globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 1st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): „კუდიანებზე ნადირობა“ თურქეთში // რამდენად სტრატეგიული და სწორად გათვლილია საქართველოს გადაწყვეტილება სულეიმან დემირელის სახელობის კოლეჯის დახურვის თაობაზე?

«The Wall Street Journal» (აშშ): პოლ მანაფორტის პოლიტიკური პროექტები უკრაინაში, საქართველოსა და ჩერნოგორიაში: გავლენიანი რუსი ოლიგარქის როლი

«Новое время» (აზერბაიჯანი): ნატო რუსეთის საზღვრებთან ისევ კუნთებს ათამაშებს // რატომ მონაწილეობს რუსეთუმე სომხეთი საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ ნატოს სამხედრო სწავლებებში?

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/turkey-georgia-extradition/4007549.html

კუდიანებზე ნადირობა თურქეთში

რამდენად სტრატეგიული და სწორად გათვლილია საქართველოს გადაწყვეტილება სულეიმან დემირელის სახელობის კოლეჯის დახურვის თაობაზე?

ანი ჩხიკვაძე

(შემოკლებით)

სტამბოლის აეროპორტში ჩასვლისას, ქალაქის ისტორიის გასაცნობად ვიკიპედიის მოშველიებას თუ მოისურვებთ, იმედგაცრუებული დარჩებით. ონლაინ ენციკლოპედია თურქეთის მთავრობამ, ბევრი ახსნა-განმარტების გარეშე, დაბლოკა. ეს ფაქტი ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე მასშტაბური შეზღუდვა ხდება.

„2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გამომდინარე საგანგებო მდგომარეობიდან, პრეზიდენტის ძალაუფლება და რესურსები იმისკენაა მიმართული, რომ მოხდეს ინსტიტუციური, პოლიტიკური თუ მედია პროტესტის გაქრობა და დანგრევა“, – ამბობს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი სინან ჯიდი. „ეს ემსახურება იმას, რომ 2019 წლისთვის, როდესაც ერდოღანი კიდევ ერთხელ იყრის კენჭს, პოლიტიკური ლანდშაფტი მაქსიმალურად ჩაკეტილი იყოს საწინააღმდეგო აზრისთვის“, – თქვა მან.

თურქეთმა, ანტალიაში ცოტა ხნის წინ, ფართომასშტაბიან მედია ფორუმს უმასპინძლა, სადაც გამომსვლელები ცდილობდნენ მედიის წარმომადგენლების დარწმუნებას, რომ გასული წლის გადატრიალების შემდეგ დაწყებული ბიუროკრატიული წმენდა თუ დაკავებები არაფერია, თუ არა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმის შეკავების მცდელობა. მის მონაწილეებს ერთ დროს ერდოღანის მოკავშირე, ახლა კი მთავარი მტრის, რელიგიური ლიდერის ფეტულა გულენის შესახებ ინგლისურ ენაზე გამოცემული წიგნები გადასცეს, სახელწოდებით „თანამედროვე ასასინი.“ თურქეთის კულტურის მინისტრმა ნაბი ავჯემ მედიაში თურქეთის კრიტიკა „ისლამოფობიას და უმეცრებას“ დააბრალა.

ანკარის მიერ განტევების ვაცის ძებნა პოლიტიკური დისკურსის ნაწილი გახდა. ერდოღანი გამუდმებით სდებს ბრალს სხვადასხვა ჯგუფებებს, ქურთულ თუ ფეტულასთან დაკავშირებულ პირებს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში და კვალდაკვალ ზღუდავს თავისუფლებას, ოპოზიციურ აზრს.

თურქული გამბიტი

საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გაუუქმოს ავტორიზაცია დემირელის კოლეჯს, რაც მის დახურვას გამოიწვევს. დემირელის კოლეჯი მეორე თურქული სკოლაა, რომელიც საქართველოში დაიხურა. პირველი, ბათუმში მდებარე შაჰინის ლიცეუმი იყო. საქართველო ასევე განიხილავს დემირელის კოლეჯის დირექტორის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხს. ცოტა ხნის წინ ემრე ჩაბუქს, რომელიც საქართველოში 15 წელია ცხოვრობს, ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა.

მასობრივი დაკავებების პროცესი ტერორიზმის ბრალდებით და ექსტრადიციის მოთხოვნები, 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაიწყო. ამ დრომდე, თურქეთი აგრძელებს საჯარო მოსამსახურეთა, ჟურნალისტთა და აქტივისტთა დაპატიმრების სერიას. გადატრიალების შემდეგ, სამსახურიდან დაითხოვეს 90,000 საჯარო მოხელე, დახურეს ასობით მედია გამოცემა და არასამთავრობო ორგანიზაცია, ასევე დააკავეს პარლამენტის წევრებიც. რამდენიმე კვირის წინ, რეჯეფ ერდოღანი მუსტაფა ქემალ ათა- თურქის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრებს სიტყვიერად დაესხა თავს და მათ გადატრიალების შემოქმედებთან კავშირი დასდო ბრალად.

„თურქეთში მიმდინარე მოვლენები ვაშინგტონისა და ანკარას შორის ურთიერთობებს საშიშროებას უქმნის. ეს ნატოსთვისაც საშიშია. მე ვშიშობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანს. ქვეყანა ძალზედ გაყოფილია, ერდოღანი 16 აპრილის რეფერენდუმის შედეგებს სათავისოდ იყენებს და იბრძვის ქვეყანას საკუთარი სურვილი თავს მოახვიოს“, – ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი თურქეთში ერიკ ედელმანი.

ეს პროცესი გასცდა თურქეთის საზღვრებსაც. საქართველოში დემირელის კოლეჯის დახურვა და მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის თავშესაფარზე უარის თქმა, ერდოღანს „კუდიანებზე“ გამოცხადებულ „ნადირობაში“ ხელს უწყობს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ბევრჯერ მოუწოდეს თბილისს არ გადასცეს ჩაბუქი თურქეთს. მათი განცხადებით, თურქეთში მისი უფლებები შეილახება, რა მიზეზითაც ჩაბუქის ექსტრადიციას საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.

„საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია პირის გადაცემა ისეთი სახელმწიფოსთვის, სადაც ამ პირს დიდი ალბათობით, დაემუქრება წამება, არაადამიანური მოპყრობა, ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევები. „საერთაშორისო ამნისტიას“ აღწერილი აქვს თურქეთში არსებული ადამიანის უფლებათა დაღვევები მათ წინააღმდეგ, ვისაც ბრალად ედება გულენის მოძრაობასთან გარკვეული კავშირები. შესაბამისად, დემირელის კოლეჯის მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თუკი ის აღმოჩნდება თურქეთის ხელისუფლების ხელში, მისი ფუნდამენტური უფლებები შეიზღუდება“, – ამბობს ლევან ასათიანი. მისივე თქმით, მსგავსად საერთაშორისო კანონმდებლობისა, საქართველოს კანონმდებლობაც კრძალავს ამ სიტუაციაში პირის ექსტრადიციას.

ემრე ჩაბუქი, თურქეთის მთავრობის წევრების სტუმრობიდან ერთ დღეში, 2017 წლის 24 მაისს დააკავეს. საქართველოს მთავრობის გადაწვეტილება შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა “საერთაშორისო ამნისტიის” წარმომადგენლის ლევან ასათიანის განცხადებით, „სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.“

სტრატეგიული სვლა

რამდენად სტრატეგიული და სწორად გათვლილია ოფიციალური თბილისის ეს ნაბიჯი? საქართველოს მნიშვნელოვანი მოკავშირეები და სტრატეგიული პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, არ აკმაყოფილებენ თურქეთის (ნატოს წევრი ქვეყნის) მოთხოვნებს. თავად ფეტულა გულენი ამ დროისთვის პენსილვანიის მკვიდრია და ვაშინგტონი ანკარას მის გადაცემაზე უარს ეუბნება, ხოლო გერმანიამ რამდეჯერმე უარყო ანკარის მოთხოვნა გულენთან კავშირში ბრალდებული პირების ექსტრადიციაზე.

„თურქეთში მიმდინარე მოვლენები ამერიკის და თურქეთის ურთიერთობებს საშიშროებას უქმნის. ეს ნატოსთვისაც საშიშია. მე ვშიშობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ქვეყანას სამოქალაქო ომამდე მიიყვანს“, – ამბობს რტიკ ედელმანი.

ცოტა ხნის წინ, ესპანეთმა გაათავისუფლა თურქი წარმოშობის გერმანელი მოქალაქე, რომლის გადაცემასაც ანკარა ითხოვდა. თურქეთის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს არც საბერძნეთი, რომლიც უზენაესმა სასამართლომაც იანვარში თურქი სამხედროების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ თურქეთში მათი „ფუნდამენტური უფლებები შეიზღუდებოდა.“

პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, საქართველო უნდა მიჰყვეს ევროპულ სტანდარტს და დაიცვას ადამიანის უფლებები. “რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორთან და ჩვენს მეგობარ თურქეთთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების ხარჯზე. სამწუხაროა, რომ ამ ბალანსის შენარჩუნებას საქართველოს მთავრობა ვერ ახერხებს”, – აღნიშნა მან.

ექვს ივლისს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ანკარა გადატრიალების შემდეგომი ქმედებების და მათ შორის, საპატიმროებში არსებული ცუდი მოპყრობისთვის გააკრიტიკა. თუმცა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს განცხადებით, მათ შეისწავლეს თურქეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს “ემრე ჩაბუქისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლით.”

თურქეთის მოთხოვნებს დასავლური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, აკმაყოფილებენ აზიის და აფრიკის ქვეყნები. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, სადაც თურქეთი სკოლების დახურვას და ე.წ. ფეტულას ტერორისტულ ორგანიზაციასთან (FETO) დაკავშირებული პირების გადაცემას ითხოვს. ამ უკანასკნელს, თურქეთის გარდა, არავინ ცნობს ტერორისტულ ორგანიზაციად. თუმცა, მსგავსი მოთხოვნებით თურქეთმა მსოფლიოს ბევრ ქვეყანას მიმართა.

გულენის „ჰიზმეთის“ მოძრაობასთან აფილირებული სკოლების თაობაზე თურქეთის პოზიცია გაითვალისწინეს აფრიკის ქვეყნებმა, როგორიცაა ნიგერია, ზანზიბარი და სენეგალი. ცენტრალური აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ კი თურქეთს უარი განუცხადა, მაგალითად ყირგიზეთმა.

“საერთაშორისო ამნისტიის” წარმომადგენელი ლევან ასათიანი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „საქართველომ უნდა აირჩიოს ევროპის სახელმწიფოებთან გაიგივება სურს თუ არა, როგორი მისწრაფება აქვს საქართველოს – სურს, რომ იმოქმედოს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, თუ ეს სტანდარტები უგულებელყოს“.

«The Wall Street Journal» (აშშ), 31 აგვისტო, 2017 წელი

https://www.wsj.com/articles/paul-manaforts-overseas-political-work-had-a-notable-patron-a-russian-oligarch-1504131910

პოლ მანაფორტის პოლიტიკური პროექტები უკრაინაში, საქართველოსა და ჩერნოგორიაში: გავლენიანი რუსი ოლიგარქის როლი

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთს სხვადასხვა პოლიტიკური პროექტების განხორციელებაში ეხმარებოდა როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოსა და ჩერნოგორიაში, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ბრეტ ფორესტი).

გაზეთის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ექს-მრჩევლის პოლ მანაფორტის კომპანიის სამი პროექტი რუსეთის ინტერესებს შეესაბამებოდა და ყველა ისინი პროექტი რუს ოლიგარქს – ოლეგ დერიპასკას და მის გარემოცვას უკავშირდება.

სტატიის ავტორს ინფორმაცია მიაწოდა ერთ-ერთმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა ფილიპ გრიფინმა, რომელიც პოლ მანაფორტის ფირმასთან თანამშრომლობდა და ბევრი რამ იცოდა მისი  საქმიანობის შესახებ. გარდა ამისა, მანაფორტის კომპანიის მოღვაწეობაზე ისაუბრეს აგრეთვე აშშ-ის ყოფილმა ელჩებმაც ჩამოთვლილ ქვეყნებში.

როგორც The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი წერს, კომპანიის საქმიანობა შედარებით უფრო მასშტაბური იყო „თავისი მოცულობით და ამბიციებით“, ვიდრე ამის თაობაზე ადრე იცოდნენ. სტატიით ირკვევა, რომ ხშირად პოლ მანაფორტს კონტაქტები ჰქონდა რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან და მის გარემოცვასთან. პუბლიკაციის ავტორის მტკიცებით, ოლეგ დერიპასკას საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვს უცხოელ პოლიტიკოსებთან და „მისი გეგმები ხშირად ემთხვეოდა ვლადიმერ პუტინის საგარეოპოლიტიკურ გეგმებს“.

პოლ მანაფორტი თავის პოლიტკონსალტინგურ კომპანიას (DMP – Davis Manafort Partners) რიკ დევისთან ერთად მართავდა, რომელმაც, თავის მხრივ, 2008 წელს სენატორ ჯონ მაკკეინის საპრეზიდენტო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ყოფნაც მოასწრო.

DMP-ის ერთ-ერთმა პოლიტიკურმა კონსულტანტმა The Wall Street Journal-ის სტატიის ავტორს აცნობა, რომ 2004 წლის დასაწყისში ოლეგ დერიპასკას ერთ-ერთმა პარტნიორმა ნათანიელ როტშილდმა (ბრიტანელი ბიზნესმენების ოჯახის შთამომავალმა) რიკ დევისი მოსკოვში, რუსი ოლიგარქის კომპანიის „საბაზო ელემენტის“ ოფისში მიიწვია, სადაც მან სტუმარს საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძე გააცნო. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა იგორ გიორგაძის საქართველოში დაბრუნების გეგმის შემუშავება, თანაც მისი დაბრუნება საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციაზე უნდა მომხდარიყო. შეხვედრა მოხდა „ვარდების რევოლუციიდან“ მცირე ხნის შემდეგ, როცა საქართველომ აქტიური პროდასავლური პოლიტიკის გატარებას იწყებდა. ნათანიელ როტშილდს განზრახული ჰქონდა საქართველოში ინვესტიციების ჩადება (მევენახეობის დარგში) და როცა ინვესტიციას განახორციელებდა, იგი საქართველოს მთავრობას  თხოვნას წარუდგენდა, რათა ნება დაერთოთ იგორ გიორგაძისთვის სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებაზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლებამ იგორ გიორგაძე 1995 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზებაში დაადანაშაულა. მან თავი მოსკოვს შეაფარა, საიდანაც საქართველოში შექმნილ პრორუსულ პარტიას ხელმძღვანელობდა.

2003 წლის ბოლოს საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ქვეყნის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელიც კრემლისაგან დისტანცირებულ პოლიტიკა უნდა გაეტარებინა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მხარი დაუჭირა მის ასეთ კურსს.

„2004 წლის ბოლოს ნათანიელ როტშილდისა და რიკ დევისის კიდევ ერთი შეხვედრა უკვე თბილისში განხორციელდა: მათ ერთად ივახშმეს საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, თუმცა წარუმატებლად – მიხეილ სააკაშვილმა მათი გეგმები დაამსხვრია. შესაბამისად, როტშილდ-დევისის პროექტის რეალიზება გადაიდო“, – ნათქვამია სტატიაში, ზემოთ ხსენებულ პოლიტიკურ კონსულტანტთან საუბრიდან გამომდინარე.

ამერიკელმა დიპლომატმა კენეტ იალოვიცმა, რომელიც 1998-2001 წლებში აშშ-ის ელჩი იყო საქართველოში და ამჟამად ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მუშაობს და კონფლიქტების მოგვარების პროგრამებს ხელმძღვანელობს, The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ „იგორ გიორგაძე, თუ იგი სამშობლოში დაბრუნდებოდა, რუსეთის მიმართ ლოიალურად იქნებოდა განწყობილი და  მოსკოვის თვალში სანდო ქვეშევრდომის სახელს დაიმსახურებდა, დასავლურ კურსს მხარს არ დაუჭერდა“.

ამ საკითხზე კომენტარის მიღება ნათანიელ როტშილდისაგან The Wall Street Journal-მა ვერ შეძლო. გაზეთისათვის შეკითხვისათვის პასუხი არ გაუცია არც თვითონ რიკ დევისს და არც იგორ გიორგაძის ადვოკატს გაგი მოსიაშვილს. კომენტარზე უარი თქვა მიხეილ სააკაშვილმაც. როგორც პოლ მანაფორტის პრეს-მდივანმა ჯეისონ მელონიმ განაცხადა, DMP კი მონაწილეობდა ამ ქართულ პროექტში, მაგრამ თვით შეფი მასში არანაირ როლს არ ასრულებდაო.

ინკოგნიტო პოლიტიკური კონსულტანტის თქმით, ქართული პროექტის ჩავარდნის შემდეგ DMP უკრაინაზე გადაერთო, სადაც საქმე კვლავ ოლეგ დერიპასკასთან დაიჭირა, ამჯერად უკვე იმ პარტიის მხარდაჭერისათვის, რომელიც პრორუსულად იყო განწყობილი.

როგორც ცნობილია, 2004 წლის ნოემბერში, უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, მაგრამ მისი კონკურენტის ვიქტორ იუშენკოს მომხრეებმა ჩათვალეს, რომ არჩევნები გაყალბდაო და საპროტესტო გამოსვლები დაიწყეს, მოგვიანებით „ნარინჯის რევოლუციად“ წოდებული.

პოლიტკონსულტანტი ფილიპ გრიფინი, რომელიც საქართველოში DMP-სთან თანამშრომლობდა, The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს უყვება, რომ რიკ დევისმა იგი, თბილისიდან აშშ-ში დაბრუნების წინ, უკრაინაში გაგზავნა ნათნიელ როტშილდისა და ოლეგ დერიპასკას დასახმარებლად (ანუ რუსეთის სასარგებლოდ). ფილიპ გრიფინი დაუკავშირდა დონბასელ ფოლადისა და ქვანახშირის მაგნატს რინატ ახმეტოვს, რომელსაც კრემლთან მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა. ამის შესახებ უკვე საქმის კურსში თვით პოლ მანაფორტიც იყო. ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ („ნარინჯის რევოლუციის“ შედეგად) რინატ ახმეტოვი დაყაბულდა DMP-სათვის 10 მილიონი ევრო გადაეხადა იმ მიზნით, რომ DMP-ის დახმარებით თავისი კომპანია System Capital Management (SCM) დასავლეთისათვის მიმზიდველი გაეხადა.

გარდა ამისა, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკი სტატიის ავტორს უყვება, მოგვიანებით პოლ მანაფორტი პრორუსულად განწყობილ ვიქტორ იანუკოვიჩს და მის პარტიას დასავლეთთან კავშირების გაბმაში ეხმარებოდა.

რაც შეეხება ჩერნოგორიას, ამ ქვეყანაში პოლ მანაფორტის კომპანია ოლეგ დერისპასკას ალუმინსადნობი კომბინატისა და ბოქსიტების საბადოს შესყიდვაში დაეხმარა, – ნათქვამია სტატიაში. DMP მის ინტერესებს ლობირებდა ჩერნოგორიის ხელისუფლებაში. თუმცა, როგორც სერბეთსა და ჩენროგორიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ პოლტი ამბობს, საბოლოო ჯამში ოლეგ დერიპასკას ჩერნოგორიიდან წასვლა მოუწია, არჩევნებში პროდასავლური პოლიტიკური ძალების გამარჯვების შემდეგ.

«Новое время» (აზერბაიჯანი), 01 სექტემბერი, 2017 წელი

http://novoye-vremya.com/w103989/…/#.WahqboqQzs0

ნატო რუსეთის საზღვრებთან ისევ კუნთებს ათამაშებს

რატომ მონაწილეობს რუსეთის მოკავშირე სომხეთი საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში?

ა.მამედოვი

(შემოკლებით)

როგორც ჩანს, დასავლეთის ექსპანსიონისტურ გეგმებში ნატოსათვის საქართველო პლაცდარმად გადაიქცა, პოსტაბჭოთა სივრცეში გავლენის გასაძლიერებლად. ჯერ კიდევ არ გაციებულა იმ ქვემეხების ლულები, რომლებითაც საქართველოში 30 ივლისს ჩატარებული სამხედრო წრთვნების დროს ისროდნენ, რომ უკვე ისევ დაიწყო იარაღის ჟღარუნი რუსეთის საზღვრებთან. როგორც პენტაგონი იუწყება, სამხედრო წრთვნებში კოდური სახელწოდებით Agile Spirit 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. გარდა ამისა, იქვე იქნება ათასამდე ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ბულგარელი, ლატვიელი, რუმინელი და უკრაინელი სამხედროებიც.

სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ დასავლეთი ყოველთვის ნეგატიურად აღიქვამს რუსეთის არმიის სწავლებებს, რომლებიც თვით რუსეთის ტერიტორიაზე ტარდება. რაც შეეხება მანევრებს, რომლებიც ბელორუსიაში მიმდინარეობს («Запад-2017»), ამის შესახებ მოსკოვმა ეუთო საქმის კურსში ჩააყენა. განსხვავება ისაა, რომ დასავლეთს და ნატოს რუსეთი არასოდეს არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში საკუთარ სამხედრო მანევრებთან მიმართებით. გარდა ამისა, ალიანსი ცდილობს რაც შეიძლება მეტი წრთვნები გამართოს ნატოს არაწევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ნატოს სამხედრო ბაზები თითქმის მთელ მსოფლიოშია მოფენილი.

საინტერესოა, ვის წინააღმდეგაა მიმართული ნატოს მიერ ბალტიისპირეთსა და საქართველოში შექმნილი ე.წ. სასწავლო ცენტრები, სინამდვილეში კი სამხედრო ბაზები?

და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, სამხედრო სწავლებებში კვლავ მონაწილეობს სომხეთი, ქვეყანა-აგრესორი, რომელსაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ სომხეთი „ოდკბ“-ს წევრია. თუმცა გასაკვირი არაა, რადგან სომეხი ნაციონალისტების პოზიცია „თქვენებსაც და ჩვენებსაც“ საყოველთაოდ ცნობილია.

თუ 30 ივლისის სწავლებებში მონაწილეობისათვის სომხეტმა როგორღაც თავი იმართლა, ახლა უკვე ეს მოსკოვისათვის გამოწვევა უნდა იყოს და ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს: აბა, როგორ – რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ წრთვნებში მონაწილეობს!

ნატო და აშშ თავს შორს იჭერენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისაგან, არადა ვაშინგტონი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ამასთან, ამერიკა აქტიურად მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ანუ სახეზეა ამერიკის ორმაგი სტანდარტი კონფლიქტების შეფასებაში. მაშ, რატომ მონაწილეობს აზერბაიჯანი ამ წრთვნებში, რაში გვჭირდება? დასავლეთი მხედველობაშიც კი არ იღებს იმ ფაქტს, რომ ნატოს ავიაცია აზერბაიჯანის საჰაერო სივრცით სარგებლობს, ავღანეთისაკენ ფრენის მიზნით. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა ტვირთების გადასროლაშიც მონაწილეობს, ავღანეთში გზავნის თავის ჯარისკაცებს… შედეგად კი რას ვღებულობთ? ამერიკა სომხეთს სამხედრო წრთვნებში იწვევს.

მოკლედ, აზერბაიჯანმა უპირველესად თავის ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას და არ უნდა ჩაერთოს ნატოსა და დასავლეთის გეოპოლიტიკურ და სამხედრო ავანტიურაში.

Comments are closed