globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 1st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ დანაშაულში გარეული არ არის“

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების გამო ადამიანის უფლებადამცველებმა აღშფოთება გამოხატეს

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს და აზერბაიჯანის საპყრობლეში ჩასვეს“

«Accosiated Press» (აშშ): „ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს“

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): „სახიფათო პრეცედენტი“ – თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს“

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველო აზერბაიჯანული ოპოზიციისათვის უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის // თბილისის ცენტრში გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ბაქოში ჩაიყვანეს

«Голос Армении» (სომხეთი): საქართველო - „კავკასიური კასაბლანკა“ თუ აზერბაიჯანელი დიქტატორის ხელშემწყობი?

«Lragir» (სომხეთი): „აზერბაიჯანი სწრაფად უახლოვდება სანქციების გამოცხადებას“

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgia-tbilisi-based-azerbaijani-jornalist-abducted-to-azerbaijan/3878941.html

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ამ დანაშაულში გარეული არ არის

ზაზა წულაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური მეორე დღეა არწმუნებენ საზოგადოებას, რომ არ აქვთ ინფორმაცია, ვინ და როგორ მოახერხა თბილისის ცენტრიდან, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცება, რომელიც მოგვიანებით, ადვოკატებმა ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოაჩინეს, თანაც ისე, რომ სახელმწიფო საზღვარზე საპასპორტო კონტროლი არ გაუვლია.

აფგან მუხთარლი გამომძიებელი ჟურნალისტია. იგი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო, 2014 წლიდან, ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და პროფესიულ საქმიანობას აქედან ეწეოდა. ჟურნალისტი თანამშრომლობდა ლონდონში მდებარე Institute for War and Peace-თან, ასევე ოპოზიციური Meydan TV-თვის იძიებდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კორუფციულ ტენდერებს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრების მრავალმილიარდიან ბიზნესაქტივებს, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზეც, ეხმარებოდა სხვა ჟურნალისტებსა და დისიდენტებს თბილისში თავშესაფარი ეპოვათ.

აფგან მუხთარლი და კიდევ ერთი აზერბაიჯანელი პოლიტდევნილი დაშქინ აღალარლი 29 მაისს, საღამოს 6 საათზე, ერთმანეთს თბილისის ცენტრში, ვეკუას ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ყვავილების ბაზრობასთან ახლოს, კაფეში შეხვდნენ. ერთი საათის შემდეგ დაიშალნენ. დაშქინ აღალარლი იხსენებს, რომ მუხთარლის ბოლოს მეუღლემ დაურეკა და სახლში პურის მიტანა სთხოვა. ამის შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

მეორე დღეს, 30 მაისს, თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი ბაქოში, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ცენტრალურ სამმართველოს იზოლატორში აღმოაჩინეს. ნაცემ აფგან მუხთარლის, რომელსაც ჯიბეში პასპორტიც კი არ ედო, 10 000 ევროც „უპოვეს“, ბრალად „საზღვრის უკანონო გადაკვეთა“ და კონტრაბანდის გადატანა წაუყენეს.

ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა, რომელსაც დღეს ბაქოში დავუკავშირდით, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ეს გატაცება არის სამარცხვინო შემთხვევა საქართველოს „დემოკრატიული იმიჯისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის“ და ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირს აგონებს: „ასეთი რამ ხდებოდა საბჭოთა დროს, როცა НКВД-ს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) სამხედრო კონტრდაზვერვის სამმართველო Смерш-ი («Смерть шпионам!») სხვადასხვა ქვეყანაში იტაცებდა ადამიანებს, რომ შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას მათი საჩვენებელი დასჯა მოეწყო. ახლა ეს ხდება საქართველოსა და აზერბაიჯანში – ან საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს უსაფრთხოებას საკუთარ ქვეყანაში და ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახურს შეუძლია თბილისში ადამიანის მოტაცება, ან კიდევ თანამშრომლობს აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან, რათა ჩვენს დისიდენტებს გაუსწორდნენ. ფაქტია, რომ გატაცებამდე აფგან მუხთარლი საჯაროდ ამბობდა, რომ მას ღიად უთვალთვალებენ უკვე ხანგრძლივი დროის მანძილზე“.

ხადიჯა ისმაილოვა და აფგან მუხთარლი წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდნენ. 2014 წლის დეკემბერში, როცა ხადიჯა ბაქოში დააპატიმრეს, აფგანი იძულებული გახდა თავშესაფარი საქართველოში ეძებნა. 2015 წელს ხადიჯა ისმაილოვას ბაქოს სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ პერიოდში, აფგან მუხთარლიმ საქართველოში მცხოვრებ დევნილ აქტივისტებთან ერთად, ხადიჯას და სხვა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებლების მოთხოვნით, თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გამართა. საბოლოოდ, 2016 წლის 26 მაისს, ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა ციხიდან გამოუშვა, თუმცა ზუსტად ერთი წლის თავზე დიდი შანსია, რომ ციხეში დიდი ხნით უკვე ჟურნალისტი აფგან მუხთარლი მოხვდეს.

ხადიჯა ისმაილოვას ინფორმაციით, 29 მაისს, საღამოს, აფგან მუთხარლი თბილისში, ვეკუას ქუჩიდანვე გაიტაცეს. იგი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, სცემეს, შეუკრეს ხელები და თავზე პაკეტი ჩამოაცვეს. ამის შემდეგ, გამტაცებლებმა, რომლებიც თითქმის არ საუბრობდნენ, ორჯერ გამოიცვალეს ავტომობილი.

მესამე ავტომობილში უცნობი პირები უკვე აზერბაიჯანულად საუბრობდნენ. აფგან მუთხარლი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ნეიტრალურ ზონაში ჩამოსვეს და ბელაქნის ერთ-ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გაუშვეს, სადაც იგი მესაზღვრეებმა დააპატიმრეს კიდეც.

ხადიჯა ისმაილოვა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში არ გამორიცხავს, რომ აფგან მუხთარლის გატაცებასთან, საქართველოს და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებთან ერთად, კავშირი ჰქონდეს აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, უკანონო თვალთვალში არაერთხელ არის შემჩნეული: ​„აზერბაიჯანელი აქტივისტები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ ამბობენ, რომ მათ ხშირად უთვალთვალებდნენ „სოკარის“ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა რათა დაიცვას სტუმრები „სოკარის“ გასამხედროებული უსაფრთხოების სამსახურისგან. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის არ არის გარეული დანაშაულში, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ მოხდა; ეს რომ დაამტკიცოს საქართველომ, პირველ რიგში უნდა გამოიძიოს დანაშაულის ფაქტი, მეორეც, საქართველომ აზერბაიჯანულ მხარეს ძლიერი დიპლომატიური პასუხი უნდა გასცეს.“

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ ერთ უცნაურ დამთხვევაზე. 2017 წლის 4 მაისს, ბაქოში, პროსახელისუფლებო ინტერნეტ-გამოცემა haqqin.az-მა გამოაქვეყნა ვრცელი ოპუსი სათაურით: „ანტიაზერბაიჯანული იატაკქვეშეთი თბილისში“.

გარდა საქართველოს სახელმწიფოს დამამცირებელი ფრაზეოლოგიისა და ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, პუბლიკაციაში ჩამოთვლილია, საქართველოში მყოფი თითქმის ყველა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი, სამუშაო ადგილებისა და საცხოვრებელი მისამართების მითითებითაც კი. შეჯამების სახით სტატიაში დასმულია კითხვა: „აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ოდესმე მისცა ქართულ ოპოზიციას არენა ბაქოში? რითი დაიმსახურა ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობისა და სამართალდამცავების ასეთი დამოკიდებულება?“

ამ ოპუსის გამოქვეყნებიდან, 18 დღეში, თბილისში, პუბლიკაციაში დასახელებული ერთ-ერთი პირი, აზერბაიჯანის ოპოზიციასთან დაახლოებული ექიმი, კლინიკა „ლანცეტის“ მეპატრონე ფარმან ჯეირანლი „ღვიძლის ტრანსპლანტაციის უკანონო ოპერაციების“ ბრალდებით დააპატიმრეს. კიდევ 12 დღეში კი თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუთხარლი გაიტაცეს. აფგანი და მის მეუღლე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა პუბლიკაციაში „რადიკალ რევოლუციონერებად“ არიან მოხსენიებულნი.

«BBC News – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 01 ივნისი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/features-40114190

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების გამო ადამიანის უფლებადამცველებმა აღშფოთება გამოხატეს

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის „გაუჩინარების“ ფაქტი, რომელიც, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ხელისუფლების სპეცსამსახურებმა უკანონოდ გაიტაცეს და ბაქოში ჩაიყვანეს (ავტორი – ნინა ახმეტელი).

პუბლიკაციაში ასახულია როგორც მთავრობის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობა, ასევე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები, თბილისელ და ბაქოელ სამართალდამცველთა მოკლე კომენტარები (თბილისი: „აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიება დაწყებულია“, ბაქო: „აფგან მუხტარლი მესაზღვრეებმა დააკავეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო“).

„ამ ისტორიამ აღშფოთების და კითხვების ნიაღვარი გამოიწვია როგორც აზერბაიოჯანის, აზევე საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მიმართ. ორგანიზაცია Amnesty International-მა ჟურნალისტის დაუყონებლივი გათავისუფლება მოითხოვა და განაცხადა, რომ მას ციხეში წამება ელოდება. ათი ქართული არასამთავრობო როგანიზაცია ერთობლივი განცხადებით გამოვიდა და საქართველოს პროკურატურას მომხდარი ფაქტის ობიექტური გამოძიებისაკენ მოუწოდა…

აზერბაიჯანელი უფლებადამცველები, რომლებიც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ, აცხადებენ, რომ საქართველო მათთვის უსაფრთხო ადგილი აღარაა: „ვფიქრობდი, რომ საქართველოში უსაფრთხოდ ვართ. ვფიქრობდი, რომ საქართველო ჩვენი მეგობარია. უბრალოდ, არ ველოდი, რომ საქართველო ასე გაგვყიდდა. საწყენია, რა თქმა უნდა, როცა გგონია, რომ უსაფრთხოდ ხარ და ამ დროს ზურგიდან დარტყმას ღებულობ“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში აზერბაიჯანელი ოპოზოციონერი ზარიფა გულიევა, რომელიც ასევე თბილისში ცხოვრობს.

———

თბილისში აზერბაიჯანელ ჟურნალისტის სკანდალურ დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მასობრივმა მედიასაშუალებებმა მრავალი მასალა გაავრცელეს. აი, ზოგიერთი მათგანის სათაურები: «Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს და აზერბაიჯანის საპყრობლეში ჩასვეს“ (ავტორი – მარგარიტა ანთიძე); «Accosiated Press» (აშშ): „ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს (ავტორი – აიდა სულთანოვა); «RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): „სახიფათო პრეცედენტი“ – თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაიტაცეს“.

პუბლიკაციებში გადმოცემულია ყველა მხარის, მათ შორის – აზერბაიჯანის ოპოზიციის და ბაქოს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები, აგრეთვე საქართველოს ოფიციოზის და ოპოზიციის თვალსაზრისები: მოხსენიებულია პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ა.შ. წყაროები: http://www.reuters.com/article/us-georgia-journalist-azerbaijan-idUSKBN18R269; https://www.washingtonpost.com/world/europe/lawyer-independent-journalist-abducted-in-georgia/2017/05/31/24; http://ru.rfi.fr/kavkaz/20170531

«Независимая газета» (რუსეთი), 01 ივნისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-31/100_7000_gruzja.html

საქართველო აზერბაიჯანული ოპოზიციისათვის უსაფრთხო ქვეყანა აღარ არის

თბილისის ცენტრში გატაცებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი ბაქოში ჩაიყვანეს

სტატიაში ვრცლადაა გადმოცემული აზერბაიჯანელ ოპოზიციურ ჟურნალისტთან აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალური ინციდენტი, რომელიც თბილისში დაიწყო და ბაქოში გაგრძელდა: როგორ და რატომ გაიტაცეს თბილისიდან, რა ბრალს უყენებენ მას აზერბაიჯანელი სამართალდამცველები და საერთოდ, რას ნიშნავს ან რა შედეგებს მოიტანს ეს ფაქტი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებში. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართული საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან – მთავრობის რეზიდენციასთან (ავტორი – იური როქსი).

სტატიაში ციტირებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევასა და მისი ადვოკატის ნეიმატ ქერიმლის განცხადებები, რომელთა თანახმად, აფგან მუხტარლი აშკარად გაიტაცეს თბილისიდან და სახელმწიფო საზღვარზე ყოველგვარი წესების დარღვევით გადაიყვანეს (უპასპორტოდ). აშკარად ჩანს, რომ ამ საქმეში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ორგანოები არიან ჩარეულები: ყველაფერი ურთიერთგარიგებით განხორციელდა. ადვოკატმა ქართული მხარე საერთაშორისო სამართალდარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ შესაბამისი სარჩელი იქნება წარდგენილიო.

„აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხტარლის ბაქოელი სამართლადმაცავების მიერ წაყენებული აქვს ბრალდება „საზღვრის უკანონო გადაკვეთისა“ და ფულის დიდი რაოდენობით ასევე უკანონოდ გადატანის თაობაზე (ამბობენ, რომ მას ათი ათასი ევრო „ჩაუდესო“, სამხილის სახით). თბილისში ჟურნალისტი მეუღლესთან ერთად ბოლო ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა. სხვა პოლიტიკური მოღვაწეებისა და კოლეგების მსგავსად, აფგან მუხტარლი აზერბაიჯანიდან იქაური ხელისუფლების რეპრესიებს გამოექცა და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას ცდილობდა. როგორც ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა ოპოზიციონერმა მართებულად შენიშნა, „ჩვენთვის თბილისური „კასაბლანკა“ დაახლოებით ნახევარი წლის წინ დასრულდაო“.

ოფიციალური ბაქო უკიდურესად უკმაყოფილო იყო იმით, რომ მოკავშირე საქართველო ოპოზიციონერების, ანუ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწინააღმდეგეების თავშესაფარი გახდა. ქართულ მხარესთან პრაქტიკულად ყველა შეხვედრის დროს აზერბაიჯანული მხარე მუდმივად მოითხოვდა პარტნიორისაგან, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო, მაგრამ თბილისი, მჭიდრო პარტნიორული კავშირების მიუხედავად, ბაქოსთვის სასიამოვნო გადაწყვეტილებას ვერ იღებდა – ალბათ, დასავლეთის რეაგირებისა ერიდებოდა.

მოკლედ, მომხდარი ამბით საზოგადოება სახტადაა დარჩენილი. უფლებადამცველები მიუთითებენ, რომ უხეშადაა დარღვეული ადამიანის უფლებები და რომ საქართველოს მთავრობამ ვერ უზრუნველყო ლტოლვილის უსაფრთხოება, რომელიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა და რომლის ბრალი მხოლოდ იმაშია, რომ მშობლიური ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებდა. აქტივისტები მსჯელობენ კავკასიური ტრადიციების დარღვევაზე („როცა ვინმეს უჭირს, უნდა დაეხმარო“) და ფაქტიურ ღალატზე. აზერბაიჯანში დარჩენილი ოპოზიცია იმედგაცრუებას ვერ მალავს და საკმაოდ ბოროტსიტყვაობს: საქართველოს  უწოდებს SOKARTVELO-ს და ამით მიანიშნებს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOKAR-ი თბილისზე ძალზე ძლიერ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტშიც გულგატეხილობა სუფევს: „დამოუკიდებლობა გვინდოდა და რა მივიღეთ? ჯერ რუსეთის გავლენიდანაც ვერ გამოვსულვართ და ახლა თეირან-ანკარის თხოვნებს ვასრულებთ. პირველმა – ჩემს მოქალაქეებს საზღვარზე ნუ ამოწმებთო, მეორემ – დიდგორის ბრძოლის იუბილე არ გადაიხადოთო, თან გვეუბნება, ვინც მე მინდა, ის უნდა დააპატიმროთო. ბაქო კიდევ ჩვენს ტერიტორიაზე თავის ოპოზიციონერებს იჭერს“, – წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი.

——–

ამ თემაზე სტატიები გამოქვეყნდა აგრეთვე სომხურ გაზეთებშიც, რომელთა სათაურები, გასაგები მიზეზების გამო, პუბლიკაციების პათოსს კარგად ასახავს: «Голос Армении»: საქართველო - „კავკასიური კასაბლანკა“ თუ აზერბაიჯანელი დიქტატორის ხელშემწყობი? (ავტორი – მარინა გრიგორიანი); «Lragir»: „აზერბაიჯანი სწრაფად უახლოვდება სანქციების გამოცხადებას (ავტორი -  ნაირა აირუმიანი).

წყაროები: http://golosarmenii.am/article/54073/kavkazskaya-kasablanka-ili-posobnik-diktatora;

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56016

Comments are closed