globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 2 თებერვალი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Feb 2nd, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Huffington Post» (აშშ): საქართველოს დაბალანსებული დიპლომატია – დასავლეთთან ინტეგრაციის გასაღები

«Независимая газета» (რუსეთი): „ქართული ოცნება“ ქართველი სამხედროების ოცნებებს ამსხვრევს // თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები საპროტესტო აქციებს იწყებენ

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი): მთები და ზღვა: ჩამოვლენ თუ არა საქართველოში უცხოელი ტურისტები?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): გალის ქართველობა  გრდემლსა და უროს შორის

—————–

«The Huffington Post» (აშშ), 01 თებერვალი, 2017 წელი

http://www.huffingtonpost.com/entry/balanced-diplomacy-is-key-to-georgias-western-aspirations_us_58915b4ce4b04c35d583548e

საქართველოს დაბალანსებული დიპლომატია – დასავლეთთან ინტეგრაციის გასაღები

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში გასულ წელს მომხდარი მოვლენები – ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესები და საგარეოპოლიტიკური კურსი. ყურადღება გამახვილებულია  მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში ამერიკელი სენატორების ვიზიტზე, მათ ყოფნაზე კონფლიქტის ზონაში, „ნაციონალური მოძრაობის“’ გაყოფაზე მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავა-გიგა ბოკერიას მომხრეებად და სხვა მნიშვნელოვან ფაქტებზე (ავტორები – ჯეკ მინტი და იოსებ ჟორჟოლიანი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს, საგარეო პოლიტიკის ნაწილში:

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [„უკლონისტ“ უგულავა-ბოკერიას ჯგუფთან ერთად], ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც. მათი აზრით, ხელისუფლების მოქმედება დინამიური არ არის. კრიტიკოსები შიშობენ, რომ „მეოცნებეთა“ „უმოქმედობამ“ საერთაშორისო არენაზე შეიძლება ქვეყანას კურსი შეაცვლევინოს და უფრო მეტად დამოკიდებული გახადოს ჩრდილოელ მეზობელზე – რუსეთზე. თუმცა, თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ ეს არგუმენტი მაინცდამაინც საფუძვლიანი არ გახლავთ.

რასაკვირველია, ვერავინ უარყოფს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობას „გადახედა“ [ადრინდელთან შედარებით უფრო ზომიერი პოლიტიკის გატარება დაიწყო], მაგრამ იმავდროულად საქართველო ინარჩუნებს კეთილ დამოკიდებულებას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობისაგან განსხვავებით, ე.წ. „პირადულ-პერსონალური პოლიტიკის“ ფაქტორი აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაზე გავლენას ვეღარ ახდენს. თავისი არსით, ეს ურთიერთობა უფრო მეტად სტრატეგიული გახდა: საქართველომ მკვეთრად გააქტიურა თავისი მონაწილეობა ნატოს ავღანურ სამშვიდობო მისიაში, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობით მე-4 ადგილი დაიკავა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არიან (აშშ-ის, იტალიის და გერმანიის შემდეგ) და პირველი ადგილი იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ნატოს წევრებს არ წარმოადგენენ. გარდა ამისა, ერთობლივმა ქართულ-ამერიკულმა კონსორციუმმა შავი ზღვის ნაპირზე უდიდესი სატვირთო ნავსადგურის მშენებლობაც დაიწყო.

იმ დროს, როცა საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის საიმედო და ერთგულ პარტნიორად რჩება, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მისი საგარეო პოლიტიკა [მკვეთრ] ანტირუსულ პლატფორმას არ უნდა ეყრდნობოდეს. აშკარად ჩანს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი ვერასოდეს ვერ გახდება, თუ თბილისის მოქმედება ნატოსა და რუსეთის ურთიერთობას გაამწვავებს. ამის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ შეარბილა თავისი დამოკიდებულება სეპარატისტული რეგიონების მმართველ რეჟიმებთან, განაახლა  სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, თუმცა დიპლ.ურთიერთობის აღდგენის გარეშე.

მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ ის პოლიტიკური რეალობა, რომ საქართველო ძალზე დელიკატურად ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას [დასავლეთასა და რუსეთს შორის], ცდილობს გაწონასწორებული პოლიტიკა გაატაროს, რათა მისმა სწრაფვამ ნატოსა და ევროკავშირისაკენ რუსეთსა და დასავლეთს შორის მტრობა არ გამოიწვიოს, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

«Независимая газета» (რუსეთი), 02 თებერვალი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-02-02/6_6918_georgia.html

„ქართული ოცნება“ ქართველი სამხედროების ოცნებებს ამსხვრევს

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები თბილისში საპროტესტო აქციებს იწყებენ

პუბლიკაცია ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე „ოპტიმიზაციის“ პროცესს, რომლის შედეგად უწყებიდან თითქმის 2 ათასამდე თანამშრომელი გაუშვეს, თუმცა ექსპერტთა შეფასებით, სინამდვილეში ორჯერ უფრო მეტია გათავისუფლებული. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის ასეთმა მოქმედებამ ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომელიც შესაძლებელია უფრო გაფართოვდეს, თუ უკმაყოფილოთა მოთხოვნები არ  იქნება გათვალისწინებული (ავტორი – იური როქსი).

სამსახურიდან გათავისუფლებულთა პროტესტი გასაგებია: ერთნი ჩივიან, რომ მათი გაშვება უკანონოა, მეორენი ამბობენ, რომ არასაკმარისი კომპენსაცია გადაუხადეს, მესამე კი აცხადებენ, რომ სახელმწიფომ მათთან დადებული კონტრაქტის პირობები არ შეასრულა, კერძოდ, საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის კუთხით. სამინისტროს განმარტებით კი, შემცირება აუცილებელი იყო, რადგან ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, ამდენი ხალხის შენახვა კი სამინისტროს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება. ამიტომაც გატარდა რეფორმა, რომელიც უწყების პირადი შემადგენლობის  ოპტიმიზაციასა და სტრუქტურის რეორგანიზაციას ითვალისწინებს. მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდა ორი ათასზე მეტი თანამშრომელი – ოფიცრები, სერჟანტები, შტატიანი და შტატგარეშე თანამშრომლები, დაიზოგა დაახლოებით 32 მილიონი ლარი (12 მილიონი დოლარი).

გათავისუფლებულებს ამგვარი განმარტება შვებას არ აძლევს. საქართველოში, სადაც უმუშევრობა უკვე მრავალწლიან ტრადიციულ პრობლემად იქცა, სამსახურიდან გაშვების ობიექტურ მიზეზებზე ლაპარაკით ვერავის დაარწმუნებ. სიტუაციით დაუყონებლივ ისარგებლა პოლიტიკურმა ოპოზიციამ, რომელიც შეეცადა ვითარების გამწვავებას და მოვლენების თავის სასარგებლოდ წარმართვას. ყოფილმა სახელისუფლო პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ ორად გაიყო, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე საკადრო შემცირებები ისეთ „ანტიეროვნულ ნაბიჯად“ შეაფასა, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს მტრების სასარგებლოდ განახორციელა. „ნაციონალების“ მხარდამჭერმა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა კი პირდაპირ დასვა კითხვა: იქნებ რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს „ქართული ოცნება“? თავიანთი პოზიციის დამადასტურებლად „ნაციონალები“ იმოწმებენ იმას, რომ ხელისუფლება არ თანხმდება კონსტიტუციაში ქვეყნის პროდასავლური კურსის დაფიქსირებას, არ აპროტესტებს რუსეთის ავიაციის მიერ სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, ხელი მოაწერა რუსულ „გაზპრომ“-თან წამგებიან შეთანხმებას და ბოლოს, განა შეიძლება ახლა არმიის შემცირება, როცა ქვეყნის ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ჩრდილოეთიდან საფრთხე მუდმივად გვემუქრება?

„ნეზავისიმაია გაზეტას“ ჟურნალისტი ესაუბრება ვახტანგ მაისაიას, პოლიტიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, რომელმაც განაცხადა, რომ ოპოზიცია, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების წინ, პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობს, ამიტომაც მათი განცხადებები სანდო არ არის. „სამხედრო უწყების ოპტიმიზაცია აუცილებელი იყო. მიღებული იქნა გადაწყვეტილება ხარჯების 20-25%-ით შემცირების თაობაზე. ასე რომ, ის, რაც თავდაცვის სამინისტროში ხდება, მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს კონტექსტში უნდა განვიხილოთ. სხვა საქმეა, როგორ მიმდინარეობს… თავადაცვის სამინისტრო ხომ მაინც სპეციფიკური ინსტიტუტია, საქართველო კი, საერთაშორისო სამართლის თანახმად, რუსეთთან ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენ ახლა არასისტემატიზებული მიდგომის მოწმენი ვართ: სამინისტროდან ათავისუფლებენ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ, ომები აქვთ გამოვლილი და რაც მნიშვნელოვანია, სამინისტრომ ერთი ბრიგადა საერთოდ დასალა“, – ამბობს ვახტან მაისაია. მისი თქმით, „ოპტიმიზაცია ხშირ შემთხვევაში ვოლუნტარისტულად ჩატარდა, არ გაითვალისწინეს ოფიცრების დამსახურება, გამოცდილება. ამით ქართული არმიის პრესტიჟმა დარტყმა განიცადა“.

„გატარებული „რეფორმის“ წყალობით, საქართველო, ფაქტიურად, ჯარის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სახეობების გარეშე დარჩა: ავიაცია ვერტმფრენთა ბრიგადის დონეზე დაიყვანეს, თვითმფრინავების მომსახურების უზრუნველყოფა არ ხდება, სამხედრო-საზღვაო ფლოტი კი საერთოდ არ გვაქვს… და ეს იმ დროს, როცა საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ხაზი თითქმის 900 კილომეტრს მოიცავს. ეს ყველკაფერი უფრო სხვანაირად უნდა განხორციელებულიყო და არა ამ ფორმით, როგორც ახლა“, – ამბობს ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ ჯარების სახეობებზე უარის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, რითაც ქვეყანას დიდი ზიანი მიადგა.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ როგორი პერსპექტივა აქვს საქართველოს ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის  და საფრანგეთ-გერმანიის ნეგატიური პოზიციის გათვალისწინებით, ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ უპირველესად საქართველოს თავისი შესაძლებლობების იმედი უნდა ჰქონდეს, ხოლო მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები პერიოდულად უნდა იქნეს რევიზირებული. მისი თქმით, დღეს საქართველოსთვის აქტუალურია „ისლამური სახელმწიფოს“ („დაიშ“) პრობლემა – ამ ტერორისტული ორგანიზაციის წარმომადგენლები უკვე გამოჩნდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში და აქედან გამომდინარე, ამ ფაქტებმა არ შეიძლება არ დაგვაფიქროს. ასეთ კონტექტსში, როცა გეოსტრატეგიული პრობლემები მატულობს, დგება საკითხი: რისთვის ჭირდება საქართველოს არმია? ეს ინსტიტუტი თანდათან სოცუზრუნველყოფის სამინისტროს ემსგავსება, როცა უწყების ბიუჯეტის 53% სოციალურ უზრუნველყოფაზე იხარჯება. გამოდის, რომ საქართველო არმიის მსენებლობის ლათინურამერიკულ ვარინტზე გადავიდა, როცა არმია მხოლოდ სოციალური ინსტიტუტია და მისი არსებობა დეკლარატიულ სტატუსს გულისხმობს“.

ვახტანგ მაისაიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ოპტიმიზაციის გამო გამართული აქცია არ უნდა დაუვუკავშიროთ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებებს, „უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ თაობაზე.

„ბრალდება, რომ თითქოს ხელისუფლებამ რუსეთს პერსონალური ინფორმაციები გადასცაო, სიცრუეა. დამნაშავეა თუ არა გიორგი ცერცვაძე და ლეგიონის სხვა წევრი, ამას სასამართლო გაარკვევს. ქართული ოპოზიციის აქტიურობა კი, რომელიც ცდილობს ცალკეული მოვლენები ერთმანეთს დაუკავშიროს, კვლავ შიდაპოლიტიკური ინტერესებით აიხსნება – ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები…“, – თვლის ვახტანგ მაისაია.

«BBC – русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 02 თებერვალი, 2017 წელი

http://www.bbc.com/russian/features-38822114

მთები და ზღვა: ჩამოვლენ თუ არა საქართველოში უცხოელი ტურისტები?

„ქართული ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციის ფონზე ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ყველაზე წარმატებულ და დინამიურად განვითარებულ სფეროდ რჩება“, – აღნიშნავს ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის კორესპონდენტი ნინა ახმეტელი სამაუწყებლო კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ სტატიაში.

ჟურნალისტი ესაუბრება სხვადასხვა ტურისტული ფირმების წარმომადგენლებს (მაგალითად, City Sightseeing-ის მფლობელს, კიეველ ევგენია სტეპანოვას), საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი ჩოგოვაძეს, ასევე ქართველ ექსპერტებს ტურიზმის სფეროში და თვით უცხოელ ტურისტებს, რომლებიც თავიანთ თვალსაზრისს გამოხატავენ საქართველოში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის თაობაზე.

„საქართველოში რომ ტურისტული სექტორი სწრაფად იზრდება, ამას მოწმობს არამარტო ტურისტული კომპანიების ოფისებისა და სუვენირების მაღაზიების სიმრავლე თბილისი ძველ უბნებში, არამედ ოფიციალური მონაცემებიც: გასულ წელს საქართველომ პირველად მიიღო ექვს მილიონზე მეტი უცხოელი სტუმარი, მათგან სამი მილიონი – ტურისტის სახით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პერიოდში. ტურისტების რაოდენობის ზრდა ქვეყნის შემოსავლების მატებას განაპირობებს; 2016 წელს საქართველომ ტურიზმით ორი მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. როგორც გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, დღეს ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, რასაც ხელს უწყობს უვიზო რეჟიმი მსოფლიოს 94 სახელმწიფოსთან. ყველაზე ხშირად საქართველოში ჩამოდიან აზერბაიჯანელი, სომეხი, თურქი, რუსი და უკრაინელი ტურისტები, თუმცა გასული წლის მონაცემებით, თურქების რაოდენობამ შესამჩნევად – 10%-ით მოიკლო. ამასთან, გაიზარდა ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ინდოეთიდან.

მთავარი ნაკლოვანება, რაც საქართველოს ტურიზმის სფეროში შეიმჩნევა, ტურფირმების წარმომადგენელთა აზრით, ესაა მაღალი ფასები, საკმაოდ დაბალი დონის მომსახურება და მსხვილი სასტუმროების ნაკლებობა. „ჩვენთან ძირითადად მცირე სასტუმროები შენდება, ეს სერიოზული პრობლემაა. ტურისტული ბიზნესი მხოლოდ დიდი სასტუმროებით ვითარდება, ასეთები კი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია“, – ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში ტურსააგენტო Visit Georgia-ს მფლობელი ალექსანდრე მამულაშვილი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2017 წელს აზიის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ინდოეთი, მალაიზია, სინგაპური, ფილიპინები) ტურისტების მოზიდვას გეგმავს, თუმცა ევროპის მიმართულებითაც მუშაობას გააგრძელებს. რაც შეეხება აზერბაიჯანელ და სომეხ ტურისტებს, ისინი ძირითადად შავ ზღვაზე დასასვენებლად ჩამოდიან და ტურკომპანიების მომსახურებით არ სარგებლობენ, თვითონ ცდილობენ ტრანსპორტის, გიდებისა და სასტუმროების მოძებნას. ასევე აკეთებს რუსი ტურისტების დიდი ნაწილიც.

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, გასულ წელს საქართველოს სასტუმროებში ადგილები სამი ატასით გაიზარდა, უახლოეს წლებში კი 130 სასტუმრო აშენდება, მათ შორის საერთაშორისო დონისაც. ამჟამად მოქმედ სასტუმროებს კი ერთდროულად მხოლოდ 57 ათასი სტუმრის მიღება შეუძლიათ. „ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს, ალბათ, 11 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვევა. 2015-2016 წლების შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს სრულიად რეალური ციფრია“, – ამბობს გიორგი ჩოგოვაძე.

ქართული ტურიზმის კიდევ ერთი ნაკლოვანება – ავიაფრენების სიმცირე. „თბილისის აეროპორტი წელიწადში მხოლოდ ორ მილიონამდე მგზავრს იღებს (შევადაროთ პრაღას – წელიწადში 13 მილიონი!). უფრო ნაკლებია მგზავრთა რაოდენობა ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში“, – ამბობს ექსპერტი ნიკო კვრაცხელია „ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტთან საუბარში.

ზოგიერთი ბიზნესმენი ხელისუფლების უყურადღებობაზე ჩივის. მაგალითად, ნინო ნონიკაშვილი, თბილისის ცენტრში მდებარე მცირე კომპანია Lucky Hotel&Hostels-ის მფლობელი, ამბობს, რომ მთავრობა ბევრს ლაპარაკობს ტურიზმზე, მაგრამ ძალიან ცოტას აკეთებს ბიზნესის დაწყებისა და ხელშეწყობისათვის. თუმცა, მისი აზრით, ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ „ჩვენთან მომსახურების სფეროს ხარისხის ამაღლებაზე არავინ ზრუნავს, ამას არც ცდილობენ. ეს მხოლოდ სასტუმროების ბიზნესს კი არ ეხება, არამედ საერთოდ, მომსახურებას… კლიენტს თუ გაუღიმებ, ესეც კარგია საქმის წინსვლისათვის“, – ამბობს იგი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 02 თებერვალი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-abkhazia-russia-human-rights-violations-in-occupied-territories/3701515.html

გალის ქართველობა გრდემლსა და უროს შორის

ზაზა წულაძე

ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსულ-აფხაზური საოკუპაციო რეჟიმი იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, სეგრეგაციის პოლიტიკას აგრძელებს. ადამიანის მორიგი გატაცება 27 იანვარს სოფელ მახუნჯიაში მოხდა, სადაც საკუთარი სახლიდან, შეიარაღებულმა პირებმა – 47 წლის გენადი ცატავა იძულებით წაიყვანეს. თავდასხმა ღამე განხორციელდა, ოჯახში ამ დროს, გატაცებულის 85 წლის დედა და მეუღლე იმყოფებოდნენ. გამტაცებლები ცატავებს „აფხაზ მილიციონერებად“ გაეცნენ და გამოსასყიდის სახით – 200 000 რუსული რუბლი მოითხოვეს, რაც დაახლოებით – 9 000 ლარია. ოთხი დღის მანძილზე, ცატავები ოკუპირებულ გალში გატაცებულის ადგილსამყოფელის დადგენას უშედეგოდ ცდილობდნენ. შემდეგ მათ საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და დახმარება ზუგდიდში ითხოვეს.

საქარტველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გაარკვია, რომ გენადი ცატავა გალის იზოლატორში იმყოფება და მას ბრალად,“ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა“ ედება.

ოფიციალური თბილისი გენადი ცატავას გათავისუფლებას ელოდება და თუ ეს არ მოხდა, ამ საკითხს, 22 თებერვალს, IPRM-ის ოთხმხრივ შეხვედრაზე დააყენებს. გატაცებულის და – მადონა ცატავა ამბობს: „აფხაზეთიდან გადმოვედით, რადგან ჩემი ძმა გაიტაცეს. 200 ათასი რუსული რუბლი მოითხოვეს. დედაჩემს უთხრეს ამდენი ფული მოიტანეთ, თორემ 10-დან 12 წლამდე პატიმრობა ელის შენს შვილსო.“

რუსულ-აფხაზური საოკუპაციო რეჟიმი კვლავ მიზანმიმართულად ცდილობს, გალის ქართველობა მთლიანად მოსწყვიტოს საქართველოს. გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების სრული აკრძალვის შემდეგ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მალე დაიკეტება: ნაბაკევი-ხურჩას და ოტობაია-ორსანტიას „გამშვები პუნქტები“, რომლითაც ყოველდღიურად, 1500-მდე გალელი სარგებლობს.

ვინაიდან საოკუპაციო რეჟიმი კარგად აცნობიერებს, რომ ეს შეზღუდვები ავტომატურად გაზრდის, საოკუპაციო ხაზის „არალეგალურად“ გადმოკვეთის სტატისტიკას, მათ შესაბამისად, გაზარდეს „საჯარიმო სანქციებიც“. მდინარე ენგურის უსაბუთოდ გადმოკვეთა – ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, 215-დან 270 ლარამდე „დაუჯდებათ“, ხოლო „თანამდებობის პირებს“ – 275-დან 325 ლარამდე.

დღეს  ჯარიმა საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის – მხოლოდ 600 რუსულ რუბლს ანუ 27 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუ ორჯერ დაჯარიმებული პირი, ფულს არ გადაიხდის, მას 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ელის.

კონფლიქტოლოგების აზრით, ახალი საოკუპაციო წესები, გალში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომლებიც განათლებას ზუგდიდის რაიონის სკოლებში იღებენ, ქართულ ენაზე სწავლის საშუალებას მოუსპობს. ასევე უკიდურესად გაართულებს გალელებისთვის – უფასო ჯანდაცვის და სხვა სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში კი დააჩქარებს გალის რაიონის ქართული მოსახლეობისგან დაცლას.

საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა უკვე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები გააძლიერებს „გალის მოსახლეობის იზოლაციას“. უფრო მკვეთრი იყო აშშ-ის ელჩის იან კელის რეაქცია, რომელმაც საოკუპაციო ხაზი პირადად მოინახულა:

„ჩვენ არ მიგვაჩნია რომ აქ არის რაიმე სახის ზოლი, რომელსაც კონტროლი სჭირდება. ჩვენ ვცნობთ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. აქ არ უნდა იყოს არანაირი ე.წ. „გამშვები პუნქტები“, არამედ აქ უნდა ხდებოდეს ადამიანებისა და საქონლის თავისუფალი მიმოსვლა იმ მარტივი ფაქტიდან გამომდინარე, რომ აქ არ არის საზღვარი რომელსაც კონტროლი სჭირდება. მოდი ძალიან ცხადად ვთქვათ: ეს გავლენას იქონიებს ათასობით ადამიანის კეთილდღეობასა და საარსებო წყაროზე, მითუმეტეს რომ ზოგიერთი მათგანი ამ მდინარის მიღმა მცხოვრები სოციალურად დაუცველია. ჩვენ ვსაუბრობთ მოსწავლეებზე, რომლებსაც მოქმედი გადასასვლელის ჩაკეტვის შემთხვევაში სკოლაში წასასვლელად ავტობუსით 50 კილომეტრიანი შემოვლითი გზის გავლა მოუწევთ;

ჩვენ ვსაუბრობთ მოხუცებზე, რომლებიც ამ გზას სამედიცინო დახმარების მისაღებად იყენებენ; ჩვენ ვსაუბრობთ ოჯახებზე, რომლებსაც საყვარელი ადამიანების ნახვა უნდათ დასაფლავებასა თუ ქორწილში, და ეს არის ძალიან, ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა იან კელიმ.

გასულ კვირას, ოკუპირებული ნაბაკევის ტერიტორიაზე 200-მდე ეთნიკურმა ქართველმა საპროტესტო მიტინგი გამართა და საავტომობილო გზა გადაკეტა. ისინი საოკუპაციო რეჟიმისგან მოითხოვენ, რომ ენგურზე არსებული გადასასვლელები არ დაიკეტოს და ახალი საჯარიმო სანქციები ძალაში არ შევიდეს, თუმცა სოხუმში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.

ამ ფონზე კი ოფიციალური თბილისი იძულებულია ოკუპირებული აფხაზეთისთვის, რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე იფიქროს, ვინაიდან 15 თებერვალს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური – ენგურჰესი სარემონტოდ გაჩერდება და აფხაზეთს სრული ჩაბნელება ემუქრება.

Comments are closed