globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 აპრილი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Apr 1st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: საკონსტიტუციო ცვლილებები ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ): როგორია ევროპის მომავალი? // ერთ-ერთი სცენარით, ევროკავშირი, რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს და უკრაინის ხარჯზე დათმობებზე მიდის

«Atlantic Council» (აშშ): უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის – სიგნალი ყველასათვის // მაშინ როცა დასავლეთი მიგრანტებს კარებს უკეტავს, ერთ პატარა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ტენდენციის გადალახვა მოახერხა

«НСН – Национальная Служба Новостей» (რუსეთი): ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ კონსტანტინ სივკოვთან: „თბილისმა და კიევმა სამხედრო შეთანხმებაზე ხელმოწერით თავიანთი სისუსტის დემონსტრირება მოახდინეს“ // რატომ არ შეუძლიათ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება?

«RFE//RL – Эхо Кавказа» (აშშ): აფხაზეთის საკითხი: გეოპოლიტიკური გარღვევა, რომელიც არ მომხდარა J

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/constitutional-changes-young-democracy/3791034.html

საქართველო: საკონსტიტუციო ცვლილებები ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში

ნინო დალაქიშვილი

საკონსტიტუციო ცვლილებებზე საქართველოში 73 ადამიანისგან შემდგარი საკონსტიტუციო კომისია მუშაობს. მის წევრებს შორის არიან საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის, არასაპარლამენტო პარტიების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იუსტიციის მინისტრი, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სხვები. საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თბილისში გაიმართა „ღია საზოგადოება – საქართველოს“, ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, DRI და IDFA –ს ორგანიზებით, მთელ დღეს გაგრძელდა და ყველაზე პრობლემურ საკითხებს შეეხო.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კონსტიტუციური რეფორმის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილებების ჩამორთმევას. „ერთი ეხება უშიშროების საბჭოს. ეს არის უმარტივესი ნონსენსი. უშიშროების საბჭო არის ორგანო, რომელიც ეთათბირება პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რაც არის მთავრობის კომპეტენცია. არ შეიძლება კომპეტენცია იყოს ერთის და მე ვეთათბირებოდე მეორე ორგანოს. ეს არის სრული ნონსენსი. ესაა ერთი ცვლილება და მეორე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენას. 2010 წლის ვენეციის კომისიის დასკვნაში ეწერა, რომ უმჯობესია, ეს უფლებამოსილება გადავიდეს პრეზიდენტის ინსტიტუტიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

შალვა შავგულიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი კომისიაში ამბობს: „საკითხი, რა თქმა უნდა, უმთავრესად გადაბმულია პარლამენტის არჩევის წესზე. მთავრობის გულწრფელობა, იმის თაობაზე, ანუ მართლაც სურს თუ არა ასეთი ნეიტრალური არბიტრი – პრეზიდენტის მიღება და არა ისეთი პრეზიდენტის, რომელიც მართვადი იქნებაპოლიტიკური ძალისგან და ფაქტობრივად, დანიშნული იქნება მმართველი ძალის მიერ, გამოჩნდება მაშინ და გავიგებთ იმის მიხედვით, თუ როგორი საპარლამენტო არჩევნების წესზე დაგვთანხმდება მმართველი ძალა“.

„ამერიკის ხმამ“ ინტერვიუ ჩაწერა DRI–ს წარმომადგენელ ფერნანდო კასალ ბერტოასთან რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს: „მე ვფიქრობ, თქვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანია ძლიერი პოლიტიკური პარტიების მშენებლობა. ამისთვის თქვენ გჭირდებათ შექმნათ ინსტიტუციური ჩარჩო, რომ მან პოლიტიკური პარტიების სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოს. პარლამენტარიზმის მიღება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ არჩეული პრეზიდენტის პირობებში, გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების როლს. ისინი, რა თქმა უნდა ჩართულები იქნებიან პრეზიდენტის არჩევნებში, ყველა შემთხვევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი, რა თქმა უნდა, ძალიან საკამათოა. ასევე, მიმაჩნია, რომ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შეამცირებს ძალაუფლების კონცენტრაციის რისკს (თქვენ იცით, რომ ახლა ჩვენ გვაქვს სუპერ უმრავლესობა). პროპორციული სისტემა პარტიების მნიშვნელობას გაზრდის, რადგან ამომრჩევლები პოლიტიკოსებს დაუკავშირდებიან პოლიტიკური პარტიების შუამავლობით. მაჟორიტარული სისტემის დროს ეს ასე არ ხდება. პროპორციული სისტემა პარლამენტარიზმის როლსაც გაზრდის და ასევე გამოკვეთს ოპოზიციის მნიშვნელობას უმრავლესობის კონტროლის მიმართულებით. ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბალანსის თვალსაზრისითაც საინტერესოა“.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდნენ პარტიები საქართველოში, ფერნანდო კასალ ბერტოა ასე გვპასუხობს: „რამდენიმე გზა არსებობს პარტიების გაძლიერებისთვის: უნდა გაფართოვდეს კავშირების სპექტრი პოლიტიკურ პარტიებსა და ამომრჩევლებს შორის. საჭიროა მობილიზაცია, სანფორმაცო კამპანიები ხმის მიცემის, პროგრამების, ზოგადად შინაარსობრივ საკითხებზე. ეს გაზრდის ამომრჩევლის ცნობიერებას. აქ მხოლოდ პერსონების ცნობადობა არ იგულისხმება, ან დროებით ღონისძიებებზე კონცენტრირება. მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის ფაქტორი, რადგან ეს კავშირშია ნდობის მოპოვებასთან ამომრჩევლებს შორის. უნდა გაიზარდოს ორგანიზაციული ფაქტორი. ახალი წევრების რეკრუტირებამ კამპანიურობის სახე უნდა მიიღოს, ასევე მხარდამჭერების, აქტივისტების, მათ შორის ინფორმირებული აქტივისტებისა და მოხალისეების მობილიზებაც მნიშვნელოვანია. დიდი ხარვეზია, თუ ეს პროცესი მიმდინარეობს გაუაზრებლად, ზედაპირულად, როდესაც სინამდვილეში ინფორმაციას ფუნდამენტურად არ ფლობ“.

საერთაშორისო ექსპერტი საკუთარ დაკვირვებას გვიზიარებს საქართველოში პოლიტიკური პარტიების მიერ გახარჯული თანხების მიზნობრიობის თაობაზეც: „საქართველოში პოლიტიკური პარტიები იღებენ ფულს ხელისუფლებისგან. მათ რომ ეს ფული დახარჯონ იმაზე, რაზეც რეალურად უნდა ხარჯავდნენ, მაგალითად კამპანიების წარმოებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, სხვა სურათი გვექნება. სინამდვილეში ეს ფული იხარჯება ბილბორდებზე, პლაკატებზე, პოსტერებზე, დიდი ოდენობით კამპანიებზე, რის გადაუდებელი აუცილებლობაც არ არის. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აწარმოონ უფრო მეტად ინფორმაციული, საგანმანათლებლო აქტივობები. ეს მნიშვნელოვანია მომავლის მშენებლობისთვის. მაგალითად, არაპროპორციულად, შეუფერებლად დიდი რაოდენობა იბეჭდება ლიდერების ფოტოები, რასაც ყველგან ვაწყდებით ქუჩებში. ეს დამახასიათებელია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის“.

კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ქვეყნის მოწყობის წესი იცვლება. ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ კონფერენციის მსვლელობისას განაცხადა, რომ დღეს ყველამ კარგად იცის და კვლევები ცხადყოფს, რომ ხალხს საკონსტიტუციო რეფორმა, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი და ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი არ აღელვებს, რადგან ქვეყანაში ნომერი პირველი პრობლემა უმუშევრობა და სოციალური საკითხებია.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 აპრილი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/future-of-the-europe/3790932.html

როგორია ევროპის მომავალი?

ატლანტიკური საბჭოსმიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული ანალიზის ერთ-ერთი სცენარით, ევროკავშირი, რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს და უკრაინის ხარჯზე დათმობებზე მიდის

ნანა საჯაია

როდესაც შეერთებულ შტატებში ევროპის კავშირის ელჩი დევიდ ო’სალივანი რომის ხელშეკრულების 60-ე წელიწადს და ევროპის ეკონომიკური გაერთიანების იუბილეს აღნიშნავდა, საქართველოში კი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ზეიმობდნენ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხელს აწერდა „ბრექსიტ“-ის სახელით ცნობილ ევროკავშირთან გაყრის პროცესს. „ყველაფრის მიუხედავად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ევროპის მომავალის მიმართ“, – ამბობს ევროპის კავშირის ელჩი შეერთებულ შტატებში დევიდ ო’სალივანი და დასძენს, რომ „ბრექსიტ“-ისგან „დომინოს ეფექტს“ არ მოელის.

ევროპის ცვალებად პოლიტიკას, მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაშეერთებულ შტატებთან მის ურთიერთობას განიხილავს ვაშინგტონში ბაზირებული „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებული სტრატეგიული ანალიზი სათაურით „ევროპა 2022 წელს“.

კვლევის ავტორების შეფასებით, ევროპული პროექტი კრიზისშია. ეკონომიკური უთანასწორობა, მემარჯვენე პოლიტიკური ძალების აღზევება, მიგრანტთა კრიზისი, რუსეთის მზარდი აგრესია და შეერთებული შტატების ნაკლები ჩართულობა რეგიონში – ეს არის ხუთი ძირითადი სცენარი, რომელსაც ავტორები, როგორც თვითონ ამბობენ, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და გადაწყვეტილების მიმღებთათვის აანალიზებენ.

ანგარიშში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობას ეძღვნება. ავტორების მიერ შემუშავებული ამ სცენარის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება იძაბება, 2017 წლის ბოლოსკენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ქალაქ მარიუპოლზე სამხედრო შეტევას იწყებენ, მარიუპოლი ეცემა. 2019 წელს რუსეთის კიბერ-შეტევის სამიზნე ბალტიისპირეთი ხდება, 2020 წელს კი, მას შემდეგ რაც ნატო ბალტიისპირეთსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განთავსების გადაწყვეტილებას იღებს, რუსული სამხედრო თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეს არღვევს, რიგის თავზე კომერციულ რეისს ეჯახება და შედეგად 220 მგზავრი იღუპება. შედეგად კი „იწყება ახალი ცივი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის“.

კვლევის ავტორი მეთიუ ბაროუსი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ სცენარში ევროპის კავშირი რუსეთის აგრესიის თავიდან ასაცილებლად საქართველოს და უკრაინის ხარჯზე დათმობებზე მიდის.

„რუსეთის მზარდი აგრესიის პირობებში ევროპის პოზიციები სუსტდება, ასევე შესუსტებულია მისი კავშირები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვნახეთ რუსეთის აგრესია უკრაინაში, რის შემდეგაც ევროპის ზოგიერთ დიდ ქვეყანას აქვს განცდა, რომ რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს. ამ სცენარის მიხედვით, ევროპა რუსეთს ჰპირდება, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სამეზობლოს სხვა ქვეყნები არასდროს გახდებიან ევროპის კავშირის წევრები. ეს არის ერთ-ერთი შესაძლო სცენარი იმისა თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს ევროპაში, რაზეც პოლიტიკის შემქმნელები უნდა დაფიქრდნენ“, – ამბობს მეთიუ ბაროუსი.

კიდევ ერთი პესიმისტური სცენარი, რომელსაც ავტორები განიხილავენ არის შეერთებული შტატების ჩართულობის შემცირება. ამ სცენარში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2017 წლის ნატოს სამიტზე აცხადებს, რომ მომავალში მსგავს საერთაშორისო ყრილობებს არ დაესწრება. რუსეთი ევროპაზე წნეხს აგრძელებს, 2022 წელს რუსეთი თანახმაა უკრაინაში სეპარატისტებისადმი მხარდაჭერა შეწყვიტოს და სანაცვლოდ ითხოვს პირობას, რომ უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა და საქართველო ვერც ევროკავშირის და ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ვერ გახდებიან.

„ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონისთვის რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა პრობლემურია არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის: „დღეს ვხედავთ რუსეთს, რომელიც, ჩემი აზრით, შიდა პრობლემების ექსპორტს ცდილობს. პუტინი ცდილობს გვაჩვენოს, რომ რუსეთი ძლიერია სამეზობლოში და რომ მას შეუძლია ევროპას პრობლემები შეუქმნას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გამოწვევები გვაქვს,“ ამბობს უილსონი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი განსაზღვროს საქართველომ: „სანამ რუსეთი შეეცდება მეზობლების ნაცვლად გადაწყვეტილებები მიიღოს, ჩვენ ყოველთვის გვექნება პრობლემები და დაძაბულობა არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროპაში. რაც უფრო ძლიერი იქნება ქართული საზოგადოება, უფრო ძლიერი იქნება მისი იმუნიტეტი რუსეთის წინააღმდეგ. ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპიზაციის ნაწილია.“

ევროპის მკვლევარების მიერ მომზადებული ხუთი სავარაუდო სცენარიდან ოთხი პესიმისტურია. მხოლოდ ერთ სცენარში ახერხებენ ევროპული ქვეყნები მჭიდრო თანამშრომლობას: 2017 წლიდან ეკონომიკა ნელ ზრდას იწყებს, საფრანგეთში მემარჯვენე ნაციონალისტები მარცხდებიან, პოლონეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ბიუჯეტები იზრდება და ნატოს ევროპელი წევრები ალიანსის ერთგულებად რჩებიან.

კვლევის პრეზენტაციაზე მოსული ევროპარლამენტარი გერმანიიდან დანიელ კასპარი ამბობს, რომ ბევრი გამოწვევის და ცვალებადი გარემოს მიუხედავად ევროპის კავშირი წარმატებული პროექტია: „ევროპამ საკუთარი თავის რეკონსტრუქცია უნდა შეძლოს. ახლა გაფართოების და ახალი წევრების მიღების დრო არ არის, უკანასკნელი გაფართოება არ ყოფილა კარგად დაგეგმილი პროცესი და მას თავისი სირთულეები ახლდა. მაგრამ მე მჯერა, რომ ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება უკეთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას“, – განაცხადა დანიელ კასპარმა.

კვლევის ავტორები ერთ-ერთ რისკად მკვეთრი ლიდერობის უკმარისობას ასახელებენ. ევროპაში მემარჯვენე ნაციონალისტური ძალების მომძლავრების მიუხედავად, დანიელ კასპარს საფრანგეთის და გერმანიის მომავალი არჩევნები არ აშინებს. „ამერიკელები გვეხმარებიან თავიანთი არჩევანით, ისინი გვაძლევენ მაგალითს, თუ როგორი ლიდერები არ უნდა ავირჩიოთ ევროპაში“, – ამბობს დანიელ კასპარი.

«Atlantic Council» (აშშ), 31 მარტი, 2017 წელი

http://www.atlanticcouncil.org/blogs/ukrainealert/one-small-step-for-georgia-one-giant-leap-for-the-eu

უვიზო რეჟიმი საქართველოსთვისსიგნალი ყველასათვის

მაშინ როცა დასავლეთი მიგრანტებს კარებს უკეტავს, ერთ პატარა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ტენდენციის გადალახვა მოახერხა

ალექსანდრა ჰოლ-ჰოლი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში

საქართველო 28 მარტს ევროკავშირის შენგენის უვიზო ზონას შეუერთდა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე თვით ევროკავშირისთვისაც. პირველ რიგში ეს ადასტურებს ევროკავშირის უნარს შეასრულოს თავისი დაპირება და ვალდებულება, მეორე მომენტი კი ისაა, რომ ბრიუსელი დაინტერესებულია მეზობლებში, შეუძლია რეფორმების სტიმულირება და ერთიანობის შენარჩუნება ყოველ პოლიტიკურ სიტუაციაში.. საქართველოს შესახებ ვიზალიბერალიზების გადაწყვეტილება ევროკავშირმა იმ დროს მიიღო, როცა დიდმა ბრიტანეთმა გაერთიანებიდან გასვლა დაიწყო. ასე რომ, საქართველოს სიხარულს იზიარებენ ისინი, ვისაც დღემდე სჯერა იდეალებისა „ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ შესახებ.

(…)

თუ მხედველობაში მივიღებთ ევროპელი ელექტორატის არასასიამოვნო განწყობას მიგრანტებისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების  მიმართ, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მიღწევაა. სწორედ ზემოთხსენებული ფაქტორებმა შეასრულეს დიდი როლი ბრიტანულ „ბრექსით“-ში. მსგავსი ანტიმიგრანტული და თავისუფალი გადაადგილების საწინააღმდეგო მოწოდებები ისმის ნიდერლანდების, გერმანიისა და საფრანგეთის საარჩევნო კამპანიებში. თავის მხრივ, საქართველომ ქება დაიმსახურა „საშინაო დავალების“ კარგად შესრულების გამო, ევროკავშირის კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით (უსაფრთხოება, საზღვრებისა და მიგრაციის კონტროლი…). გარდა ამისა, საქართველომ მოახერხა და დასძლია ორგანიზებული დამნაშავეობა და სავიზო დარღვევები, რისაც ევროპა ესოდენ იყო შეშფოთებული. პროცესმა საკმაოდ ბევრი სფეროს რეფორმირება მოითხოვა, მათ შორის ანტიდისკრიმანაციული კანონების მიღებაც, რაც საკმაოდ საჩოთირო საკითხი იყო ქართული კონსერვატიული საზოგადოებისათვის.

უვიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული მიგრაციული პროცესები ხმელთაშუა ზღვის რეგიონიდან. ძირითადად მართლმადიდებელი საქართველო შედარებით ნაკლებ შეშფოთებას იწვევდა კულტურისა და უსაფრთხოების საკითხებში, რომლებიც მოგვიანებით სირიელ და ლიბიელ ემიგრანტებთან დაკავშირებით წარმოიქმნა. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მოსახლეობას (4 მლნ. მცხოვრები), იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც უვიზო რეჟიმით ისარგებლებენ, მაინცდამაინც დიდი არ იქნება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ევროპაში მოგზაურობა ხომ მიუწვდომელია.

მართალია, ვიზალიბერალიზებას აქვს გარკვეული შეზღუდვები (განსაზღვრულია ევროკავშირში ყოფნის ვადები, არსებობს „შეჩერების მექანიზმი“ და ა.შ.), მაგრამ, ცხადია, საქართველომ მაინც უპირატესობაც მიიღო, უვიზო რეჟიმის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა საქართველოსთვის ბევრად მეტია.

პირველი – ვიზალიბერალიზებამ საქართველოს მოქალაქეებს აჩვენა, რომ მათი მცდელობა უშედეგო არაა და რომ ისინი ევროკავშირთან ასოცირებით იმედგაცრუებულნი არ რჩებიან, როგორც ბოლო დრომდე იყო (სკეპტიციზმის თვალსაზრისით). სავარაუდოდ, ქართველები რეფორმებს გააგრძელებენ. გარდა ამისა, ქართველ ლიდერებს რუსული პროპაგანდის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა გაუადვილდებათ: მოსკოვი ხომ მუდმივად ხაზს უსვამს, საქართველო პროევროპული ორიენტაციით არანაირ სარგებელს არ იღებსო;

მეორე – რაც უფრო დაუახლოვდება საქართველო ევროკავშირს, მით უფრო გაუძნელდება ნატოს წევრ-ქვეყნებს იმის მტკიცება, რომ თბილისი ჩრდილოატლანტიკური  ალიანსის სტანდარტებს არ აკმაყოფილებსო. მისი ბევრი მეგობარი ხომ სწორედ იმას ამტკიცებდა, რომ საქართველოს ნატოსაკენ მიმავალი გზა ევროკავშირზე გადისო;

მესამე – ის ფაქტი, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობა სეპარტისტული რეგიონების მოსახლეობასაც შეუძლია, პრორუსული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს, მათთვის ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გარდა არსებობს სხვა ორიენტირებიც, სხვა გამოსავალიც;

მეოთხე – უვიზო რეჟიმი, რომელიც საქართველომ მიიღო, კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებს აჩვენებს, რომ ევროკავშირს ვალდებულების შესრულება რთულ პოლიტიკური პირობებსა და რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზეც შეუძლია. ასე ვერ იტყვი რუსეთზე, რომელიც მეზობლებთან კატა-თაგვობანას თამაშობს – ჯერ აძლევს „ტკბილეულს“, შემდეგ ართმევს და რომ უვიზო გადაადგილებები და რუსულ ბაზარზე დაშვება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი დამყოლი და მორჩილი იქნება მისი მეზობელი.

და ბოლოს, უვიზო რეჟიმი იმის იმედს იძლევა, რომ „ცივი ომის“ შემდეგ გაჩენილი  ოცნება თავისუფალ, ერთიან  და მშვიდობიან ევროპაზე ჯერ კიდევ ცოცხლობს. ბოლო დროინდელი პრობლემების ფონზე, რომლებსაც ევროკავშირი და ნატო დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეეჯახა, დაიბადა ეჭვები, რომ უვიზო რეჟიმი ის მაქსიმუმია, რისი მიცემაც ევროპას საქართველოსთვის შეუძლია. მაგრამ იმავდროულად ეს იმასაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ჯერ კიდევ მუშაობს. იგივე შეიძლება ითქვას ნატოზეც – მასში ჩერნოგორიის მიწვევასთან დაკავშირებით. ასე რომ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზება იმასაც აჩვენებს, რომ ევროკავშირში სამომავლო ინტეგრირების შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს. აშკარაა, რომ ქართველებიც სწორედ ასე ფიქრობენ: მათი ლიდერები ხომ დაუღალავად იმეორებენ – „ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანება არისო“.

ამ დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ზედმეტი აჩქარება საჭირო არ არის. ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისათვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ რეალური პოლიტიკური კლიმატის გათვალისწინებით პროცესი დროს მოითხოვს. ამასთან, თვით ის გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი მისცა, იმის ნიშანია, რომ პროგრესი სახეზეა, რომ ევროპული იმედები ჯერ არ ამოწურულა. და თუ ევროკავშირის დატოვებას რომელიმე ევროპული სახელმწიფო განიზრახავს, ევროკავშირი მაინც სხვა ქვეყნებისთვის მანათობელ შუქურად დარჩება. ასე რომ, ქართველებს ზეიმის მიზეზი ნამდვილად აქვთ.

«НСН – Национальная Служба Новостей» (რუსეთი), 31 მარტი, 2017 წელი

http://nsn.fm/in-the-world/ekspert-gruziya-i-ukraina-prodemonstrirovali-slabost-obedinivshis-v-soyuz.html

ინტერვიუ რუს პოლიტოლოგ კონსტანტინ სივკოვთან: „თბილისმა და კიევმა სამხედრო შეთანხმებაზე ხელმოწერით თავიანთი სისუსტის დემონსტრირება მოახდინეს“ // რატომ არ შეუძლიათ საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრიანება?

როგორც ცნობილია, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა სტეფან პოლტორაკმა და ლევან იზორიამ კიევში 31 მარტს ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. პოლიტოლოგებმა ამ ფაქტის მიმართ კომენტარი უკვე გააკეთეს. რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ნაციონალნაია სლუჟბა ნოვოსტეის“ კორესპონდენტმაა ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, პოლიტოლოგ კონსტანტინ სივკოვს.

როგორც რუსი პოლიტოლოგი ამბობს, საქართველოსა და უკრაინის მიერ შეთანხმების გაფორმება კიევისა და თბილისის სისუსტის დემონსტრირებას წარმოადგენს: „ეს ნაბიჯი მოწმობს იმას, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო მიუღწეველია. სწორედ ამიტომ იქაური ელიტები ცდილობენ ერთმანეთი ამგვარ შეთანხმებებზე ხელმოწერებით გააძლიერონ. მათ რომ ნატოში გაწევრიანების იმედი ჰქონდეთ, რატომღა დადებდნენ ასეთ შეთანხმებებს? ეს საქართველოსა და უკრაინის სისუსტის მაჩვენებელია“.

კონსტანტინ სივკოვის თქმით, აშკარაა, რომ თბილის-კიევის შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ მოსკოვის წინააღმდეგ არის მიმართული, თუმცა შეიძლება კრიტიკული სიტუაციებისთვისაც იქნეს გამოყენებული: „საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებს ერთ მომენტს: მათ ახსოვთ, თუ როგორ კარგად ცხოვრობდნენ ისინი საბჭოთა კავშირის დროს და ხედავენ, თუ როგორ ცუდად ცხოვრობენ ამჟამად. და თუ ამ ქვეყანაში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნება, ადგილობრივ ელიტას ხომ გაქცევა მოუხდება? ჰოდა, ისინი უკრაინაში გასაქცევ გზას იმზადებენ. იგივე შეიძლება ითქვას უკრაინულ ელიტაზეც“.

ინტერვიუში კონსტანტინ სივკოვმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ შეუძლიათ ნატოში გაწევრიანება საქართველოს და უკრაინას: „მარტალია, ორივე ქვეყანა და მათი არმიები დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ნატოს წევრები გახდებიან. იმიტომ, რომ არსებობს მთელი რიგი პირობები. დღეს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ვერ მოხდება ერთი უბრალო მიზეზის გამო: თუ ისინი ნატოში შევლენ, მაშინ ნატო რუსეთს თავს უნდა დაესხას. განა თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი სიტუაცია, როცა გერმანელები, ფრანგები, ჰოლანდიელები და მათში შერეული არაბები ფერად-ფერადი დროშებით რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლებენ? ეს შეუძლებელია. ისინი ამისათვის მორალურად მზად არ არიან“, – ამბობს კონსტანტინ სივკოვი.

«RFE//RL – Эхо Кавказа» (აშშ), 01 აპრილი, 2017 წელი

http://www.ekhokavkaza.com/a/28403749.html

აფხაზეთის საკითხი: გეოპოლიტიკური გარღვევა, რომელიც არ მომხდარა J

რადიო “თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის – „რადიო სვობოდას“ მიერ ეთერში გადაიცა „ეხო კავკაზას“ მიერ მომზადებული მასალა, რომელიც სენსაციურია და აფხაზეთის პერსპექტივისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს (ავტორი – ვიტალი შარია).

საქმე იმაში გახლავთ, რომ ვიტალი შარიას მტკიცებით, სოხუმის გაზეთმა „ეხო აბხაზიიმ“ დღეს, პირველ აპრილს, გამოქვეყნა სასწრაფო საინფორმაციო ცნობა პირენეის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში, ბრიტანულ გიბრალტარში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაუგეგმავი შეხვედრის თაობაზე.

პუბლიკაციის ავტორია ანდრეას ლორენცი, რომელიც წერს:

„გიბრალტარში შეხვედრამ სამ საათს გასტანა. მოლაპარაკებას ჯერ პრეზიდენტები აწარმოებდნენ, მოგვიანებით მათ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეუერთდნენ. პრესკონფერენციაზე გაკვირვებული ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ აშშ აღიარებს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, არცახის (მთიანი ყარაბაღის), დნესტრისპირეთის და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. იმავდროულად რუსეთი თანახმაა მხარი დაუჭიროს რეფერენდუმს ორი კორეის გაერთიანებისა და ერთიანი სახელმწიფოს პრეზიდენტის არჩევის თაობაზე. ერთმანეთს დაუახლოვდა აგრეთვე მოსკოვისა და ვაშინგტონის პოზიციები სისრიის საკითხშიც: მხარეები შეთანხმდენენ, რომ სირიაში პრეზიდენტის არჩევნები გაეროს ეგიდითა და კონტროლით ჩატარდეს. „ჩვენ ძალზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ ეტაპზე ვიმყოფებით, – ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე, – წინ მხოლოდ ასე წავალთ, ერთმანეთის ნაბიჯების კოორდინირებით. ასე გადავწყვეტს მომავალში ყველა საერტაშორისო პრობლემას“.

გაზეთში გამოქვეყნებული კიდევ ერთი მასალის თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რუსეთის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის პროექტი გაერის ახალ წევრებად ექვსი სახელმწიფოს მიღების შესახებ. „ეხო აბხაზიი“ ბეჭდავს რეზოლუციის სრულ ტექსტს, რომელიც რუსულ ენაზეა თარგმნილი. იქვეა გამოქვეყნებული ბლიც-ინტერვიუ სერგეი ლავროვთანაც: „ჩვენ შევძელით და გორდიას კვანძი გავხსენით“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

გეოპოლიტიკური გარღვევას, რომელსაც ბევრმა ჟურნალისტმა იქვე უწოდა „გაცვლა  გიბრალტარულად“, ანალიზს უკეთებს რუსი პოლიტოლოგი ოლეგ ფეოკლისტოვი და მექსიკელი მწერალი კარლოს ფუენტოსი.

რაც შეეხება საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, მან ერთ-ერთი დასავლური საინფორმაციო სააგენტოსადმი მიცემულ ინტერვიუში მომხდარ ფაქტს „გიბრალტარის შეთქმულება“ უწოდა. იმავდროულად მან „სირცხვილად“ და „საქვეყნოდ თავისმოჭრად“ შეაფასა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების რეაქცია, რომელიც „მზადაა დაიჩოქოს და ძირ-ძველი მიწები სამუდამოდ დაკარგოს“. ქართველმა პოლიტიკოსმა პაატა დავითაიამ გიბრალტარის სამიტის შედეგებს (ანუ რუსეთ-აშშ-ის შეთანხმებას გავლენის სფეროების გადანაწილების თაობაზე) „ლავროვ-ტილერსონის პაქტი“ უწოდა, „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ ანალოგიურად. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, ბაქო ძალიან არის განაწყენებული ანკარაზე, რომელიც „გიბრალტარის გარიგებას“ დაეთანხმა: „არსებითად, რეჯეფ ერდოღანმა მოძმე აზერბაიჯანს ზურგში დანა ჩასცა. აზერბაიჯანი არასოდეს არ დაეთანხმება თავისი განუყოფელი ნაწილის – მთიანი ყარაბაღის დაკარგვას“.

———-

„ვიმედოვნებ, მკითხველი უკვე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი საპირველაპრილო ხუმრობაა“, – წერს ვიტალი შარია და აღნიშნავს, რომ ამგვარ ხუმრობებს გაზეთი „ეხო აბხაზიი“ 1995 წლიდან აქვეყნებს.

Comments are closed