globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 1st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL - თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): საქართველო: გასული კვირა მთავარი აქცენტებით

«Каспiй» (აზერბაიჯანი): დოკუმენტი ქართველებისთვის // თბილისი აფხაზი სეპარატისტების გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს

«ТВ Первый канал» (რუსეთი): მოგზაურის ჩანაწერები: თბილისი, ალაზნის ველი

—————–

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 30 აპრილი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/kviris-mimokhilva/28459916.html

საქართველო: გასული კვირა მთავარი აქცენტებით

აშშ-ის რადიოსადგურის „თავისუფალი ევროპა//თავისუფლების“ ქართულმა სამსახურმა 30 აპრილს ეთერში გადასცა გასული კვირის (24-29 აპრილი) მოვლენების მიმოხილვა (ავტორი – ეკა ქევანიშვილი). გთავაზობთ შემოკლებით:

ა) განსხვავებული შეხედულებები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ

საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვნებათა ღელვა არ წყდება. კითხვაზე, თუ როგორი იქნება კონსტიტუციის პროექტის ის რედაქცია, რომელიც საერთო-სახალხო განხილვის საგანი უნდა გახდეს, პასუხი დიდწილად დამოკიდებულია იმ დავის შედეგზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაიწყო. ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს არა 2023 წელს, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა, არამედ 2018 წლიდან. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ატარებენ პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას: „არასწორი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ოპონენტების მხრიდან პრეზიდენტის თაოსნობით. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პრეზიდენტი, რომელიც უნდა იყოს ზეპარტიული ფიგურა, ამ სისტემაში თანხმდება პარტიებთან, თანაც თავისი აპარატის მეშვეობით, რომლის სტატუსი საერთოდ გაუგებარია, თავისი ადმინისტრაციის უფროსის მეშვეობით ხვდება პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ექსპერტებს და მათთან თანხმდება იმაზე, თუ როგორ უნდა მიიტანონ შეტევა საქართველოს პარლამენტზე“.

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, თქმით კი, პრობლემა ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციას ცვლის ყოველნაირი კომპრომისისა და შეთანხმების გარეშე, ერთპიროვნულად: „სამწუხაროა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც შედიოდა კომისიაში, დატოვა კომისიის შემადგენლობა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ არის ხელმოწერილი ეს დოკუმენტი. ამიტომაც დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ხალხის სამსჯავროზე ამ ძირითადი კანონის გამოტანა და ჩვენი დახმარებით გაწონასწორება, დაბალანსება ამ ძირითადი დოკუმენტის. არ ვივაჭრებ იმ ძირითადი დოკუმენტით, რომელიც მიმაჩნია, რომ უნდა იყოს ყველას გამაერთიანებელი და არა ცალკეული პოლიტიკოსების ამბიციების შემკრები. არასოდეს არ მივაჭრია ამ თემით და არც არავინ არ იფიქროს, რომ ამ საკითხზე შეიძლება მევაჭროს“.

ბ) პოლიტიკაში მობრუნებული ექს-სპიკერი

გასულ კვირაში დუმილი დაარღვია საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ პოლიტიკაში ბრუნდება და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ერთობლივად შექმნან ახალი ცენტრისტული პარტია, რომელიც ახლებური ხედვებითა და მიდგომებით ჩაერთვება ქვეყნის განვითარების პროცესში. პარტია, რომელსაც ჯერ არც სახელი აქვს და არც გუნდი ჰყავს, ფორმირების პროცესშივე აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. დავით უსუფაშვილი პოლიტიკურ გუნდს საზოგადოებას მაისის ბოლოს წარუდგენს: „მე ვაცხადებ სადამფუძნებლო პრინციპებს, რომ ეს იქნება ცენტრისტული და არა რომელიმე უკიდურეს ფლანგზე. ეს იქნება ქვეყნის ტრადიციების, პოზიტიური ტრადიციების, სახელმწიფოებრივი ტრადიციების მისხალ-მისხალ აღმოჩენის და შეკრების პარტია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მყარი საფუძველი სახელმწიფოს წინ წაყვანისთვის. ეს პარტია ახლიდან არ დაიწყებს სახელმწიფოებრივ წელთაღრიცხვას, ეს პარტია არ დაანგრევს იმას, რაც სხვამ გააკეთა. ჩვენი კრედო იქნება: რაც კარგია, ვუვლით; რაც გვაკლია, ვქმნით და რაც ცუდია, ვცვლით. ეს არ იქნება ახალი საქართველო, ნულიდან დაწყებული საქართველო“.

დავით უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პოლიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მათგან მმართველი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, წინამორბედს წარმატებებს უსურვებს, თუმცა ამ წარმატების მოლოდინი თავად არა აქვს. რადიო „თავისუფლებამ“ შეფასება პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძესაც სთხოვა – შეძლებს თუ არა დავით უსუფაშვილის პოლიტიკური პარტია გახდეს ხელისუფლების ალტერნატიული ძალა და რა გავლენა შეიძლება მოიპოვოს მან ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრში ცენტრისტული პოზიციის დაკავებით: „არაფერი აზრი არა აქვს, ცენტრისტულს დაარქმევ, მემარჯვენეს თუ მემარცხენეს. ხალხს აინტერესებს სამუშაო ადგილები, ხალხს აინტერესებს დაბალი გადასახადები და უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ხალხს უნდა დაანახვო საქმე, რომ სამუშაო ადგილებს ქმნი, უნდა დაპირდე რაღაცეებს“.

გ) სასიკეთი ცვლილება ქართველი ემიგრანტებისთვის

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ლეგალურად ცხოვრების უფლება მიეცემა – საბერძნეთის საემიგრაციო კანონში შესული ცვლილებები მათ ახალ უფლებებს ანიჭებს, – განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი. მისი თქმით, „მესამე ქვეყნებისთვის“ გამიზნული ცვლილებები საქართველოსაც შეეხება და კონკრეტულ შემთხვევაში გაფართოვდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებზე დაყრდნობითაც საბერძნეთში არალეგალურად მყოფ პირებს ლეგალურად ბინადრობის საშუალება მიეცემათ. იოსებ ნანობაშვილი კონკრეტულ მაგალითს ასახელებს: ​„ასეთ საბუთად ჩაითვლება 7 წლის განმავლობაში საქართველოში ფულის გადარიცხვის ქვითრები. უნდა ფიქსირდებოდეს, რომ ეს პიროვნება ყოველწლიურად რიცხავდა თანხას საბერძნეთიდან საქართველოში. ჩვეულებრივად გამოყენებული იქნება ამ კანონის შესაბამისი მუხლი და პირს მიეცემა ლეგალიზაციის საშუალება, ანუ ვინც არალეგალურად იმყოფება საბერძნეთში, მას მიეცემა ლეგალურად ყოფნის უფლება. ქვითრების საკითხი გარკვეულწილად ჩვენ უკვე შევისწავლეთ და იმ საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობა, რომლებსაც იყენებენ ჩვენი თანამემამულეები ფულის გადმოსარიცხად, გასცემენ ამგვარ ცნობას“.

იოსებ ნანობაშვილის თქმით, არაოფიციალური მონაცემებით, არალეგალ მიგრანტთა რიცხვი 150-დან 220 ათასამდე მერყეობს და უმრავლესობა ქალია.

დ) გარემოვაჭრეთა ბედი: „ყოფნა თუ არყოფნა“?…

გასულ კვირაში ხმაური იყო ახმეტელის მეტროსთან – 25 აპრილს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციები დაშალეს. ვაჭრობის აკრძალვას გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ და უარს ამბობენ სავაჭროდ ბაზრობის ტერიტორიაზე გადავიდნენ. თბილისის მერიის განცხადებით, პირველი ექვსი თვის განმავლობაში გარემოვაჭრეები ბაზრობაზე საიჯარო გადასახადს არ გადაიხდიან.

მეტროსადგურ „ახმეტელის“ ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეთა თქმით, დაახლოებით, 150 ადამიანი ვაჭრობდა: „არ უნდა შეგვიზღუდოს მთავრობამ ვაჭრობა. ჩვენგან არ უნდა დაიწყოს მთავრობამ. არც ჩვენ გვსიამოვნებს წვიმაში, თოვლსა და ქარში ღამის 12-ის 10 წუთამდე, სანამ ბოლო მეტრო არ ამოივლის, აქ ვსხედვართ. ჩვენც გვინდა ნორმალური ცხოვრებისა და მუშაობის პირობები. მაშინ მოგვცენ სამსახურები. ჩვენ არანაირ ბაზრობაზე არ შევალთ. სისულელეა ბაზრობაზე ფიქრი“, – ამბობს გარემოვაჭრე ლელა ქაქუთია.

ლაშა ჩხარტიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ დედაქალაქში გარემოვაჭრეთათვის განკუთვნილი კონსტრუქციების დაშლა და გარევაჭრობის ნებართვის აკრძალვა საკითხის სიღრმისეული შესწავლის გარეშე მიმდინარეობს. ის გარემოვაჭრეებთან ერთად მოითხოვს, რომ გარევაჭრობას მიეცეს ცივილიზებული სახე. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, ამ პრობლემის გადასაჭრელად მან ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიმართა პარლამენტს კანონპროექტით „გარე ვაჭრობის შესახებ“: ​„არ მომხდარა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც ჩემი ავტორობით 2014 წელს შევიდა პარლამენტში, რომელიც გულისხმობს, რომ არსებობდეს ბალანსი გარემოვაჭრეებს, ბაზრობების მეზობლებსა და სხვა ადამიანებს შორის და ამ ყველაფერს ჰქონდეს ცივილიზებული სახე. ასეთი პრაქტიკა არსებობს მთელ მსოფლიოში და ცივილიზებულ, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში. ეს პრაქტიკა სრულიად აპრობირებულია, მათ შორის ქალაქის ცენტრშიც. შესაძლებელია, რომ ამ ტერიტორიაზე დარჩნენ ის მოვაჭრეები, ვისაც წვრილი სავაჭრო კაპიტალი აქვს და ივაჭროს ცივილიზებული სახით, არავის ხელი არ შეუშალოს და, პირიქით, განაპირობოს დაბალი ფასები, რადგან რაც მეტია გამყიდველი, მით დაბალია ფასიც“.

ე) მგზავრობის ფასები: თბილისის საკრებულო ხალხზე ზრუნავს

კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ამ ეტაპზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, თბილისის მცხოვრებთათვის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე განაცხადა. ტყემალაძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 2.5 მილიონი ლარი იმისათვის მოიკლო, რომ თბილისში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური სამი წლის განმავლობაში არ გაიზარდოს

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 29 აპრილი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=59621#.WQa4Poq1vs0

დოკუმენტი ქართველებისთვის

თბილისი აფხაზი სეპარატისტების გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს

სტატიაში გადმოცემულია ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სეპარატისტული „მთავრობის“ მიერ ეთნიკურ ქართველთა უფლებების შელახვის ფაქტები, რომლებიც უმეტესად გალის რაიონში ცხოვრობენ. საქმე ეხება მათთვის პასპორტის მსგავს „ბინადრობის მოწმობის“ გაცემას (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა გალის რაიონის ქართველებისათვის „ბინადრობის მოწმობების“ გაცემის იურიდიულ საფუძვლებს (უცხოელ მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე ექვსი თვის ვადით, გაგრძელების უფლებით). აღნიშნულია, რომ „მოწმობების“ მფლობელებს პოლიტიკური უფლებები არ აქვთ და აფხაზეთში მათ უძრავი ქონების ყიდვა არ შეუძლიათ. თბილისს განზრახული აქვს ქართველების დისკრიმინაციის საკითხი ჟენევის მოლაპარაკების დღის წესრიგში შეიტანოს.

1989 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აფხაზეთში 48% ქართველი და 17% აფხაზი ცხოვრობდა. დღეს კი, აფხაზ სეპარატისტთა „ოფიციალურ“ მონაცემთა თანახმად, ქართველთა რაოდენობა 19,26%-მდე შემცირდა, აფხაზი მოსახლეობის წილი კი 50,71%-მდე გაიზარდა. იმავდროულად ტნიკური ქართველებისათვის პოლიტიკური უფლებების წართმევის შედეგად, 2017 წლის 12 მარტის „საპარლამენტო არჩევნების დროს გალის რაიონში მხოლოდ 603 ამომრჩეველი დაფიქსირდა, თუმცა, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, გალის რაიონში 46 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენლის მამუკა შენგელიას თქმით, ბევრი გალელი, რომლებთაც ქართული პასპორტები აქვთ, საქართველოს ხელისუფლებისაგან სოციალურ დახმარებებს იღებენ, უზრუნველყოფილნი არიან სამედიცინო მომსახურებით, სწავლობენ ზუგდიდში არსებულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მუშაობენ კიდეც… აფხაზ სეპარატისტებს კი არც ამ დონის სერვისის გაწევა შეუძლიათ და არც იმ შესაძლებლობით უზრუნველყოფა, როგორიც თბილისის კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზეა.   „ბინადრობის მოწმობების“ გაცემით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ცდილობს გალის რაიონის ქართველები არჩევანის წინაშე დააყენოს – იძულებულნი გახადონ ისინი გალში თავიანთი სახლები მიატოვონ, ზუგდიდში გადასახლდნენ ან გზა მოიჭრან დანარჩენი საქართველოსაგან“.

გარეშე დამკვირვებლისათვის ნათელია, რომ აფხაზი სეპარატისტების მოქმედება დისკრიმინაციისა და ეთნიკური ნიშნით სეგრეგაციის გამოვლენაა, ადამიანის უფლებათა აშკარა დარღვევას წარმოადგენს. ყველაზე გასაკვირი კი ისაა, რომ აი, ამ ფონზე აფხაზი სეპარატისტები და მათი მოსკოველი მფარველები ბედავენ და რეგულარულად ლაპარაკობენ „აფხაზეთის რკინიგზის გახსნის“ თაობაზე, ანუ მათ სურთ, რომ გალელი ქართველების ასეთი დამცირება-შეურაცხყოფის შემდეგ თბილისი მატარებლების მოძრაობის აღდგენაზე დათანხმდეს.

თუმცა, როგორც «Каспiй»-ს კორესპონდენტს ქართველმა პოლიტოლოგმა თენგიზ აბლოთიამ განუცხადა, „ბინადრობის მოწმობების“ გაცემა არ უკავშირდება აფხაზ სეპარატისტთა სურვილს გალის რაიონიდან ქართველების განდევნის თაობაზე: „ჯერ ერთი, რომ თუ მათ ნამდვილად სურთ ქართველების გამოდევნა, ამას ხუთ წუთში მოახერხებდნენ. მეორე – ეს იგივეა, ვთქვათ, რომაელებს რომ ის მონები გაეგდოთ, რომლებიც მათ სასარგებლოდ მუშაობდნენ. ეს არავის არ ჭირდება. რაც შეეხება თვითონ „ბინადრობის მოწმობების“ გაცემის ფაქტს, ამით აფხაზები აჩვენებენ, რომ მათ რაღაც სახელმწიფოს მსგავსი აქვთ და ვითომდა წესრიგს ამყარებენ. გარდა ამისა, აფხაზებს სიამოვნებას ჰგვრის ქართველების უუფლებო მდგომარეობა და პლუს – ამაზე ფულსაც აკეთებენ. ანუ, საბოლოო ჯამში, საოკუპაციო პოსტების გავლა ქართველებისთვის ახლა უფრო ძვირი იქნება“.

დაახლოებით იგივეს ამბობს კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პოლიტიკური ანალიტიკოსი გელა ვასაძეც: „გალის რაიონში მცხოვრები ქართველები აფხაზეთის კოლაბორაციონისტულ ხელისუფლებას რომ არ სჭირდებოდეს, მათ დიდი ხნის წინათ გამოაძევებდნენ, ყოველგავრი სენტიმენტების გარეშე. სინამდვილეში საქმე უფრო რთულადაა: ერთი მხრივ, გალის რაიონი აფხაზეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია. თხილის ბიზნესი სოხუმის „ხელისუფლებისათვის“ ძალიან მომგებიანია. ყველამ იცის, რომ ამ სფეროში ძირითადად ქართველები მუშაობენ. მაგრამ აფხაზ კოლაბორაციონისტებს მათთვის პოლიტიკური უფლებების მიცემა არ სურთ, რადგან დემოგრაფიული სიტუაცია აფხაზებისთვის სასარგებლო არ იქნება.. ასე რომ, სოხუმის მთავრობის წარმომადგენლები გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას უუფლებო მუშახელის სახით იყენებენ, თვითონ კი, „სატიტულო“ ეთნოსის საფუძველზე „ნაჩალნიკობენ“. იმედია, დადგება დრო, როცა ყველაფერი დეოკუპაციით დასრულდება, აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდება და რეგიონის ყველა მცხოვრებს, ეროვნების მიუხედავად, სამოქალაქო უფლებები უზრუნველყოფილი ექნებათ“.

«ТВ Первый канал» (რუსეთი), 30 აპრილი, 2017 წელი

https://www.1tv.ru/shows/neputevye-zametki/vypuski/gruziya-alazanskaya-dolina-neputevye-zametki-vypusk-ot-30-04-2017

მოგზაურის ჩანაწერები: თბილისი, ალაზნის ველი

რუსეთის ტელეარხმა „პირველმა არხმა”, რუბრიკით „მოგზაურის ჩანაწერები“ კვირას, 30 აპრილს, ეთერში გადასცა ვრცელი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ: „გულწრფელობა და სტუმართმოყვარეობა, სითბო და სიყვარული, რომლითაც ქართველები სტუმრებს ხვდებიან, ამ ქვეყნის სიმბოლო გახდა. ვინც ერთხელ მაინც ეწვევა საქართველოს, უკან დაბრუნებისას თან  ყველაზე სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიაქვს“, – ამბობს გადაცემის ავტორი, ტელეჟურნალისტი დიმიტრი ბიკოვი. იგი ტელემაყურებელს თბილისში და თელავში ყოფნის შთაბეჭდილებებს სთავაზობს.

„თბილისი“: ვიდეოსიუჟეტში ვრცლადაა გადმოცემული საქართველოს დედაქალაქის ისტორია და თანამედროვეობა. ლეგენდა თბილისის დაარსების შესახებ… ლეგენდა თბილისური აბანოების შესახებ (ალექსანდრ პუშკინის, ალექსანდრ დიუმას შეფასებები და აღა-მაჰმად-ხანის ვანდალიზმი). „ტურისტები, რომლებიც თბილისის უძველეს უბანში – აბანოთუბანში მდებარე ცნობილ აბანოებს უახლოვდებიან, დამახასიათებელ მძაფრ სუნს გრძნობენ. ვინც არ იცის, თუ რატომაა ასეთი სუნი, ერთმანეთს ეჭვის თვალით შესცქერიან… ეს გოგირდიანი თბილი წყლის სუნია, რითაც განთქმულია თბილისი“, – ამბობს ავტორი. კომენტარი ისტორიული თბილისის კადრების ჩვენებისას: „ხელისუფლება ბევრ აკეთებს ძველი უბნების აღდგენისათვის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ავარიული შენობა, ჯერ კიდევ მოუვლელია ძველი თბილისის ქუჩები, ცენტრისგან მოშორებით“. გადაცემაში ყურადღება აქვს დათმობილი თბილისურ კოლორიტს,  არქიტექტურულ ძეგლებს (მაგალითად, ფილმ „მიმინოს“ გმირებს, მთაწმინდას, ნარიყალას…), აგრეთვე იტალიურ ეზოებს: „ზოგიერთმა შეიძლება ამრეზით შეხედოს იტალიური ეზოს ძველ შენობებს, მაგრამ ეს თბილისელებისათვის ტრადიციაა და ადგილობრივი კოლორიტია“.

„ალაზნის ველი“: თელავის ღირსშესანიშნაობები; რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიული ასპექტები: ერეკლე მეორე და ეკატერინე მეორე. თელავის აეროპორტი „მიმინო“. გურჯაანის როგორც კახეთში მევენახეობის მთავარი რაიონი. ექსკურსია გურჯაანის ღვინის საცავში და ქართული პურის – „კახური შოთის“ საცხობში, ჩურჩხელის ამოვლების წესი…

———

ვიდეომასალაში უხვადაა გამოყენებული კადრები ქართული კინოფილებიდან „მიმინო“, „არ იდარდო“, „ჯარისკაცის მამა“, ქართული ხალხური მუსიკის მელოდიების თანხლებით. აშკარაა, რომ ვიდეოსიუჟეტი ხელს უწყობს რუსი ტურისტ-მოგზაურების სწორ ორიენტაციას, დასვენების ადგილის შერჩევის მიზნით.

Comments are closed