globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 1st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): ქართული სკანდალები: ოლიმპიელთა ჩაცმულობა და პრეზიდენტისადმი შანტაჟი

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 ივლისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgians-at-dnc/3439952.html

ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გასამარჯვებლად დემოკრატები ყოფილი პირველი ლედის და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გარშემო ერთიანდებიან. ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის კონვენციას ქართველი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ. როგორ აფასებენ ისინი კანდიდატების საგარეო პოლიტიკას საქართველოს მიმართ?

„ამერიკის ხმის“ კორეპონდენტის ნანა საჯაიას რეპორტაჟი ვაშინგტონიდან:

„საქართველოს უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიული რეფორმები – ეს სამი თემაა, რომლებიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე საუბრისას ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები გამოყოფენ.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მთავარია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველომ ორპარტიული მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

„ჩვენთვის, საქართველოსთვის და ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, რომლის მიმართაც როგორც დემოკრატებს, ასევე რესპუბლიკელებს თანაბრად კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი დამოკიდებულება აქვთ… თუმცა ბოლო პერიოდში გაკეთებულმა განცხადებებმა დონალდ ტრამპის მხრიდან, რომელიც ეხება ნატოს და რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ის მთავარი ფუძემდებლური პრინციპები, რომ თუკი თავდასხმა მოხდა ერთზე, ის ყველამ უნდა დაიცვას, ეს, ბუნებრივია, შემაშფოთებელია“, – ამბობს ირაკლი ალასანია.

ირაკლი ალასანია ასევე „შემაშფოთებელს“ უწოდებს დონალდ ტრამპის მხრიდან რუსეთის მიმართ გამოხატულ დამთმობ პოზიციებსაც, თუმცა იქვე დასძენს, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ძირითადად არ იცვლება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი იმედოვნებს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, თუ ვინ გაიმარჯვებს  – დონალდ ტრამპი თუ ჰილარი კლინტონი, ამერიკა როგორც სახელმწიფო საქართველოს ახლო მოკავშირედ დარჩება.

„არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ცივილიზებული მსოფლიოსათვის, თავად ამერიკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო ძლიერი იყოს. და რაც მთავარია, ამერიკამ შეინარჩუნოს ლიდერის, წამყვანი სახელმწიფოს როლი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მე ვიტყოდი, მთელი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რომელმა პარტიამაც არ უნდა მოიგოს არჩევნები, ეს კურსი არ გადაიხედება. ყველა შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ამერიკა დარჩება ძლიერი და ერთიანი ნატოს წევრი და ალიანსის კიდევ უფრო მეტად მხარდამჭერი ქვეყანა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ირაკლი ალასანიაც და თამარ ჩუგოშვილიც თანხმდებიან, რომ საქართველოსთვის, როგორც ამერიკის სტრატეგიულოი პარტნიორისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ საერთაშორისო არენაზე ლიდერის პოზიციები შეინარჩუნოს და საქართველოს მხარდაჭერა გააგრძელოს.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 31 ივლისი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20160729-vo-chto-odet-gruzinskikh-olimpiitsev

ქართული სკანდალები: ოლიმპიელთა ჩაცმულობა და პრეზიდენტისადმი შანტაჟი

საქართველოს შესახებ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ მიერ ეთერში გადაცემული სიუჟეტში ორი თემაა განხილული: პირველი ეხება იმ სკანდალურ აჟიოტაჯს, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სპორტული გუნდი წევრების ჩაცმულობამ გამოიწვია, მეორე კი, ასევე სკანდალურ საკითხს – საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ შანტაჟს (ავტორი – გიორგი ლებანიძე).

რა უნდა ჩაიცვან ქართველმა ოლიმპიელებმა?

საქართველო ოლიმპიური გუნდი 39 სპორტსმენს ითვლის. ყველა ბრაზილიაში კომპანია „სამოსელი პირველის“ მიერ შეკერილი ტანსაცმლით გაემგზავრება, რაც ზოგიერთს არ მოეწონა და ფორმა უარყოფითად შეაფასა („ძალიან კონსერვატიული და არაოლიმპიური სტილია“, „სხვა ხალხების ჩაცმულობას ჰგავს“ და ა.შ.). მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სპორტული გუნდის გამარჯვების შანსებზე ემსჯელათ, სოციალურ ქსელებსა და ელექტრონულ მასმედიაში გადაჭარბებულად ემოციური დისკუსია სწორედ ტანსაცმლის თაობაზე გაიმართა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ  ფორმა ოლიმპიური გუნდის წევრებს მოსწონთ და საერთოდ, „ჩვენ მოდელები არ ვართ“.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს ნანა დევდარიანს ესაუბრება. პოლიტოლოგის თქმით, ჩაცმულობის საკიტხი არ იმსახურებს ასეთ დიდ ყურადღებას საზოგადოებისაგან. საერთოდ, თვითიდენტიფიკაციის საკითხი თანამდროვე მსოფლიოში ძალიან რთული თემაა, თავისი მრავალსახოვნებითა და მრავალფეროვნებით. ამიტომაც, ასეთ სიტუაციაში უკეთესი იქნებოდა ორიენტაცია სპორტულ შედეგებზე და არა ტანსაცმელზე. მე ვფიქრობ, რომ ამ ისტორიაში გამოვლინდა „არშემდგარი საზოგადოებრივი ცნობიერების“ სინდრომი…. პირადად მე მიმაჩნია, რომ ტანსაცმელი უფრო მსუბუქი და შედარებით თანამედროვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ეროვნული მოტივებისა და ორნამენტების მიმართ“, – ამბობს ნანა დევდარიანი.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, „ბევრი კრიტიკოსი წერს, რომ სპორტსმენების ჩაცმულობაში ქართული კი არა, ცენტრალური აზიის ხალხების მოტივები ჩანსო“, ნანა დევდარიანი პასუხობს: „ზოგიერთს ჰგონია, რომ ჩოხა მხოლოდ ქართული ეროვნული ჩაცმულობაა, თუმცა ეს სტილი კავკასიის ბევრ ხალხებშია გავრცელებული… ასე რომ, უმჯობესია სპორტული დელეგაციის წევრებს შევეკითხოთ, როგორი ჩაცმულობა სურთ“.

როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ქართველი ოლიმპიური დელეგაციის ჩაცმულობის ფორმას და სპორტსმენებთან სოლიდარობის მიზნით, გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა მათ ტანსაცმელში გამოეწყვნენ.

ვინ აშანტაჟებს საქართველოს პრეზიდენტს?

ამ დღეებში საქართველოში კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი მოხდა: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ქართული პოლიცია და სპეცსამსახურები შანტაჟსა და პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე – პირველი ლედის ქალიშვილის მეუღლე მინდია გოგოჭურზე პოლიციამ ზეწოლა მოახდინა, დააკავა და მის ბინაში უკანონოდ იარაღსა და ნარკოტიკებს ეძებდაო. მსგავსი ბრალდებით გამოვიდა გიორგი პაპუაშვილიც და თქვა, რომ სპეცსამსახურები კულუარულად ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე, რათა მათ ხელისუფლებისათვის სასურველი ვერდიქტები გამოიტანონო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორივე ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ხელშეუხებელი არავინ არ არის, პოლიციას უფლება აქვს ყველა ეჭვმიტანილის ბინა შეამოწმოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არ არის იგი პრეზიდენტის ოჯახის წევრი. ამ საკითხზე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ესაუბრება:

„პრეზიდენტის ოჯახის წევრის დაკავებას რაც შეეხება, ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ, საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის გერის მეუღლე მინდია გოგოჭური ცნობილი ნარკომანი და ჩხუბისთავი პიროვნებაა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს იგი ციხეში მოხვდა და სწორედ იმ ფაქტის წყალობით გათავისუფლდა, რომ იგი პრეზიდენტის სიძე აღმოჩნდა… მეორე მხრივ, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიციამ ყველა წესი დაიცვა მინდია გოგოჭურის ბინის გაჩხრეკვის დროს. საერთოდ, ქართული სამართალდამცავი ორგანოები ასეთ სიტუაციებში მაინცდამაინც მტკიცედ არ იცავენ ყველა სამართლებრივ ნორმას.

რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის განცხადებას: ეს პიროვნება იმითაა ცნობილი, რომ ერთგულად ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს და ბეჯითად ასრულებდა ექს-პრეზიდენტისდ ყველა დავალებას. სწორედ ამისთვის უბოძეს გიორგი პაპუაშვილს ჩალის ფასად ბათუმში მდიდრული სახლი. თუმცა, ვფიქრობ, რომ მასზე ზეწოლის მცდელობა ნამდვილად ხდებოდა. გავიხსენოთ თბილისს მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებული სკანდალი, რომლის თანახმად, გიგი უგულავა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით ჯერ გაათავისუფლეს, შემდეგ კი ისევ დააპატიმრეს. ეტყობა, ბოლო მომენტში ვიღაცამ „მაგიდას მუშტი დაარტყა“, – ამბობს პეტრე მამრაძე და კომენტარს აკეთებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებაც ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის კამერიდან გაყვანა გენპროკურორთან შეხვედრის მიზნით. ანუ დადასტურდა ის ფაქტი, რაზედაც „ნაციონალები“ აცხადებდნენ. „ეს ხალხი [ნაციონალები] შელახული რეპუტაციის მქონე ადამიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, სიმართლეს ლაპარაკობენ“, – ამბობს პეტრე მამრაძე.

ოპოზიცია ამ ფაქტებს სხვაგვარად ინტერპრეტირებს: „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტთან საუბარში „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, რომ ყველა პროცესი, მათ შორის პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული შანტაჟი ქვეყნის ფაქტიური ხელმძღვანელის მიერ „ორკესტრირდება“ – მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ, მთავრობა და სპეცსამსახურები „მის ნებას ასრულებენ“.

Comments are closed