი მათი მოთხოვნის გარეშე ისედაც აკეთებს“.
«Profil» (ავსტრია), 29 თებერვალი, 2016 წელი
http://www.profil.at/ausland/georgiens-verteidigungsministerin-tinatin-khidasheli-russland-6252960
საქართველოს თავდაცვის მინისტრი: „ეს ჩვენი გადარჩენის საკითხია“
ავსტრიულ ჟურნალ „პროფილ“-ში გამოქვეყნდა ფრაგმენტები საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინტერვიუდან, რომელიც მას ჟურნალისტმა ოტმა ლახოდინსკიმ ჩამოართვა ავსტრიაში ამასწინანდელი ვიზიტის დროს. გთავაზობთ შემოკლებით:
…რუსეთთან ურთიერთობა:
„ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება ფართოვდება, ჩნდება ახალი სასაზღვრო ნიშნულები, რომლებიც ქვეყნის ცენტრში დადგმულ ბერლინის კედელს მოგვაგონებს. გასულ ზაფხულს რუსეთმა დაკავებული ტერიტორია რამდენიმე სოფლით და მიწის ფართობით გაზარდა. მუდმივად ხდება პროვოკაციები, მაგალითად, რუსეთის ვერტმფრენის გადაფრენა ქალაქ გორთან, რომელიც ნატოს ცენტრის გახსნაზე რეაგირებად შეიძლება ჩაითვალოს. რუსეთს ამჟამად საქართველოს ტერიტორიის ორი ნაწილი აქვს ოკუპირებუოლი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს მნისვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტისაგან, სადაც რუსეთმა ხელი უწყობს შეიარაღებულ დაპირისპირებას. საქართველოს მიმართ რუსეთი აგრესიულ მოქმედებას გააგრძელებს, მაგრამ აშკარაა, რომ ომს აღარ დაიწყებს. ეკონომიკურ ასპექტში რუსეთთან ურთიერთობა მეტ-ნაკლებად ნორმალიზებულია, ქართული პროდუქციის მიმართ დაწესებული ემბარგო უკვე მოიხსნა. რუსეთმა შეარბილა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეების მიმართ სწორედ იმ დღეებში, როცა ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი ჩვენს მიმართ ვიზა-ლიბერალიზების რეჟიმს შემოიღებდა. რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ რუსეთზე დამოკიდებული აღარ ვართ, რადგან საქართველო თავის მოთხოვნილებებს აზერბაიჯანიდან მოწოდებული გაზით იკმაყოფილებს.
…რუსეთის სამხედრო სტრატეგია:
„რუსეთის მიზანია ნატო იქ გამოიწვიოს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. მე ადრეც, ორი წლის ვამბობდი, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ყოველ ევვროპულ ქვეყანას შეეხება-მეთქი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ლტოლვილების მოზღვავება სირიიდან, სადაც რუსეთმა ცალმხრივად, აშშ-სთან და ევროკავშირთან კოორდინირების გარეშე, კონფლიქტი გაამწვავა. შევხედოთ გეოგრაფიულ რუკას: ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანედან ახლო აღმოსავლეთამდე მხოლოდ მხოლოდ პატარა საქართველო მოჩანს თავისუფლების დერეფნად, როგორც მას ჩვენ ვუწოდებთ. საქართველოზე გადის მნიშვნელოვანი მილსადენები, რომელთა მეშვეობით ევროპა ნავთობითა და გაზით მარაგდება. საქართველოზე გაივლის სატრანსპორტო მარშრუტი აზიიდან ევროპისაკენ – ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, თურქმენეთიდან. ამ დერეფნის სიგანე მხოლოდ 80 კილომეტრია და თუ მას რუსეთი გადაკეტავს, მოსკოვი მთელ კონტინენტს გააკონტროლებს. ამიტომაც აქვს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას. პირიქითაც არის – საქართველო ნატოს და ევროკავშირსაც ჭირდება. ეს არის ორივე მხარისათვის წაუგებელი სიტუაცია.
…ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა:
„საქართველოს ნატოში მიღების საკითხზე ალიანსის წევრებს შორის დღემდე ერთიანობა არ არის, თუმცა გადაწყვეტილება შეიძლება ვარშავის სამიტზე იქნეს მიღებული. ალიანსში გაწევრიანება ჩვენი მიზანია, მით უმეტეს, რომ საქართველო ნატოს წევრობისათვის ყველა პირობას აკმაყოფილებს. ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ახლაც აქტიურად ვმონაწილეობთ ნატოსა და ევროკავშირის სამხედრო-სამშვიდობო მისიებში: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, ავღანეთში… გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღეთ ერაყისა და კოსოვოს მისიებშიც. ავღანეთში საქართველოს საერთო ჯამში 12 ათასი სამხედრო მოსამსახურე ჰყავდა გაგზავნილი, ყველაზე მეტი რაოდენობის მქონე სამხედრო კონტინგენტი აშშ-ის შემდეგ. საქართველოს ყველაზე მცირერიცხოვანი არმია ჰყავს რეგიონში, სულ 37 ათასი ჯარისკაცი, ჩემი ჩათვლით. მომავალ წელს სამხედრო სავალდებულო გაწვევას ვაუქმებთ – ჩვენი მიზანია შევქმნათ პატარა, მაგრამ ბრძოლისუნარიანი პროფესიული არმია სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად“.
————-
თინათინ ხიდაშელი, 42 წლის, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015 წლის მაისიდან, სპეციალობით იურისტი და პოლიტოლოგი, პროდასავლური მემარჯვენე ცენტრისტული რესპუბლიკური პარტიის წევრი, ხელმძღვანელობდა ჯორჯ სოროსის ფონდს საქართველოში.
«Радио Свобода//Эхо Кавказа» (აშშ), 01 მარტი, 2016 წელი
http://www.ekhokavkaza.com/content/article/27581485.html
რატომაა თურქეთი რუსეთზე უკეთესი?
როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს თავის ორ მეზობელთან, ყოფილ იმპერიულ პატრონებთან – თურქეთთან და რუსეთთან? ამ თემაზე საუბარი ძალიან უყვართ იმ ადამიანებს, რომლებიც პრორუსულები ან ანტიდასავლურები არიან“, – წერს პოლიტოლოგი გია ნოდია „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზას“ (აშშ) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც კი ასეთი კითხვა დაისმება, თავლსაზრისი რუსული პროპაგანდას ემთხვევა: თუ მაინცდამაინც ვიღაცის „ქვეშ“ უნდა ვიყოთ, მაშინ ერთმორწმუნე რუსეთის „ქვეშ“ ყოფნა ჯობიაო. ვეტერანები ხომ ჰყვებიან, რომ ქართველები ყოველთვის კარგად იყენებდნენ რუსებს: ისინი შეიძლება დაათრო, ქრთამი მისცე, მათი ცოლები და ქალიშვილები მოხიბლო… და შედეგიც სასურველი იქნება: „რუსეთის მმართველობის დროს ქართველები არასდროს ოფიციანტები არ ყოფილან, ისინი უფრო მაღალ სოციალურ პოზიციაზე იდგნენ, შინამოსამსახურეებად და ოფიციანტებად ქართველებს სწორედ რუსები ემსახურებოდნენ. თურქები კი ბასურმანები (არაქრისტიანები, მუსულმანები) არიან – შუა საუკუნეებში ქართველებს ყიდდნენ ან თავებს აჭრიდნენ, დღეს კი მათ ჩვენი ქალები „პროსტიტუტკებად“ ჰყავთ აყვანილი“.
კიდევ ერთი პატრიოტული არგუმენტი: რუსეთ-თურქეთის ომების დროს (მე-19 საუკუნეში) რუსეთმა საქართველოს ისტორიული ტერიტორიები შემოუერთა – აჭარა და სამცხე-ჯავახეთი. განა რუსეთის მადლობლები არ უნდა ვიყოთ? სხვათა შორის, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების კონტექსტში კრემლის მოყვარულები ანალიტიკოსები ობივატელს აშინებენ, რომ თურქეთს აჭარის მიტაცება სურს და იმედს აღვივებენ, რომ რუსეთს საქართველოსთვის თურქეთის მფლობელობაში დარჩენილი ქართული ტერიტორიის დაბრუნებაც შეუძლიაო.
როგორი პრიმიტიულიც არ უნდა იყოს ასეთი მსჯელობა, ის ზოგიერთებზე მაინც მოქმედებს. ბევრის აზრით კი, „საქართველოსთვის ორივე ერთნაირად ცუდია“, „ისტორიაში არაფერი იცვლება“. არადა, რაციონალური შეფასებები ყოველტვის კონკრეტული კონტექსტიდან გამომდინარეობენ. მე-19 საუკუნეში რუსეთის გამარჯვებები თურქეთზე საქართველოსთვის ობიექტურად მომგებიანი იყო, რადგან თურქეტში მცხოვრები ქართველთა თანამემამულენი უფრო განვითარებული და მოწინავე სახელმწიფოს – რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რუსეთისადმი მორალური ვალი აქვს: იმპერია ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი ექსპანსიისათვის ზრუნავდა, რაც, სხვათა შორის, მე-19 საუკუნეში სრულიად ნორმალურ მოვლენად ითვლებოდა. ის, რომ რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებული პროვინციები საბოლოო ჯამში საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ისტორიაში მოულოდნელი შედეგების კანონი ბატონობს.
დღეს საქართველო უპირველესად იმიტომ არსებობს, რომ საერთაშორისო დონეზე ქცევის წესები შეიცვალა: იმპერიული მიტაცებების ტრადიცია უკვე მიუღებელია. ამ მსოფლიო წესის „დამცველად“ (მართალია, ზოგჯერ არაეფექტურად) „საერთაშორისო თანამეგობრობა“ გამოდის, ანუ დასავლეთი. რუსეთი კი ამგვარ ქცევის წესს ეწინააღმდეგება.
როგორია ამ თვალსაზრისით დღევანდელი თურქეთი? [ფაქტია, რომ] რეჯებ ერდოღანისათვის დამახასიათებელია ავტორიტარული ინსტიქტები და მას ხშირად ვლადიმირ პუტინსაც ადარებენ ხოლმე. თურქეთის ხელმძღვანელებს ხშირად ესიზმრებათ ნეოსმანური, ანუ ნეოიმპერიული ზმანებანი. შესაძლოა, გულის სიღრმეში ზოგიერთი თურქი პოლიტიკოსი თვლის, რომ აჭარა მართლაც თურქეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, მაგრამ ყოველთვის ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ მოქმედებას: მუსტაფა ქემალის მმართველობიდან დაწყებული თურქებმა უარი თქვეს იმპერიულ პარადიგმაზე და რუსეთისაგან განსხვავებით, საერთაშორისო ქცევის წესებს იცავენ. ის, რომ თურქეთი ნატოს წევრია და უარს არ ამბობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე (ანუ იმ ორგანიზაციაზე, რომელსაც რუსეთი მტრულად მიიჩნევს), ეს მომენტიც საგულისხმოა. 1992 წლიდან თურქეთი არამარტო პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტს, არამედ გვეხმარება სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, რუსეთი კი მხოლოდ საქართველოს დარღვევას ცდილობს.
გარდა იმისა, რომ თურქეთი საერთაშორისო ქცევის წესებს იცავს, ანკარას აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივი იმისათვის, რომ თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას: შექმნილია თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის ღერძი, რომლის უკანაც საერთო ინტერესები დგას – კასპიის ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების საკითხში. ასე რომ, გეოპოლიტიკურმა პოზიციამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხში, როცა ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მკვეთრმა გაუარესებამ თბილის-ანკარის ინტერესების თანხვერდრა კიდევ უფრო განამტკიცა. პირველად თურქმა ლიდერებმა დაიწყეს ლაპარაკი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერაზე – ადრწე ისინი ამ საკითხში ტავს იკავებდნენ.
ამიტომაც დღეს რუსეთის პროპაგანდისათვის სასურველია, რომ ქართველ ობივატელს თავში ჩაუტენოს აზრი, რომ თუ რუსეთი ცუდია, მაშინ თურქეთი თქვენთვის უფრო უარესიაო.