globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 1st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საქართველო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც აშშ-ის ორბიტაზე დარჩება

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): როდის გააუქმებს ევროკავშირის ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისათვის?

«Каспiй» (აზერბაიჯანი): გონზე გვიან მოვიდნენ // ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგების გადახედვა მოითხოვა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): 56 დღე: გადამწყვეტი ბრძოლა „რუსთავი-2“-სთვის

———————-

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 30 ნოემბერი, 2016 წელი

http://ru.reuters.com/article/topNews/idRUKBN13P201?sp=true

ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საქართველო იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც ის აშშ-ის ორბიტაზე დარჩება

მარგარიტა ანთიძე

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი რუსეთთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას აპირებს, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდშიც მტკიცე იქნება. გარდა ამისა, თბილისი კვლავაც გააგრძელებს ნატოსთან კავშირების გაღრმავებისაკენ მიმართულ კურსს. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „როიტერ“-ის კორესპონდენტისათვის მიცემულ ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებული განცხადებებით ევროპაში გარკვეული „შიში დათესა“, როცა იგი რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს აქებდა და მინიშნებებს აკეთებდა, რომ ამერიკა, ალბათ, თავის მოკავშირეებს აღარ დაიცავდა, თუ ისინი თავდაცვისათვის ასიგნებებს არ გაზრდიდნენ.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა თბილისის მოლოდინები არ გაამართლეს. საქმე იმაშია, რომ რუსეთი, რომელთანაც საქართველოს 2008 წლის აგვისტოში ხანმოკლე ომი ჰქონდა, თავისი სამხრეთკავკასიური მეზობლის ევროატლანტიკური სწრაფვის წინააღმდეგ გამოდის.

მაგრამ 3,7 მილიონიანი საქართველოს მეთაური ოპტიმისტურადაა განწყობილი აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციისადმი და დადებით ნაბიჯებს ელოდება: „გვჯერა, რომ დონალდ ტრამპთან ჩვენი ურთიერთობა და კონტაქტები, ისევე როგორც ჩვენს მეგობრებ-მოკავშირეებთან კონგრესში, რესპუბლიკელებთანაც და დემოკრატებთანაც – მხარდაჭერილი იქნება, რადგანაც ჩვენ იმ ინტერესებზე და მიზნებზე ვსაუბრობთ, რომლებსაც ორივე მხარე ბოლო 25 წლის განმავლობაში ვიზიარებთ“, – თქვა პრეზიდენტმა ინტერვიუში ინგლისურ ენაზე, – „პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც ეს დღის წესრიგი უცვლელი რჩება“.

საქართველო თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით ორ პროცენტს ხარჯავს. ეს სავსებით შეესაბამება ხარჯების იმ დონეს, რაც ნატოს წევრებისთვისაა რეკომენდებული და რასაც ვაშინგტონის ზოგიერთი ევროპელი მოკავშირე არ ასრულებს.

ჯორჯ ბუშ-უმცროსისა და ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს საქართველო აშშ-საგან მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იღებდა. გარდა ამისა, ამერიკა მუდამ გმობდა რუსეთის კურსს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული და რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სეპარატისტულ ავტონომიებს.

საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ნაწილი დღეს ისევ პრორუსი სეპარატისტების კონტროლქვეშ რჩება. საქართველო ევროპისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანას  წარმოადგენს იმდენად, რამდენადაც მის ტერიტორიაზე ის მილსადენები გადის, რომელთა მეშვეობით კასპიის ნავთობი და გაზი ევროპის ბაზარზე გადაიქაჩება.

კურსი დასავლეთისაკენ, რუსეთთან ფრთხილი დამოკიდებულებით

საქართველო ცდილობს, რომ ევროკავშირთან უფრო მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკურ ინტეგრაცია განავითაროს. თბილისმა  2014 წლის ივნისში ხელი მოაწერა სავაჭრო ხელშეკრულებას ევროკავშირთან და იმედოვნებდა, რომ ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობდა და „გზას გაუწმენდდა“ უვიზო რეჟიმის დაწესებას საქართველოს მოქალაქეებისათვის, შენგენის ზონის ქვეყნებში მიმოსვლის მიზნით.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ინტერვიუში, იგი უკმაყოფილოა ვიზების გაუქმების საკითხში პროგრესის არარსებობის გამო, რაშიც პრეზიდენტი პასუხისმგებლობას ბრიუსელელ ევრობიუროკრატიას აკისრებს: „როგორც ნატო, ასევე ევროკავშირიც გამოწვევების გადაფასების კონსერვატიულ ფაზაში იმყოფება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კონსერვატიული ფაზა რაღაც მომენტში ისეთი დღის წესრიგით შეიცვლება, რომელიც უფრო აქტიურ მოქმედებას გულისხმობს“, – თქვა პრეზიდენტმა, რომლის როლს მმართველობის საპარლამენტო ფორმის მქონე საქართველოში უფრო ცერემონიული ხასიათი აქვს, თუ მას პრემიერ-მინისტრის უფლება-მოსილებას შევადარებთ.

განათლებით ფილოსოფოსმა, 47 წლის გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე სერიოზულ მოთამაშედ რჩება და აქედან გამომდინარე, უთანხმოების მიუხედავად, საქართველო მასთან კონსტრუქციულ დიალოგს კვლავ გააგრძელებს: „ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთი ისეთ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც მხედველობაშია მისაღები მისი მეზობლებისა და სხვა საერთაშორისო მოთამაშეებისთვის’, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი, – „ჩვენი ურთიერთობების მიზანია რუსეთთან რაციონალური დიალოგის წარმართვა, მშვიდობის პოლიტიკის მხარდაჭერა და იმის არდაშვება, რომ რომელიმე „ომის პარტიამ“ საქართველოს პროვოკაციაზე წამოგება შეძლოს“.

ამასთან, პრეზიდენტმა ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის განახლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და მისი სუვერენიტეტისადმი პატივისცემაზეა დამოკიდებული: „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირება ისტორიულად უსამართლო ნაბიჯს წარმოადგენს, – თქვა გიორგი მარგველაშვილმა, – „რომელსაც არასოდეს შეურიგდება არც ქართული საზოგადოება და არც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა“.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 30 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.golos-ameriki.ru/a/nc-eu-visa-free-regim-for-georgia/3617644.html

როდის გააუქმებს ევროკავშირის ვიზებს საქართველოს მოქალაქეებისათვის?

სტატია ეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ბრიუსელში და მის შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცთან, რომლის დროსაც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის (ანუ ვიზალიბერალიზების)  დაწესების საკითხი განიხილეს (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

„როგორც მარტინ შულცმა განაცხადა, საქართველოს ვიზალიბერალიზების საკითხი მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა ევროპის საბჭო და ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის სწრაფი შეჩერება-შეწყვეტის მექანიზმის საბოლოო ვარიანტს შეიმუშავებს.

ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი ჯერ კიდევ ზაფხულისთვის აღუთქვა, როცა განაცხადა, რომ თბილისმა ყველა საჭირო რეფორმა განახორციელაო. მაგრამ საქართველოს იმედები არ გამართლდა: ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომაზე, 8 ივნისს, სრულიად მოულოდნელად, გერმანიის წარმომადგენელი, საფრანგეთისა და იტალიის მხარდაჭერით, საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზების წინააღმდეგ გამოვიდა მანამ, სანამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს არ შემუშავდებაო. ამის შემდეგ თბილისი ელოდა, რომ ევროკავშირი ვიზებს, უკიდურეს შემთხვევაში, ოქტომბერში მაინც გააუქმებდა, თუმცა ეს მოლოდინიც არ გამართლდა. შემდეგ ლაპარაკი დაიწყო იმაზე, რომ ქართველებს შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა 2017 წლის იანვრისთვის ექნებოდათ, მაგრამ თბილისს კვლავ იმედები გაუცრუვდა, რადგან „უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის“ განხილვა ევროპარლამენტში 18 იანვარსაა დაგეგმილი“, – ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მიმოხილულია აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის გამოსვლა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე, რომლის დროსაც ასევე სავიზო საკითხები განიხილეს.

რას გამოიწვევს ვიზალიბერალიზების საკითხის განხილვის მორიგი გადადება?

„ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს, რომლის თქმით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას როგორც პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და გარკვეული დონით – მორალურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს: „მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზების რეჟიმით საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნა მხოლოდ შეზღუდული ვადით – 90 დღის განმავლობაში აქვთ, ეს რეჟიმი მაინც იწვევს იმის სიმბოლურ შეგრძნებას, რომ საქართველო ერთი ნაბიჯით მაინც უახლოვდება ევროპას. ეს ქართული საზოგადოების ცნობიერებისათვის ბევრს ნიშნავს“, – ამბობს ინტერვიუში ექსპერტი. თუმცა, მისი აზრით, „თუ ევროკავშირი კიდევ უფრო დიდხანს გააჭიანურებს უვიზო რეჟიმის დაწესებას და საკითხს კვლავ გადადებს, მაშინ საქართველოს მოსახლეობაში ევროსკეპტიციზმი მოიმატებს. შესაბამისად, თუ რუსეთის „რბილი ძალის“ გავლენას გავითვალისწინებთ, მაშინ ბრიუსელის მოქმედება „წყალს მოსკოვის წისქვილზე“ დაასხამს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ნინო კერესელიძე ტვლის, რომ ვიზალიბერალიზების გაჭიანურება ერთადერთი დაბრკოლებაა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთდაახლოების პროცესში: „მართალია, ეს პროცესი წარმატებით ვითარდება, მაგრამ თუ უვიზო რეჟიმის დაწესება კიდევ უფრო დაყოვნდება, მაშინ ასეთი სიტუაცია საქართველოს (და მთლიანად რეგიონის ქვეყნების) მოსახლეობის თვალში ევროკავშირის ავტორიტეტის დაცემას გამოიწვევს: „საქართველომ ვიზალიბერალიზებისათვის  ყველა აღებული ვალდებულება და მოთხოვნა შეასრულა, შესაბამისად, საკითხის გაჭიანურება ზიანს აყენებს უკვე თვით ევროკავშირის ავტორიტეტს. ასეთი გრძნობა მხოლოდ ქართველებს კი არ ებადებათ, არამედ კავკასიის რეგიონის იმ ნაწილების მოსახლეობას, სადაც დემოკრატიული ტენდენციები ჯერ კიდევ სუსტია“, – ამბობს ნინო კერესელიძე „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 30 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=50815#.WD-ZSub_odU

გონზე გვიან მოვიდნენ

ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგების გადახედვა მოითხოვა

ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბებული იყო“ და, შესაბამისად, ქვეყნის პარლამენტი მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავს, – აი, ასეთი განცხადება გააკეთა ცხრა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ, რომლებიც „გონზე მოვიდნენ“, – წერს აზერბაიჯანული გაზეთი ჟურნალისტი რაუფ ორუჯევი.

სტატიაში ჩამოთვლილია ის მიზეზები, რომლის გამოც საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის დახმარებითაც, რომლის გაუქმებაზე „ოცნებამ“ უარი განაცხადა. საინტერესოა, რატომ აცხადებენ უკმაყოფილო პარტიები პრეტენზიებს ახლა, ასეთი დიდი დაგვიანებით, როცა უკვე საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო?

ავტორმა კომენტარი სთხოვა ქართველ პოლიტოლოგ გელა ვასაძეს, რომლის თქმით, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება უკვე დიდი ხანია იტალიურ სპექტაკლს ჩამოჰგავს („ნიღბების კომედიის“ სტილით): „ეს შემთხვევა გამონაკლისი არ გახლავთ. არასაპარლამენტო ოპოზიცია ადრეც მრისხანედ ბდღვინავდა ტელევიზიის ეკრანებიდან და არჩევნების შედეგების გადასინჯვასა და ხმების გადათვლას ითხოვდა. მაგრამ ეს ხელისუფლებაზე მცირედ მოქმედებს – ოპოზიციას არც ენერგია და არც სურვილი არ ეყო იმისთვის, რომ მოსახლეობა პროტესტისაკენ მოეწოდებინა, ერთი ქუჩის აქცია მაინც ჩაეტარებინა, რომელსაც საქართველოში ნებართვა არ ჭირდება.

რა უნდა ვუწოდოთ ასეთ მიდგომას, თუ არა პოლიტიკური იმპოტენცია? ოპოზიციის ის მიმართვა და საერთოდ, მათი აქტიურობა დაკავშირებულია ერთ მომენტთან: ისინი მიხვდნენ, რომ სამომავლო არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემა უკვე გაუქმებული იქნება, დარჩება მხოლოდ პროპორციული, ხელისუფლება კი მათ „დაიკიდებს“. მაგრამ ამაში დამნაშავეები თვითონ პარტიები არიან: როცა არჩევის უფლებას გართმევენ, შენ კი ამას დროულად არ აპროტესტებ, ასეთი შედეგი სრულიად ბუნებრივია“, – ამბობს გელა ვასაძე გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტთან საუბარში.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-broadcasting-company-rustavi-2-case/3617327.html

56 დღე: გადამწყვეტი ბრძოლა რუსთავი-2-სთვის

ზაზა წულაძე

საქართველოს უზენაეს სასამართლოს დიდ პალატას მხოლოდ 56 დღე დარჩა, რომ ბოლო წლების ყველაზე გახმაურებულ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეპატრონის საქმეზე, საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

დიდი პალატის 9 მოსამართლემ, რომლებსაც განსაკუთრებით რთული საქმეების დროს უხმობენ, 2017 წლის 25 იანვრამდე უნდა გადაწყვიტონ ძალაში ტოვებენ თუ არა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების – 2015 წლის 2 ნოემბრისა და 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებებს, რომლის ძალითაც „რუსთავი-2“-ის აქციათა 100 % გერმანიაში ცხოვრებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაეცა.

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ს 2004-2006 წლებში ფლობდა, რის შემდეგაც, მისივე მტკიცებით, ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს, თავად კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. ხალვაშმა დავა „რუსთავი-2“-ის დასაბრუნებლად 2015 წლის აგვისტოში წამოიწყო და როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში წარმატებას მიაღწია.

დიდი პალატის გადაწყვეტილებას, ქიბარ ხალვაშის გარდა, ასევე ელიან „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები: დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. მათ ტელევიზია 1994 წელს, ქალაქ რუსთავში, აწ გარდაცვლილ ეროსი კიწმარიშვილთან ერთად დაარსეს და 2004 წლამდე ფლობდნენ.

ისინიც, ხალვაშის მსგავსად ამტკიცებენ, რომ ტელევიზია იძულებით წაართვეს. ქიბარ ხალვაშს უკვე გაცხადებული აქვს, რომ ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, აქციების ნახევარს დვალსა და აქიმიძეს გადასცემს. გუშინ დვალმა და აქიმიძემ სპეციალური განცხადება გაავრცელეს:

„იმედი გვაქვს, სასამართლო პროცესი იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ის შეძლებს გამოავლინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს „რუსთავი-2“-ის სახით მედიის თავისუფლებაზე ძალადობის და მანიპულირების დანაშაულებრივ სისტემას, რომელსაც 2004 წლიდან სახელმწიფო თანმიმდევრულად ახორციელებდა. ამ პროცესმა გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. შედეგად, თავისუფალი ტელევიზიის ნაცვლად, საზოგადოებამ ერთი პარტიის საკუთრებაში არსებული, პროპაგანდისტული მანქანა მიიღო. ამ პოლიტიკური ძალადობის და პარტიული ტერორის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, როგორც “რუსთავი 2″-ის დამფუძნებლები, ჩვენ აღმოვჩნდით“.

უზენაეს სასამართლოს დიდ პალატაში მიმდინარე განხილვის პარალელურად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული კიდევ ერთი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიდის. აქ უკვე ქიბარ ხალვაშს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უჩივის.

სარჩელის მიხედვით, 2010 წლის თებერვალში, გერმანიის ქალაქ ბერლინში, ადგილობრივ ნოტარიუს კალუს ორსუსთან, ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის გაფორმდა შეთანხმება. დოკუმენტის მიხედვით, „ხალვაშმა 2005-2010 წლებში, ოქრუაშვილისა და მისი კომპანიონებისგან, სესხის სახით 7 700 000 აშშ დოლარი მიიღო, წლიური 10 პროცენტიანი სარგებლის გადახდის პირობით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრამდე უნდა დაებრუნებინა“.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ ქიბარ ხალვაშის „სახელითა და მეშვეობით შეძენილ იქნა ტელეკომპანია “რუსთავი2″-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ.

„რუსთავი-2“-ის” შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე,” მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, “რუსთავი 2-ის” მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს.“

თუ ქიბარ ხალვაში სადაოს გახდის ამ შეთანხმებას, მაშინ ირაკლი ოქრუაშვილს 7 000 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს. 2016 წლის 20 ნოემბრიდან, ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშისგან 13 მილიონ დოლარს ითხოვს.

ნიშანდობლივია, რომ 2004 წელს, როცა „რუსთავი-2“ ქიბარ ხალვაშის ხელში გადავიდა, ბიზნესმენის მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ იყო გენპროკურორი (იანვარი-ივნისი), შემდეგ შინაგან საქმეტა უწყების თავკაცი (ივნისი-დეკემბერი), ხოლო ბოლოს კი თავდაცვის მინისტრი (დეკემბრიდან).

ქიბარ ხალვაში კატეგორიულად აცხადებს, რომ ეს ყალბი დოკუმენტია. ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ლევან ალაფიშვილის თქმით კი, „სასარჩელო მოთხოვნა არის არსებული დავალიანების თანხების და შესაბამისი პროცენტებისა და პირგასამტეხელოს ანაზღაურება, ჯამურად 13 მილიონი დოლარი“.

ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის აქციათა 91 პროცენტს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები, ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობენ, ხოლო 9%-ს კი ტელეკომპანიის აწ გარდაცვლილი დირექტორის გოგი გეგეშიძის მეუღლე – ნინო ნიჟარაძე განკარგავს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ გუშინ ტრადიციულ ბრიფინგზე „რუსთავი-2“-ის კორესპოდენტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში, რასაკვირველია, აშფოთებთ ის გავლენა, რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ქართული მედია სივრცის პლურალიზმზე მოახდენს.

რუსთავი-2-ის მფლობელთა ცვლილება საჯარო რეესტრი მიხედვით (1994-2016 წლებში):

1994 – ეროსი კიწმარიშვილი – 33,3%, დავით დვალი – 33,3%, ჯარჯი აქიმიძე – 33,3%;

2004 – ეროსი კიწმარიშვილი -30%, დავით დვალი – 30%, ჯარჯი აქიმიძე – 30%, ნიკა ტაბატაძე – 10%

2004 – პაატა კარსანიძე – 60%, ეროსი კიწმარიშვილი – 30%, ნიკა ტაბატაძე -10%;

2004 – ქიბარ ხალვაში – 100%;

2005 – ქიბარ ხალვაში – 78%, „ საქცემენტი“ (რობერტ ბეჟუაშვილი) – 22%;

2006 – ქიბარ ხალვაში – 78%, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 22%;

2006 – „ჯეოტრანსი“ – 78%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 22%;

2006 – „დელგადო რესურსი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) – 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 22%, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 23%;

2007 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კუნძულები) – 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ – 23%;

2008 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კინძულები) – 40%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 8 %, ირაკლი ჩიქოვანი – 30%;

2009 – „დექსონ ლიმიტედი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) – 70%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) – 30%;

2012 – ლევან ყარამანიშვილი – 90%, გოგი გეგეშიძე – 10%;

2012 – ლევან ყარამანიშვილი – 50%, დავით კეზერაშვილი – 40%, გოგი გეგეშიძე 10%;

2012 – ლევან ყარამანიშვილი – 50%, გიორგი ყარამანიშვილი 40%, გოგი გეგეშიძე – 10%;

2012 – „ტელეკომპანია საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი – 18%, გოგი გეგეშიძე – 9%;

2014 – ტელეკომპანია „საქართველო“ – 51%, ლევან ყარამანიშვილი – 22%, გიორგი ყარამანიშვილი – 18%, ნინო ნიჟარაძე – 9%.

Comments are closed