globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 1st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Svenska Dagbladet» (შვედეთი): საქართველოში ევროპული ენთუზიაზმი კლებულობს // „ეს რუსეთის პროპაგანდის წარმატება კი არა, ევროკავშირისადმი უფრო რეალისტური მიდგომაა“

«Незавсисимая газета» (რუსეთი): საქართველოსთვის ნატო უალტერნატივოა // თბილისის არჩევანს დასავლეთისაკენ ისტორიული სწრაფვა განაპირობებს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პოლარიზებული და პერსონიფიცირებული ქართული პოლიტიკა

«The New York Times» (აშშ): ინციდენტი თბილისის ვეგანკაფეში: მფლობელს და კლიენტებს ხორცის ჭამა მოსთხოვეს

———————–

«Svenska Dagbladet» (შვედეთი), 31 მაისი, 2016 წელი

http://www.svd.se/georgiens-eu-entusiasm-bleknar–oppnar-for-ryssland

საქართველოში ევროპული ენთუზიაზმი კლებულობს

„ეს რუსეთის პროპაგანდის წარმატება კი არა, ევროკავშირისადმი უფრო რეალისტური მიდგომაა“

სტატიაში საუბარია საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირებზე, ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე, თანამედროვე აქტუალურ პრობლემებზე (ავტორი – თომას ლუნდინი).

„საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პატივი მიაგეს 1989 წლის აპრილში „თბილისის ტრაგედიის“ მსხვერპლთა ხსოვნასაც: „მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, ახლა კი რუსეთი ცდილობს ჩვენს დამორჩილებას“, – ამბობს 23 წლის ზურაბი. მას ეთანხმება ქალიშვილიც, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა აქს დაფენილი. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მხსნელი რუსეტის აგრესიისაგან მხოლოდ ნატო და ევროკავშირია, რომლებიც მის ქვეყანას ეკონომიკის გაძლიერებაშიც დაეხმარებიან. „დასავლეთის გარდა, ჩვენთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს“, – ამბობს იგი.

ჯერ-ჯერობით ქართველების უმეტესობის განწყობა პროდასავლურია, მაგრამ უკვე ისეთი მტკიცე და ერთმნიშვნელოვანი აღარაა, როგორიც, ვთქვათ, რამდენიმე წლის წინ იყო, როცა ხალხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე ოცნებობდა, დასავლეთი კი, თავის მხრივ, საქართველოს ქება-დიდებას უძღვნიდა, როგორც დემოკრატიასა და საბაზრო ეკონომიკაში ყველაზე კარგ მოსწავლეს.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა: ევროპის პოლიტიკურ რუკაზე რადიკალური ცვლილებები მოხდა. ევროკავშირი გაფართოებისაგან დაირალა. დღეს ბრიუსელი მიგრაციის წინააღმდეგია, ის მემარჯვენე პოპულიზმს ებრძვის და ე.წ. „ბრექსიტის“ (დიდი ბრიტანეთის სავარაუდო გასვლას ევროკავშირიდან) მხარდამჭერებს უპირისპირდება, ნატო კი უკრაინის კრიზისის ანალიზითა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში თავის ყოფნის გაძლიერებითაა დაკავებული. ასეთი ახალი პოლიტიკური სინამდვილის ფონზე ნატომ და ევროკავშირმა საქართველოსადმი ინტერესი დაკარგეს, რუსეთი კი, პირიქით, სამხრეთ კავკასიის რეგიონს თავისი ინტერესების სფეროდ მიიჩნევს, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კომუნიკაციები – კასპიის ზღვიდან ევროპაში მიმართული ნავთობ-გაზადენები გადის და იქ თავისი „რბილი ძალის“ მოქმედებას ავრცელებს“, – წერს ავტორი.

სტატიაში რუსეთის გააქტიურების დამადასტურებლად ციტირებულია საქართველოს თავდაცვისა და ევრონტეგრაციის მინისტრები – თინა ხიდაშელი და დავით ბაქრაძე, რომლებიც ნატოს მოწინააღმდეგეთა რაოდენობის ზრდასა და მიერ ჩატარებულ აქციებზე საუბრობენ. დღეს საქართველოში დაახლოებით 40-მდე ანტიდასავლური ორგანიზაცია მოქმედებს. მათი პროპაგანდის გასანეიტრალებლად ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის მიზანია საართველოს მოსახლეობას დასავლური ღირებულებების არსი განუმარტოს და მათი სარგებლიანობა აუხსნას.

პუბლიკაციაში ავტორი საუბრობს აგრეთვე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტირებს ეხება. სტატიაში გადმოცემულია ამ კვლევის შედეგები: მართალია, მოსახლეობის 80% ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს, მაგრამ სულ უფრო მეტი ფიქრობს, რომ ამ ინტეგრაციის პარალელურად, ურთიერთობა რუსეთთანაც უნდა გაუმჯობესდეს.

რუსეთის გავლენა განსაკუთრებით ფასეულობების საკითხშია შესამჩნევი: მაგალითად, ჰომოსექსუალიზმთან, ტრანსსექსუალებთან დამოკიდებულებაში. „რუსეთის პროპაგანდას თუ დავუჯერებთ, საქართველო როგორც კი ევროკავშირში გაწევრიანდება, მაშინვე ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება“, – ამბობს ავტორთან საუბარში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. მას ეთანხმება სტრატეგიული კვლევების ფონდის ანალიტიკოსი ქეთევან ემხვარი, რომლის აზრით, „იმ ადამიანების დასაყრდენი, რომლებიც ქართული ცხოვრების სტილს იცავენ, ეკლესია და რუსეთია“.

2015 წელს ევროპული პარტნიორობის ფონდის დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 45% ევროკავშირს ქართული ტრადიციების საფრთხედ აღიქვამს. 2013 წელს ასეთ აზრი მოსახლეობის მხოლოდ 31%-ს ჰქონდა.

თბილისში ევროპელი დიპლომატები ადასტურებენ, რომ რუსული პროპაგანდის ნაკადი მატულობს და ფართოვდება, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ამ საკითხს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს: „პრინციპში, ეს რუსეთის წარმატება კი არ არის, არამედ უფრო რეალისტური შეხედულება ევროკავშირზე“, – ასეთ კომენტარს აკეთებს ავტორთან საუბრისას ერთ-ერთი ცნობილი დიპლომატი.

საქართველოში პროდასავლური ანალიტიკური ცენტრები ევროპის ქვეყნებისაგან და განსაკუთრებით, აშშ-ის მიერ ფინანსდება, – წერს ავტორი და იქვე აღნიშნავს, რომ ქართული ტელევიზიების პროდასავლური გადაცემების მწარმოებლები შვედურ ფულსაც იღებენ.

რაც შეეხება პრორუსულ კომპანიებს, მათ ზურგს უკან დგანან ევრაზიული ინსტიტუტი და „ევრაზიული არჩევანი“. ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული რუს ნაციონალისტ ალექსანდრ დუგინის თანამოაზრეებთან, რომლებიც რუსეთის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობენ.

სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, პროდასავლური პარტიები დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში, ალბათ, პრორუსული პარტიებიც მოხვდებიან – პირველად 1991 წლიდან, როცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა. არაა გამორიცხული, რომ ისეთი უფლებამოსილება მიიღონ, რომლის მეშვეობით გავლენას მოახდენენ საქართველოს ევროატლანტიკურ პოლიტიკაზე.

«Незавсисимая газета» (რუსეთი), 01 ივნისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-06-01/3_kartblansh.html

საქართველოსთვის ნატო უალტერნატივოა

თბილისის არჩევანს დასავლეთისაკენ ისტორიული სწრაფვა განაპირობებს

„ნატოს ვარშავის სამიტის წინ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება შავი ზღვის რეგიონისაკენ იცვლება, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესები მიდის. მათში საქართველო მთავარი როლის შემსრულებლად თუ არ იქნება, მინიმუმ აქტიურად მაინც უნდა იყოს ჩართული. საქართველოს და მის პარტნიორებს ამ ისტორიულ მომენტში ერთმანეთი ძალიან ჭირდებათ. ნატო შეშფოთებულია რუსეთის სამხედრო გააქტიურებით შავი ზღვის რეგიონში და მის საწინააღმდეგოდ შავი ზღვის ფლოტილიის შექმნის გეგმასაც განიხილავს, საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით“, – წერს თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სტატიაში.

„ვარშავის სამიტის წინ ბევრი კითხვა ებადება: რატომ აირჩია საქართველომ ნატო და რატომ მიდის თანმიმდევრულად ამ გზით, განა სხვა ალტერნატივა არ არსებობს? ვთქვათ, განა არ შეიძლება ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარება?

საქართველომ ახლახანს აღნიშნა თავისი დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი. ამ ფონზე საჭიროა გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო 1994 წელს ჩვენმა სახელმწიფომ ნატოსაკენ მიმავალ გზაზე სიარული პროგრამით „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. ჯერ კიდევ 1997 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ „2005 წელს საქართველო ნატოს კარზე დააკაკუნებსო“. სწორედ იმ დროიდან დაიწყო ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის განხორციელება, მრავალი თაობის ოცნების რეალიზება – დასავლური ცივილიზაციის, ფასეულობებისაკენ ლტოლვა. ნატო ჩვენთვის ხომ მარტო სამხედრო ალიანსი არ არის, ეს დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკური კლუბია. თვით ინტეგრაციის პროცესი ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. საქართველოს ისეთი რეფორმიერება და მოდერნიზება სურს, ისეთი ინსტიტუციონალური დემოკრატია, რომელიც სრულად შეესაბამება ყველაზე მაღალ ევროპულ სტანდარტებს.

და აი, რომანტიზმის პერიოდიდან დაწყებული, საქართველომ თანდათან კონკრეტულ შედეგებს მიაღწია: დღეს ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გმირულად მსახურობენ ნატოს ყველაზე სახიფათო მისიებში. მთელი დასაავლური სამყარო აღიარებს იმას, რომ საქართველო ღირსეული და თანასწორი პარტნიორია. ნატოს ქვეყნები, თავის მხრივ, ჩვენს ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში ეხმარებიან, – აღნიშნავს თედო ჯაფარიძე სტატიაში და ამის დამადასტურებლად საფრანგეთ- საქართველოს თანამშრომლობის მაგალითი მოჰყავს. ევროსკეპტიკოსებიც კი დარწმუნედნენ, რომ 2012 წლიდან საქართველოსჰ პროევროპული პოლიტიკა განმტკიცდა და დღეს თბილისი მნიშვნელოვან პრეფერენციებს იმ ქვეყნებიდანაც კი იღებს, რომლებიც ადრე საქართველოსთან თანამშრომლობისაგან თავს იკავებდნენ.

„და განა ამის ალტერნატივა არსებობს? რას გვთავაზობს ჩვენ სხვა „მოთამაშე“ – რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული? მოსკოვის აზრი ასეთია: „ან ჩვენთან უნდა იყოთ, ან ჩვენი მტრები იქნებით“. და რა არის პოზიტიური ასეთ პარადიგმაში? კონფლიქტების მოგვარება? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? არა და არა! კრემლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩვენი ხალხის არჩევანის სრულ დისონანსს წარმოადგენს“, – წერს ავტორი და იქვე მიუთითებს, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგული საქართველო კარგად აცნობიერებს – ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსეთთან დამოკიდებულების მიმართ ერთიანი პოზიცია არ არის. ასე რომ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრობლემა ამ დისკურსში უნდა განვიხილოთ, თანამედროვე ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექტსში და არა თანამშრომლობის დილემად – „ან ნატო, ან რუსეთი“. ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორი მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ევროპის რიგ ქვეყნებს რუსეთთან ისტორიული, ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისით. ეს ფაქტორი იგრძნობა ნატო-საქართველოს ურთიერთობებშიც. საქართველო რეალური პოლიტიკის მომხრეა და სწორედ ამიტომ ვცდილობთ უსეთთან მოლაპარაკებას. თბილის-მოსკოვის კონტაქტებს დადებითად მიიჩნევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა იმავდროულად ჩვენ არასოდეს არ გადავაბიჯებთ ე.წ. „წიოთელ ხაზებს“, ანუ ჩვენ ყოველთვის სუვერენული დავრჩებით განვთარების ვექტორის არჩევაში. ჩვენ არასოდეს არ გავწირავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას.

დასამალი არაა, რომ საქართველოში ამასაც ლაპარაკობენ – „რად გვინდა ნატო, მასში ხომ ისედაც არ გვღებულობენ“. თუმცა, რასაკვირველია, დადგება ისეთი ისტორიული მომენტი, როცა საქართველოს ალიანში აუცილებლად გაწევრიანდება. გარდა ამისა, რომც არ გავხდეთ ნატოს წევრი, თვით ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლას ჩვენთვის, ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ესაა განვიტარებისა და ზრდის უნიკალური შესაძლებლობა, რაც ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, ცნობილია, რომ ნეიტრალიტეტის კურსის გატარება მხოლოდ კონკრეტულ სამეზობლო გარემოში შეიძლება, კონსენსუსის დროს, როცა დიდი ქვეყნები პატარებს ესაზღვრებიან და მათ რომელიმეს წინააღმდეგ არ აქეზებენ. არ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე აშშ, ევროპის რომელიმე სახელმწიფო, ირანი, რუსეთი ან თურქეთი ერთმანეთთან ისე შეთანხმდებიან, [რომ საქართველოსთვის სასარგებლო სიტუაცია შეიქმნას].

ამრიგად, საქართველოს არჩევანი შეგნებულიაამასტან ჩვენ იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ნატოსაკენ სწრაფვა და ალიანსში გაწევრიანებაც კი ეს ჩვენი შიდა პრობლემების გადაწვეტას არ ნიშნავს, ტერიტორიული მთლიანობის ჩათვლით. ჩვენ ეს არჩევანი იმიტომ გავაკეთეთ, რომ მეგობრებ-პარტნიორების დახმარებით გავხდეთ სასარგებლო სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, გადავიქცეთ ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად.

შევაჯამოთ ზემოთთქმული: ნატო და, რასაკვირველია, ევროკავშირი, ჩვენთვის განვითარების მოდელს წარმოადგენს. ამ მოდელის არჩევანი ჩვენს საზღვრებთან რუსეთის ყოფნამ განაპირობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხარისხიან დემოკრატიას, კანონის უზენაესობას. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის რეგიონული ხიდის როლი შევასრულოთ. ეს რეფორმების განხორციელების რთული გზაა და მისი გავლა აუცილებელია, ლოგიკურ დასასრულამდე. და ეს ყველაფერი უპირველესად ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გასაკეთებელია. ცხადია, ნატო, ევროკავშირი, აშშ დაგვეხმარებიან, მაგრამ ჩვენს ნაცვლად ამას არავინ არ გააკეთებს.

«Radio Voice of Americaრადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 ივნისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/paul-stronski-interview/3356047.html

პოლარიზებული და პერსონიფიცირებული ქართული პოლიტიკა

მაია ქვარცხავა

შეერთებულ შტატებში ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ დემოკრატიის განვითარების მხრივ, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის, ბალტიისპირეთის გამოკლებით, ყველაზე დაწინაურებული სახელმწიფოა. ამ მხრივ გამონაკლისს არც პოლ სტრონსკი, უსაფრთხოების ამერიკელი ანალიტიკოსი, წარმოადგენს. მაგრამ წარმატებებთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი, რომელიც საქართველოდან რამდენიმე დღის წინ ახალი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა, თავის კრიტიკულ მოსაზრებებსაც გვიზიარებს.

„ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ დიდი შეშფოთებაა საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირების გამო, რომელიც ძალიან პოლარიზებული და ასევე ძალიან პერსონიფიცირებულია. იმის მიუხედავად, რომ ბატონები ივანიშვილი და სააკაშვილი ძალაუფლებას აღარ ფლობენ, ისინი პოლიტიკურ განვითარებებს და თავის პარტიებს თავს ძალიან, ძალიან დიდი დოზით დასტრიალებენ“ – ამბობს ის.

კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი იმედს იტოვებს, რომ საარჩევნო კამპანიების დაწყებისთანავე საქართველოში მდგომარეობა ამ მიმართულებით მეტ-ნაკლებად გამოსწორდება და ფოკუსირება არა იმდენად პოლიტიკურ ფიგურებზე, არამედ უფრო კონკრეტულ პოლიტიკურ პროგრამებზე მოხდება:

„კარგი იქნებოდა, საქართველოს გადაელახა ეს დამოკიდებულება და უფრო პოლიტიკურ პროგრამებზე ორიენტირებული გამხდარიყო. თუმცა, ჯერ ქართული პოლიტიკური სეზონის მხოლოდ დასაწყისია და იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებში ამ საკითხებზე ყურადღება მეტად გამახვილდება“.

პოლ სტრონსკის თქმით, საქართველო დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის ისეთებიცაა, რომელიც მკვლევარის თქმით, მასზე დამოკიდებული არც არის. მაგრამ, ყველაზე მთავარი მაინც მთლიანად კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებაა. სტრონსკი ყარაბაღის კონფლიქტის ოთხდღიან განახლებას იგონებს და ამბობს, რომ მსგავსი მოვლენები ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ფიზიკურ, თუ ენერგო-უსაფრთხოებაზე, მის საინვესტიციო გარემოზე და ზოგადად ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

«The New York Times» (აშშ), 31 მაისი, 2016 წელი

http://www.nytimes.com/2016/06/01/world/europe/patrons-of-vegan-cafe-are-pelted-with-meat-in-tbilisi-georgia.html?_r=0

ინციდენტი თბილისის ვეგანკაფეში: მფლობელს და კლიენტებს ხორცის ჭამა მოსთხოვეს

სტატიაში გადმოცემული ის ინცინდენტი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარე ვეგეტარიანულ კაფეში მოხდა: „ახალგაზრდები, რომლებთაც ხელში შემწვარი ხორცი და ძეხვები და სოსისები ეჭირათ, შეცვივდნენ და იქ მყოფებს ხორცის პროდუქტების ჭამა მოსთხოვეს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – დენ ბილეფსკი).

„საქართველო კავკასიის პატარა, მაგრამ ამაყი სახელმწიფოა, რომელმაც 2008 წელს რუსეთთან ომი დაიწყო და ამიტომ კონფლიქტები მისთვის უცხო არ არის, თუმცა თბილისის ვეგეტარიანულ კაფეში უკანონოდ შეჭრა იმის საფრთხის გრძნობას აღვიძებს, რომ კულტურათა შორის ომი შეიძლება უფრო გამძაფრდეს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მომხდარი ფაქტი იმის შედეგია, რომ პოსტსაბჭოთა საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ახლა კი ადგან სწრაფად მიდის ევროატლანტიკური გზით, ცდილობს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, შესაბამისად, კონსერვატიული ძალები ამ სვლის შეფერხებას ცდილობენ“, – წერს ავტორი და თან სამი წლის თბილისში გამართულ გეიაღლუმის გარემოებებსაც იხსენებს, რომელმაც საზოადოებაში მწვავე კონფლიქტი გამოიწვია.

„ჩვენ დღეს საქართველოში ნაციონალიზმის აღორძინების მომსწრენი ვართ, რომელსაც რუსეთი ხელს უწყობს – მოსკოვური პროპაგანდის თანახმად, ევროპა საქართველოს ტავს ახვევს ერთსქესიანთა ქორწინებებს და გეიაღლუმებს“, – ამბობს გიორგი გოგია, თბილისში არსებული „ჰიუმან რაითს ვოჩის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი. „ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრირების მხარდამჭერია, მაგრამ ქვეყანა ძირითადად მაინც კონსერვატიული რჩება – მართლმადიდებელ ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს. ესაა რეაქცია უცხოური გავლენის წინააღმდეგ“. ვეგეტარიანული კივი-კაფეში კი, როგორც ცნობილია, ძირითადად იკრიბებიან ჰიპსტერები, ჰომოსექსუალები, ანუ ისეთები, რომლებიც დასავლურ ლიბერალურ ფასეულობების სიმბოლოს წარმოადგენენ.

„საქართველოს მმართველმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დასავლეთთან მჭიდრო კავშირების განვითარების მომხრედ გამოდის, ამას წინათ ოჯახის განმსაზღვრელი საკითხის ინიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირიაო. როგორც გიორგი გოგია ამბობს, ეს წინადადება იმაზეა გათვლილი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი მიიზიდოს. იმავდროულად საქართველო ევროკავშირის ზეწოლის გამო იძულებული გახდა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიეღო, რომლის თანახმად, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების დისკრიმინაცია იკრძალება.

იმ დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებლობის მორიგ წლისთავს ზეიმობდა, კივი-კაფეში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის ქუჩებში ნაციონალისტთა ჯგუფი გამოჩნდა, რომლებიც „საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის“ გაიძახოდნენ. ზოგიერთს ამ სცენამ ეთნიკური მტრობა გაახსენა, რომელიც იმ პერიოდში გაღვივდა, როცა 1991 წელს საქართველომ რუსეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, – ნათქვამია სტატიაში.

Comments are closed