globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ივნისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jun 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ): საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ოდესის ოლქს უხელმძღვანელებს

«The Washington post» (აშშ): ნებაყოფლობით დევნილი საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის მნიშვნელოვანი ოლქის გუბერნატორად დაინიშნა

«The Wall Street Journal» (აშშ): საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის რეგიონის გუბერნატორად დაინიშნა

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ადგილობრივ გუბერნატორად დანიშნა

«Радио Deutsche Welle» (გერმანია): რისთვის სჭირდება კიევს მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესაში?

«Радио Свобода» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი – მეორე დიუკ დე-რიშელიე?

«Московский комсомолец» (რუსეთი): „ოდესას „დიდი კომბინა-ტორების“ ქალაქს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილი ამ მხრივ სუფთა ოდესელი პერსონაჟია“

«Московский комсомолец» (რუსეთი): რით დასრულდება მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა: დნესტრისპირეთზე შეტევით თუ ქილერის ტყვიით?

«РБК Daily» (რუსეთი): მიშა, შენ ოდესელი ხარ!

«Новые известия» (რუსეთი): საკადრო სიურპრიზი // საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოდესას შავი ზღვის პირველი ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს

«Известия» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა: დნესტრის-პირეთი მიზანშია ამოღებული

———————-

«The New York Times» (აშშ), 31 მაისი, 2015 წელი

http://international.nytimes.com/subscriptions/inyt/lp87JWF.html?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის ოდესის ოლქს უხელმძღვანელებს

აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ფაქტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, გამოთქმულია გარკვეული ვარაუდები და პროგნოზები (ავტორი – დევიდ ჰელსერჰორნი).

გთავაზობთ შინაარსს:

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შაბათს ოდესის ოლქის გუბერნატორად წარადგინა და მას „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. მან იქვე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკვე მიანიჭა უკრაინის მოქალაქეობა. ქართველმა პოლიტიკოსმა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე იგორ პალიცა შეცვალა, რომელიც 2014 წელს იყო დანიშნული. იგი მილიარდერ იგორ კოლომოისკის „კაცად“ მოიაზრება, რომელიც დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი იყო. პეტრო პოროშენკოსთან ურთიერთობის დაძაბვის გამო კოლომოისკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ინტერპრეტირებული იქნა როგორც გაფრთხილება იგორ კოლომოისკისათვის, აგრეთვე დარტყმად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისათვის. როგორც ცნობილია, პუტინსა და სააკაშვილს ერთმანეთთან მტრობა აქვთ, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის ომის წინ დაიწყო.

მართალია, პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ისე წარმოაჩინა, რომ სამთავრობო გარდაქმნების კურსი დავაჩქარეთო, მაგრამ სულ უფრო ნათელი ხდება, რომ უკრაინაში შიდა ცვლილებების დეფიციტია, არ არის მზაობა ფართო გარდაქმნებისათვის. თავისთავად ის, რომ უკრაინულმა საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად ლოიალურად მიიღო უცხოელების თანამდებობაზე დანიშვნა, ხაზს უსვამს იმას, რომ საზოგადოება არ ენდობა ეროვნულ მთავრობებს, რომლებმაც მეოთხედი საუკუნის მანძილზე ქვეყნას სწორად არ მართვადნენ და კორუფციას არ ებრძოდნენ.

ოდესა, ომში გახვეულ დონეცკსა და ლუგანსკთან ერთად, უკრაინის ერთ-ერთი რუსულენოვანი რეგიონია, რომელსაც რუსეთთან ძლიერი ისტორიული კავშირები აქვს, თუმცა, როგორც უკრაინის მთავრობა აცხადებს, მან შეძლო თავიდან აეცილებინა რუსული სეპარატიზმი და ომი, რომელმაც აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად გაანადგურა და მილიონობით ლტოლვილი გააჩინა.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ხშირად ჩადიოდა 2013 წლის ნოემბრიდან, როცა ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ სახალხო გამოსვლები დაიწყო. მისი დამხობის შემდეგ სააკაშვილი ახლადარჩეული პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი გახდა რეფორმების გატარების საკითხში. ამჟამად მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრებიდან საკმაოდ ბევრ უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობები უკავიათ.

2004 წლიდან 2013 წლამდე მიხეილ სააკაშვილმა, პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში, დიდი ძალისხმევა გასწია პოსტსაბჭოთა საქართველოში კორუფციისა და ბიუროკრატიის აღმოსაფხვრელად. მან ფართო აღიარება ჰპოვა დასავლეთში შთამბეჭდავი წარმატებების მოპოვების გამო, თუმცა სამშობლოში კრიტიკის ქვეშ მოექცა – ძალაუფლების გადაჭარბებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. პრეზიდენტობის ორმაგი ვადის ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და უმეტესად ნიუ-იორკში და კიევში ცხოვრობდა. ექს-პრეზიდენტს არ შეუძლია საქართველოში დაბრუნება, რადგან ამჟამინდელ ხელისუფლებას მისი დაპატიმრება სურს. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თვითონ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებებს უარყოფს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოქმედება ყოფილი მმართველი პარტიისადმი, რომლის წარმომადგენლები – ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები დღეს საპყრობილეში სხედან, პოლიტიკურ შურისძიებად იქნა აღქმული.

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად რუსეთში კრიტიკულად შეხვდნენ და ეს ფაქტი პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურ პატრონაჟად მონათლეს (ისინი ძველი ნაცნობები არიან, ერთად სწავლობდნენ კიევის უნივერსიტეტის ასპირანტურაში). რუსულ მასმედიაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაურბის.

«The Washington post» (აშშ), 31 მაისი, 2015 წელი

http://www.washingtonpost.com/blogs/worldviews/wp/2015/05/30/self-exiled-former-georgia-president-mikheil-saakashvili-returns-as-governor-of-key-region-in-ukraine/

ნებაყოფლობით დევნილი საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის მნიშვნელოვანი ოლქის გუბერნატორად დაინიშნა

აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ფაქტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, მოცემულია გარკვეული ვარაუდები და პროგნოზები (ავტორი – კარენ დემირჭიანი).

გთავაზობთ შინაარსს:

მას უფრო მეტად საქართველოს ყოფილ პრეზიდენტად იცნობენ, ან შედარებით უფრო მოგვიანებით – ტაფტის უნივერსიტეტის ლექტორად, რომელიც  ნიუ-იორკში, ბრუკლინში  ცხოვრობს და მანათობელი (ფლუორეცენცული) ფეხსაცმელებით დადის.

მიხეილ სააკაშვილი, პატარა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც ეყო თავხედობა ომი დაეწყო რუსეთთან 2008 წელს, საქართველოდან წასვლის შემდეგ, ნებაყოფლობით გადასახლებაში მყოფი, ცდილობდა თავისებურად, უჩვეულო წესებით  ეცხოვრა. მაგრამ მისი ბოლო რეინკარნაცია განსაკუთრებით საოცარია: შაბათს მიხეილ სააკაშვილმა ახალი თანამდებობა დაიკავა რუსეთთან მებრძოლ სახელმწიფოში – უკრაინაში: პეტრო პოროშეკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა – ოქლისა, რომელიც უკრაინის ყველაზე დიდი საზღვაო კარიბჭეა და რომელიც რუსეთის მიერ მითვისებულ ყირიმის ტერიტორიას და მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონს – დნესტრისპირეთს  ესაზღვრება.

მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს მრცევლად მუშაობდა. მას მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს კორუფციასთან ბრძოლაში და ეკონომიკურ რეფორმებში, ანუ იმ სფეროებში, რომელთა გამოსწორებასაც უკრაინა გამალებით ცდილობს. მიხეილ სააკაშვილს გავლენიანი მეგობრებიც ჰყავს  აშშ-ში, თავისუფლად ლაპარაკობს უკრაინულად.

მაგრამ როგორც პოლარიზებული ისტორიის მქონე პოლიტიკოსს, მიხეილ სააკაშვილს თავისი ძველი პოზიციის ტვირთიც აწევს მხრებზე, რომელსაც უკრაინის სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

საქართველოს პრეზიდენტად ყოფნის დროს მიხეილ სააკაშვილმა ეფექტური რეფორმები განახორციელა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სასამართლო სისტემაში. უკრაინელი ანტიკორუფციული აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში საკუთარი თავის გადაჭარბება სურს, ანუ მას უნდა მეტი გააკეთოს, ვიდრე საქართველოში.

ამასტან, მიხეილ სააკაშვილს ქართველი სამართალდამცველების მიერ ბრალდებები აქვს წაყენებული თანხების გაფლანგვაში, თუმცა თვითონ ექს-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. მიხეილ სააკაშვილს იმასაც უჩივიან, რომ მან რეფორმების გატარების დროს მასში საზოგადოების მონაწილეობა არ უზრუნველყო.

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ყველაზე დიდი პოლიტიკური რისკი კი იმაში მდგომარეობს, რომ მას სპეციფიკური ბრენდი აქვს – ანტიპათიური დამოკიდებულება რუსეთის მიმართ (ავტორი აქ იხსენებს პუტინის გამონათქვამს „მიხეილ სააკაშვილი ყვ…ით უნდა ჩამოჰკიდოო“ და სააკაშვილის პასუხს – „პუტინი მატყუარაა და ცრუპენტელაა“).

კრემლს მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა სასაცილოდ არ ეყო: „მიხეილ სააკაშვილი – ოდესის ოლქის ხელმძღვანელი? ცირკი გრძელდება“, – ასე ჩაწერა რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა „ტვიტერში“ და უკრაინულ ენაზე დაამატა: „საწყალი უკრაინა“. მოკლედ, იმის ფონზე, როცა მიხეილ სააკაშვილის ვარსკვლავი უკრაინის პოლიტიკაში მაღლა იწევს, მისი დაპირისპირება ძველ კონკურენტთან სახუმარო ნამდვილად არ არის.

«The Wall Street Journal» (აშშ), 31 მაისი, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/georgian-ex-president-mikheil-saakashvili-named-regional-governor-in-ukraine-1432997444

საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის რეგიონის გუბერნატორად დაინიშნა

აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ოდესის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის ფაქტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები, მოცემულია გარკვეული ვარაუდები და პროგნოზები (ავტორი – ლორა მილსი).

გთავაზობთ შინაარსს:

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნა, როგორც უკრაინელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, კიევის მიერ გადადგმული ნაბიჯია კორუფციასთან ბრძოლის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებაში.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ანტიკორუფციული საქმიანობითაა ცნობილი და იმის მიუხედავად, რომ იგი რუსეთთან მომხდარი კატასტროფული ომის შედეგად საბოლოო ჯამში ხელისუფლებას გამოემშვიდობა, კიევის პროევროპული ადმინისტრაციისათვის სამაგალითო ადამიანად იქცა და პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა.

ტელევიზიით პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანია საზოგადოების გაერთიანება, რა ენაზეც არ უნდა საუბრობდნენ ისინი“ და „ერთიანი გამჭვირვალე წესრიგის დამყარება ყველასათვის“.

ოდესა უპირატესად რუსულენოვანი ქალაქია შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაპირზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაშია ცნობილი კორუფციის მაღალი დონითა და ორგანიზებული დამნაშავეობით. ქალაქში დრამატული მოვლენები განვითარდა გასულ წელს, როცა პროუკრაინულ და პრორუსულ აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა: შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. ოდესაში დაძაბული სიტუაცია მეტ-ნაკლებად ახლაც შენარჩუნებულია: პოლიციამ, პრორუსულობისა და სეპარატისტობის ბრალდებით, ათეულობით ადამიანი დააპატიმრა.

თავის გამოსვლაში პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ „უკრაინაში ოლიგარქები არარ იქნება“ და რომ „ჩვენ ქვეყანაში საბოლოოდ დავამყარებთ წესრიგსა და დისციპლინას. სწორედ ეს მიზნები დავუსახე ოდესის ახლადდანიშნულ გუბერნატორს“.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალქეობა მისცა, თუმცა მან ოდესელების წინაშე გამოსვლაში რუსულად ილაპარაკა.

(სტატიაში საუბარია აგრეთვე მიხეილ სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებზე, მის პროდასავლურ კურსზე და ა.შ. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მის მიმართ კრიტიკა გაძლიერდა იმ ბრალდებით, რომ იგი ოპოზიციურ მასმედიას ზღუდავს. გარდა ამისა, სტატიაში ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და და წაყენებული ბრალდებები).

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 31 მაისი, 2015 წელი

http://www.ft.com/intl/cms/s/0/c7227292-077d-11e5-a58f-00144feabdc0.html#axzz3birlQsAA

უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ადგილობრივ გუბერნატორად დანიშნა

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს დევნილი ექს-პრეზიდენტი, კრემლისათვის საძულველი, მაგრამ დასავლეთისათვის რეფორმატორი, რომელმაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა გარდაქმნა, უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ოდესის გუბერნატორად დაინიშნა“, -  წერს ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (ავტორი – რომან ოლეარჩიკი).

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილის წარდგენა ოდესაში ოლქის გუბერნატორად და მათი განცხადებები (პეტრო პოროშენკო: „რუსეთმა ვერ განახორციელა „ნოვოროსიის“ პროექტი, რომელსაც შეიძლებოდა ოდესის ოლქის რუსულენოვანი მოსახლეობაშც მიმხრობოდა“; „ახლა ცვენ სხვა ომსაც ვაწარმოებთ – კორუფციის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი ისეთია კაცია, რომელმაც შეუძლებელი შეძლო“; მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ ახალ უკრაინას, რომლის გარეშეც საქართველო ვერ იარსებებს. მისი მომავალი ახლა უკრაინაში წყდება“).

„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლად საუბრობს რუსულ და უკრაინულ ენებზე, გაურკვეველია, მიიღებს თუ არა მას ადგილობრივი მოსახლეობა. მისი რეგიონულ ლიდერად დანიშვნას შეუძლია აგრეთვე კიდევ უფრო გაამწვავოს უკრაინის დამოკიდებულება რუსეთთან, რომელსაც ანექსირებული აქვს ოდესის მეზობელი ყირიმი“, – ნათქვამია სტატიაში.

„მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში 2003 წლის შემოდგომაზე მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, იურიდიული განათლება აშშ-ში მიიღო. იგი საქართველოს რუსეთიდან ჩამოშორების მესაჭე იყო. მიხეილ სააკაშვილი და პეტრო პოროშენკო საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერები არიან. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, რუსეთთან ომი ჰქონდა, რის შედეგად დამარცხდა, აფხაზეთის ნაწილი და მთლიანად სამხრეთ ოსეთი კი რუსეთის კონტროლქვეშ გადავიდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით შაბათს სარკასტულად ჩაწერა თავის „ტვიტერში“: „საწყალი უკრაინა“.

მიხეილ სააკაშვილით დაღლილმა ქართველმა ამომრჩეველმა 2012 წლის არჩევნებში მის პარტიას მხარი აღარ დაუჭირა, საბოლოოდ მან საქართველო 2013 წელს დატოვა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. უკრაინელი პოლიტოლოგების ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს დანიშვნა შეიძლება ერთგვარი პლაცდარმი იყოს უკრაინის პრემიერ-მინიტრობის თანამდებობისათვის, რომლის შემდეგ მას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების საშუალება მიეცემა, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«Радио Deutsche Welle» (გერმანია), 31 მაისი, 2015 წელი

http://www.dw.de/комментарий-для-чего-киеву-губернаторство-саакашвили-в-одессе/a-18488146

რისთვის სჭირდება კიევს მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა ოდესაში?

სერგეი რუდენკო, უკრაინის ტელეკომპანია „ესპრესოს“ მთავარი რედაქტორი

(შემოკლებით)

ოდესის ოქლი უკრაინაში საკმაოდ რთული რეგიონია: კონტრაბანდა ნავსადგურში, საზღვარი დნეპტრისპირეთთან და ყირიმთან, პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა, ტერორისტული აქტები… მიხეილ სააკაშვილს ეს ყველაფერი წინ დაუხვდება. აშკარაა, რომ ამ ამოცანების გადასაჭრელად მხოლოდ გუბერნატორის პოლიტიკური ნება არასაკმარისი იქნება. პრეზიდენტისა და პრემიერის, ძალოვანების მხარდაჭერის გარეშე მიხეილ სააკაშვილს საეჭვოა, რომ რაიმე გამოუვიდეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის გუბერნატორობა ნამდვილი გამოწვევაა. იმაზე, თუ რამდენად ღირსეულად მიიღებს იგი ამ გამოწვევას და რა წარმატებებს მიაღწევს, ბევრადაა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი. ოდესამ პასუხი უნდა გასცეს მტავარ კითხვას: შესაძლებელია თუ არა ქართული რეფორმების გამეორება თუ მთელ ქვეყანაში არა, ერთ ცალკე აღებულ რეგიონში მაინც?

მიხეილ სააკაშვილის ოდესაში დელეგირებით პეტრო პოროშენკო გაიგებს, თუ რა ხდება ადგილებზე, კონკრეტულად კი მნიშვნელოვან ოდესის ოლქში. მიმდინარეობს თუ არა დეცენტრალიზება? მიდის თუ არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? მზადაა თუ არა ადგილობრივი ელიტა ქვეყნის რადიკალური ცვლილებებისათვის? ალბათ, ყველა ამ კითხვაზე პასუხი ნეგატიური იქნება. საეჭვოა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაჩუმდეს და სათქმელი ხმამაღლა არ თქვას. უფრო მეტიც: აშკარაა, რომ ახლა ის იქნება ქვეყნის მთავარი ნიუსმეიკერი.

ოდესისი გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით პეტრო პოროშენკომ ორი კუირდღელი მოკლა: რუსეთზე „ჯავრი იყარა“ და პრემიერ არსენ იაცენიუკს მიანიშნა.

კრემლი არასდროს არ მალავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას საქართველოს ექს-პრეზიდენტისადმი. ოდესისი გუბერნატორად მისი დანიშვნა, სადაც უმრავლესობა რუსულენოვანი მოსახლეობაა და სადაც პრორუსული ძალები ლიდერობენ, რუსეთმა სილის გაწვნად აღიქვა. პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოასწრო და ქართველი პოლიტიკოსის დანიშვნა „შაპიტო-შოუდ“ შეაფასა. რა მოჰყვება მას, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. ალაბთ, რუსეთის კონტროლქვეშ არსებული ძალები ოდესის ოლქში სიტუაციის არევას გააგრძელებენ, ახლა უკვე გაორმაგებული ძალით, რათა მიხეილ სააკაშვილს პრობლემები შეუქმნან.

ამიერიდან არსენ იაცენიუკი მიხეილ სააკაშვილის სახით ერთ-ერთ პოტენციურ კონკურენტს ღებულობს პრემიერ-მინისტრის სავარძლისათვის ბრძოლაში. ისედაც ხომ აბსოლუტურად ცნობილია, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის გუბერნატორობა ოცნებების საზღვარს არ წარმოადგენს. ამასთან, მართალია, უკრაინის მოქალაქის პასპორტი მას საშუალებას აძლევს უკრაინის პრეზიდენტობაზეც კენჭი ხუთი წლის შემდეგ იყაროს, მაგრამ იგი პეტრო პოროშენკოს კონკურენტი 2019 წელს ვერ იქნება, თუმცა მას შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს პრემიერ-მინისტრობაზე, ვთქვათ, მომავალ წელს. „უსაფრთხო“ და აქტიური მიხოს ყოფნა მისნირთა კაბინეტში შეიძლება პეტრო პოროშენკოსათვისაც სასარგებლო იყოს – სამომავლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

«Радио Свобода» (აშშ), 31 მაისი, 2015 წელი

http://www.svoboda.org/content/article/27044954.html

მიხეილ სააკაშვილი – მეორე დიუკ დე-რიშელიე?

აშშ-ის რადიოსადგურ „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანმა სამსახურმა „სვობოდამ“ ეთერში გადასცა ოდესელების გამოხმაურება მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნაზე.

აი, რას ამბობს ვერხოვნა რადას დეპუტატი ოდესიდან ალექსეი გონჩარენკო:

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისი გამოცდილებით და „ქართული სასწაულით“ ოდესას სასწაულებრივად გარდაქმნის, ეს სტიმული იქნება მთელი ქვეყანისათვის. მე მგონია, რომ მისი დანიშვნა ოდესის მიმართ გადადგმული ძლიერი ნაბიჯია. ჩვენთან პირველი ქალაქის თავი იყო ფრანგი დიუკ დე-რიშელიე, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.. აქ ბერვი სხვა უცხოელიც მუშაობდა, რომლებმაც ქალაქს ბევრი კეთილი საქმეები გაუკეთეს. ოდესა განსაკუთრებული რეგიონია და მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით ამ ფაქტს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი“.

იაკობ ჰოპი, ტელეწამყვანი და მსახიობი:

„ძალიან მომწონს ეს სვლა, ძალიან მოულოდნელი და გასაოცარია. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ კარგი ამბები მოხდება. ვიცი, რომ მან თავის სამშობლოში მრავალი რეფორმა განახორციელა და ვიმედოვნებ, ოდესაში და ოდესის ოლქშიც წარმატებით იმუშავებს… თუმცა მცირე ეჭვები მაინც მაქვს: ამ დონის კაცს თავისი გუნდი არ ჰყავს, არადა, ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, როგორი გარემოცვა ეყოლება. ჩემი აზრით, პატრიოტულად განწყობილი მოქალაქეები მას მხარს დაუჭერენ. ქალაქში კორუფცია ჰყვავის. ძალიან ბევრია ძველი კადრები, რომლებსაც ახლებურად მუშაობა არ სურთ. ვინ და როგორ მოახერხებს სიტუაციის გარდატეხას? აუცილებელია სამოქმედო გეგმის შემუშავება. ჩვენ დიდ იმედს ვამყარებდით წინა გუბერნატორზე, რომელიც ასევე გუნდის გარეშე მოვიდა. საიდანღაც გაჩნდნენ იანუკოვიჩის ხალხი და ისინი თანამდებობებზე დაინიშნენ… მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს იმას გააკეთებს, რაც ვეერ გააკეთა იგორ პალიცამ“.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 31 მაისი, 2015 წელი

http://www.mk.ru/politics/2015/05/31/saakashvili-poobeshhal-odesse-vsemirnoe-chudo.html

„ოდესას „დიდი კომბინატორების“ ქალაქს უწოდებენ. მიხეილ სააკაშვილი ამ მხრივ სუფთა ოდესელი პერსონაჟია“

რუსეთის გაზეთ „მოსკოვსკი კომსომლეცში“ გამოქვეყნდა კომენტარები „მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით.

როსტისლავ იშჩენკო, უკრაინელი პოლიტოლოგი:

ოდესის ოლქი მოსახლეობით საქართველოს შეიძლება შევადაროთ, მაგრამ, ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი აქაც შესაბამის შედეგებს მიაღწევს, რასაც საქართველოში მიაღწია: ტერიტორიებს დაკარგავს და სიძულვილს გამოიწვევს და ეს უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე საქართველოში მოხდა. ეს დანიშვნა, ჩემი აზრით, ორ მომენტს უკავშირდება: პირველი – რუსეთან ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვის სურვილს და მეორე – უკრაინა დნესტრიპირეთის ბლოკადას იწყებს. მიხეილ სააკაშვილს აგრესიის მდიდარი გამოცდილება აქვს, ის ძალიან შესაფერისი ხელმძღვანელია ამისათვის. სხვა მნიშვნელოვან შედეგებს იგი ვერ მიაღწევს.

კონსტანტინე ზატულინი, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი:

მე, რა თქმა უნდა, მესმის, რომ ოდესას ხშირად უწოდებენ „დიდი კომბინატორების“ ქალაქს და მიხეილ სააკაშვილი ამ მხრივ სუფთა ოდესელი პერსონაჟია. იგი როგორც რუსოფობი, უკრაინის ყველაზე არასაიმედო რეგიონში გადააგდეს, რათა ანტირუსული გავლენა რუსული დიდების ამ ქალაქშიც გაავრცელოს. ეს ჩვენი გამოწვევაა. არის კიდევ ერთი მხარე: როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი „დიდი მხედართმავარია“, რომელმაც სამხრეთ ოსეთშიც „გაიმარჯვა“ და აფხაზეთშიც. მე მგონი, სწორედ ეს ფუნქცია აქვს დაკისრებული მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გეგმებში. ვერ იმარჯვებენ დონეცკსა და ლუგანსკში, სამაგიეროდ ახლა მათ დნესტრისპირეთში სურთ რევანშის აღება. ამ კონფლიქტის „გალღობა“ პეტრო პოროშენკომ ჯერ კიდევ მიმდინარე წელს განაცხადა. სააკაშვილი როგორც პროფესიონალი პროვოკატორი, ამ როლს სრულიად მიესადაგება. ამით რამდენიმე ამოცანა სრულდება: კარგი ადამიანი დასაქმდა, ამერიკელებს მოეწონათ და სააკაშვილი ტარანის სახით შეიძლება იქნეს გამოყენებული“.

«Московский комсомолец» (რუსეთი), 31 მაისი, 2015 წელი

http://www.mk.ru/politics/2015/05/31/ataka-na-pridnestrove-ili-pulya-killera-chem-zakonchitsya-gubernatorstvo-saakashvili.html

რით დასრულდება მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა: დნესტრისპირეთზე შეტევით თუ ქილერის ტყვიით?

მარინა პერევოზკინა

(შემოკლებით)

კიდევ ერთი შეურაცხყოფა უკრაინელების მიმართ: მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. განა 40 მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში ვერავინ ვერ ნახეს ღირსეული ადამიანი, რომ უცხოელის გამოწერა დაჭირდათ? განა ამ ქალაქმა, რომელმაც ორი წლის წინათ საშინელი ტრაგედია გადაიტანა, ისეთი ადამიანი ჭირდსება, რომელიც სამშობლოში წამების სისტემის შექმნით და მიტინგების დარბევის სასტიკი მეთოდებითაა ცნობილი?

განა ისეთი რა დამსახურება მიუძღვის მიხეილ სააკაშვილს უკრაინის წინაშე? კი, მან მხარი დაუჭირა ევრომაიდანს, დაიწყო ქართველი „ბოევიკებით“ უკრაინის მომარაგება, მაგრამ საქართველოში რომ მისი დანიშვნა კრიტიკულად მიიღეს? ღირს კი მისი დანიშვნა იმად, რომ თბილისთან ურთიერთობა გამწვავდეს?

თუმცა სინამდვილეში საქმე ძალიან მარტივადაა: მიხეილ სააკაშვილს და პეტრო პოროშენკოს ერთიდაიგივე კურატორები ჰყავთ. „ქართული ექსპერიმენტი“ ჩაიშალა, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ იგი მაინც იმსახურებს წახალისებას, რადგან „ამერიკის კაცია“. მას ასე უბრალოდ ვერ მიატოვებ, ხომ შეიძლება თქვან, ვაშინგტონი თავის კაცებს არ უფრთხილდებაო. მისი დასაქმება აშშ-ში რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ აგერ არაა უკრაინა? ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის უტილიზაციის საკითხი უკრაინელთა დახმარებით გადაწყდება. თანაც ოდესაში, რომელიც განთქმულია კრიმინალებით… აბა, ამერიკაში რომ მიშას მანქანა აფეთქებულიყო, ლამაზი არ იქნებოდა, ოდესაში კი ერთი კარგი ფუგასი ან „პრორუსი სეპარატისტების“ სნაიპერის ტყვია სავსებით რეალურად გამოიყურება.

სხვათაშორის, ფიქრებს აღძრავს აგრეთვე ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ომი დაიწყო, ოდესის გუბერნატორი სწორედ ახლა გახდა, როცა ოლქის მოსაზღვრე დნესტრისპირეთთან მიმართებით დაძაბულობა მატულობს. მას შეუძლია როგორც მინიმუმი ბლოკადა გაამკაცროს, ან მაქსიმუმი – პროვოკაციები გამოიწვიოს, რომელიც შეიძლება სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში გადაიზარდოს. ამის გამოცდილება მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს. მას სურს შური იძიოს რუსეთზე 2008 წლის დამარცხების გამო. სამწუხაროდ, დნესტრისპირეთის მდგომარეობა ამჟამად უფრო არასახარბიელოა, ვიდრე სამხრეთ ოსეთისა – მას არც საერთო საზღვარი არ აქვს რუსეთთან და არც როკის გვირაბი. ამის მიუხედავად, მაინც არის იმის იმედი, რომ მიხეილ სააკაშვილის ახალი სავარაუდო ავანტიურა ისევე დასრულდება, როგორც 2008 წელს დამთავრდა.

«РБК Daily» (რუსეთი), 01 ივნისი, 2015 წელი

http://www.rbcdaily.ru/politics/562949995391387

მიშა, შენ ოდესელი ხარ!

პოლინა ხიმშიაშვილი, ლოლა ტაგაევა

(შემოკლებით)

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. მისგან „ქართული სასწაულის“ გამეორებას ელოდებიან, მაგრამ ამის გაკეთება, ექსპერტების აზრით, უკრაინის სინამდვილეში, ძალიან რთული იქნება.

ორი დღე გავიდა დანიშვნიდან და მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები: მოსახლეობას საკადრო შემადგენლობის განახლებას დაპირდა – 24 რაიონის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსები ჩატარდებაო, კორუფციონერებს არ გავაჭაჭანებო, სამართალდამცველ სტრუქტურებს გავაძლიერებო – ოდესის ოლქი ხომ კრიმინოგენური რეგიონია: კონტრაბანდა ზღვიდან და დნესტრიპირეთიდან… ტურიზმს გავააქტიურებ და ოდესას შავი ზღვის დედაქალაქად გადავაქცევო. თავისი დაპირებების რეალიზება მან ოდესის ვებ-საიტის მოდერნიზებით დაიწყო… „მესმის, რომ ჩემგან საოცრების მოხდენას ელოდებიან, ვაცნობიერებ, რომ ჩემი უფლებამოსილება დიდი არაა, მაგრამ პასუხისმგებლობა უდიდესი“.

როგორც უკრაინელმა პოლიტოლოგმა იულია ბუდენკომ განაცხადა «РБК Daily»ს ჟურნალისტთან საუბარში, „მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მართლაც წარმატებული რეფორმატორი იყო, მაგრამ მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი მისი დანიშვნისადმი ოლქის გუბერნატორად, რადგან კანონმდებლობის თანახმად, მას მოქმედების თავისუფლება არ ექნება. მიხეილ სააკაშვილის მოქმედება დამოკიდებული იქნება მინისტრთა კაბინეტზე, ამიტომაც იმის იმედი, რომ ოდესა მეორე ბათუმი გახდება, არავის უნდა ჰქონდეს. მიხეილ სააკაშვილი უფრო ეფექტური იქნებოდა ცენტრალურ ხელისუფლებაში, სადაც მას შესაძლებლობა ექნებოდა პრობლემები სისტემური გადაწყვეტილებებით მოეგვარებინა. თუ მთლიანად სახელმწიფო არ იქნება რეფორმირებული, მაშინ გარდაქმნების განხორციელება რეგიონულ დონეზე შეუძლებელია“.

ბევრი უკრაინელი პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორობა საწყისი წერტილია მისი პრემიერ-მინიტრად დანიშვნისაკენ.

«Новые известия» (რუსეთი), 01 ივნისი, 2015 წელი

http://www.newizv.ru/world/2015-06-01/220404-kadrovyj-sjurpriz.html

საკადრო სიურპრიზი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოდესას შავი ზღვის პირველი ქალაქის სტატუსს დაუბრუნებს

იანა სერგეევა

(შემოკლებით)

ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას თვით ოდესელები იუმორით შეხვდნენ: „ჩვენთან ვინ არ ყოფილა – იყვნენ ბერძნები, ფრანგები, რუსები, უკრაინელები… დაე, ქართველიც იყოს!“, – იცინიან ადგილობრივი მცხოვრებლები. ქალაქში მდებარე ზოგიერთ ძეგლზე ოდესელებმა ჰალსტუხები ჩამოკიდეს წარწერით: „მიშასათვის!“. არის მოსაზრება, რომ უკვე დროა ოლქის სკოლებში ქართული ენის სწავლება დაიწყოს…

„ჩვენთან რომ სრული „ბარდაკია“ (განუკითხაობაა), ეს მართალია“, – ამბობს „ნოვიე იზვესტიასთან“ ინტერვიუში ოდესელი ალენა ტიხონოვა, – იგი, როგორც ჩანს, კარგი კაცია, წაიმუშაოს, თუ ასე ძალიან სურს, წარმატებებს ვუსურვებთ“.

„მართალი რომ გითხრათ, ხმები რომ გავრცელდა მიხოს დანიშვნაზე, ინტერნეტის „ფეიკი“ (ტყუილი) მეგონა. ყველაფერი კი, ალბათ, იმით დაიწყო, რომ იგი აქ იყო ჩამოსული, მქარგველთა ზეიმში მონაწილეობდა, მასთან ხალხი მიდიოდა და ეუბნებოდნენ, რომ ჩვენი მერი იყავითო! ვინ წარმოიდგენდა, რომ ათი დღის შემდეგ იგი ოდესის მერად კი არა, ოლქის გუბერნატორად დაინიშნებოდა?, – ამბობს კიდევ ერთო ოდესელი მარიანა გოლდი. იგი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს მათთან გადასახლება მიუსაჯეს: „ამბობენ, რომ იგი კიევიდან მოაშორეს, რადგან თავისი რჩევებით ზოგიერთს თავი მოაბეზრა. გარდა ამისა, მისი და იგორ კოლომოისკის ერთმანეთთან დაჯახება უნდათ. გასაგებია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი რაიმეს გაკეთებას მოისურვებს, იგი აქაური ჩინოვნიკების ხისტ წინააღმდეგობას წააწყდება. ერთი მეომარი ომს ვერ მოიგებს“.

თავის პირველ გამოსვლაში ახლმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ ძალიან უკვარს ოდესა და მას უნიკალურ ქალაქად თვლის, რომელსაც უდიდესი პონეტციალი აქვს. მან ყველას მოუწოდა გვერდზე გადადონ ყველა ხელოვნური უთანხმოება და იმედი გამოხატა, რომ შეძლებს ძლიერი გუნდის შექმნას ოდესელთა მონაწილეობით. „ჩვენ ერთობლივად შევეცდებით ოდესას შავი ზღვის უპირველესი ქალაქის სტატუსი დავუბრუნოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და კორუფცია-კონტრაბანდასთან ბრძოლის გააქტიურება დაგეგმა.

«Известия» (რუსეთი), 01 ივნისი, 2015 წელი

http://izvestia.ru/news/587182

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა: დნესტრისპირეთი მიზანშია ამოღებული

სამიზნეში

ალექსანდრე ჩალენკო

(შემოკლებით)

რატომ დანიშნა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორად? ბევრი ამბობს, რომ პოროშენკოს რეჟიმს სჭირდება, რომ რაღაც შედეგები აჩვენოს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რეფორმების განხორციელება შეუძლებელია. ამისათვის არც ფულია და არც სურვილი, განსაკუთრებით ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებში. მათ დღევანდელი სიტუაცია სრულებით აწყობთ. ასეთ ვითარებაში აუცილებელია, რომ რომელირაც რეგიონი „ვიტრინად“ წარმოჩინდეს, ეგრეთ წოდებულ „პოტიომკინის დიდ სოფლად“, რათა წარმატებებო აჩვენო როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ასევე დასავლეთს და რუსეთს: აი, შეხედეთ, უკრაინაში რა კარგად გამოგვდისო.

მაგრამ რატომ მაინცდამაინც ოდესა ამოარჩიეს საექსპერიმენტოდ?

არის ასეთი ახსნა-განმარტება: იმისთვის, რომ „ანექსირებული“ ყირიმი შეჯიბრში „გამოეწვია“ და ყირიმელებისთვის ეთქვათ: აი, ხომ გინდოდათ რუსეთი, რას მიაღწიეთ მაგით? ნახევარკუნძული ბლოკადაშია, სანქციები გაქვთ გამოცხადებული, საკურორტო სეზონი ჩაიშალა. აბა, ახლა ოდესას შეხედეთ და შეადარეთ, როგორ აყვავდა… სწორედ ამ გეგმების რეალიზებისათვის დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი – „ბათუმური სასწაულის“ ავტორი. საინტერესოა, განა რა სასწაული მოახდინა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ასლან აბაშიძის გაძევების შემდეგ? 2011 წელს ბათუმში ვიტავი ცასული და მინდა გითხრათ, რომ რაც გესმით, ყველაფერი გადაჭარბებულია. კი, ქალაქის პირველი სამი თუ ოთხი ქუჩა, რომლებიც ზღვას ეკვრიან, მართლაც მთლიანად რეკონსტრირებულია, აშენებულია რამდენიმე ფეშენებელური სასტუმრო, გაკეთებულია დიდი შადრევანი… მაგრამ ვისთვისაა ეს ყველაფერი აშენებული? უცხოელი ტურისტებისათვის, რომლებიც ევროპიდან ჩადიან იმ შემთხვევაში, თუ წვიმა არ მოდის.

მოკლედ, ბათუმი ჩვეულებრივი „სააკაშვილის სოფელია“, სადაც რეალურად სამწუხარო სიტუაციაა: განახლებული სანაპირო ბულვარისაგან მოშორებით კვლავ საბჭოურ სურათს ვხედავთ – „ხრუშჩოვკები, დანგრეული ქუჩები ორმოებით… და ყველაზე მთავარი – ღარიბი მოსახლეობა.

ისმება კითხვა: მაშ რისთვის გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი ოდესაში?

მიუხედავად იმისა, რომ კიევში თითქოს სჯერათ – „საქართველოს ყველაფერი გამოუვიდაო“, მაინც ეჭვი ეპარებათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ოდესას კონფეტად გადააქცევს.

ვთვლი, რომ მისი დანიშვნის ფაქტს უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. მთავარი ისაა, რომ ოდესასთან ახლოს დნესტრისპირეთი მდებარეობს. ბოლო ხანებში შეიმჩნევა, რომ უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლება, აშშ-ის მხარდაჭერით, დნესტრისპირეთს და „ნოვოროსიას“ რაღაც ცუდს უმზადებენ. აშკარაა, რომ ომის გარეშე პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება დიდხანს ვერ გასტანს. დღეს სწორედ ომი აკავებს მოსახლეობის სოციალურ აფეთქებას. ომის შემთხვევაში კიევიდან შორს იქნებიან როგორც ნაციონალისტები, ასევე რადიკალური პრონაცისტური ორგანიზაციები და მოხალისეთა ბატალიონები. ეს პირველი. მეორე – პოროშენკოს აშკარად არ სურს მინსკის სეთანხმების შესრულება. კი, შეიძლება ფრონტის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა, ეს სედარებით ადვილია, მაგრამ რთულია ქვეყნის დეცენტრალიზების განხორციელება, ხელისუფლების გაყოფა დონბასელებთან. ესე იგი, არის მხოლოდ ერთი გამოსავალი – ომი. არის იმის დამადასტურებელი ფაქტები, თუ როგორ ემზადება კიევი ომის გასაგრძელებლად. მაგრამ ეს შემტევითი კი არ იქნება, არამედ პოზიციური ხასიათისა. უკრაინას ახლა შეტევის თავი არ აქვს, მაგრამ ვთქვათ და დონბასელებმა და „ნოვოროსიელებმა“ წამოიწყეს შეტევა? ჰოდა, ამ შეტევის თავიდან აცილება, უკრაინელებისა და ამერიკელების აზრით, მხოლოდ დნესტრისპირეთის ოკუპირების საფრთხით შეიძლება. მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაც ამ განზრახვის სერიოზულობას ადასტურებს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომთან ასოცირდება. ჩვენ კიევი და ვაშინგტონი გვანიშნებს: თუ თქვენ, რუსებო, დონბასის ჩრდილოეთში ან მარიუპოლზე შეტევას დაიწყებთ, ჩვენ სამაგიეროდ დნესტრისპირეთს ბლოკადას მოვუწყობთ და მოლდოვას ტირსპოლზე შეტევის ორგანიზებაში დავეხმარებით.

ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ პროდასავლური და პრორუმინული მოლდოვა მზადაა მიიღოს სრულმასშტაბიანი მონაწილეობა უკრაინა-აშშ-ის დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში. სიტუაცია საგანგაშო ხდება…

როგორ უპასუხებს ამ ყველაფერს რუსეთი და „ნოვოროსია“, ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთაერთი დამამშვიდებელი ფაქტორი თვითონ მიხეილ სააკაშვილია. იგი კარგი ნიშანია. მიხეილ სააკაშვილი ხომ მარცხის სიმბოლოა. ამჯერად არამარტო საქართველოსი და ამერიკისა, არამედ უკრაინისაც. ესე იგი, სააკაშვილის მოსვლა რუსეთის მორიგი გამარჯვების მომასწავებელია.

Comments are closed