«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს
«Независимая газета» (რუსეთი): ბელარუსი ახალ კონტაქტებს ეძებს: ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს მინსკში ხვდებიან
«Lragir» (სომხეთი): „რუსულ-ქართული გარღვევა“ სომხეთისათვის?!
«Новое время» (სომხეთი): „ჩვენ დავიღალეთ ასეთი პრობლემური ბიზნესით! ველოდებით ალტერნატიულ სახმელეთო გზის გახსნას“
«Независимая газета» (რუსეთი): ქართული ეკლესია თავისივე ხელისუფლებითაა მოწამლული?! // პატრიარქის პოსტისთვის უფრო სასტიკად იბრძვიან, ვიდრე პრეზიდენტობისათვის
«Die Welt» (გერმანია): ვლადიმირ პუტინი როგორც დონალდ ტრამპის საუკეთესო კონსულტანტი ეკონომიკური სანქციების საკითხებში // რუსეთს სავაჭრო ომებში ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს დაგროვილი, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): იოსებ ოსორაული – აფრიკის კონტინენტის ქართველი ტყვე
—————–
«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 28 თებერვალი, 2017 წელი
როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველო რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს
ლელა კუნჭულია
რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და მიზანმიმართული გეგმები საქართველოში და მთლიანად რეგიონში – ასეთი იყო მსჯელობის მთავარი თემები უშიშროების საბჭოს აპარატის სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრაზე, რომელსაც 28 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე მასპინძლობდა. კონკრეტულ გამოწვევებსა და საქართველოს მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.
„საქართველო საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებს რუსეთიდან მომავალ საფრთხეებთან ბრძოლაში, შესაბამისად გაითავისებს დასავლურ ცხოვრების წესს და ორგანულად შეერწყმება დასავლურ ცივილიზაციას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 28 თებერვალს, როცა იგი სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებს მიმართავდა. თუმცა გიორგი მარგველაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ ბედნიერ დასასრულამდე მიყვანა შეუძლია მხოლოდ დასავლური ძლიერი ფასეულობებისთვის ბრძოლის გაგრძელებას, რასაც უკვე მრავალი წელია უპირისპირდება რუსეთი: „ბოლო 25 წლის განმავლობაში ვართ მსხვერპლი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის. ეს არ დაწყებულა 2008-ში, ეს დაიწყო თავიდანვე, მაშინ, როდესაც ახალმა ქართულმა სახელმწიფომ, 90-იან წლებში, დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა და იმ დღიდან დაწყებული, ქართული სახელმწიფო ვითარდება, იზრდება და ძლიერდება სწორედ რუსული სხვადასხვა ტიპის აგრესიის ფონზე“.
რა უნდა გააკეთოს საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ევროკავშირისა და ნატოს სივრცეში თავისი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად? – 28 თებერვლის შეხვედრის მთავარ აქცენტებს სწორედ ამ შეკითხვების გარშემო აერთიანებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე. როგორც მან უთხრა „რადიო თავისუფლებას“, რთული გამოწვევების წინაშე მდგომმა საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მაქსიმალური მხარდაჭრა უნდა მოიპოვოს და დასავლური ფასეულობის გზით უნდა იაროს: „საქართველოს ამ შემთხვევაში მოეთხოვება, ბუნებრივია, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რეფორმების გაგრძელება თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს და, რა თქმა უნდა, აუცილებელია საქართველოს მაქსიმალური ჩართვა იმ რეგიონული თუ გლობალური დანიშნულების პროექტებში, რომლებიც უკავშირდება ენერგეტიკას, ტრანსპორტს, კავშირგაბმულობას… რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნება უსაფრთხოების განმტკიცებისთვის და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისთვის“.
რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე მსჯელობისას, შეხვედრის ფარგლებში, საგანგებო ყურადღება დაეთმო პრორუსული პროპაგანდის დაუფარავ აქტიურობას საქართველოში. როგორც საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა ნოდარ ხარშილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის პროპაგანდის საფრთხეებს საქართველოში არასათანადო ყურადღება ექცევა: „რეაგირება არ არის არანაირი. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ეს ყველაფერი არ ხდება, არადა, სინამდვილეში, ხდება ძალიან აქტიურად. გამახვილდა ყურადღება, რომ მეტი მოეთხოვება საქართველოს საზოგადოებრივად და, პირველ რიგში, ხელისუფლების როლია, რომ იყოს რეალური მექანიზმები ამის წინააღმდეგ, რომ იყოს უფრო აქტიურად პროდასავლური და არ მიეცეს საშუალება პრორუსულ პროპაგანდას, რომ ასე ღიად და აქტიურად ჩამოყალიბდეს საქართველოში, რამაც, შესაძლოა, საშუალოვადიან პერსპექტივაში საკმაოდ ცუდი შედეგები მოგვიტანოს“.
28 თებერვლის შეხვედრა ნაწილია ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თებერვლის დასაწყისში წამოწყებული საერთო ეროვნული დისკუსიისა, რომელიც უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას ისახავს მიზნად. როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდიამ განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პროგრამა „დილის საუბრებში“ სტუმრობისას, საჭიროა, რომ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ევროპის უსაფრთხოების ახლებური გამოწვევები: „ეს არის განპირობებული, პირველ რიგში, ჰიბრიდული საფრთხეებით, რომლებიც დადგა ევროპული უსაფრთხოების წინაშე. ეს არის უკრაინასთან დაკავშირებული რუსეთის აგრესიული ნაბიჯები, ყირიმის ანექსია… ამასთან ერთად, ტერორიზმის საფრთხე, რასაც ჰქვია ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან გამოწვევები, რომლებიც არის ასევე ჰიბრიდული… და როდესაც ყველაფერი ამის გაანალიზება მოხდა ნატოსა და ევროკავშირის მიერ, მთავარი ახლებური მიდგომა არის ის, რომ მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპულ უსაფრთხოებაში, და მთავარი ამის გასაღები არის მედეგობის გაწევა მოქალაქეების დონეზე და არა მხოლოდ სახელმწიფოს დონეზე“.
როდესაც უსაფრთხოებაზე ლაპარაკობს, თეონა აქუბარდია საგანგებოდ გამოყოფს რუსეთის პროპაგანდას, რომელიც საკმაოდ ძლიერ იარაღს წარმოადგენს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ზემოქმედების თვალსაზრისით და ასეა საქართველოშიც. შესაბამისად, მოქალაქეებს კარგად უნდა ჰქონდეთ გაანალიზებული უშუალოდ ეს საფრთხეც და მასთან ბრძოლის გზებიც. უშიშროების საბჭოში მიიჩნევენ, რომ, რადგანაც უსაფრთხოების ჭრილში ერთმანეთისგან განუყოფელია დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნები, შესაბამისად, ამ მიზნების მიღწევა, მუდმივად მზარდი და ცვალებადი საფრთხეების გათვალისწინებით, საერთო ეროვნულ კონსენსუსს მოითხოვს. შესაბამისად, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წამოწყებული საყოველთაო დისკუსია მრავალი სფეროს წარმომადგენლების – პოლიტიკოსების, ექსპერტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების – ფართო ჩართულობას გულისხმობს. დაგეგმილია შეხვედრების გამართვა რეგიონებშიც და ეს შეხვედრები, თავის მხრივ, მოსახლეობის ინფორმირებასაც ისახავს მიზნად.
«Независимая газета» (რუსეთი), 01 მარტი, 2017 წელი
http://www.ng.ru/cis/2017-03-01/7_6938_belorus.html
ბელარუსი ახალ კონტაქტებს ეძებს: ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს მინსკში ხვდებიან
სტატიაში საუბარია ბელარუსში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის შესახებ, რომელიც პირველ მარტს იწყება: გიორგი მარგველაშვილი მინსკში გუშინ საღამოს ჩავიდა, დღეს კი დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. როგორც ბელარუსის მეთაურის პრესსამსახური იტყობინება, „მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრს, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აქტივიზაციის საკითხებს, ხელს მოაწერენ რიგ დოკუმენტებს თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“, – ნათქვამია პუბლიკაციაში (ავტორი – ანტონ ხოდასევიჩი).
საქართველოს პრეზიდენტი პირველად ეწვია ბელარუსს. გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. პროგრამაშია შეხვედრები მთავრობაში, პარლამენტში, აგრეთვე სოციოკულტურული ობიექტების დათვალიერება და სტუმრობა ორგანიზაციებში. ალექსანდრე ლუკაშენკო თბილისს ჯერ კიდევ ორი წლის ეწვია – 2015 წლის გაზაფხულზე. მანამდე კი საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობა კარგი არ იყო და კონფრონტაციული ხასიათი ჰქონდა. შესაბამისად, თბილისში არც ბელარუსის საელჩო არ მუშაობდა, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით გაიხსნა, ალ.ლუკაშენკოს ვიზიტის შემდეგ.
ორი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ურთიერთობა გაურესდა 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, ვაითუ „ფერადი რევოლუციის“ ვირუსი საქართველოდან ბელარუსშიც შემოაღწიოსო. მისი ასეთი განცხადება საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქცევამ გამოიწვია, რომელმაც არასასიამოვნო სიტყვებით შეაფასა ბელარუსული „დემოკრატია“. სიტუაცია კიდევ უფრო გააფუჭა ზოგიერთი ქართველი დეპუტატის მოქმედებამ, რომლებმაც გადაწყვიტეს თავიანთი „რევოლუციური გამოცდილება“ ბელარუსის ოპოზიციისათვის გაეზიარებინათ 2006 წელს. ქვეყნებს შორის დამოკიდებულებაში დადგა ისეთი მომენტიც კი, როცა ბელარუსი მზად იყო მხარი დაეჭირა რუსეთისათვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი დაეწესებინა. თავის მხრივ, თბილისში ფიქრობდნენ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო „პერსონა ნონ-გრატად“ გამოეცხადებინათ.
თუმცა მოვლენები ისე განვითარდა, რომ უარესი არ მომხდარა. მინსკს არც სავიზო რეჟიმი არ დაუწესებია და არც ქართულ პროდუქციაზე ემბარგო არ შემოუღია. უფრო მეტიც, ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი განაცხადა მოსკოვის თხოვნაზე ოფიციალურად ეღიარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თბილისსა და მინსკს შორის დათბობაც სწორედ მაშინ დაიწყო. საქართველო მადლობელი დარჩა ბელარუსის მიერ გადადგმული ამ კეთილგონივრული ნაბიჯის გამო და ეს თვით მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომელიც ადრე თავის კოლეგას ალექსანდრე ლუკაშენკოს არადემოკრატიულობისთვის აკრიტიკებდა.
ურთიერთობის ახალ ეტაპზე მხარეები აცხადებენ, რომ მათ შორის ამჟამად არანაირი პოლიტიკური უთანხმოება აღარ არსებობს: „არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ როგორი კურსი აქვს აღებული საქართველოს და როგორი ჩვენ. ეს ხელს არ გვიშლის ურთიერთობის განვითარებაში“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ, როცა მან მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღო. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა ტელეინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია „არანაირად არ ეწინააღმდეგება იმას, რომ ბელარუსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს“.
საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იზიარებს ბელარუსის პრეზიდენტის ხედვას, რომელიც აქცენტს ძირითადად ეკონომიკურ ურთიერთობაზე აკეთებს. ორივე მხარის ჩინოვნიკები ცდილობენ განახორციელონ ის ამოცანა, რომელიც ვაჭრობის დონის გაფართოებას წელიწადში 200 მილიონ დოლარამდე ითვალისწინებს. შარშან ვაჭრობამ 73,2 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2015 წელთან შედარებით 64%-ით მეტია. თუ გავიხსენებთ, რომ 2003 წელს მინსკმა და თბილისმა ერთმანეთისაგან მხოლოდ 6 მილიონი დოლარის საქონელი შეიძინეს, მატების ტემპები მართლაც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ამოცანა შესრულდება.
რაც შეეხება თბილისისა და მინსკის დამოკიდებულებას მოსკოვთან, რომელიც ორივე მხარისათვის საკმაოდ პრობლემატურია. მართალია, საქართველო აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ძალისხმევას გააგრძელებს, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ ქართველი და ბელარუსი ლიდერების შეხვედრის დროს „რუსული აგრესიის“ შესახებაც იქნება საუბარი, აგრეთვე „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში მონაწილეობის გააქტიურების თაობაზეც.
«Lragir» (სომხეთი), 01 მარტი, 2017 წელი
http://lragir.am/index/rus/0/comments/view/54050
„რუსულ-ქართული გარღვევა“ სომხეთისათვის?!
აკოფ ბადალიანი
(შემოკლებით)
საქართველომ და რუსეთმა განაცხადეს, რომ პრაღაში მოლაპარაკების დროს, „სავაჭრო დერეფნების“ საკითხის განხილვისას, პროგრესს მიაღწიეს. მოგვიანებით, თბილისში ვიზიტით შემდეგ, სომხეთის პრემიერმაც აღნიშნა, რომ საქართველოს სამხედრო გზის ალტერნატივა (ანუ „ზემო ლარსის“ გარდა) იქნებაო. ბუნებრივია, სომხეთი მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული ამ საკითხით, მაგრამ მას სიტუაციაზე ზეგავლენის მოსახდენად ბევრი შესაძლებლობა არ აქვს. პრობლემა კი დელიკატურია და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსთან რუსეთ-საქართველოს სხვადასხვანაირ მიდგომებს უკავშირდება. მართალია, ყველა მხარე ხაზს უსვამს, რომ „მხოლოდ ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტა გვინდაო“, გვერდს უვლიან პოლიტიკურ ბარიერებს, მაგრამ აშკარაა, რომ სწორედ პოლიტიკა ახდენს გავლენას მოვლენების დინამიკაზე.
რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება, რასაკვირველია, თურქეთს და აზერბაიჯანს არ მოეწონება: სომხეთისთვის ამ მოლაპარაკებით სატრანსპორტო პერსპექტივა იხსნება, ბაქო და ანკარა კი ერევნის შეზღუდვა-იზოლირებას ცდილობენ. გარდა ამისა, ფაქტია, რომ თურქეთს და აზერბაიჯანს საქართველოც მარწუხებით ჰყავთ გამოჭერილი – მართალია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეკონომიკურად, მაგრამ თბილისი კარგად ხვდება, რომ ეკონომიკურს პოლიტიკური შედეგებიც მოჰყვება, ამიტომაც საქართველო რუსეთთან სიტუაციის გარკვევას ცდილობს.
საქართველოს ამ მოლაპარაკებით საკუთარი უსაფრთხოების საკითხის გადაჭრაც სურს: ჯერ ერთი, ჰგონია, რომ ამით რუსეთს აგრესიული გამოხტომებისათვის ნიადაგი აღარ ექნება და მეორე – მოახდენს იმ პოლიტიკურ-ეკონომიკური ხასიათის რისკების ნიველირებას, რომლებიც აზერბაიჯანთან და თურქეთთანაა დაკავშირებული. ეს კარგად ჩანს დასავლეთიდანაც, სადაც საქართველოზე თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გაძლიერებას სასურველ ვარიანტად არ მიიჩნევენ. იმიტომ, რომ დასავლეთს არ აწყობს ანკარა-ბაქოს ტანდემის გავლენის გავრცელება მთელ კავკასიაზე. ეს გარემოება, ანუ რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულების ახალი ფორმულა მიმზიდველია დასავლეთისათვისაც: ეკონომიკური შეთანხმება პოლიტიკური პრობლემების გვერდავლით არამარტო ქმნის ახალ სიტუაციას ორ სახელმწიფოს შორის, არამედ შეიძლება კარგის მომტანი იყოს მთელი კავკასიისთვისაც და რეგიონული კონფლიქტების დარეგულირების ფორმულად იქცეს. ამ გარემოებას სომხეთისთვისაც უკიდურესი მნიშვნელობა აქვს: ერევანმა 15 წლის წინათ შესთავაზა ეს მოდელი აზერბაიჯანს და მოუწოდა, კომუნიკაციების ამოქმედება პოლიტიკური დაპირისპირების გარეშე მოეხდინა, მაგრამ ბაქომ წინადადება უარყო. მოკლედ, კონფლიქტების მოგვარების ასეთი ფორმულა რეგიონში მხოლოდ თურქეთს და აზერბაიჯანს არ აწყობთ, ყველა დანარჩენისთვის კი მისაღებია.
«Новое время» (სომხეთი), 01 მარტი, 2017 წელი
http://nv.am/news/56371?task=view
„ჩვენ დავიღალეთ ასეთი პრობლემური ბიზნესით! ველოდებით ალტერნატიულ სახმელეთო გზის გახსნას“
„გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად მოიმატებს რუსეთისაკენ სომხეთის ტვირთების ნაკადი და პირიქით: საქმე ეხება იმ ტვირთებს, რომლებიც ერთადერთი სახმელეთო გზით იგზავნება, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით. საგაზაფხულო მატება, ტრადიციულად, 40%-ში გამოიხატება და როგორც ჩანს, გამონაკლისი არც ეს სეზონი არ იქნება. განმეორდება იგივე – ავტომანქანების უსასრულო რიგი, კლიმატისა და რელიეფის გამო. დღეს სულ უფრო აქტიურად საუბრობენ რაღაც ალტერნატიული გზის თაობაზე… მოესწრება თუ არა სიტუაციის გაუმჯობესება გაზაფხულისათვის? ჩვენ გადავწყვიტეთ ტვირთის გადამზიდავებს გავსაუბრებოდით“, – წერს გაზეთის კორესპონდენტი ასია ცატუროვა.
ტვირთების გადამზიდავების აზრით, ამ სფეროში „რევოლუცია“ უახლოეს მომავალში არ მოხდება და თუ მართლაც რაიმე რეალურ ალტერნატივაზეა საუბარი, ამაში, ალბათ, უფრო მეტად მხოლოდ სამხრეთ ოსეთზე გამავალი გზა („ტრანსკამი“) იგულისხმება. ეს ძალზე რთული საკითხია და პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. არაღიარებული რესპუბლიკის ჭიშკარი სომეხი თვირთის გადამზიდავებისთვის დახურულია. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინათ მომხდარი ინციდენტი, როცა საქმეს სომხეთის პრემიერის პირადმა მოლაპარაკებამაც ვერ უშველა: სომეხი მძღოლები, რომლებმაც „ტრანსკამით“ მოახერხეს სწრაფფუჭებადი ტვირთის (გარგარის) გატანა რუსეთში, უკან დაბრუნებისას ქართველებმა მაინც დააკავეს: ასეთია ჩვენი კანონმდებლობაო.
არადა, ფაქტები ადასტურებენ, რომ სწორედ სამხრეთ ოსური „ტრანზიტია“ ყველაზე ოპტიმალური: „ტრანსკამი“, საქართველოს სამხედრო გზისაგან განსხვავებით, უფრო კარგადაა დაცული ბუნებრივი კატაკლიზმებისაგან. მძღოლების თქმით, ზემო ლარსის საბაჟო პუნქტის გაფართოება ამჟამად უკვე შეუძლებელია, რელიეფის გამო შექმნილი სივიწროვის გამო. რაც შეეხება „ტრანსკამზე“ საბაჟო პუნქტის მოწყობას, ამ საკითხზე ყველა მხარემ უნდა იფიქროს.
გამოითქვა მოსაზრება საბორნე მიმოსვლაზეც: „ბორანით ტვირთის გადატანის ფასი იზრდება თითქმის 40%-ით. არაფერს ვამბობთ დროის გაჭიანურების შესახებ… ბულგარეთისკენ ბორანი მხოლოდ კვირაში ერთხელ დადის“.
მოკლედ, სამხრეთ ოსეთის მიმართულებას ბევრად მეტი პლუსები აქვს, მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ უახლოეს ხანში „ტრანსკამის“ გახსნა საეჭვოა: „ბევრი დახურული კარის გაღებაა საჭირო, მოსაგვარებელია ბევრი პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი, იგივე საბაჟო პუნქტის მდებარეობის პრობლემა… ეს მომავალში, ალბათ, გადაწყდება, მაგრამ დღეს ჩვენ ვინ გვიშველის? ისევ მრავალდღიანი მოლოდინი, კილომეტრიანი რიგი, ნერვიულობა, კლიენტებთან პრობლემები… მოკლედ, დავიღალეთ ასეთი პრობლემური ბიზნესით! ახლა რაღაც იმედი გაჩნდა პრემიერის თბილისში ვიზიტის შედეგად. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. ყოველ შემთხვევაში, უკვე ხმები დადის, რომ ყველაფერი საქართველოს პრემიერის საპასუხო ვიზიტის შემდეგ გაირკვევაო, ერევანში“, – ასეთ დასკვნას აკეთებენ ტვირთის გადამზიდავები.
«Независимая газета» (რუსეთი), 01 მარტი, 2017 წელი
http://www.ng.ru/facts/2017-03-01/9_416_georgia.html
ქართული ეკლესია თავისივე ხელისუფლებითაა მოწამლული?!
პატრიარქის პოსტისთვის უფრო სასტიკად იბრძვიან, ვიდრე პრეზიდენტობისათვის
პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული და თვით ეკლესიაში მიმდინარე არასასიამოვნო პროცესები: დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება, რომელსაც ვითომდა უმაღლესი სასულიერო მოღვაწის მოწამვლა სურდა, რელიგიურ მოღვაწეთა მწვავე განცხადებები, ურთიერთბრალდებები, ეკლესიის თანამდებობის პირთა გადადგომები, კორუფცია და ა.შ. ანუ ყოველივე ის, რაზეც ადრე არ ლაპარაკობდნენ, ახლა კი „ჭირმა თავი არ დამალა“ და ფარდა აეხადა (ავტორი – არტურ პრიმაკი).
არეულ-დარეული სიტუაციით კარგად სარგებლობს ოპოზიცია – საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“, რომელმაც ხელმოწერების შეგროვება გადაწყვიტა საქართველოს მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადაყენების მიზნით: ირაკლი შოთაძემ დაუფიქრებელი განცხადებები გააკეთა და საზოგადოებაში დაძაბულობა შეიტანაო. ოპოზიციის უნისონშია ქართული მასმედიის ზოგიერთი საშუალებაც, რომელთა პუბლიკაციებში მმართველი პარტია – „ქართული ოცნებაა“ დადანაშაულებული – „მეოცნებეებს“ ეკლესიაში ქაოსის შექმნა სურთ, რომელიც შემდეგ მთელ ქვეყანაში გავრცელდება, ამ ყველაფერს კი თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენო.
„თუ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს რაიმე მოუვა, საქართველოში მართლაც შეიძლება რეალურად ქაოსი დაიწყოს“, – ამბობს „ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგი არჩილ ჭყოიძე, – მაგრამ აშკარაა, რომ პატრიარქის მოშორება „ქართულ ოცნებას“ ხელს არ აძლევს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის 80% ბიძინა ივანიშვილის მხარეს იყო“. ეკლესიასთან დაკავშირებულ სკანდალის გაღვივებაში ყველაზე ძალიან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან დაინტერესებული. ის საეკლესიო მოღვაწეები, რომელიც დღეს ბევრს ლაპარაკობენ და საპატრიარქოს აკრიტიკებენ, თავის დროზე გუნდრუკს „ნაციონალებს“ უკმევდნენ, ხოლო მათგან ერთ-ერთი ყოფილი პრეზიდენტის ცოლის – სანდრა რულოვსის სულიერი მოძღვარი იყო. „ვფიქრობ, რომ სკანდალს ქართული მასმედიისა და სამღვდელოების ის წარმომადგენლები აღვივებენ, რომლებიც კვლავ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს იცავენ“, – ამბობს ირაკლი ჭყოიძე.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკური დიასპორის“ ხელმძღვანელ აღასი არაბიანის მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობა“ ილია II-ის პრეს-მდივან შორენა თეთრუაშვილთანაა დაკავშირებული: „საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილი წარმოადგენს იმ დაჯგუფების ინტერესებს, რომლებიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები არიან. შესაბამისად, მათი მოწინააღმდეგეა მეორე დაჯგუფება, რომელსაც კათოლიკოსის ძმიშვილი, ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი) მეთაურობს. ეს ორი დაჯგუფება დიდი ხანია ერთმანეთს ებრძვის სამომავლოდ საქართველოს პატრიარქის ადგილის დასაკავებლად“. აღასი არაბიანი ეჭვობს, რომ ციანიდით მოწამვლა გამოგონილია: „ილია მეორე ხომ საჯარო ფიგურაა, მასთან მისვლა ძალიან ადვილად შეიძლება. რატომ იყო საჭირო ციანიდი? ვფქირობ, აქ მთავარი სულ სხვაა: ქართული ეკლესია ძალიან მდიდარი და გავლენიანია. ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ძალები ოცნებობენ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ ეკლესიის ფინანსური და იდეოლოგიური შესაძლებლობები“. ექსპერტის აზრით, „ციანიდის სკანდალს“ შესაძლოა სხვა მოტივაციაც ჰქონდეს: „ალბათ, ვიღაც-ვიღაცეებს სურთ, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილება ეკლესიისკენ და მის მხარდამჭერ ხელისუფლებისკენ იყოს მიმართული. მათ უნდათ, რომ აჩვენონ – აი, რა დიდი თანხა იხარჯება ეკლესიისათვის საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელსაც არავინ არ აკონტროლებს. გარდა ამისა, მხედველობაში უნდა გვქონდეს შიდაეკლესიური ბრძოლა პატრიარქის ტახტის დასაკავებლად. საქართველოს პატრიარქობა ბევრისთვის უფრო მეტია, ვიდრე პრეზიდენტობა. საქართველოში შეიძლება ქუჩაში პრეზიდენტის დასამხობად გამოვიდნენ, მაგრამ ყოველთა ქართველთა კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე ყველა მუხლს მოიყრის“.
«Die Welt» (გერმანია), 28 თებერვალი, 2017 წელი
https://www.welt.de/wirtschaft/article162427094/Putin-waere-der-beste-Berater-fuer-Trump.html
ვლადიმირ პუტინი როგორც დონალდ ტრამპის საუკეთესო კონსულტანტი ეკონომიკური სანქციების საკითხებში // რუსეთს სავაჭრო ომებში ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს დაგროვილი, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგაც
„რუსეთი თანდათან გამოდის იმ ეიფორიიდან, რომელშიც იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. მოსკოვი ფხიზლდება და არსებულ რეალიზმს უბრუნდება“, – წერს გერმანული გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი ედუარდ შტაინერი.
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ რუსეთში ვრცელდებოდა აზრი, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, ბოლოსდაბოლოს, ამგარიშს გაუწევდა მოსკოვს და მას მსოფლიო არენაზე თანაბარუფლებიან მოთამაშედ აღიარებდა. მატულობდა იმის იმედიც, რომ ვაშინგტონი ანტირუსულ სანქციებს გააუქმებდა, მით უმეტეს, რომ მოსკოვი აცხადებდა – სანქციების ნეგატიური შედეგები ისეთი არაა, როგორიც დასავლეთს ჰგონიაო, თუმცა, რასაკვირველია, სიტუაცია არც ისეთი იოლი იყო, როგორც მოსკოვს სურდა.
ფაქტია ისიც, რომ რუსეთს დღემდე არ მოუხდენია რეაგირება იმ სავაჭრო შეზღუდვებზე, რომელბიც დონალდ ტრამპმა სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ დააწესა. რუსი ექსპერტის, ეკონომისტ კონსტანტინე სონინის აზრით, ასეთი სიტუაცია საკმაოდ უცნაურია. არადა, ვლადიმირ პუტინს და საერთოდ, რუსულ ისტებლიშმენტს შეეძლო ამერიკელი პრეზიდენტისათვის სასარგებლო რეკომენდაციები მიეცა სავაჭრო ომების საკითხში: „სწორედ მოსკოვს შეეძლო აეხსნა ვაშინგტონისათვის ის, თუ რა შედეგებამდე მიიყვანს ამერიკას მსგავსი კონფლიქტები და ეკონომიკური იზოლაციის პოლიტიკა. შეიძლება კეთილდღეობის დონე დაეცეს, მაგრამ საბოლოო მიზნის მიღწევა მაინც ვერ მოხდება“. კონსტანტინე სონინი ამბობს, რომ დღემდე ყველაზე მეტი გამოცდილება ეკონომიკური სანქციების დაწესების სფეროში მხოლოდ რუსეთს აქვს, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე თვითონ გამოდიოდა ემბარგოების შემოღების ინიციატორად.
„როცა რუსეთი თავის რომელიმე მეზობელს სავაჭრო შეზღუდვებს უწესებდა, საკუთარი პოლიტიკური ნების თავსმოხვევის მიზნით, ასეთ შეზღუდვებს შედეგი არ მოჰქონდა“, – წერს ავტორი და ამის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ასახელებს, რომელსაც მოსკოვმა ეკონომიკური სანქციები დაუწესა – 2006 წელს აკრძალა ქართული მინერალური წყლის, ღვინისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების რუსულ ბაზარზე შეტანა. ამით რუსეთმა თავისი დარტყმა პროდასავლურად განწყობილ საქართველოს ხელისუფლებისაკენ მიმართა. მართალია, მოსკოვის ასეთმა ნაბიჯმა გარკვეულად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა, მაგრამ იმავდროულად ხელი შეუწყო ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ბაზრების ათვისების მიზნით. „არცერთ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას არ განუცდია ისეთი რადიკალური ცვლილება, როგორიც საქართველომ განიცადა. ქვეყანამ აქტიურად აიღო ორიენტაცია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებზე და კორუფციასთან ბრძოლის საკითხში. დღეს საქართველო რუსებისათვის კვლავ მიმზიდველ და პოპულარულ ქვეყნად იქცა – თავისი სამხრეთული ეგზოტიკით, გამორჩეული კულინარიითა და კორუფციასთან ნულოვანი ტოლერანტობით.
რუსეთმა სანქციების მეშვეობით პოლიტიკურ მიზანს ვერც მოლდოვასა და უკრაინის მიმართ ვერ მიაღწია. ცოტა სხვაგვარი სიტუაციაა თურქეთის შემთხვევაში, ასე ვთქვათ, საერთო ტენდენციიდან გამონაკლისის სახით: „ვლადიმირ პუტინმა ანკარასთან მიმართებით წარმატებას მიაღწია, როცა სრულმასშტაბიანი ემბარგო დააწესა, ავიარესისების აკრძალვის ჩათვლით. პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი საბოლოო ჯამში იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა 2015 წლის შემოდგომაზე სირიაში ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის გამო. თუმცა, ცხადია, ვლადიმირ პუტინმაც ძალიან გარისკა: თურქეთი ხომ რუსეთისათვის მნიშვნელოვანი პარტნიორია – გაზის იმპორტში მეორე ადგილი უკავია“.
„ვლადიმირ პუტინს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვებით პოლიტიკურ დათმობებზე არ წავა. იგი, ცხადია, აცნობიერებს იმას, რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე ეცემა, იმპორტულ საქონელზე ფასები მატულობს მაგრამ იმავდროულად ამ დროს პოზიტივიც არსებობს – ვითარდება ისეთი დარგები, რომლებსაც იმპორტშემცვლელი ფუნქცია აქვთ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 მარტი, 2017 წელი
http://www.amerikiskhma.com/a/georgian-military-pilot-captured-by-congolese-rebels/3743462.html
იოსებ ოსორაული – აფრიკის კონტინენტის ქართველი ტყვე
ზაზა წულაძე
28 თებერვალს ზუსტად ერთი თვე შესრულდა, რაც ქართველი სამხედრო მფრინავი იოსებ ოსორაული, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (კდრ) ტერიტორიაზე ტყვედ ჩავარდა. 2017 წლის 27 იანვარს, კდრ-ის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, ვირუნგას მთათა მასივში, ჩამქრალი ვულკანების – კარისიმბსა და მიკენოს შორის ერთბაშად ორი საბრძოლო MI-24 დაკარგეს. ერთ-ერთს MI-24-ს საქართველოს შეირაღებული ძალების ყოფილი მფრინავები – თადარიგის პოლკოვნიკი, 41 წლის იოსებ ოსორაული და თადარიგის უფროსი ლეიტენანტი, 37 წლის ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მართავდნენ. ისინი აფრიკის ამ სახელმწიფოში კერძო კონტრაქტით მსახურობდნენ. მეორე ვერტმფრენის ეკიპაჟი კი ბელორუსიის მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული.
ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის, ერთმანეთისგან დაახლოებით, 500 მეტრის მოშორებით, რა გახდა ორი MI-24-ის ჩამოვარდნის მიზეზი. კონგოდან წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება: ერთი ვერსიით, ორივე MI-24-მა ძლიერი ქარის გამო განიცადა კატასტროფა, მეორე ვერსიით კი, ვერტმფრენები გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლესს „სტრელა-2M“-ით იქნენ ჩამოგდებულნი.
ამ დროისთვის დადასტურებულად ცნობილია, რომ კონგოელმა სამხედროებმა, ბელორუსებთან ერთად, დაშავებული ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი მალევე აღმოაჩინეს, ქალაქ გომის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და დღეს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ავიაკატასტროფის ადგილზე დაიღუპა სამი კონგოელი, მათ შორის პოლკოვნიკი იეზიკილ კვასუნდოვე. პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული კი, სამი შვილის მამა, „23 მარტის მოძრაობის“ (M23) მეამბოხეებს ჩაუვარდა ხელში.
სამხედრო ბლოგერის დავით ნემსაძის ინფორმაციით, ტყვედ ჩავარდნილ ოსორაულს მეამბოხეებმა სახლში დარეკვის უფლება მისცეს, ისინი ხან დიდ გამოსასყიდს ითხოვენ, ხან კი დემოკრატიული კონგოს ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ: „უმაღლესი კლასის მფრინავია, 3500 მეტრიდან მან ისე დასვა დაზიანებული MI-24 მიწაზე, რომ პირადი შემადგენლობა გადარჩა. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ვიცი, რომ პოლკოვნიკ ოსორაულს საქართველოში დარეკვის საშუალება 2-ჯერ მისცეს. მეამბოხეები ხშირად ცვლიან მოთხოვნებს: ხან მილიონ დოლარს ითხოვენ, ხან ციხეებიდან 200 მათი მომხრის გათავისუფლებას, ხანაც ქვოტას კონგოს პარლამენტში“.
იოსებ ოსორაულიც და ვიაჩესლავ პლუჟნიკოვიც 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეები არიან: 8 აგვისტოს სწორედ მათმა ესკადრილიამ განახორციელა პირველი საბრძოლო გაფრენა ცხინვალი-ჯავის მიმართულებით, 11 აგვისტოს კი იოსებ ოსორაულმა რუსეთის არმიის პოზიციების მოულოდნელი ღამის დაბომბვით უდიდესი დახმარება აღმოუჩინა ჩვენი ჯარის მეორე ქვეით ბრიგადას.
პოლკოვნიკი იოსებ ოსორაული შერეული საავიაციო ესკადრილიის ყოფილი მეთაურია. 2010 წელს, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების შემდეგ, მან შეიარაღებული ძალები დატოვა და სამუშაოდ კონგოში წავიდა.
2010 წლის ოქტომბერში, ბათუმელი ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი კიდევ ხუთ ქართველი მფრინავთან ერთად „ენვერის“ გახმაურებული სპეცოპარაციის ფარგლებში აიყვანეს და ბრალად „რუსეთის ჯაშუშობა“ წაუყენეს. მაშინ ერთი მფრინავი „აღიარების სანაცვლოდ“ საპროცესო გარიგებით გაუშვეს, დანარჩენებიდან კი, ვინც ბრალი არ აღიარა, ოთხ მფრინავს – 11 წელი, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვს კი 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ყველა მფრინავი, მათ შორის, ვიაჩესლავ პლუჟნიკოვი 2013 წლის 13 იანვარს, ამნისტიის შედეგად, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მალევე ისიც სამუშაოდ კონგოში გაემგზავრა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2014 წელს, მცირე ხნით, იოსებ ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდა, თუმცა 2015 წლის მარტში, კვლავ დაწერა პატაკი და ისევ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების მფრინავი გახდა. თანამებრძოლების თქმით, იოსებ ოსორაულმა საკუთარი ადგილი ქართულ არმიაში ვეღარ ნახა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ზემო ალვანში მცხოვრებმა ოსორაულების ოჯახმა გვიან გაახმაურა იოსებ ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის ამბავი იმ იმედით, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება მის დახსნას მოახერხებდა. ოფიციალურმა კინშასამ კი მხოლოდ 22 თებერვალს დაადასტურა მფრინავ იოსებ ოსორაულის დატყვევების ფაქტი.
როგორც სამხეთ აფრიკაში საქართველოს ელჩი ბექა დვალი ამბობს, ამჟამად ქართველი დიპლომატები კინშასასთან მუდმივ კავშირზე არიან: „ჩვენ ვაგრძელებთ დიპლომატიურ ძალისხმევას, როგორც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებთან, ისე იქ განლაგებულ გაეროს მისიასთან საქართველოს მოქალაქის დასახმარებლად. რაც შეეხება გამოსასყიდს, რაც გავარკვიეთ დიპლომატიური არხებით, ეს თემა არ ფიგურირებს. ვიცით, რომ ტყვედ ჩავარდნილი მფრინავი არის ჯანმრთელად“.
ქართველი მფრინავები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 18 წლის წინ გამოჩდნენ. 1999-2000 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანამ კონგოს 6 მილიონ დოლარად 10 ერთეული [მოიერიშე] ავიაგამანადგურებელი SU-25K მიჰყიდა და ქართველი სპეციალისტებიც მიავლინა. იქ მაშინ სულ ახალი დასრულებული იყო კონგოს პირველი ომი (1996-1997), რომელსაც 25 ათასი ადამიანი შეეწირა. მას შემდეგ, დემოკრატიულმა კონგომ (ყოფილმა ზაირმა) „დიდ აფრიკულ ომად“ წოდებული მეორე ომი (1998-2002) გადაიტანა, რომელშიც ათი აფრიკული სახელმწიფო იყო ჩართული და 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა. კონგოში ასევე მოხდა კივუს კონფლიქტი (2004-2013) უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფით, რომელიც 2,5 მილიონ ადამიანს შეეხო. ამ კონფლიქტში დემოკრატიული კონგოს შეიარაღებულ ძალებს, მეზობელი ქვეყნების – რუანდისა და უგანდის აქტიური მხარდაჭერით, კონგოს არმიიდან გაქცეული დეზერტირების დაჯგუფება „23 მარტის მოძრაობა“ (M23) ებრძოდა, რომელმაც 2013 წლის ნოემბერში კაპიტულაცია გამოაცხადა.
დღეს კინშასაში მიაჩნიათ, რომ 2017 წლის იანვრის ბოლოს, რუანდისა და უგანდის საზღვართან ახლოს, ორი საბრძოლო MI-24-ის ჩამოგდებით, „23 მარტის მოძრაობამ“ ომი განაახლა. ალვანელი იოსებ ოსურაული ამჟამად სწორედ M23-ი დაჯგუფების წევრებს ჰყავთ დატყვევებული. დემოკრატიული კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში კი კიდევ, საქართველოს 30-მდე მოქალაქე მსახურობს.