globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ივლისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jul 1st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): იგორ გიორგაძეზე შესაძლოა ძებნა შეწყდეს // ოცი წლის განმავლობაში მიმალულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრს დეპუტატის მანდატი სურს

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ტერაქტი მხოლოდ მარცხენა ხელით // ინვალიდ-ბანდიტი აჰმედ ჩატაევი სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

«Эхо» (აზერბაიჯანი): „ისლამური სახელმწიფო“ შეტევას საქართველოდან იწყებს?

«Эхо» (აზერბაიჯანი): ბუნებაც კი სომხეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებს // საქართველო-რუსეთის საზღვარზე მომხდარი სტიქიური უბედურება  ერევნისათვის შეიძლება პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცეს

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 01 ივლისი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-06-30/6_giorgadze.html

იგორ გიორგაძეზე შესაძლოა ძებნა შეწყდეს

ოცი წლის განმავლობაში მიმალულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ექს-მინისტრს დეპუტატის მანდატი სურს

საერთაშორისო ძებნაში მყოფმა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ შეიძლება მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს.  ამ ცნობაზე ჯერ-ჯერობით რაიმე რეაგირება არც ხელისუფლებას არ მოუხდენია და არც თვითონ ყოფილ მინისტრს. ცნობილია, რომ იგორ გიორგაძის საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს და როგორც საქმეში ჩახედული ერთ-ერთი წყარო ამბობს, შეიძლება იგი გაამართლონ კიდეც. იგორ გიორგაძის შესახებ ინფორმაცია პირველად გაზეთ „ვერსიაში“ გამოქვეყნდა“, – ნათქვამი სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

რამდენად შესაძლებელია ყოფილი მინისტრის გეგმების განხორციელება?

პუბლიკაციაში გადმოცემულია იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული პოლიტიკური სკანდალის ისტორია: ბრალდება ე.შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ ტერორისტულ აქტში 1995 წელს, რუსეთში გაქცევა, განცხადებები უდანაშაულობის თაობაზე, დაუსწრებლად გამართული სასამართლო პროცესი, რუსეთში საქმიანობა, მრავალრიცხოვანი ინტერვიუები, საქართველოში 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მცდელობა, პარტია „სამართლიანობის“ დაარსება, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულების მოწყობის შესახებ და აქტივისტების დაპატიმრება…

„თუ სასამართლო იგორ გიორგაძეს გაამართლებს, მაშინ მას კვლავ შეუძლია გაიმეოროს მცდელობა არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, მაგრამ წარმატების შანსები საკმაოდ მცირეა. ოქტომბრამდე უკვე მცირე დროა დარჩენილი და აქედან გამომდინარე, იგი საკუთარი პარტიის ჩამოყალიბებას ვეღარ მოაწრებს, მაჟორიტარულ ოლქში ბალოტირებაც სარისკოა, რადგან მისი საქართველოდან წასვლის სემდეგ დიდი დრო გავიდა და ქვეყანაში სერიოზული ცვლილბები მოხდა – როგორც მენტალური, ასევე ელექტორალური. ექს-მინისტრს, ცხადია, შეუძლია  მიემხროს რომელიმე პარტიას, მაგრამ არც ესაა ადვილი საქმე: არჩევნებში რეალური წარმატების მოპოვების შანსი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორ პარტიას აქვს – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაციონალებს“ იგორ გიორგაძე გულზე არ ეხატებათ, მათ თავის დროზე ექს-მინისტრს უარი უთხრეს სამშობლოში დაბრუნებაზე, ხოლო „ქართულ ოცნებაში“ დღეს საკმაოდ რთული შიდა ბრძოლები მიდის პარტიულ სიასთან დაკავშირებით და საეჭვოა, იგორ გიორგაძე თავისიანად მიიღონ. ასე თუ მოხდება, „ნაციონალებს“ მეტიც არ უნდათ, იმწუთში დაიწყებენ „მეოცნებეების“ აქტიურ კრიტიკას. მოკლედ, იგორ გიორგაძის არჩევნებში მონაწილეობის ალბათობა საკმაოდ პრობლემატურია“, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს აგრეთვე „ქართული ოცნების“’ მიერ ჩატარებულ შიდაპარტიული კვლევის შედეგებზე: „კვლევის თანახმად, „ოცნებას“ 35%-იანი რეიტინგი აქვს, კონკურენტ „ნაციონალებს“ კი მხოლოდ 13%. ეს ციფრები მნიშვნელოვნად განხვავდება „ენდეაი“-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისგან, ამიტომაც „ნაციონალებმა“ „მეოცნებეები“ სინამდვილის გაყალბებასა და მანიპულირებაში დაადანაშაულეს. სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ ტელეეთერში გამოსვლისას განმარტა, რომ „ოცნებამ“ პოპულარობა, ალბათ, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილის გამო მოიპოვაო“, – აღნიშნულია სტატიაში.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 01 ივლისი, 2016 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3026251

ტერაქტი მხოლოდ მარცხენა ხელით

ინვალიდი-ბანდიტი აჰმედ ჩატაევი სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი

პუბლიკაციაში მიმოხილულია თურქეთის ქალაქ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი  ტერორისტული აქტის გარემოებები, რომელსაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (ავტორები – მუსა მურადოვი და გრიგორი ტუმანოვი).

სტატიაში ყურადღებაა გამახვილებული თურქეთის სპეცსამსახურების განცხადებაზე, რომლის თანახმად, ტერაქტის მომზადება-მოწყობაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი აჰმედ ჩატაევია, ეროვნებით ჩეჩენი, მეტსახელად „ცალხელა“, რომლის მიმართ ადრე სხვა სისხლის სამართლის საქმეებიც იყო აღძრული. აჰმედ ჩატაევი რუსეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტადაა შერაცხული, მას ხელი ჩრდილოეთ კავკასიაში ბრძოლის დროს დაკარგა, შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, თუმცა ავსტრიის სასამართლომ რუსეთს ტერორისტის გადაცემაზე უარი განუცხადა და ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. როგორც ირკვევა, დღეს აჰმედ ჩატაევი თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ კოორდინატორის როლს ასრულებს.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ აჰმედ ჩატაევის სახელს საკმაოდ ბევრი სკანდალური ინციდენტი უკავშირდება, მაგრამ დასავლეთის დახმარებით იგი მართლმსაჯულებას თითქმის ყოველთვის თავს აღწევდა ხოლმე. აჰმედ ჩატაევი 2012 წელს საქართველოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ გახმაურებულ სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა: „იმ დროს ქართველი ძალოვანები ჩეჩენი ბოევიკების წინააღმდეგ ოპრაციას ატარებდნენ, რომლის შედეგად 11 ბოევიკი დაიღუპა (დანაკარგი ძალოვანებმაც განიცადეს – სამი მებრძოლი). დაიჭრა აჰმედ ჩატაევიც, რომელიც მოგვიანებით ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი თქმით, ჩეჩენ ბოევიკებთან მას საერთო არაფერი არ ჰქონდა, უბრალოდ, იგი საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების  თხოვნას ასრულებდა, ჩეჩენ ბოევიკებთან მოლაპარაკების მიზნით, სპეცოპერაციის დროს კი შემთხვევით ფეხში დაიჭრა. თბილისის საქლაქო სასამართლომ საბოლოო ჯამში აჰმედ ჩატაევი გაამართლა, მაგრამ იგი საქართველოში დიდხანს არ დარჩენილა, თურქეთში წავიდა.

რუსეთის სპეცსამსახურების მონაცემებით, აჰმედ ჩატაევი თურქეთში ყოფნის პერიოდში ჯერ ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის ინტერესებს გამოხატავდა, შემდეგ კი სირიაში გადავიდა და იქ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ რაზმს მეთაურობდა. არის ინფორმაცია, რომ ჩეჩენი ტერორისტი დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ისლამური სახელმწიფოს“ იერარქიაში. გარდა ამისა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, „ცალხელა“ პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტშიცაა გარეული.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 01 ივლისი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=102694

„ისლამური სახელმწიფო“ შეტევას საქართველოდან იწყებს?

აიდან რუსტამოვა

(შემოკლებით)

„განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ბაზა არსებობსო, სასაცილოა. ევროკავშირი საქართველოსთვოს უვიზო რეჟიმის მისაცემად ემზადება და როგორ ფიქრობთ, განა ევროპის 28 სახელმწიფო საქმის კურსში არ არის ან იმდენად პრიმიტიულად აზროვნებს, რომ „სახიფათო“ სახელმწიფოს – საქართველოს მოქალაქეებს თავის კარს უღებს? ყველამ ვიცით, რომ ევროპა და საქართველო „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან. გარდა ამისა, აზერბაიჯან-საქართველო საზღვარი გაძლიერებულ კონტროლქვეშ იმყოფება და თუ რომელიმე ტერორისტი  აზერბაიჯანში შემოღწევას დააპირებს, ეს მისთვის იოლი არ იქნება. თუმცა, ცხადია, სპეცსამსახურებმა ყურადღება მაინც არ უნდა მოადუნონ“, – განაცხადა „ეხოს“ ჟურნალისტთან საუბარში უსაფრთხოების ექსპერტმა, იურიდიულ მეცნიერებათ დოქტორმა, პროფესორმა კამილ სალიმოვმა. მისი თქმით, ამგვარ ინფორმაციებს რუსული მასმედია ავრცელებს: „რადგანაც საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი უკვე საკმაოდ ხანს მიმდინარეობს, გასაკვირი არაა, რომ რუსები რეგულარულად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების „გაშავებას“, რომ თითქოსდა თბილისი თვალს ხუჭავს ქვეყანაში ტერორისტების არსებობაზე. ამიტომაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ რუსული მასმედიის ინფორმაციებს, რომლებიც თუნდაც გამოცემა „რეზონანსს“ ეყრდნობიან. განცხადება, თითქოსდა საქართველოში ტერორისტები მასობრივად შევლენო, სინამდვილე არ გახლავთ. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა საქართველოში მართლაც არიან „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები, მაგრამ მათი რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ აგრეთვე ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის მაისში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამხედრო წრთვნების ჩატარების შეთანხმებას, რომელსაც ანტიტერორისტული მიმართულებაც ექნება“, – ამბობს აზერბაიჯანელი ექსპერტი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსულმა გამოცემა „სვობოდნაია პრესამ“, ქართულ გაზეთ „რეზონანსზე“ დაყდნობით, გაავრცელა მასალა, რომლის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილი სპეციალური დანიშნულების რაზმები („სპეცნაზი“) საქართველოს ტერიტორიას შეუტევენ, შემდეგ კი ჩრდ.კავკასიაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში ტერაქტებს მოახდენენ. რუსული „სვობოდნაია პრესა“ იმოწმებს ქართველ ექსპერტს ვახტანგ მაისაიას, რომელსაც „რეზონანსის“ კორესპონდენტი ესაუბრება ამ საკითხებზე.

როგორც აზერბაიჯანული „ეხო“ აღნიშნავს, გაზეთმა „რეზონანსმა“ გამოაქვეყნა აგრეთვე კიდევ ერთი მასალა, სადაც კავკასოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში „ისლამურის სახელმწიფოს“ დაჯგუფებები მოქმედებს და ისინი მოსახლეობას იდეოლოგიური დამუშავებით არიან დაკავებულნი.

რამდენად სწორია ქართველი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია?

რუსული ჟურნალის „პრობლემი ნაციონალნოი სტრატეგიის“ მთავარი რედაქტორის აჯარ ქურთოვის აზრით, სამომავლოდ საქართველო „ისლამურ სახელმწიფოს“ აუცილებლად შეეჯახება: „საქართველო რთული სახელმწიფოა კონფესიური თვალსაზრისით. პანკისის გარდა კიდევ არიან რეგიონები, სადაც [ქართველი] მუსულმანები ცხოვრობენ, მაგალითად, აჭარა და აზერბაიჯანელი უმცირესობით დასახლებული რაიონები. აჭარა, როგორც ცნობილია, თურქეთს ესაზღვრება, თურქეთი კი ამ რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დოს ბევრი რამ გაკეთდა საქართველო-თურქეთის საზღვარზე მგზავრებისა და ტვირთების თავისუფლად გადაყვანა-გადატანის მიზნით. იმავდროულად ასეთ გაიოლებულმა რეჟიმმა ხელი შეუწყო არალეგალურ შეღწევასაც. ამრიგად, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ტერიტორია ისლამისტებმა თავიანთი მოქმედების გააქტიურების ადგილად გამოიყენონ“.

«Эхо» (აზერბაიჯანი), 01 ივლისი, 2016 წელი

http://www.echo.az/article.php?aid=102700

ბუნებაც კი სომხეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებს

საქართველო-რუსეთის საზღვარზე მომხდარი სტიქიური უბედურება  ერევნისათვის შეიძლება პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცეს

„ამერიკულ დოკუმენტურ სერიალებსა და მხატვრულ ფილმებში ხშირად გვინახავს კადრები, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს ამინდი ისტორიასა და პოლიტიკაზე. ამის დამადასტურებელია „ტიტანიკის“ დაღუპვა და ოპერაცია „არწივის ბრჭყალის“ ჩაფუშვა, რომლის მიზანს თეირანში მძევლად აყვანილი ამერიკელი დიპლომატების გათავისუფლება წარმოადგენდა (მის რეალიზებას ხელი უდაბნოს ქვიშის ქარიშხალმა შეუშალა). იგივე შეიძლება ითქვას მაიას ცივილიზაციის დაღუპვაზე (ხანგრძლივი გვალვის გამო), შატლ „ჩელენჯერის“ აფეთქებაზე და ა.შ. ალბათ, ამერიკელი კინოდოკუმენტალისტებისა და რეჟისორების ყურადღების ცენტრში ზემო ლარსის საკონტროლო-გამსვლელ პუნქტში მომხდარი მოვლენა არ მოხვდება, მაგრამ ის, რომ აქ დატრიალებულმა ბუნების სტიქიამ შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს ისტორიაზე თუ არა, პოლიტიკაზე მაინც, ეს უეჭველია“, – აღნიშნულია სტატიაში, რომლის ავტორია ჟურნალისტი ტოფიგა კასიმოვა („ნურანის“ ფესვდონიმით).

ავტორი ვრცლად აღწერს 24 ივნისს ზემო ლარსში მომხდარ სტიქიურ უბედურებას – ღვარცოფს, რომელმაც საქართველოს სამხედრო გზა მწყობრიდან გამოიყვანა და მოძრაობა საკმაო ხნით შეაჩერა.

„საქართველოს სამხედრო გზა ერთადერთი კანონიერი სატრანსპორტო კომუნიკაციაა, რომლის მეშვეობითაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს უკავშირდებიან. აი, ამ გარემოებას კი სომხეთისათვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ გზით უკავშირდება სომხეთი თავის მთავარ მფარველს და მოკავშირეს. გზის გადაკეტვამ ძალიან ბევრ სომეხს – სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს და უბრალო მგზავრებს დიდი პრობლემები შეუქმნა, რომლის მოგვარებაში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო და სომხეთის დიპლომატიური სტრუქტურებიც ჩაერიენ – სომხეთის საელჩო მოსკოვში და გენერალური საკონსულო როსტოვში. ბევრ მგზავრს, საჰაერო და საზღვაო გზებით, საქართველოს გავლით, ერევანში გადაიყვანენ, დანარჩენებს კი სასმელ-საჭმელს არ მოაკლებენ.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი „ბედნიერ დასასრულად“ უნდა აღვიქვათ, მაგრამ ის, რაც კადრსმიღმა რჩება – ეკონომიკისა და ლოჯისტიკის საკითხებია. შეგახსენებთ: „ზემო ლარსი“ სომხეთისათვის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, თანაც ჩვენ მხოლოდ პომიდვრებისა და კონიაკის გადატანა არ გვაქვს მხედველობაში. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში სომხეთს რეგიონში ყველაზე საუკეთესო ლოჯისტიკა ჰქონდა: გეოგრაფიის თვალსაზრისით, მის ტერიტორიაზე გადიოდა ყველაზე მოკლე გზა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით. სწორედ სომხეთის ტერიტორიიდან ხდებოდა სარკინიგზო მიმოსვლა თურქეთთან და ირანთან, მაგრამ როგორც ერევანმა ბაქოსთან კონფლიქტი დაიწყო, ამ საუკეთესო ლოჯისტიკას დიდი ჯვარი გადაესვა. ქართულ-აფხაზური კონფლიქტი კი ერევანს რუსეთთნ სარკინიგზო კავშირის აღდგენაზე ასევე არანაირ შანსებს არ უტოვებს. სხვათა შორის, საქართველოს რუსეთთან სარკინიგზო კავშირი აქვს (აზერბაიჯანის მეშვეობით), სომხეთს კი არა.

რადგანაც საქართველოს სამხედრო გზაზე სტიქიური უბედურებები გახშირდა, სომხეთი იძულებულია ალტერნატიული გზები ეძებოს (მაგალითად, აქტიურად გამოიყენოს „ფოთი-ნოვოროსიისკის“ საბორნე მიმოსვლის შესაძლებლობები), მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება. სატრანსპორტო საკითხის მოგვარების მთავარი გასაღებს საბოლოო ჯამში მაინც მთიანი ყარაბაღის პრობლემა წარმოადგენს: თუ კონფლიქტი გადაწყდება, მაშინ სომხეთის ბლოკადაც მოიხსნება“.

საქართველოს სამხედრო გზაზე მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ არამარტო სატრანსპორტო პრობლემა გამოიწვია, არამედ სომხებს კვლავ გაახსენა თავიანთი მოწყვლადი მდგომარეობა, რომ „მათი ბედი ბეწვზე ჰკიდია“ და უბრალო წვიმასაც კი შეუძლია მათ დიდი ზიანი მიაყენოს. ასე რომ, ფსონი ძალიან მაღალია… მაგრამ ეყოფა კი სომხეთს პოლიტიკური ნება გადადგას რეალური ნაბიჯები მეზობლებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად?“, – ასეთი რიტორიკული კითხვით მთავრდება გაზეთ „ეხო“-ში გამოქვეყნებული სტატია.

Comments are closed