globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 1st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ): ინტერვიუ ლორა ლინდერმანთან: „წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეგიონისთვის უნიკალურია“

«Lragir» (სომხეთი): ემზადება თუ არა რუსეთი ახალი კავკასიური ომისათვის?

—————

რადიო ამერიკის ხმა“ (აშშ), 01 სექტემებერი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/laura-linderman-interview/2939742.html

ინტერვიუ ლორა ლინდერმანთან: წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეგიონისთვის უნიკალურია

ანა კალანდაძე

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შესასფასებლად ამერიკის ხმამ კომენტარი ვაშინგტონში დაფუძნებული ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლორა ლინდერმანს სთხოვა:

ამერიკის ხმა: დავიწყოთ ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ერთობლივი ცენტრი ნატოში გაწევრიანების მსურველი საქართველოსთვის და რეგიონისთვის?

ლორა ლინდერმანი: ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი რეგიონისთვის უნიკალური ცენტრია. ის შეიქმნა, რათა მოკავშირეებს, საქართველოსა და სხვა პარტნიორებს [შეიარაღებული ძალების] თავსებადობის გაზრდაში დაეხმაროს. ცენტრი დაკავშირებულია ნატოს სამხედრო წვრთნებთან, Agile Spirit, რომელიც საქართველოში ახლახან გაიმართა და ბულგარეთიდან, საქართველოდან, სლოვენიიდან, რუმინეთიდან და ლატვიიდან 250 ჯარისკაცს მოუყარა თავი. ცენტრიცა და ეს წვრთნებიც იმ გადაწყვეტილების შედეგია, რომელიც ნატომ უელსის სამიტზე მიიღო და საქართველოს არსებითი პაკეტი შესთავაზა. არსებითი პაკეტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ნატოს გადაწყვეტილება, გახსნას [წვრთნისა და შეფასების] ბაზა და ჩაატაროს წვრთნები საქართველოსათვის უფრო მეტი მხარდაჭერის დემონსტრაციაა იმ დროს, როდესაც საქართველოს ჯერ კიდევ არ სთავაზობენ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, მაპს. ესაა აგრეთვე საშუალება, რათა გაამხნევონ საქართველო, რომ მან არ დაკარგოს რწმენა. ამავე დროს, ვფიქრობ, ალიანსი ცდილობს, გაიმყაროს პოზიციები კავკასიაში რუსეთის საპირწონედ.

ამერიკის ხმა: ნატოში გაწევრიანების გზაზე, რა მომდევნო ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ ვარშავის 2016 წლის სამიტამდე?

ლორა ლინდერმანი: ტექნიკური დეტალები არ ვიცი. რაც შეეხება სტრატეგიას, თუ როგორ უნდა წარმოაჩინოს თავი საქართველომ ვარშავის სამიტის წინ, მას ამის გაკეთება რამდენიმე გზით შეუძლია. ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს კრეატიული გზები, რათა საქართველომ მიაღწიოს ნატოს წევრობას „მაპ“-ით, ან „მაპ“-ის გარეშე.

„მაპ“-ი მნიშვნელოვანი პროცესია, მაგრამ ის არაა ნატოში გაწევრიანების ერთადერთი გზა. დასაწყისისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს ნატოსაგან, რომ ვარშავის სამიტზე ალიანსმა განაცხადოს შემდეგი: საქართველოს შეუძლია ნატოში გაწევრიანება „მაპ“-ის გარეშე. ვარშავის სამიტი მნიშვნელოვანი სამიტია. საქართველო ერთ-ერთია იმ ასპირანტ ქვეყნებს შორის, რომლებიც გადაწყვეტილებებს ელოდებიან. ვფიქრობ, ამიტომაა, რომ საქართველოს მთავრობა უფრო აგრესიულად მოითხოვს ალიანსისაგან საქართველოს წინსვლის აღიარებას. საუბარია მნიშვნელოვან წინსვლაზე პოლიტიკური და სამხედრო რეფორმების მიმართულებით. ვფიქრობ, საქართველომ ბევრი გააკეთა. მას მხოლოდ ნატოს მიერ მისაღები გადაწყვეტილებები აბრკოლებს. ეს გადაწყვეტილებები კი, ნათელია, რომ მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის გარშემო არსებულ ვითარებას.

ამერიკის ხმა: ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ნატო ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და რეფორმებს. თქვენი აზრით, დემოკრატიზაციის მიმართულებით რა რეფორმების გაღრმავებაა საჭირო?

ლორა ლინდერმანი: საქართველოს რეფორმების სტრატეგიაზე ზოგადად თუ ვისაუბრებთ, ქვეყანამ ბევრი უნდა იშრომოს, რაც შეიძლება, მეტ საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრაციისათვის. მეტი ინტეგრაცია მეტ სტაბილურობას ნიშნავს და რა თქმა უნდა, ინტეგრაცია ეკონომიკასაც უწყობს ხელს. კონკრეტულ რეფორმებს რაც შეეხება, ვაკვირდებით ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარებას. [დამოუკიდებელი ინსტიტუტები] წინააღმდეგობაშია ნებისმიერ იმ ტენდენციასთან, რომელიც ძალაუფლების მონოპოლოზაციის სურვილს შეიცავს. საბანკო სექტორი უფრო დამოუკიდებელი უნდა იყოს. იგივე ითქმის მართლმსაჯულების რეფორმაზეც. მნიშვნელოვანია, ამ რეფორმებს ყურადღებით დავაკვირდეთ. მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების როლი [ცალკეული კანონების] ხელახლა დაწერის საქმეში, რათა ინსტიტუტების დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს და უფრო მეტად გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია ძლიერი საჯარო მოხელეების ჩამოყალიბება, რათა ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, სამინისტროებში მუშაობენ, რომელიმე ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იყვნენ კავშირში.

ამერიკის ხმა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ კონსტრუქტიულ პოლიტიკას აგრძელებს და რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი არაა მიმართული რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ. როგორ აფასებთ საქართველო-რუსეთის დღევანდელ ურთიერთობებს და რა გამოწვევებს ხედავთ?

ლორა ლინდერმანი: საქართველო რუსეთთან მიმართებით უკიდურესად რთულ ვითარებაშია. ვხედავთ, რომ რუსეთმა აგრესია განაახლა და სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარი გადმოსწია. ნათელია, რომ რუსეთს საქართველოსადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია. რუსეთი აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც 2008 წლამდე მიჰყვებოდა. საქართველოს რუსეთის შეჩერება არ შეუძლია. დასავლეთი კი, რუსეთის ქმედების მკაცრად დაგმობის გარდა, საქართველოს ვერაფერს სთავაზობს. ამ ვითარებაში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები იგივეა და საერთო ჯამში, უარესდება კიდეც, რადგან არაფერი შეცვლილა. საქართველო რთულ ბრძოლაშია. ვურჩევდი საქართველოს მთავრობას, შეძლებისდაგვარად ფართოდ წარმოეჩინა ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის სტრატეგიული მნიშვნელობა. საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს დერეფანი კი ენერგო და სხვა რესურსების ტრანსპორტირებისათვის საჭირო ნავთობისა და გაზის სადენებს, პორტებს, რკინიგზასა და საავტომობილო გზებს მოიცავს. დერეფანს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ხაზს უსვამს გლობალური ვაჭრობისა და ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის საქართველოს, როგორც თავისუფალი და იოლი [სავაჭრო] გზის მნიშვნელობას.

ამერიკის ხმა: საქართველოში საზღვრების გავლების პრობლემაზეც გკითხავთ. ფიქრობთ, თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კარგად იცნობს აღნიშნულ პრობლემას და თუ ფიქრობთ, რომ დიახ, სადაა გამოსავალი?

ლორა ლინდერმანი: ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებისათვის პრობლემა ნაცნობია. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ გონივრული სამუშაო გასწია. მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან საერთაშორისო ფორუმებს და პრობლემას ხაზს უსვამენ. ამასვე აკეთებენ დასავლელ კოლეგებთან საუბრების დროსაც. ამგვარად, ვფიქრობ, დასავლეთმა ყველაფერი იცის. [მაგრამ] დღეს უკიდურესად რთული ვითარებაა. დასავლეთში ბევრი გაურკვევლობაა და ამ პროცესში ჩართვა არავის აინტერესებს. მნიშვნელოვანია მჭიდრო კავშირის შენარჩუნება, მაგალითად, გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს ტრადიციულ პარტნიორებთან, რათა მათ გააგრძელონ ამ უდიდეს პრობლემაზე ფიქრი. ძალიან რთული საკითხია და არ მგონია, [თქვენ] კითხვაზე იოლი და სწრაფი პასუხები არსებობდეს.

ამერიკის ხმა: თქვენი აზრით, რისი გაკეთება შეუძლია შეერთებულ შტატებს, რათა საქართველოს, ასე ვთქვათ, ნატოსთან დაკავშირებული ოცნების ახდენაში დაეხმაროს?

ლორა ლინდერმანი: როგორც ვთქვი, რთული საკითხია. გაისად საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება. შეერთებული შტატების მთავრობის ყურადღება სხვა გამოწვევებისკენაა მიმართული. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დამაჯერებლად ჩამოაყალიბოს, თუ რატომაა ის მნიშვნელოვანი და რატომ უნდა იფიქროს შეერთებულმა შტატებმა მასზე. ამავე დროს, ვფიქრობ, საქართველომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს, ვთქვათ, გერმანიასა და თურქეთთან საუბარს, რათა დაარწმუნოს ისინი, რომ საქართველო უნდა იყოს ნატოში. ვფიქრობ, საქართველო უნდა შეეცადოს, უფრო მჭდრო ორმხრივი სამხედრო კავშირის დამყარებას შეერთებულ შთატებთან, რაც მას გრძელვადიან პერსპექტივაში ნატოს წევრობაში დაეხმარება.

ამერიკის ხმა: და ბოლო შეკითხვა. როგორ აფასებთ მინისტრ თინა ხიდაშელის ვაშინგტონში ვიზიტს და რა ეტაპზეა დიალოგი საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ?

ლორა ლინდერმანი: ვფიქრობ, მისი ვიზიტი ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი იყო და მან ორი ქვეყნის ურთიერთობა წინ წაიყვანა. ვიზიტს დადებითად შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ შეერთებულ შთატებში საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მეტი ვიზიტი [ურთიერთობებს] უფრო მეტად წაადგება. ვთქვათ, შესანიშნავი იქნებოდა პრეზიდენტის ჩამოსვლა. ვიზიტები შეძლებისდაგვარად უნდა გაგრძელდეს.

«Lragir» (სომხეთი), 31 აგვისტო, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/arm/0/politics/view/119517

ემზადება თუ არა რუსეთი ახალი კავკასიური ომისათვის?

სტატიაში განხილულია მოსკოვის ნეგატიური პოზიცია თბილისში ნატოს-საქართველოს ერთობლივი საწრთვნელი ცენტრის გახსნის შესახებ (მხედველობაშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას საპროტესტო განცხადება – „ცენტრის გახსნა პროვოკაციულიაო“) და გამოთქმულია ვარაუდი – ხომ არ აპირებს მოსკოვი რაიმე მადესტაბილიზებელი ნაბიჯების გადადგმას სამხრეთ კავკასიაში (ავტორი – აკოფ ბადალიანი).

„რუსეთის დიპლომატიური უწყების რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა. რადგანაც საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა რეგიონში ალიანსის ინსიტუციონალურ დამკვიდრებას ნიშნავს, გამოდის, რომ რუსეთის „ჟანდარმულ“ მონოპოლიას სამხრეთ კავკასიაში უკვე “წყალი შეუდგა“.

საერთაშორისო სამართლის პოზიციიდან თუ შევხედავთ, რუსეთის პოზიცია აბსურდულად გამოიყურება. აქ საქმე ეხება ორი სუვერენული სუბიექტის სუვერენულ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ ორივე მხარეს – ნატოს და საქართველოს არაფერი უთქვამთ რუსეთის სამხედრო ბაზის თაობაზე სომხეთში, რომლის არსებობაც ასევე შეიძლება „პროვოკაციად“ ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თბილისს არაერთხელ გამოუხატავს თავისი ნეგატიური განწყობა გიუმრის სამხედრო ბაზის მიმართ. ობიექტურობის პრინციპი რომ დავიცვათ, აქვე ვიტყვით, რომ სომხეთის ხელისუფლებასაც არაერთხელ დაურწმუნებია მეზობელი, რომ საქართველოს სომხეთის ტერიტორიიდან საფრთხე არ ელოდება. ბოლო ასეთი განცხადება გაჟღერდა ორი კვირის წინ, როცა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.

საქართველოს საფრთხე უფრო მეტად ჩრდილოეთიდან ელოდება და მარია ზახაროვას განცხადებაც ამას მოწმობს: „საქართველო ვერ ურიგდება თავისსავე ავანტიურის შედეგებს, რომელიც მან 2008 წელს განახორციელა და დღეს მეზობლის ახალ ტერიტორიებზე ისევ პრეტენზიას აცხადებს“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, – „ისინი, რომლებიც საქართველოს ნატოში შეთრევას ცდილობენ, პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ და 2008 წლის სამწუხარო გამოცდილებას არ ითვალისწინებენ“.

ჯერ ერთი, საინტერესოა, რომელი მეზობლის ახალ ტერიტორიებზე ლაპარაკობს რუსეთის წარმომადგენელი? განა მას მხედველობაში ჰყავს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც დამოუკიდებლად აღიარა? მაშინ გამოდის, რომ რუსეთი ორივეს საკუთარ ნაწილებად მიიჩნევს. ყველა შემთხვევაში, რუსული დიპლომატიური უწყების განცხადება უნდა განვიხილოთ იმის მუქარად, რომ საქართველოსთვის შეიძლება 2008 წლის მოვლენები განმეორდეს.

მაგრამ რამდენად შეუძლია დღეს რუსეთს ამის გაკეთება? აქ საქმე სამხედრო ძალას არ ეხება, რომლის გამოყენება მოსკოვს ყოველთვის შეუძლია, აქ საუბარია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, ანუ წავა თუ არა რუსეთის ხელისუფლება ამ ნაბიჯზე? ამას წინათ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 2008 წლის ომის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, რომ რუსეთის არმია აშშ-ის პრევენტიული მოქმედების წყალობით არ შევიდა თბილისში და არ შეცვალა ხელისუფლებაო. „როცა რუსეთის ჯარები თბილისის მისადგომებში გამოჩნდნენ, იორდანიიდან ჰაერში აშშ-ის თვითმფრინავები აფრინდნენ, პენტაგონმა სხვა ღონისძიებებიც განახორციელა და ამიტომ რუსები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათო“.

რასაკვირველია, საქართველოში ნატოს ინსტრუქტორების გამოჩენა რუსეთისათვის საგრძნობ დარტყმას წარმოადგენს და ეს ყველაფერი შესაძლოა კავკასიიდან რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური უკანდახევის სტარტის მანიშნებელიც იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტი კავკასიას  იმპერიის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ზონად მიიჩნევს, რომლის გარეშეც რუსეთი „დომინოს პრინციპის“ თანახმად დაინგრევა, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი კუთხეში მიმწყვდეული ხდება და ვინ იცის, რას მოიმოქმედებს… შესაბამისად, შესაძლოა რუსეთმა ირაციონალურ აგრესიას მიმართოს.

ამავე დროს აშკარაა, რომ რუსეთი საქნციების სიმძიმესაც განიცდის, არის საფრთხე ისლამური მუქარების გააქტიურებისა იმპერიის სხვადასხვა კუთხეში – ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელთა მიმართ გამკლავება რუსეთს ევროატლანტიკური დახმარების გარეშე ძალიან გაუჭირდება.

ასე რომ, რუსეთისათვის ახალი ფრონტის გახსნა შეიძლება საბედისწერო გახდეს. შესაბამისად, მოსკოვი მხოლოდ მკვეთრი რიტორიკით შემოიფარგლება იმის შიშით, რომ კიდევ უფრო ღრმა ორმოში არ აღმოჩნდეს.

Comments are closed