«Lragir» (სომხეთი): საქართველო სომხეთს უსაფრთხოების რეგიონულ სისტემაში იწვევს (თინა ხიდაშელის ვიზიტი ერევანში)
«Radio Deutsche Welle – რადიო გერმანული ტალღა» (გერმანია): ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ეჭვმიტანილნი არიან ცენტრალურაფრიკელი მცირეწლოვნების გაუპატიურებაში
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): სკანდალური ჩვენებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან
«Today’s Zaman» (თურქეთი): თურქეთ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა აფხაზეთზეც გავლენას ახდენს
———————–
«Lragir» (სომხეთი), 02 თებერვალი, 2016 წელი
http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/46658
საქართველო სომხეთს უსაფრთხოების რეგიონულ სისტემაში იწვევს
სომხურ მასმედიაში უკვე გამოჩნდა პირველი კომენტარები საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ერევანში ვიზიტთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა „ლრაგირი“ იუწყება, სომხეთში ყოფნის დროს თინა ხიდაშელმა თავის სომეხ კოლეგასთან – სეირან ოგანიანთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ქართველმა მინისტრმა სომეხ სამხედროებს საქართველოში ცოდნის დაუფლება შესთავაზა: „სომეხი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ქართული სასწავლო ცენტრების კარი მუდამ ღიაა“, – ასე განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გასული წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოში, თბილისთან ახლოს ნატოს სასწავლო-საწრთვნელი ცენტრი გაიხსნა, რომელმაც რუსეთის მკვეთრი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია: მოსკოვმა ეს ფაქტი რეგიონში თითქმის სამხედრო ბაზის დაარსებად მონათლა. რასაკვირველია, კრემლის უარყოფით დამოკიდებულებას ქართველებმა და ნატოელებმა ყურადღება არ მიაქციეს და ცენტრი მაინც გახსნეს. ახლა, როგორც ჩანს, ბრიუსელს სომეხი სამხედრო მოსამსახურების მიზიდვაც სურს.
ერთ-ერთ სომხური გამოცემის კომენტარში აღნიშნულია, რომ თინა ხიდაშელს, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს გაიხსნა და სადაც სომეხი სამხედრო მმოსამსახურეები საკმაოდ დიდი ხანია კვალიფიკაციას იმაღლებენ, თუმცა, „ლრაგირის“ აზრით, აშკარაა, რომ ქართველი მინისტრი სხვა სასწავლო ცენტრზე საუბრობდა.
თუ ოფიციალური შეტყობინების მიხედვით ვიმსჯელებთ, სეირან ოგანიანს თინა ხიდაშელისთვის კონკრეტული პასუხი არ გაუცია და არ უთქვამს, გაგზავნის თუ არა სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს სასწავლებლად ნატოს საწრთვნელ ცენტრში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მართალია, საქართველო ნატოში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის, სომხეთი კი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის („ოდკბ“) წევრია, ორივე ქვეყანას საერთო მიზნები აქვთ – უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა კავკასიის რეგიონში.
სხვათა შორის, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს განზრახული აქვს თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემა ფრანგული თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვოს, რეგიონის უსაფრთხოების სიტემას ტრანსფორმირებისათვის ყველა შანსი აქვს. საქართველოს პარლამენტმა უკვე მოახდინა შეთანხმების რატიფიცირება და არაა გამორიცხული, რომ ქართველმა მინისტრმა სომეხ კოლეგასთან ეს საკითხიც განიხილა. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ რეგიონში ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის თანამედროვე საშუალებები გამოჩნდეს.
თუ გავიხსენებთ,რომ ერთი თვის წინათ ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა მოსკოვში ხელი მოაწერა დსთ-ის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემისადმი სომხეთის მიერთებას (რომელშიც აზერბაიჯანიც შედის). აშკრაა, რომ რადგან აღტაცებული განცხადებები არ ყოფილა, ერევანს ამ შეთანხმებაზე ხელი მაინცდამაინც დიდი სიხარულით არ მოუწერია. აქედან გამომდინარე, სომხეთი თავისი უსაფრთხოებას არამარტო რუსეთთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს, არამედ სხვა გზებსაც ეძებს მისი დივერსიფიცირებისათვის.
ახლახანს სომხეთში „ოდკბ“-ის გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა იმყოფებოდა, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტსა და პოლიციის უფროსს შეხვდა, თავდაცვის მინისტრს კი არა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლაი ბორდიუჟამ სეირან ოაგანიონი „ოდკბ“-ის გაერთიანებული შტატების უფროსს შეატოვა. ამ ყველაფერმა ეჭვები გააჩინა, რომ ბორდიუჟა-სეირანიანს შორის რარაც დაძაბულობა არსებობს. ასეა უ ისე, სომხეთის მცდელობები თავისი უსაფრთხოების სიტემის დივერსფიცირების მცდელობების გამო რუსეთისაგან ჩამოცილებას იწვევს. ჩვენ უკვე ვხედავთ, რას ნიშნავს, როცა ეკონომიკაში დივერსიფიცირება არ არსებობს… უსაფრთხოების სფეროში კი ეს სიკვდილის ტოლფასია.
«Radio Deutsche Welle – რადიო გერმანული ტალღა» (გერმანია), 01 თებერვალი, 2016 წელი
http://www.dw.com/ru/в-тбилиси-отреагировали-на-скандал-с-грузинскими-миротворцами/a-19012825
ქართველი და ფრანგი ჯარისკაცები ცენტრალურაფრიკელი მცირეწლოვნების გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილნი
როგორც გერმანული რადიოსადგური „დოიჩე ველე“ („გერმანული ტალღა“) იუწყება, ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ევროკავშირის სამშვიდობო ძალების კონტინგენტის შემადგენლობაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურებასა და სხვა დანაშაულში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა საიდ რაად ალ-ჰუსეინმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს მოწმეთა შესაბამისი ჩვენებები და ეს ძალზე შემაშფოთებელი ფაქტებია.
საიდ რაად ალ-ჰუსეინის თქმით, საქმე ეხება იმ სავარაუდო დანაშაულობებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2014 წელს იქნა ჩადენილი, მაგრამ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებმა გოგონებმა, რომლებიც 2014 წელს 14-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ, გაეროს კომისიას შეატყობინეს, რომ ევროპელი ჯარისკაცები მათ ან აუპატიურებდნენ, ან სექსისათვის ფულს უხდიდნენ. ერთ-ერთ შემთხვევაში მსხვერპლი შვიდი წლის გოგონა გახდა, რომელიც, მისივე სიტყვების თანახმად, იძულებული გახდა ფრანგ ჯარისკაცთან მხოლოდ ერთი ბოთლი სასმელი წყალისა და ერთი შეკვრა ორცხობილის მისაღებად სექსუალური მოქმედება განეხორციელებინა.
საქართველოს ხელისუფლებამ სწრაფად მოახდინა რეაგირება გაეროს ადამინის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებაზე: როგორც თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, გამოძიება უკვე დაწყებულია და იმ ჩინოვნიკებს (მათ შორის გენშტაბის უფროსის მოადგილეს), რომელთა ფუნქციებში ქართველი ჯარისკაცების მოქმედებისადმი კონტროლი შედიოდა, დროებით სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდათ, რათა მათ გამოძიებაზე რაიმე გავლენა არ მოახდინონ.
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 თებერვალი, 2016 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/georgian-solders-in-central-african-republic/3171484.html
სკანდალური ჩვენებები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან
ზაზა წულაძე
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აგრძელებს იმ ჯარისკაცების დაკითხვას, რომლებიც 2014 წლის ნოემბერში, სამშვიდო მისიით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.
მასშტაბური გამოძიება თავდაცვის უწყებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, იორდანელმა პრინცმა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა 29 იანვარს, ევროკავშირის მისიაში მყოფი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სამშვიდოები სექსუალურ დანაშაულში ამხილა. გაეროს გამოძიებაში საუბარია, რომ სულ მცირე სამმა არასრულწლოვანმა, აფრიკელმა გოგონამ მისცა ჩვენება რომ მათ ქართველ სამხედროებთან იძულებითი სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ. იძულებით კონტაქტში იგულისხმება, სექსი 14-დან 16 წლამდე გოგონებთან ფულის, საჭმლის ან სასმელი წყლის სანაცვლოდ.
თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გამოძიების პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს ექვს მაღალჩინოსანს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა, რათა მათ საგამოძიებო პროცესზე ზემოქმედება ვერ შეძლონ. მათ შორის არის გენშტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, რომელიც იმ პერიოდში, უშუალოდ კურირებდა საერთაშორისო მისიებს და 2014 წლის აგვისტოში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტითაც იმყოფებოდა. უფლებამოსილება ასევე შეუჩერდა იმ ქვედანაყოფის მეთაურს, რომელიც შესაძლო დანაშაულის ჩადენის დროს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში იყო დისლოცირებული. საუბარია, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულზე, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი სოფელი ადლიაა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ გამოძიების შემდეგ, ქართველი ჯარისკაცების მიმართ ყველა ბრალდება მოიხსენება, რადგან, მის თქმით, ეს ბრალდებები, უსაფუძვლოა: „ჩემი მონაცემებით, აქ არ არის საუბარი ძალადობაზე, არ არის საუბარი გაუპატიურებაზე. არასრულწლოვნები იყვნენ თუ არ იყვნენ, იცოდნენ თუ არა ჩვენმა ჯარისკაცებმა მათი ასაკი და რა ფორმით მოხდა მათ შორის ეს ურთიერთობა, ეს ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. თუმცა, გაუპატიურებასა და სექსუალურ ურთიერთობას შორის, საკმაოდ დიდი განსხვავებაა.
ვიმეორებ, წინასწარი მონაცემებით, აქ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი სხვა ჯარისკაცებისთვის, რომ კარგად გაიაზრონ – მათი ნებისმიერი არასწორი ქმედება, შეიძლება, ქვეყნის და ჯარის პრესტიჟისთვის დამაზიანებელი იყოს“.
საქართველოს მთავრობა 2014 წლის თებერვალში დათანხმდა ევროკავშირის თხოვნას, ქართული სამხედრო კონტიგენტი, გაეროს მანდატით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში ჩართულიყო. იმავე წლის, ივნისში, აფრიკის კონტინენტზე, ექვსთვიანი მისიით, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული იქნა გადასროლილი. აგვისტოში, ქართველი სამხედროები, დედაქალაქ ბანგიში მოინახულა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ადგილზე, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსა და სამშვიდობო ოპერაციის ხელმძღვანელობასაც შეხვდა.
2014 წლის დეკემბერში, აფრიკაში, ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული, როტაციის წესით, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ასეულმა ჩაანაცვლა. მისიის ხანგრძლივობა კი ექვსიდან ოთხ თვემდე შემცირდა. უკვე 2015 წლის სექტემბერში, აფრიკაში მისიის ტრანსფორმაცია მოხდა და იქ, მხოლოდ, 5 სამხედრო მრჩეველი გაიგზავნა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე ამბობს, რომ თუ სამხედრო მოსამსახურეების დანაშაული დადასტურდა, ყველა პირი აგებს პასუხს: „ჩვენთვის რომ არ ყოფილიყო ეს ინფორმაცია საკმარისი, რომ გამოძიება დაგვეწყო, მაშინ გამოძიებას არც დავიწყებდით და ყველა ამ ფაქტს ვუარყოფდით. ვერ გეტყვით, ამ ეტაპზე იქ რა მოხდა – ფულს უხდიდნენ, არ უხდიდნენ, რა შესთავაზეს, რა, არ შესთავაზეს, ეს მოგონილია თუ არა… ყველაფერს ამას გამოძიება დაადგენს. უნდა დაველოდოთ შედეგებს, რომლის საფუძველზე დამატებითი განცხადება გაკეთდება“.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა ასევე ბრალდებათ, საფრანგეთის სამხედროებს. აქ საუბარია, ორალურ სექსზე, 7 წლის გოგონასთან და 9 წლის ბიჭთან, სასმელი წყლისა და ორცხობილას სანაცვლოდ. ასევე აღწერილია, კიდევ რამდენიმე, სავარაუდო, სექსუალური დანაშაულის ფაქტი, რომელშიც საფრანგეთის და ამ დრომდე, დაუდგენელი ევროპული ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. ყველა ეს შემთხვევა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგის აეროპორტთან ახლოს მდებარე, მპოკოს ლტოლვილთა ბანაკთან მოხდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სექსუალური დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ, სიმძიმის მიხედვით, ცხრიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
«Today’s Zaman» (თურქეთი), 02 თებერვალი, 2016 წელი
თურქეთ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა აფხაზეთზეც გავლენას ახდენს
სტატია ეხება თურქულ-აფხაზურ ურთიერთობების თანამედროვე მდგომარეობას – რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ სირიაში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია (ავტორი – ჰასან კანბოლათი).
პუბლიკაციაში ყურადღება ძირითადად გადატანილია იმ ანტითურქულ სანქციებზე, რომლებიც, ავტორის აზრით, აფხაზეთის ხელისუფლებამ მოსკოვის ზეწოლით მიიღო – 2016 წლის 11 იანვარს, ანუ მას შემდეგ, რაც სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი იმყოფებოდა.
„თურქული პროდუქციის აკრძალვა ძალაში 2016 წლის პირველი მარტიდან უნდა შევიდეს და 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება. აფხაზეთში აიკრძალება შემდეგი სახის თურქული პროდუქციის იმპორტი: თევზი და თევზის პროდუქტები, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო, ციტრუსები, საზამთრო, ნესვი, ყველა სახის ხილი… ის პროდუქცია, რომელიც ამ სიაში არ შედის, საზღვარზე მკაცრად იქნება შემოწმებული, თანმდევი დოკუმენტაციის ჩათვლით.
ცხადია, რომ აფხაზეთის ხელისუფლებმ ეს ნაბიჯი მოსკოვის საამებლად გადადგა. იმავდროულად სოხუმი გამალებით ცდილობს როგორმე შეამსუბუქოს სანქციების შედეგები და თურქეთთან ურთიერთობა არ გაუარესდეს. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სანქციების გამოცხადების დროს პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ეს აკრძალვები არანაირად არ ნიშნავს კავშირების შეზღუდვას აფხაზურ დიასპორასთან. სხვათა შორის, როგორც აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ სავლე ჭითანავამ აღნიშნა, აფხაზეთში მოქმედი თევზის გადადმამუშავებელი საწარმოები კვლავ ნაყოფიერად თანამშრომლობენ თურქ მეთევზეებთან.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერალურმა სააგენტო „როსრიბოლოვსტვომ“ განაცხადა, რომ რუსული სეინერები (თევზმჭერი გემები) თევზს აფხაზეთის ნაპირებთან დაიჭერენ და ამით თურქ მეთევზეებს ჩაანაცვლებენ. ამ განცხადების შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლებამ თურქი მეთევზეების მიმართ შეზღუდვების დაწესება დააპირა, მაგრამ როგორც იგივე სავლე ჭითანავამ განაცხადა, რუსი მეთევზეებს დრეში მხოლოდ 500-600 ტონა ანჩოუსის (ხამსა-ქაფშიის) დაჭერა შეუძლიათ, მაშინ როცა აფხაზეთის თევზგადამამუშავებელი საწარმოების პოტენციალი ბევრად მეტია – დღეში 3 ათასი ტონა. შესაბამისად, თურქი მეთევზეების საქმიანობის შეზღუდვა აფხაზეთის ეკონომიკას, კერძოდ კი თევზის მრეწველობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
თუ რა სარგებლობა მოაქვს თევზჭერას აფხაზეთისათვის, ამას ნათლად აჩვენებს ეს ციფრები: 2015 წელს აფხაზეთის ბიუჯეტმა თევზის გადამუშავებიდან 200 მილიონი რუბლი მიიღო“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.