globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Today’s Zaman» (თურქეთი): რატომაა საქართველო ევროკავში-რისათვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო?

«The National Interest» (აშშ): ნატო რომ გადარჩეს, მისი გაფართოება უნდა შეჩერდეს // „ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა თქვას: მიუხედავად იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და საქართველოს, მათი გაწევრიანება ნატოში რეგიონულ სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს“

«Вести» (უკრაინა): პრეზიდენტთან ქართული გუნდის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმისათვის ემზადებიან // გადადგება თუ არა ალექსანდრე კვიტაშვილი?

———————-

«Today’s Zaman» (თურქეთი), 01 ივლისი, 2015 წელი

http://www.todayszaman.com/columnist/amanda-paul/why-georgia-matters_392408.html

რატომაა საქართველო ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო?

ამანდა პოლი

საქართველო ძალიან ცვალებად და სართხეების შემცველ რეგიონში მდებარეობს. ათ წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ საქართველო ევრაზიის სივრცეში ყველაზე კორუმპირებულ და უმართავ სახელმწიფოდ ითვლებოდა. დღეს სურათი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი: 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსული ახალი ხელისუფლება, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, მოსახლეობას წესრიგის დამყარებას, დემოკრატიის გაფართოებას, ნატოსა და ევროკავშირში სრულფასოვან ინტეგრირებას დაპირდა.

დღეს საქართველოს უპრობლემო ქვეყანას ვერ ვუწოდებთ, იქ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი დემოკრატიული ფასეულობებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების თვალსაზრისით, თუმცა ის ცვლილებები, რომლებიც გასული ათწლეულის განმავლობაში მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მარტო ის რად ღირს, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც კორუფციის წინააღმდეგ მკაცრ ბრძოლასთან ერთად, ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანი გზით, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა. ამ ფაქტით საქართველო მეზობლებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნეს-წრეებს ერთი მიზანი აქვთ – ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამის მიღწევა ძალიან ძნელი იყო. საქართველოში მიაჩნიათ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ გარანტს წარმოადგენს.

ერთი წლის წინ საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმსაც მოიცავს. უფრო მეტიც, ეს შეთანხმება ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებსაც აძლიერებს.

სტატიაში ჩამოთვლილია ის დადებითი მხარეები, რომელიც ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას აქვს, განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის საკითხში, მაგრამ პარალელურად ისიცაა აღნიშნული, რომ ქართველ ფერმერებს უძნელდებათ კვების პროდუქციის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, ამიტომაც მათ უფრო მეტად რუსეთთან ვაჭრობა ურჩევნიათ. ამის მიზეზი ისაა, რომ რუსეთი ქართულ პროდუქციას რაიმე სპეციალური ინსტრუქციებით არ ზღუდავს. ალბათ, ამ გარემოებამაც იმოქმედა მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგზე, რომლის თანახმად, საქართველოში ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერ მოქალაქეთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად – 30%-მდე მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა კვლავ მაღალი რჩება (61%) და ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია (საგარეო ვაჭრობის 30%), ევრაზიული კავშირის მომხრეების რაოდენობა მატულობს.

რასაკვირველია, ყველაზე ოპტიმალური სცენარი ის იქნებოდა, რომ საქართველოს ორივე მიმართულებით – ევროკავშირთანაც ევაჭრა და ევრაზიულ კავშირთანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი აცხადებს, რომ ასოცირების შეთანხმების დებულებები ევრაზიულ კავშირთან შეუთავსებელია. ამასთან, მართალია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შედეგები საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება ნათელი, გარკვეული დადებითი სიმპტომები უკვე გამოჩნდა: მაგალითად, ერთ-ერთმა ქართველმა ბიზნესმენმა კივის 2015 წლის მთელი მოსავალი გერმანიის ბაზარზე გაიტანა.

დღეს, როცა ევროკავშირში კრიზისია და ამდენი გაფართოების გამო უკვე „დაიღალა“, საქართველოს გაწევრიანება ამ ორგანიზაციაში შორეულ პერსპექტივას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, საქართველო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არჩეული გზის ერთგული რჩება და სიძნელეებს თავს გაართმევს. ცხადია, რომ  ინტეგრაციის ხანგრძლივ პროცესში ბევრი პრობლემებია, რუსეთის მცდელობის ჩათვლით, რომლის მიზანი საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შერყევაა. შესაბამისად, საქართველოს ესაჭიროება სერიოზული გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური დახმარება ევროკავშირისაგან.

ბევრს შეიძლება კითხვა დაებადოს: რატომ მაინცდამაინც საქართველო? რატომ აქვს  ამ ქვეყანას დიდი მნიშვნელობა? გარდა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისათვის განკუთვნილი ენერგოშემცველების საკვანძო სატრანზიტო ქვეყანაა, მისი პროგრესი და დადებითი გამოცდილება სამაგალითოა რეგიონისათვის. თუ დემოკრატიული რეფორმები და მოდერნიზაცია საქართველოს წარმატებებს და აყვავებას მოუტანს, ეს მეზობელ ქვეყნებში „გვერდით ეფექტს“ გამოიწვევს. გარდა ამისა, ევროკავშირმა არ უნდა ჩათვალოს, რომ საქართველოს ევროპული კურსი თავისთავად იგულისხმება, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს დაკარგვა მისთვის მთელი სამხრეთ კავკასიის დაკარგვას ნიშნავს.

«The National Interest» (აშშ), 30 ივნისი, 2015 წელი

http://nationalinterest.org/blog/the-buzz/save-nato-dont-enlarge-it-13216

ნატო რომ გადარჩეს, მისი გაფართოება უნდა შეჩერდეს

„ვაშინგტონმა მკაფიოდ უნდა თქვას: მიუხედავად იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და საქართველოს, მათი გაწევრიანება ნატოში რეგიონულ სტაბილურობას ხელს არ შეუწყობს“

ევან გოტესმანი

(შემოკლებით)

დღეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში ზეწოლას განიცდის როგორც შიგნიდან, ისე გარედან: ესაა რუსეთის სამხედრო გააქტიურების ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში და ალიანსის შიგნით მიმდინარე დავა დატვირთვების გადანაწილების თაობაზე, აგრეთვე დებატები იარაღის მიწოდებაზე უიკრაინისთვის, რომელიც ალიანსის წევრი არ არის.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც ნატოს წევრმა ქვეყანამ, ალიანსის სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, მკაფიო განცხადება უნდა გააკეთოს ამ სამხედრო ორგანიზაციის პერსპექტივის შესახებ, იმავდროულად კი სულმა არ უნდა წასძლიოს და არ უნდა გადააჭარბოს თავის ვალდებულებას ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის წინაშე.

უკრაინის კრიზისმა მწვავე ფორმით განაახლა ის დავა, რომელიც ნატოს გაფართოებას ეხება, დაწყებული 1990 წლიდან. კრიტიკოსების მტკიცებით, ალიანსის გაფართოება იმ დაპირების დარღვევაა, რომელიც თითქოსდა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ-უფროსმა მისცა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელს მიხეილ გორბაჩოვს – არ მომხდარიყო ნატოს გაფართოება „ცივი ომის“ შემდეგ. მოარული ხმები ამ ვითომდა დაპირების სესახებ არა და არ წყდება მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიხეილ გგორბაჩოვმა განაცხადა, არაფერი მაგის მსგავსი დაპირება არ ყოფილაო. რუსეთის ხელისუფლებამ ამ გამოგონილ ხმებს ახალი სიცოცხლე შთაბერა, რადგან მოსკოვს უკრაინის კონფლიქტთან მიმართებით გადადგმული სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯების გამართლება სურს.

თუ ნატო უარს იტყვის კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპზე თავისი ახალი წევრების – პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიმართ [რუსეთის დასაშოშმინებლად], მაშინ ამით ევროპული სტაბილურობა დაირღვევა, დიდი ზიანი მიადგება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას. ამასთან, საღად მოაზროვნე ადამიანებსაც  უფლება აქვთ ნატოს წინა წლების გაფართოების მიზანშეწონილებაში ეჭვი შეიტანონ. ასეთი დისკუსიები ალიანსისათვის სასარგებლოა, სამომავლო პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით.

ნატოს თავისი შიდა შეზღუდვები აქვს და ოფიციალურმა პირებმა ამ შემაკავებელი ფაქტორების არსებობა უნდა აღიარონ. კერძოდ, აშშ და მისი მოკავშირეები უფრო აწონილ-დაწონილად უნდა მიუდგნენ აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ესწრაფვიან. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ნატოს ფაქტიურ ლიდერად ითვლება, უნდა განაცხადოს, რომ უსაფრთხოების დღევანდელ პირობებში ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც საქართველო და უკრაინაა, ნატოს პროგრამებში (მაგალითად, „პარტნიორობა მშვიდობისათვის“) თავიანთი მონაწილეობა უნდა გააგრძელონ. პარალელურად, შეერთებულმა შტატებმა ასევე მკაფიოდ უნდა თქვას: მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, ამ ქვეყნების სრულფასოვანი გაწევრიანება ნატოში რეგიონულ სტაბილურობას ხელს არანაირად არ შეუწყობს. ეს სიგნალი უკიდურესად საჭირო და აუცილებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად.

ასეთი განცხადება იმას დაადასტურებს, რასაც დასავლეთის დედაქალაქებში გულისხმობენ და ეთანხმებიან. ნატოს ქვეყნების ლიდერების ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს საფრანგეთმა და გერმანიამ გადაწყვიტეს ვეტო დაედოთ საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველო ნატოს წევრობის შესაფერისი კანდიდატი არ არის, რადგან თვილისს ჯერ-ჯერობით მოუგვარებელი აქვს ტერიტროიული დავები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ორგანიზაციის წევრად მიღების შემთხვევაში საქართველო  ნატოსათვის მძიმე ტვირთი გახდებოდა. საქართველო რომ ნატოს წევრი ყოფილიყო და მასზე თავდასხმა განხორციელებულიყო [რუსეთის მხრიდან], ალიანსი, ალბათ, უარს იტყოდა საპასუხო სამხედრო მოქმედებაზე, რაც, თავის მხრივ, დაასუსტებდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას – „აბა, რა სამხედრო ალიანსი ხარ, თუ შენს წევრ ქვეყანას ვერ ეხმარები? მაშინ გამოდის, რომ ვერცერთ სხვა წევრს ვერ გაუწევ დახმარებას“. რადგან ნატოში კონსენსუსის წესი მოქმედებს, რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად ყველა წევრის თანხმობაა აუცილებელი. ეს წესი მთელი ორგანიზაციის პოლიტიკის განმსაზღვრელია და ამიტომაც, აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ-უმცროსის სურვილის მიუხედავად, რომელიც ალიანსის გაფართოებას ესწრაფვოდა, [საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს]. ასეა თუ ისე, 2008 წლის აგვისტოში მომხდარმა საქართველო-რუსეთის ომმა დაადასტურა ბერლინისა და პარიზის პოზიციის სამართლიანობა, რომელიც მათ ნატოს ბუქარესტის სამიტზე დააფიქსირეს.

საქართველოს შიდა [და გარე] კოფლიქტებმა ამ ქვეყნის ნატოში მიღების შანსი პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანეს. უკრაინაშიც იგივე სიტუაციაა: დონბასში მიმდინარე კონფლიქტი [ამბოხებულთა მოქმედება] კიევს ალიანსში გაწევრიანების ყველა უფლებას ართმევს, მით უმეტეს, რომ მისი კანდიდატურაც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა დაბლოკილი. შესაბამიოსად, შეერთებულმა შტატებმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ალიანსის შეზღუდული ურთიერთობა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებთან (ბალტიისპირეთის გამოკლებით) სავსებით შეესაბამება ნატოს პოლიტიკას, თუნდაც ოფიციალურად არგამოცხადებულს. ამით ვაშინგტონი პასუხს გასცემს მოსკოვის უკმაყოფილებას, გამოწვეულს დასავლეთის შეღწევით ე.წ. „ახლო საზღვარგარეთში“, რითაც კრემლი აქტიურად სარგებლობს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი ქმედების გამართლების მიზნით. იმავდროულად ვაშინგტონი და მისი პარტნიორები არ უნდა შემოიფარგლონ ნატოს არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრისა და ოკუპირების უბრალო დაგმობით.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სტრატეგიის დროსაც კი ნატოს ცალკეულ წევრ-ქვეყნებს შეუძლიათ მჭიდრო კავშირები იქონიონ და თანამშრომლობა ჰქონდეთ ალიანსის არწევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე. მაგალითად, თურქეთს სწორედ ასეთი ურთიერთობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანთან, თავდაცვის საკითხების კოორდინირების მიზნით. თეორიულად, შეერთებულ შტატებსაც და ნატოს სხვა წევრებსაც ვერავინ ვერ შეუშლის ხელს სამხედრო ძალა გამოიყენოს ალიანსის არაწევრი ქვეყნების დასაცავად, თუმცა, უკიდურესად ნაკლებადმოსალოდნელია, რომ ვაშინგტონი,  რუსეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობის პირობებშიც კი, ძალას გამოიყენებს უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში. შეერთებულმა შტატებმა ღიად და გულწრფელად უნდა განუცხადოს ნატოში გაწევრიანების მოსურნე ქვეყნებს, თუ როგორია მათი მიღების პერსპექტივა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ ეს ქვეყნები რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობას უკეთესად დაარეგულირებენ, თავიანთი მომავლის უფრო ზუსტი შეფასებით.

«Вести» (უკრაინა), 01 ივლისი, 2015 წელი

http://vesti-ukr.com/strana/105523-u-prezidenta-gotovjat-udar-po-gruzinskoj-komande

პრეზიდენტთან ქართული გუნდის წინააღმდეგ მიმართულ დარტყმისათვის ემზადებიან

გადადგება თუ არა ალექსანდრე კვიტაშვილი?

ულიანა სკიბიცკაია

(შემოკლებით)

უკრაინის პარლამენტში პრეზიდენტის პარტიის „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქცია ქართველ მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს აუმხედრდა. საინტერესოა, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, წარმოშობით ქართველი ალექსანდრე კვიტაშვილი „პრეზიდენტის კაცად“ ითვლება, მაგრამ… „ჯანდაცვის სამინისტროში სიტუაცია უმართავია“, – ლაკონურად განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ იგორ კონონენკომ. მისი თქმით, პიროვნულად ალექსანდრე კვიტაშვილის მიმართ რაიმე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ იგი სამინისტროს ხელმძღვანელობას უნდა ჩამოსცილდეს. იგორ კონონრენკოს კოლეგამ ვალერი პაცკანმა „ვესტი“-სთან საუბარში უფრო მკვეთრად გამოხატა თავისი უკმაყოფილება ქართველის მინისტრის საქმიანობისადმი და აღნიშნა, რომ „ამდენი ხანი გავიდა და მისი მხრიდან დაპირებულ რეფორმებს ჯერაც ვერ მოვესწარით“. „ჩვენ არ მოგვწონს, რაც სამინისტროში ხდება. სადაა დაპირებული რეფორმები? არანაირი რეფორმები არ ცანს, ამიტომაც ერთმნიშვნელოვნად ვაყენებთ მისი გადადგომის საკითხს“, – განუცხადა ჩვენს კორესპონდენტს ვალერი პაცკანმა.

თავის მხრივ, ალექსანდრე კვიტაშვილმა დეპუტატების კრიტიკას ხისტად უპასუხა და მიანიშნა, რომ მისი გადადგომა იმ ადამიანებს სურთ, რომლებთაც წამლების შესყიდვისათვის გამოყოფილი მრავალი მილიარდის ათვისებას ესწრაფვიან. „ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი სიტუაციაა. ზოგიერთ ამხანაგს რეფორმა კი არ ჭირდება, არამედ იმ სიტუაციის სენარჩუნება, რაც უკრაინაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. ისინი იჯდნენ და ჩუმად ფულს აკეთებდნენ, წამლების კრიზისს იწვევდნენ… მათ არ აინტერესებთ რომ ჯანდაცვის სისტემაში სიტუაცია გაუმჯობესდეს, რომ ამ უწყებაში არაფერი საბჭოური აღარ დაჩეს, რომ აღარ იყოს სიმყრალე, რომ აღარ იყოს სახელმწიფოს კონტროლი. მათ სურთ, რომ ისევ ძარცვა-გლეჯა იყოს… მე დავდივარ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ყველგან კატასტროფული სიტუაციაა“, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

ყოველ შემთხვევაში, როგორც „ვესტის“ კორეპონდენტს ვერხოვნა რადაში ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, ეს საკითხი ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის: „ალექსანდრე კვიტაშვილით ძალიან ბევრი დეპუტატია უკმაყოფილო, თუმცა მისი გადადგომის ინიცირებას არ ვაპირებთ. ველოდებით, სანამ თვითონ არ გადადგება“. თუმცა ელოდნონ, რამდენიც უნდათ – როგორც მინისტრმა განაცხადა, იგი გადადგომას არ აპირებს.

ის, რომ სამინისტროში კორუფცია კატასტროფულია, საიდუმლო არ არის, მაგრამ ექსპერტების აზრით, ალექსანდრე კვიტაშვილის საქმიანობაში დადებითი მომენტები არ ჩანს, მან ვერ მიაღწია წარმატებებს კორუფციის ლიკვიდირებაში: „იგი სამინისტროში უცხო სხეულივითაა, გუნდი ვერ შექმნა. საქმე ხშირად იქამდე მიდიოდა, რომ მისი გამოსვლების შემდეგ თანაშემწეები დიდხანს გვიხსინდნენ, რომ მინისტრს თურმე სულ სხვა რაღაცის თქმა უნდოდა, – განუმარტა გაზეთის კორესპონდენტს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა სიმონ გლუზმანმა, – ამიტომაც იგი კორუფციულ სქემებს ვერ შლიდა“.

მოკლედ, „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“ მინისტრთა კაბინეტს საკადრო წმენდისაკენ მოუწოდა. საინტერესოა, რომ ეკოლოგიის მინისტრს იგორ შევჩენკოს, თავდაცვის მინისტრ სტეფან პოლტორაკისა და შს მინისტრის არსენ ავაქოვის გაკრიტიკების ფონზე ალექსანდრე კვიტაშვილის ნეგატიურად წარმოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო. „როგორც ჩანს, მას უკვე მოუძებნეს კარგი შემცვლელი, – ამბობს პოლიტოლოგი ვლადიმირ ფესენკო, – ანდა კოალიციის შიგნით რარაც კომპრომისამდე მივიდნენ. კვიტაშვილისადმი პრეტენზიები ნამდვილად არის, მაგრამ, მოდით, ობიექტურები ვიყოთ: მას ძალიან რთული სამინისტრო აქვს. მინისტრის პოსტზე ყველაზე დიდხანს – ერთი წლის განმავლობაში – მხოლოდ რაისა ბოგატიროვამ გაძლო. ალექსანდრე კვიტაშვილი უწყებაში თავისი გუნდის გარეშე მივიდა და წესრიგი ვერ დაამყარა“. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, ვერხოვნა რადა ქართველი მინისტრის გადადგომას ხმას მისცემს. იგივე აზრი აქვს პოლიტოლოგ ვადიმ კარასევსაც, თუმცა, მისი თქმით, გადადგომის მიზეზი შეიძლება სხვა იყოს: „კი, ალექსანდრე კვიტაშვილი, შეიძლება ითქვას, „პრეზიდენტის კაცია“, მაგრამ იგი იმავდროულად ქართული გუნდის წევრია, ჩვენი ხელისუფლება კი ქართული გუნდის გადაჭარბებული აქტიურობის გამო ნერვიულობს. შესაბამისად, აშკარაა, რომ მისი გადადგომა ქართველი „ვარიაგების“ წინააღმდეგ მიმართული დარტყმა იქნება“.

Comments are closed