globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Wall Street Journal» (აშშ): საქართველო რუსეთთან კონფლიქტში უკან იხევს

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): ინტერვიუ რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერთან: „დასავლეთმა რუსეთი გააძლიერა“

——————-

«The Wall Street Journal» (აშშ), 01 აგვისტო, 2015 წელი

http://www.wsj.com/articles/georgia-dials-down-conflict-with-russia-1438356216

საქართველო რუსეთთან კონფლიქტში უკან იხევს

ვრცელ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს საშინაო და საგარეოპოლიტიკური მდგომარეობა, საქართველო-რუსეთისა და საქართველო-დასავლეთის ურთიერთობები და ამ ფონზე აღწერილია ქართველი ვოლონტერ-მოხალისის ალეკო გრიგოლაშვილის უკრაინაში დაღუპვის  გარემოებები: რატომ წავიდა იგი საბრძოლველად, როგორი იყო მისი მიზნები და როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი ამჟამად საქართველოში (ავტორი – ფილიპ შიშკინი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

ალეკო გრიგოლაშვილი მხოლოდ 11 წლისა იყო, როცა სახლიდან მშობლების დაუკითხვად წავიდა აფხაზეთში (საქართველოს სეპარატისტულ ანკლავში, რომელსაც მხარს მოსკოვი უჭერს) მყოფ ქართველ მეომრებთან, რათა მათთან ერთად ებრძოლა ამბოხებული აფხაზების წინააღმდეგ. ერთი თვის შემდეგ იგი სკოლაში დააბრუნეს, მაგრამ ამ ფაქტმა მის მთელ ცხოვრებაზე იმოქმედა – მისი მიზანი გახდა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. 2008 წელს ალეკო გრიგოლაშვილი, რომელსაც იმ დროისათვის უკვე აშშ-ში ჰქონდა სამხედრო წრთვნები გავლილი, რუსებს სამხრეთ ოსეთში ებრძოდა და დაიჭრა. როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ალეკო გრიგოლაშვილი მოხალისედ წავიდა უკრაინის ხელისუფლების მხარდასაჭერად. შარშან დეკემბერში აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სჩასტესთან მას რუსები ჩაუსაფრთდნენ და მოკლეს. ბევრმა ქართველმა ალეკო გრიგოლაშვილი გმირად შერაცხა, თუმცა ამ ფაქტზე საქართველოს თავდაცვის უწყებამ კრიტიკული რეაგირება მოახდინა: დაგმო ქართველი ვოლონტერების მონაწილეობა უცხოეთში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. თავდაცვის სამინისტროს რეაგირებაში აშკარად ჩანს, თუ როგორ შეიცვალა ბოლო წლებში საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი.

კავკასიის პატარა ქვეყნის მრავალწლიანმა პროდასავლურმა კურსმა რუსეთთან მისი დაპირისპირება გამოიწვია, რასაც 2008 წელს საქართველოზე რუსეთის თავდასხმა მოჰყვა. ამჟამად თბილისმა მკვეთრი ანტიკრემლური კურსი უფრო ზომიერით შეცვალა და რუსეთთან ურთიერთობის „მოდუს ვივენდს“ ეძებს. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება ხდება რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, როცა ორივე მხარე გავლენის სფეროების გაფართოებას ცდილობს. ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, მათთვის გასაგებია საქართველოს ბალანსირებული პოლიტიკა და რომ არც შეერთებულ შტატებს არ სურს, რომ საქართველო რუსეთთან იყოს დაპირისპირებული. ქართველები უკრაინის ომით კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ: ისევე როგორც 2008 წლის აგვისტოში, დასავლეთი მათ სამხედრო ძალით არც ახლა არ დაეხმარება და არც იარაღს არ მისცემს თავდასაცავად. უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეკონომიკურადაც გამოიხატა: საქართველომ მკვეთრი ევროატლამტიკური კურსის კორექტირების კვალობაზე რუსეთთან სავაჭრო კავშირების აღდგენა გადაწყვიტა, სამაგიეროდ მას რუსეთმა ემბარგო მოუხსნა. „ნატოში გაწევრიანება არც დღეს და არც ხვალ არ მოხერხდება. რატომ უნდა შევუქმნათ ადამიანებს ილუზია?“, – ამბობს ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

საქართველომ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტეს, საელჩოები არ მუშაობენ. „ნატოს ხელშეკრულებისადმი მიერთების განაცხადი საქართველოს სამომავლო სურვილია, მაგრამ სანამ ის დღე დადგება, მანამდე ქვეყანა უნდა შევინარჩუნოთ და არ დავანგრიოთ“, – აღნიშნავს ზურაბ აბაშიძე.

(ავტორი პოზიტიურად აფასებს „ვარდების რევოლუციის“ შედეგად საქართველოს ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს გატარებულ რეფორმებს, რომელთა მიზანს ქვეყნის „პოსტსაბჭოთა ჭაობიდან ამოყვანა“ წარმოადგენდა: კორუფციასთან და ორგანიზებულ დამნასავეობასთან ბრძოლა, ბიუროკრატიული აპარატის შემცირება, ეკონომიკის გარდაქმნა, შეიარარღბული ძალების რეფორმირება ნატოს ჯარების სტანდარტებით, მონაწილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსისი ოპერაციებში ავღანეტში, ერაყში… „მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ცოდნა-განათლება აშშ-ში მიიღო, მსოფლიოში პოპულარულ პიროვნებად იქცა“, – აღნიშნავს ავტორი და იქვე შენიშნავს, რომ ნატოს ქვეყნებმა სუსტი პოლიტიკური ნება გამოავლინეს, რომ 2008 წელს კავკასიაში თავიანთი ინტერესები დაეცვათ და კოლექტიური უსაფრთხოების დოქტრინა კავკასიაშიც გაევრცელებინათ. 2008 წლის მაისში, აშშ-ის მხარდაწეღის მიუხედავად, ნატომ უარი განაცხადა საქართველოსთვის „მაპ“-ის მიცემაზე, გერმანიისა და საფრანგეთის ნეგატიური პოზიციის გამო. 2008 წლის აგვისტოში კი რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ იმ მოტივით, რომ მიხეილ სააკაშვილს სეპარატისტულ ანკლავაზე [სამხრეთ ოსეთზე] კონტროლის აღდგენა სურდა. რამდენიმე დღის ბრძოლის შემდებ ზავი დაიდო, მაგრამ რუსეთმა ორივე სეპარატისტული ანკლავი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათთან ინტეგრირების პროცესი დაიწყო).

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტის პარტიამ მარცხი განიცადა: გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ხელმძღვანელობდა და ფინანსურად უზრუნველყოფდა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. მან სიმდიდრე რუსეთში ჯართით ვაჭრობითა და საბანკო საქმიანობით დააგროვა. საარცევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ რუსეთთან ურთიერთობასაც დაარეგულირებდა, მოერიდებოდა პროვოკაციებს (წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით) და დასავლეთთან ინტეგრირებასაც გააგრძელებდა. გამარჯვებულებმა მიხეილ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს ბრალდება წაუყენეს ავტორიტარული მეთოდებით მმართველობასა და სხვა მრავალ დანაშაულში, მათ შორის პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ფიზიკურ შეურაცხყოფაში. „ჩვენ ბევრი სეცდომები დავუშვით“, – აღიარა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ყოფნის დროს ერთ-ერთ ინტერვიუში, – „როცა რადიკალური რეფორმებს ატარებ, იქ შეცდომები გარდაუვალია“. ამავე დროს მან უარყო საქართველოს ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნია. ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც უკრაინაში პოლიტიკური კარიერა დაიწყო, განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება კრემლის კარნახით მოქმედებს, თუმცა, როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები მყარ მტკიცებულებებს ეფუძნება. უკრაინამ უარი განაცხადა საქართველოს თხოვნაზე, რომელიც  მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ეხებოდა. მიმდინარე წლის მაისი ბოლოს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა, ეს ფაქტი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა შემდეგი სიტყვებით შეაფასსა: „ცირკი გრძელდება!“.

ამასობაში კი საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად შეცვალა საგარეო პოლიტიკის ანტირუსული რიტორიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას მრავალ ფორმაში იყო გამოხატული (სტატიაში ვრცლადაა აღწერილი ქართული კონტრდაზვერვის მიერ 2010 წელს თითქოსდა რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენა საქართველოს არმიაში, ასევე სამხედრო შეთქმულებისა და ამბოხების ჩახშობა 2009 წელს…).

თავის მხრივ, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამნისტიით გაათავისუფლა 200 პატიმარი, მათ შორის ჯაშუშობისათვის მსჯავრდებულნიც და მათ პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. პარალელურად დააპატიმრეს ერთ-ერთი ქართველი კონტრმზვერავი ლევან ტაბიძე, რომელიც სამხედრო ამბოხების საქმეს იძიებდა და დაკავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ნათესავებს, მასზე ზეგავლენის მიზნით ემუქრებოდა. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, ლევან ტაბიძემ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავა ადამიანები ჯაშუშობის ფიქტიური ბრალდებით და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის განმტკიცებისკენ იყო მიმართული.

სანამ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „შპიონომანიის“ პროცესი მიმდინარეობდა, რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი აკრძალა, რომელმაც კახეთი – საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონი, ძალიან დააზარალა. როგორც მეღვინე გიორგი დაკიშვილი იხსენებს, „მოსახლეობის ერთი ნაწილი ვლადიმირ პუტინს აგინებდა, მეორე ნაწილი კი – მიხეილ სააკაშვილს“. მოკლედ, საქართველომ ტრადიციული პროდუქციის ტრადიციული ბაზარი დაკარგა და იძულებული გახდა ღვინის გასაღების ახალი ბაზარი მოეძებნა. ემბარგომ ქართველი მეღვინეები ასევე აიძულა წარმოებული პროდუქციის ხარისხი გაემჯობესებინათ. ასე რომ, 2013 წელს, როცა რუსეთმა საქართველოს ემბარგო მოუხსნა, ქართული ღვინო უკეთესი ხარისხით გავიდა რუსულ ბაზარზე (სტატიაში მოცემულია რუსეთში ქართული ღვინით ვაჭრობის დინამიკა და მისი შემცირება ბოლო პერიოდში, რუსული რუბლის გაუფასურებისა და ნავთობზე ფასების ვარდნის გამო. გარდა ამისა, უკრაინის კრიზისისა და დასავლური სანქციების გამო მნიშვნელოვნად იკლო რუსეთიდან ფულადმა გადარიცხების მოცულობამ, რის შედეგადაც ქართული ლარიც გაუფასურდა).

გასულ წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების (თავისუფალი ვაჭრობის_ შეთანხმებას ევროკავშირთან, პარალელურად კი რუსეთმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის გაფართოება დაიწყო, რომელშიც საქართველოს მეზობელი სომხეთიც გაწევრიანდა. მაისში, „ენ-დე-აი“-ს ეგიდით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევით დასტურდება, რომ საქართველოში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მხარდამჭერების რაოდენობამ 31%-მდე მოიმატა. და ამ დროს დასავლეთი, ასოცირების შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, საქართველოს უვიზო რეჟიმს არ აძლევს – „აღმოსავლეთის პატნიორობის“ რიგის სამიტზე საქართველოს განუცხადეს, რომ ვიზა-ლიბერალიზების საკითხი მოგვიანებით იქნება გადაწყვეტილი. თავის მხრივ მოსკოვი ხშირად იყენებს მათრახის, თაფლაკვერისა და „მცოცავი ანექსიის“ პოლიტიკას: მხარს უჭერს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირებას რუსეთთან, ხელს აწერს შესაბამის შეთანხმებებს სოხუმთან და ცხინვალთან, წინ სწევს „სამხრეთ ოსეთის საზღვარს“… მოსკოვის მცდელობის დასამუხრუჭებლად, მაისში თბილისში აშშ-ისა და საქართველოს სამხედრო ძალების ერთობლივი მანევრები ჩატარდა.

ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში პრორუსული ხმები გაისმის, რაც ადრე მიუღებლად ითვლებოდა. თუმცა, როგორც ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი აცხადებს, „[რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულება] არ ნიშნავს რუსეთის მონობას“. მისმა პოლიტიკურმა პარტიამ პროკრემლური ნიშა დაიჯავშნა: „რუსეთმა უნდა დაინახოს რომ საქრთველო მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“, – ამბობს ნინო ბურჯანაძე.

(სტატიის დასასრულს ავტორი წერს აგრეთვე საქართველოს მიერ ჰაესაწინააღმდეგო სისტემების შეძენაზე, ამ ფაქტთან დაკავშირებულ სკანდალზე – ირაკლი ალასანიას მინისტრობიდან გათავისუფლებაზე, მინდია ჯანელიძის დანიშვნა-მოხსნაზე… გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს უკრაინაში დაღუპული ალეკო გრიგოლაშვილის ოჯახს და დახმარებას არ უწევს).

„რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 31 ივლისი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/congressman-kinzinger-on-russia-and-georgia/2889940.html

ინტერვიუ რესპუბლიკელ კონგრესმენ ადამ კინზინგერთან: დასავლეთმა რუსეთი გააძლიერა

ნანა საჯაია

2008 წლის აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავის მოახლოებასთან ერთად ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი და პოლიტიკური ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველო-რუსეთის ომის ერთგვარი გაგრძელებაა. ამ მოსაზრებას იზიარებს რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

„ამერიკის ხმა“: ვაშინგტონში ბევრი მიიჩნევს, რომ არ იქნებოდა უკრაინის კონფლიქტი 2008 წელს დასავლეთს რუსეთისთვის სათანადო პასუხი რომ გაეცა, თქვენ იზიარებთ ამ შეფასებას?

ადამ კინზინგერი: ვფიქრობ 2008 წელს, როცა რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიჭრა და დედაქალაქს მიუახლოვდა ისეთი ამბიციური არ იყო, როგორიც დღეს არის. ის წაახალისა იმის ნახვამ, რომ დასავლეთი ნატოს წევრ ქვეყნებში მისი აგრესიის შეჩერებით დაინტერესებული არ იყო. ამან რუსეთი გააძლიერა. ჩვენ მსგავსი რამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისასაც ვნახეთ, ჩვენ ვისწავლეთ, რომ როცა დიქტატორს უთმობ, მისი მადა იზრდება, ეს ვნახეთ 30-იან წლებში და სამწუხაროდ იგივეს ვხედავთ დღეს რუსეთთან მიმართებით.

ვლადიმირ პუტინი გაძლიერდა იმით, რომ საქართველოში თავისი გაიტანა, ახლა იგივეს უკრაინაში აკეთებს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი, ჩვენ ევროპელი მოკავშირეები მას აღუდგნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაცილებით დიდ პრობლემას წავაწყდებით.

„ამერიკის ხმა“: რუსეთი აგრძელებს საქართველოში მცოცავ ოკუპაციას, ადმინისტრაციული საზღვრის ნიშნები ამ ორიოდე კვირის წინ ისევ შეიცვალა, ამდენი საერთაშორისო გამოწვევის ფონზე – როგორიცაა ყირიმი, ისლამური სახელმწიფო, ირანის ბირთვული პროგრამა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცა?

ადამ კინზინგერი:კონგრესს საქართველო არ დავიწყებია, მაგრამ კონფლიქტი საქართველო-რუსეთის საზღვრებს გასცდა და საფრთხე შეუქმნა მთლიანად ევროპას. ჩნდება კითხვა – რა იქნება შემდეგი? ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკა მკაცრად აღუდგეს წინ ვლადიმირ პუტინს. ვლადიმირ პუტინმა იცის, რომ ის ვერასდროს დაამარცხებს შეერთებულ შტატებს, იცის რომ მისი ქვეყანა ამერიკაზე ბევრად სუსტია. მაგრამ ჩვენ უნდა ავდგეთ და გარკვევით ვუთხრათ მას, რომ თუ ის მეზობლების განადგურებას გააგრძელებს, ის წააწყდება სამხედრო ძალას ან ქვეყანას, რომელიც მის განზრახვებს შეაჩერებს.

„ამერიკის ხმა“: საქართველოსგან განსხვავებით უკრაინა დიდი ქვეყანაა 45 მილიონი მოსახლეობით და ყირიმი დაახლოებით ნიდერლანდების ზომისაა. ფაქტი რომ უკრაინამ ლეტალური დახმარება არ მიიღო, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ მარტო დარჩა?

ადამ კინზინგერი: არ ვფიქრობ, რომ უკრაინა მარტო დატოვეს. გულწრფელად გეტყვით, რომ ამერიკას არ ჰყავს ისეთი ძლიერი პრეზიდენტი, როგორიც ალბათ უნდა ჰყავდეს. უკრაინის საკითხზე ვაშინგტონში დიდი უთანხმოებაა. არსებობს საჭიროება, რომ უკრაინამ ლეტალური იარაღი მიიღოს, ჩვენ ასევე უნდა გავაგრძელოთ უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა, რათა მათ თავდაცვა და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება შეძლონ. მე ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ ამ ბოლო დროს ყირიმზე ნაკლებს საუბრობენ. ჩვენ ეს საკითხი უნდა გვახსოვდეს და ის რუსეთთან საუბრის თემა უნდა იყოს. როგორც ჩანს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება არ მუშაობს. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ხმა ავიმაღლოთ და ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაში დიდითანხები ჩადონ და ყველას დაანახონ, რომ აგრესორის მიერ მათი კონტინენტის დანაწილებას არ შეეგუებიან.

„ამერიკის ხმა“: უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 1240 ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი მოითხოვა, ზუსტად იმდენივე, რამდენი ქობინიც უკრაინამ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით დათმო. რას ფიქრობთ მის მოთხოვნაზე?

ადამ კინზინგერი: მე აბსოლუტურად მიმაჩნია, რომ უკრაინამ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი უნდა მიიღოს. ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის შესაძლებლობა გაანადგუროს რუსეთის არმია, ჩვენ კარგად ვიცით რომ რუსეთს უკრაინაზე ბევრად მეტი შეიარაღება აქვს, მაგრამ მგონია, რომ თუ ჩვენ რუსულ ჯარს სათანადო დარტყმას მივაყენებთ, ვლადიმირ პუტინი მიხვდება, რომ ყოველი მომდევნო ბრძოლა ძვირი დაუჯდება, რაც საბოლოოდ რუსეთის არმიის დამარცხებით დასრულდება.

„ამერიკის ხმა“: რუსეთის გავლენა იზრდება ბალკანეთის ქვეყნებშიც, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს რეგიონში ამერიკის ნაკლებმა ჩართულობამ გამოიწვია?

ადამ კინზინგერი: ვფიქრობ ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობის ქვეშ, ამერიკა საერთაშორისო პოლიტიკაში ნაკლებადაა ჩართული. ეს შეიცვლება. ობამას წელიწადნახევარი დარჩა. იმის მიუხედავად რესპუბლიკელები მოიგებენ არჩევნებს თუ დემოკრატები, ამერიკას უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკა ექნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველგან ომს დავიწყებთ, მაგრამ ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვექნება. ამერიკას, როგორც 19-ტრილიონიანი ეკონომიკის ქვეყანას საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაში მეტი პასუხისმგებლობა აქვს.

„ამერიკის ხმა“: რუსეთში დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომის ნაკლებობასთან ერთად იზრდება კრემლის პროპაგანდა, რომელიც ხშირად ანტი-ამერიკულია. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ამერიკამ ამის საპასუხოდ?

ადამ კინზინგერი: ვფიქრობ ჩვენ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ამერიკის ხმაში, რადიო თავისუფალ ევროპა-რადიო თავისუფლებაში და სხვა მედია საშუალებებში. არა იმისთვის, რომ რუს ხალხს მიკერძოებული ინფორმაცია მივაწოდოთ, არამედ იმისთვის, რომ ჰქონდეთ წვდომა სიმართლეზე, მიკერძოებულ ინფორმაცის ისინი კრემლისგან იღებენ. როცა კრემლი მშვიდი სახით ამტკიცებს, რომ არაფერი აქვს საერთო მშვიდობიანი ავიალაინერის ჩამოგდებასთან, ნათელია, რომ რუსული მედიისგან სიმართლეს ვერ გაიგებ. ამიტომაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია როგორც რუსეთში, ასევე რუსეთს გარეთაც ხალხს სათანადო ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა, რათა გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ, ვფიქრობ ჩვენ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ.

Comments are closed