globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 1st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ამერიკელი ექსპერტები ვაშინგტონს თბილისთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა: შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების უზურპაცია?

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): როგორ პარლამენტი მიიღო საქართველომ არჩევნების შედეგად?

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა // მილიარდერის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების 75% მიიღო

«Независимая газета» (რუსეთი): „ქართულმა ოცნებამ“ მოწინააღმდეგის განადგურება დაასრულა: სახელისუფლო პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა“

«Российская газета» (რუსეთი): რევანში არ გამოუვიდათ

«Каспiй» (აზერბაიჯანი): „შედეგი, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი: „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის შეცვლის უფლება მიიღო“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/richardweitz-in-hudson-u/3574061.html

ამერიკელი ექსპერტები ვაშინგტონს თბილისთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ

ანი ჩხიკვაძე


31 ოქტომბერს, ჰუდსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი რიჩარდ ვაიტსი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოხსენებით წარსდგა, რომელშიც მან საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შესახებ ისაუბრა. რიჩარდ ვაიტსის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, გააღრმავოს თანამშრომლობა ორმხრივ ფორმატში და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანია პარტნიორობა, რომელიც უხსნის გზას ორივე ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და დიპლომატიური ინტერესების განხორციელებას. პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა ორივე ქვეყნისთვის, საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად და თანამშრომლობას სხვადასხვა კუთხით გასაძლიერებლად, შესაძლებლობებს ქმნის. საჭიროა ამერიკის როლის გაძლიერება, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში და კონგრესის ჩართულობა ამ მიზნის მისაღწევად“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ვაიტსმა წარადგინა.

რიჩარდ ვაიტსის თანახმად, ამერიკამ და საქართველომ უნდა გააგრძელონ მუშაობა თავდაცვის და უსაფრთხოების მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გასაღმავებლად, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთხოების და რეგიონული უსაფრთხოების კუთხით. მკლევარის თქმთ, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა ამერიკისთვის ხელსაყრელია და შემდეგმა ადმინისტრაციამ ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა განაგრძოს. რიჩარდ ვაიტსმა აღნიშნა, რომ NATO-ს წევრობისკენ სწრაფვასთან ერთად, შტატები უნდა დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი შეარაღების გაძლიერებაში და ასევე უნდა განიხილოს NATO-ს სარდლობით შავი ზღვის თავდაცვითი ერთეულის შექმნა.

„ამერიკამ უნდა გააგრძელოს სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოში საქართველოსთან მუშაობა, ასევე ინსტიტუტების განვითარება და ამასთანავე, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ასევე, ჩვენ უნდა ვეცადოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში საქართველოსთვის დახმარების გაწევას, ვინაიდან ეს რეგიონები შეიცავს საფრთხეს, რომელიც შესაძლოა გახდეს პრობლემური, ნებისმიერ დროს“, – განაცხადა რიჩარდ ვაიტსმა.

რიჩარდ ვაიტსი რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოებასა და პროპაგანდის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ დასავლეთს უნდა ჰქონდეს სტრატეგია, თუ როგორ გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევებს. „ვაშინგტონი და დასავლეთი უნდა ეცადოს და აქტიურად იმუშავოს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან და NATO-სთან მიმართებაში არ გადაიზარდოს იმედგაცრუებაში, რაც შეიძლება შემდეგ ჩანაცვლდეს ჩრდილოეთის მხრიდან არგუმენტებით, რომ დასავლეთს თქვენ არ ჭირდებით, და ჩვენ უფრო ახლოს ვართ თქვენთან ღირებულებებით და კონსერვატიული ფასეულობებით“, – აღნიშნა რიჩარდ ვაიტსმა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრა გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტიდან უფროსმა მკლევარმა არიელ კოენმა. მისი თქმით, საქართველო ამერიკისთვის მთავარი მოკავშირეა კავკასიის რეგიონში და საჭიროა ამ კავშირის განმტკიცება. “ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის დასავლეთის მოკავშირე მის საზღვარზე, კავკასიაში, და არის მზად დასავლეთთან, ამერიკასთან და NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ საქართველოს უსაფრთხოების დაცვას და ვითანამშრომლოთ ეკონომიკური, სამოქალაქო და კულტურული კუთხითაც“, – აღნიშნა არიელ კოენმა. მისივე თქმით, 2008 წლის ომის დროს სანქციების სწაფმა გაუქმებამ რუსეთის წინააღდეგ, უკრაინის კონფლიქტს წინაპირობა შეუქმნა. „2008 წლის ომის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას მეტი რამ შეეძლო გაეკეთებინა და შეენარჩუნებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რამაც ნაწილობრივ განაპირობა შემდგომში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია“, – აღნიშნა მან.

კომენტარი გააკეთა ასევე კორი ველტმა, რომელიც ევროპის, რუსეთის და ევრაზიის საკთხების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ველტი ასევე კონგრესის კლევითი სამსახურის მიმომხილველია. მისი თქმით, საქართველოს და ამერიკას საერთო ღირებულებები აქვთ, რაც გამოიხატება დემოკრატიის მხარდაჭერაში და საერთო მისწრაფებებში ამ კუთხით.

“ამერიკა საქართველოს მიმართ დახმარებამ 1993 წლიდან 2010 წლამდე 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. სტრატეგიული თანამშრომლობა ადმინისტრაციების ცვლილების მიუხედავად, ვაშინგტონსა და საქართველოში, გრძელდება. რაც შეეხება ამერიკის შიდა დინამიკას, კონგრესში, რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც მხარს უჭერენ საქართველოსთან მჭიდრო კავშირებს და ურთიერთობას”,- აღნიშნა კორი ველტმა.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 01 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/news-37830376

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობა: შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების უზურპაცია?

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი და იმავდროულად ყველაზე კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღო“, – აღნიშნულია ბრიტანული სამასწყებლო კომპანია „ბი-ბი-სის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – ნინა ახმტელი).

„არჩევნების შედეგებმა არ გაამართლა რიგი ექსპერტების აზრი, რომ საქართველოში მრავალპარტიული პარლამენტი იქნებოდა და, შესაბამისად, ქვეყანაში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდებოდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც ვრცლადაა მიმოხილული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები (მაჟორიტარული ოლქებში). საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ 150 ადგილიდან 115 მიიღო, რაც ერთპარტიული აღმასრულებელი ორგანოს შექმნასაც ნიშნავს. სტატიაში ყურადღება აქცენტირებულია აგრეთვე მაჟორიტარულ ოლქებში სალომე ზურაბიშვილისა (თბილისი) და სიმონ ნოზაძის (ხაშური) გამარჯვებაც.

სტატიაში ავტორი მკითხველს აცნობს როგორც მმართველი პარტიის, ანუ დღევანდელი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებს: პუბლიკაციაში ციტირებულია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და დავით ბაქრაძის განცხადებები, ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თვალსაზრისიც (პრემიერ-მინისტრი მიესალმება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას პარლამენტში, დავით ბაქრაძე და გიორგი მარგველაშვილი კი ამ ფაქტს ნეგატიურად მიიჩნევენ). ამ მხრივ პუბლიკაციის ავტორი იმოწმებს აგრეთვე ექსპერტ გია ხუხაშვილის მოსაზრებასაც: „საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში საქართველოში მართვის დადებითი გამოცდილება არ აქვს, რადგან ყოველთვის, როცა ხელისუფლება საკანონმდებლო ორგანოში გადამწყვეტ უმრავლესობას ღებულობდა, ძალაუფლებას ბოროტად იყენებდა“, – ამბობს გია ხუხაშვილი, თუმცა, მისივე თქმით, რადგან უკვე შემაკავებელი ფაქტორი არსებობს (პრეზიდენტისა და პრესის სახით), ხელისუფლების უზურპაციის საფრთხე შედარებით ნაკლებია: „ჯერ-ჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების უზურპირებას ცდილობს, თუმცა, რასაკვირველია, რისკები მაინც რჩება“.

სტატიაში აღნიშნულია აგრეთვე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დასუსტების ფაქტიც: ლიდერების განთესვა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ რიგებიდან, ანუ იმ პოლიტიკური ძალებიდან, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში 5%იანი ბარიერი ვერ გადალახეს. ამ მხრივ ავტორი მკითხველს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი გობრონიძის კომენტარს სთავაზობს: „ის, რომ ზოგიერთი პროდასავლური პარტია სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პრორუსული განწყობა ძლიერდება ან პროდასავლური მცირდება. ვერც იმას ვიტყვით, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პრორუსული ან ანტიდასავლურია, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ცდილობს და ოპოზიცია ამის გამო პრორუსულად მიიჩნევს. არადა, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს გადადგა საქართველომ  მნიშვნელოვანი ნაბიჯები დასავლეთისაკენ“, – ამბობს პოლიტოლოგი. იგი ხაზს უსვამს, რომ  საქართველოს პროდასავლური კურსი ჯერ კიდევ 1999 წლიდან აქვს არჩეული და მისი შეცვლა ასე იოლი არაა, რადგან ეს კურსი მოსახლეობის პოზიციასაც გამოხატავს. „პრაგმატულად თუ შევხედავთ, კურსის შეცვლა მთავრობასაც არ უნდა აწყობდეს, რადგან ქვეყანას შეიძლება ისეთი პრობლემური სიტუაცია შეექმნას, საიდანაც დანაკარგების გარეშე ვერ გამოვა“, – აცხადებს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში გიორგი გობრონიძე.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა სრულიად ლეგიტიმურად მოიპოვა, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ აგრეთვე ქართული საარჩევნო სისტემის პრობლემებზე, განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ „ოცნებამ“ გამარჯვება, პრინციპში, პროპორციული სისტემით კი არა მოიპოვა, არამედ მაჟორიტარული წესით, რაც პარტიისადმი მოსახლეობის ნდობას მაინცდამაინც არ გამოხატავს. გიორგი გობრონიძის აზრით, ხმა უფრო იმიტომ მისცა ელექტორატმა „ქართულ ოცნებას, რომ ამ პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია: „ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს ძალიან ჭრელი მმართველი კონგლომერატი შექმნა და როცა კოალიცია დაიშალა, არჩევნები სწორედ იმ სუბიექტმა მოიგო, რომლის უკან მილიარდერი დგას. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი „ქართულ ოცნებაზე“ ძლიერ გავლენას ახდენს და, ალბათ, ასე იქნება უახლოეს მომავალშიც“.

გიორგი გობრონიძის აზრს ეთანხმება გია ხუხაშვილიც: „ჯერ-ჯერობით პოლიტიკური პროცესები, შეიძლება ითქვას, ბიძინა ივანიშვილის გეგმის მიხედვით ვითარდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილებას იგი იღებს, მაგრამ მის სიტყვას გადამწყვეტი ეფექტი აქვს… ეს ჯანსაღი სიტუაცია არ არის, რადგან დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტს სწორედ ინსტიტუციურ მმართველობა წარმოადგენს. იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანას პრემიერ-მინისტრი კი არ მართავს, არამედ ვიღაც სხვა პიროვნება, დემოკრატიული პროცესის განვითარებისათვის საზიანოა“, – ამბობს ექსპერტი.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 01 ნოემბერი, 2016 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20161031-kakoi-parlament-poluchila-gruziya-na-vyborakh

როგორ პარლამენტი მიიღო საქართველომ არჩევნების შედეგად?

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მტკიცე და უპირობო გამარჯვება მოიპოვა. მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობს აყალიბებს, რაც ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას: საქართველოს გადაქცევას საპარლამენტო რესპუბლიკად და პრეზიდენტის საყოველთაო-სახალხოდ არჩევის გაუქმებას. პოლიტოლოგები კი აღნიშნავენ, რომ საქართველომ საკმაოდ სუსტი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი მიიღო, რადგან მმართველი პარტიის უმრავლესობა ამომრჩეველთა მხოლოდ 25%-ით არის უზრუნველყოფილი“, – ნათქვამია საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსადგურის – „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ რეპორტაჟში (ავტორი – გიორგი ლერბანიძე).

რადიოკორესპონდენტი ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება (გთავაზობთ შემოკლებით):

- როგორ მოხდა რომ ქვეყანამ ასეთი პოლიტიკური ძალების მქონე საკანონმდებლო ორგანო მიიღო?

- საზოგადოების წინასწარი მოლოდინის მიუხედავად მრავალპარტიული პარლამენტის არჩევის თაობაზე (სხვათა შორის, ყველა გამოკვლევა ამას ადასტურებდა), სამწუხაროდ, ასე არ მოხდა: პარლამენტი ისევ ორპოლუსიანი იქნება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ორივე პარტია – ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებაც“ და მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობაც“ ქვეყნის ამომრჩევლი ნახევრის პოზიციასაც კი ვერ გამოხატავს (მათი ჩათვლითაც კი, ვინ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო). ეს ძალიან ცუდია. სწორედ ამიტომააა პარლამენტის ლიგიტიმურობა სუსტი (მხედველობაში მაქვს არა იურიდიული, არამედ „სახალხო“ ლეგიტიმაცია). ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სტაბილურობა უფრო ნაკლები იქნება.

- თქვენ ახსენეთ, რომ პარლამენტში „ორი პარტიაა“, მაგრამ საკანომდებლო ორგანოში ხომ მესამე – „პატრიოტთა ალიანსიც“ არის?

- „პატრიოტთა ალიანსი“, შეიძლება ითქვას, ეგზოტიკური პოლიტიკური ძალაა. ამ პარტიის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობიდან გამომდინარე, „პატრიოტები“ სამომავლო პოლიტიკურ ბატალიებზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენენ. თანაც პარლამენტში მათ მხოლოდ ექვსი მანდატი აქვთ, რაც საკანონმდებლო ორგანოში „ამინდს“ ვერ სექმნის. ასე რომ, „პატრიოტთა ალიანის“ მხოლოდ ეგზოტიკაა და მეტი არაფერი.

- რითაა ცუდი ორპარტიული სისტემა? დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობაში ხომ ძირითადად ორი პარტიაა ერთმანეთის კონკურენტები…

- ორპარტიულ სისტემაში ცუდი არაფერია, მაგრამ ქვეყანა ჯერ ჭეშმარიტ ორპარტიულ სისტემამდე უნდა მივიდეს, ჩვენ კი მისგან ძალიან შორს ვართ. ორპარტიული სისტემა მაშინაა ყველაზე ეფექტური, როცა ეს ორი პარტია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. ჩვენთან კი რა ხდება? ორივე პარტიის ჯამური რეიტინგი 40%-ს არ აღემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ თითოეული მათგანი, არამედ ორივე ერთადაც ვერ სარგებლობს მთელი საზოგადოების მხარდაჭერით, რათა შემდეგ პასუხისმგებლობის განაწილება მოხდეს.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 01 ნოემბერი, 2016 წელი

http://kommersant.ru/doc/3131428

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა

მილიარდერის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ადგილების 75% მიიღო

„საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გამოქვეყნდა: ყველა მაჟორიტარულ ოლქში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ კონკურენტები დაამარცხეს. ამრიგად, „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ორგანოში  საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, რაც მას ქვეყნის ძირითადი კანონის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

პუბლიკაციაში ვრცლადაა საუბარი არჩევნების შედეგების რაოდენობრივ-პროცენტულ მაჩვენებლებზე, პარტიების მდგომარეობაზე (განსაკუთრებით „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორისა და მისი განცხადებების ფონზე: „უკრაინის ოდესის ოლქის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილმა იგრძნო, რომ მეორე ტურში „ნაციონალები“ დამარცხდეებოდნენ და პარტიას არჩევნებისა და საერთოდ, ახალ პარლამენტში საქმიანობის  ბოიკოტისაკენ მოუწოდა, ექს-პრეზიდენტის მოწოდებას კი მხარი მხოლოდ საკუთარმა ცოლმა დაუჭირა. „ნაციონალები“ დამარცხდნენ, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაადრევია თავზე ნაცრის წაყრა“, აქტიური ბრძოლა უნდა გაგრძელდესო).

სტატიაში გადმოცემულია ქართველი მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკოსების, აგრეთვე პოლიტოლოგების თვალსაზრისები – ნიშნავს თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლების უზურპირებას და ავტორიტარიზმს? „ნაციონალი“ დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მიზნებით (კონსტიტუციის სავარაუდო შეცვლით, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება) დემოკრატიის ბოლო ინსტიტუტს ანადგურებს და ქვეყანაში ავტორიტარულ ხელისუფლებას ამყარებს. გარდა ამისა, იგი „კომერსანტის“ კორესპონდენტს ეუბნება, რომ „ოცნება“ ისარგებლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის ფაქტორით და ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსის შეცვლასაც შეეცდება, რუსეთის მიმართულებით. თავის მხრივ, მმართველი ძალის წარმომადგენელი კახა კალაძე პირიქით აცხადებს – დემოკრატიული რეფორმები და ევროატლანტიკური კურსი გაგრძელდება.

როგორი ბედი ექნება მიხეილ სააკაშვილს?

დღემდე ექს-პრეზიდენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ რჩება, მაგრამ ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, იგი პარტიიდან გამოსვლას აპირებს, პროტესტის ნიშნად, რადგან თანაპარტიელები მას აღარ უსმენენ და არ ეთანხმებიან. „შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა ახალი პარტია ჩამოაყალიბოს“ – ასეთი აზრიც არსებობს.

საერთოდ კი, ექს-პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები დარწმუნებულნი არიან: თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშო ოდესმე დაბრუნდება, იგი მხოლოდ პატიმრის სტატუსით იქნება: „მას საპყრობილე ელოდება ჩადენილი დანაშაულის გამო, – ამბობს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში, – პირველი რიგში 2008 წლის აგვისტოში ჩადენილი სამხედრო-პოლიტიკური დანაშაულისათვის“.

«Независимая газета» (რუსეთი), 01 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-11-01/6_6849_gruzia.html

„ქართულმა ოცნებამ“ მოწინააღმდეგის განადგურება დაასრულა: სახელისუფლო პარტიამ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა“

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია როგორც „ქართული ოცნების“ დამარწმუნებელ გამარჯვებაზე, ასევე დამარცხებით გამოწვეულ მდგომარეობაზე ოპოზიციური „ნაცმოძრაობის“ შიგნით სათაურით (ავტორი – იური როქსი).

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა აზრების წარმოჩენა დაიწყო და გამორიცხული არაა, რომ „ნაციონალთა“ ნაწილი თავის ლიდერს – ექს-პრეზიდენტს განუდგეს. თვით მიხეილ სააკაშვილის პერსპექტივაც ბურუსით მოჩანს: საქართველოში იმედები გაუცრუვდა, უკრაინაში კი მას თავისი შეფი პეტრო პოროშენკო საყვედურებს უცხადებს – სტუდენტობისდროინდელი მეგობარი კი ხარ, მაგრამ დაეტიე ოდესაში და ზედმეტ აქტიურობას ნუ იჩენო.

„ნაციონალური მოძრაობა“ დასავლეთის აბსოლუტური მხარდაჭერით სარგებლობდა. დასავლეთი ყოველთვის პოზიტიურად აფასებდა „ნაცმოძრაობის“ საქმიანობას და მიიჩნევდა, რომ ამ პარტიის ხელმძღვანელობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სამაგალითო ქვეყნად და დემოკრატიული, დასავლური სტილის სახელმწიფოდ გადაიქცა. დასავლეთი თავის სამეურვეო რეჟიმს არასდროს საჯაროდ არ აკრიტიკებდა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას’, მას ასეთი მხარდამჭერები არც ბრიუსელში და არც ვაშინგტონში არ ჰყავს.. „ოცნება“ ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდა მოეპოვებინა ნდობა დასავლეთში, მაგრამ ევროპაში უფრო მეტად „ნაციონალების“ განცხადებებს უჯერებდნენ. არადა, „ქართულ ოცნებას“ დასავლეთისთვის ეჭვების საბაბი არ მიუცია: მას საგარეოპოლიტიკური კურსი არ შეუცვლია, თუ არ ჩავთვლით რუსეთთან სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის აღდგენას. საერთოდ კი, გავიხსენოთ, რომ თვით დასავლეთი მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“, რომ მას თვითონ დაერეგულირებინა ურთიერტობა რუსეთთან“, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“. სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“, რომელსაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რაიმე ანტიდასავლურ ნაბიჯს არ გადადგამს.

———

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებია განხილული აგრეთვე რუსეთის პრესის სხვა პუბლიკაციებშიც – „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რევანში არ გამოუვიდათ“ (ავტორი – მარინა ალიოშინა). „ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ – „ნაცმოძრაობამ“ რევანშის აღება ვერ შეძლო“, – ნათქვამია მასალაში, – „ექსპერტები არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ოდესელმა გუბერნატორმა მშობლიური პარტია დატოვოს“ (წყარო: https://rg.ru/2016/10/31/partiia-gruzinskaia-mechta-zavoevala-bolshinstvo-v-parlamente-strany.html).

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 01 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

„შედეგი, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი:

„ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის შეცვლის უფლება მიიღო“

აზერბაიჯანული გაზეთი აქვეყნებს ვრცელ მასალას, რომელშიც მიმოხილულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, პოლიტიკურ ძალთა სავარაუდო განლაგება მომავალ პარლამენტში… მასში მოცემულია აგრეთვე ქართველი ექსპერტების – თენგიზ აბლოთიასა და გელა ვასაძის კომენტარები (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

ექსპერტ თენგიზ აბლოთიას აზრით, „არჩევნების შედეგები ზოგადად ობიექტურად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება სადღაც რაღაც შეცდომა იქნა დაშვებული, სადღაც სახელმწიფო სტრუქტურების რესურსი იქნა გამოყენებული, მაგრამ ზოგადად არჩევნები მეტ-ნაკლენად პატიოსნად ჩატარდა. ვფიქრობ, ასეთი პარლამენტით საქართველოს წინ ისეთივე ოთხი წელიწადი ელოდება, როგორიც  2012 წლის შემდგომ იყო. ისევ იმ ხალხმა გაიმარჯვა, რომლებიც პარლამენტში ისხდნენ. განსხვავება არ იქნება“.

გელა ვასაძის აზრით, „ამ არჩევნებში ობიექტურად აისახა ის ფაქტი, რაზედაც საქართველოში ანალიტიკოსები ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინათ საუბრობდნენ, მაგრამ არაოფიციალურად. კერძოდ კი ის, რომ საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთი მდიდარი ადამიანის მართვის სისტემაა, რომელმაც შეძლო და თავისი შეხედულებით მოახდინა ქვეყნის მთელი პოლიტიკური სისტემის ფორმატირება მოახდინა. ეს უკრაინის სიტუაციას ჰგავს იმ განსხვავებით, რომ იქ ხელისუფლება რამდენიმე ოლიგარქის ხელშია, ჩვენთან კი მხოლოდ ერთის…. მოკლედ, მე მიძნელდება, რომ მომხდარ ფაქტს არჩევნები ვუწოდო“.

Comments are closed