globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 აპრილი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Apr 1st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისმა ისევ იგრძნო მოსკოვის მუქარა // მცირე პროგრესის შემდეგ ქართულ-რუსულმა ურთიერთობამ გაუარესება დაიწყო

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი: „საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ხმაა“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ ლინას ლინკევიჩიუსთან: „ნატოს საკუთარი თავის ეშინია… ალიანსი არა მხოლოდ საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემაზე ფრთხილობს, არამედ საკუთარი წევრების მოთხოვნებსაც ხშირად რუსეთის ფილტრში ატარებს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო-ირანი: „ცივი, კეთილმეზობლური ურთიერთობა“

«n-tv» (გერმანია): გერმანია – სამოთხე ქურდებისათვის // ბინების ძარცვას ქართველი ქურდების მაფია აკონტროლებს

«Deutsche Welle» (გერმანია): ქართული მაფია გერმანიაში ბინებს ძარცვავს

«Die Welt» (გერმანია): საქართველო გერმანიის პოლიციასთან თანამშრომ-ლობას ააქტიურებს

———————–

«Независимая газета» (რუსეთი), 01 აპრილი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-04-01/7_gruzia.html

თბილისმა ისევ იგრძნო მოსკოვის მუქარა

მცირე პროგრესის შემდეგ ქართულ-რუსულმა ურთიერთობამ გაუარესება დაიწყო

სტატიაში განხილულია ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ალექსანდრ გრუშკოს განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღება ევროპას მასშტაბური კრიზისის პირას მიიყვანს. როგორი რეაქცია აქვს რუსი დიპლომატის განცხადებაზე თბილისს? ამის შესახებ წერს მასალის ავტორი იური როქსი.

როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, ალექსანდრ გრუშკომ ზემოაღნიშნული განცხადება, აშკარაა, რომ ნატოს ევროპული ჯარების სარდლის ფილიპ ბრედლავის მიერ თბილისში ყოფნის დროს გაჟღერებული გამონათქვამის საპასუხოდ გააკეთა: გენერალმა თქვა, რომ ბალტიის რესპუბლიკების რუსეთისაგან დასაცავად იქ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ქვედანაყოფები უნდა გავაძლიეროთო.

რისთვის დაჭირდა ალექსანდრ გრუშკოს კიდევ ერთხელ იმის გამეორება, რომ ნატოში საქართველოს მიღება არ შეიძლებაო, გაუგებარია: დღეს უკვე ცნობილია, რომ საქართველოს არც ხვალ და არც ზეგ ალიანში არ მიიღებენ. უფრო მეტიც, თბილისის არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ნატოს ვარსავის სამიტზე საქართველო „მაპ“-საც კი ვერ მიიღებს, რომელიც, როგორც ცნობილია, ნატოში ახალი წევრის მიღებისათვის ბოლო საფეხურს წარმოადგენს. „მაპ“-ის გარეშე კი ალიანსში გაწევრიანება შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ ბოლო 15 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ევროპელმა ლიდერებმა ქართველი წარმომადგენლების თხოვნას და არგუმენტებს ყური წაუყრუეს.

კომპეტენტური წყაროების ინფორმაციით, საქართველოს ნატოში მიღებას ყველაზე მეტად გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებიან, მოარული ხმების თანახმად კი თბილისის არაკეთილმსურველები უფრო მეტია. კავკასიური ქვეყნის გაწევრიანებას კი ლობირებას უწევს შეერთებული შტატები და ყოფილი სოცბანაკის რამდენიმე ქვეყანა, პოლონეთის მეთაურობით. ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი „ჰაერში დაკიდებული“ რჩება.

ერთთი მხრივ, საქართველო ბეჯითად ასრულებს ბრიუსელის რეკომენდაციებს, მისგან დადებით შეფასებებს იღებს, აქტიურად მონაწილეობს ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, რომელსაც სამშობლოსაგან ძალიან შორს მდებარე ქვეყნებში მყოფი ქართველი ჯარისკაცების სიცოცხლე ეწირებამ მაგრამ მეორე მხრივ, თუ წინა წლების მდგომარეობას შევადარებთ, საქართველო ნატოს ერრთი ნაბიჯითაც კი არ მიახლოებია. სიტუაცია ისეა გაორებული, რომ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანმა ბრიუსელს პირდაპირ მოსთხოვეს – ბოლოსდაბოლოს, გვითხარით, გვიღებთ თუ არ გვიღებთ, ნუ გვატყუებთ და თავგზას ნუ გვიბნევთ ამდენი დაპირებებით… გვინდა ეს ვიცოდეთ, რომ ქვეყნის განვითარების გეგმები ნატოში გაწევრიანების გარეშე შევიმუშაოთო.

ალექსანდრ გრუშკოს განცხადება ხელსაყრელი აღმოჩნდა იმ ქართული პოლიტიკური ძალებისათვის, რომლებიც მზად არიან რუსეთთან დამოკიდებულების საკითხი 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს გამოიყენონ, ანუ ფაქტიურად, ყველასათვის. შემთხვევითი არაა, რომ თბილისელი პოლიტიკოსების რეაქცია მომენტალური აღმოჩნდა. მათ კონკრეტულ გამონათქვამებზე ლაპარაკს ახლა აზრი არ აქვს, თუმცა ვიტყვით, რომ ქართული მრავალხმიანი განცხადებების დედააზრი ასეთია: რუსეთი ისევ არ მიიჩნევს საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ; მოსკოვი თბილისს კვლავ მუქარას უთვლის და აშანტაჟებს; რუსეთთან საქართველოს აწონილ-დაწონილი პოლიტიკის გატარება უაზრობაა, რასაც ალექსანდრ გრუშკოს განცხადებაც ადასტურებს. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში.

ჯერ-ჯერობით ქვეყნის ხელისუფლება დუმილს ინარჩუნებს. ამ ფონზე მხოლოდ ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებამ გაიჟღერა: მან აშშ-ის ოფიციოზთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დასავლეთის საიმედო მოკავშირედ რჩება გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და რომ საქართველო რეგიონში ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მტკიცედ სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება. მართალია, პრეზიდენტს ეს ყველაფერი კონკრეტულად ალექსანდრ გრუშკოს საპასუხოდ არ უთქვამს, მაგრამ მასში კიდევ ერთხელაა დადასტურებული თბილისის გეოპოლიტიკური ვექტორი, ანუ ის, რაც ასე აღიზიანებს მოსკოვს.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/president-margvelashvili-in-acus/3262491.html

ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი: საქართველოს პრეზიდენტი მნიშვნელოვანი ხმაა

ანა კალანდაძე

ვაშინგტონში მდებარე გავლენიან ატლანტიკურ საბჭოში დახურულ კარს მიღმა შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტმა და საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მედიისთვის მოკლე კომენტარები გააკეთეს.

დეიმონ უილსონი პრეზიდენტ მარგველაშვილს მიესალმა და აღნიშნა, რომ ატლანტიკური საბჭოს ექსპერტები მოუთმენლად ელიან პრეზიდენტის მოხსენებასა და მასთან საუბარს, აგრეთვე გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარებას საქართველოსთან. დეიმონ უილსონი მიესალმა აშშ-ში საქართველოს ელჩ არჩილ გეგეშიძესაც, რომელთანაც, მისი თქმით, ატლანტიკურ საბჭოს ნაყოფიერი ურთიერთობები აკავშირებს საქართველოს უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და რეგიონული პოლიტიკის კვლევის სფეროებში.

„ბატონო პრეზიდენტო, ბირთვული უსაფრთხოების წლევანდელ სამიტში თქვენი მონაწილეობა ხაზს უსვამს თქვენი ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას, რასაც ჩვენ “რეგიონულ გზაჯვარედინს” ვუწოდებთ. გვსურს, გესაუბროთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, განსაკუთრებით, ნატოს ვარშავის სამიტის წინ. დღეს ვუმასპინძლეთ პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდას, მომავალ კვირას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გვეწვევა. როგორც ხედავთ, თქვენი ვიზიტი მნიშვნელოვან პერიოდს დაემთხვა. ამას გარდა, თქვენი საპარლამენტო არჩევნების წინ, გვინდა, ვისაუბროთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, რაც ევროპაში დიდი გამოწვევებისა და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ვითარდება. ამ მაგიდის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები გიცნობენ, როგორც დამოუკიდებელ, მნიშვნელოვან ხმას, ხშირად მორალურ ავტორიტეტს იმ დებატებში, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ხმას, რომელიც გამორჩეული წესიერებითა და კარგი იუმორით საუბრობს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო პრეზიდენტო!».

მისასალმებელ სიტყვაში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო ხელმეორე დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს ზეიმობს და ცდილობს, გაუმკლავდეს გამოწვევებსა და გახდეს ისეთივე თავისუფალი, როგორც აშშ. “ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: გვაქვს არაერთი მზარდი საფრთხე და რთული ვითარება რეგიონში, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ მდგომარეობა კომპლექსურია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ პარიზშიც და ბრიუსელშიც. კაცობრიობა გამოწვევის წინაშე დგას და ასეა თვით ყველაზე მეტად დაცულ სამხედრო ალიანსსა და მასში შემავალ ქვეყნებში. ეს არის რეალობა, რომელიც ძალიან მძაფრად გამოიხატა მთელ მსოფლიოში. ამასთან, ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მკაფიოდ აირჩია ევრო-ატლანტიკური და ევროპული ხედვა და ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ ამ ღირებულებების ერთგულებისთვის.”

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/linkevicius-interview-nato-russia/3263192.html

ინტერვიუ ლინას ლინკევიჩიუსთან: ნატოს საკუთარი თავის ეშინია... ნატო არა მხოლოდ საქართველოსთვისმაპ“-ის მიცემასთან დაკავშირებით ფრთხილობს, არამედ საკუთარი წევრების მოთხოვნებსაც ხშირად რუსეთის ფილტრში ატარებს

ია მეურმიშვილი

„ჩვენ იქამდე მივედით, რომ საკუთარი თავის გვეშინია“, – აცხადებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ნატო-რუსეთის ურთიერთობებზე. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე პოზიციას ინარჩუნებს. იგი ამბობს, რომ ნატომ წარსულიდან გაკვეთილი უნდა ისწავლოს და საკუთარი მოქმედებისა თუ უმოქმედობის შედეგები გათვალოს.

მინისტრმა შეცდომებზე საუბრისას 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა, რომელზეც საქართველოს და უკრაინას ალიანსმა სამოქმედო გეგმა არ შესთავაზა. ლინას ლინკევიჩიუსის აზრით, ამ გადაწყვეტილებამ რუსეთი წააქეზა და შედეგად, საქართველოში შეჭრა და მოგვიანებით ყირიმის ანექსია მოიტანა.

„ზოგიერთმა [ნატოს წევრმა] ჩათვალა, რომ ეს პროვოკაცია იქნებოდა. ზოგიერთ კოლეგას ეგონა, რომ ეს რუსეთისთვის სიგნალი იქნებოდა, რომ ჩვენ მათ ინტერესებს ვეცილებოდით. ეს, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო“, – აცხადებს მინისტრი. მისი თქმით, ნატოს ზოგიერთ წევრს რუსეთის მიმართ არამართებული დამოკიდებულება აქვს. მაგალითად, რამდენიმე ქვეყანას 2008 წელს და მას შემდეგაც, მიაჩნდა, რომ მოვლენებისთვის ზუსტი სახელის დარქმევა, რუსეთის მიმართ მკაფიო გზავნილის გავრცელება პროვოკაცია იქნებოდა.

„ჩვენ იქამდე მივედით, რომ საკუთარი თავის გვეშინია. აქ საქმე რაიმე სახის აგრესიასთან ხომ არ გვაქვს?! მე პირადად, როცა ვსაუბრობ იმაზე, რომ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციებში, სწორედ 2008 წელს ვგულისხმობ. მაშინ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იმის გამო არ მივიღეთ, რომ არ გვინდოდა [რუსეთის] პროვოცირება“, – ამბობს მინისტრი.

ნატო არა მხოლოდ საქართველოსთვის „მაპის“ მიცემასთან დაკავშირებით ფრთხილობს, არამედ საკუთარი წევრების მოთხოვნებსაც ხშირად რუსეთის ფილტრში ატარებს. მაგალითად, 2003 წელს ბალტიისპირეთის ქვეყნების ნატოში გაწვრიანებიდან მალევე, მათ ნატოს მეხუთე მუხლის ფარგლებში სამხედრო წვრთების ჩატარების მოთხოვნა დაიწყეს. რუსეთის შესაძლო პროვოცირების თავიდან აცილების მიზნით ალიანსი ამ სახის სავარჯიშოების ჩატარებაზე უარს ამბობდა. 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა წვრთნების მოთხოვნა გაააქტიურეს. ნატომ წვრთნების ჩატარებაზე გადაწყვეტილება 2012 წელს, თავდაპირველი მოთხოვნიდან თითქმის 10 წლის შემდეგ მიიღო.

ლინას ლინკევიჩიუსის განცხადებით, ნატოს მიერ წვრთნების ჩატარების დაყოვნებამ, ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის არმიცემამ და სხვა ბევრი მიმართულებით სიფრთხილის გამოჩენამ რუსეთს ანიშნა, რომ მას მოქმედება შეეძლო იმ ვაკუუმის ამოსავსებად, რომელსაც ნატო ტოვებდა. თუმცა, მისი თქმით, რუსეთი ნატოსგან გასხვავებული მეთოდებით მოქმედებს:

„ყველა ხომ კულტურულად არ იქცევა. ზოგიერთები ძალის გამოყენებით აკეთებენ საქმეს. საქართველოს ტერიტორიების ანექსიაც სწორედ ასე მოხდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ამას დამატებითი შედეგები მოჰყვებოდა და მაშინ, სხვათაშორის, ყირიმზე, დნესტრისპირეთზე, სხვა გაყინულ კონფლიქტებზე ვსაუბრობდით. ჩვენ [ნატომ] თუ ასე გავაგრძელეთ მოქცევა, სხვა გაყინული კონფლიქტებიც არსებობს, რომლებიც ნაბისმიერ დროს შეიძლება გააქტიურდეს,“ ამბობს ლინას ლინკევიჩიუსი.

ამ შეცდომებიდან ნატომ ვერაფერი ისწავლა, დასძენს მინისტრი. ერთადერთი მხარე, რომელიც ნატოს მოქმედებებზე დაყრდნობით გარკვეულ დასკვნებამდე მივიდა, რუსეთი იყო. მოსკოვმა გაიგო, რომ ასე მოქმედება შეუძლია; რომ შეუძლია მოახდინოს სახელმწიფოს ნაწილის ანექსია მისთვის მინიმალური უარყოფითი შედეგებით. მოგეხსენებათ, რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე თვეში ურთიერთობები ნორმალურ ფარგლებს დაუბრუნდა და 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, ეგრეთწოდებული, სარკოზის გეგმის, პირობებს რუსეთი დღემდე არ ასრულებს.

ლიტვის პირველ დიპლომატს მიაჩნია, რომ დღეს ევროპაში იგივე დამოკიდებულება შეინიშნება, რაც 2008 წელს იყო. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთს სანქციები მოეხსნას და ურთიერთობები კვლავ ნორმალურ კალაპოტში ჩადგეს: „არ შეიძლება ამის გაკეთება. ეს ძალიან ხანმოკლე წარმატება იქნება. ჩვენ ისევ დავუბრუნდების ძველ სიტუაციას და მერე გაგვიკვირდება რატომ მოხდა სადღაც რაღაც. არ მინდა ახლა ჩამოვთვალო სად რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ყველამ ვიცით სად არის გაყინული კონფლიქტები, რომლებიც უბრალოდ გაღვიძების საკუთარ რიგს ელოდება.“

დასავლეთის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში, უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა შეხედულება, რომ რუსეთის აგრესია დასავლეთის ბრალია. შეხედულების მხარდამჭერები ასევე ამბობენ, რომ იმის გამო, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ყველაზე დიდ საშიშროებადაა გაწერილი, ალიანსმა გაფართოების პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს და არსებულ ფარგლებში გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა. ამ არგუმენტის მომხრეები რუსეთის საქართველოსა და უკრაიანში აგრესიას დასავლეთის მხრიდან რუსეთის ინტერესების უგულვებელყოფას აბრალებენ. ლინკევიჩიუსი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება:

„ჩვენ საკუთარ თავს არ უნდა ვადანაშაულებდეთ იმაში, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია! მაგრამ იმით, რომ რაღაცეებზე თვალს ვხუჭავთ, ვივიწყებთ საკუთარ მოთხოვნებს, ვაწარმოებთ ეგრეთწოდებულ, არა-პროვოკაციულ პოლიტიკას – რომელიც მე მიმაჩნია, რომ სწორედ პროვოკაციულია – ხელს ვუწყობთ წაქეზებას. ჩვენ მომხდარში თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ, მაგრამ ვალდებულები ვართ პასუხისმგებლობა გავიზიაროთ!“, – აცხადებს მინისტრი.

პასუხისმგებლობის განაწილებაში ის იმას გულისხმობს, რომ ნატო პრობლემის გადაჭრაზე უნდა მუშაობდეს, მაგრამ უმოქმედობით ის პრობლემის ნაწილი ხდება. „არ ვიყენებთ ჩვენს გავლენას, რომლის გამოყენება არათუ შეგვიძლია, არამედ გვევალება. ამაში არაფერი აგრესიული არ იქნება, ეს ჩვენი თანმიმდევრულობის გაგრძელება იქნება“, – ამბობს ლიმას ლინკევიჩიუსი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აპრილი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-iran/3262661.html

საქართველო და ირანი: ცივი, კეთილმეზობლური ურთიერთობა»

ნინო დალაქიშვილი

რა ვითარებაა საქართველო–ირანის ურთიერთობების თვალსაზრისით მას შემდეგ, რაც საქართველომ გააუქმა ირანთან სავიზო რეჟიმი, ხოლო ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, ასევე გერმანიას შორის გაფორმდა ბირთვული შეთანხმების სახელით ცნობილი დოკუმენტი.

რა პოტენციალი არსებობს საქართველო–ირანს შორის ურთიერთობის კუთხით, რამდენად შეიძლება გაძლიერდეს მისი როლი საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე, სოფლის მეურნეობაში და სხვა. ამ თემებზე სასაუბროდ კავკასიურ სახლში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაიზადე იმყოფებოდა. აქვე გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია სახელწოდებით „საქართველო–ირანის ურთიერთობები და ახალი გამოწვევები ბირთვული შეთანხმების შემდეგ“.

ირანის ელჩის მოადგილის, მოჰსენ ქებრიაიზადეს თქმით, ირანი ბუნებრივი გაზის რესურუსის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, ხოლო პირველი იმ შემთხვევაში, თუ ერთად ვიანგარიშებთ ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოცულობებს, რაც ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ენერგეტიკის საკითხს და ამ მხრივ ურთიერთობებს სახელმწიფოებს შორის განიხილავს, როგორც ეკონომიკის სფეროს ცალსახად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური მომენტი სათვალავში ჩასაგდები არაა. ელჩის მოადგილემ არაერთხელ აღნიშნა, რომ რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალი საქართველოსა და ირანს შორის არაა ათვისებული, რასაც მიიჩნევს ხარვეზად. „საქართველოს შესაძლებლობების შესახებ ირანის შესაბამისი უწყებები ინფორმაციას ნაკლებად ფლობენ. ამიტომაც ჩვენი შეთავაზება იყო იმის თაობაზე, რომ ჩატარდეს ენერგეტიკული სემინარები, ტრენინგები. დიდი იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წელს შევძლებთ ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი ფორუმის ორგანიზებას“.

ირანის ელჩის მოადგილემ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი ცალსახად დააფიქსირა, თუმცა აქვე გაეცა შეკითხვას იმის თაობაზე, აქვს თუ არა კომუნიკაცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან და განიხილება თუ არა გაზის ტრანსპორტირების საკითხი საქართველოში, ან იხილება თუ არა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალი. მოჰსენ ქებრიაიზადემ საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილის პარალელურად ისიც დააფიქსირა, რომ ირანს არ სურს გაზის გატანა ევროპაში და გამოთქვა წუხილი იმის გამო, რომ მიუხედავად ტერიტორიული სიახლოვისა, საქართველოში ნაკლებად აქვთ ინფორმაცია ირანის შესახებ და პირიქით – ირანში არაფერი იციან საქართველოს თაობაზე.

აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ საქართველო–ირანის ურთიერთობა ერთი წინადადებით ასე დაახასიათა: „ესაა ცივი, კეთილმეზობლური ურთიერთობა“. იგი ამბობს, რომ ირანი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვერ მოახერხებს ვერც ერთი ნაბიჯის გადადგმას ისე, რომ ეს დაპირისპირებაში მოდიოდეს რუსეთის ინტერესებთან: „ცალკე აღნიშვნის ღირსია ირანის ურთიერთობა რუსეთთან. ირანი, ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში აღიარებს რუსეთის ინტერესების პირველადობას საკუთარ ინტერესებთან შედარებით. საქართველოსთან მიმართებით ბევრი პრობლემაა. მაგალითად, ესაა საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან, მესამე პრობლემად შეიძლება მივიჩნიოთ საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია და სურვილი გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ ამასთანავე, ეს პროდასავლური ორიენტაცია, გარკვეულწილად, შესაძლოა მიმზიდველიც იყოს ირანისთვის.“

ირანის ელჩის მოადგილე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საგარეო პოლიტიკური ფაქტორებისა, ირანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის სტაბილური მხარდამჭერია. „კავკასიური სახლის“ პოლიტიკის დოკუმენტში ნათქვამია: „საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აშშ–სთან, ისრაელთან, ირანსა და ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა სხვა სახელმწიფოსთან მეგობრული ურთიერთობები აქვს. საქართველოს აქვს რესურსი გამოიყენოს ეს მდგომარეობა და დასავლურ სამყაროსა და ირანს შორის გამტარის როლი შეასრულოს“.

«n-tv» (გერმანია), 31 მარტი, 2016 წელი

http://www.n-tv.de/politik/Georgiens-Mafia-steuert-wohl-Einbruchserie-article17352506.html

გერმანია – სამოთხე ქურდებისათვის

ბინების ძარცვას ქართველი ქურდების მაფია აკონტროლებს

გერმანიის ტელეკომპანია «n-tv»-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულობების შესახებ. მასში გადმოცემულია ის მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც ქართველები ჩადიან გერმანიაში და რა ხერხებით სარგებლობენ ისინი საცხოვრებელი სახლების ძარცვის დროს.

გერმანის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული ასოციაციის (BDK – Bund Deutscher Kriminalbeamter) ხელმძღვანელმა ანდრე შულცმა გაზეთ „ბილდ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში პასუხისმგებლობა ქართულ მაფიას დააკისრა: „გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულობების უკან ქართული მაფიოზური ჯგუფები დგანან, რომლებიც მიზანმიმართულად აგზავნიან კრიმინალურ ელემენტებს საქართველოდან გერმანიაში, აქ კი მათ ხვდებიან ადამიანები, აძლევენ მათ დრეობით თავშესაფარს და სანამ 8-10 თვის განმავლობაში მათი თხოვნა განიხილება, ისინი სახლების ძარცვით არიან დაკავებულნი. მძარცველები ხშირად თავს ლტოლვილებად ასაღებენ. ისინი საკმაოდ მობილურები არიან სხვადასხვა ქალაქებში გასტროლიორობენ“, – ამბობს ანდრე შულცი. მისი თქმით, ასევე ბევრი დამნაშავეა წარმოშობით დასავლეთ ბალკანეთიდან და მაღრიბის (აღმოსავლეთის) ქვეყნებიდან. „გერმანია პროფესიული ბანდებისათვის პირდაპირ სამოთხეა. ჩვენი ქვეყანა ევროპაში მდიდარია და აქ ქურდობა „მადას აღძრავს“, – ამბობს ანდრე შულცი.

გაზეთების მონაცემებით, გერმანიაში იმიგრანტების მიერ ბინების ძარცვის რაოდენობამ 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს მნიშვნელოვნად მოიმატა, რომელმაც საერთო რაოდენობის 9,9% შეადგინა (167 ათასი შემთხვევა).

————

ტელეკომპანია «n-tv»-ს ეთერში 31 მარტს ისაუბრა BDK-ის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მიხაელ ბიოლმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ გერმანიაში ქართული წარმოშობის დამნაშავე პირები ძალიან მომრავლდა, ქართული მაფია გააქტიურდა და რომ გერმანიის ხელისუფლებამ ამაზე უმკაცრესი ზომები უნდა მიიღოს (წყარო: http://www.n-tv.de/mediathek/videos/politik/Georgische-Mafia-organisiert-viele-Einbrueche-in-Deutschland-article17354006.html

«Deutsche Welle» (გერმანია), 31 მარტი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/грузинская-мафия-грабит-квартиры-в-германии/a-19155855

ქართული მაფია გერმანიაში ბინებს ძარცვავს

„ქართული მაფიის შემოსევა გერმანიაში“ – ამ სათაურით გამოქვეყნდა 31 მარტს ინტერვიუ გერმანიის ყველაზე მრავალტირაჟიან ბულვარულ გაზეთ „ბილდ“-ში (Bild) კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე  ანდრე შულცთან, რომელიც კორესპონდენტს საცხოვრებელი ბინების ძარცვის სტატისტიკისა და ქურდ-მძარცველთა წარმომავლობის შესახებ ესაუბრება. მისი თქმით, 2015 წლის სტატისტიკა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, 2014 წელთან შედარებით, ბინების ძარცვამ 10%-თ მოიმატა 167 ათასი შემთხვევა შეადგინა. „ყველაზე მეტად ქურდობენ მობილური, ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლებული დამნაშავეები (ე.წ. «გასტროლიორები“). ჩვენ აშკარად პროფესიონალ ქურდთა ბანდების შემოსევის მოწმენი ვართ. ისინი უმეტესად სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც არიან, რომლებიც თავიანთ გავლენას მთელი გერმანიის ქალაქებსა და რეგიონებზე აფართოებენ. ასევე აქტიურობენ სერბები, ბოშათა კლანები ალბანეთიდან და ჩრდილოაფრიკელი იმიგრანტები“, – ამბობს ანდრე შულცი.

ქართულ მაფიაზე წერს აგრეთვე კიდევ ერთი გერმანული გაზეთი „ველტი“ (Die Welt), რომელმაც 31 მარტს დიდი სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული, თუ როგორ დააპატიმრეს გასულ წელს ქალაქ დორტმუნდში მძარცველთა ბანდა, დაპატიმრებით, რომლის 12-ვე წევრი ქართველი აღმოჩნდა. სხვათა შორის, ქართველი ქურდების აქტიურობის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი თომას მეზერი და სისხლის სამართლის საქმეების ფედერალური უწყების ხელმძღვანელი ჰოლგერ მიუნჰი ჯერ კიდევ გასულ შემოდგომაზე გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუბრობდნენ. სწორედ მათ აცნობეს „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტს, რომ იმ ეტაპზე გერმანელი სამართალდამცავები 300 ქართველის მიერ ჩადენილი ძარცვის საქმეებს იძიებდნენ. იმავე პრეს-კონფერენციაზე ითქვა, რომ გერმანელთა საცხოვრებელი სახლების ქართველი მძრაცველები (ე.წ. „დომუშნიკები“) გერმანიაში სწორედ ლტოლვილების ნიღბით შედიანო, ახლა კი „ბილდის“ მკითხველებს იგივე უთხრა ანდრე შულცმაც. მისი თქმით, ქართული მაფია მიზანმიმართულად არცევს საქართველოში დამნასავეებს და მათ გერმანიაში გზავნის. „ისინი ჩამოდიან და პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით განცხადებებს წერენ. მართალია, მათ თავშესაფრის მიღების არავითარი შანსი არ აქვთ, მაგრამ სანამ მათ განცხადებებს განიხილავენ, ისინი გერმანიაში ყოფნის დროს, 8-12 თვის განმავლობაში, ქურდობენ და სახლებს ძარცვავენ“, – აღნიშნავს ანდრე შულცი.

წყაროები: http://www.bild.de/bild-plus/politik/inland/bunddeutscherkriminalbeamter/banden-aus-suedosteuropa-auf-deutschland-raubzug-45119816

«Die Welt» (გერმანია), 01 აპრილი, 2016 წელი

http://www.welt.de/regionales/rheinland-pfalz-saarland/article153839557/Georgien-will-Zusammenarbeit-mit-Polizei-staerken.html

საქართველო გერმანიის პოლიციასთან თანამშრომლობას ააქტიურებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გერმანიაში (რეინლანდ-პფალცის ფედერალურ მხარეში) ვიზიტის მიზანს ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანელ კოლეგებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. იგი ხუთშაბათს, 31 მარტს, ქალაქ მაინც ეწვია და იქ არსებული პოლიციის სკოლა დაათვალიერა, შემდეგ კი მხარის შინაგან საქმეთა მინისტრს როჯერ ლევენცს შეხვდა. მათ ისაუბრეს შეთანხმების გაფორმებაზე დამნასავეობასთან ერთობლივი ბრძოლის მიზნით.

როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, გასული წლების სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში მნიშვნელოვნად მოიმატა ქართული მაფიოზური ბანდების წევრთა მიერ ჩადენილმა დანაშაულის რაოდენობამ, განსაკუთრებით ბინების ძარცვამ: თუ 2012 წელს მხოლოდ 191 სამართალდარღვევა დაფიქსირდა, 2015-ში უკვე ქურდობის 1461 შემთხვევა მოხდა. ძიებაშია ქართული წარმოშობის 593 ეჭვმიტანილი, რაც 57%-იან ზრდას შეადგენს. მათ შორის ბევრია მრავალჯერ ნასამართლევი რეციდივისტები.

მართალია, რეინლანდ-პფალცის მხარე ასეთი სახის დანაშაულობათა მატებით გერმანიის სხვა მხარეებისაგან არ გამოირჩევა, მაგრამ თბილისი და მაინცი მაინც აგრძელებენ თანამშრომლობის ტრადიციებს.

Comments are closed